მთავარი,სიახლეები

პრემიერმინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელეს

18.02.2021
პრემიერმინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელეს

საქართველოს  პრემიერმინისტრობის კანდიდატად “ქართულმა ოცნებამ” ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა.   გადაწყვეტილების შესახებ პარტიის პოლიტსაბჭოს  შემდეგ გახდა ცნობილი.

“დღეს გაიმართა პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომა, სადაც მიღებული იქნა გადაწყვეტილება,  პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის შესახებ. ჩემი, როგორც პარტიის თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზე, პარტიის პოლიტსაბჭომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, პრემიერმინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილის დასახელების თაობაზე,” – განაცხადა საგანგებო ბრიფინგზე პარტია “ქართული ოცნების”  თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

პრემიერმინისტრობის კანდიდატად დასახელების შემდეგ, პირველი განცხადება გააკეთა ირაკლი ღარიბაშვილმაც.  მან მადლობა გადაუხადა პარტიას.

„ჩვენთვის ყველასთვის ემოციური დღე არის, მიუხედავად ამისა, ჩვენმა გუნდმა სწრაფად მიიღო გადაწყვეტილება. ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა და რა თქმა  უნდა, ეს არის უდიდესი პატივი, რომ დამტკიცების შემთხვევაში, მეორედ გავხდე ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებობს უამრავი გამოწვევა. პირველ რიგში, ეს არის კოვიდპანდემია, ეს არის უმუშევრობა, ეკონომიკური სიდუხჭირე და მოსახლეობის მძიმე მდგომარეობა, რაც  ბუნებრივია საჭიროებს სწრაფ გადაწყვეტილებებს და ამისთვის ჩვენ ყველანი ვართ მოწოდებული, რომ სწრაფად მოვუგვაროთ ჩვენს მოსახლეობას პრობლემები.

ბუნებრივია, ჩვენ ძალიან მალე აღვადგენთ წესრიგს და იმ წონასწორობას, რომელიც აუცილებელია ქვეყანაში იმისთვის, რომ ქვეყანამ გააგრძელოს ნორმალურად კონსტიტუციის ფარგლებში ფუნქციონირება,“ – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერმინისტრობის კანდიდატად წარდგენის შემდეგ.

ირაკლი ღარიბაშვილი მოქმედი თავდაცვის მინისტრია, ის ამ თანამდებობას 2019 წლიდან იკავებს.  ირაკლი ღარიბაშვილი 2013-2015 წლებში, ერთხელ უკვე იკავებდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტი დღეს, 18 თებერვალს, გახდა ვაკანტური, მას შემდეგ, რაც მოქმედი პრემიერი გიორგი გახარია თანამდებობიდან გადადგა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.