მთავარი,სიახლეები

MDF: მედია ოფიციალური უწყებებიდან ინფორმაციას ვერ იღებს

19.02.2021 • 811
MDF: მედია ოფიციალური უწყებებიდან ინფორმაციას ვერ იღებს

როგორ ავსებენ ჟურნალისტები ინფორმაციულ ვაკუუმს, როცა კრიზისული ვითარებისას ოფიციალური უწყებები კომენტარებისგან თავს იკავებენ, მედიას კი საზოგადოების ინფორმირების ვალდებულება აქვს? საჭიროებათა კვლევაში, რომელიც მედიის განვითარების ფონდმა (MDF) მოამზადა, ჟურნალისტები და ექსპერტები ამ პრობლემებზე საუბრობენ.

კვლევის ფარგლებში ჩატარებულ პირისპირ ინტერვიუებში ჟურნალისტებმა აღნიშნეს, რომ საინფორმაციო ვაკუუმი, რომელიც ამ დროს იქმნება, ინტერპრეტაციებისთვის ფართო ასპარეზს ქმნის, რაც ყოველთვის არ არის დაზღვეული შეცდომებისგან და ინფორმაციის ხარისხზე აისახება.

ჟურნალისტი გელა ბოჩიკაშვილი ბერი სალოსის ქუჩაზე და პანკისში სპეცოპერაციების დროს განვითარებულ მოვლენებს იხსენებს, როცა მისი თქმით, „მედია მიტოვებული იყო საკუთარი ინტერპრეტაციების ან იქ მყოფი მოქალაქეების იმედზე… როდესაც მედიას არ სთავაზობ ინფორმაციას, ის ყოველთვის ეძებს ინტერპრეტაციას“.

სოფო მეგრელიძე, Associated Press: „ოფიციალური სტრუქტურები ხშირ შემთხვევაში აგვიანებენ ინფორმაციის გავრცელებას ან საერთოდ უარს ამბობენ მედიასთან თანამშრომლობაზე და მოსახლეობის ინფორმირებაზე. ინფორმაციული ვაკუუმის დროს ჟურნალისტი ჰყვება იმას, რასაც ხედავს ან ესმის სხვადასხვა წყაროდან, რაც გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელების საფრთხეს ქმნის.“

საერთაშორისო მედიის რამდენიმე ჟურნალისტმა ყურადღება გაამახვილა უწყებების შიგნით კომპეტენციების განსაზღვრისა და ინციდენტის ადგილზე მომუშავე ჟურნალისტებისთვის მკაფიო ინსტრუქციების მიწოდების პრობლემებზე.

მაკა ანთიძე, როიტერი: „სამწუხაროდ, ბოლო 10 წელი რომ ავიღოთ, პრესცენტრები არ გაწვდიან იმ ინფორმაციას, რომელიც შენ გაინტერესებს… შიგნით უწყებაში არ არის დალაგებული, რა უნდა თქვან, რა არ უნდა თქვან. არის არეული პრესცენტრის და Spokesperson-ის ცნებები“.

კვლევის მთავარ მიგნებად ასევე გამოიკვეთა კრიზისული ვითარების გაშუქების შიდასარედაქციო გზამკვლევის არარსებობა, რომელიც უმეტესად, სატელევიზიო მედიაში შეიმჩნევა, ამასთან ისიც, რომ ჟურნალისტთა უმეტესობა არ იცნობს საქართველოს მთავრობის ეროვნულ სტრატეგიას, რომელიც კრიზისების მართვის მიმართულებით ხელისუფლების პოლიტიკას განსაზღვრავს.

საჭიროებათა კვლევის ფარგლებში გამოკითხული ექსპერტები ამბობენ, რომ მედიის მიერ კრიზისული ვითარების/ანტიტერორისტული ოპერაციების გაშუქებაში ძირითადი პრობლემები ცოდნის დეფიციტი, სიღრმისეული ანალიზის ნაკლებობა და თემატური სპეციალიზაციის არარსებობაა.

ბათუ ქუთელია, საქართველოს ატლანტიკური საბჭო: „მოსახლეობას სჭირდება კომპლექსურ შეკითხვებზე პასუხი… ღრმა კომპეტენტური ანალიზი, თუ რა ცვლილებებს გამოიწვევს [მოვლენა] სამომავლო სტრატეგიულ პერსპექტივაში და უფრო ფუნდამენტური სოციალური, ეკონომიკური ანალიზი და ა.შ“.

საჭიროებათა კვლევის საფუძველზე ექსპერტთა ჯგუფმა მოამზადა რეკომენდაციები, რომელთა მიზანია, კრიზისული ვითარებების გაშუქებისას არსებულ გამოწვევებს უპასუხოს და ხელისუფლებასა და მედიას შორის თანამშრომლობას, ეფექტიანი სტრატეგიული კომუნიკაციის განხორციელებასა და ხარისხიან მედიაგაშუქებას შეუწყოს ხელი.

კვლევის ფარგლებში 2020 წლის იანვარ-მარტში პირისპირ ინტერვიუს ფორმით სულ 30 ადამიანი გამოკითხა, მათ შორის მედიის წარმომადგენლები და მედიის, უმცირესობების საკითხების, უსაფრთხოებისა და სტრატეგიული კომუნიკაციების ექსპერტები.


კვლევა MDF-მა პროექტის „ნარატივების რადიკალიზაციის პრევენცია და მათზე რეაგირება საქართველოში“ ფარგლებში მოამზადა, რომელიც ფონდ ჰიდაიასა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

გადაბეჭდვის წესი