მთავარი,სიახლეები

პირველი ქართველი ოლიმპიელი ქალი, ვისი მამაც „ტროიკამ“ დახვრიტა

11.05.2021 • 6072
პირველი ქართველი ოლიმპიელი ქალი, ვისი მამაც „ტროიკამ“ დახვრიტა

ეს ცაში აჭრილი პატარა ტანმოვარჯიშე მედეა (მზია) ჯუღელია. ფოტოზე ალბათ 12, 13 წლისა თუ იქნება. მოგვიანებით გოგო, როცა 27 წლის გახდება, შორეული ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკში, 1952 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე ოქროს მედალს მოიპოვებს. ამის შემდეგაც ტანმოვარჯიშის პროფესიულ ცხოვრებაში უამრავი გამარჯვება იქნება.

მედეა (მზია) ჯუღელი/ ფოტო: საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

ზემოთ ხსენებულ წელს გამართული ჰელსინკის მე-15 ოლიმპიადა იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ აქ შედგა ქართველ სპორტსმენთა ოლიმპიური დებიუტი. ოლიმპიადაში 69 ქვეყნის 4925 სპორტსმენი მონაწილეობდა. სპორტსმენები ერთმანეთს სპორტის 17 სხვადასხვა სახეობაში  ეჯიბრებოდნენ.

ეს იყო პირველი ოლიმპიადა, სადაც ქართველი სპორტსმენები გაემგზავრნენ. ჰელსინკში ერთი სახალისო ამბავი მომხდარა. საბჭოთა დელეგაცია შეშფოთებულა, როცა გაირკვა, რომ კაპილას ოლიმპიურ სოფელში ,,კაპიტალისტი სპორტსმენების“ გვერდით უნდა დაბინავებულიყვნენ და უარი განუცხადებიათ ჰელსინკისგან შეთავაზებულ სამყოფელზე.

მედეა ჯუღელი (დგას, მარჯვნიდან მეორე) სხვა ტანმოვარჯიშეებთან ერთად/ფოტო: სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო

წასულან ქართველი სპორტსმენებიც საბჭოთა დელეგაციის სხვა სპორტსმენებთან ერთად და ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში მყოფი აღმოსავლეთის ბლოკის ქვეყნებთან ერთად ჰელსინკის სტუდქალაქში დაბინავებულან.

ჰელსინკის იმდროინდელ ოლიმპიადაზე მედეა ჯუღელის მსგავსად ქართველი სპორტსმენებისგან პირველი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა თავისუფალი სტილის მოჭიდავე დავით ციმაკურიძე. ოლიმპიური ჩემპიონი გახდა ასევე ძალოსანი რაფიელ ჩიმიშკიანიც. სულ კი ფინეთის ოლიმპიადაზე საქართველოდან 12 სპორტსმენი წასულა.

მედეა (მზია) ჯუღელი ტურნირზე/ფოტო: საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო

მედეა ჯუღელი 1925 წელს დაიბადა ქუთაისში. ტანვარჯიშზე ბავშვობიდანვე დადიოდა და პირველი წარმატება ჯერ კიდევ 14 წლისამ მოიპოვა, როცა მოსწავლეთა საკავშირო პირველობაზე ორძელსა და რგოლებში გაიმარჯვა. შემდეგ თბილისში გააგრძელა ვარჯიში.

ბევრი წარმატებული ტურნირის შემდეგ მედეა ჯუღელი საბჭოთა კავშირის ნაკრებში მიიწვიეს, სწორედ ამის შემდეგ მიემგზავრება ის ჰელსინკის ოლიმპიადაზე.

მას სხვა უამრავი ტიტულიც აქვს.

  • გახდა მსოფლიო უნივერსიადის ჩემპიონი 1951 წელს ბჯენით ხტომაში;
  • სსრკ-ს შვიდგზის ჩემპიონია სხვადასხვა წლებში ბჯენით ხტომაში, მათ შორის 1952 წელს; ბჯენით ხტომასა და რგოლებით ხტომაში გახდა ერთდროულად სსრკ-ს ჩემპიონი;
  • 1946 წელს მედეა ჯუღელი სსრკ-ს სპორტის ოსტატი გახდა, 1952 წელს დამსახურებული ოსტატი.
  • 1952 წელს იყო სსრკ-ს ვიცე-ჩემპიონი მრავალჭიდში და ა.შ.

ის 13 ოქროს, 9 ვერცხლისა და 6 ბრინჯაოს მედლის მფლობელია.

სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ, 1971 წელს,  უკვე სსრკ-ს  დამსახურებული მწვრთნელია. თავდაპირველად პატარა სპორტსმენების გუნდს ჩაუდგა სათავეში, შემდეგ საქართველოს ნაკრებს ავარჯიშებდა.

სპორტსმენი ქალის ცხოვრება მხოლოდ გამარჯვებებისა და წარმატებისგან არ შედგებოდა. მედეას მძიმე ბავშვობა და ახალგაზრდობა ჰქონდა.

ჯერ კიდევ 1938 წელს, როცა მედეა 13 წლის იყო, „ჩეკას“ უფროსმა და მისმა თანმხლებმა პირებმა ჯუღელების სახლიდან მედეას მამა, ნიკოლოზი წაიყვანეს. ოჯახს ეგონა, რომ ეს გაუგებრობა იყო და ნიკოლოზს ადრე თუ გვიან დააბრუნებდნენ სახლში, მაგრამ მედეას მამა მას შემდეგ აღარასდროს უნახავს.

მამის დაპატიმრებიდან სულ რამდენიმე დღეში „ჩეკამ“ ისევ მიაკითხა ჯუღელებს. ახლა უკვე მედეას დედის წასაყვანად.

გოგო ქუთაისში სრულიად მარტო დარჩა. ის მეზობელმა, სონია დარაბეგოვამ შეიფარა და აიმედებდა, რომ მისი მშობლები აუცილებლად დაბრუნდებოდნენ, თუმცა ამაოდ.

იყო კიდევ ერთი ადამიანი, მედეას ფიზკულტურის მასწავლებელი შალვა ბოსტაშვილი, რომელსაც სურდა უდედმამოდ დარჩენილი გოგო შეეფარებინა, მაგრამ იმ დროს ეს საკმაოდ რთული იყო. ემუქრებოდნენ, რომ ტროცკისტის შვილის მფარველობისთვის დაპატიმრებას ვერ ასცდებოდა. სწორედ შალვა ბოსტაშვილმა შენიშნა პირველად მედეას გამორჩეული სპორტული უნარები. სანამ მედეა სპორტულ ტანვარჯიშზე შევიდოდა, ჯირითობდა მამასთან მოსული პაციენტების ცხენებით, უყვარდა ცურვა. ფიზკულტურის მასწავლებლის წყალობით ის გურჯაანის სპორტულ დარბაზში აღმოჩნდა.

მეზობელთან შეფარებული გოგო შემდეგ თბილისში გადაიყვანეს საცხოვრებლად ბებია-ბაბუასთან. სწორედ აქედან იწყება მისი წარმატებები, ჯერ კიდევ მოსწავლეობისას.

მედეა (მზია) ჯუღელი/ფოტო: სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო

გადასახლებიდან 8 წლის შემდეგ მედეამ დედის, თამარ ღამბაშიძის ნახვა შეძლო ვოლგოგრადის ოლქის ბანაკში. ,,ტროცკისტების შვილის“ დამღა პირველ ქართველ ოლიმპიელ ქალს მუდამ თან სდევდა. იყო შემთხვევა, როცა ტურნირზე გამგზავრების წინ გაუფრთხილებლად ამოიღეს, როგორც „ხალხის მტრის“ შვილი.

დედა გადასახლებიდან 1948 წელს დაბრუნდა, მაგრამ რეაბილიტირებულის სტატუსი მას არ ჰქონია. ხელახალი გადასახლების მუდმივი შიშის გამო თამარ ღამბაშიძე საცხოვრებლად თიანეთის მიყრუებულ სოფელში გადავიდა.

მედეა ჯუღელმა მოგვიანებით გაარკვია, რომ მამა, ნიკოლოზ ჯუღელი დაპატიმრებისთანავე, 1938 წელს დახვრიტეს.

მედეა ჯუღელი გარდაიცვალა 2016 წელს, 89 წლის ასაკში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: