მთავარი,სიახლეები

“არგუმენტები, რომელიც გაამყარებდა მის პოზიციას, ვერ მოვისმინეთ” – კობახიძე გახარიას გადადგომაზე

18.02.2021 • 1511
“არგუმენტები, რომელიც გაამყარებდა მის პოზიციას, ვერ მოვისმინეთ” – კობახიძე გახარიას გადადგომაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გაკეთდა პარტია “ქართული ოცნების” ოფისში. პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ადასტურებს, რომ ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით გუნდში ნამდვილად იყო  აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა გიორგი გახარიამ გუნდს არგუმენტები ვერ წარუდგინა.

“გახარია იყო ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრი. სამწუხაროა, რომ მან მიიღო ასეთი გადაწყვეტილება. ჩვენს პოლიტიკურ გუნდში ნამდვილად იყო დისკუსია ნიკა მელიას მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილების ვადებთან დაკავშირებით. გიორგი გახარიას ჰქონდა  გუნდის სხვა წევრებისგან განსხვავებული პოზიცია ამ საკითხზე.

თუმცა, სამწუხაროდ, არგუმენტები, რომელიც გაამყარებდა მის პოზიციას, ჩვენ ვერ მოვისმინეთ.

წყალგამყოფი იყო საკითხი, სახელმწიფომ უნდა აჩვენოს მყარად თავისი სახე, როგორც სახელმწიფომ, თუ არა. გუნდის დანარჩენი წევრებისთვის ამ კითხვაზე პასუხი იყო ერთმნიშვნელოვანი. ქვეყანა, სადაც არ არის უზრუნველყოფილი კანონის აღსრულება, მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც დამნაშავეები მას ასეთი უხეში გამოწვევის წინაშე აყენებენ, ვერ შედგება როგორც სახელმწიფო. უფრო მეტიც, სწორედ კანონის სათანადოდ არ აღსრულებაა ის, რაც ხელს შეუწყობს პოლიტიკურ რადიკალიზაციასა და პოლარიზაციას ქვეყანაში. ჩვენი, როგორც ხელისუფლების ვალდებულებაა მყარად და მკაცრად დავიცვათ სახელმწიფოს ღირსება,” – თქვა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის თქმით, პრემიერ-მინისტრის გადადგომის ფონზე, შს მინისტრმა მიიღო სრულიად ლოგიკური გადაწყვეტილება ნიკა მელიას დაკავების პროცესის დროებით გადადების შესახებ.

“ახლა ჩვენი პოლიტიკური გუნდის ყურადღება მთლიანად იქნება კონცენტრირებული ახალი მთავრობის ფორმირებაზე. მოვუწოდებთ ნიკა მელიას დაემორჩილოს კანონს, წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლება უზრუნველყოფს კანონის აღსრულებას და მის დაპატიმრებას. მთავრობის ფორმირება დაიწყება და დასრულდება კანონით გათვალისწინებულ უმოკლეს ვადებში,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

___

დღეს, 18 თებერვალს, პრემიერმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ის თანამდებობას ტოვებს. გახარიამ თქვა,  არ ეთანხმება მელიას დაპატიმრებას, რადგან ეს დესტაბილიზაციის საფრთხეს ქმნის ქვეყანაში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: