ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

მერისში ოქროს მხოლოდ მიწისქვეშა წესით მოიპოვებენ – რა ზეგავლენა ექნება გარემოზე, უცნობია

19.02.2021 • 1621
მერისში ოქროს მხოლოდ მიწისქვეშა წესით მოიპოვებენ – რა ზეგავლენა ექნება გარემოზე, უცნობია

„მერისის ოქროს საბადოზე“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება ექვემდებარება თუ არა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებას, ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უნდა იმსჯელოს.

სამინისტროს შესაბამისი განცხადებით წიაღის ეროვნულმა სააგენტომ 12 თებერვალს მიმართა.

სააგენტოს განცხადების მიხედვით, მერისის მადნიანი ველი, ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტებში, ზღვის დონიდან 700-1700 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. ობიექტი ხვდება სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე, ასევე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან სიახლოვეს.

„წიაღის ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებული გეოსაინფორმაციო პაკეტის შესაბამისად, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიებზე, ასევე კერძო საკუთრებაში რეგისტრირებულ ფართობებზე, წიაღით სარგებლობა განხორციელდება მხოლოდ მიწისქვეშა სამთო გამონამუშევრებით.

რაც შეეხება საქმიანობის სხვა მახასიათებლებს [მაგ: ნარჩენების წარმოქმნა, ხმაურის დონე და ა.შ.], აღნიშნული დამოკიდებულია სამუშაოების წარმოების პროცესზე და წინასწარ არ ვფლობთ ინფორმაციას, თუ რა სახის ზემოქმედება შეიძლება მოახდინოს აღნიშნულმა საქმიანობამ გარემოზე.

გთხოვთ, განიხილოთ წარმოდგენილი სკრინინგის განცხადება და მიიღოთ გადაწყვეტილება იმის თაობაზე, ექვემდებარება თუ არა აღნიშნული საქმიანობა გარემოზე შეფასების საქმიანობას და შესაბამისად, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებას“, – აღნიშნულია სააგენტოს წერილში.

ე.წ. „მერისის ოქროს საბადოზე“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიას, 30 წლით, წიაღის ეროვნული სააგენტო 5 მილიონ ლარად ყიდდა. თუმცა ლიცენზია გასულ წელს არ გაიყიდა. სალიცენზიო ფართობი 11 ათას ჰექტარზე მეტია.

აუქციონის მიხედვით, ლიცენზიის მფლობელს 30 წლის განმავლობაში შეეძლო მოეპოვებინა სხვადასხვა კატეგორიის:

  • ოქრო – 859 კილოგრამი,
  • ვერცხლი – 18,3 ტონა,
  • სპილენძი – 130 746 ტონა,
  • ტყვია – 16 800 ტონა,
  • თუთია – 14 200 ტონა.

სამინისტროს მიერ სააგენტოს განცხადების განხილვისა და მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, წიაღის ეროვნული სააგენტო „მერისის ოქროს საბადოს“ ლიცენზიაზე აუქციონს ხელახლა გამოაცხადებს.

ამავე თემაზე:

ქობულეთის სოფელ ხალაში ოქროს მოპოვებაზე ლიცენზია 788 305 ლარად გაიყიდა  

 

მთავარი ფოტო: მერისის ხეობა / ფოტო არქივიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: