მთავარი,სიახლეები

როცა მოზარდი საკუთარი გარეგნობით უკმაყოფილოა – ფსიქოლოგის რჩევები

18.02.2021 • 1959
როცა მოზარდი საკუთარი გარეგნობით უკმაყოფილოა – ფსიქოლოგის რჩევები

საკუთარი გარეგნობით უკმაყოფილება გარდატეხის ასაკში მყოფთათვის ერთ-ერთი ყველაზე რთული პრობლემაა. როგორც ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგი ქეთი დევაძე ამბობს, მოზარდების 40-60%-ს არ მოსწონს საკუთარი თავი: ჰორმონალური პროცესების შედეგად იწყება სქესობრივი მომწიფება, მოზარდებს ეცვლებათ ხმა, სხეული. ხშირად სხეულის სხვადასხვა ნაწილები არაპროპორციულად იზრდება: კიდურები, ცხვირი და ა.შ.

ფსიქოლოგი ამბობს, რომ ეს ცვლილებები მოზარდებს აბნევთ და ძაბავთ. მშობლებსაც უჭირთ გაერკვნენ, როგორ მოექცნენ მათ: როგორც დიდს თუ როგორც ბავშვს. პრობლემურია მოზარდის ურთიერთობებიც თანატოლებთან, ისინი ხშირად ხდებიან გარეგნული ცვლილებების გამო ბულინგის მსხვერპლი.

„გარდატეხის ასაკში მოზარდები თვითკრიტიკულები არიან, ჰყავთ წარმოსახვითი აუდიტორია და თავსაც წარმოსახვით სცენაზე წარმოიდგენენ ხოლმე, ჰგონიათ, რომ ყველა მათ უყურებს და აკონტროლებენ. ფიქრობენ, რომ შემჩნეულია მათი ყველა ნაკლი, შეცდომა და რომ აუცილებლად გახდებიან კრიტიკის ობიექტები.

გარდატეხის ასაკში ბავშვები ეძებენ საკუთარ თავს, ცდილობენ იყვნენ გამორჩეულები გარეგნულად, ჩაცმის სტილით და ხშირად სწორედ ამიტომ ამ ასაკს თან ახლავს თვითშეფასების პრობლემები. როცა ამას ერთვის უკმაყოფილება საკუთარი გარეგნობით, შესაძლოა ბავშვის თვითშეფასება კიდევ უფრო დაბალ ნიშნულზე დავიდეს. არ არის გამორიცხული სამომავლოდ გარეგნობით უკმაყოფილება კომპლექსადაც იქცეს, თუ დროულად არ დავეხმარებით მოზარდს რეალობის გაანალიზებაში,“ – ამბობს ქეთი დევაძე.

რა ქნას მშობელმა, რით დაეხმაროს საკუთარი გარეგნობით უკმაყოფილო მოზარდს?

გარდატეხის ასაკში მშობლის აზრი ხშირად ბავშვს უკვე აღარ აინტერესებს. მიუხედავად ამისა, ქეთი დევაძე მიიჩნევს, რომ მშობელი მაინც ხშირად უნდა უსვამდეს ხაზს:

  • ბავშვის დადებით მხარეებს. მათ შორის გარეგნობის დადებით მხარეებსაც;
  • აუცილებელია მოზარდს ვეუბნებოდეთ რეალურ კომპლიმენტებს, დეტალურად;
  • მშობლები ყურადღებას უნდა ამახვილებდნენ არამხოლოდ მოზარდის გარეგნულ მხარეზე, ასევე მის დადებით პიროვნულ თვისებებზე;
  • მნიშვნელოვანია, მშობელი დაეხმაროს შვილს იმის გაცნობიერებაში, რომ ის უნიკალურია თავისი გარეგნობით, პიროვნული თვისებებით, რომ ყველა ადამიანი ერთადერთი და განუმეორებელია;
  • არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება „შევაჯიბროთ“ ბავშვები მეგობრებს, და-ძმებს, არ არის საჭირო, მაგალითად, მოზარდს მოვუყვანოთ თანატოლები.

ფსიქოლოგი აღნიშნავს, რომ მშობლებს დიდი მოთმინება და ძალისხმევა მართებთ შვილების მოზარდობის პერიოდთან გასამკლავებლად. მნიშვნელოვანია მშობელმა მას მისცეს გარკვეულწილად დამოუკიდებლობა, მაგრამ თან აგრძნობინოს, რომ საჭიროების შემთხვევაში გვერდითაა და ყოველთვის მზადაა კომუნიკაციისთვის.

საკუთარი გარეგნობით უკმაყოფილო მოზარდებს შესაძლოა აგრესია ჰქონდეთ მშობლებზეც. მეტიც – შესაძლოა მშობლებს ეგონოთ, რომ მოზარდებს ისინი „ეზიზღებათ“ კიდეც, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს დამოკიდებულება, აგრესია, ფიზიოლოგიური პროცესების და ჭარბი ემოციების შედეგია და არა მოზარდების ნამდვილი „ზიზღი“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: