სიახლეები

რას ამბობს ბათუმელი ექიმი, რომელიც მედდის გარდაცვალების დღეს აიცრა კოვიდზე

24.03.2021 • 10225
რას ამბობს ბათუმელი ექიმი, რომელიც მედდის გარდაცვალების დღეს აიცრა კოვიდზე

დიანა გორგოშაძე შინაგანი მედიცინის 27 წლის რეზიდენტი – უმცროსი ექიმია. ,,ასტრაზენეკათი“ ის ზუსტად იმ დღეს აიცრა, როცა ახალციხის კლინიკა ,,იმედის“ მედდა, მეგი ბაქრაძე თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში აცრის შემდეგ გარდაიცვალა.

ამ ტრაგიკულმა შემთხვევამ დიანას აცრაზე უარი ვერ ათქმევინა. დიანა ყოველდღე კლინიკაში მუშაობს, შინ ჰყავს 6 თვის შვილი და ასაკოვანი, დიაბეტიანი დედამთილი. ამბობს, რომ ვაქცინის შემოსვლას საქართველოში დიდხანს ელოდა და გადაწყვეტილი ჰქონდა შესაძლებლობის გამოჩენისთანავე აცრილიყო.

„ერთია, რომ საკუთარ ჯანმრთელობაზე ხარ პასუხისმგებელი, მაგრამ როცა სხვის ჯანმრთელობაზეც აგებ პასუხს, კიდევ უფრო დიდი ამბავია. ჩემს დედამთილს დიაბეტი აქვს და რისკის ჯგუფშია. ყოველ დღე ბეწვის ხიდზე მიწევს გავლა, როცა კლინიკიდან ვბრუნდები მასთან და შვილს ვეხუტები. ამ მდგომარეობის დასრულების გზა აცრაა.

დავრეგისტრირდი და ავიცარი. ამ ეტაპზე ვერ დაველოდებით ვერავის 1 ან 2 წელი, პანდემია არავის ელოდება – პირიქით, ახალი და ახალი შტამები ჩნდება. ვაქცინის გარკვეული რაოდენობა გვაქვს და რაც მეტი აიცრება ახლა მით უკეთესი“, – ამბობს დიანა გორგოშაძე.

დიანა ამბობს, რომ ვაქცინის შემოსვლამდე ჰქონდა მოძიებული ინფორმაცია, როგორი ვაქცინაა ,,ასტრაზენეკა“, მოიძია ასევე რა გვერდითი მოვლენები იქნებოდა მოსალოდნელი. ,,ასტრაზენეკას“ გარდა მოიძია ასევე ,,ფაიზერისა“ და ,,მოდერნას“ ვაქცინების თავისებურებები და დარწმუნდა, რომ საქართველოში პირველად შემოსულ ,,ასტრაზენეკას“  აქვს გავლილი კვლევის სამივე აუცილებელი ეტაპი და მისი ეფექტურობაც მაღალია.

როგორც დიანა გვეუბნება, აცრამდე მან კითხვარი შეავსო და ბევრი რამ ჰკითხეს კიდეც. ამის მიუხედავად მიიჩნევს, რომ სრულ ინფორმაციას ვაქცინაზე მოსახლეობა მაინც არ ფლობს და ყველაფერი დაკონკრეტებული არ არის პროტოკოლით.

„ზოგადად კი ცნობილია, რომ ალკოჰოლი არ უნდა გქონდეს მიღებული, გაციებული არ უნდა იყო. თუ ჯანმრთელად გრძნობ თავს და ჩივილები არ გაქვს, უკუჩვენება არ არის. ინგლისურ ენაზე გავეცანი თითოეულმა ვაქცინამ ცდის რა ეტაპები გაიარა. ვეყრდნობი მტკიცებითი მედიცინის წყაროს და ამ მტკიცებით „ასტრაზენეკა“ სანდო ვაქცინაა. აცრის გარდა კაცობრიობას სხვა არჩევანი არ აქვს პანდემიის დასასრულებლად.

მართალია, ახალგაზრდა მედდის გარდაცვალება ჩემი აცრის დღეს დაემთხვა, მაგრამ ამის გამო თავი არ შემიკავებია. პარასკევს ვიყავი დარეგისტრირებული ბათუმში ბარათაშვილის ქუჩაზე ასაცრელად და ხუთშაბათს მოვიდა შეტყობინება, რომ გაუქმდა ამბულატორიაში ჯავშანი, რადგან გადაწყვიტეს მედდის გარდაცვალების შემდეგ დიდ კლინიკაში გაგრძელებულიყო პროცესი – იქ, სადაც რეანიმაციაა, რეანიმატოლოგები არიან და გვერდითი მოვლენების გართულებული შემთხვევების მართვა იქნებოდა შესაძლებელი.

მედდის გარდაცვალებამდე თუ ბათუმში რამდენიმე პუნქტი იყო, სადაც აცრა იყო შესაძლებელი, ახლა მხოლოდ რესპუბლიკურ საავადმყოფოშია ამ მომსახურებით სარგებლობა შესაძლებელი“, – ამბობს დიანა გორგოშაძე.

როგორც ის ყვება, აცრის დღეს მას ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში დახვდნენ მედდები, რეანიმატოლოგი და ექიმი. ეკითხებოდნენ ყველა ჩივილს აცრამდე დაწვრილებით, კითხვარის მიხედვით, აცრის შემდეგაც აკვირდებოდნენ კანზე რეაქციას, აწვდიდნენ ინფორმაციას, რა გვერდითი რეაქცია შეიძლებოდა განვითარებულიყო აცრის შემდეგ.

მისივე თქმით, არც ალერგიული რეაქცია და არც ტემპერატურის მატება არ ჰქონია აცრის შემდეგ და ინექციის ადგილზე გრძნობდა მხოლოდ მცირე დისკომფორტს რამდენიმე საათით.

მედიცინის 27 წლის რეზიდენტი ამბობს, რომ საზოგადოებრივმა ჯანდაცვამ დააგვიანა ხალხის სრულად და ამომწურავად ინფორმირება, რადგან ცრუ ინფორმაცია, ფეისბუქპოსტებით გადმოცემული ჭორები ვაქცინაზე და მითები უფრო სწრაფად აღწევს საზოგადოებამდე, ვიდრე ჯანდაცვის სისტემის ოფიციალური ინფორმაცია.

,,როცა ავიცერი, მეგობრები მწერდნენ სოცქსელში, როგორ გარისკე, რამ გაგაკეთებინა ვაქცინაო. კლინიკაში, სადაც ვმუშაობ ვცდილობთ დავამსხვრიოთ ეს მითები და ვაჩვენოთ ხალხს, რომ სხვა გზა არ არის გარდა აცრისა, თუნდაც მეგობრებს, გარშემომყოფებს უნდა მივაწოდოთ სწორი ინფორმაცია და გავუქარწყლოთ შიშები. ცხადია, ვერავინ ვერავის დააძალებს გაიკეთოს ვაქცინა, ვერც ვერავის დავაშინებთ, მაგრამ  ყველამ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა ხომ უნდა ავიღოთ“, – ამბობს დიანა გორგოშაძე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: