მთავარი,სიახლეები

რითი სჯიან კაცებს, რომლებიც ცოლებს სცემენ

10.05.2021 • 1926
რითი სჯიან კაცებს, რომლებიც ცოლებს სცემენ

„…სტერეოტიპული დამოკიდებულების გამო, რომ იყო მამაკაცი, შესაბამისად, ოჯახის უფროსი, ქალის დაქვემდებარებული როლის, მასზე უპირატესი მდგომარეობის და მესაკუთრული დამოკიდებულების მოტივით, ე. ბ. სისტემატურად ამცირებდა, აშანტაჟებდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, კერძოდ, უწმაწური სიტყვებით ლანძღავდა და აგინებდა თავის მეუღლეს, რის გამოც დაზარალებული მუდმივად იმყოფებოდა სტრესულ მდგომარეობაში და განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას…“ – ვკითხულობთ განაჩენში, რომელიც მოსამართლე დავით მამისეიშვილმა 2021 წელს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მიიღო.

ანალოგიური ტექსტი კიდევ რამდენიმე განაჩენში გვხდება, სადაც ინიციალებია შეცვლილი და ძალადობის ფორმა, მაგალითად, როცა ცოლს გინების ნაცვლად სცემა ან პერიოდულად სხვადასხვა ფორმით ძალადობდა.

ე.ბ.-ს რომელიც ქალზე იმიტომ ძალადობდა, რომ ის ქალია, მოსამართლე დავით მამისეიშვილმა ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მსჯავრდებული 6 თვეს ციხეში გაატარებს, დარჩენილი 6 თვე კი, ჩაეთვლება პირობითად 2 წლის გამოსაცდელი ვადით.

2021 წელს იანვრიდან მარტის ჩათვლით ოჯახში ძალადობის მუხლით 21 საქმეზე მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლომ. აქედან 5 საქმეზე პროკურატურას გამოკვეთილი ჰქონდა გენდერული შეუწყნარებლობის მოტივი, ანუ როცა ქალს იმიტომ სცემეს, რომ ის ქალია. პროკურატურის მიერ გამოკვეთილი ეს მოტივი, რაც დამამძიმებელ გარემოებად მიიჩნევა, ხუთივე შემთხვევაში სასამართლომ დაადასტურა.

ოჯახში ძალადობის კიდევ ერთ საქმეზე მოსამართლე დავით მამისეიშვილმა სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოიყენა – 2 წლის ვადით, რაც პირობით ჩაუთვალა 1 წლის გამოსაცდელი ვადით.

ოჯახში ძალადობის კიდევ სამი შემთხვევა, სადაც გენდერული შეუწყნარებლობის მოტივიც დადგინდა, მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა განიხილა. მოსამართლემ ორ შემთხვევაში თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა კაცებს თითო-თითო წლით, რაც პირობით ჩაუთვალა გამოსაცდელი ვადით, ხოლო ერთ შემთხვევაში მსჯავრდებულს 150 საათით საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა შეუფარდა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: