მთავარი,სიახლეები

„ადვილია გადაბრალება“ – რა იციან სოფლის სამინისტროში ფუტკრების დახოცვაზე

23.03.2021 • 2038
„ადვილია გადაბრალება“ – რა იციან სოფლის სამინისტროში ფუტკრების დახოცვაზე

მიზეზი ამ დრომდე არავის უკვლევია, თუმცა სოფლის მეურნეობის სამინისტროში თუ სურსათის ეროვნულ სააგენტოში ადასტურებენ იმას, რასაც მეფუტკრეები ამბობენ: ფუტკრები იხოცებიან. მეფუტკრეების თქმით, ქვეყანაში ფუტკრების დაახლოებით 60 პროცენტი განადგურდა და ამის მთავარი მიზეზი პრეპარატებია, რომელთა მიმართ ტკიპამ უკვე იმუნიტეტი გამოიმუშავა. ჩინოვნიკები ხელს მეფუტკრეებისკენ იშვერენ და ირწმუნებიან, რომ ისინი სპეციალისტებს არ უჯერებენ.

რატომ იხოცებიან ფუტკრები? – ეს აჭარის, ასევე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროებში არ უკვლევიათ. ფუტკრების დახოცვის მიზეზებზე განმარტების მისაღებად სამინისტროდან სურსათის ეროვნულ სააგენტოში გადაგვამისამართეს.

„პროცენტი როგორია არ ვიცი, მაგრამ, ჩვენი ინფორმაციით, არასწორად მკურნალობენ, მიდგომებია არასწორი, ასევე პრეპარატის შენახვის პირობები არ არის დაცული,“ – გვითხრა დემნა ხელაიამ, სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტდეპარტამენტის უფროსმა. მისი თქმით, სააგენტომ სამი წლის წინ დაიწყო იმ პრეპარატების ხარისხის კვლევა, რომლებიც საქართველოში იყიდება ფუტკრების დაავადებების საწინააღმდეგოდ. სურსათის ეროვნულ სააგენტოს ამ დრომდე დარღვევა ამ პრეპარატების ხარისხის კუთხით არ დაუდგენია.

„…ეს პრობლემა გამძაფრდა, რადგან, როგორც ჩანს, შეეგუა ტკიპა პრეპარატს. მეფუტკრეებს არ აქვთ გამოცდილება. მთელი წლის განმავლობაში უნდა ტარდებოდეს ეს ღონისძიებები,“ – მიიჩნევს დემნა ხელაია.

სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელს ვკითხეთ მჟავეებზე დამზადებული პრეპარატების შესახებაც. მაგალითად, აჭარის მეფუტკრეთა ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელი, მანანა ბოლქვაძე ამბობს, რომ ამ ტიპის პრეპარატს იყენებს თავად და ეს ეფექტურია, თუმცა მის გამოყენებას სპეციფიკური ცოდნა სჭირდება.

„ეს პრეპარატებიც შემოიტანეს და ხელმისაწვდომია… ჩვენ წელს ავიღეთ ასეთი 4 პრეპარატის სინჯი, რომელთა  პასუხებიც ჯერ არ ვიცით,“ – გვიპასუხა სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტდეპარტამენტის უფროსმა, დემნა ხელაიამ.

რის გამო დაიხოცნენ ფუტკრები? – ეს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს, ირმა აფახაზავასაც ვკითხეთ.

„ძირითადად ისინი აბრალებენ ამას ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებს, მაგრამ ეს არასწორი ინფორმაციაა. არ არსებობს მტკიცებულება, რაც დაადასტურებს, რომ ფაროსანას საწინააღმდეგო პრეპარატმა ზიანი მიაყენა ფუტკარს,“  – ამბობს „ბათუმელებთან“ ირმა აფხაზავა, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე.

ფუტკრების დახოცვის სავარაუდო მიზეზად კლიმატის ცვლილებებს და ჭარბტენიანობას ასახელებს მინისტრის მოადგილე. თუმცა ეს უფრო მისი ვარაუდია, რადგან კვლევა არ ჩატარებულა. ირმა აფხაზავას თქმით, პრობლემის გარკვევა, პირველ რიგში, თავად მეფუტკრეებმა უნდა სცადონ.

„მასობრივ ხოცვასთან დაკავშირებით არ ვიცი, არ გვაქვს ეს მონაცემები, ამ 60 პროცენტზე აპელირებაც არ შემიძლია… ჩვენ არ გამოგვიკვლევია მიზეზები, მიზეზის კვლევა უნდა დაიწყოს თვითონ მეფუტკრემ და მიმართოს, პირველ რიგში, ექსტენციონისტს [სპეციალისტი, რომელიც ადგილზე აძლევს რჩევას ფერმერს]… ჩვენი ექსტენციონისტები კარდაკარ დადიან,“ – გვიპასუხა ირმა აფხაზავამ.

თუ ექსტენციონისტები კარდაკარ დადიან და ფუტკრები იხოცებიან?

„ამას სჭირდება კვლევა, როგორც იცით, ჩვენ ვართ ძირითადად პროგრამულ ბიუჯეტზე მიბმული, ხოლო კვლევას ფინანსები სჭირდება. თუკი ფერმერები თავად წამოწევენ ამ საკითხს, დავგეგმავთ ამას. ჩვენთვის ფერმერს ან ფერმერთა ჯგუფს არ მოუმართავს,“ – აღნიშნა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ირმა აფხაზავამ.

მინისტრის მოადგილეს შევახსენეთ, რომ მეფუტკრეთა ასოციაციის ხელმძღვანელები ღიად საუბრობენ ამ პრობლემაზე. ასოციაციებში ასობით მეფუტკრეა გაწევრიანებული. მსგავს ვითარებაში რატომ სჭირდება  სამინისტროს მიმართვა, როცა მეფუკტრეობის სერიოზულ რისკზეა საუბარი?

„საჭიროებები მოდის ქვემოდან ზემოთ… კოორდინირებულად უნდა ვიმუშაოთ, ჩემთან კომუნიკაციის პრობლემა არავის აქვს, მოგვმართონ“, – გვიპასუხა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ.

„ადვილია სხვაზე გადაბრალება… ბევრ შემთხვევაში არ უჯერებენ სპეციალისტს,“ – ამას ზურაბ ვარშანიძე ამბობს. ის აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ექსტენციის განყოფილების უფროსია.

ზურაბ ვარშანიძე თავადაც მეფუტკრეა და ეთანხმება სხვა მეფუტკრეებს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ „ტკიპა შეეგუა პრეპარატს,“ მაგრამ ექსტენციონისტის აზრით, პრობლემა ახალი პრეპარატის გამოყენება ან არსებულის ხარისხი კი არა, არამედ მიდგომების ზუსტი ცოდნის დეფიციტია. კონკრეტული მონაცემი ზურაბ ვარშანიძესაც არ აქვს იმაზე, თუ რა ოდენობის ფუტკარი დაიხოცა, თუმცა ჩვენთან საუბრის დროს ამბობს: „დიდი ოდენობით გაწყდა ფუტკარი“.

„დაღუპულ სკებშიც შედიან ფუტკრები და იქ იპარავენ თაფლს. როცა თავის სკაში ბრუნდებიან, მოაქვთ თან ეს ტკიპა დაღუპული სკიდან…“ – გვიყვება ზურაბ ვარშანიძე. – „ადრე ერთხელ შეწამლავდნენ შემოდგომაზე და საკმარისი იყო. ახლა თითქმის 8-ჯერ არის საჭირო… ვადებს, მაგალითად, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. 1-2 დღის დაგვიანება და უკვე წყალში იყრება ყველაფერი. ძირითადად ფაროსანას აბრალებენ მეფუტკრეები, რომ აი, ფაროსანა შეწამლეს და ამან გაანადგურა ფუტკარიო, მაგრამ არაა სწორი. თუ დახოცვის პროცესში  დაგვიდაკვშირდა მეფუტკრე, ჩვენ დავადგენთ მიზეზსაც, რის გამო დაიხოცა ფუტკარი, შემდეგ უკვე რთულია. გვაქვს რამდენიმე წარმატებული შემთხვევა, როცა ჩვენი რჩევები გაითვალისწინეს მეფუტკრეებმა და გადარჩნენ ფუტკრები“.

ზურაბ ვარშანიძის თქმით, აჭარის რეგიონში 1000-მდე მეფუტკრეა. ექსტენციის განყოფილების ხელმძღვანელი ამბობს, რომ პროფესიონალი მეფუტკრე აჭარის ნებისმიერი მუნიციპალიტეტის სოფელში მოახერხებს უფასოდ მისვლას და დახმარებას, თუკი მოინდომებს ამას.

„მომართვიანობა დიდია, მაგრამ ზოგი არ გიჯერებს, ზოგი მოყვარულია, მაგალითად, 20-30 ოჯახი ვისაც აქვს და ის სხვა საქმეებზეა გადართული, ვერ იცავს ვადებს, სხვა პირობებს,“ – დასძინა ზურაბ ვარშანიძემ.

ექსტენციონისტების ჩართულობის გარდა მეფუტკრეებს ამ ეტაპზე აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ხელშეწყობას ფერმერული მეურნეობების განვითარების პროგრამის ფარგლებში სთავაზობს. მეფუტკრეებს შეუძლიათ 40 ათასამდე ლარის დაფინანსების მოპოვება საჭირო ინვენტარის შესაძენად, თუმცა ცოცხალ ფუტკარს ამ ფულით ვერ შეიძენენ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: