მთავარი,სიახლეები

109 ათას ლარად ქედაში დამსვენებლებისთვის კარვების ქალაქი გაიშლება

24.03.2021 • 1821
109 ათას ლარად ქედაში დამსვენებლებისთვის კარვების ქალაქი გაიშლება

2021 წლის ტურისტული სეზონისთვის ქედის სოფელ ორცვის მთაზე იგეგმება 110 დამსვენებელზე გათვლილი ,,კარვების ქალაქის“ მოწყობა. პროექტი 109-ათასლარიანი გრანტით უნდა განხორციელდეს. ამ თანხიდან 66 ათასი ლარი ევროკავშირის გრანტია, 43 ათასი ლარი კი ქედის მერიამ გამოყო.

,,კარვების ქალაქში“ ზღვის დონიდან 1000 მეტრზე მდებარე ორცვის მთაზე ერთ, ორ და სამადგილიანი კარვები განთავსდება, პროექტის მიხედვით დაგეგმილია საშხაპეების, ბიოსაპირფარეშოების, სამზარეულოსა და საკონფერენციო დარბაზის მოწყობა. კარვები ყოველდღიური საჭიროების ინვენტარით აღიჭურვება.

შეძენილია 18 ათასი ლარის ღირებულების მზის პანელები – ეს კარვების ქალაქის ენერგომომარაგებისთვის საკმარისი თუ არ იქნება, გათვალისწინებულია გენერატორების რესურსიც.

„კარვების ქალაქის“ პროექტი შპს „ქედის ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრს“ ეკუთვნის, რომელიც ქედის მერიას ექვემდებარება. მისი დირექტორი, რაულ ცინცაძე ამბობს, რომ პროექტით გათვალისწინებული ყველა ინვენტარი უკვე შეძენილია და მშრალი და თბილი ამინდის დადგომისთანავე გაიშლება კარვები ორცვის მთაზე.

„ორცვის მთას კარგი კლიმატური პირობები ახასიათებს და ტურისტებისთვისაც ხელსაყრელი ადგილი იქნება. იზოლირებული მთაა, ადვილად მისადგომია.

თან ამ მთაზე ბევრი წყაროა, მოგეხსენებათ ბევრგანაა წყლის პრობლემა და აქ ეს არ გვემუქრება.

ქედის ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრი აკეთებს კვლევებს მუნიციპალიტეტში. მათი და საქსტატის კვლევებით ქედის მუნიციპალიტეტში წლიდან წლამდე ვითარდება მთის ტურიზმი  და იზრდება ვიზიტორთა რაოდენობაც.

„ორგანიზაციებს გასულ წლებში სურდათ ქედაში ფესტივალების, სემინარების, ჰაკათონების მოწყობა, მაგრამ ჩვენს მუნიციპალიტეტში დიდი სასტუმროები არ არის და ბევრ ვიზიტორს ერთდროულად ერთ სივრცეში ვერ იღებენ. ამიტომ გადავწყვიტეთ ყველასთვის ხელმისაწვდომი კარვების ქალაქი  მოგვეწყო – მოსახერხებელი, როგორც სხვადასხვა ორგანიზაციის, ფიზიკური თუ იურიდიული პირებისთვის, სხვადასხვა დიდი ღონისძიებისა თუ უბრალოდ დასვენებისთვის“, – ამბობს ქედის ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრის დირექტორი.

მისივე თქმით, ეს პროექტი უფასო იქნება სკოლებისა და უნივერსიტეტებისთვის, თუ ისინი დიდი ღონისძიებების მოსაწყობად წინასწარ მიმართავენ ,,კარვების“ ქალაქს. მომსახურება და განთავსება უფასო იქნება ასევე შშმ პირებისა და სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულაც ერთიან მონაცემთა ბაზაში 60 ათასს არ აჭარბებს.

დასრულების პროცესშია ქართულ-ინგლისურენოვანი ვებპლატფორმა, სადაც კარვების ონლაინდაჯავშნა შეეძლებათ როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ ტურისტებს. პროექტის სარეკლამო კამპანიით იგეგმება Booking-სა და Airbnb-ზე დარეგისტრირებულ მომხმარებელთა ბაზარზე წვდომა, სპეციალური სარეკლამო რგოლის მომზადება და მედიაკამპანია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: