მთავარი,სიახლეები

17 წელი ქოხებში – 3 000 ლარით დაჯარიმებული მოქალაქეები მთავრობას მიწის დაკანონებას სთხოვენ

18.02.2021 • 2171
17 წელი ქოხებში – 3 000 ლარით დაჯარიმებული მოქალაქეები მთავრობას მიწის დაკანონებას სთხოვენ

ეკომიგრანტი, 63 წლის ნოდარ ჭაღალიძე 2006 წლიდან დღემდე თავისი ხელით აშენებულ ქოხში ცხოვრობს ბათუმში, კახაბრის ქუჩაზე, ყოფილი ნარკოლოგიურის მახლობლად. ნოდარ ჭაღალიძის ძირითადი შემოსავალი სახელმწიფო შემწეობაა – 140-ლარი პენსია სამხედრო ტრავმისთვის და 50 ლარი სოციალური დახმარება. საკვები ძირითადად სოციალური სასადილოდან მოაქვს. “ჩაცმა გინდა თუ წამალი, სხვა ყველაფერი შეზღუდულია. არაფერს არ უთავდება ეს ფული, ძალიან გაჭირვებული დრო მოვიდა, განსაკუთრებით ჩვენისთანა ხალხისთვის”, – ამბობს ის.

ნოდარ ჭაღალიძის ქოხი ნახევარი ქვის, ნახევარი ხის მასალისგანაა ნაშენი, სახურავი ზემოდან ძველი კრამიტითაა დახურული, შიგნიდან კი მუყაო აქვს აკრული. ეზოში ცივი წყალი მოდის, შუქის შეყვანაზე კი წლებია უარს ეუბნებიან. “ამ შემოსაზღვრულში ორი მოსახლე ვართ და ორივეს მეზობლისგან გვაქვს თითო ხაზი, 5 ლარზე მეტს ვერ ვწვავთ, ტელევიზორს და ერთ ნათურას ვანთებ … მთლად უშუქოდაც ძნელი დარჩა”, – ამბობს ის.

 

 

ქოხის ჭერი მუყაოს ნაჭრებით

ნოდარ ჭაღალიძე შუახევის  მუნიციპალიტეტის სოფელ გომარდულიდან 2004 წელს მეწყრის გამო წამოვიდა და სხვა დაზარალებულებთან ერთად მწვანე კონცხზე ე.წ. “სასადილოს” შენობაში შესახლდა.  მწვანე კონცხზე შესახლებულებს მთავრობა სამი წლის განმავლობაში კომპენსაციას ჰპირდებოდა, მაგრამ 2006 წელს ისინი შენობიდან იძულებით გამოასახლეს. “ერთ მშვენიერ დღეს მოვიდნენ, დაგვარბიეს, დუბინკებით გამოგვყარეს, რამდენიმე მოსახლე ვიყავით შესული იმ შენობაში. დაგვყარეს ეზოში და 10-15 დღე იქ ვიყავით  დაყრილები, ხან “დრანგალეტზე” დავწექით, ხან რაღაც ხეებზე… მერე შეხედეს, ვისაც საბუთები გვქონდა და ვიყავით დაზარალებულები, მოგვხიკეს და 10-15 დღის შემდეგ წამოგვიყვანეს ხელვაჩაურში”.

საწოლი ნოდარ ჭაღალიძის სახლში

ცნობა იმის შესახებ, რომ ნოდარ ჭაღალიძეს ნამდვილად არ გააჩნია საცხოვრებელი სახლი შუახევში

ნოდარ ჭაღალიძე ჰყვება, რომ მას კახაბერში, ყოფილი ნარკოლოგიურის შენობაში ერთი ოთახი გამოუყვეს, რომელსაც ფანჯრები შეუჭედა, მაგრამ საცხოვრებლად მაინც არ ვარგოდა. ამიტომ ეზოსთან ახლოს პატარა “ბუტკის” გაკეთება გადაწყვიტა, სადაც თავს უფრო ადვილად გაიტანდა:

“არც კარი ჰქონდა იმ ოთახს, არც ფანჯარა, ქვევით დახვრეტილი იყო და ტარაკნები ამოდიოდნენ, კოღოები გვესეოდა… იქ არ გაიჩერებოდა და ვერ გავარემონტებდი ნორმალურად. აქ პატარა ბუტკა გავიკეთე, თავს გავიტან-მეთქი. ამ პერიოდში ჩემი ყოფილი ცოლი და შვილები უსახლკაროები იყვნენ, დღემდე ნაქირავებში არიან. ისინი ამ დროს ურეხში, „საშოფრო სკოლაში“ იყვნენ შესახლებულები, ისინიც გამოყარეს და დარჩნენ გარეთ, ჩემთანაც ცუდი ურთიერთობა ჰქონდათ. მთავრობას მათ დაკმაყოფილებასაც ვთხოვდი, მაგრამ მითხრეს, იმ ოთახზე ეგ გეყოფაო”.

ნოდარ ჭაღალიძეს  აქვს ცნობა, რომ იგი ცალკე კომლად მიიჩნევა, თუმცა საბოლოოდ ისე აღმოჩნდა, რომ მისთვის გამოყოფილი ოთახი მის ვაჟზე გააფორმეს, რომელთანაც მას ურთიერთობა დღემდე არ აქვს:

“ნებისმიერ მეზობელს ჰკითხეთ, რომელიმე თუ იტყვის, ამდენი წელია ეგერ მის სახლთან მე კიბეზე თუ ამიდგამს ფეხი”.

“2006-ში მოვიდა ჩემთან ჩემი ერთ-ერთი ვაჟი, რომელიც ასევე ქუჩაში იყო და დარჩა, მანაც თავისი მოითხოვა, მეც რაღაც მინდაო… საქმე ის არის, რომ ჩვენ აზრებს ვერ ვათანხმებთ, ესეც გაჭირვებამ გვიქნა, მაგრამ ამ დაღვრილ წყალს მე თავს ვეღარ მოვუყრი, რაც მოხდა მოხდა, ავადმყოფი კაცი ვარ… შევეცადე მეორე ოთახის დაკავება, მაგრამ იქ სხვა შეასახლეს, შვილს ვერ ვუთხარი წადი-მეთქი, მან განცხადებაც დაწერა და ისე მომიწყვეს, რომ ეს ყველაფერი ჩემს შვილზე გააფორმეს, მთავრობამ კი მითხრა, ჩვენ მოგეცით და შენ შვილს დაუთმეო. გამოგეძახა პოლიციაო…  ანუ შვილთან უნდა მებრძოლა… ჩვენ ურთიერთობა არ გვაქვს, თორემ შვილია მაინც, გულიდან ვერ მოიგლეჯ. დავრჩი ასე ჩემდაუნებურად დამჯდარი ქოხში”.

“დანაშაულში ნუ ჩამითვლით ამ საქციელს, აქ ასე ხდებოდა მაშინ, მთელი სამი კორპუსი შემოსახლებულები არიან, სხვა წასასვლელი რომ მქონდეს, ჩემითაც წავიდოდი, 17 წელი ცოტა ხომ არ არის ასეთი წვალებით ცხოვრებისთვის”.

ჯარიმა 3000 ლარი მარტოხელა მეზობლის დახმარებისთვის

დაახლოებით 16 წლის წინ ამავე ტერიტორიაზე კიდევ ერთი უსახლკარო ადამიანი, გულნარა კიკნაძე დასახლდა. მარტოხელა დედა მცირეწლოვან ბავშვთან ერთად 2006 წლიდან თავშესაფარს ეძებდა და არსად გაეჩერებოდა – ნოდარ ჭაღალიძის მეზობლად, აქვე მცხოვრები ადამიანების დახმარებით, სხვების საშეშე თუ მშენებლობის ნარჩენებიდან მოგროვებული მასალებით, გულნარამ ხის ქოხი აიშენა. ქოხის მშენებლობის ბოლო ეტაპზე, სახურავთან დაკავშირებით, დახმარება ნოდარ ჭაღალიძეს სთხოვა, რომელსაც სწორედ ამ დროს სურათი გადაუღეს და ის ზედამხედველობის სამსახურმა 3000 ლარით დააჯარიმა.

ნოდარ ჭაღალიძე მიწის დაკანონებისა და ჯარიმის მოხსნის თხოვნით აჭარის მთავრობის სახლთან მივიდა, მაგრამ, როგორც თავად ამბობს, იქ არავინ მოუსმინა”.

„ერთი თვე იქ ვიარე და არ მიმიღო კაცმა. მერე ჯორკო წავიღე და იქ დავჯექი და დამცინეს, მათხოვრად ჩამთვალეს. საერთოდ გამიფუჭდა ნერვები, ტრასაზე დავწექი, თავი უნდა მოვიკლა-მეთქი, ისეთ პირობებში ვიყავი, აღარ მინდოდა სიცოცხლე… წამიყვანეს პოლიციაში გარიდების მიზნით”, – ჰყვება ნოდარ ჭაღალიძე. პოლიციაში უთხრეს, რომ ჯობდა განცხადება დაეწერა და გამგეობაში დაეტოვებინა, გამგეობამ საკუთრების რეგისტრაციისთვის იუსტიციის სახლში გადაამისამართა, მაგრამ განაცხადის გაკეთება აქაც არ მოხერხდა, “ჩამიკეტეს იქ ეს მომსახურება, ასე ჩაკეტილ წრეს ქმნიან, არსად გასაქანი არ არის, შემზღუდეს ყველანაირად”, – ამბობს ის.

ნოდარ ჭაღალიძე, რომლის ვალიც სახელმწიფოს წინაშე უკვე 3 210 ლარია, აღსრულების ბიურომ მოვალეთა რეესტრში დაარეგისტრირა. მართალია, მოვალეთა რეესტრში რეგისტრაცია მას ქონების რეგისტრაციაზე განაცხადის გაკეთებას არ უზღუდავს, მაგრამ აზრს უკარგავს, რადგან მოვალის ქონებაზე (დარეგისტრირების შემთხვევაში) ყადაღა დარეგისტრირდება.

გულნარა კიკნაძე

გულნარა კიკნაძე  2007 წლიდან სოციალურად დაუცველია. ამბობს, რომ მას მთავრობამ დახმარების სახით სარეცხი მანქანა გადასცა, რომელიც ჯერ კიდევ ყუთში დევს, რადგან ვერსად აერთებს. “რად მინდა სარეცხი მანქანა, თუ შუქი არ მაქვს. სოციალურად დაუცველი ვარ, 13 000 ქულა მაქვს, ჯანმრთელობა არ მივარგა, გასათბობად მხოლოდ გაზის ბალონი მაქვს, რომელშიც 5 ლარის გაზს ვასხამ… შეშა რომ ვითხოვე, მოდი და წაიღეო. რით წამოვიღო, საჭმელი უფასო სასადილოდან მომაქვს, გვერდი მიჩერდება რეცხვის დროს”, – ამბობს ის.

გულნარა კიკნაძე: არჩევნების დროს რომ ვახსენდებით მხოლოდ, თვითონ ასეთ პირობებში გაათევენ ღამეს? შვილებს ასე აცხოვრებენ? ცოდვა არ ვართ ჩვენ?

სხვისი სახლის ძველი კარი, რომელიც ამ ქოხში ჭერის ფუნქციას ასრულებს

გულნარა კიკნაძემ ეკონომიკის სამინისტროს დენის გამოყვანისა და ინდივიდუალური მრიცხველის დაყენების თხოვნით გასული წლის თებერვალში,

სხვისი სახლის ძველი კარი, რომელიც ამ ქოხის ჭერად გამოიყენესპანდემიის დაწყებამდე მიმართა. მთავრობის აპარატიდან საპასუხო წერილი მან 2020 წლის სექტემბერში მიიღო, სადაც მის თხოვნაზე უარს თან ერთვოდა მოთხოვნა, რომ გამოეთავისუფლებინა აჭარის ა/რ საკუთრებად რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი.

გულნარა კიკნაძე: “დენის გამოყვანის თხოვნით რომ მივედი სამინისტროში, მითხრეს, წყალი ვინ მოგცათ, იმასაც ჩაგიჭრითო”.

გაუხსნელი სარეცხი მანქანა

ნოდარ ჭაღალიძე ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც თბილისის მერმა აფრიკის დასახლებაში ბულდოზერებით დაუნგრია ხალხს სახლები, ბოლო იმედიც გადაეწურა. “აღარ ვიცი, თუ შეიძლება ისევ იმედი მქონდეს, ეს რომ დამინგრიონ, სად წავიდე”, – ამბობს ის.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: