როგორ მოვიქცეთ, როცა წნევის ნიშნულები ერთმანეთს უახლოვდება – ექიმის რჩევები

მაღალი ან დაბალი არტერიული წნევის დროს, მეტ-ნაკლებად გასაგებია რა უნდა მოიმოქმედოს ადამიანმა წნევის დასარეგულირებლად. თუმცა ერთმანეთთან დაახლოებული წნევის ნიშნულები, ცოტათი დაბნეულობას იწვევს.

არტერიული წნევის მაჩვენებლები მოცემულია ორ რიცხვში, ზედა რიცხვი – სისტოლური წნევა, არის მაქსიმალური წნევა, რომელსაც გული ავითარებს შეკუმშვებს დროს; ქვედა რიცხვი – დიასტოლური წნევა, არის წნევის სიდიდე თქვენს არტერიებში შეკუმშვათა შორის, ანუ გულის მოდუნების დროს. რა შეიძლება იყოს წნევის ნიშნულების ერთმანეთთან დაახლოების მიზეზი და როგორ მოვიქცეთ ამ დროს? ამ კითხვებზე ექიმი-ნევროლოგი, შორენა კუნჭულია გვპასუხობს.

ზედა ნიშნულს (სისტოლურს), რომ გამოვაკლოთ ქვედა (დიასტოლური) ნიშნული, მივიღებთ თქვენს პულსურ წნევას. მაგალითად, თუ დასვენებულ მდგომარეობაში თქვენი არტერიული წნევა არის 120/80 მმ ვწს, თქვენი პულსური წნევა არის 40 მმ ვწს.

  • ქალბატონო შორენა, რა სხვაობა მიიჩნევა ნორმად სისტოლურ და დიასტოლურ წნევებს შორის?

სხვაობა  სისტოლურ და დიასტოლურ წნევას შორის მედიცინაში პულსური წნევა ეწოდება. ჯანსაღ ადამიანს ეს სხვაობა უნდა ჰქონდეს 35-50 მმ ვწს, საუკეთესო შემთხვევაში სხვაობა უნდა იყოს 40-50 მმ ვწს. ამაზე ნაკლები [ან მეტი]  სხვაობა, რა თქმა უნდა, პათოლოგიაა და უნდა ითქვას, რომ პულსური წნევის ზღვარი მნიშვნელოვნად განსაზღვრავს გართულებების განვითარების რისკს.

  • როგორი სიმპტომები ახასიათებს დაბალ პულსურ წნევას?

მას ახასიათებს ისეთივე სიმპტომატიკა, როგორიც მაღალ წნევას, ადვილად დაღლა, ქოშინი, გაფანტულობა, თავის გაბრუება, პულსვადი ხასიათის თავის ტკივილი, დისკომფორტის შეგრძნება გულმკერდის არეში. ცალკეული კონკრეტული ჩივილები დაბალ პულსურ წნევას არ ახასიათებს.

  • რა შეიძლება იყოს დაბალი პულსური წნევის გამომწვევი მიზეზები?

არის რამდენიმე პათოლოგია, რა დროსაც ვითარდება დაბალი პულსური წნევა, მაგალითად,  ტაქიკარდიის (გულის ცემის აჩქარების) დროს, ასევე შეიძლება განვითარდეს ქვედა კიდურების სისხლძარღვების სპაზმის დროს, ანუ როცა სიცივეში ვდგევართ და სპაზმი ხდება, შეიძლება განვითარდეს ჰიპობოლემიის დროს, ანუ მაშინ, როდესაც ვკარგავთ სითხეს. ცხადია, ამ დროს აუცილებლად უნდა გამოირიცხოს გულის და ღვიძლის პათოლოგიები.

ერთჯერადად ეს ე.წ. დაახლოებული წნევა შეიძლება გამოიწვიოს ზედმეტმა ფიზიკურმა დატვირთვამ, ან სტრესმა და გადაღლილობამაც. ემოციურ პაციენტებში ვხვდებით ხოლმე, როდესაც 100-80-ზე, ან 90/70-ზე, როცა ნიშნული მათ შორის არის დაბალი და არა 35-50-მმ ვწს-მდე.

  • რა უნდა ვქნათ დაბალი პულსური წნევის დროს?

ცხადია, პირველ რიგში უნდა განისაზღვროს, რა არის პულსური წნევის სიდაბლის მიზეზი, რომ არ გამოგვეპაროს სხვა მეორადი მიზეზი და შესაბამისად უნდა ვუმკურნალოთ ამ მიზეზებს.

თუ მეორადი მიზეზებით არის გამოწვეული, მაგალითად გულის არითმია, ქვედა კიდურების სპაზმი თუ სხვა ორგანული მიზეზები, უნდა მოხდეს მიზეზის მკურნალობა.

თუ  ის განვითარდა ერთჯერადად მაღალი ფიზიკური აქტიურობის ხარჯზე, რა თქმა უნდა, საჭიროა განტვირთვა, დასვენება და ეს ნიშნული გამოსწორდება. ხშირად ახალგაზრდებში ემოციურობაა მიზეზი, ამ დროს დამამშვიდებლებით, განტვირთვითი თერაპიით, ფსიქოთერაპიით ძალიან კარგ შედეგებს ვაღწევთ.

ასევე ერთჯერადად თუ ხდება ისე, რომ წნევის ნიშნულები ერთმანეთს უახლოვდება, ვაკვირდებით გულის წნევას, ანუ თუ წნევის პირველი ნიშნული – დიასტოლური წნევა მაღალია, პირველადი დახმარების სახით პაციენტს ვაძლევთ წნევის მსუბუქად დამაქვეითებლებს (იგივე კაპტოპრილს, ნიფედიპინს), ასევე მცენარეულ დამამშვიდებლებს.

„ეს არის აბსურდი“ – ღარიბაშვილი თორნიკე რიჟვაძის გადადგომაზე

დღეს, 25 მარტს, ბათუმში ჩამოსულ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ჟურნალისტებმა შეკითხვა დაუსვეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე დატოვებს თუ არა თანამდებობას, რის შესახებაც ინფორმაცია მედიაში ბოლო დღეებში ვრცელდება.

„ბატონო თორნიკე რიჟვაძე არის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებული მმართველი, ეფექტური მენეჯერი, ჩვენი გუნდის წევრი.

აბსოლუტურად გაუგებარი და ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია ეს აჟიოტაჟი. ეს არის აბსურდი და არავითარი სერიოზული კომენტარი ამაზე არ შეიძლება გავაკეთო“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თორნიკე რიჟვაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე 2018 წელს, მამუკა ბახტაძის პრემიერ-მინისტრობის დროს დაინიშნა. ირაკლი ღარიბაშვილი მესამე პრემიერ-მინისტრია, რომლის მთავრობის ფარგლებში რიჟვაძე თანამდებობას ინარჩუნებს.

 

ფოთი საავადმყოფოს გარეშე – პაციენტები სენაკსა და ქობულეთში დადიან

7 თვეა ფოთი მრავალპროფილური საავადმყოფოს გარეშეა დარჩენილი. პაციენტებს სენაკში ან ქობულეთში უწევთ ჩასვლა, როცა ექიმისთვის მიმართვა სჭირდებათ.

„ძალიან საშიშია ამ ქალაქში ყოფნა, ძალიან. როგორ ითმენენ ამას ადამიანები და რატომ არ აპროტესტებენ, მიკვირს“, – ამბობს ფოთის მცხოვრები ელისო ჯანაშია. ის რამდენიმე თვეა თბილისიდან ფოთში დაბრუნდა საცხოვრებლად. რამდენიმე დღის წინ კი საკუთარ თავზე გამოსცადა, რას ნიშნავს, როცა 40 კილომეტრის რადიუსში საავადმყოფო არაა, გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება გჭირდება და ვერ იღებ.

ელისომ 7 დღის წინ, ღამით სასწრაფო გამოიძახა მცირეწლოვანი ძმისშვილისთვის. სასწრაფოს ექიმმა პაციენტის გასინჯვის შემდეგ ოჯახის წევრებს ურჩია ექოსკოპია და სისხლის ანალიზი გაეკეთებინათ. ასევე ქირურგს გაესინჯა, რადგან ეჭვი აპენდიციტზე ჰქონდათ.

„კითხვაზე – დაყოვნება თუ შეიძლებოდა, მკაფიო პასუხი ვერ მივიღე. თავის დაზღვევის მიზნით, გადაყვანა მირჩიეს. ფოთში, ერთადერთი კლინიკა კოვიდ-კლინიკადაა გადაკეთებული. სენაკში ან ქობულეთშიო. დაახლოებით, ღამის პირველზე ჩავედით სენაკის კლინიკაში. კიდევ კარგი მომაფიქრდა და ჩემი მანქანით გავყევი სასწრაფოს,“ – იხსენებს ელისო ჯანაშია.

სენაკის კლინიკაში მიყვანილი პაციენტი გასინჯეს, მას მუცლის ღრუში მარჯვენა მხარეს ტკივილი ისევ ჰქონდა, თუმცა საავადმყოფოში არც ექოსკოპისტი იყო და არც ქირურგი.

„დილამდე არ იქნებიანო. პედიატრმა დაიწყო რეკვა იმის გასარკვევად, როგორ მოეყვანათ ექოსკოპისტი. შემთხვევით მოვკარი ყური, რომ ტრანსპორტის პრობლემა ჰქონდათ. მე წამოვიყვან, მითხარით, სად ცხოვრობს-მეთქი,“ – იხსენებს ელისო.

მისივე თქმით, პედიატრს საკუთარი მანქანით მომსახურება შესთავაზა და თავად მიიყვანა კლინიკაში ექოსკოპისტიც, შემდეგ კი უკან დააბრუნა.

ელისო ამბობს, რომ მსგავსი ქეისები ბევრია. მოქალაქეებს, რომლებსაც სამედიცინო მომსახურების მიღება სჭირდებათ, ფოთში ამის საშუალება არ აქვთ.

2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერით ფოთში 41 465 მოქალაქე ცხოვრობს. ქალაქში სამედიცინო სერვისების მიწოდება წლებია პრობლემაა.

მცირე პოლიკლინიკების გარდა, ფოთს სამი დიდი საავადმყოფო ჰქონდა – ე.წ. ქალაქის საავადმყოფო, საზღვაო ჰოსპიტალი და სამხედრო ჰოსპიტალი. სამივე საავადმყოფოს შენობა გაიყიდა. ინვესტორმა კი მხოლოდ ქალაქის საავადმყოფოს შეუნარჩუნა პროფილი. მრავალპროფილური საავადმყოფო ევექსის ქსელის ფოთის ჰოსპიტალი 2019 წელს გაიხსნა. 7 თვის წინ, 2020 წლის სექტემბერში, კლინიკა კოვიდცენტრად გადაკეთდა და ფოთელები ისევ მრავალპროფილური საავადმყოფოს გარეშე დარჩნენ.

ფოთის ჰოსპიტალის ხელმძღვანელი, თეა მიგინეიშვილი ამბობს, რომ კოვიდცენტრად გადაკეთებამდე ფოთის ჰოსპიტალი ჩვეულებრივი მრავალპროფილური კლინიკა იყო, რომელიც პაციენტებს გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებას უწევდა.

„40 საწოლზე გვაქვს გაშლილი და ყველა საწოლი გვქონდა დატვირთული. კარდიოქირურგია და ნეიროქირურგია არ გვაქვს. ამიტომ თუ პაციენტი შემოგვდიოდა, რა თქმა უნდა, პირველად დახმარებას ვუწევდით, კარდიოქირურგიულ და ნეიროქირურგიულ სერვისებზე ვამისამართებდით სხვა კლინიკებში. დანარჩენი სერვისების მიღება ადგილზე იყო შესაძლებელი,“ – ამბობს თეა მიგინეიშვილი „ბათუმელებთან“.

ფოთს ერთი წლისა და 4 თვის განმავლობაში არ ჰქონდა სამშობიარო. 2019 წლის თებერვლიდან 2020 წლის მაისამდე პერიოდში ფეხმძიმე ქალები სამშობიაროდ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მიდიოდნენ. ძირითადად  სენაკსა და ქობულეთში. ფოთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 2019-2020 წლებში ფოთში 372 ბავშვი დაიბადა, რომლებსაც დაბადების ადგილად სხვა ქალაქები აქვთ მითითებული.

ფოთის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი, მაია მაკალათია „ბათუმელებთან“ ადასტურებს, რომ მრავალპროფილური კლინიკის არ არსებობა ფოთელებს აწუხებთ.

„წლების განმავლობაში გვქონდა მოთხოვნა და მთელი ქალაქის სახელით შემიძლია ვთქვა, რომ საავადმყოფოს მოთხოვნა უპირველესი იყო,“ – ამბობს მაია მაკალათია.

მისივე თქმით, ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკება და ფოთში ახალი კლინიკა გაიხსნება.

„ბომონდის“ საავადმყოფო იქნება. ამჟამად სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, დაახლოებით 60 საწოლზე. ტექნიკა ჩამოტანილი აქვთ უკვე, ნებართვას და ლიცენზირებას ელიან ჯანდაცვის სამინისტროსგან. გახსნის ზუსტი თარიღი არ ვიცი, მაგრამ მალე იქნება,“ – ამბობს მაია მაკალათია.

მაია მაკალათია სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობაზე საუბრისას ამბობს, რომ ახალ კლინიკას ექნება დიალიზის განყოფილება, რომელიც უშუალოდ მათი სამსახურის მოთხოვნით გაითვალისწინა საავადმყოფოს მენეჯმენტმა.

„ჩვენი სურვილი და მოთხოვნა იყო, რომ კლინიკა „ბომონდს“ ჰქონოდა დიალიზის განყოფილება. ყოველდღე ველოდებით, რომ როგორმე ეს გადაწყვეტილება სისრულეში მოვიყვანოთ. ფოთის მერიის დაფინანსებით ფოთიდან სულ 27 ადამიანი სარგებლობს დიალიზის პროგრამით. ამ ადამიანებს ფოთში მომსახურების მიღება არ შეუძლიათ. დიალიზზე დამოკიდებული პაციენტები მიდიან ქობულეთში, ზუგდიდში, ბათუმში, ქუთაისში. ამიტომ მოვითხოვეთ, რომ ახალ კლინიკას ჰქონოდა დიალიზის განყოფილება. დიალიზის შემდეგ პაციენტებს უჭირთ მგზავრობა, რთული მდგომარეობა აქვთ. ამიტომ ზოგს თბილისში უწევს ცხოვრება იმისათვის, რომ დიალიზი მიიღოს,“-  ამბობს მაია მაკალათია.

მანამ, სანამ ფოთს ახალი კლინიკა ექნება, პაციენტებს ისევ მეზობელ ქალაქებში მოუწევთ წასვლა.

ბათუმში 1600 ბავშვი ბაღში ვერ მიდის – საჭიროა მინიმუმ 6 ბაღი, შენდება მხოლოდ ერთი

„ამჟამად თქვენს მიერ შერჩეულ ბაღში ადგილი არ არის, გთხოვთ დაიკავოთ რიგი.“-   უმეტესად ამ ჩანაწერით გიპასუხებთ ბათუმის ბაღების გაერთიანების ვებგვერდი, თუ ბათუმის რომელიმე ბაღში ბავშვის დარეგისტრირებას მოინდომებთ. ეს იმას ნიშნავს, რომ ბაღების უმეტესობა გადატვირთულია და ადგილი არ არის.

ვებგვერდი ასევე გაჩვენებთ, რომელ ბაღში რამდენი ბავშვი ელოდება რიგს, უმეტეს შემთხვევაში ეს რიცხვი ასზე მეტია. ეს იმას ნიშნავს, რომ მომავალ წელს  რიგში მდგომი ბავშვების რიცხვი ისევ გაიზრდება, ბათუმის მერია კი წელს ახალ საბავშვო ბაღს არ აშენებს.

სქრინი ბაღების გაერთიანების ვებგვერდიდან – ამ კონკრეტულ ბაღში რიგს 151 ბავშვი ელოდება

2020-2021 სასწავლო წელს ბათუმში საბავშვო ბაღის გარეშე 1659 ბავშვი დარჩა, მათ შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებიც საბავშვო ბაღში მოხვედრას წინა სეზონზეც ცდილობდნენ, თუმცა ადგილის არარსებობის გამო ისევ ბაღის მიღმა დარჩნენ. ბავშვები თავის რიგს ელოდებიან 4-წლიანებისა და  5-წლიანების ჯგუფებშიც კი.

ამ დროისთვის ბათუმში 33 მოქმედი ბაღია, ამ ბაღებში აღსაზრდელების საერთო ლიმიტი კი – 8105. ამ მონაცემების მიხედვით ბათუმში ერთ ბაღში საშუალოდ 250 აღსაზრდელია, მოლოდინში მყოფი  დაახლოებით 1659 ბავშვი, ამ რიცხვს თუ 250-ზე გავყოფთ აღმოჩნდება, რომ ბათუმში ბაღების მისაწვდომობის პრობლემის მოსაგვარებლად სულ მცირე 6 საბავშვო ბაღი კიდევ გვჭირდება.

ჯერ არ დასრულებულა 2019 წელს დაწყებული საბავშვო ბაღის მშენებლობა ლერმონტოვის ქუჩაზე.  ამ ბაღის მშენებლობისთვის მერიის ბიუჯეტიდან 2 მილიონამდე ლარი გამოყო.

საბავშვო ბაღი, რომელიც ბათუმში, ლერმონტოვის 96-ის მიმდებარედ შენდება/რენდერი

მშენებლობა 2021 წელს უნდა დასრულდეს, შემდეგ კი ინვენტარის შესყიდვა იქნება საჭირო, სავარაუდოდ ეს ბაღი წელსვე გაიხსნება, თუმცა ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების ვებგვერდის მონაცემებს თუ დავეყრდნობით, ის არსებულ მონაცემებს მნიშვნელოვნად ვერ შეცვლის.

ბაღების გაერთიანების ვებგვერდის მიხედვით, ლერმონტოვის ქუჩაზე ორი მოქმედი ბაღია, სადაც 3-წლიანების ჯგუფში მოსახვედრად თავის რიგს 90, ხოლო მეორე ბაღში, იგივე ასაკობრივ ჯგუფში, რიგს 151 ბავშვი ელოდება. ამ ფონზე ბათუმის მერია წელს ბათუმში ახალ ბაღს არ აშენებს, იგეგმებოდა ერთი ბაღის მშენებლობის დაწყება ჩაქვის ტერიტორიაზე, თუმცა, როგორც მერიაში განმარტეს, ბაღისთვის შერჩეული ადგილი სტანდარტული, რეგულაციების მოთხოვნის შესაბამისი ბაღის ასაშენებლად საკმარისი არ აღმოჩნდა.

პრესსამსახურში გვითხრეს, რომ მერია ამ საკითხზე ისევ მუშაობს.

პარალელურად ბათუმის მერია ჯავახიშვილის ქუჩაზე, # 82-ში, ყოფილი ბაღის შენობის დანგრევას და ამ ადგილზე სოციალური სახლების მშენებლობას გეგმავს, მერიის ინფორმაციით ეს შენობა ამორტიზებულია. პროექტის განხორციელების შემთხვევაში ამ ადგილას სოციალურად დაუცველი ოჯახები იცხოვრებენ, რომლებსაც მომავალში ალბათ საბავშვო ბაღებში ბავშვების მიყვანის პრობლემა ექნებათ.

ბათუმი, ჯავახიშვილის ქუჩა N82

რა სტრატეგია აქვს ბათუმის მერიას ბაღებში ადგილების დეფიციტის მზარდი პრობლემის მოსაგვარებლად? რას გეგმავს ამ მიმართულებით მერის მოვალეობის შემსრულებელი, არჩილ ჩიქოვანი? – ამ კითხვებზე დღეს ბათუმის მერიისგან პასუხი ვერ მივიღეთ.

იმის გათვალისწინებით, რომ ქალაქი ყოველდღიურად იზრდება ახალი საცხოვრებელი სახლებით, მოთხოვნა საბავშვო ბაღებზე მომავალ წლებში კიდევ უფრო გაიზრდება და პრობლემაც უფრო გამწვავდება.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ბოლო მონაცემებით, რომელიც 2019 წელსაც მოიცავს, ქვეყნის მასშტაბით,  მშენებლობის ყველაზე მეტი ნებართვა თბილისის შემდეგ აჭარაში გაიცა, მათ შორის დიდი წილი საცხოვრებელ მრავალბინიან სახლებზე მოდის, ამავე მონაცემებით, აჭარა მეორე ადგილზეა [ფართობის მიხედვით] დასრულებული ობიექტების კუთხითაც.

2019 წელს აჭარაში  დასრულდა 451 839 კვ.მ ფართობის მშენებლობა, ხოლო ნებართვა გაიცა 3 045 775 კვ.მ-ის მშენებლობაზე. ამ კუთხით აჭარა პირველ ადგილზეა ქვეყნის მასშტაბით, ანუ 2019 წელს გაცემული ნებართვების მიხედვით, ყველაზე მეტი ფართობი აჭარაში აშენდა.

2021 წლის ბიუჯეტის პროექტით, სკოლამდელი აღზრდის დაფინანსება 15 მილიონ 055 200 ლარია. საერთო ჯამში გაერთიანებას დაფინანსება არ გაზრდია, თუმცა თანხა გაზრდილია შრომის ანაზღაურების ნაწილში, ასევე გაზრდილია გაერთიანებაში დასაქმებულთა ოდენობა. გასულ წელს ბაღების გაერთიანება 1338 იყო, 2021 წლის ბიუჯეტის მიხედვით ეს ციფრი 1375 – მდე გაიზარდა. ხელფასების ნაწილში ასახული თანხა კი თითქმის 480 000 ლარით იზრდება.

ვინც მერყეობს, უნდა დავარწმუნოთ, რომ კოვიდზე აცრა აუცილებელია – გამყრელიძე

„ვინც მერყეობს, ისინი უნდა დავარწმუნოთ, რომ კოვიდზე აცრა აუცილებელია“ – განაცხადა დღეს, 25 მარტს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე.

„ჩვენ დღესაც, 24 საათში, გარდაგვეცვალა 10 ადამიანი კოვიდით. ყოველ დღე გვაქვს 4, 5, 7, 10 გარდაცვალება. კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინების ყველაზე დიდი ეფექტი პირველ რიგში არის, რომ ადამიანი არ მძიმდება, თუ ის ვაქცინირებულია ორჯერადად და ფატალური გამოსავალი არის მინიმუმამდე, თითქმის ასპროცენტიანი დაცვა აქვთ ამ ვაქცინებს ჰოსპიტალიზაციის და გარდაცვალების.

ყოველ დღე ეს ტრაგიკული შემთხვევები რომ არ გვქონდეს, უნდა აიცრას მოსახლეობის დიდი ნაწილი, თუ ამას მივაღწევთ, პანდემიას და ეპიდემიას დავუსვამთ წერტილს“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მან ასევე ისაუბრა ჯანმოს ახალი კვლევის მონაცემებზე.

„ახლა გზაში დამაწიეს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ერთ-ერთ სოციოლოგიური გამოკითხვა.

გამოკითხულთა 20 პროცენტი კატეგორიულად წინააღმდეგია კოვიდზე აცრის ამ ეტაპზე, 29 პროცენტი კატეგორიულად ეთანხმება კოვიდზე აცრას, დანარჩენი მერყეობს. ვინც დღეს მერყეობს, ისინი უნდა დავარწმუნოთ, რომ ეს აუცილებელია“.

გამყრელიძემ განაცხადა, რომ დღეის მონაცემებით საქართველოში კოვიდზე აცრის პირველი დოზა გაიკეთა 4 152-მა მედიცინის მუშაკმა.

ერთი გარდაცვლილი და 2 დაშავებული – ავტოსაგზაო შემთხვევები ქობულეთში

ქობულეთში ორი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქვეითი გარდაიცვალა, ორი დაშავებული კი, კლინიკაშია გადაყვანილი.

ქვეითს ავტომანქანა, 24 მარტს, ქალაქ ქობულეთში დაეჯახა. სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მისულ ექიმებს ქვეითი უკვე გარდაცვლილი დახვდათ. ის 60 წლის კაცი იყო.

მეორე ავარიაც 24 მარტს საღამოს, ქობულეთის შემოვლით გზაზე, ჩაქვთან მოხდა. ავარიის შედეგად თავის ტრავმის დაზიანებებით ორი დაშავებული გადაიყვანეს კლინიკაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეითის გარდაცვალებაზე გამოძიება დაიწყო სსკ-ის 276-ს მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, ხოლო ჩაქვის შემთხვევაზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.

კოვიდზე აცრის შემდეგ მოქალაქე 45 წუთი უნდა დარჩეს კლინიკაში

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, როგორ „ფაიზერის“, ისე „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრის შემთხვევაში მოქალაქე უნდა დარჩეს აცრის ადგილას 45 წუთის განმავლობაში. თამარ გაბუნიამ აღნიშნა, რომ აქამდე გათვალისწინებული იყო 30 წუთი, თუმცა დარჩენის ინტერვალი დამატებითი უსაფრთხოების მიზნით გაიზარდა 45 წუთამდე.

მან ასევე აღნიშნა, რომ განსხვავება პროტოკოლში „ფაიზერით“ თუ „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრის შემთხვევაში არ არის, გარდა იმისა, რომ „ფაიზერს“ სჭირდება სპეციალური შპრიცი, რომელიც ქვეყანამ წინასწარ შეიძინა, სულ 50 000 შპრიცი.

„ფაიზერის“ 1 ფლაკონით ხდება 6 ადამიანის აცრა, ხოლო „ასტრაზენეკას“ შემთხვევაში – 10 ადამიანის.

ამ ეტაპზე საქართველოში კოვიდზე აცრა შეუძლიათ 65 წელზე მეტი ასაკის მოქალაქეებს და სამედიცინო პერსონალს. აცრა ნებაყოფლობითია. 

„ფაიზერის“ ვაქცინის 29 250 დოზა საქართველოში დღეს, გამთენიისას შემოიტანეს. მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ არჩევანი გააკეთონ „ფაიზერისა“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინებს შორის აცრის წინ, სანამ ამის შესაძლებლობა იქნება, რადგან საქართველოში შემოტანილი „ფაიზერის“ დოზები საკმარისია მხოლოდ  14 500. რაც შეეხება „სტრაზენეკას“, ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყანაში შემოტანილია 43 200 დოზა.

კორონავირუსზე ვაქცინაცია ამჯერად საქართველოში ხდება მხოლოდ მრავალპროფილურ კლინიკებში.

„ფაიზერით“ ვაქცინაცია 30 მარტიდან დაიწყება – თამარ გაბუნია

„ფაიზერის“ ვაქცინით აცრა სამშაბათიდან იქნება შესაძლებელი“, – აღნიშნა დღეს, 25 მარტს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ. დღეს უკვე დაიწყო 65 წელს ზემოთ ასაკის მქონე მოქალაქეების რეგისტრაცია, ვინც ვაქცინას გაიკეთებს.

მინისტრის მოადგილის თქმით, „ფაიზერის“ ვაქცინით აცრა საქართველოში 6 კლინიკაში იქნება შესაძლებელი: ბოკერიას სახელობის საავადმყოფო, კავკასიის მედიცინის ცენტრი, თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო და ამტელ კლინიკა, ბთუმის რესპუბლიკური კლინიკა და ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრი.

ამ  დრომდე „ასტრაზენეკათი“ აცრა 20 სამედიცინო დაწესებულებაში ტარდება. თამარ გაბუნიამ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ „ფაიზერის“ ვაქცინას ულტრა ცივი ჯაჭვის რეჟიმი სჭირდება და შესაბამისი მოსამზადებელი სამუშაოებია ჩასატარებელი.

„მოქალაქეს შეუძლია გააკეთოს არჩევანი „ფაიზერსა“ და „ასტრაზენეკას“ შორის,“ – დასძინა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიამ.

 

 

არ გვეშინია, რომ ვაქცინის დოზების ათვისება ვერ მოხდება – ჯანდაცვის მინისტრი

„არ გვეშინია, რომ ვაქცინის დოზების ათვისება ვერ მოხდება“ – განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ დღეს, 25 მარტს მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

„საბჭოს გააჩნია თავისი კალენდარი, რომლის მიხედვითაც ვხელმძღვანელობთ, საბჭო ყოველი კვირის ბოლოს იკრიბება და იღებს გადაწყვეტილებას იმის შესახებ, თუ როგორ გაფართოვდება ვაქცინაციის პროცესი.

ჩვენი, ჩემი პირადი სტრატეგია არის შემდეგი, რომ რეგიონულ დონეზე მე ყველგან გავეცნობი რა სიტუაციაა, ვაქცინაციის პროცესის ნელა მიმდინარეობას ასევე ადგილზე გავეცნობი, იმისათვის, რომ შემდეგ საბჭოს ფორმატში ვიმსჯელოთ ყველა იმ მიზეზ-შედეგობრივ კავშირზე ვაქცინაციის პროცესის უკეთ წარმართვისთვის“ – განაცხადა ტიკარაძემ.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ხვალ, 26 მარტს, გეგმავს ვიზიტს აჭარასა და გურიაში და ჩავა ყველა რეგიონში, რათა ადგილზე გაეცნოს ვაქცინაციის პროცესს.

10 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით ბოლო 24 საათში

25 მარტის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 399 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჩატარდა 25 638 კვლევა ტესტით.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით 10 პაციენტი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 732 პირი ემსხვერპლა.

24 მარტის მდგომარეობით საქართველოში დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.56 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.58 %, ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.92%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 399 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 230 შემთხვევა, აჭარაში – 22, იმერეთში – 48, ქვემო ქართლში – 23, შიდა ქართლში – 17, გურიაში – 9, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 20, კახეთში – 14, მცხეთა-მთიანეთში – 4, სამცხე-ჯავახეთში – 3, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 9.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 991, საიდანაც 1 515 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში –  770, აჭარაში – 168, იმერეთში – 276. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 86 პირი.

2 281 პაციენტი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 6 784 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 3 229 პირი, აჭარაში – 736, იმერეთში – 891.

აჭარაში კოვიდის 22 ახალი შემთხვევაა | 25 მარტი

25 მარტის მონაცემებით, აჭარაში კოვიდის 22 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, აჭარაში კოვიდკლინიკებში 129 პაციენტია, მათგან 3 პაციენტი მართვით სუნთქვაზეა.

36 პაციენტია ამ დროისთვის რეგიონის კოვიდსასტუმროში.

საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინა შემოვიდა

დღეს, გამთენიისას, საქართველოში შემოიტანეს „ფაიზერის“ ვაქცინის 29 250 დოზა.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ არჩევანი გააკეთონ „ფაიზერისა“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინებს შორის აცრის წინ.

აცრა ნებაყოფლობითია.

„ასტრაზენეკას“ ვაქცინა ბრიტანულ-შვედური კომპანიის ნაწარმია, „ფაიზერი“ კი – გერმანულ-ამერიკული კომპანიის.

დღეიდან, 25 მარტიდან მედპერსონალთან ერთად ვაქცინაციის შესაძლებლობა 65 წელს ზემოთ პირებისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი.

109 ათას ლარად ქედაში დამსვენებლებისთვის კარვების ქალაქი გაიშლება

2021 წლის ტურისტული სეზონისთვის ქედის სოფელ ორცვის მთაზე იგეგმება 110 დამსვენებელზე გათვლილი ,,კარვების ქალაქის“ მოწყობა. პროექტი 109-ათასლარიანი გრანტით უნდა განხორციელდეს. ამ თანხიდან 66 ათასი ლარი ევროკავშირის გრანტია, 43 ათასი ლარი კი ქედის მერიამ გამოყო.

,,კარვების ქალაქში“ ზღვის დონიდან 1000 მეტრზე მდებარე ორცვის მთაზე ერთ, ორ და სამადგილიანი კარვები განთავსდება, პროექტის მიხედვით დაგეგმილია საშხაპეების, ბიოსაპირფარეშოების, სამზარეულოსა და საკონფერენციო დარბაზის მოწყობა. კარვები ყოველდღიური საჭიროების ინვენტარით აღიჭურვება.

შეძენილია 18 ათასი ლარის ღირებულების მზის პანელები – ეს კარვების ქალაქის ენერგომომარაგებისთვის საკმარისი თუ არ იქნება, გათვალისწინებულია გენერატორების რესურსიც.

„კარვების ქალაქის“ პროექტი შპს „ქედის ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრს“ ეკუთვნის, რომელიც ქედის მერიას ექვემდებარება. მისი დირექტორი, რაულ ცინცაძე ამბობს, რომ პროექტით გათვალისწინებული ყველა ინვენტარი უკვე შეძენილია და მშრალი და თბილი ამინდის დადგომისთანავე გაიშლება კარვები ორცვის მთაზე.

„ორცვის მთას კარგი კლიმატური პირობები ახასიათებს და ტურისტებისთვისაც ხელსაყრელი ადგილი იქნება. იზოლირებული მთაა, ადვილად მისადგომია.

თან ამ მთაზე ბევრი წყაროა, მოგეხსენებათ ბევრგანაა წყლის პრობლემა და აქ ეს არ გვემუქრება.

ქედის ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრი აკეთებს კვლევებს მუნიციპალიტეტში. მათი და საქსტატის კვლევებით ქედის მუნიციპალიტეტში წლიდან წლამდე ვითარდება მთის ტურიზმი  და იზრდება ვიზიტორთა რაოდენობაც.

„ორგანიზაციებს გასულ წლებში სურდათ ქედაში ფესტივალების, სემინარების, ჰაკათონების მოწყობა, მაგრამ ჩვენს მუნიციპალიტეტში დიდი სასტუმროები არ არის და ბევრ ვიზიტორს ერთდროულად ერთ სივრცეში ვერ იღებენ. ამიტომ გადავწყვიტეთ ყველასთვის ხელმისაწვდომი კარვების ქალაქი  მოგვეწყო – მოსახერხებელი, როგორც სხვადასხვა ორგანიზაციის, ფიზიკური თუ იურიდიული პირებისთვის, სხვადასხვა დიდი ღონისძიებისა თუ უბრალოდ დასვენებისთვის“, – ამბობს ქედის ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრის დირექტორი.

მისივე თქმით, ეს პროექტი უფასო იქნება სკოლებისა და უნივერსიტეტებისთვის, თუ ისინი დიდი ღონისძიებების მოსაწყობად წინასწარ მიმართავენ ,,კარვების“ ქალაქს. მომსახურება და განთავსება უფასო იქნება ასევე შშმ პირებისა და სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულაც ერთიან მონაცემთა ბაზაში 60 ათასს არ აჭარბებს.

დასრულების პროცესშია ქართულ-ინგლისურენოვანი ვებპლატფორმა, სადაც კარვების ონლაინდაჯავშნა შეეძლებათ როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ ტურისტებს. პროექტის სარეკლამო კამპანიით იგეგმება Booking-სა და Airbnb-ზე დარეგისტრირებულ მომხმარებელთა ბაზარზე წვდომა, სპეციალური სარეკლამო რგოლის მომზადება და მედიაკამპანია.

„ყველაფერი ფერფლად იქცა“ – სახლის დაწვის შემდეგ 4-სულიან ოჯახს არავინ დაეხმარა

„მოულოდნელად გაჩენილი ხანძრისგან ჩემი ხის სახლი მთლიანად დაიწვა, ფერფლად იქცა ყველაფერი, ვერაფერი გადავარჩინეთ…“ – ამბობს თამილა ჯოყილაძე, რომლის სახლიც წელს, 7 თებერვალს დაიწვა.

თამილა ჯოყილაძე ქმართან და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად მულის ოჯახში ცხოვრობს. მას არც ქირის ფულს უხდიან და კომპენსაციაზეც უარს ეუბნებიან, რადგან სახლი, სადაც ოჯახი 6 წელი ცხოვრობდა, მისი კერძო საკუთრება არ იყო.

თამილა ჯოყილაძემ და ვიტალი ხინკილაძემ ერთსართულიანი ხის სახლი ახალსოფელში იმ მიწის ნაკვეთზე ააშენეს, სადაც თამილა ჯოყილაძის თქმით, მისი დედ-მამის ოჯახს ჩაის პლანტაცია ჰქონდა გაშენებული. ეს ადგილი ბათუმს ეკუთვნის.

„დაახლოებით დღის სამ საათზე გაჩნდა ხანძარი, მეზობელთან ვიყავი ამ დროს ბავშვებთან ერთად,“ – იხსენებს თამილა ჯოყილაძე 7 თებერვალს სახლში გაჩენილი ხანძრის ამბავს, – „მანამდე მეზობელმა დამირეკა, ბავშვს დღეობა აქვს და გადმოდითო… ჩემი ქმარი ამ დროს სამძიმარზე იყო წასული.

დღეობიდან როცა ვბრუნდებოდით უკან, გამოვიხედე და კვამლი ასდიოდა ჩემს სახლს, იქვე ჩავიკეცე და მეტი აღარაფერი მახსოვს, ახლაც ვერ ვიხსენებ… მითხრეს, რომ თურმე აალებულ სახლშიც შევსულვარ და იქიდან ძალით გამომიყვანეს. ეტყობა, იმის აზრიც აღარ მქონდა, რამეზე დამევლო ხელი და გამომეტანა.

ნახანძრალი ახალსოფელში

ფერფლად იქცა ყველაფერი: ჩვენი ნივთები, ბავშვების წიგნები, რვეულები, ავეჯი, ყველაფერი… ფერფლად იქცა მერიიდან მიღებული თანხმობაც, რომ აბონენტად დავრეგისტრირებულიყავი. მანამდე მეზობლის შუქით ვსარგებლობდით და იმ დღეებში არჩილ ჩიქოვანმა მოგვწერა, შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ აბონენტადო.

ცეცხლი სავარაუდოდ ელექტროსადენს გაუჩნდა. ასე გვითხრეს გამომძიებლებმაც, ექსპერტიზით დადასტურდაო… გამოძიება, როგორც ვიცი, დასრულდა.

სახანძრო როცა მოვიდა, სახლი უკვე ნახევრად დამწვარი იყო, მეზობლებმა დარეკეს სახანძროშიც. ჩემ მისვლამდეც დაუნახავთ მეზობლებს, მაგრამ სახლში შესვლის შეეშინდათ, რადგან იქ გაზის ბალონიც მედგა… ჩემი ქმარი მერე მოვიდა. რომ გამოუხედავს შორიდან, ვიღაცის სახლი იწვისო და გამოიქცა, კვამლი ჩანდა, რა იცოდა, თუ ეს მისი სახლის კვამლი იყო,“ – გვიყვება თამილა ჯოყილაძე. 

ხანძრისგან დაზარალებული ოჯახიდან ერთი ბავშვი უკვე სკოლაში დადის, მეორე – საბავშვო ბაღში. მათთვის ტანსაცმელი მეზობლებს და ახლობლებს შეუგროვებიათ.

„მხოლოდ ბავშვების საკვებზე ვიღებთ სოციალურ დახმარებას – თვეში 100 ლარს. სხვა დახმარება არ გვაქვს და არც არაფერი მიგვიღია,“ – დასძინა თამილა ჯოყილაძემ „ბათუმელებთან“.

თამილა ჯოყილაძე შვილებთან ერთად

დაზარალებულმა ოჯახმა ბათუმის მერიისგან უარი მატერიალური დახმარებაზე 15 მარტს, ოფიციალური წერილით მიიღო.

„მატერიალური დახმარების თანხა შესაძლებელია გაიცეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ პირზე. ვინაიდან თქვენი რეგისტრაციის ადგილს წარმოადგენს ხელვაჩაური, სოფელი ზედა თხილნარი, თქვენ უარი გეთქვათ ფინანსური დახმარების გაწევაზე“, – აღნიშნულია წერილში, რომელიც ოჯახმა ბათუმის მერიისგან მიიღო.

ზედა თხილნარში თამილა ჯოყილაძე ქმართან – ვიტალი ხინკილაძესთან ერთად არის რეგისტრირებული. ვიტალის მამისეულ სახლში მისი ძმის ოჯახი ცხოვრობს.

თამილა ჯოყილაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მათ ერთად თხილნარში არასდროს უცხოვრიათ:

„2011 წელს დავოჯახდით და მაშინ მამაჩემის ახლობელმა შეგვიშვა თავის სახლში, ისევ ახალსოფელში იყო ეს სახლი… დაახლოებით ერთ წელიწადში დედაჩემთან გადავედით საცხოვრებლად, რადგან მამა გარდამეცვალა, ძმა ჯარში იყო, დედა მარტო იყო და იქ ვცხოვრობდით. ჩემი დედ-მამის სახლიც ახალსოფელშია, მაგრამ შორსაა იმ სახლიდან, რომელიც დამეწვა…

მერე ჩემი ძმა დაბრუნდა, იმას თავისი ცოლ-შვილი ჰყავს და ჩვენ ავაშენეთ ცალკე ეს ხის სახლი იქ, სადაც ჩემებს ჩაის პლანტაცია ჰქონდათ“.

მიწის საკუთრების აღიარების თხოვნით თამილა ჯოყილაძეს ბათუმის საკუთრების აღიარების კომისიისთვის წლების წინ მიუმართავს, თუმცა ქალის თქმით, კომისიისგან პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.

დაზარალებულ ოჯახს ხანძრის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე უარი უთხრეს ხელვაჩაურის მერიაშიც, რადგან სახლი ბათუმის ტერიტორიაზე დაიწვა.

ამის შემდეგ ოჯახს აჭარის მთავრობისთვის მიუმართავს. აჭარის მთავრობას წერილი ჯანდაცვის სამინისტროში გადაუმისამართებია, საიდანაც ოჯახმა პასუხი გუშინ, 23 მარტს მიიღო.

„თხილნარში მისულა ფოსტით წერილი, გუშინ წამიკითხეს ტელეფონით, არ გეკუთვნით დახმარებაო, თხილნარის მცხოვრებლები ხართო…“, – ნერვიულობისგან ხმა უკანკალებს თამილა ჯოყილაძეს.

აჭარის მთავრობის პრესცენტრშიც ადასტურებენ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიმართეს, რომელიც ახლა მერიის პასუხს ელოდება და საბოლოო გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებენ.

იმის მიუხედავად, რომ ბათუმის მერიისგან დაზარალებულმა ოჯახმა უკვე მიიღო უარი მატერიალურ დახმარებაზე, ბათუმის მერიის პრესცენტრში გვითხრეს, რომ საქმისწარმოება ხელახლა დაიწყო მას შემდეგ, როცა ჯანდაცვის სამინისტრომ 19 მარტს მიმართა ბათუმის მერიას. მერიის პრესცენტრში ვერ დაგვიკონკრეტეს, რა საკითხის ირგვლივ მიმდინარეობს ამჯერად საქმისწარმოება.

ბათუმის მერიის პრესცენტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქმისწარმოება ასევე არ დაუსრულებია საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, რომელიც თამილა ჯოყილაძის და ვიტალი ხინკილაძისთვის მიწის საკუთრების აღიარების საკითხს განიხილავს. მერიის პრესცენტრში გვითხრეს, რომ საჯარო რეესტრმა სპორადული რეგისტრაციის პირობებში გასული წლის აგვისტოში მიმართა ბათუმის მერიას შესაბამისი წერილით.

ხანძრის შედეგი ახალსოფელში

რა დაემართა ბათუმის დამცავ ზონებს? – პასუხი არ არის

რა დაემართა ბათუმის დამცავ ზონებს? – კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოში ამ კითხვაზე დაახლოებით ისეთივე რეაქცია აქვთ, როგორიც „ტომ სოიერის“ ამბის დასაწყისში – პასუხი არ არის. კულტურულ მემკვიდრეობაზე პასუხისმგებელ ქვეყნის მთავარ სტრუქტურას, საქართველოს ქალაქების ისტორიული განაშენიანების დაუცველად დატოვებასა და რღვევაზე პასუხი არ აქვს.

ბათუმის მერიაში კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების დამტკიცების პროცედურის დაწყება, 2016 წელს მომზადებული დოკუმენტის მიხედვით, 2018 წელს დაანონსეს. 2021 წელს კი ამ საკითხზე მივიღეთ მორიგი განმარტება, რომ დამცავი ზონების დამტკიცებაზე მერია მას შემდეგ დაიწყებს ზრუნვას, როცა ქალაქს გენგეგმა ექნება. როდის ექნება ქალაქს გენგეგმა, ეს საკითხი ახლაც ისევე გაურკვეველია, როგორც ბოლო ოცი წლის განმავლობაში.

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლის ინფორმაციით, მერია დამცავი ზონების დამტკიცებას გენგეგმისთვის საჭირო დოკუმენტის შესყიდვის შემდეგ შეძლებს. არჩილ ჩიქოვანი დარწმუნებულია, რომ გენგეგმის ნაწილის შესყიდვის შეწყვეტილი კონკურსის ხელახლა გამოცხადებას მისი, როგორც მერის მოვალეობის შემსრულებლის ვადაში მოასწრებს. ეს ვადა 2021 წლის ოქტომბერში იწურება. აქვე უნდა ვთქვათ ისიც, რომ ამის იმედი არჩეულ მერს, ლაშა კომახიძესაც ჰქონდა. კომახიძემ მერის პოსტი ვადაზე ადრე დატოვა, გენგეგმა კი ბათუმს ისევ არ აქვს.

კონკურსი ქალაქის სივრცითი დაგეგმვის დოკუმენტის მომზადებას გულისხმობდა, რაც მომავალში ბათუმის გენგეგმის მთავარი დასაყრდენი გახდება. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონები კი ქალაქისთვის მნიშვნელოვანი ისტორიული განაშენიანების ან კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ტერიტორიის საზღვრებს დაადგენს. ამ საზღვრებში განსაკუთრებული რეჟიმები ამოქმედდება, ისტორიული განაშენიანება მასშტაბური ჩარევისგან რომ დაიცვას. წესით, აქ დადგენილი მკაცრი რეგულაციები მისი ავთენტური იერ-სახის შენარჩუნების დაცვას უზრუნველყოფს. იმისთვის, რომ კანონით გათვალისწინებული რეჟიმი ამოქმედდეს, დაცვითი ზონები კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულმა სააგენტომ უნდა დაამტკიცოს.

რა ხდება ისტორიულ ზონაში, ვიდრე ის დაუცველია

ბათუმის ისტორიული ზონა იერ-სახეს ყოველდღე იცვლის. ბათუმის ძირითად ნაწილში უკვე გამოცვალეს ფანჯრები, ამოაშენეს აივნები, გალესეს ძველი, ფიგურებიანი ფასადები, ზოგან ისინი გამოჭრეს და დიდი შუშებით ჩაანაცვლეს, მოამტვრიეს მასკარონები, დაანგრიეს ორსართულიანი სახლები და ახალი, მაღალი კორპუსები ააშენეს, დაარღვიეს ქუჩის სიმაღლის მწყობრი ხაზები …

ქუჩის მონაკვეთი ძველ ბათუმში, რომელსაც ძველი იერსახე მეტ-ნაკლებად შენარჩუნებული აქვს – ეს ტერიტორია მთლიანად ასე იყო განაშენიანებული.

ერთ-ერთი პროექტი, რომლის მშენებლობის ნებართვაც ძველ ბათუმში დამცავი ზონების დამტკიცების პროცედურის წამოწყების შემდეგ გაიცა, შპს „პროგრეს სიტის“ 5-სართულიანი სასტუმროა. ეს პროექტი ბათუმში ჟორდანიასა და  მაზნიაშვილის ქუჩების გადაკვეთაზე ორი ისტორიული სახლის დანგრევას ითვალისწინებდა. ამ ზონაში 12 მეტრზე მეტი სიმაღლის შეზღუდვის დაწესებამდე კომპანიას პროექტის პირველი ეტაპი უკვე დამტკიცებული ჰქონდა.  სწორედ ამის გამო მერიას სასამართლო დავა მოუგო და შედეგად 5-სართულიანი სასტუმროს მშენებლობის ნებართვა მიიღო.

ახალმა პროექტმა დაარღვია ამ ქუჩაზე მეტ-ნაკლებად შენარჩუნებული ისტორიული იერ-სახე.  გარდა ამისა, ახალი შენობის კარკასს თუ დავაკვირდებით, კომპანიამ არათუ ნებართვის მიღება, პროექტის შეცვლაც მოახერხა და მიიღო არა შეთანხმებული 5-სართულიანი შენობის, არამედ კიდევ ერთი, შედარებით შეწეული სართულის დამატების ნებართვა. მერიაში ამბობენ, რომ ამ სართულზე ლიფტებისთვის გათვალისწინებული ტექნიკური სართულია, იქ მომუშავე პირებისგან კი გავიგეთ, რომ შენობას მანსარდული სართული დაამატეს.

ეს სახლი მაზნიაშვილისა და ჟორდანიას ქუჩების კვეთაში აღარ არსებობს – აქ ნგრევას ბათუმელები აქციებით აპროტესტებდნენ
შპს „პროგრეს სიტის“ ტექნიკური სართული – მანსარდი ჟორდანიას ქუჩის მხრიდან
შპს „პროგრეს სიტის“ ტექნიკური – მანსარდული სართული მაზნიაშვილის ქუჩის მხრიდან

ასე ყოველდღე იცვლება ბათუმის ისტორიული ნაწილი, გადაწყვეტილების მიმღები პირები კი ჯერ კიდევ ფიქრობენ, შეუნარჩუნონ თუ არა ქალაქს ისტორიული განაშენიანება ერთ კონკრეტულ ზონაში მაინც. ვიდრე ისინი ამ საკითხის გადაწყვეტას დროში აჭიანურებენ, მშენებლები უკან არ იხევენ. ბათუმის მერია ვერც იმას ახერხებს, რომ ამ ზონების დამტკიცებას და განსაკუთრებული რეჟიმების ამოქმედებას შეუწყოს ხელი და ვერც იმას, რომ მათ დამტკიცებამდე ხელი შეუშალოს ამ ზონაში ნგრევას.

მიმდინარე სარემონტო სამუშაოები
შეცვლილი ფასადები
დამცავი ზონების დამტკიცებაზე უარის ოფიციალური მიზეზები

ისტორიული განაშენიანების, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის და მასთან დაკავშირებული სხვა რამდენიმე ამბის ქრონოლოგია გვაჩვენებს, რომ ბათუმში ისტორიული უბნების დაცვა კერძო ინტერესებმა შეაფერხა, ისევე როგორც სამშენებლო რეგულაციების დადგენასთან დაკავშირებული რამდენიმე სხვა საკითხი.

აღმოჩნდა, რომ სახელმწიფო სტრუქტურები ნაკლებად პრინციპულები არიან გავლენიანი პირების ინტერესებისგან საჯარო სივრცეების დაცვისას – დაწყებულ საქმეს განუსაზღვრელი ვადით აჭიანურებენ და შემდეგ ივიწყებენ. შემდეგ ყველაფერი ისევე თავიდან იწყება და ისე გრძელდება, როგორც დაინტერესებულ მშენებელს უნდა.

ასე მოხდა, მაგალითად, როცა ბათუმში ისტორიული ზონის საზღვრები დაადგინეს – მერიამ სპეციალისტებს დაუკვეთა კვლევა, დახარჯა ბიუჯეტის ფული და შეიმუშავა საზღვრის დამდგენი დოკუმენტი. ბოლოს კი ეს დოკუმენტი თავისი შეხედულებისამებრ შეასწორა და ისე წარუდგინა საკრებულოს. საკრებულოსთვის წარდგენილ შესწორებულ დოკუმენტში აღმოაჩინეს მოქალაქეებმა, რომ შპს „რივიერა ბათუმის“ ტერიტორია ისტორიული საზღვრებიდან ამოღებული იყო. ბათუმის საკრებულომ შესწორებული დოკუმენტი ისე მოიწონა, რომ ერთი კითხვაც არავის დაუსვამს, ვინ და რატომ შეცვალა სპეციალისტების მიერ მომზადებული ისტორიული დაცვის ზონის საზღვრები. არავინ არც იმით დაინტერესებულა, კანონიერი იყო თუ არა კვლევის ასე გადაკეთება.

შეცვლილი დოკუმენტი – საია ბათუმის მერიას სასამართლოში უჩივის

ბათუმის ისტორიული დაცვის ზონების დამტკიცების საკითხზე გრძელვადიანი მსჯელობისა და დოკუმენტების გაგზავნა-გამოგზავნის შემდეგ, არ ვიცით საბოლოოდ რომელ სტრუქტურაში შემოდეს ეს პროექტი თაროზე – ბათუმის მერიაში თუ კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოში. მსგავსი პროცედურების დროში გახანგრძლივებისა და ურთიერთგადაბრალების გამოცდილება ორივე უწყებას აქვს.

სპეციალისტების მიერ დადგენილი საზღვრების შეცვლა კონკრეტული კერძო კომპანიის ინტერესს – შპს „ბათუმი რივიერას“ სამშენებლო პროექტს რომ უკავშირდებოდა, მოგვიანებით დადასტურდა კიდეც. დამცავი ზონების დამტკიცების დროში გაყინვისა და შპს „ბათუმი რივიერასთვის“ პირველი ცათამბჯენის მშენებლობის დაწყების ნებართვის გაცემის შემდეგ, ყოფილმა მერმა ლაშა კომახიძემ პირად საუბარში გვითხრა: „რომ ამოგვეღო „რივიერას“ ტერიტორია, ახლა ხომ გვექნებოდა დამტკიცებული დაცვის ზონები.“

2019 წლის 15 თებერვალს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ დაკორექტირებული დოკუმენტის დამტკიცებაზე ბათუმის მერიას უარი უთხრა იმ მიზეზით, რომ ის შეცვლილია – საზღვრებიდან ამოღებულია „ბათუმი რივიერას“ ტერიტორია. ზოგიერთი სპეციალისტი უარის მიზეზად ამ საზღვრებიდან ბულვარის განცალკევებასაც ასახელებდა. 2019 წლის 4 აპრილს ამ საკითხზე სააგენტოში გვითხრეს, რომ დოკუმენტს განახლება სჭირდება. გარდა ამისა, მათ დამტკიცებამდე ამ ტერიტორიაზე სამშენებლო სტანდარტები უნდა დაადგინონ.

მას შემდეგ ეს საკითხი არავის გახსენებია.

ბათუმის დამცავი ზონების დამტკიცებამდე ზონებში სამშენებლო სტანდარტების დადგენაზე მსჯელობენ

 

ქუჩის მონაკვეთი ძველ ბათუმში, რომელსაც ძველი იერსახე მეტ-ნაკლებად შენარჩუნებული აქვს
ჟორდანიას ქუჩა ახალი იერსახით

მთელი ამ ხნის განმავლობაში ბათუმის საკრებულო არ დაინტერესებულა, სად გაქრა მის მიერ მოწონებული დაცვითი ზონების საკითხი და ამ დრომდე რატომ არ დაამტკიცეს ის. ხალხის არჩეული საკრებულოს წევრები არ ინტერესდებიან, რატომ არ მიდის ბოლომდე წლების წინ დაწყებული და ხალხის ფულით დაფინანსებული პროექტები; ვის ინტერესებს ეწირება ქალაქის ისტორიული ნაწილი. მაკონტროლებელი – როგორც საკრებულოს წევრები, ისევე უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ყოველთვის უპირობოდ სჯერდებიან იმ მიზეზებს, რასაც აღმასრულებელი სთავაზობს მათ.

დამცავი ზონების საზღვრები
„გეოგრაფიკის“ რუკა, წითელ ფერში ნაჩვენებია ბათუმის ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონა, ხოლო ლურჯ ფერში – განაშენიანების რეგულირების დაცვის ზონა. სპეციალისტების მონახაზით ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონის საზღვრის საწყისი წერტილი ემთხვევა ლერმონტოვის ქუჩის, დელფინარიუმის მიმდებარე ტერიტორიისა და რუსთაველის ქუჩის გადაკვეთას. საზღვარი მიყვება ნურიგელის ტბის მიმდებარე ტერიტორიას მელიქიშვილის ქუჩამდე, მელიქიშვილის ქუჩა ფარნავაზ მეფის ქუჩის გადაკვეთამდე, ფარნავაზ მეფის ქუჩა – 26 მაისის ქუჩის გადაკვეთამდე, 26 მაისის ქუჩა – ჭავჭავაძის ქუჩის გადაკვეთამდე, ჭავჭავაძის ქუჩა – წერეთლის ქუჩის გადაკვეთამდე, წერეთლის ქუჩა – ბერიძის ქუჩის გადაკვეთამდე, ბერიძის ქუჩა – ჭავჭავაძის ქუჩის გადაკვეთამდე, ჭავჭავაძის ქუჩა მის ღერძზე მდებარე ზღვის სანაპირო ზოლის გადაკვეთამდე, სანაპირო ზღვის ზოლი საზღვაო სადგურის მიმდებარე ტერიტორიის ჩათვლით გოგებაშვილის ქუჩამდე, გოგებაშვილის ქუჩა სასტუმრო რედისონის მიმდებარე ტერიტორიის ჩათვლით ნონეშვილის ქუჩის გადაკვეთამდე, ნინოშვილის ქუჩა შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიის ჩათვლით რუსთაველის ქუჩის გადაკვეთამდე, რუსთაველის ქუჩა დელფინარიუმის მიმდებარე ტერიტორიის გადაკვეთამდე.
რატომ არის მნიშვნელოვანი დაცვითი ზონების დამტკიცება – რას ამბობენ სპეციალისტები

საერთაშორისო ორგანიზაცია „იკომოსის“ პრეზიდენტის, ნატო ცინცაბაძისთვის ბათუმის მერიის ლოგიკა გაუგებარია, როცა მერია ამბობს – ჯერ გენგეგმა, შემდეგ დაცვითი ზონები. თუმცა, იმ ფონზე, როცა თვითმმართველობამ ბულვარში 17-სართულიანი მშენებლობა დაუშვა, ის არ გამორიცხავს, რომ მერიამ კონკრეტული ინტერესების შემთხვევაში არც დამტკიცებული ზონების არსებობა გაითვალისწინოს:

„არაფერ კავშირში არ არის ერთმანეთთან გენგეგმა და დაცვითი ზონები. დაცვით ზონებს ამტკიცებს ცენტრალური ხელისუფლება, ქალაქმშენებლობითი დოკუმენტაცია კი, კანონი მიხედვით, ითვალისწინებს დარგობრივ რეგულაციებს, გენგეგმამ შემდეგ უნდა ასახოს დაცვითი ზონები. თბილისის გენგეგმა როცა გაკეთდა, დაცვის ზონები უკვე არსებობდა, დარგობრივი დოკუმენტი უფრო მაღლა დგას და კანონმდებლობით გენგეგმამ დაცვითი ზონები უნდა გაითვალისწინოს.

კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონა მოწოდებულია დაიცვას ისტორიული ქსოვილი და არამხოლოდ ძეგლები. ეს ნიშნავს იმას, რომ ისტორიულმა ბათუმმა საერთოდ არ დაკარგოს სახე. ამ ზონის არარსებობა უადვილებს ქალაქის ხელისუფლებას, მიიღოს არა ძეგლთა დაცვითი გადაწყვეტილებები. თუმცა, მართალი გითხრათ, რაც ბულვარის შემთხვევაში ხდება, აჩვენებს, რომ თვითმმართველობა არც ამას გაითვალისწინებს – ბულვარის შემთხვევაში ძეგლის ტერიტორიაზე დაარღვიეს კანონი. არ უნდათ ზედმეტი თავის ტკივილი და არც ის, რომ თუნდაც ფორმალურად სასამართლოში წასვლის საშუალება მისცენ ვინმეს. [ჩვენ] მივიღეთ ღირებული ბათუმი, მაგრამ მომავალ თაობას არ ვუტოვებთ საერთოდ არაფერს – გაუგებარ ურბანულ ერთეულს. ძალიან ძნელია დღევანდელი ბათუმის თვითმმართველობის ლოგიკა გაიგო, არც იურიდიულად, არც დარგობრივად. არ არსებობს ვალდებულება ან მოთხოვნა, რომ ჯერ გენგეგმა უნდა დამტკიცდეს და შემდეგ დაცვითი ზონები“.

______________

სტატია მომზადებულია პროექტის ფარგლებში – „დაიცავი ბათუმი“, რომელსაც ახორციელებს საზოგადოება „ბათომი“ საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. მასში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდის პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი სტატიის შინაარსზე.

რას ამბობს ბათუმელი ექიმი, რომელიც მედდის გარდაცვალების დღეს აიცრა კოვიდზე

დიანა გორგოშაძე შინაგანი მედიცინის 27 წლის რეზიდენტი – უმცროსი ექიმია. ,,ასტრაზენეკათი“ ის ზუსტად იმ დღეს აიცრა, როცა ახალციხის კლინიკა ,,იმედის“ მედდა, მეგი ბაქრაძე თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში აცრის შემდეგ გარდაიცვალა.

ამ ტრაგიკულმა შემთხვევამ დიანას აცრაზე უარი ვერ ათქმევინა. დიანა ყოველდღე კლინიკაში მუშაობს, შინ ჰყავს 6 თვის შვილი და ასაკოვანი, დიაბეტიანი დედამთილი. ამბობს, რომ ვაქცინის შემოსვლას საქართველოში დიდხანს ელოდა და გადაწყვეტილი ჰქონდა შესაძლებლობის გამოჩენისთანავე აცრილიყო.

„ერთია, რომ საკუთარ ჯანმრთელობაზე ხარ პასუხისმგებელი, მაგრამ როცა სხვის ჯანმრთელობაზეც აგებ პასუხს, კიდევ უფრო დიდი ამბავია. ჩემს დედამთილს დიაბეტი აქვს და რისკის ჯგუფშია. ყოველ დღე ბეწვის ხიდზე მიწევს გავლა, როცა კლინიკიდან ვბრუნდები მასთან და შვილს ვეხუტები. ამ მდგომარეობის დასრულების გზა აცრაა.

დავრეგისტრირდი და ავიცარი. ამ ეტაპზე ვერ დაველოდებით ვერავის 1 ან 2 წელი, პანდემია არავის ელოდება – პირიქით, ახალი და ახალი შტამები ჩნდება. ვაქცინის გარკვეული რაოდენობა გვაქვს და რაც მეტი აიცრება ახლა მით უკეთესი“, – ამბობს დიანა გორგოშაძე.

დიანა ამბობს, რომ ვაქცინის შემოსვლამდე ჰქონდა მოძიებული ინფორმაცია, როგორი ვაქცინაა ,,ასტრაზენეკა“, მოიძია ასევე რა გვერდითი მოვლენები იქნებოდა მოსალოდნელი. ,,ასტრაზენეკას“ გარდა მოიძია ასევე ,,ფაიზერისა“ და ,,მოდერნას“ ვაქცინების თავისებურებები და დარწმუნდა, რომ საქართველოში პირველად შემოსულ ,,ასტრაზენეკას“  აქვს გავლილი კვლევის სამივე აუცილებელი ეტაპი და მისი ეფექტურობაც მაღალია.

როგორც დიანა გვეუბნება, აცრამდე მან კითხვარი შეავსო და ბევრი რამ ჰკითხეს კიდეც. ამის მიუხედავად მიიჩნევს, რომ სრულ ინფორმაციას ვაქცინაზე მოსახლეობა მაინც არ ფლობს და ყველაფერი დაკონკრეტებული არ არის პროტოკოლით.

„ზოგადად კი ცნობილია, რომ ალკოჰოლი არ უნდა გქონდეს მიღებული, გაციებული არ უნდა იყო. თუ ჯანმრთელად გრძნობ თავს და ჩივილები არ გაქვს, უკუჩვენება არ არის. ინგლისურ ენაზე გავეცანი თითოეულმა ვაქცინამ ცდის რა ეტაპები გაიარა. ვეყრდნობი მტკიცებითი მედიცინის წყაროს და ამ მტკიცებით „ასტრაზენეკა“ სანდო ვაქცინაა. აცრის გარდა კაცობრიობას სხვა არჩევანი არ აქვს პანდემიის დასასრულებლად.

მართალია, ახალგაზრდა მედდის გარდაცვალება ჩემი აცრის დღეს დაემთხვა, მაგრამ ამის გამო თავი არ შემიკავებია. პარასკევს ვიყავი დარეგისტრირებული ბათუმში ბარათაშვილის ქუჩაზე ასაცრელად და ხუთშაბათს მოვიდა შეტყობინება, რომ გაუქმდა ამბულატორიაში ჯავშანი, რადგან გადაწყვიტეს მედდის გარდაცვალების შემდეგ დიდ კლინიკაში გაგრძელებულიყო პროცესი – იქ, სადაც რეანიმაციაა, რეანიმატოლოგები არიან და გვერდითი მოვლენების გართულებული შემთხვევების მართვა იქნებოდა შესაძლებელი.

მედდის გარდაცვალებამდე თუ ბათუმში რამდენიმე პუნქტი იყო, სადაც აცრა იყო შესაძლებელი, ახლა მხოლოდ რესპუბლიკურ საავადმყოფოშია ამ მომსახურებით სარგებლობა შესაძლებელი“, – ამბობს დიანა გორგოშაძე.

როგორც ის ყვება, აცრის დღეს მას ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში დახვდნენ მედდები, რეანიმატოლოგი და ექიმი. ეკითხებოდნენ ყველა ჩივილს აცრამდე დაწვრილებით, კითხვარის მიხედვით, აცრის შემდეგაც აკვირდებოდნენ კანზე რეაქციას, აწვდიდნენ ინფორმაციას, რა გვერდითი რეაქცია შეიძლებოდა განვითარებულიყო აცრის შემდეგ.

მისივე თქმით, არც ალერგიული რეაქცია და არც ტემპერატურის მატება არ ჰქონია აცრის შემდეგ და ინექციის ადგილზე გრძნობდა მხოლოდ მცირე დისკომფორტს რამდენიმე საათით.

მედიცინის 27 წლის რეზიდენტი ამბობს, რომ საზოგადოებრივმა ჯანდაცვამ დააგვიანა ხალხის სრულად და ამომწურავად ინფორმირება, რადგან ცრუ ინფორმაცია, ფეისბუქპოსტებით გადმოცემული ჭორები ვაქცინაზე და მითები უფრო სწრაფად აღწევს საზოგადოებამდე, ვიდრე ჯანდაცვის სისტემის ოფიციალური ინფორმაცია.

,,როცა ავიცერი, მეგობრები მწერდნენ სოცქსელში, როგორ გარისკე, რამ გაგაკეთებინა ვაქცინაო. კლინიკაში, სადაც ვმუშაობ ვცდილობთ დავამსხვრიოთ ეს მითები და ვაჩვენოთ ხალხს, რომ სხვა გზა არ არის გარდა აცრისა, თუნდაც მეგობრებს, გარშემომყოფებს უნდა მივაწოდოთ სწორი ინფორმაცია და გავუქარწყლოთ შიშები. ცხადია, ვერავინ ვერავის დააძალებს გაიკეთოს ვაქცინა, ვერც ვერავის დავაშინებთ, მაგრამ  ყველამ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა ხომ უნდა ავიღოთ“, – ამბობს დიანა გორგოშაძე.

აჭარის გზებზე რამდენიმე მიმართულებით ავტომობილების გადაადგილება სრულად შეზღუდულია

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დღეს, 24 მარტს, მეწყრული პროცესების გამო სრულად შეზღუდულია ავტოტრანსპორტის მოძრაობა შემდეგი მიმართულების გზებზე:

ხულოს მუნიციპალიტეტში: დიდაჭარა-საციხური-გელაურას მიმართულებით

შუახევის მუნიციპალიტეტში: ცხემლისი-დარგულა, ჭვანა-ცივაძეები-ქარცივაძეები და კობალთის მიმართულებით

ქედის მუნიციპალიტეტში: მერისი-სიხალიძეების საავტომობილო გზებზე.

„ადგილობრივებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ შემოვლითი გზებით“ – აცხადებენ გზების დეპარტამენტში. მათივე ინფორმაციით, მეწყრული პროცესების განვითარება ძლიერმა წვიმებმა გამოიწვია.

მეწყერი მუნიციპალურ გზებზე.

ულიმიტო პირობით “სილქფესტის” ინტერნეტ და სასაუბრო პაკეტები ბრუნდება

სილქფესტი“ 25 მარტს მობილური ქსელის მომხმარებლებს ულიმიტო ინტერნეტ, ულიმიტო სასაუბრო პირობებს შეთავაზებს:

[checklist]

  • ულიმიტო ინტერნეტი – 19 ლარად – ჩართვა კომბინაციით *019#
  • ულიმიტო სასაუბრო* – 10 ლარად – ჩართვა კოდით *202#

[/checklist]

პაკეტებით სარგებლობის ვადა 30 დღეა.

ერთდროულად ორივე პაკეტის გააქტიურების შესაძლებლობა მიეცემათ როგორც  ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს.

*უსასრულო ზარები არ ვრცელდება გლობალსელის და ასანეტის მიმართულებებზე.

გერმანელი ანტივაქსერის ვიდეო – ყალბი ამბავი ბათუმის რესპუბლიკურის შესახებ  

სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ასახულია როგორ შედის გერმანულ ენაზე მოსაუბრე კაცი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, აჩვენებს ცარიელ პალატებს და აცხადებს, რომ ბათუმში კოვიდპაციენტები აღარ არიან. „თუ ოდესმე იყო პანდემია საქართველოში, ახლა უკვე აღარ არის“, – აცხადებს ის ვიდეოში, რომელსაც ინგლისურ ენაზე ახლავს სუბტიტრები.

ვიდეომასალაში აღნიშნულია, რომ ის 2021 წლის 15 მარტს არის გადაღებული ბათუმში, როცა ბათუმში რესპუბლიკურ და ქობულეთის კოვიდკლინიკებში ჯამში 96 პაციენტი იმყოფებოდა და მათგან 2 მართვით სუნთქვაზე იყო.

ვინ არის და როგორ აღმოჩნდა ეს ადამიანი ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ცარიელ პალატაში?

რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამბობენ, რომ ამ დეზინფორმაციული ვიდეოს შესახებ იციან და მიმდინარეობს მოკვლევა. საავადმყოფოში აცხადებენ, რომ ამ ადამიანს არ გადაუღია ის პალატები, სადაც კოვიდპაციენტები იწვნენ.

„როგორ შემოვიდა არ ვიცი, მაგრამ რაც აჩვენა, ეს იყო დიალიზის განყოფილება, ის არ შესულა იმ სივრცეში, სადაც კოვიდპაციენტები გვყავს“, – ამბობს სოლომონ ფუტკარაძე, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი.

საავადმყოფოს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ახლა მიმდინარეობს კვლევა, თუ როგორ მოახერხა აღნიშნულმა პირმა კლინიკაში შესვლა.

ვიდეოს გავრცელებას ფეისბუქზე გამოეხმაურა „მითების დეტექტორი“, რომელმაც აღნიშნული ვიდეო შეისწავლა და მის ავტორზეც გამოაქვეყნა ინფორმაცია.

„მითების დეტექტორის“ ცნობით, ვიდეოს ავტორი გერმანელი ულტრამემარჯვენე ჟურნალისტი ბილი სიქსია, რომელიც ცნობილია თავისი კავშირებით რუსეთის ხელისუფლებასთან.

„2020 წელს კორონავირუსით გამოწვეული პანდემიიდან დღემდე სიქსი აქტიურ ანტივაქსერულ კამპანიას ეწევა.

ბათუმში გადაღებული ვიდეოს მსგავსი შინაარსის კადრები სიქსმა 2020 წლის მარტში გერმანული კლინიკიდან გაავრცელა, ვიდეოში ავტორი ირწმუნებოდა, რომ ის Charité-ის კორონავირუსის ცენტრში მივიდა, შენობა კი ცარიელი იყო, რაც ნიშნავდა, რომ საგანგებო სიტუაცია გამოგონილი და დადგმული იყო.

გერმანულმა ფაქტების გადამოწმების პლატფორმა correctiv-მა გაარკვია, რომ სიქსი რეალურად Virchow-Klinikum-ის საუნივერსიტეტო კამპუსში იმყოფებოდა, ის კი კორონავირუსის ცენტრიდან მოშორებით იდგა და დამოუკიდებელ შენობას წარმოადგენდა“ – წერს „მითების დეტექტორი“.

ქობულეთის პირველ საჯარო სკოლაში პირველკლასელს კოვიდი დაუდასტურდა

დღეს, 24 მარტს, ქობულეთის პირველი საჯარო სკოლის პირველკლასელ მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც სკოლის დირექტორმა, ნარგიზ რომანაძემ „ბათუმელებს“ უთხრა, ბავშვის ოჯახის წევრებს აქვთ კორონავირუსი და გადაყვანილნი არიან იზოლაციაში.

„კლასი დავკეტეთ და ჩატარდა დეზინფექცია. გადავა თუ არა კლასი დისტანციურ სწავლებაზე, ამაზე ველოდებით ბრძანებას“, – ამბობს დირექტორი.

სკოლაში მასწავლებელთა გეგმიური ტესტირება დღეს იგეგმება.

დღეს ასევე, ქობულეთში კორონავირუსი დაუდასტურდა ბაღების გაერთიანების 5 თანამშრომელს.

დღეს ბათუმის მე-14 სკოლაში კორონავირუსი  ერთ-ერთ პედაგოგს დაუდასტურდა

____________________

ამავე თემაზე:

ქობულეთში 2 მასწავლებელს და მოსწავლეებს კოვიდი დაუდასტურდათ – სკოლა დაიხურა

 

აპრილიდან საუნების მუშაობა და სხვა სპაპროცედურები დაშვებულია

მთავრობის 23 მარტის დადგენილებით, 2021 წლის პირველი აპრილიდან დაშვებულია საუნებისა და სხვა სპაპროცედურების საქმიანობა.

სპორტული/სავარჯიშო დარბაზები, ასევე საცურაო აუზები 2021 წლის 15 მარტიდან გაიხსნა, თუმცა საუნების მუშაობა და სხვა სპაპროცედურები აკრძალული დარჩა.

იზოლაციისა და კარანტინის წესების დღეს მოქმედი რედაქციით, 1-ლი აპრილიდან ასევე დასაშვებია:

[checklist]

  • ნებისმიერი ტიპის სპორტულ, სახელოვნებო და კულტურულ  ღონისძიებაზე მაყურებლის დასწრება
  • გასართობი დაწესებულებების საქმიანობა და გასართობი ღონისძიებების ორგანიზება/ჩატარება
  • ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე აზარტული და მომგებიანი თამაშობების მომსახურების მიწოდება

[/checklist]

24 მარტიდან უკვე დასაშვებია ტაქსით 3 მგზავრის გადაყვანაც.

პარალელურად, ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ შესაბამისი უწყებები შეზღუდვების გამკაცრებაზეც მსჯელობენ, რადგან რამდენიმე რეგიონში, მათ შორის, იმერეთში, გურიასა და თბილისში ეპიდემიოლოგიური ვითარება მძიმდება.

ამ თემაზე:

https://netgazeti.ge/news/529147/

მუსლიმთა სამმართველოს ყოფილი შეიხი პროკურატურას დაზარალებულად ცნობას სთხოვს

დღეს, 24 მარტს, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ყოფილი შეიხი ვაგიფ აქპეროვი და TDI კიდევ ერთხელ მიმართავენ განცხადებით საქართველოს პროკურატურას და მოითხოვენ ვაგიფ აქპეროვის დაზარალებულად ცნობას. ასევე თანამდებობიდან მისი იძულებით გადაყენების ფაქტის დაუყოვნებლივ, ყოველმხრივ და ობიექტურ გამოძიებას.

„ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“ განცხადებით, 2021 წლის 21 მარტს ტელეკომპანია „მთავარის“ გადაცემა Post-Factum-ში გავრცელებული ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის, ივანე გულაშვილის ინტერვიუს მიხედვით, (ტელეკომპანიის ცნობით, ინტერვიუ ჩაწერილია 2019 წლის 24 ნოემბერს), მისი მონაწილეობით ვაგიფ აქპეროვის კომპიუტერზე ვირუსული ფაილი ფარულად ჩაიტვირთა შეიხის პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ფარულად მოპოვების მიზნით (აუდიო-ვიდეო თვალთვალი).

გულაშვილის განცხადებით, მან ეს ოპერატიული დავალება შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (კუდ) ყოფილი მაღალჩინოსნისგან, ნიკოლოზ შარაძისგან მიიღო, რომელიც ამჟამად შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელია.

„ვაგიფ აქპეროვი, რომლის ინტერესებსაც TDI იცავს, 1996 წლიდან მუსლიმი სასულიერო პირია. იგი მონაწილეობდა ინტერრელიგიური დიალოგის სხვადასხვა ფორმატში, ასევე სამოქალაქო ცხოვრებაში აქტიური ჩართულობით გამოირჩევა. 2011 წლიდან ვაგიფ აქპეროვს ეკავა „სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს“ შეიხის (შიიტური მიმდინარეობის უმაღლესი სასულიერო პირი) თანამდებობა და მსახურებდა თბილისის ცენტრალურ, „ჯუმა“ მეჩეთში.

2012 წელს, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, სახელმწიფომ მასზე ზეწოლა, ხოლო მუსლიმთა სამმართველოს საქმიანობაში უხეში ჩარევა დაიწყო“, – აცხადებს TDI.

ამავე წყაროს ცნობით, 2013 წლის 27 დეკემბერს იგი დაიბარეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, ე.წ.მოდულის შენობა, სადაც, აქპეროვის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მას პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის გავრცელებით და რეპუტაციის შელახვით დაემუქრნენ, მიანიშნებდნენ ოჯახის წევრებისთვის დაბრკოლებების შექმნის შესაძლებლობაზე. მისგან მოითხოვდნენ დაეწერა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება, შეეწყვიტა მეჩეთში სიარული და არ ჰქონოდა ურთიერთობა უფლებადამცველ ორგანიზაციებსა და მედიასთან. ზეწოლის შემდეგ, აქპეროვი იძულებული გახდა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების კარნახით, ე.წ. მოდულის შენობაშივე დაეწერა განცხადება შეიხის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ.

„რელიგიური ლიდერის თქმით, აღნიშნული განცხადება 2014 წლის 9 იანვარს, შინაგან საქმეთა სამინისტროდან პირდაპირ „სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს“ მმართველობითი ორგანოს, რელიგიური საბჭოს კრებაზე აღმოჩნდა და შეიხს საბჭოს გადაწყვეტილებით უფლებამოსილება შეუწყდა. ვაგიფ აქპეროვს უფლებამოსილება 2014 წლის 9 იანვარს შეუწყდა, რის შემდეგაც მას არაერთხელ დაუკავშირდნენ უცნობი პირები (მისი ვარაუდით, შსს-ის ან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები), რომლებიც სთავაზობდნენ შეხვედრას და დუმილის სანაცვლოდ მაღალანაზღაურებად სამსახურს სხვადასხვა დაწესებულებაში (მათ შორის, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასა და გარდაბნის თბოელექტროსადგურში), რაზეც ყოფილმა შეიხმა უარი განაცხადა.

2016 წლის 27 აპრილს, საქართველოს სახალხო დამცველისა და ვაგიფ აქპეროვის მიმართვის შემდეგ[2], საქართველოს პროკურატურამ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. მიუხედავად ამისა, ხუთი წლის განმავლობაში, გამოძიების ეფექტიანად წარმართვის მიზნით არ გატარებულა შესაბამისი ღონისძიებები და სამართლებრივი შედეგი არ დამდგარა“.

2020 წლის 4 დეკემბერს TDI-მ დამატებით მიმართა საქართველოს პროკურატურას წერილით, რომელშიც ვაგიფ აქპეროვი ასახელებდა იმ პირის ვინაობას, რომელიც 2013 წელს მოდულის შენობაში მასზე ახორციელებდა ზეწოლას თანამდებობიდან გადადგომის იძულების მიზნით. აღნიშნული პირი ვაჟა მაზმიშვილია. პროკურატურას არც ამ შემთხვევაში უცნობებია, რა საგამოძიებო მოქმედებები გატარდა აღნიშნულ პირთან მიმართებით.

ვაგიფ აქპეროვი ამ დრომდე არ არის ცნობილი დაზარალებულად, არ დაწყებულა სისხლის სამართლებრივი დევნა კონკრეტული პირების მიმართ, ხოლო გამოძიება კვლავ უშედეგოდ გრძელდება.

„ტელეკომპანია მთავარში 2021 წლის 21 მარტს გასული ინტერვიუ და მასში გადმოცემული ფაქტები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ 2013 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან შეიხ ვაგიფ აქპეროვზე ნამდვილად განხორციელდა ზეწოლა და სასულიერო პირის თანამდებობის დატოვების იძულება,“ – აცხადებს TDI.

____________________________

ამავე თემაზე:

https://netgazeti.ge/news/528918/?fbclid=IwAR22DJki0ekpSXzuHTyjmgQMM5w9gyHXCuclyKvbpq7aLI_BSIUmbqJQ_7I

ბათუმის მე-14 სკოლაში მასწავლებელს კოვიდი დაუდასტურდა

ბათუმის მე-14 საჯარო სკოლაში დაწყებითი საფეხურის მასწავლებელს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც სკოლის დირექტორმა, ნატო გოგუაძემ „ბათუმელებს“ უთხრა, მასწავლებელი კოვიდის უსაფრთხოების წესებს იცავდა, „ამიტომ ეპიდემიოლოგიურმა ჯგუფმა არ მიიჩნია საჭიროდ კლასის დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა“.

როგორც დირექტორი ამბობს, მასწავლებელი ორშაბათს სკოლაში იმყოფებოდა, საღამოს კი ტემპერატურამ აუწია. „მეორე დღეს ჩაიტარა სწრაფი ტესტი და დაუდასტურდა კოვიდი“.

აღნიშნულ სკოლაში მასწავლებლების გეგმიური ტესტირება ხვალ, 25 მარტს, ჩატარდება.

___

ამავე თემაზე:

ბათუმის მე-20 საჯარო სკოლასა და მე-17 საბავშვო ბაღში კოვიდი გამოვლინდა

ტაქსით გადაადგილება უკვე 3 მგზავრსაც შეუძლია – დადგენილება

24 მარტიდან ტაქსით გადაადგილება 3 მგზავრსაც შეუძლია. შესაბამისი დადგენილება მთავრობამ 23 მარტს მიიღო. ამ დრომდე ტაქსით გადაადგილება მაქსიმუმ 2 მგზავრს შეეძლო. ამასთან, მძღოლისთვის და მგზავრებისთვისაც სავალდებულოა პირბადის ტარება.

იზოლაციისა და კარანტინის წესებში 23 მარტამდე შესაბამისი მუხლი შემდეგნაირად იყო ჩამოყალიბებული:

„იკრძალება ტაქსით (M1 კატეგორია) გადაადგილებით მომსახურებისას 3-ზე მეტი პირის (მძღოლის ჩათვლით) გადაადგილება. ამასთან, მძღოლი აღჭურვილი უნდა იყოს პირბადით და მგზავრები უნდა განთავსდნენ მძღოლის უკანა მხარეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად“.

მთავრობის 2021 წლის 23 მარტის დადგენილებაში კი, რომელიც იმავე დღეს ამოქმედდა, ეს მუხლი შემდეგნაირადაა ჩამოყალიბებული:

„ტაქსით (M1 კატეგორია) გადაადგილებით მომსახურებისას როგორც მძღოლი, ისე მგზავრები აღჭურვილი უნდა იყვნენ პირბადით.“

კვლავ ძალაში რჩება საჯარო სივრცეში პირბადის ტარება:

„საჯარო სივრცეში თავშეყრისას ყველა პირი ვალდებულია, ატაროს პირბადე. ამ მუხლის მიზნებისთვის საჯარო სივრცე არის როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ არსებული ნებისმიერი ადგილი, თუ იგი არ წარმოადგენს კერძო პირთა საცხოვრებელი მიზნებისთვის გამოსაყენებელ ადგილს. პირბადის ტარებისგან გათავისუფლების შემთხვევები განისაზღვრება „პირბადის ტარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №368 დადგენილებით.“

ძალაში რჩება ასევე კომენდანტის საათი. იზოლაციისა და კარანტინის წესების მიხედვით:

„საცხოვრებელ ადგილზე მოსახლეობის დარჩენის უზრუნველსაყოფად, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე იკრძალება 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა“.

დადასტურდა 450 ახალი შემთხვევა, 8 პაციენტი გარდაიცვალა – კოვიდი საქართველოში

Stopcov.ge-ის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 450  ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ჩატარდა 23 293 კვლევა ტესტით.

ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდით 8 პაციენტი გარდაიცვალა.

23 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.93 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.59 %, ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.92%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 450 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 237 შემთხვევა, აჭარაში – 29, იმერეთში – 51, ქვემო ქართლში – 48, შიდა ქართლში – 22, გურიაში – 11, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 34, კახეთში – 11, მცხეთა-მთიანეთში – 1, სამცხე-ჯავახეთში – 0, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 6.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 958, საიდანაც 1 463 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 90 პაციენტი.

საქართველოში 2 315 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 6 632 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 3 089 პირი, აჭარაში – 680, იმერეთში – 891.

აჭარაში კოვიდის 29 ახალი შემთხვევა დადასტურდა | 24 მარტი

24 მარტის მონაცემებით, აჭარაში კოვიდის 29 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, აჭარაში კოვიდკლინიკაში 121 პაციენტია, მათგან 2 პაციენტი მართვით სუნთქვაზეა.

40 პაციენტია ამ დროისთვის რეგიონის კოვიდსასტუმროში, თვითიზოლაციაში იმყოფება 680 პირი.

კოვიდის ყალბი PCR ტესტის დამზადების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

კორონავირუსის PCR კვლევის უარყოფითი შედეგების ამსახველი ყალბი დოკუმენტების  დამზადების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, „ბრალდებულმა ორ დაინტერესებულ პირს, იმერეთის რეგიონში მდებარე ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულების სახელით, შესაბამისი ლაბორატორიული კვლევის გარეშე, 200 ლარის სანაცვლოდ, დაუმზადა და გადასცა ახალი კორონავირუსის PCR ლაბორატორიული კვლევის უარყოფითი შედეგების ამსახველი დოკუმენტები.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია დიდი ოდენობით, წინასწარ ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული შეუვსებელი თაბახის ფურცლები“.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი და 221-ე მუხლის მე-4 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გრძელდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში შესაძლო თანამონაწილე სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით.

ქობულეთში ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა, კაცი ადგილზე გარდაიცვალა

ქობულეთში, სოფელ ხუცუბანში, ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა.

ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო სამსახურს შუახნის კაცი, რომელსაც ავტომანქანა დაეჯახა, გარდაცვლილი დახვდა.

რომელ ქუჩებზე გაითიშება ხვალ შუქი ბათუმში, ასევე ხელვაჩაურსა და ქედაში

ხვალ, 24 მარტს, ბათუმის რამდენიმე ქუჩას ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო.

„ენერგო პრო-ჯორჯიას“ ცნობით, 12:00-დან 16:00 საათამდე, მონაცვლეობით, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება:

  • მელიქიშვილის
  • გ.ბრწყინვალეს
  • პუშკინის
  • 26 მაისის
  • ბესიკის
  • თაბუკაშვილისა და მიმდებარე ქუჩებს.

ასევე თამარის, მწვანე კონცხის, დაბა მახინჯაურისა და ფერიის დასახლებების ნაწილს.

ელექტროენერგიის მიწოდება 11:00-დან 18:00 საათამდე მონაცვლეობით შეუწყდება ხელვაჩაურში შემდეგ სოფლებს:

  • ერგეს
  • ჯოჭოს
  • განთიადს
  • კაპრეშუმსა და მიმდებარე სოფლებს.

ასევე მეჯინისწყლის, კახაბრისა და დაბა ხელვაჩაურის დასახლებების ნაწილს.

ქედაში 11:00-დან 15:30 საათამდე ელექტროენერგია მონაცვლეობით შეუწყდება სოფლებს:

  • ოქტომბერს
  • მეძიბნას
  • ორცვას
  • ზენდიდს
  • კუჭულასა და მიმდებარე სოფლებს.

ასევე, დაბა ქედის ნაწილს.

რას სთავაზობს ბათუმის თოჯინების თეატრი აპრილიდან პატარა მაყურებელს

შემსუბუქებული რეგულაციების შესაბამისად, თეატრებს სპექტაკლების წარმოდგენა და მაყურებლების მიღება აპრილის შუა რიცხვებიდან შეეძლებათ. ბათუმის თოჯინების თეატრს ბავშვებისთვის სპექტაკლი, სხვა თეატრების მსგავსად, თითქმის 1 წელია არ წარმოუდგენია. თუმცა ტარდებოდა რეპეტიციები რეგულაციების დაცვით.

თოჯინების თეატრი ბათუმში აპრილის შუა რიცხვების შემდეგ განაახლებს სპექტაკლების ჩვენებას და ორ პრემიერას წარმოადგენს: გელა გელაძის დადგმულ სპექტაკლს ,,ყველა თაგუნას უყვარს ყველი“ და გიორგი ჩხაიძის ,,პატარა პრინცს“, რომელიც ანტუან დე სენტ ეგზიუპერის ,,პატარა პრინცის“ მიხედვითაა დადგმული.

გარდა პრემიერებისა ბათუმის თოჯინების თეატრში აპრილის შუა რიცხვების შემდეგ წარმოდგენილი იქნება თეატრის მრავალფეროვანი რეპერტუარი, კერძოდ, სპექტაკლები: ,,მიაგული”, ,,სამი გოჭი”, ,,მოჯადოებული ფერია”, ,,ფერადი ნისლების სანაპირო”, ,,ბატის ჭუკი”, ,,დედობილი”, ,,ოცნების გზაჯვარედინი”, ,,ბიჭუნა და კარლსონი”, ,,კოკროჭინა”, ,,წითელქუდა”, ,,კონკია”, ,,წერილი ჯერალდინას”, ,,თოვლია”, ,,რომეო და ჯულიეტა”, ,,მიყვარხარ!მიყვარხარ!მიყვარხარ!”, ,,ფიფქია და შვიდი ჯუჯა”, ,,მერი პოპინსი”, ,,ნამცეცა”, ,,ვეშა-პიკო”, ,,პატარა დინოზავრის პლანეტა”, ,, გერდა” და ,,გარეული გედები”.

თოჯინების თეატრში 186 მაყურებელი ეტევა, თუმცა კოვიდპანდემიის პრევენციის მიზნით დარბაზში დისტანცია იქნება დაცული სავარძლებს შორის, რაც მაყურებელთა რაოდენობას ყოველ სპექტაკლზე 65-მდე შეამცირებს.

ამჯერად თოჯინების თეატრში პანდუსს ამონტაჟებენ და მოეწყობა შშმ პირებისთვის ადაპტირებული საპირფარეშო.

ავღანეთში 4 ქალი მოკლეს ტელევიზიაში მუშაობისთვის

ავღანეთში ქალები ხშირად ხდებიან სხვადასხვა რელიგიური და ექსტრემისტული ჯგუფის თავდასხმის მსხვერპლი. ბოლო თვეებში ამ ქვეყანაში ოთხი ქალი მოკლეს მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი ტელევიზიაში მუშაობდნენ.

„ბიბისის“ ცნობით, ქალაქ ჯალალაბადში ერთ-ერთმა ტელევიზიამ ყველა თანამშრომელი ქალი გაუშვა სამსახურიდან მათივე უსაფრთხოების დაცვის მიზნით. ამ ტელევიზიის ოთხ თანამშრომელ ქალს სხვადასხვა დროს ესროლეს და მოკლეს, როცა ისინი სამსახურიდან სახლში ბრუნდებოდნენ. ოთხიდან 3 ქალი პოპულარულ თურქულ და ინდურ სერიალებს ახმოვანებდა, ერთი კი ტელეწამყვანი იყო.

„ექსტრემისტებს არ უნდათ ქალები ტელევიზიაში მუშაობდნენ. ისინი ამბობენ, რომ ქალი სახლში უნდა იყოს“, – უთხრა „ბიბისის“ ტელევიზიის დირექტორმა.

მედიის ცნობით, ქალების მკვლელობაზე პასუხისმგებლობა აიღო დაჯგუფებამ, რომელიც საკუთარ თავს „ისლამურ სახელმწიფოს“ უწოდებს.

ავღანეთი ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ქვეყნად მიიჩნევა ჟურნალისტური საქმიანობისთვის. 2018 წლიდან დღემდე ავღანეთში 30-ზე მეტი ჟურნალისტი მოკლეს.

____________________

ფოტოზე: კადრი „ბიბისის“ ვიდეომასალიდან. 

 

ქუჩების მონაკვეთები ბათუმში, სადაც ბეტონს დააგებენ – ბიუჯეტიდან 1 მილიონია გამოყოფილი

ბათუმში 20-ზე მეტი ქუჩისა და ჩიხების პრობლემატურ მონაკვეთებზე ბეტონის საფარის დაგების სამუშაოებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 1 მილიონი ლარია გამოყოფილი. მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ დღეს, 23 მარტს, გამოაცხადა. სამუშაოები 2021 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით უნდა დასრულდეს.

ტენდერში წინადადებების მიღება კი 2021 წლის 8 აპრილს დაიწყება და 13 აპრილს დასრულდება.

ტენდერის პირობის მიხედვით „თითოეულ ობიექტზე სამუშაოები უნდა განხორციელდეს მას შემდეგ, რაც ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტი შემსყიდველის მხრიდან მიიღებს შეტყობინებას სამუშაოების დაწყების თაობაზე, რომელშიც განსაზღვრული იქნება სამუშაოების დაწყების კონკრეტული თარიღი და სამუშაოების შესრულების კონკრეტული ვადა კონკრეტულ ქუჩაზე ან მონაკვეთზე“.

ამასთან, „ყველა სახის მოსამზადებელი სამუშაოების დაწყება შეთანხმებული უნდა იყოს ბათუმის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოსთან. სამუშაოების დასრულების შემდეგ შემსრულებელი თავისი ძალებით და სახსრებით 5 დღის განმავლობაში ვალდებულია გაათავისუფლოს სამუშაო ადგილი სამშენებლო მოწყობილობა-დანადგარებისაგან, მასალებისაგან, დროებითი ნაგებობებისაგან და ა.შ.“

ქუჩებისა და დასახლებების ჩამონათვალი იხილეთ ქვემოთ [თითოეულის გასწვრივ მიმაგრებულია ბმული, რომელზე გადასვლითაც ნახავთ კონკრეტულ მონაკვეთებს, სადაც ბეტონის დაგება იგეგმება].

ქუჩის პრობლემატური მონაკვეთები მერიის მიერაა შერჩეული და შესაბამისი პროექტებიც თან ახლავს ტენდერს. მაგალითად, ამ ტენდერის ფარგლებში, მუსხელიშვილის ქუჩაზე ბეტონი დაიგება რუკაზე წითელი ფერით აღნიშნულ მონაკვეთებში:

მუსხელიშვილის ქუჩის მონაკვეთები, სადაც ბათუმის მერია ბეტონის დაგებას გეგმავს / ფოტო ტენდერიდან

ქუჩებისა და დასახლებების ჩამონათვალი:

აკაკი შანიძის მე-3 ჩიხი.
შანიძის მე-2 ჩიხი.
შანიძის ქუჩის ჩიხები.
ანა კალანდაძის ქუჩა 53-67.
დიდგორის ქუჩა 21, 43.
ვარშანიძის ჩიხები.
ზედაღელეს ქუჩა.
ზურაბ ნაჭყებიას ქუჩა.
თოდოგაურის დასახლება [ქუჩის მონაკვეთები ნახეთ აქ].
ლ. გოთუას ქუჩა და ჩიხები.
მაჭახელას ქუჩა N65-73.
მახვილაური 6,8,10,41,47.
ნიკო მუსხელიშვილის ქუჩა.
ურეხის დასახლება [ქუჩის მონაკვეთები ნახეთ აქ].
ყ. შერვაშიძის 42-70.
ავგიის მე-2 ჩიხი.
გაზაფხულის ქუჩა [პირველი შესახვევი].
გენერალ გ. კვინიტაძეს ქუჩის მონაკვეთები.
ევგენი მიქელაძის ქუჩა.
თამარ მეფის მე-3 შესახვევი.
მ. მაჭავარიანის შესახვევი.
წმ. თევდორეს ქუჩა.
ხაბაძის ქუჩა.

 

„ადვილია გადაბრალება“ – რა იციან სოფლის სამინისტროში ფუტკრების დახოცვაზე

მიზეზი ამ დრომდე არავის უკვლევია, თუმცა სოფლის მეურნეობის სამინისტროში თუ სურსათის ეროვნულ სააგენტოში ადასტურებენ იმას, რასაც მეფუტკრეები ამბობენ: ფუტკრები იხოცებიან. მეფუტკრეების თქმით, ქვეყანაში ფუტკრების დაახლოებით 60 პროცენტი განადგურდა და ამის მთავარი მიზეზი პრეპარატებია, რომელთა მიმართ ტკიპამ უკვე იმუნიტეტი გამოიმუშავა. ჩინოვნიკები ხელს მეფუტკრეებისკენ იშვერენ და ირწმუნებიან, რომ ისინი სპეციალისტებს არ უჯერებენ.

რატომ იხოცებიან ფუტკრები? – ეს აჭარის, ასევე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროებში არ უკვლევიათ. ფუტკრების დახოცვის მიზეზებზე განმარტების მისაღებად სამინისტროდან სურსათის ეროვნულ სააგენტოში გადაგვამისამართეს.

„პროცენტი როგორია არ ვიცი, მაგრამ, ჩვენი ინფორმაციით, არასწორად მკურნალობენ, მიდგომებია არასწორი, ასევე პრეპარატის შენახვის პირობები არ არის დაცული,“ – გვითხრა დემნა ხელაიამ, სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტდეპარტამენტის უფროსმა. მისი თქმით, სააგენტომ სამი წლის წინ დაიწყო იმ პრეპარატების ხარისხის კვლევა, რომლებიც საქართველოში იყიდება ფუტკრების დაავადებების საწინააღმდეგოდ. სურსათის ეროვნულ სააგენტოს ამ დრომდე დარღვევა ამ პრეპარატების ხარისხის კუთხით არ დაუდგენია.

„…ეს პრობლემა გამძაფრდა, რადგან, როგორც ჩანს, შეეგუა ტკიპა პრეპარატს. მეფუტკრეებს არ აქვთ გამოცდილება. მთელი წლის განმავლობაში უნდა ტარდებოდეს ეს ღონისძიებები,“ – მიიჩნევს დემნა ხელაია.

სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელს ვკითხეთ მჟავეებზე დამზადებული პრეპარატების შესახებაც. მაგალითად, აჭარის მეფუტკრეთა ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელი, მანანა ბოლქვაძე ამბობს, რომ ამ ტიპის პრეპარატს იყენებს თავად და ეს ეფექტურია, თუმცა მის გამოყენებას სპეციფიკური ცოდნა სჭირდება.

„ეს პრეპარატებიც შემოიტანეს და ხელმისაწვდომია… ჩვენ წელს ავიღეთ ასეთი 4 პრეპარატის სინჯი, რომელთა  პასუხებიც ჯერ არ ვიცით,“ – გვიპასუხა სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტდეპარტამენტის უფროსმა, დემნა ხელაიამ.

რის გამო დაიხოცნენ ფუტკრები? – ეს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს, ირმა აფახაზავასაც ვკითხეთ.

„ძირითადად ისინი აბრალებენ ამას ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებს, მაგრამ ეს არასწორი ინფორმაციაა. არ არსებობს მტკიცებულება, რაც დაადასტურებს, რომ ფაროსანას საწინააღმდეგო პრეპარატმა ზიანი მიაყენა ფუტკარს,“  – ამბობს „ბათუმელებთან“ ირმა აფხაზავა, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე.

ფუტკრების დახოცვის სავარაუდო მიზეზად კლიმატის ცვლილებებს და ჭარბტენიანობას ასახელებს მინისტრის მოადგილე. თუმცა ეს უფრო მისი ვარაუდია, რადგან კვლევა არ ჩატარებულა. ირმა აფხაზავას თქმით, პრობლემის გარკვევა, პირველ რიგში, თავად მეფუტკრეებმა უნდა სცადონ.

„მასობრივ ხოცვასთან დაკავშირებით არ ვიცი, არ გვაქვს ეს მონაცემები, ამ 60 პროცენტზე აპელირებაც არ შემიძლია… ჩვენ არ გამოგვიკვლევია მიზეზები, მიზეზის კვლევა უნდა დაიწყოს თვითონ მეფუტკრემ და მიმართოს, პირველ რიგში, ექსტენციონისტს [სპეციალისტი, რომელიც ადგილზე აძლევს რჩევას ფერმერს]… ჩვენი ექსტენციონისტები კარდაკარ დადიან,“ – გვიპასუხა ირმა აფხაზავამ.

თუ ექსტენციონისტები კარდაკარ დადიან და ფუტკრები იხოცებიან?

„ამას სჭირდება კვლევა, როგორც იცით, ჩვენ ვართ ძირითადად პროგრამულ ბიუჯეტზე მიბმული, ხოლო კვლევას ფინანსები სჭირდება. თუკი ფერმერები თავად წამოწევენ ამ საკითხს, დავგეგმავთ ამას. ჩვენთვის ფერმერს ან ფერმერთა ჯგუფს არ მოუმართავს,“ – აღნიშნა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ირმა აფხაზავამ.

მინისტრის მოადგილეს შევახსენეთ, რომ მეფუტკრეთა ასოციაციის ხელმძღვანელები ღიად საუბრობენ ამ პრობლემაზე. ასოციაციებში ასობით მეფუტკრეა გაწევრიანებული. მსგავს ვითარებაში რატომ სჭირდება  სამინისტროს მიმართვა, როცა მეფუკტრეობის სერიოზულ რისკზეა საუბარი?

„საჭიროებები მოდის ქვემოდან ზემოთ… კოორდინირებულად უნდა ვიმუშაოთ, ჩემთან კომუნიკაციის პრობლემა არავის აქვს, მოგვმართონ“, – გვიპასუხა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ.

„ადვილია სხვაზე გადაბრალება… ბევრ შემთხვევაში არ უჯერებენ სპეციალისტს,“ – ამას ზურაბ ვარშანიძე ამბობს. ის აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ექსტენციის განყოფილების უფროსია.

ზურაბ ვარშანიძე თავადაც მეფუტკრეა და ეთანხმება სხვა მეფუტკრეებს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ „ტკიპა შეეგუა პრეპარატს,“ მაგრამ ექსტენციონისტის აზრით, პრობლემა ახალი პრეპარატის გამოყენება ან არსებულის ხარისხი კი არა, არამედ მიდგომების ზუსტი ცოდნის დეფიციტია. კონკრეტული მონაცემი ზურაბ ვარშანიძესაც არ აქვს იმაზე, თუ რა ოდენობის ფუტკარი დაიხოცა, თუმცა ჩვენთან საუბრის დროს ამბობს: „დიდი ოდენობით გაწყდა ფუტკარი“.

„დაღუპულ სკებშიც შედიან ფუტკრები და იქ იპარავენ თაფლს. როცა თავის სკაში ბრუნდებიან, მოაქვთ თან ეს ტკიპა დაღუპული სკიდან…“ – გვიყვება ზურაბ ვარშანიძე. – „ადრე ერთხელ შეწამლავდნენ შემოდგომაზე და საკმარისი იყო. ახლა თითქმის 8-ჯერ არის საჭირო… ვადებს, მაგალითად, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. 1-2 დღის დაგვიანება და უკვე წყალში იყრება ყველაფერი. ძირითადად ფაროსანას აბრალებენ მეფუტკრეები, რომ აი, ფაროსანა შეწამლეს და ამან გაანადგურა ფუტკარიო, მაგრამ არაა სწორი. თუ დახოცვის პროცესში  დაგვიდაკვშირდა მეფუტკრე, ჩვენ დავადგენთ მიზეზსაც, რის გამო დაიხოცა ფუტკარი, შემდეგ უკვე რთულია. გვაქვს რამდენიმე წარმატებული შემთხვევა, როცა ჩვენი რჩევები გაითვალისწინეს მეფუტკრეებმა და გადარჩნენ ფუტკრები“.

ზურაბ ვარშანიძის თქმით, აჭარის რეგიონში 1000-მდე მეფუტკრეა. ექსტენციის განყოფილების ხელმძღვანელი ამბობს, რომ პროფესიონალი მეფუტკრე აჭარის ნებისმიერი მუნიციპალიტეტის სოფელში მოახერხებს უფასოდ მისვლას და დახმარებას, თუკი მოინდომებს ამას.

„მომართვიანობა დიდია, მაგრამ ზოგი არ გიჯერებს, ზოგი მოყვარულია, მაგალითად, 20-30 ოჯახი ვისაც აქვს და ის სხვა საქმეებზეა გადართული, ვერ იცავს ვადებს, სხვა პირობებს,“ – დასძინა ზურაბ ვარშანიძემ.

ექსტენციონისტების ჩართულობის გარდა მეფუტკრეებს ამ ეტაპზე აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ხელშეწყობას ფერმერული მეურნეობების განვითარების პროგრამის ფარგლებში სთავაზობს. მეფუტკრეებს შეუძლიათ 40 ათასამდე ლარის დაფინანსების მოპოვება საჭირო ინვენტარის შესაძენად, თუმცა ცოცხალ ფუტკარს ამ ფულით ვერ შეიძენენ.

როგორ მივხვდეთ ბავშვი ზარმაცია თუ დასწავლის უნარის დარღვევა აქვს?

„ზარმაცია“, „სკოლაში წასვლას ვერ იტანს“,  „არ უყვარს სწავლა“, „კითხულობს და ვერაფერს იმახსოვრებს“, „სულ ეფანტება ყურადღება“, „სწავლობს, მაგრამ მოყოლას ვერ ახერხებს“ – ასე და კიდევ ბევრნაირად ჩივიან მშობლები შვილებზე, რომლებსაც შესაძლოა ინტელექტიც ასაკის შესაბამისი აქვთ და არც რაიმე დიაგნოსტირებული დაავადების მატარებლები არიან, მაგრამ მაინც აქვთ დასწავლის პრობლემები.

როგორც ფსიქოლოგები მიიჩნევენ, დასწავლის უნარის დარღვევა ბავშვებში ინფორმაციის გადამუშავების პროცესის სპეციფიკურობითაა გამოწვეული.

რამდენად ხშირად აქვთ ბავშვებს დასწავლის პრობლემა, როგორ უნდა გაარჩიოს მშობელმა სიზარმაცე დასწავლის უნარის დარღვევისგან, რით და როგორ შეუძლიათ  ამ უნარის დარღვევის შემთხვევაში მშობლებსა და მასწავლებლებს ბავშვების დახმარება? – ამ და სხვა საკითხებზე „ბათუმელები“ ფსიქოლოგსა და მენტალური ჯანმრთელობის ცენტრის აკადემიურ თერაპევტს, ნესტან კაპანაძეს ესაუბრა, რომლის საქმიანობაც მენტალური ჯანმრთელობის ცენტრში სხვა საკითხებთან ერთად არის ბავშვების შეფასება, მათთვის ინდივიდუალური გეგმის შედგენა და განვითარების სპეციფიკური პროგრამის მომზადება.

  • ნესტან, რამდენად გავრცელებული პრობლემაა დღეს ბავშვებში დასწავლის სირთულე?

სამწუხაროდ საქართველოში ამის ზუსტი სტატისტიკა არ გვაქვს, შესაბამისად უცნობია სასკოლო ასაკის რამდენ ბავშვს აქვს დასწავლის უნარის დარღვევა. დიდი ბრიტანეთის მონაცემებით, მაგალითად, 5-დან ერთ მოსწავლეს აქვს ამ უნარის გარკვეული სახის სირთულე – დისლექსია ან ჰიპერაქტივობისა და ყურადღების დეფიციტის სინდრომი. კანადის მონაცემებით კი ბავშვების 3,2%-ს აქვს დასწავლის უნარის დარღვევა.

მოდით თავიდანვე ვთქვათ, რომ ზოგადი ტერმინი „დასწავლის უნარის დარღვევა“ გამოიყენება იმ ბაზისური ფსიქიკური პროცესების დარღვევის აღსანიშნად, რაც გავლენას ახდენს წერის, კითხვის, მოსმენის, საუბრის, მსჯელობის და მათემატიკური უნარების განვითარებაზე.

მიჩნეულია, რომ დასწავლის უნარის დარღვევა გამოწვეულია ინფორმაციის გადამუშავების პროცესის სპეციფიკურობით.

ასეთი მოსწავლეების უმრავლესობას ნორმალური ან ნორმაზე მაღალი ინტელექტი აქვს, თუმცა უჭირთ წერა, კითხვა ან/და მათემატიკური მოქმედებების შესრულება, რადგან მათი ტვინი ინფორმაციას სხვაგვარად ამუშავებს.

  • როგორ ამოვიცნოთ, რომ ბავშვს დასწავლის უნარი აქვს დარღვეული და როგორ განვასხვავოთ ეს დარღვევა სიზარმაცისგან?

დიახ, დასწავლის უნარის დარღვევის მქონე მოსწავლე მასწავლებელს ან მშობელს შესაძლოა უბრალოდ ზარმაცი ეგონოს, რაც არასწორია. ჩამოვთვალოთ დარღვევისთვის დამახასიათებელი ის ნიშნები, რომელთა შემჩნევის შემდეგაც საჭიროა მივმართოთ სპეციალისტს დროული დიაგნოსტირებისთვის.

ეს ნიშნები შეიძლება იყოს:

  • ანბანის სწავლისა და სიტყვების წაკითხვის სირთულე;
  • შეცდომები ხმამაღლა კითხვისას, ხშირი გამეორება ან გაჩერება;
  • წაკითხულის გაგების სირთულე;
  • ენის სწავლის დაგვიანება და შეზღუდული ლექსიკონი;
  • აზრის წერილობით გადმოცემის სირთულე;
  • ბგერის გამოთქმის ან სიტყვებს შორის მცირე განსხვავების შემჩნევის სირთულე;
  • სათქმელის ორგანიზების ან საჭირო სიტყვის პოვნის სირთულე;
  • მათემატიკური სიმბოლოების აღრევა ან რიცხვების შეცდომით წაკითხვა;
  • ამბის თანმიმდევრობით მოყოლის სირთულე;
  • ამოცანის თანმიმდევრობის განსაზღვრის პრობლემები.

სასკოლო და სახლის გარემოში ბავშვები შესაძლოა ავლენდნენ:

  • ინსტრუქციების მიყოლის და რუტინის სწავლის პრობლემას;
  • სკოლაში წასვლის შიშს;
  • საშინაო დავალებების შესრულების სირთულეს;
  • ახალი უნარების დასწავლის სირთულეს, ასევე რიცხვების, ანბანის, კვირის დღეების, ფერების, ფორმების დასწავლის პრობლემებს.

 

  • რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება დასწავლის სირთულის მქონე ბავშვებთან მუშაობისას?

უპირველესად მნიშვნელოვანია დადასტურდეს სპეციალისტისგან დასწავლის სირთულის არსებობა და მისი გავლენა აკადემიური მოსწრების გარდა კომუნიკაციის უნარსა და თვითშეფასებაზე.

ბავშვი, ცხადია, პროფესიონალმა უნდა შეაფასოს. საჭიროა განისაზღვროს მოსწავლის ძლიერი და სუსტი მხარეები და შედგეს განვითარების პროგრამა, რომელიც მიმართულია როგორც კითხვის, წერის და არითმეტიკის უნარების გაუმჯობესებაზე, ასევე თვითშეფასების ამაღლებაზე. ამ პროცესში აუცილებელია მასწავლებლის, მშობლისა და პროფესიონალის შეთანხმებული მოქმედება, თანამშრომლობა.

  • აქვთ თუ არა დასწავლის სირთულის მქონე მოსწავლეებს სოციალური უნარების დეფიციტი?

დიახ, მათ ხშირად აქვთ სოციალური კომუნიკაციის, ბავშვებთან ურთიერთობის, მეგობრების შეძენის და სოციალური სიტუაციების გაგების პრობლემებიც.

დასწავლის სირთულის მქონე ბავშვები შესაძლოა უგულებელყოფდნენ სოციალურ ნორმებს, არასწორ ინტერპრეტაციას უკეთებდნენ თანამოსაუბრის სხეულის ენას ან ჰქონდეთ იუმორის გაგების სირთულე. ასეთი „სოციალურად მოუქნელი“ ბავშვი შეიძლება გახდეს დაცინვის ან ჩაგვრის ობიექტი თანატოლების მხრიდან.

მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ რა უდევს საფუძვლად ამ სირთულეს. იმისათვის, რომ დავაკავშიროთ დასწავლის სირთულე და სოციალური ურთიერთობის პრობლემა, უნდა გავერკვიოთ იმ კოგნიტურ პროცესებში, რომლებიც წარმატებული სოციალური ინტერაქციის საფუძველია.

  • რა იწვევს დასწავლის სირთულის მქონე ბავშვის სოციალურ „მოუქნელობას“?

სოციალური ინტერაქცია მოიცავს ახალი ინფორმაციის გადამუშავებას, სიტუაციის ანალიზს და მასზე რეაგირებას. ჩვენ ამ ინტერაქციაზე ინტუიციურად და მყისიერად ვპასუხობთ, „უბრალოდ ვიცით“ როგორ ვუპასუხოთ. სინამდვილეში კი ეს არის მრავალსაფეხურიანი კოგნიტური პროცესი: ჯერ უნდა გავიგოთ, რა იყო ნათქვამი, შემდეგ ორგანიზება გავუკეთოთ ჩვენს აზრს, ამის შემდეგ კი პრიორიტეტი მივანიჭოთ პასუხს და შესაბამისი გზით გამოვხატოთ.

მოდი ვიფიქროთ ამ „მყისიერ“ სოციალურ ინტერაქციაზე, როგორც მათემატიკურ ამოცანაზე და დავყოთ შემადგენელ ნაწილებად. ასეთ შემთხვევაში აღმოჩნდება, რომ დასწავლის სირთულისა და ყურადღების დეფიციტის მქონე ბავშვს პრობლემა შესაძლოა შეექმნას ამ პროცესის ისეთ საფეხურზე, როგორიცაა:

  • ახალი ინფორმაციისა და სიტუაციის გაგება – შესაძლოა იყოს ინფორმაციის დახარისხების, შერჩევის, სოციალური ნიმუშების მოძიების და სოციალური წესების ინტუიციური გაცნობიერების სირთულე. გარდა ამისა, შესაძლოა ბავშვი ვერ იგებდეს ისეთ სიტუაციას, რაც იუმორს მოიცავს.
  • ინფორმაციის ორგანიზება და სასურველი პასუხის მოძიება – იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბავშვი იაზრებს სიტუაციას და იცის პასუხი, შესაძლოა  ვერ გადმოსცეს პასუხი სწორად. ასევე, ვერ აარჩიოს სწორი სტიმული, მაგალითად, არ მიაქციოს მასწავლებლის კითხვას ყურადღება და ამის ნაცვლად კონცენტრირდეს თანაკლასელის კომენტარზე.
  • ექსპრესიული ენის პრობლემა – მიუხედავად იმისა, რომ ბავშვს შესაძლოა არ ჰქონდეს არავერბალური მინიშნებების წაკითხვისა და გაგების პრობლემა, სამეტყველო ენის განვითარების დარღვევის გამო შესაძლოა გაუჭირდეს „შესაბამისი“ სიტყვის მოძებნა. ამასთანავე, ლექსიკური მარაგის სიმწირემ და სიტყვების არასწორად გამოთქმამ შეიძლება კიდევ უფრო გაართულოს დიალოგი.

 

  • როგორ შეიძლება დავეხმაროთ დასწავლის სირთულის მქონე ბავშვს წარმატებულ სოციალურ ინტერაქციაში?

დახმარების პირველი ნაბიჯი არის იმის ახსნა, რომ ის ისეთივე ჭკვიანია, როგორც ყველა სხვა ბავშვი. ამასთან, აუცილებლად უნდა დავეხმაროთ იმ უნარების განვითარებაში, რაც მას აკადემიურად და სოციალურად წარმატებულს გახდის.

ამასთანავე, უნდა გავაგებინოთ საკუთარი სისუსტეც. ახსნისას პრობლემა უნდა შევადაროთ მრავალსაფეხურიან მათემატიკურ ამოცანას. ჩვენი მიზანია დავეხმაროთ ბავშვს, გახდეს მდგრადი და უკუკავშირისთვის გახსნილი.

როცა ის უშვებს შეცდომებს, ჩვენ შეგვიძლია ვუთხრათ: „შენ მიიღე ცუდი გადაწყვეტილება, რომელმაც ნეგატიური რეაქცია გამოიწვია შენს თანაკლასელებში, მოდი, ერთად ვნახოთ გამოსავალი“. არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოვიყენოთ ისეთი ფრაზები, როგორიცაა: „შენ არაორგანიზებული ხარ, უფრო ყურადღებით უნდა იყო“ და ა.შ.

  • რა გავლენას ახდენს ბავშვის ურთიერთობებსა და დასწავლის უნარზე მისი თვითშეფასება?

შესაძლოა ყველა ბავშვს ჰქონდეს თავდაჯერებულობის პრობლემა მიუხედავად იმისა, როგორია მისი დასწავლის უნარი.

დასწავლის სირთულის მქონე მოსწავლეები ცდილობენ დამალონ თავიანთი პრობლემა მასწავლებლისა და თანატოლებისგან, რაც გავლენას ახდენს მათ თვითშეფასებაზე. დროთა განმავლობაში მათ უყალიბდებათ უმწეობის განცდა, თავიანთი აკადემიური მიღწევების გამო. თავს იკავებენ გამოთქვან აზრი ან მიიღონ მონაწილეობა სხვადასხვა აქტივობაში. შესაძლოა თავი იჩინოს სკოლასთან დაკავშირებულმა შიშებმა იმ მოთხოვნების გამო, რაც მათთვის სირთულეს წარმოადგენს.

აუცილებელია ვიზრუნოთ მისი თვითშეფასების ამაღლებაზე, წავახალისოთ ისეთი აქტივობები, რაც კარგად გამოსდით და ვაქციოთ ეს მოტივატორად.

  • რა მნიშვნელობა აქვს დასწავლის სირთულის მქონე ბავშვებთან მუშაობისას მშობლებისა და მასწავლებლების ადეკვატურ რეაგირებას და ამ დროს გამოყენებულ ლექსიკას?

იმისათვის, რომ ვიცოდეთ როგორ მოვიქცეთ დასწავლის სირთულის მქონე მოსწავლეებთან, პირველ რიგში უნდა დავაზუსტოთ ამ პრობლემის არსებობა. სწორი სტრატეგიების დაგეგმვა პროფესიონალის მხრიდან და შესაბამისი გარემოს შექმნა სკოლასა და სახლში არის წარმატების საფუძველი. მშობელი და მასწავლებელი უნდა იყოს მხარდამჭერი და ნებისმიერი მცდელობა მოსწავლის მხრიდან, დაძლიოს სირთულე, უნდა იყოს წახალისებული.

ჩვენ არ უნდა გამოვიყენოთ ისეთი გამოთქმები, როგორიცაა: „უფრო ყურადღებით იყავი“, „უფრო მეტად უნდა ეცადო“ და ა.შ.

ასეთი ფრაზებით ჩვენ პრობლემის დაძლევის პასუხისმგებლობას ბავშვს ვაკისრებთ.

ამის საპირისპიროდ ჩვენ მას უნდა ავუხსნათ, რა არის მისი სირთულე, ვასწავლოთ სტრატეგიები, რომლებიც დაეხმარება თავი გაართვას როგორც აკადემიური მიღწევის, ასევე სხვადასხვა სოციალურ სიტუაციაში წარმოქმნილ პრობლემებს.

კონფლიქტები სკოლაში – რას ჰყვებიან მასწავლებლები

მეექვსეკლასელ მოსწავლეებს შორის კონფლიქტი ხუთი თვის წინ დაიწყო. ორმა მოზარდმა თანაკლასელს სცემა, აიძულა დაეჩოქა და ისე მოეხადა მათთვის ბოდიში. შემდეგ დაჩაგრული ბავშვის ბებიამ სწორედ იმავე მეთოდით აიძულა მჩაგვრელები ბოდიში მოეხადათ მისი შვილიშვილისთვის. ამის ამსახველი ფაქტი კი ერთ-ერთმა მშობელმა ტელეფონით გადაიღო. ბებიის წინააღმდეგ პოლიციამ გამოძიება დაიწყო. დასრულდა თუ არა ამით ბავშვებს შორის კონფლიქტი? – „რა თქმა უნდა, არა“ – ამბობს ჩიბათის სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ლადო აფხაზავა.

როგორ უნდა აგვარებდეს კონფლიქტს მშობელი, სკოლა და როგორ ვაგვარებთ დღეს, სწორედ ამ თემაზე ესაუბრა „ბათუმელები“ მასწავლებლებს.

„ეს კონკრეტული მაგალითი და სხვა შემთხვევებიც გვაჩვენებს, რომ მშობლების რეაქცია ხშირად ახალი ძალადობის მაპროვოცირებელია, ვიდრე პრობლემის მომგვარებელი.

მაგალითად, მშობელი მოდის სკოლაში იმიტომ, რომ იძალადოს იმ ბავშვზე, რომელმაც მისი შვილი დაჩაგრა. მნიშვნელოვანია, რომ მშობლებმა იცოდნენ კონფლიქტის მოგვარება და ბავშვისთვის როლური მოდელი არ გახდეს თავად მშობელი“, – ამბობს ლადო აფხაზავა.

პედაგოგის აზრით, როცა ბავშვზე ვიღაც ძალადობს და ის  ამას ატყობინებს მშობელს, მან უნდა სცადოს მშვიდობიანად მოაგვაროს ეს პრობლემა.

ლადო აფხაზავა პირად გამოცდილებასაც გვიზიარებს და ამბობს, რომ ბავშვობაში მშობელს ჩაგვრის შესახებ მხოლოდ იმიტომ არ მოუყვა, რომ მისი რეაქციების შეეშინდა.

„თანაკლასელს შემთხვევით გავარტყი პლასტელინი, მშობელი მოვარდა სკოლაში და პირდაპირ საკლასო ოთახში, ჩემი მასწავლებლისა და კლასელების წინაშე მცემა. მაშინ პატარა ვიყავი, მაგრამ მივხვდი, რომ თუ ამ ამბავს ვეტყოდი ჩემს მშობელს, ისიც იმავეს გააკეთებდა ალბათ.

ამიტომ ხშირად ბავშვობის პერიოდში ბავშვები ჩუმდებიან ჩაგვრაზე, როდესაც მშობლებს მკვეთრი რეაქციები აქვთ. გაგიჟდებიან ხოლმე -„მოვალ სკოლაში და ნახავ რას ვუზამ“, დარეკავენ მასწავლებლებთან, ატყდება ერთი ალიაქოთი, მაშინ ბავშვი ხვდება, რომ თუ მასზე ვინმე იძალადებს მომავალში, მშობელს აღარ ეტყვის ამის შესახებ“, – ამბობს ლადო აფხაზავა.

მისი აზრით, ხშირად მშობლები გაუაზრებლად იქცევიან, რადგან მათ არ აქვთ ცოდნა კონფლიქტის მოგვარების – როგორ დაელაპარაკონ მჩაგვრელს. ლადო აფხაზავას თქმით, თუ მშობელი მშვიდობიანად შეძლებს ბავშვებს შორის გაჩენილი პრობლემის მოგვარებას, მას სხვა დროსაც ენდობა შვილი და ეტყვის პრობლემის შესახებ. სხვა შემთხვევაში კი დაუმალავს ამბავს.

„სამოქალაქო განათლებაში გვაქვს ხუთი თითის აქტივობა. ვეუბნები ბავშვს ჩამოწეროს ის ხუთი ადამიანი, ვისაც ძალადობის შემთხვევაში ენდობა და ეტყვის. ძალიან სასიამოვნოა, როცა ისინი დედას, მამას წერენ თითების გასწვრივ, მაგრამ როცა ვაკეთებთ რეფლექსიას, ბავშვები ამბობენ, რომ „დედას და მამას ვერ ვეტყვი, რადგან უდიდესი რეაქციები ექნებათ“, „უარესი შეიძლება დაუშავონ იმ ბავშვს და ამას მაყურებინონ“. აქედან გამომდინარე, მშობლებზე ძალიან დიდი პასუხისმგებლობა მოდის“, – ამბობს ლადო აფხაზავა.

ის საკუთარ გამოცდილებაზეც გვიყვება. ამბობს, რომ როცა ვინმე ძალადობს თავის მოსწავლეზე და იგებს ამის შესახებ, არ გამოხატავს ემოციებს და მშვიდ გარემოში ცდილობს დაელაპარაკოს მოძალადეს. „ვუთხარი, რომ არ შეიძლება ასე გაგრძელდეს. ორივე მხარე დავსვი და მივეცი შესაძლებლობა, რომ ესაუბრათ. ზოგჯერ მჩაგვრელი ვერც კი აცნობიერებს, რომ ვიღაცას გულს სტკენს“, – ამბობს ლადო აფხაზავა.

მისი თქმით, ის არასდროს ტოვებს კონფლიქტს შუა გზაზე და სანამ არ დარწმუნდება, რომ ბავშვებს შორის ნამდვილად დასრულდა გაუგებრობა, მოზარდები დაკვირვების ქვეშ ჰყავს.

ის იხსენებს შემთხვევას, რომელიც სწორედ გულგრილობის თუ კონფლიქტის არასწორად შეფასების ნათელი მაგალითია.

„ჩემს სოფელში, ნიგვზიანში, გვერდიგვერდ ცხოვრობდა ორი თანაკლასელი და ბავშვობიდან მოყოლებული სულ კონფლიქტი ჰქონდათ. უჩხუბიათ კიდეც სკოლაში, ცუდ სიტყვებსაც ეძახდნენ ერთმანეთს თურმე, მაგრამ სკოლამ ვერ მოაგვარა ეს პრობლემა. ვერავინ შეაფასა სათანადოდ მათ შორის არსებული დაპირისპირება. არავინ უთხრა, რომ „მოდი დავსხდეთ და გავარკვიოთ.

წინა ზაფხულს გავარდა თოფი და კლასელმა მოკლა კლასელი. 68 წლის იყვნენ უკვე ეს ადამიანები. ამდენი ხნის შემდეგ, როდესაც ყველაფერი ასე დამთავრდა, სწორედ მაშინ დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ თურმე ბავშვობიდან ჰქონდათ მათ პრობლემები და დაპირისპირება. სწორედ ბავშვობის კონფლიქტს ვერ პატიობდნენ ისინი ერთმანეთს და არც არავინ ყოფილა მედიატორი მათ შორის, არავინ ჩარეულა მათი პრობლემის მოგვარებაში“, – გვეუბნება ლადო აფხაზავა. მისი თქმით, უფროსები კონფლიქტის მომგვარებლები, მედიატორები უნდა იყვნენ და არა რეაქციების გამომხატველები.

მისი თქმით, თუ მშობელი იმაზე უარესად იქცევა, ვიდრე მჩაგვრელი ბავშვი, ეს ფაქტი კიდევ უფრო დაამძიმებს ბავშვების ფსიქოლოგიურ მდგომარეობას და მათი გონებიდან შესაძლოა არც წაიშალოს ამ კონფლიქტის კვალი.

„იმ მეექვსეკლასელების შემთხვევაშიც უფროსები უარესები აღმოჩნდნენ“, – ამბობს აფხაზავა. მისი აზრით, მშობლებსაც უნდა ვასწავლოთ პრევენციის და მედიაციის გზები, რომ პრობლემის მოგვარების კრიმინალური წესებს არ მიმართონ.

აფხაზავას აზრით, დღეს ყველაზე ხშირად მაინც კონფლიქტის ზედაპირულ მოგვარებას ვხედავთ სკოლებში: „ბავშვებო, მოდით ახლა შერიგდით“, „ჩამოართვით ხელი ერთმანეთს“ – ასე კონფლიქტი არ გვარდება.

„მე, პირადად, უამრავი საყვედური მაქვს მოსმენილი იმის გამო, რომ ბოლომდე მივყვებოდი ამბავს. ერთხელ ორ ბიჭს შორის ისე დაიძაბა ურთიერთობა, რომ ხელითაც შეეხნენ ერთმანეთს. სამი გაკვეთილის გადადება დამჭირდა, რომ ეს პრობლემა მოგვარებულიყო“, – გვეუბნება ლადო. მას ვკითხეთ, თუკი არ ჩაერეოდა, რითი შეიძლება დასრულებულიყო ეს ამბავი,  „აუცილებლად გაგრძელდებოდა სკოლის გარეთ, ორივე მხარეს გამოუჩნდებოდა მხარდამჭერები და შესაძლოა შედეგი გაცილებით უარესი ყოფილიყო, ვიდრე ის პრობლემა, რის გამოც დაუპირისპირდნენ მოზარდები ერთმანეთს“, – გვეუბნება ის.

ლადო ამბობს, რომ როცა კონფლიქტი მშვიდობიანად და ბოლომდე გვარდება, ასეთ დროს ხშირად მეგობრდებიან კიდეც მოზარდები. „წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მტრობა რჩება დიდხანს“.

აფხაზავას თქმით, ამ საკითხზე სკოლას და მშობლებს არ აქვთ შეთანხმება, რომ მეტი დრო დაეთმოს კონფლიქტების თემის განხილვას. „მშობელთა კრებების დროსაც მშობლებს მარტო ნიშნები აინტერესებთ და აკადემიურ მოსწრებაზეა საუბარი. ქცევის კორექციის საკითხები ან სხვა შემთხვევის განხილვა ნაკლებად ხდება“, – გვეუბნება ლადო აფხაზავა.

თსუ-ს ასოცირებული პროფესორი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ზაქარია ქიტიაშვილი საუბრობს იმაზე, რომ სკოლა ვალდებულია ასწავლოს ბავშვებს კონფლიქტების მოგვარება, თუმცა ხშირად ეს ვალდებულება იგნორირებულია.

„კონფლიქტების მოგვარებას გვავალდებულებს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი. რომ  სასწავლო გარემოს კომპონენტში უნდა ვფლობდეთ კონფლიქტის მოგვარების, პრევენციის გზებს და პრაქტიკაშიც უნდა ვიყენებდეთ მას. ეს არის ნებისმიერი მასწავლებლის ფუნდამენტური ვალდებულება“.

ზაქარია ამბობს, რომ მასწავლებელი კონფლიქტებს უნდა მართავდეს როგორც ფორმალურ, ასევე არაფორმალურ გარემოში, იქნება ეს ექსკურსია, თეატრი თუ საკლასო ოთახი. „ჩვენ, მასწავლებლები, ამ უნარებს უნდა ვფლობდეთ და ვიყენებდეთ.“

ზაქარია ასევე საუბრობს იმ რესურსების არაეფექტურ მიწოდებაზე, რაც ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანია პედაგოგებისთვის.

„რეალურად ჩვენ, პედაგოგებს, შეგვიძლია ეს ცოდნა მივიღოთ ტრენინგებით. ასევე ვფიქრობ, რომ კონფლიქტების მოგვარების კომპონენტი აუცილებლად უნდა იყოს ინტეგრირებული და ჩაშენებული მასწავლებლის მომზადების პროგრამებში როგორც საბაკალავრო-სამაგისტრო, ასევე 60-კრედიტიან პროგრამაში, რადგან დარგობრივი დოკუმენტები ამას ითვალისწინებს.

შემდეგი გზა არის თვითგანვითარება, მოვიძიოთ მასალები, დავისწავლოთ და ვმართოთ. თუმცა ეს მასალებიც ძალიან გაბნეულად არის მიწოდებული მასწავლებლებისთვის, ჟურნალ „მასწავლებელშიცაა“  მსგავსი მასალები, მაგრამ სტანდარტის გზამკვლევშია ეს მასალები გაბნეული. არა მგონია, დაჯდეს მასწავლებელი და სტანდარტის თითოეული მუხლის შესაბამისად ეძებოს ეს ინფორმაცია. ყველაზე კარგი იქნებოდა, სტანდარტის მიხედვით თემატურ ჯგუფებად გაერთიანებული მასალა გვქონდეს მზად მასწავლებლებს“, – ამბობს ზაქარია.

მისი თქმით, პედაგოგებს ასევე დაეხმარება ფსიქოლოგ მაია ცირამუას სახელმძღვანელოც მედიაციის თემაზე. „თუმცა ასე ალაგ-ალაგ კრეფას სჯობს თემატური კატალოგიზაციით იყოს სტანდარტის მიხედვით აგებული და მოწოდებული“.

ზაქარია ქიტიაშვილი, ისევე როგორც ლადო აფხაზავა, იხსენებს პირად გამოცდილებას და ისიც მომხრეა იმის, რომ კონფლიქტის საბოლოო ამოწურვამდე მივყვეთ ამბავს.

„კაი, გეყოფათ ახლა“, – გითქვამს იმ მომენტისთვის, გაგიშველებია და შემდეგ ყურადღება აღარ მიგიქცევია. ხშირია დამოკიდებულება, რომ „რა მოხდა, ბავშვები კამათობენ“, „არაუშავს, ბავშვები არიან“, „გარდატეხის ასაკია“ – ეს არის ყველაზე ტრივიალური შეცდომა, რასაც ვუშვებთ ხოლმე. მაინც და მაინც დანის ტრიალი არ არის საჭირო, რომ კონფლიქტის სიმწვავე დაინახო“, – ამბობს ზაქარია ქიტიაშვილი.

მისი თქმით, მედიაციის ხელოვნება მრავალკომპონენტიანია და ეს საკითხი ბევრ მიმართულებაში შეიძლება შეგვხვდეს, „ეს არის განვითარების, ასაკობრივი ფსიქოლოგია, კონფლიქტოლოგია და ასე შემდეგ.

სამი ინდიკატორია მასწავლებლის შესაფასებლად – თავისი საგნის ცოდნა, სწავლების მეთოდოლოგიის შესაძლებლობები და პიროვნული მახასიათებლები. მხოლოდ პირველი ორის ფლობა არასაკმარისია და სერიოზულ პრობლემებს აჩენს.

პიროვნული მახასიათებლების და ეთიკის კომპონენტში ლადო აფხაზავა იხსენებს, მაგალითად, რელიგიური კონფლიქტის თემას, როცა მასწავლებელი არათუ კონფლიქტის მოგვარების, არამედ ინსპირაციის მხარეს იდგა.

„როცა ანთებული სანთლებით მიგყავს ბავშვები და კოლეგები მეჩეთთან და დგები, ეს კონფლიქტის მაპროვოცირებელია და თუ მასწავლებელი ხარ, ასეთი რამ ბავშვს არ უნდა გააკეთებინო,“ – ამბობს ლადო.

ზაქარიაც მიიჩნევს, რომ მასწავლებლის ეთიკის სტანდარტებს სჭირდება აღსრულება და არა მხოლოდ ფურცელზე დაწერა.

„ჩვენ ქვეყანაში გვაქვს სწორედ აღსრულების პრობლემა. არც სკოლის დირექციის მხრიდან, არც მასწავლებლების მხრიდან პრაქტიკაში არ კეთდება ის, რაც კანონში გვიწერია. თუნდაც ის, რომ 10 404 ბავშვი ვერ იღებს განათლებას, რაც კონსტიტუციის დარღვევაა, მოეკითხა ვინმეს პასუხი ამაზე? მასწავლებელს პირდაპირ უწერია კანონში, რომ არ უნდა მოამზადოს საკუთარი მოსწავლე, იცავს ამ კანონს ვინმე? ასეა კონფლიქტების ამბავშიც. კანონებში გვიწერია, მაგრამ აღსრულებაში გვაქვს პრობლემა“, – ამბობს ქიტიაშვილი.

პედაგოგების აზრით, სწავლება ადამიანურ ღირებულებებზე უნდა იყოს დაფუძნებული. „რადგან მხოლოდ ცოდნის ჩატენვით, თუკი ბავშვი არ არის აღზრდილი, მას ვაძლევთ ცოდნას, რომელიც შეიძლება ცუდ საქმეში გამოიყენოს“, – ამბობს ლადო.

ზაქარია კი მიიჩნევს, რომ დღეს სამასწავლებლო ხელოვნება მიკროსკოპის ქვეშაა, სწორედ ამიტომ ჩანს ყველა ხარვეზი და პრობლემა ასე აშკარად და ზედაპირზე. „მსგავს მდგომარეობაშია ქვეყანაში ყველა სფერო, მათ შორის მედიცინა, ინჟინერია და ასე შემდეგ. როცა მთელი „სხეული“ ავადაა, მარტო განათლება ვერ იქნება ჯანმრთელი“, – ამბობს ის.

ქობულეთის მეორე საჯარო სკოლაში 2 მოსწავლეს კოვიდი დაუდასტურდა

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინფორმაციით, ქობულეთის მეორე საჯარო სკოლაში მე-11 და მე-6 კლასის ორ მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა. აღნიშნული კლასები ონლაინსწავლებაზე გადავიდა.

ამავე სკოლაში კორონავირუსის ერთი შემთხვევა 11 თებერვალსაც დადასტურდა. ჯანდაცვის ცენტრში მაშინ განაცხადეს, რომ კლასში ვირუსის გავრცელების საფრთხე მინიმალური იყო, თვითიზოლაციაში კი მხოლოდ მოსწავლის ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ.

ამ შემთხვევაშიც, როგორც სკოლის დირექტორმა ნანი ცივაძემ გვითხრა, კორონავირუსი ბავშვების მშობლებს დაუდასტურდათ ჯერ და სწორედ მათ შეატყობინეს სკოლას ამის შესახებ.

„ეს ბავშვები პარასკევს იმყოფებოდნენ სკოლაში, თუმცა კლასში ყველა მოსწავლე პირბადითაა და ვიცავთ წესებს. ჩვენ, მასწავლებლებს, ყველა მე-14 დღეს გვიტარდება ტესტიტება, ახლა გავიკეთებთ და ვნახავთ,  ვართ თუ არა რომელიმე პედაგოგი ინფიცირებული.“

განათლების სამინისტროს ბოლო ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით მოსწავლეებისა და პედაგოგების 0.1 პროცენტია კოვიდით ინფიცირებული.

Exit mobile version