მთავარი,სიახლეები

„გახარიამ შიდა დაპირისპირების გამო დატოვა პრემიერობა“ – ინტერვიუ პოლიტოლოგთან

18.02.2021 •
„გახარიამ შიდა დაპირისპირების გამო დატოვა პრემიერობა“ – ინტერვიუ პოლიტოლოგთან

„გახარიამ პარტიის შიდა დაპირისპირების გამო დატოვა პრემიერის პოსტი,“ – მიიჩნევს პოლიტოლოგი ლევან კახიშვილი. მისთვის დღეს მომხდარი პოლიტიკური ამბები აჩვენებს იმას, რომ სახელისუფლებო ვერტიკალებს შორის პარტიული ვერტიკალია ყველაზე ძლიერი და ძალაუფლების გადანაწილება მთავრობას და სასამართლოს შორის რეალურად არ არსებობს. პოლიტოლოგისთვის პრემიერის წასვლით გამოჩნდა ისიც, „ქართული ოცნება“ უახლოეს მომავალში არჩევნებს არ აპირებს, რადგან „გახარია დანაკარგია“, – ამბობს ანალიტიკოსი ლევან კახიშვილი. „ბათუმელებმა“ მას რამდენიმე კითხვა დაუსვა.

  • ბატონო ლევან, რას დაარქმევდით ბოლო პოლიტიკურ პროცესებს, რასთან გვაქვს საქმე?

რას დავარქმევდი არ ვიცი, მაგრამ ხელისუფლების ქმედებები ნიკა მელიას წინააღმდეგ ჰგავს პოლიტიკურ რეპრესიას პოლიტიკურ ლიდერზე, განსაკუთრებით მაშინ, როცა „ნაციონალური მოძრაობა“ რჩება ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიად.

ამ საქმის სამართლებრივ საფუძვლებს თუ გავეცნობით, იქაც, მგონი, ბევრი რამ არ არის გარკვეული, თუმცა ეს სამართლებრივი შეფასების საგანია. გახარიას განცხადება, რომ გუნდთან ვერ შეთანხმდა იმაზე, უნდა აღსრულდეს თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილება, აჩენს კითხვას: რასთან გვაქვს საქმე, როგორ შეიძლება პრემიერ-მინისტრი საკუთარ გუნდთან განიხილავდეს სასამართლო ხელისუფლების აღსრულებადობას? ეს ლოგიკაც დამატებით კითხვებს აჩენს, რომ ნიკა მელიას საქმე პოლიტიკურია. რა გადაწყვეტილებასაც იღებს სასამართლო, ის უნდა აღასრულოს მთავრობამ. ეს იგივეა, რომ პარლამენტის მიერ მიღებული ახალი კანონის შესრულებაზე მთავრობამ უარი თქვას, ან, რომ თქვას, მაგალითად, საარჩევნო სისტემა შეიცვალა, მაგრამ ჩვენ არჩევნებს ჩავატარებთ ძველი სისტემით.

  • პრემიერის გადადგომის შემდეგ შსს-მ განაცხადა, რომ მელიას დაკავება დროებით გადაიდო. რა საფრთხეები ჩნდება პოლიტიკურად, როცა პოლიტიკა ასე ერევა სამართალში? 

არ შეიძლება აღმასრულებელი ხელისუფლება განიხილავდეს, როდის აღასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილება. ის, რომ პრემიერი გადადგა და ახლა ჩვენ ვაჩერებთ რაღაც პროცესს, თითიდან გამოწოვილი მიზეზია. აშკარაა, რომ კრიზისიდან გამომდინარე შეჩერდა ნიკა მელიას დაკავების შესახებ პოლიტიკური გადაწყვეტილების შესრულება.

  • რა როლი შეასრულა, თქვენი აზრით, ამ პროცესში კრიტიკამ დასავლეთიდან? 

თუკი მართლა იაზრებს „ქართული ოცნება“ ამ კრიზისს და იმას, რომ ეს პროცესი რეალურად საზიანოა ქართული დემოკრატიისთვის, მაშინ ეს არის სპექტაკლი. პირდაპირ შეეძლო ეთქვა „ქართულ ოცნებას“, რომ ხედავს კრიზისს. ჩემი აზრით, გახარიამ მიიღო ეს გადაწყვეტილება იმიტომ, რომ პარტიის შიგნით არის დაპირისპირება, კონკრეტულად კი, ირაკლი კობახიძესა და გიორგი გახარიას შორის, რომელსაც აღარ შეეძლო ემოქმედა ისე, როგორც თვლიდა საჭიროდ.

ვიცით ასევე, რომ ლიეტუვის ელჩი მივიდა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში და თქვა, რომ კრიზისის დასრულებამდე არსად წავა. ესეც პრობლემაა „ოცნებისთვის“, რადგან გამოჩნდა პირდაპირი მხარდაჭერა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის მიმართ. ლიეტუვა აღიქმება, როგორც ძალიან ახლობელი და მეგობარი ქვეყანა.

  • რამდენად შეიძლება შეუთანხმებლობის გამო, რაც გახარიამ ახსენა, გუნდს მისი ხელმძღვანელი ტოვებდეს და არა, მაგალითად, შს მინისტრი, ან სუს-ის უფროსი? 

ამ შემთხვევაში ჩვენ ვუყურებთ ინსტიტუტების და ინდივიდების კონკურენციას ძალაუფლების მოსაპოვებლად. ერთი მხრივ, არის აღმასრულებელი ხელისუფლება პრემიერის მეთაურობით და მას ექვემდებარება შს მინისტრიც. ეს არის ერთი გუნდი და პრობლემურ საკითხებზე უნდა იყოს ერთიანი ხედვა. მეორე მხრივ, არის პარლამენტი და უმრავლესობაში მყოფი პარტია „ქართული ოცნებაა“.

ჩვენს რეალობაში პრემიერ-მინისტრი არ არის საკუთარი პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარე, რაც იწვევს ორმაგი ძალაუფლების ხაზის არსებობას. ერთია აღმასრულებელი და პრემიერი, მეორეა პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება“ და მისი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. მესამე ხაზზე აღარაფერს ვამბობ, სადაც იქნებოდა ბიძინა ივანიშვილი, როგორც არაფორმალური მმართველი, თუ კიდევ ასეა. მეოთხეა პარლამენტი და მისი თავმჯდომარე, რომელსაც ჩვენს კონტექსტში ყველაზე ნაკლები გავლენა აქვს. ამიტომაც, გუნდში დაპირისპირება აღიქმება, როგორც პრემიერსა და პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარეს შორის დაპირისპირებად.

ჩანს, რომ პარტიას კობახიძე უფრო კარგად აკონტროლებს, ვიდრე პრემიერ-მინისტრი. შესაბამისად, პრემიერი აღმოჩნდა უმცირესობაში და ის გაერიდა ამ მდგომარეობას.

  • ანუ აიძულეს, რომ წასულიყო?

ამას ვერ ვიტყვით დანამდვილებით, მაგრამ ფაქტია, რომ პარტიას და მის თავმჯდომარეს უფრო მეტი გავლენა აქვს. ერთი მხრივ, თუკი შეგიძლია აიძულო პრემიერი, რომ იგი გადადგეს, ეს აჩვენებს გავლენას, მეორე მხრივ კი, თუკი პრემიერ-მინისტრს არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ განახორციელოს იმგვარი პოლიტიკა, რომელსაც მიიჩნევს სწორად, ესეც ნიშნავს, რომ პოლიტიკური პარტიის გავლენა ძალიან დიდია.

  • ასახელებენ რამდენიმე კანდიდატს, ვინც შეიძლება გახდეს პრემიერი. თქვენი აზრით, რის მიხედვით გაკეთდება არჩევანი მომავალ პრემიერზე? 

მე სამი კანდიდატურის შესახებ მსმენია. ერთია ის, რომ თავად კობახიძე გახდეს პრემიერი, მაგრამ არ მგონია, რომ ეს რეალური იყოს, რადგან ის მშვენივრად აკონტროლებს საკუთარ პარტიას და პარტიის მეშვეობით აღმასრულებელ ხელისუფლებასაც. არჩევნებამდე ასევე ისმოდა, რომ წულუკიანი გახდებოდა პრემიერი, მაგრამ ვნახეთ, რომ ეს ასე არ მოხდა. სახელდება კახი კალაძე, თუმცა ესეც განსხვავებული ლიდერია და არა მგონია, დანიშნონ.

ამ დრომდე გახარია, კობახიძე და კალაძე იყო სამი გამორჩეული ლიდერი ამ პარტიაში. მამუკა მდინარაძე ალბათ ყველაზე მისაღები კანდიდატურა იქნებოდა კობახიძისთვის კონტროლის თვალსაზრისით, თუმცა წინასწარ ამის განჭვრეტა რთულია. რა გადაწყვეტილებაც უნდა მიიღოს „ქართულმა ოცნებამ“, ამით ეს კრიზისი, რაც შეიქმნა, არ აღმოიფხვრება.

  • გაჩნდა მოსაზრება, რომ კრიზისის დასაძლევად დაინიშნება რიგგარეშე არჩევნები და პარლამენტი შეგნებულად არ დაუჭერს მხარს მთავრობის ახალ შემადგენლობას, ანუ ხელისუფლება არჩევნებს დანიშნავს, მაგრამ არა იმ მიზეზით, რომ არჩევნები გაყალბდა. 

გამორიცხული არაფერია, მაგრამ ამისთვის არ იქნებოდა საჭირო გახარიას გადადგომა. გახარიას შეეძლო პირდაპირ გადამდგარიყო და ეს ყოფილიყო დაკავშირებული ნიკა მელიას საქმესთან. ამ კონტექსტში აშკარა ხდება კონფლიქტი პოლიტიკური პარტიის შიგნით. გახარია პოპულარული იყო ხმების მოზიდვის თვალსაზრისით, ბოლო კვლევებიც ამას აჩვენებდა, რომ მისი და მთავრობის რეიტინგი, იმავე პარლამენტთან შედარებით, პოზიტიური გახდა. თუ „ოცნებას“ აქვს ეს სცენარი, რომ ამის და ამის შემდეგ დანიშნავს არჩევნებს, მაშინ საკუთარ თავს იგდებს უარეს მდგომარეობაში, ვიდრე პირდაპირ ოპოზიციასთან მოლაპარაკების პროცესში დათმობაზე წასვლა. გახარიას წასვლა დანაკარგია „ოცნებისთვის“, თუკი ის უშვებს, რომ არჩევნები დანიშნოს. ასეთ შემთხვევაში გახარიას შეინარჩუნებდნენ მინიმუმ არჩევნებამდე.

  • რატომ ფიქრობთ, რომ გახარია დანაკარგია „ქართული ოცნებისთვის“? 

არაერთი კრიზისის არსებობის მიუხედავად, გახარია ახერხებდა შეენარჩუნებინა ძლიერი და თავდაჯერებული ლიდერის იმიჯი, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს. 20 ივნისის ამბებმაც ვერ დააზარალა ბოლომდე გახარია, როგორც, მაგალითად, სხვა პოლიტიკოსი შეიძლება დაეზარალებინა. ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გახარია იყო მინისტრი, რომელმაც ახალგაზრდების მკვეთრი პროტესტი გამოიწვია კლუბებში რეიდების შემდეგ. ნიკა მელიას საქმე პირდაპირ არ უკავშირდებოდა გახარიას და ამის გამო მისი წასვლა უფრო აჩენს კითხვებს, რომ ეს რეალურად პარტიის შიგა არსებული დაპირისპირება უფრო იყო.

ჩანს, რომ ამ ეტაპზე „ოცნება“ არ ემზადება ძირეული ცვლილებებისთვის. არ ჩანს ჰორიზონტზე ახალი არჩევნების დანიშვნის პერსპექტივა, თუმცა ხვალ კი არა, დღეს საღამოს რა იქნება, ესეც არ ვიცით. ეს დამოკიდებულია საზოგადოების რეაქციაზე, დიპლომატიურ ზეწოლაზე, რამდენად გაიაზრებს „ოცნება“ საკუთარ ნაბიჯებს, თუმცა ამ ეტაპზე ახალ არჩევნებს არ განიხილავენ.

  • რამდენად იზრდება ქუჩაში დარჩენილი ოპოზიციის შანსი ამ დროს? 

მე ვფიქრობ, რომ იზრდება. ისინი პოლიტიკურად უფრო რელევანტურები შესაძლოა გახდნენ. საქმე ისაა, რომ ოპოზიციური პარტიები ბოიკოტის გამო საკუთარ თავს საფრთხეში იგდებდნენ რელევანტურობის კუთხით. თუკი საზოგადოება აღიქვამს, რომ კრიზისი „ოცნების“ შიგნით მიმდინარეობს, რაც გახარიას გადადგომა აჩვენა, ეს იმაზე მეტყველებს, რომ აქამდე ოპოზიციის ქმედებები იყო მართებული.

რეაქცია იქნება ამომრჩევლის მხრიდან, რომ თუ ეს ხალხი ტყუოდა  და „ოცნება“ იყო მართალი, მაშინ რატომ არის „ოცნების“ შიგნით განხეთქილება? თავად ეს კითხვა დააზარალებს „ოცნებას“ და იმუშავებს ოპოზიციის სასარგებლოდ.

ეს იმას არ ნიშნავს, რომ რიგგარეშე არჩევნების შემთხვევაში, „ქართული ოცნება“ აღარ იყოს რელევანტური პოლიტიკური ძალა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: