კვირის ამბები,მთავარი

რატომ ემუქრება მიდიებს გადაშენება

31.07.2016 • 6229
რატომ ემუქრება მიდიებს გადაშენება

საქართველოში შავი ზღვის ეკოსისტემას საფრთხეს სხვა ზღვებიდან შემოჭრილი ინვაზიური სახეობები უქმნიან. ეს ის მცენარეები, ცხოველები თუ ბაქტერიებია, რომლებიც თავიანთ საარსებო გარემოს მოწყდნენ და ახალ ეკოსისტემაში აღმოჩენილნი იქაურ მკვიდრ ორგანიზმებს ემუქრებიან. გარემოს ეროვნული სააგენტოს თევზაობისა და შავი ზღვის მონიტორინგის სამსახურის ინფორმაციით, სწორედ ერთ-ერთი ასეთი ინვაზიური სახეობის – მოლუსკი რაპანას გამო საქართველოს ტერიტორიულ წყლებში უკვე გადაშენდა ხამანწკა. ახლა საფრთხის წინაშე მიდიებია, რომელთა რაოდენობაც მკვეთრად შემცირებულია.

სპეციალისტების თქმით, რაპანა შავ ზღვაში 50-იან წლებში, იაპონიიდან შემომავალი გემების ბალასტურ წყლებს შემოყვა და მისთვის ხელსაყრელი პირობების გამო გამრავლდა. როგორც თევზაობისა და შავი ზღვის მონიტორინგის სამსახურის უფროსი, იქთიოლოგი არჩილ გუჩმანიძე ამბობს, ბოლო კვლევების მიხედვით, რაპანების რაოდენობა საქართველოს სანაპირო ზოლზე კიდევ უფრო მომატებულია:

„ჩვენი დაკვირვებით, ბოლო პერიოდში რაპანის ზომები მკვეთრად არის შემცირებული, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მათი რიცხვოვნობა ძალიან მაღალია. ეს კანონზომიერებაა ეკოსისტემაში, როცა გაძლიერებულია საკვებზე კონკურენცია, ანუ მათ გართულებული აქვთ წვდომა საკვებ მასასთან, მათი ზომები მცირდება.“

არჩილ გუჩმანიძის განმარტებით, რაპანა ორსაგდულიანი მოლუსკებით (მიდიები, ხამანწკები და 200-ზე მეტი სხვა სახეობით) იკვებება, რომლებიც ზღვის ბიოლოგიური ფილტრის ფუნქციას ასრულებენ.

„ორსაგდულიანი მოლუსკების კვება ხდება წყლის ფილტრაციით და ამით მათ მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ზღვის წყლის ხარისხის გაუმჯობესებასა და ზღვაში, ზოგადად, ბიოლოგიური ბალანსის ფორმირებაში,“ – ამბობს არჩილ გუჩმანიძე. რაპანას აქტივობის გამო შავ ზღვაში დღეს ორჯერ ნაკლები სახეობის ორსაგდულიანი მოლუსკია, ხამანწკა გადაშენდა, ხოლო მიდია, ზღვის სავარცხელა და სხვა –  გადაშენების ზღვარზე არიან. ორსაგდულიანი მოლუსკების შემცირებით ღარიბდება თევზების საკვები ბაზაც. გარდა ამისა, რაპანა ამცირებს ფსკერული თევზებისა და სხვა ორგანიზმების რაოდენობას, მათ მიერ დადებული ქვირითის განადგურების შედეგად.

ერთი მოზრდილი რაპანა დღეში საშუალოდ ერთ ორსაგდულიან მოლუსკს (მაგალითად, მიდიას ანადგურებს). ერთი ორსაგდულიანი მოლუსკი კი დღეში საშუალოდ 30 ლიტრ წყალს (მიდია საშუალოდ 60 ლიტრ წყალს) ფილტრავს.

თევზაობისა და შავი ზღვის მონიტორინგის სამსახურის მთავარი სპეციალისტის, ბიოლოგიის დოქტორის, ეთერ მიქაშავიძის თქმით, შავ ზღვაში თითქმის სრულად გადაშენებული ხამანწკების შემდეგ მთავარი საფრთხის წინაშე მიდიის კლასიკური ფორმაა:

„საუბარია მიდიების იმ ფორმაზე, რომელიც შლამშია ჩაფლული. მიდიების მეორე ფორმას კი, რომელიც წყალში არსებულ ქვებს, კლდეების ნატეხებსა თუ ნაგებობებს ემაგრება, ჯერჯერობით რაპანა ვერ ერევა,“ – ამბობს ის. მიდიასთან ახლომდგომი ეს მეორე ფორმა ვიზუალურად არ განსხვავდება კლასიკური ფორმის მიდიისგან, თუმცა მას უფრო სხვა მოყვანილობის, უფრო სქელი ნიჟარა აქვს და ხორცის რბილობის მასაც უფრო ნაკლებია მასში.

კიდევ ერთი ინვაზიური სახეობა, რომელიც დღემდე მნიშვნელოვან ზიანს აყენებს შავი ზღვის ეკოსისტემას, უხერხემლო მტაცებელი მნემიოფსისია (სავარცხლურა). იგი 90-იანი წლების დასაწყისში ატლანტის ოკეანიდან შემოიჭრა შავ ზღვაში. არჩილ გუჩმანიძის თქმით, იგი დღემდე გვხვდება შავი ზღვის მთლიან აკვატორიაში. ახლახან შავი ზღვის ყველაზე მასშტაბური კვლევის (EMBLAS) ფარგლებში აღებული სინჯებით, მნემიოფსისის ლავრები და მისი მოზარდი/სქესმწიფე ფორმები საქართველოს 15-ვე სადამკვირვებლო სადგურზე აღმოაჩინეს.

ეს ინვაზიური ფორმა, თევზების ლავრებით, ქვირითით და მათი ძირითადი საკვებით – ზოოპლანქტონით იკვებება.

`სავარცხელურამ შავ ზღვას არა მარტო ეკოლოგიური, არამედ ეკონომიკური ზიანიც მიაყენა. მისი სიმრავლის გამო შავი ზღვის ქვეყნებში ზღვაში თევზის დაბალ მარაგს აფიქსირებენ.

საქართველო ამ პრობლემის გამო ყოველწლიურად რამდენიმე ათეულ მილიონ ლარს კარგავს, რადგან იგი ამცირებს საქართველოს წყლებში ქაფშიას მარაგს, რომელიც, მოგეხსენებათ, ჩვენი მთლიანი ჭერილის 95%-ია,“ – ამბობს არჩილ გუჩმანიძე.

მნემიოფსისის რაოდენობა შავ ზღვაში 90-იან წლებში კიდევ ერთმა ინვაზიურმა სახეობამ – ბეროე ოვატამ დაარეგულირა, მისი რაოდენობა საქართველოს ტერიტორიულ წყლებში დამაკმაყოფილებელია. თუმცა სპეციალისტების თქმით, პრობლემა კვლავ აქტუალურია. საქმე ის არის, რომ ამ ორი ფორმის განვითარების ციკლები ერთმანეთს არ ემთხვევა, მნეოფსისი გაზაფხულ-ზაფხულში ვითარდება, ბეროე კი ცოტა მოგვიანებით, რის გამოც ქაფშიის პოპულაციაზე წნეხი კვლავ გრძელდება.

რაც შეეხება რაპანას – მას საკვებად შავი ზღვის არც ერთი ცოცხალი ორგანიზმი არ იყენებს და მისი რიცხვოვნობის დარეგულირება მხოლოდ ადამიანს შეუძლია. ასოციაცია „ფლორა და ფაუნამ“ რამდენიმე წლის წინ სარფი-კვარიათის, მწვანე კონცხის, ციხისძირისა და ბათუმის 20-მდე მეთევზე დაატრენინგა ეკოლოგიურად უსაფრთხო მეთოდით, აკვალანგებით რაპანების შეგროვებაში. შეიძინეს რაპანის შეგროვებისთვის საჭირო აკვალანგის 8 კომპლექტი, ნავი და მაღალი წნევის კომპრესორი – ბალონების ჟანგბადით შესავსებად. მოსახლეობის დაინტერესების მიზნით, გამოსცეს რაპანების კერძების რეცეპტებიც, მაგრამ მათი დაინტერესება, მაინც ვერ მოხერხდა.

„რაპანას მოპოვება ყველაზე უსაფრთხოდ და ეფექტურად დაივინგით – წყალქვეშა ყვინთვითაა შესაძლებელი, მაის-ივნისში. მაგრამ დაივინგი გარკვეულ სივრცეებში შეზღუდულია, წყლის გამჭვირვალობა უნდა იყოს შესაბამისი, ასეთი ადგილები კი საქართველოში თითზე ჩამოსათვლელია. სამწუხაროდ დაივერების რაოდენობა და კვალიფიკაციაც არ არის ჩვენთან მაღალი,“- ამბობს არჩილ გუჩმანიძე.

ეთერ მიქაშავიძის თქმით, ალტერნატივის სახით მეთევზეებს სპეციალური მახეებიც (ბადე-იარაღები) შესთავაზეს და მიუხედავად მათი ეფექტურობისა, არც ამან გამოიღო შედეგი.

2014-2015 წლებში მეთევზეებმა დრაგირების მეთოდით 200 ტონამდე რაპანა ამოიღეს ზღვიდან, მაგრამ ეთერ მიქაშავიძის განმარტებით, ამ მეთოდის გამოყენება არ არის რეკომენდებული, რადგან ამ დროს ფსკერზე თევზების ქვირითიც იღუპება.

სპეციალისტები ამბობენ, რომ შავი ზღვის სხვა ქვეყნებმა რაპანას რესურსი კარგად აითვისეს, მაგრამ საქართველოში რაპანას რეწვა ფინანსური თუ სხვა მიზეზების გამო ვერ აეწყო. მაგალითად, რუმინეთსა და ბულგარეთში მოპოვებული რაპანის ნაწილს საკვებად მოიხმარენ, ძირითადად კი ექსპორტზე გააქვთ იაპონიაში, ტაივანსა და აზიის სხვა ქვეყნებში. ეთერ მიქაშავიძე მიიჩნევს, რომ რაპანასთან ბრძოლის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება მათი რესურსის ქართულ სამზარეულოში გამოყენებაა – `ამისთვის საზოგადოების ინფორმირება და სათანადო რეკლამაა საჭირო. რეალურად მიდიიის ხორციც კი ვერ აითვისა ადგილობრივმა მოსახლეობამ, ამის კულტურის დამკვიდრებასაც დრო დასჭირდება.“

არჩილ გუჩმანიძე კი მიიჩნევს, რომ გამოსავალი  სახელმწიფოს მხრიდან ამ პროცესის წამახალისებელი პროგრამების დაფინანსება და რაპანების, როგორც ძვირფასი ეკონომიკური ღირებულების მქონე რესურსის, ათვისება იქნება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: