მთავარი,სიახლეები

ყოველ მეექვსე ბავშვს კონფლიქტის ზონებში სექსუალური ძალადობა ემუქრება

18.02.2021
ყოველ მეექვსე ბავშვს კონფლიქტის ზონებში სექსუალური ძალადობა ემუქრება

ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია Save the Children-ი აცხადებს, რომ სექსუალური ძალადობა ათეულობით მილიონ ბავშვს ემუქრება იმ ქვეყნებში, სადაც შეიარაღებული კონფლიქტი მიმდინარეობს.

ორგანიზაციის ცნობით, შეიარაღებული მებრძოლების მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი შეიძლება გახდეს ყოველი მეექვსე ბავშვი კონფლიქტის ზონებში. საუბარია 426 მილიონიდან 72 მილიონ ბავშვზე, ბიჭებსა და გოგოებზე, რომელთაც საფრთხე ემუქრებათ.

ამავე დროს, ორგანიზაციის ცნობით, ბოლო 30 წელიწადში რისკის ჯგუფში მყოფი ბავშვების რაოდენობა თითქმის ათჯერ გაიზარდა. 1990 წელს სექსუალური ძალადობის რისკის ქვეშ 8.5 მილიონი ბავშვი იყო – ნათქვამია ანგარიშში, რომელიც 19 თებერვალს გამოქვეყნდება, მანამდე კი ორგანიზაციამ მონაცემები მიუნხენში წარადგინა კონფერენციაზე.

ექსპერტები განმარტავენ, რომ სექსუალურ ძალადობაში იგულისხმება გაუპატიურება, სექსუალური მონობა, იძულებითი პროსტიტუცია, იძულებითი სტერილიზაცია და გენიტალიების მოკვეთა.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა ერაყში, იემენში, კოლუმბიაში, სომალიში, სამხრეთ სუდანსა და სირიაში.

Save the Children-ის დასახელებული რიცხვებისგან განსხვავდება გაეროს მონაცემები. გაერომ 2006 წელს მსოფლიოში ბავშვებზე სექსუალური ძალადობის 22 ათასზე მეტი შემთხვევა დაასახელა, თუმცა Save the Children-ის  ხელმძღვანელის, სუზან კრუგერის განცხადებით, ოფიციალური მონაცემები მხოლოდ აისბერგის წვერია.

„ბავშვებზე სექსუალური ძალადობა ძალიან იშვიათად აღირიცხება მშვიდობიან დროსაც კი, ხოლო შეიარაღებული კონფლიქტებისას – კიდევ უფრო იშვიათად. გაუპატიურება და სექსუალური ძალადობის სხვა ფორმები სულ უფრო ხშირად გამოიყენება ომში“, – განაცხადა მან.

______________
მომზადებულია „დოიჩე ველეზე“ დაყრდნობით.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: