მთავარი,სიახლეები

„საქართველო: პოლიტიკური კრიზისი რუსული სურნელით“ – ფრანგული Figaro

19.02.2021
„საქართველო: პოლიტიკური კრიზისი რუსული სურნელით“ – ფრანგული Figaro

„საქართველო: პოლიტიკური კრიზისი რუსული სურნელით“ – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას ფრანგული გამოცემა Le Figaro, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას შეეხება.

Figaro წერს, რომ ეს არის ახალი ეპიზოდი საქართველოში პოლიტიკური კრიზისისა, რომელშიც 2019 წლიდან რუსეთიცაა გარეული.

,,რუსეთმა დიდი ხანია დაკარგა ადგილი 3,7 მილიონი ქართველის გულში“, – წერს გამოცემა და აღნიშნავს, რომ 2021 წლის პოლიტიკური კრიზისი გაგრძელებაა იმ მოვლენებისა, რაც საქართველოში 2019 წლის 20 ივნისს დაიწყო რუსი კომუნისტი დეპუტატის, გავრილოვის ჩამოსვლით.

„გავრილოვს მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა უნდა გაეხსნა და მან ბუნებრივად დაიკავა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი. ამან საქართველოში დიდი პროტესტი გამოიწვია, რადგან აქ მიიჩნევენ, რომ ქვეყნის 20% რუსეთს აქვს ოკუპირებული და ის მხარს უჭერს სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს“, – წერს Figaro.

გამოცემისავე შეფასებით, „16 თებერვალს, ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის პარტია ,,ქართული ოცნების“ მიერ გაკონტროლებულმა პარლამენტმა ნიკა მელიას სადეპუტატო ხელშეუხებლობა მოუხსნა. ივანიშვილმა კარიერა 1990-იანი წლებში, რუსეთში შეიქმნა.

პარლამენტის გადაწყვეტილებამ მოამზადა ნიადაგი, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ოპოზიციის ლიდერ ნიკა მელიასთვის პატიმრობა შეეფარდებინა”.

ასე აფასებს გამოცემა საქართველოში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს.

როგორც Figaro წერს, ბოლო დღეების განმავლობაში გავრილოვმა ,,ცეცხლს ნავთი დაასხა“ და საქართველოს მმართველი პარტია შეაქო, რომელმაც, მისი თქმით, ყველაფერი გააკეთა გადატრიალება, რეპრესიები და დიქტატურა რომ აერიდებინა ქვეყნისთვის.

„ბოლო წლების განმავლობაში ქართული მართლმსაჯულება ძალიან ხშირად პოლიტიზებულია“, – წერს გამოცემა.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ეს ახალი პოლიტიკური კრიზისი გავლენას მოახდენს სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესებზე, სადაც რუსეთმა გაიმყარა საკუთარი პოზიციები ,,ისე, როგორც არასდროს“, – გასულ წელს მთიანი ყარაბაღის ომით.

Figaro ერდოღანს სამხრეთ კავკასიის კიდევ ერთ ავტორიტარულ მმართველს უწოდებს, რომელსაც ასევე მისცა საშუალება ყარაბაღის კონფლიქტმა რეგიონში პოზიციების გასამყარებლად.

„ამის ფონზე კი 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებმა კრიზისამდე მიიყვანა საქართველო. ,,ქართული ოცნების“ გამარჯვება იმდენად სადავო აღმოჩნდა, რომ არც ერთი ოპოზიციური პარტია არ დათანხმდა შესულიყო პარლამენტში.

,,ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა, ამ 38 წლის ფრანკოფონ კაცს უკვე ეკავა ეს პოსტი 2013-2015 წლებში და ცუდი კვალი დატოვა“, – წერია სტატიაში.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: