მთავარი,სიახლეები

„ფუტკრების დაახლოებით 60 პროცენტი განადგურდა“ – რას ამბობენ ასოციაციები და მთავრობა

16.03.2021 • 2249
„ფუტკრების დაახლოებით 60 პროცენტი განადგურდა“ – რას ამბობენ ასოციაციები და მთავრობა

„ფუტკარი მასობრივად იხოცება,“ – ამბობენ მეფუტკრეები, რომლებიც ხელისუფლებისგან კონკრეტული ნაბიჯის გადადგმის საჭიროებას ხედავენ.

მეფუტკრეების თქმით, ფუტკრის მასობრივი განადგურების მიზეზი ტკიპაა, რომელმაც წლების განმავლობაში იმუნიტეტი გამოიმუშავა და მასზე შესაწამლი საშუალება აღარ მუშაობს. ამ საქმის პროფესიონალები ფუტკრის დახოცვის სხვადასხვა მიზეზზე საუბრობენ.

„ჩვენი მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით, ფუტკრის დაახლოებით 60 პროცენტი განადგურდა. ფუტკრის მასობრივი განადგურების მთავარი მიზეზი მეფუტკრეების ნაკლები კვალიფიკაციაა, მათ ამ ცოდნას არავინ აწვდის. რეგიონში ერთი პროფესიონალი მეფუტკრეც კი არაა, რომ აზრი ჰკითხონ, არც ვეტერინარიის სამსახურია ამ მიმართულებით,“ – გვიყვება კახაბერ ზირაქიშვილი, პროფესიონალ მეფუტკრეთა ასოციაციის გამგეობის წევრი. მას კახეთში 1000-მდე ფუტკრის სკა აქვს, ასოციაციაში კი 200-მდე მეფუტკრეა გაერთიანებული.

კახაბერ ზირაქიშვილის თქმით, მას ფუტკრების მხოლოდ 10 პროცენტი დაეხოცა, რადგან რეგულარულად იღებს ახალ ინფორმაციას იმაზე, თუ როგორ უნდა უშველოს ფუტკარს და პერიოდულად აახლებს მიდგომებს. კახაბერი ამბობს, რომ ასოციაცია ზუმშეხვედრებს მართავს მეფუტკრეებთან, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. პრობლემაა შემოტანილი შესაწამლი საშუალებების ხარისხიც.

„ამ შესაწამლი საშუალებების უმრავლესობა ფალსიფიცირებულია, სახელმწიფო ამას ამოწმებს, მაგრამ ფაქტია, რომ არ მუშაობს მედიკამენტები… ხშირია შემთხვევაც, როცა მეფუტკრე ენდობა მხოლოდ ვეტაფთიაქის კონსულტანტის რჩევას, რომელსაც წამლის გაყიდვის ინტერესი უფრო აქვს, ვიდრე შედეგის.

ეს აისახა თაფლის ხარისხზეც. თუ ნახავთ დახლებზე გამოტანილ თაფლს, ზემოდანაა მხოლოდ მოსხმული ხარისხიანი თაფლი…

ზუმშეხვედრებს ვატარებთ, მაგრამ ეს არაა საკმარისი. მეფუტკრეების დიდ ნაწილს ისევ ჰგონია, რომ შეასხურებს ამ პრეპარატს და მორჩა. იქ ბევრი ნიუანსია გასათვალისწინებელი, სიხშირე გასათვალისწინებელია – რამდენჯერ შეწამლავ და როდის… მეფუტკრეების ნაწილს ინტერნეტი არ აქვს, ან მისი გამოყენება არ იცის,“ – უთხრა კახაბერ ზირაქიშვილმა „ბათუმელებს“.

მეფუტკრე ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ კვლევასაც კი არავინ ატარებს იმის დასადგენად, თუ რა არის ფუტკრის მასობრივი განადგურების მიზეზი. კახაბერ ზირაქიშვილის დაკვირვებით, ეს გამოიწვია ამინდის გლობალურმა ცვლილებამ და გარემოს დაბინძურებამაც.

კახაბერ ზირაქიშვილის ინფორმაციით, ამ დროისთვის სახელმწიფო მეფუტკრეებს ვერაფერს სთავაზობს და აქამდე რაც შესთავაზა, იმანაც არ გაამართლა.

„ძირითადად დააფინანსეს მეფუტკრეთა კოოპერატივები, მაგრამ ამან არ გაამართლა, იმ სკების უმრავლესობა ცარიელია, თუ გადაამოწმებთ… გაიხარჯა ყველაფერი, მაგრამ შედეგი არის ნული.

ჩემი აზრით, ეს იმიტომ მოხდა, რომ ჯგუფურ მუშაობაზე მიდრეკილი არ ვართ, კოოპერატივის პრობლემა, ყველა ერთმანეთს უყურებს მაგ დროს და საქმეს არავინ აკეთებს,“ – საკუთარ შთაბეჭდილებას გვიზიარებს კახაბერ ზირაქიშვილი.

აჭარის რეგიონში ფუტკრების 60 პროცენტის განადგურებაზე საუბრობს მანანა ბოლქვაძეც. იგი აჭარის მეფუტკრეთა ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელია, სადაც 109 მეფუტკრეა გაერთიანებული. მანანასაც თაფლის ბიზნესი აქვს და ამბობს, რომ საბედნიეროდ მან საკუთარი ფუტკრების ოჯახების უმრავლესობის გადარჩენა შეძლო.

„ტკიპებმა გამოიმუშავეს იმუნიტეტი და აღარ შველით ეს შესაწამლი საშუალებები. ამიტომაც, მე გამოვიყენე მჟავები, ეს არის აპრობირებული მეთოდი ევროპის ქვეყნებში, მაგრამ მის გამოყენებას სპეციფიკური ცოდნა სჭირდება. მჟავების გამოყენება ეფექტურია და ეს ჩემი სკების შემთხვევაში კარგად ჩანს, მაგრამ მისი გამოყენება სახიფათოა როგორც ადამიანისთვის, ასევე ფუტკრისთვის, თუ არ დაიცავი დოზა და ტემპერატურული რეჟიმი,“ – გვითხრა მანანა ბოლქვაძემ.

მანანა ბოლქვაძე ახლა აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის პრეზენტაციას ამზადებს თემაზე: როგორ უნდა გამოიყენონ მეფუტკრეებმა მჟავას შემცველი შესაწამლი პრეპარატები. იგი ამბობს, რომ ამ ცოდნას ადგილზე თითოეულ მეფუტკრეს მიაწვდის, თუკი პროგრამას სახელმწიფო დააფინანსებს.

რის გამო დაიხოცა ფუტკარი და რას სთავაზობს სოფლის მეურნეობის სამინისტრო მეფუტკრეებს? – აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში დღის განმავლობაში ამ თემაზე საუბრისთვის დრო ვერ გამოძებნეს, საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესცენტრში კი სოფლის განვითარების სააგენტოში გადაგვამისამართეს.

„ვახორციელებთ ექსტენციის [ადგილზე სწავლების] პროგრამას რეგიონებში, კვირაში ორჯერ იმართება შეხვედრები ფერმერებთან, მათ შორის, მეფუტკრეებთან… ექსტენციის პროგრამა მეფუტკრეებისთვის ამ ეტაპზე აჭარის რეგიონში არ არის. როგორც ვიცი, ცალკე აპირებენ და უმჯობესია აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჰკითხოთ,“ – გვითხრა ლაშა შალამბერიძემ, სოფლის განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში გვითხრეს, რომ სურსათის უვნებლობის სააგენტო მოგვაწვდიდა ინფორმაციას, თუ რის გამო დაიხოცა ფუტკარი, ან რა გამოსავალია ახლა, თუმცა ამ უწყებიდანაც სამუშაო დღის ბოლომდე ინფორმაცია ვერ მივიღეთ.

რატომ აღარ აქვს სამინისტროს მეფუტკრეების ხელშემწყობი პროგრამები, ან რატომ აღარ მოქმედებს მეფუტკრეთა კოოპერატივების გაძლიერებაზე ორიენტირებული პროგრამა? – სოფლის განვითარების სააგენტოს წარმომადგენელმა ლაშა შალამბერიძემ გვითხრა, რომ ამ თემაზე საუბარი მის კომპეტენციას სცდება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: