მთავარი,სიახლეები

ფოთის ყოფილ მერს 8 წლით პატიმრობა მიუსაჯეს ქრთამის აღებაზე

27.12.2021 • 1397
ფოთის ყოფილ მერს 8 წლით პატიმრობა მიუსაჯეს ქრთამის აღებაზე

პროკურატურის ცნობით, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში, თაღლითობის დახმარებასა და ქონებრივი უფლების დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტის ჯგუფურად დამზადებასა და გამოყენებაში, ქალაქ ფოთის ყოფილი მერი ირაკლი კაკულია დამნაშავედ ცნო.

„სასამართლო პროცესზე, პროკურატურის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ფოთის მერმა სამსახურებრივი მფარველობისა და სამუშაოების შესრულებამდე თანხის გადარიცხვის სანაცვლოდ, სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის – შპს „პირამიდა ფ.რ. ფილიალის“ წარმომადგენლისგან ქრთამის სახით დიდი ოდენობით თანხა – 30 000 ლარი აიღო.

ასევე, ფოთის მერი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენელს დაეხმარა თაღლითური გზით დაუფლებოდა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას – 439 892.46 ლარს.

გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2015 წლის 15 სექტემბერს, ფოთის მერსა და სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომლითაც ფოთის მერიის მიერ შესყიდული იქნა მალთაყვის სანაპირო ზოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები. მოგვიანებით, ფოთის მერი აღნიშნული კომპანიის წარმომადგენელს შეუთანხმდა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხებს აუნაზღაურებდა წინასწარ, სამუშაოების უშუალო შესრულებამდე, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით 30 000 ლარი აიღო.

აღნიშნულის შემდეგ, კომპანიის წარმომადგენელმა ფოთის მერთან შეთანხმებით, ეტაპობრივად დაამზადა შესრულებულ სამუშაოთა ყალბი აქტები, რომლებშიც შეიტანა ყალბი მონაცემები შესრულებული სამუშაოების მოცულობების და ღირებულებების შესახებ. ფოთის მერმა კი, მის დაქვემდებარებაში მყოფ რამოდენიმე თანამდებობის პირს და თანამშრომელს აღნიშნული ყალბი აქტების ხელმოწერებით დადასტურება დაავალა,“ – წერს პროკურატურა.

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ქალაქ ფოთის ყოფილი მერი დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის II ნაწილით (ქრთამის მოთხოვნა და აღება), 25, 180-ე მუხლის III ნაწილით (თაღლითობაში დახმარება), 210-ე მუხლის II ნაწილით (ქონებრივი უფლების დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტის ჯგუფურად დამზადება და გამოყენება) და სასჯელის ზომად განუსაზღვრა – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, ჯარიმა – 40 000 ლარი და 3 წლით საქმიანობის უფლების ჩამორთმევა.

ამავე განაჩენით, სასამართლომ დამნაშავედ ცნო კიდევ ათი პირი, მათ შორის – ფოთის მერიის მაღალი თანამდებობის პირები, რომელთაც 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ, ხოლო, ოთხმა ბრალდებულმა ითანამშრომლა გამოძიებასთან და ხელი შეუწყო მტკიცებულებათა მოპოვებას, რისი გათვალისწინებითაც, მათთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა.

____________

ფოტოზე: ირაკლი კაკულია, ფოთის ყოფილი მერი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: