ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

„4 წლის გადასახადი ერთად მომივიდა“ – ვის ეხება მიწის გადასახადი და რამდენია ჯარიმა 

18.02.2021 • 5776
„4 წლის გადასახადი ერთად მომივიდა“ – ვის ეხება მიწის გადასახადი და რამდენია ჯარიმა 

მიწის მესაკუთრე კანონით ვალდებულია ყოველი წლის პირველ ნოემბრამდე წარადგინოს დეკლარაცია შემოსავლების სამსახურში და გადაიხადოს მიწაზე ქონების გადასახადი. მიწის გადასახადის დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში კი, პირს ყოველთვიურად დაერიცხება საურავი – გადასახდელი თანხის 1,5%-ის ოდენობით.

ფიზიკურ პირს შეუძლია არ წარადგინოს დეკლარაცია, თუ საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული შეღავათებით სარგებლობს და არ ეკუთვნის გადასახადის გადახდა; ან საგადასახადოს მიერ უკვე დარიცხულია მასზე მიწის გადასახადი; ან ერთხელ მაინც ჰქონდა წარდგენილი დეკლარაცია და მისი ქონებრივი მდგომარეობა არ შეცვლილა.

მიწის გადასახადის ოდენობა [წლიური საბაზისო განაკვეთი] დადგენილია კანონით და ის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში სხვადასხვაა. თითოეულ მუნიციპალიტეტში გადასახადის ოდენობას ადგენს საკრებულო, თუმცა ეს ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს აღნიშნული საბაზისო განაკვეთის 150 პროცენტს.

მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე მოქალაქის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი გადასახადისგან თავისუფალია. ოღონდ, ნაკვეთი მაღალმთიანი დასახლების ტერიტორიაზე უნდა მდებარეობდეს.

„ბათუმელებს“ დაუკავშირდა რამდენიმე მოქალაქე, რომლებმაც გვითხრეს, რომ მიუვიდათ შეტყობინება რამდენიმე წლის გადასახადის შესახებ. ქობულეთში მცხოვრები ერთ-ერთი მოქალაქე ამბობს, რომ შეტყობინების მიხედვით, ბოლო 4 წლის გადასახადი აქვს გადასახდელი. სახელმწიფო გადასახადს ითხოვს მის საკუთრებაში არსებულ მხოლოდ ცალკეულ ნაკვეთებზე და არ ითხოვს გადასახადს, მაგალითად, იმ ნაკვეთზე, რომელზედაც მისი საცხოვრებელი სახლი დგას.

„გადასახადი ერთიანად მომივიდა. მაინტერესებს, თუ 2017 წლიდან მიწის გადასახადი მქონდა გადასახდელი, რატომ არ გამაგებინეს, იმავე წელს, ან შესაბამისად, მომდევნო წლებში? თანაც, გადასახადი გადასახდელი მაქვს ცალკე მდებარე ნაკვეთებზე, მაგრამ არა იმ ნაკვეთზე, სადაც სახლი მიდგას,“ – გვითხრა მოქალაქემ.

რა ხდება?

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით, საცხოვრებელ სახლებზე ან/და ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები [მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი ფართობის ზღვრული ოდენობის ფარგლებში] გათავისუფლებულია გადასახადისგან.

მიწაზე ქონების გადასახადის გადახდის შესახებ შემოსავლების სამსახური შეტყობინებებს ფიზიკურ პირებს ფოსტით უგზავნის. იმ პირებს, რომლებმაც ან არ იციან კანონის შესახებ, ან იციან, მაგრამ დღემდე არ გადაუხდიათ მიწის გადასახადი, შემოსავლების სამსახური არიცხავს გადასახადს ჯამურად – იმ წლების მიხედვით, რომელ წლებშიც პირს გადასახადი უნდა გადაეხადა. ამ შემთხვევაში გადასახადს საურავის გარეშე არიცხავენ.

შეტყობინებით განსაზღვრულ ვადაში თუ მიწის მესაკუთრე არ გადაიხდის დარიცხულ გადასახადს [ერთი ან რამდენიმე წლის ერთად], მას უკვე დაერიცხება საურავი ყოველ მომდევნო თვეში – მთლიანად გადასახდელი თანხის 1,5%-ის ოდენობით.

[მაგალითად, თუ გაქვთ 5000 კვ/მ მიწის ნაკვეთი და წლიურად გეკუთვნით, ვთქვათ, 43 ლარის გადახდა და არ გადაიხადეთ, მომდევნო წელს დაგერიცხებათ 86 ლარი [ორი წლის გადასახადი] და თუ არ გადაიხდით დროულად, ყოველ თვეში დამატებით დაგერიცხებათ საურავი – 0,65 თეთრი ერთი წლის განმავლობაში, მომდევნო წლიდან კი 1 ლარი და 29 თეთრი და. ა.შ.].

„ბათუმელების“ ინფორმაციით, საურავს შემოსავლების სამსახური არიცხავს 3 წლის განმავლობაში. სამი წლის შემდეგ კი, ახალი საურავის დარიცხვა დამატებით აღარ ხდება, თუმცა მოქალაქემ უკვე ჯამურად დარიცხული თანხა უნდა გადაიხადოს. ამასთან, ვალდებულია გადაიხადოს  მიწის ყოველწლიური გადასახადიც.

ვისაც ერთხელ უკვე დაარიცხეს მიწის გადასახადი, მას შემოსავლების სამსახური შეტყობინებას გადახდაზე აღარ უგზავნის და თუ ეს პირი დროულად არ იხდის მიწის ყოველწლიურ გადასახადს, მას ავტომატურად არიცხავენ საურავს.

მესაკუთრეს მიწის გადასახადთან დაკავშირებით დეტალების დასაზუსტებლად [ეკუთვნის თუ არა გადასახადის გადახდა, რამდენი, ხომ არ ერიცხება საურავი და სხვა] შეუძლია მიმართოს შემოსავლების სამსახურს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისა და ტყის მიწებზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთები დიფერენცირებულია ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებისა და მიწის კატეგორიების მიხედვით. განაკვეთები დადგენილია 1 ჰექტარზე გაანგარიშებით, ლარში.

მაგალითად, 1 ჰექტარი სახნავი [მათ შორის, მრავალწლოვანი ნარგავებით დაკავებული] და საკარმიდამო ნაკვეთისთვის აჭარაში გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთებია:

  • ბათუმში – 94 ლარი
  • ქობულეთსა და ხელვაჩაურში – 87 ლარი
  • ხულოსა და ქედაში – 60 ლარი
  • შუახევში – 56 ლარი

1 ჰექტარი სახნავი [ასევე მრავალწლოვანი ნარგავებით დაკავებული] და საკარმიდამო მიწის გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთები ქვეყნის მასშტაბით:

წყარო: საქართველოს საგადასახადო კოდექსი

კოდექსით დადგენილია ასევე 1 ჰექტარი სათიბისა და საძოვრისთვის გადასახადის საბაზისო განაკვეთების ოდენობაც მუნიციპალიტეტების მიხედვით:

წყარო: საქართველოს საგადასახადო კოდექსი /17.02.2021

არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისთვის კი, გადასახადის განაკვეთები, ნაკვეთის ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, გაიანგარიშება შემდეგი წესით:

  • გადასახადის საბაზისო განაკვეთი დგინდება წელიწადში მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე 0.24 ლარის ოდენობით;
  • მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, შესაბამისი საბაზისო განაკვეთი მრავლდება ტერიტორიულ კოეფიციენტზე. ამასთან, ტერიტორიული კოეფიციენტი არ შეიძლება იყოს 1,5-ზე მეტი.
  • მიწაზე საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრება საგადასახადო წლის 1-ლი აპრილისათვის მოქმედი განაკვეთების მიხედვით.

კანონით, ფიზიკური პირის, ამ პირის ოჯახის წინა წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლები თუ არ აღემატება 40 000 ლარს, პირი არ იხდის ქონების [სახლი, ბინა, ავტომანქანა] გადასახადს, მაგრამ ის ვალდებულია გადაიხადოს მიწის გადასახადი.

მიწის გადასახადისგან ასევე გათავისუფლებულნი არიან:

  • ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებმაც მიიღეს ახალასათვისებელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები – მიღებიდან 5 წლის განმავლობაში;
  • 2004 წლის 1-ლი მარტის მდგომარეობით ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული 5 ჰექტარამდე ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები.
  • მეორე მსოფლიო ომის ინვალიდები და მათთან გათანაბრებული პირები პრივატიზების წესით მიღებულ მიწის ნაკვეთებზე;
  • სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც მისაღები მოსავლის ნახევარზე მეტი განადგურდა სტიქიის (ქარიშხლის, სეტყვის, გვალვის, წყალდიდობის, მეწყრის და სხვა) ან სხვა ფორსმაჟორული გარემოების შედეგად, რაც დასტურდება მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ უფლებამოსილი პირის (პირების) მიერ გაცემული ცნობით;
  • მრავალბინიან სახლში მცხოვრები ფიზიკური პირის თანასაკუთრებაში არსებული ფართობის პროპორციულად განსაზღვრული დაბეგვრის ობიექტი (მიწის ნაკვეთი);

საგადასახადო კოდექსი მიწის გადასახადთან დაკავშირებით სხვა შეღავათებსაც ითვალისწინებს ფიზიკური პირებისთვის, მაგრამ, „თუ დეკლარაციის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგ პირმა იჯარით, უზუფრუქტით, ქირით ან სხვა ამგვარი ფორმით გასცა მიწის ნაკვეთი, ამ პირზე საგადასახადო შეღავათი აღარ გავრცელდება. შესაბამისად, პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს საანგარიშო წლის ბოლომდე წარუდგინოს დეკლარაცია და გადაიხადოს გადასახადი საგადასახადო მოთხოვნის შესაბამისად“.

რაც შეეხება მიწის სისტემურ [უფასო] რეგისტრაციას, ის აჭარაში ამ ეტაპზე არ დაიწყება. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა 2021 წლის 4 თებერვლის ბრძანებით, მიწის სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიული არეალები განსაზღვრა. ამ ბრძანებაში არ არის მაღალმთიანი აჭარა.

ვიდრე მთავრობა სისტემურ რეგისტრაციას დაიწყებს, მოქალაქეებს [როგორც აჭარაში, ისე ქვეყნის მასშტაბით] უფლება აქვთ, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიწის ნაკვეთები, სპორადული რეგისტრაციით დაირეგისტრირონ.

სპორადული რეგისტრაცია ნიშნავს იმას, რომ მოქალაქე საკუთარი სახსრებით აკეთებს საკადასტრო ნახაზს და წარადგენს საჯარო რეესტრში. თუ მიწის საკუთრების/ფლობის ან სხვა რაიმე დოკუმენტი აქვს, თან დაურთავს ნახაზს. თუ არ აქვს ასეთი დოკუმენტი, ამ დოკუმენტების მოძიებას არქივში და სხვა სახელმწიფო სამსახურებში უკვე საჯარო რეესტრი უზრუნველყოფს. ამაში მოქალაქე ფულს არ იხდის. უფასოა შემდგომში მიწის საკუთრებაში დარეგისტრირებაც.

ამ თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/327350/

გადაბეჭდვის წესი


ასევე: