განათლება,მთავარი,სიახლეები

კონფლიქტები სკოლაში – რას ჰყვებიან მასწავლებლები

23.03.2021 • 3639
კონფლიქტები სკოლაში – რას ჰყვებიან მასწავლებლები

მეექვსეკლასელ მოსწავლეებს შორის კონფლიქტი ხუთი თვის წინ დაიწყო. ორმა მოზარდმა თანაკლასელს სცემა, აიძულა დაეჩოქა და ისე მოეხადა მათთვის ბოდიში. შემდეგ დაჩაგრული ბავშვის ბებიამ სწორედ იმავე მეთოდით აიძულა მჩაგვრელები ბოდიში მოეხადათ მისი შვილიშვილისთვის. ამის ამსახველი ფაქტი კი ერთ-ერთმა მშობელმა ტელეფონით გადაიღო. ბებიის წინააღმდეგ პოლიციამ გამოძიება დაიწყო. დასრულდა თუ არა ამით ბავშვებს შორის კონფლიქტი? – „რა თქმა უნდა, არა“ – ამბობს ჩიბათის სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ლადო აფხაზავა.

როგორ უნდა აგვარებდეს კონფლიქტს მშობელი, სკოლა და როგორ ვაგვარებთ დღეს, სწორედ ამ თემაზე ესაუბრა „ბათუმელები“ მასწავლებლებს.

„ეს კონკრეტული მაგალითი და სხვა შემთხვევებიც გვაჩვენებს, რომ მშობლების რეაქცია ხშირად ახალი ძალადობის მაპროვოცირებელია, ვიდრე პრობლემის მომგვარებელი.

მაგალითად, მშობელი მოდის სკოლაში იმიტომ, რომ იძალადოს იმ ბავშვზე, რომელმაც მისი შვილი დაჩაგრა. მნიშვნელოვანია, რომ მშობლებმა იცოდნენ კონფლიქტის მოგვარება და ბავშვისთვის როლური მოდელი არ გახდეს თავად მშობელი“, – ამბობს ლადო აფხაზავა.

პედაგოგის აზრით, როცა ბავშვზე ვიღაც ძალადობს და ის  ამას ატყობინებს მშობელს, მან უნდა სცადოს მშვიდობიანად მოაგვაროს ეს პრობლემა.

ლადო აფხაზავა პირად გამოცდილებასაც გვიზიარებს და ამბობს, რომ ბავშვობაში მშობელს ჩაგვრის შესახებ მხოლოდ იმიტომ არ მოუყვა, რომ მისი რეაქციების შეეშინდა.

„თანაკლასელს შემთხვევით გავარტყი პლასტელინი, მშობელი მოვარდა სკოლაში და პირდაპირ საკლასო ოთახში, ჩემი მასწავლებლისა და კლასელების წინაშე მცემა. მაშინ პატარა ვიყავი, მაგრამ მივხვდი, რომ თუ ამ ამბავს ვეტყოდი ჩემს მშობელს, ისიც იმავეს გააკეთებდა ალბათ.

ამიტომ ხშირად ბავშვობის პერიოდში ბავშვები ჩუმდებიან ჩაგვრაზე, როდესაც მშობლებს მკვეთრი რეაქციები აქვთ. გაგიჟდებიან ხოლმე -„მოვალ სკოლაში და ნახავ რას ვუზამ“, დარეკავენ მასწავლებლებთან, ატყდება ერთი ალიაქოთი, მაშინ ბავშვი ხვდება, რომ თუ მასზე ვინმე იძალადებს მომავალში, მშობელს აღარ ეტყვის ამის შესახებ“, – ამბობს ლადო აფხაზავა.

მისი აზრით, ხშირად მშობლები გაუაზრებლად იქცევიან, რადგან მათ არ აქვთ ცოდნა კონფლიქტის მოგვარების – როგორ დაელაპარაკონ მჩაგვრელს. ლადო აფხაზავას თქმით, თუ მშობელი მშვიდობიანად შეძლებს ბავშვებს შორის გაჩენილი პრობლემის მოგვარებას, მას სხვა დროსაც ენდობა შვილი და ეტყვის პრობლემის შესახებ. სხვა შემთხვევაში კი დაუმალავს ამბავს.

„სამოქალაქო განათლებაში გვაქვს ხუთი თითის აქტივობა. ვეუბნები ბავშვს ჩამოწეროს ის ხუთი ადამიანი, ვისაც ძალადობის შემთხვევაში ენდობა და ეტყვის. ძალიან სასიამოვნოა, როცა ისინი დედას, მამას წერენ თითების გასწვრივ, მაგრამ როცა ვაკეთებთ რეფლექსიას, ბავშვები ამბობენ, რომ „დედას და მამას ვერ ვეტყვი, რადგან უდიდესი რეაქციები ექნებათ“, „უარესი შეიძლება დაუშავონ იმ ბავშვს და ამას მაყურებინონ“. აქედან გამომდინარე, მშობლებზე ძალიან დიდი პასუხისმგებლობა მოდის“, – ამბობს ლადო აფხაზავა.

ის საკუთარ გამოცდილებაზეც გვიყვება. ამბობს, რომ როცა ვინმე ძალადობს თავის მოსწავლეზე და იგებს ამის შესახებ, არ გამოხატავს ემოციებს და მშვიდ გარემოში ცდილობს დაელაპარაკოს მოძალადეს. „ვუთხარი, რომ არ შეიძლება ასე გაგრძელდეს. ორივე მხარე დავსვი და მივეცი შესაძლებლობა, რომ ესაუბრათ. ზოგჯერ მჩაგვრელი ვერც კი აცნობიერებს, რომ ვიღაცას გულს სტკენს“, – ამბობს ლადო აფხაზავა.

მისი თქმით, ის არასდროს ტოვებს კონფლიქტს შუა გზაზე და სანამ არ დარწმუნდება, რომ ბავშვებს შორის ნამდვილად დასრულდა გაუგებრობა, მოზარდები დაკვირვების ქვეშ ჰყავს.

ის იხსენებს შემთხვევას, რომელიც სწორედ გულგრილობის თუ კონფლიქტის არასწორად შეფასების ნათელი მაგალითია.

„ჩემს სოფელში, ნიგვზიანში, გვერდიგვერდ ცხოვრობდა ორი თანაკლასელი და ბავშვობიდან მოყოლებული სულ კონფლიქტი ჰქონდათ. უჩხუბიათ კიდეც სკოლაში, ცუდ სიტყვებსაც ეძახდნენ ერთმანეთს თურმე, მაგრამ სკოლამ ვერ მოაგვარა ეს პრობლემა. ვერავინ შეაფასა სათანადოდ მათ შორის არსებული დაპირისპირება. არავინ უთხრა, რომ „მოდი დავსხდეთ და გავარკვიოთ.

წინა ზაფხულს გავარდა თოფი და კლასელმა მოკლა კლასელი. 68 წლის იყვნენ უკვე ეს ადამიანები. ამდენი ხნის შემდეგ, როდესაც ყველაფერი ასე დამთავრდა, სწორედ მაშინ დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ თურმე ბავშვობიდან ჰქონდათ მათ პრობლემები და დაპირისპირება. სწორედ ბავშვობის კონფლიქტს ვერ პატიობდნენ ისინი ერთმანეთს და არც არავინ ყოფილა მედიატორი მათ შორის, არავინ ჩარეულა მათი პრობლემის მოგვარებაში“, – გვეუბნება ლადო აფხაზავა. მისი თქმით, უფროსები კონფლიქტის მომგვარებლები, მედიატორები უნდა იყვნენ და არა რეაქციების გამომხატველები.

მისი თქმით, თუ მშობელი იმაზე უარესად იქცევა, ვიდრე მჩაგვრელი ბავშვი, ეს ფაქტი კიდევ უფრო დაამძიმებს ბავშვების ფსიქოლოგიურ მდგომარეობას და მათი გონებიდან შესაძლოა არც წაიშალოს ამ კონფლიქტის კვალი.

„იმ მეექვსეკლასელების შემთხვევაშიც უფროსები უარესები აღმოჩნდნენ“, – ამბობს აფხაზავა. მისი აზრით, მშობლებსაც უნდა ვასწავლოთ პრევენციის და მედიაციის გზები, რომ პრობლემის მოგვარების კრიმინალური წესებს არ მიმართონ.

აფხაზავას აზრით, დღეს ყველაზე ხშირად მაინც კონფლიქტის ზედაპირულ მოგვარებას ვხედავთ სკოლებში: „ბავშვებო, მოდით ახლა შერიგდით“, „ჩამოართვით ხელი ერთმანეთს“ – ასე კონფლიქტი არ გვარდება.

„მე, პირადად, უამრავი საყვედური მაქვს მოსმენილი იმის გამო, რომ ბოლომდე მივყვებოდი ამბავს. ერთხელ ორ ბიჭს შორის ისე დაიძაბა ურთიერთობა, რომ ხელითაც შეეხნენ ერთმანეთს. სამი გაკვეთილის გადადება დამჭირდა, რომ ეს პრობლემა მოგვარებულიყო“, – გვეუბნება ლადო. მას ვკითხეთ, თუკი არ ჩაერეოდა, რითი შეიძლება დასრულებულიყო ეს ამბავი,  „აუცილებლად გაგრძელდებოდა სკოლის გარეთ, ორივე მხარეს გამოუჩნდებოდა მხარდამჭერები და შესაძლოა შედეგი გაცილებით უარესი ყოფილიყო, ვიდრე ის პრობლემა, რის გამოც დაუპირისპირდნენ მოზარდები ერთმანეთს“, – გვეუბნება ის.

ლადო ამბობს, რომ როცა კონფლიქტი მშვიდობიანად და ბოლომდე გვარდება, ასეთ დროს ხშირად მეგობრდებიან კიდეც მოზარდები. „წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მტრობა რჩება დიდხანს“.

აფხაზავას თქმით, ამ საკითხზე სკოლას და მშობლებს არ აქვთ შეთანხმება, რომ მეტი დრო დაეთმოს კონფლიქტების თემის განხილვას. „მშობელთა კრებების დროსაც მშობლებს მარტო ნიშნები აინტერესებთ და აკადემიურ მოსწრებაზეა საუბარი. ქცევის კორექციის საკითხები ან სხვა შემთხვევის განხილვა ნაკლებად ხდება“, – გვეუბნება ლადო აფხაზავა.

თსუ-ს ასოცირებული პროფესორი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ზაქარია ქიტიაშვილი საუბრობს იმაზე, რომ სკოლა ვალდებულია ასწავლოს ბავშვებს კონფლიქტების მოგვარება, თუმცა ხშირად ეს ვალდებულება იგნორირებულია.

„კონფლიქტების მოგვარებას გვავალდებულებს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი. რომ  სასწავლო გარემოს კომპონენტში უნდა ვფლობდეთ კონფლიქტის მოგვარების, პრევენციის გზებს და პრაქტიკაშიც უნდა ვიყენებდეთ მას. ეს არის ნებისმიერი მასწავლებლის ფუნდამენტური ვალდებულება“.

ზაქარია ამბობს, რომ მასწავლებელი კონფლიქტებს უნდა მართავდეს როგორც ფორმალურ, ასევე არაფორმალურ გარემოში, იქნება ეს ექსკურსია, თეატრი თუ საკლასო ოთახი. „ჩვენ, მასწავლებლები, ამ უნარებს უნდა ვფლობდეთ და ვიყენებდეთ.“

ზაქარია ასევე საუბრობს იმ რესურსების არაეფექტურ მიწოდებაზე, რაც ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანია პედაგოგებისთვის.

„რეალურად ჩვენ, პედაგოგებს, შეგვიძლია ეს ცოდნა მივიღოთ ტრენინგებით. ასევე ვფიქრობ, რომ კონფლიქტების მოგვარების კომპონენტი აუცილებლად უნდა იყოს ინტეგრირებული და ჩაშენებული მასწავლებლის მომზადების პროგრამებში როგორც საბაკალავრო-სამაგისტრო, ასევე 60-კრედიტიან პროგრამაში, რადგან დარგობრივი დოკუმენტები ამას ითვალისწინებს.

შემდეგი გზა არის თვითგანვითარება, მოვიძიოთ მასალები, დავისწავლოთ და ვმართოთ. თუმცა ეს მასალებიც ძალიან გაბნეულად არის მიწოდებული მასწავლებლებისთვის, ჟურნალ „მასწავლებელშიცაა“  მსგავსი მასალები, მაგრამ სტანდარტის გზამკვლევშია ეს მასალები გაბნეული. არა მგონია, დაჯდეს მასწავლებელი და სტანდარტის თითოეული მუხლის შესაბამისად ეძებოს ეს ინფორმაცია. ყველაზე კარგი იქნებოდა, სტანდარტის მიხედვით თემატურ ჯგუფებად გაერთიანებული მასალა გვქონდეს მზად მასწავლებლებს“, – ამბობს ზაქარია.

მისი თქმით, პედაგოგებს ასევე დაეხმარება ფსიქოლოგ მაია ცირამუას სახელმძღვანელოც მედიაციის თემაზე. „თუმცა ასე ალაგ-ალაგ კრეფას სჯობს თემატური კატალოგიზაციით იყოს სტანდარტის მიხედვით აგებული და მოწოდებული“.

ზაქარია ქიტიაშვილი, ისევე როგორც ლადო აფხაზავა, იხსენებს პირად გამოცდილებას და ისიც მომხრეა იმის, რომ კონფლიქტის საბოლოო ამოწურვამდე მივყვეთ ამბავს.

„კაი, გეყოფათ ახლა“, – გითქვამს იმ მომენტისთვის, გაგიშველებია და შემდეგ ყურადღება აღარ მიგიქცევია. ხშირია დამოკიდებულება, რომ „რა მოხდა, ბავშვები კამათობენ“, „არაუშავს, ბავშვები არიან“, „გარდატეხის ასაკია“ – ეს არის ყველაზე ტრივიალური შეცდომა, რასაც ვუშვებთ ხოლმე. მაინც და მაინც დანის ტრიალი არ არის საჭირო, რომ კონფლიქტის სიმწვავე დაინახო“, – ამბობს ზაქარია ქიტიაშვილი.

მისი თქმით, მედიაციის ხელოვნება მრავალკომპონენტიანია და ეს საკითხი ბევრ მიმართულებაში შეიძლება შეგვხვდეს, „ეს არის განვითარების, ასაკობრივი ფსიქოლოგია, კონფლიქტოლოგია და ასე შემდეგ.

სამი ინდიკატორია მასწავლებლის შესაფასებლად – თავისი საგნის ცოდნა, სწავლების მეთოდოლოგიის შესაძლებლობები და პიროვნული მახასიათებლები. მხოლოდ პირველი ორის ფლობა არასაკმარისია და სერიოზულ პრობლემებს აჩენს.

პიროვნული მახასიათებლების და ეთიკის კომპონენტში ლადო აფხაზავა იხსენებს, მაგალითად, რელიგიური კონფლიქტის თემას, როცა მასწავლებელი არათუ კონფლიქტის მოგვარების, არამედ ინსპირაციის მხარეს იდგა.

„როცა ანთებული სანთლებით მიგყავს ბავშვები და კოლეგები მეჩეთთან და დგები, ეს კონფლიქტის მაპროვოცირებელია და თუ მასწავლებელი ხარ, ასეთი რამ ბავშვს არ უნდა გააკეთებინო,“ – ამბობს ლადო.

ზაქარიაც მიიჩნევს, რომ მასწავლებლის ეთიკის სტანდარტებს სჭირდება აღსრულება და არა მხოლოდ ფურცელზე დაწერა.

„ჩვენ ქვეყანაში გვაქვს სწორედ აღსრულების პრობლემა. არც სკოლის დირექციის მხრიდან, არც მასწავლებლების მხრიდან პრაქტიკაში არ კეთდება ის, რაც კანონში გვიწერია. თუნდაც ის, რომ 10 404 ბავშვი ვერ იღებს განათლებას, რაც კონსტიტუციის დარღვევაა, მოეკითხა ვინმეს პასუხი ამაზე? მასწავლებელს პირდაპირ უწერია კანონში, რომ არ უნდა მოამზადოს საკუთარი მოსწავლე, იცავს ამ კანონს ვინმე? ასეა კონფლიქტების ამბავშიც. კანონებში გვიწერია, მაგრამ აღსრულებაში გვაქვს პრობლემა“, – ამბობს ქიტიაშვილი.

პედაგოგების აზრით, სწავლება ადამიანურ ღირებულებებზე უნდა იყოს დაფუძნებული. „რადგან მხოლოდ ცოდნის ჩატენვით, თუკი ბავშვი არ არის აღზრდილი, მას ვაძლევთ ცოდნას, რომელიც შეიძლება ცუდ საქმეში გამოიყენოს“, – ამბობს ლადო.

ზაქარია კი მიიჩნევს, რომ დღეს სამასწავლებლო ხელოვნება მიკროსკოპის ქვეშაა, სწორედ ამიტომ ჩანს ყველა ხარვეზი და პრობლემა ასე აშკარად და ზედაპირზე. „მსგავს მდგომარეობაშია ქვეყანაში ყველა სფერო, მათ შორის მედიცინა, ინჟინერია და ასე შემდეგ. როცა მთელი „სხეული“ ავადაა, მარტო განათლება ვერ იქნება ჯანმრთელი“, – ამბობს ის.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: