მთავარი,სიახლეები

„იძულებული გავხდი 1 წლის შვილი დამეტოვებინა“ – ემიგრანტი დედა პოლონეთიდან

27.12.2021 •
„იძულებული გავხდი 1 წლის შვილი დამეტოვებინა“ – ემიგრანტი დედა პოლონეთიდან

„ემიგრაციაში დავკარგე ჩემი საუკეთესო წლები. დავკარგე იმის შესაძლებლობა, დამენახა, როგორ იზრდებოდა ჩემი შვილი. ყველაფერი დავკარგე…“ – გვითხრა თამუნა ზაზაშვილმა, ბათუმელმა ემიგრანტმა ქალმა.

თამუნა 20 წლის ახალგაზრდა დედა იყო, როცა იძულებული გახდა 1 წლის და 3 თვის შვილი დაეტოვებინა და ემიგრაციაში წასულიყო. წავიდა, რადგან სხვა გამოსავალი არ იყო, უნდოდა მის შვილს არაფერი დაჰკლებოდა და ეს შეძლო, მაგრამ ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებით მას, როგორც დედას, დააკლდა ბედნიერება, დაენახა, როგორ ამბობდა მისი შვილი პირველ სიტყვებს, როგორ დგამდა პირველ ნაბიჯებს.

თამუნა ახლა 31 წლისაა. 11 წლის განმავლობაში მან 2 წელი გაატარა საქართველოში და ერთი წლის წინ ისევ წავიდა ემიგრაციაში – ამჯერად პოლონეთში, მეუღლესთან ერთად.

მოუსმინეთ თამუნას: 

  • „ემიგრაციაში მიდიხარ, როცა სხვა გზა არ გაქვს“ 

ემიგრაციაში წასვლა – ეს არის გამოუვალი მდგომარეობა. ბოლო გადაწყვეტილება, როცა მეტი გზა არ გაქვს ადამიანს.

პირველად წავედი 20 წლის ასაკში, დავტოვე 1 წლისა და 3 თვის ბავშვი, 6 წელი ვიმყოფებოდი თურქეთის რესპუბლიკაში, ორ მოხუცთან ვმუშაობდი.

6-წლიანი ემიგრაციის შემდეგ დავბრუნდი საქართველოში. დაბრუნების შემდეგ მალევე დაიწყო პანდემია, ისევ დავრჩით არაფრის გარეშე. ის დანაზოგიც, რაც გაგვაჩნდა, ამოვწურეთ, რადგან ოჯახი, ბავშვი, მშობლები, რეალური პრობლემები, რაც ყველას შეექმნა იმ პერიოდში, ჩვენც გვქონდა.

დავრჩით გამოუვალ მდგომარეობაში, იძულებული გავხდი ბანკის ვალი აგვეღო და წამოვსულიყავით პოლონეთში, მოგვეძებნა სამსახური და თავი გადაგვერჩინა.

ემიგრაციაში წამოსვლის ერთადერთი მიზეზი, რაც თითქმის 99 პროცენტს აქვს, არის მატერიალური პრობლემები, მხოლოდ ეს. ჩვენს უკან არის ოჯახები, არის შვილები, მშობლები, არის უამრავი პრობლემა.

როცა ხედავ, რომ სამშობლოში არანაირი გასაქანი არ გაქვს და შენ შვილს რომ რაღაც აკლდეს და მშიერი იყოს, იმის ყურებას კიდევ საკუთარ თავს დებ მსხვერპლად. თითქმის მთელი ახალგაზრდობა ემიგრაცია მაქვს გატარებული, ჩემოდანზე მაქვს ნაცხოვრები ეს წლები.

  • „თვითმფრინავზე ავდიოდი და ფეხები უკან მრჩებოდა“ 

წამოსვლის დღე ემიგრაციაში ყველასთვის ჯოჯოხეთია. ყველა ემიგრანტი ქალი საზღვრის გადაკვეთის დღეს თვალცრემლიანია. იგლეჯ შვილს, ტოვებ ყველაფერს და მიდიხარ სადღაც, გაურკვევლობაში, სადაც წარმოდგენა არ გაქვს, რა დაგხვდება.

თვითმფრინავში ყველაზე ბოლოს მგონი მე ავედი. ნახევარი საათი დამჭირდა ალბათ. ფეხები უკან-უკან მრჩებოდა. ერთი პროცენტი რომ მქონოდა იმის შანსი, მე საქართველოში ვნახავდი სამსახურს, რომ ოჯახში რაღაც შემეტანა, აღარასოდეს გადავდგამდი ამ ნაბიჯს.

ამ გადაწყვეტილების მიღება ყველას უჭირს, ეს არავისთვის არ არის ადვილი. წლების შემდეგ ბრუნდები სამშობლოში, მობრუნდები და ისევ წასასვლელი ხარ. მეტი გამოსავალი არ გაქვს. ელემენტარული, პურის ყიდვის საშუალება რომ აღარ გაქვს, ისეა ყველაფერი ჩვენს სამშობლოში. ხმის ამოღების უფლებაც არ გაქვს, რომ შენი აზრი დააფიქსირო, რადგან ეს ვიღაცას შეიძლება არ მოეწონოს.

ჩემი შვილი ახლა, 19 იანვარს 13 წლის გახდება. 1 წლის და 3 თვის იყო, სულ პირველად რომ დავტოვე. არც მისი პირველი ნაბიჯები არ მინახავს, არც მისი პირველი სიტყვა არ გამიგონია, ისე დაიწყო საუბარი, მე არ ვყოფილვარ მის გვერდით.

ორი წელი – 2019 და 2020 წლები მომეცა ჩემს შვილის გვერდით ყოფნის შესაძლებლობა.

31 წლის მანძილზე, თუ არ ჩავთვლით ბავშვობის წლებს, ალბათ ყველაზე ბედნიერი 2 წელი იყო, მიუხედავად იმ გასაჭირისა, რაც საქართველოში იყო პანდემიის პერიოდში. ჩემი შვილის სურნელი… ეს ყველაზე ბედნიერი დღეები იყო ჩემს ცხოვრებაში.

ახლა არის ბებიასთან და ბაბუასთან. ეს ძალიან დიდი იმედია, იმის არ მეშინია, რომ არავინ არ შეხედავს. იმედიანად მყავს დატოვებული. ვიცი, რომ ჩემი მშობლები არანაირ ყურადღებას არ მოაკლებენ.

  • „დღეში 12 საათს ვმუშაობთ, ფეხზე დამდგარი“ 

თითქმის ერთი წელია პოლონეთში ვართ მე და ჩემი მეუღლე. ჯერ ვარშავაში ვცხოვრობდით, შემდეგ ქალაქ პოზნანში გადმოვედით.

ყველაზე რთულია პირველი დღეები, როცა არაფერი არ იცი, ჩამოდიხარ, ეძებ სამსახურს, შეიძლება ქუჩაში დარჩე, არავის არ აინტერესებ.

აქ ვმუშაობ ქსელურ საცხობში, სადაც ცხვება ტკბილეული და ამარაგებს სუპერმარკეტების ქსელს. პირობებზე რა გითხრათ, ჩამოსული ხარ, ემიგრანტი ხარ, თუ სადმე რთული სამუშაო, ყველაფერი ჩვენი, ემიგრანტების გასაკეთებელია. ყველაფერი უნდა შეძლო, ყველაფერი უნდა გააკეთო.

ვმუშაობთ 12-საათიანი გრაფიკით. დილის 5-ის ნახევარზე ვდგებით, 6 საათზე უკვე იწყება ჩვენი ცვლა, დილის ექვსიდან საღამოს 6 საათამდე ვმუშაობთ, მხოლოდ ნახევარი საათი გვაქვს შესვენება დღეში ერთხელ. არ გვაქვს ტელეფონის გამოყენების საშუალება და იმ ნახევარსაათიან შესვენებას თუ არ ჩავთვლით, 12 საათის განმავლობაში ფეხზე ვდგავართ.

აქ ვცხოვრობთ საერთო საცხოვრებელში, გვაქვს ჩვენი საძინებელი, სხვა დანარჩენი საერთოა.

ხელფასის აღება და გადასარიცხ პუნქტში ან ბანკში მისვლა ერთია. ხალხი გელოდება, რომელიც შენს იმედზეა.

სამსახური, სახლი, მოწესრიგება, დაძინება – ძირითადად ესაა ჩვენი ყოველდღიურობა, ყოველ დღე ერთი და იგივე. 12-საათიანი მუშაობის შემდეგ არა მგონია ვინმეს გართობის ან რაიმეს სურვილი ჰქონდეს. სურვილიც რომ გქონდეს, ვერ მისცემ საკუთარ თავს უფლებას.

ინტერნეტი გვაქვს სახლში და იმის შესაძლებლობა, რომ ოჯახის წევრები შორიდან მაინც დავინახოთ. დამერწმუნეთ, ესეც დიდი ბედნიერებაა. იყო დრო, როცა ემიგრაციაში პირველად წავედი, კვირაში ერთხელ შემეძლო გამოვსულიყავი და დამერეკა, დასვენების დღეს. დღეს ის ბედნიერება მაინც მაქვს, რომ სამსახურის შემდეგ შემიძლია დავრეკო და ჩემი შვილი დავინახო.

კვირაში შეიძლება დავისვენო ერთი დღე, შეიძლება საერთოდ არ დავისვენო. აქ დღიურია ანაზღაურება, იმის მიხედვით გიხდიან, რამდენ საათს და რამდენ დღეს იმუშავებ. ამიტომ ნაკლებად აძლევს თავს ვინმე იმის უფლებას, რომ დღე ტყუილად გაატაროს.

ხელფასიდან ვიტოვებთ იმ თანხას, რაც გვჭირდება საკვებად. ეს არის და ეს.

ემიგრაციაში წამოსვლამდე საქართველოში ორ კაზინოში ვმუშაობდი. მაშინ ის ხელფასი სრულიად დამაკმაყოფილებელი იყო, მყავდა საუკეთესო კოლექტივი, კმაყოფილი ვიყავი ჩემი სამსახურით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოშიც 12 საათს ვმუშაობდი. მაგრამ საქართველოში 12 საათი სხვაა, აქ ისე გავა 12 საათი, რომ შეიძლება ქართველთან შეხება არც მქონდეს.

  • „ემიგრაციაში ყოფნით მე ჩემი ოჯახი გადავარჩინე“

ემიგრაციაში ყოფნით, შემიძლია ვთქვა, რომ მე გადავარჩინე ჩემი ოჯახი. შეიძლება ვერ გავაძლიერე ისე, რაღაც მნიშვნელოვანი ვერ შევიძინე, მაგრამ იმის მაინც არ მეშინოდა, რომ ჩემს შვილს საკვები არ ექნებოდა.

რომ ვთქვა, კონკრეტულად კიდევ რამდენ ხანს გავჩერდები ემიგრაციაში, არ მაქვს ეს პასუხი. ყოველ დღე იმას ვფიქრობ და იმაზე ვოცნებობ, რომ ბილეთი ავიღოთ და უკან დავბრუნდეთ. ყველას ნატვრა ეს არის.

რომ შევძლოთ დაბრუნება, ელემენტარული პირობები, სამსახური გვჭირდება. 30 წელს გადასცილდები, 31, 32… უკვე თითქმის ყველგან უარს გეუბნებიან, „ასაკი 30 წლამდე“, – ასეა მითითებული ნორმალური ვაკანსიების 90 პროცენტში.

საქართველოში ჩვენ მხოლოდ სამუშაო ადგილი გვჭირდება. ნახევარი საქართველოს ქალები, ყველაზე ძლიერი ქალები, სხვა ქვეყანას, სხვის შვილებს ვახმართ ჩვენს ჯანმრთელობას და ჩვენს შესაძლებლობებს. სხვა ქვეყანა იყენებს ჩვენს რესურსებს, ჩვენს გონებას.

ჩემთვის საქართველოს ჰაერის ჩასუნთქვა ახლა ყველაფერს უდრის. 10 წლის სიცოცხლის გახანგრძლივებას უდრის, თუნდაც „ბერეგზე“ გავლა, თევზის სუნი…

ყველაფერი მენატრება, ყველაფერი.

__________________________________________________________

გადაბეჭდვის წესი


ასევე: