მთავარი,სიახლეები

მუსლიმთა სამმართველოს ყოფილი შეიხი პროკურატურას დაზარალებულად ცნობას სთხოვს

24.03.2021 • 1129
მუსლიმთა სამმართველოს ყოფილი შეიხი პროკურატურას დაზარალებულად ცნობას სთხოვს

დღეს, 24 მარტს, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ყოფილი შეიხი ვაგიფ აქპეროვი და TDI კიდევ ერთხელ მიმართავენ განცხადებით საქართველოს პროკურატურას და მოითხოვენ ვაგიფ აქპეროვის დაზარალებულად ცნობას. ასევე თანამდებობიდან მისი იძულებით გადაყენების ფაქტის დაუყოვნებლივ, ყოველმხრივ და ობიექტურ გამოძიებას.

„ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“ განცხადებით, 2021 წლის 21 მარტს ტელეკომპანია „მთავარის“ გადაცემა Post-Factum-ში გავრცელებული ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის, ივანე გულაშვილის ინტერვიუს მიხედვით, (ტელეკომპანიის ცნობით, ინტერვიუ ჩაწერილია 2019 წლის 24 ნოემბერს), მისი მონაწილეობით ვაგიფ აქპეროვის კომპიუტერზე ვირუსული ფაილი ფარულად ჩაიტვირთა შეიხის პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ფარულად მოპოვების მიზნით (აუდიო-ვიდეო თვალთვალი).

გულაშვილის განცხადებით, მან ეს ოპერატიული დავალება შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (კუდ) ყოფილი მაღალჩინოსნისგან, ნიკოლოზ შარაძისგან მიიღო, რომელიც ამჟამად შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელია.

„ვაგიფ აქპეროვი, რომლის ინტერესებსაც TDI იცავს, 1996 წლიდან მუსლიმი სასულიერო პირია. იგი მონაწილეობდა ინტერრელიგიური დიალოგის სხვადასხვა ფორმატში, ასევე სამოქალაქო ცხოვრებაში აქტიური ჩართულობით გამოირჩევა. 2011 წლიდან ვაგიფ აქპეროვს ეკავა „სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს“ შეიხის (შიიტური მიმდინარეობის უმაღლესი სასულიერო პირი) თანამდებობა და მსახურებდა თბილისის ცენტრალურ, „ჯუმა“ მეჩეთში.

2012 წელს, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, სახელმწიფომ მასზე ზეწოლა, ხოლო მუსლიმთა სამმართველოს საქმიანობაში უხეში ჩარევა დაიწყო“, – აცხადებს TDI.

ამავე წყაროს ცნობით, 2013 წლის 27 დეკემბერს იგი დაიბარეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, ე.წ.მოდულის შენობა, სადაც, აქპეროვის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მას პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის გავრცელებით და რეპუტაციის შელახვით დაემუქრნენ, მიანიშნებდნენ ოჯახის წევრებისთვის დაბრკოლებების შექმნის შესაძლებლობაზე. მისგან მოითხოვდნენ დაეწერა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება, შეეწყვიტა მეჩეთში სიარული და არ ჰქონოდა ურთიერთობა უფლებადამცველ ორგანიზაციებსა და მედიასთან. ზეწოლის შემდეგ, აქპეროვი იძულებული გახდა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების კარნახით, ე.წ. მოდულის შენობაშივე დაეწერა განცხადება შეიხის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ.

„რელიგიური ლიდერის თქმით, აღნიშნული განცხადება 2014 წლის 9 იანვარს, შინაგან საქმეთა სამინისტროდან პირდაპირ „სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს“ მმართველობითი ორგანოს, რელიგიური საბჭოს კრებაზე აღმოჩნდა და შეიხს საბჭოს გადაწყვეტილებით უფლებამოსილება შეუწყდა. ვაგიფ აქპეროვს უფლებამოსილება 2014 წლის 9 იანვარს შეუწყდა, რის შემდეგაც მას არაერთხელ დაუკავშირდნენ უცნობი პირები (მისი ვარაუდით, შსს-ის ან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები), რომლებიც სთავაზობდნენ შეხვედრას და დუმილის სანაცვლოდ მაღალანაზღაურებად სამსახურს სხვადასხვა დაწესებულებაში (მათ შორის, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასა და გარდაბნის თბოელექტროსადგურში), რაზეც ყოფილმა შეიხმა უარი განაცხადა.

2016 წლის 27 აპრილს, საქართველოს სახალხო დამცველისა და ვაგიფ აქპეროვის მიმართვის შემდეგ[2], საქართველოს პროკურატურამ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. მიუხედავად ამისა, ხუთი წლის განმავლობაში, გამოძიების ეფექტიანად წარმართვის მიზნით არ გატარებულა შესაბამისი ღონისძიებები და სამართლებრივი შედეგი არ დამდგარა“.

2020 წლის 4 დეკემბერს TDI-მ დამატებით მიმართა საქართველოს პროკურატურას წერილით, რომელშიც ვაგიფ აქპეროვი ასახელებდა იმ პირის ვინაობას, რომელიც 2013 წელს მოდულის შენობაში მასზე ახორციელებდა ზეწოლას თანამდებობიდან გადადგომის იძულების მიზნით. აღნიშნული პირი ვაჟა მაზმიშვილია. პროკურატურას არც ამ შემთხვევაში უცნობებია, რა საგამოძიებო მოქმედებები გატარდა აღნიშნულ პირთან მიმართებით.

ვაგიფ აქპეროვი ამ დრომდე არ არის ცნობილი დაზარალებულად, არ დაწყებულა სისხლის სამართლებრივი დევნა კონკრეტული პირების მიმართ, ხოლო გამოძიება კვლავ უშედეგოდ გრძელდება.

„ტელეკომპანია მთავარში 2021 წლის 21 მარტს გასული ინტერვიუ და მასში გადმოცემული ფაქტები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ 2013 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან შეიხ ვაგიფ აქპეროვზე ნამდვილად განხორციელდა ზეწოლა და სასულიერო პირის თანამდებობის დატოვების იძულება,“ – აცხადებს TDI.

____________________________

ამავე თემაზე:

https://netgazeti.ge/news/528918/?fbclid=IwAR22DJki0ekpSXzuHTyjmgQMM5w9gyHXCuclyKvbpq7aLI_BSIUmbqJQ_7I

გადაბეჭდვის წესი


ასევე: