Batumelebi | „სასამართლო და პროკურატურა თავისუფალი იყოს პოლიტიკური მიკერძოებისგან“ | აშშ „სასამართლო და პროკურატურა თავისუფალი იყოს პოლიტიკური მიკერძოებისგან“ | აშშ – Batumelebi
RU | GE  

„სასამართლო და პროკურატურა თავისუფალი იყოს პოლიტიკური მიკერძოებისგან“ | აშშ

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„მოვუწოდებთ ყველა მხარეს თავშეკავებისკენ და თავიდან აიცილონ ნებისმიერი ქმედება ან რიტორიკა, რამაც შესაძლოა, დაძაბულობის ესკალაცია ან ძალადობა გამოიწვიოს.

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, იმოქმედოს ევროატლანტიკური მისწრაფებების შესაბამისად და განამტკიცოს თავისი ერთგულება დემოკრატიის პრინციპების, პირადი თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის წინაშე იმის უზრუნველყოფით, რომ მისი სასამართლო სისტემა და პროკურატურა თავისუფალი იყოს პოლიტიკური მიკერძოებისგან.

აშშ მხარს უჭერს დემოკრატიულ, უსაფრთხო და წარმატებულ საქართველოს. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას საქართველოსთან, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, კანონის უზენაესობისა და ანგარიშვალდებული ინსტიტუტების მხარდასაჭერად“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

რამდენიმე დღეა ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური დაძაბულობა მწვავდება: 17 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს, ნიკა მელიას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

იმავე საღამოს ნიკა მელია და ოპოზიციის ლიდერები ენმ-ის სათავო ოფისში შეიკრიბნენ. ოპოზიციაში ამბობდნენ, რომ პოლიციას ნიკა მელიას დაპატიმრების საშუალებას არ მისცემდნენ.

18 თებერვალს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გადადგა. როგორც გახარიამ აღნიშნა, ის არ ეთანხმება მელიას დაპატიმრებას, თუ ეს დესტაბილიზაციის საფრთხეს ქმნის ქვეყანაში.

გახარიას გადადგომის შემდეგ შსს-მ განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრის გადადგომის გამო მელიას დაკავების ღონისძიება დროებით გადაიდო.

„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერობის კანდიდატად ყოფილი პრემიერი, მოქმედი თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.