განათლება,მთავარი,სიახლეები

0 კრედიტი 4 კრედიტით შემეცვალა – სააპელაციო კომისიამ მასწავლებლის საჩივარი დააკმაყოფილა

18.02.2021 • 2692
0 კრედიტი 4 კრედიტით შემეცვალა – სააპელაციო კომისიამ მასწავლებლის საჩივარი დააკმაყოფილა

„0 კრედიტი 4 კრედიტით შემეცვალა“, – ამბობს ინგლისურის მასწავლებელი ლეილა ტარიელაძე, რომელიც დედოფლისწყაროს სოფელ ფიროსმანის საჯარო სკოლაში ასწავლის. მან გარე დაკვირვება ახალ წლამდე გაიარა, თუმცა 0 შეფასება მიიღო. კრედიტები მასწავლებელს აპელაციის შემდეგ დაუწერეს. კრედიტების აღიარების შემდეგ ლეილა ტარიელაძემ სტატუსი აიმაღლა და წამყვანი მასწავლებელი გახდა.

„ორი თვის წინ თქვენმა პოზიტიურად განწყობილმა შემოხმიანებამ და დაინტერესებამ გარე დაკვირვების გაკვეთილის უარყოფითად შეფასების გამო, თავისთავში თვითდაჯერების, იმედის ძიების და ბრძოლის უნარი დამიბრუნა. ამან შედეგი გამოიღო – მივიღე ბატონ ბერიკა შუკაკიძისგან წერილი გარე დაკვირვების გაკვეთილის აპელაციის დადებითად შეფასების შესახებ“, – წერს ის ფეისბუქზე.

მასწავლებელს ვკითხეთ, თუ რა გაითვალისწინა შეფასების ჯგუფმა კონკრეტულად, თუმცა ლეილა ტარიელაძე ამბობს, რომ არ იცის რა დასკვნა დაწერა სააპელაციო კომისიამ, რადგან დასკვნა არ გამოუთხოვია.

„მე გამოთხოვილი მქონდა გარე დაკვირვების ჯგუფის დასკვნა და ამის საფუძველზე გავასაჩივრე. არ ვეთანხმებოდი შეფასებაში. რადგან 4 კრედიტი დამიწერეს, როგორც ჩანს, ჩემი ყველა პრეტენზია გაითვალისწინეს“, – ამბობს მასწავლებელი.

„ბათუმელები“ მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს დაუკავშირდა  და ჰკითხა, სააპელაციო კომისიის გადაწყვეტილება აჩვენებს თუ არა შეფასების ჯგუფის სუბიექტურობას და რა შემთხვევაში ანიჭებს კრედიტებს სააპელაციო კომისია.

კითხვაზე მასწავლებლის სახლიდან წერილობით გვიპასუხეს.

„გარე დაკვირვების სააპელაციო კომისიის მუშაობა, გარდა გარე დამკვირვებლის სააპელაციო განცხადებისა, ეფუძნება საგნობრივი ექსპერტის მიერ წარმოდგენილ ალტერნატიულ დასკვნასაც.  საგნობრივი ექსპერტი უნდა იყოს მიუკერძოებელი. კომისიის თითოეული წევრი ეცნობა დოკუმენტაციას და იკრიბებიან გადაწყვეტილების მისაღებად.

იმის მიხედვით, თუ კომისიის წევრთა უმრავლესობა რომელ პოზიციას უფრო არგუმენტირებულად მიიჩნევს, იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

თუ არგუმენტები არასაკმარისია, გადაწყვეტილების მიღება ჭირს, კომისიას აქვს უფლებამოსილება მოიწვიოს სხდომაზე მასწავლებელი ან გარე დამკვირვებელი, ან ორივე ერთად ობიექტური გადაწყვეტილების მისაღებად“.

კითხვაზე, თუ რამდენმა მასწავლებელმა მიმართა სააპელაციო კომისიას და რამდენმა მიიღო გასაჩივრების შემდეგ 4 კრედიტი, მასწავლებლის სახლში გვითხრეს, რომ გარე დაკვირვების შეფასების ჯგუფის გადაწყვეტილება 54-მა მასწავლებელმა გაასაჩივრა, „აქედან დადებითად დაკმაყოფილდა 12, დანარჩენს 0 კრედიტი არ შეცვლია“.

2020 წელს გარე დაკვირვებაზე 3 ათასამდე მასწავლებელი იყო დარეგისტრირებული, აქედან 82-მა მასწავლებელმა ვერ გაიარა გარე დაკვირვება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: