ბათუმის საკრებულოში ხვალ თავმჯდომარის არჩევას გეგმავენ

ხვალ, 23 დეკემბერს, ბათუმის საკრებულოს სხდომა გაიმართება. განცხადება სხდომის მოწვევის თაობაზე საკრებულოს აპარატმა ოპოზიციის მოთხოვნით გაავრცელა.

ასვე ოპოზიციის მოთხოვნით, სხდომის დღის წესრიგი ორი საკითხის კენჭისყრას ითვალისწინებს. ეს საკითხებია: საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა და 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ წინა მოწვევის საკრებულოს მიერ მიღებული დადგენილების ბათილად ცნობა.

სხდომის გამართვისთვის საჭიროა კვორუმი შედგეს, ამისთვის კი სხდომას საკრებულოს 18 წევრი მაინც უნდა დაესწროს.

ბათუმის საკრებულოში 35 წევრია, აქედან 16 წევრი „ოცნებას“ წარმოადგენს. ამ დროისთვის არ გვაქვს პასუხი, დაeსწრებიან თუ არა სხდომას „ოცნების“ წევრები.

14 წევრი ჰყავს საკრებულოში „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, 2 – „გახარია საქართველოსთვის“, 1 – „ლელოს“ და 1 დამოუკიდებელი დეპუტატია, გახარიას პარტიის ყოფილი წევრი.

ხვალ საკრებულოს სხდომას დაესწრება გახარიას პარტიის 1 წევრი – აკაკი გვიანიძე. „გახარია – საქართველოსთვის“ პარტიის წევრები ბათუმის საკრებულოს პირველ სხდომას არ დასწრებიან.

საერთო ჯამში ოპოზიცია სრულად რომ გაერთიანდეს, ასევე, დამოუკიდებელმა წევრმაც რომ მიიღოს გადაწყვეტილება ოპოზიციის სასარგებლოდ, 17 ხმით თავმჯდომარის დამტკიცებას ვერც ოპოზიცია შეძლებს და ვერც „ოცნება“, რადგან კოდექსი თავმჯდომარის ასარჩევად საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტის მხარდაჭერას ითვალისწინებს.

_______________

ფოტოზე: ბათუმის ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხომა

 

ექსპორტი საქართველოდან: ჩინეთი პირველ ადგილზეა, რუსეთი – მეორეზე, თურქეთი – მესამეზე

„იმპორტშიც გაზრდილია იგივე მონაცემები, რაც ექსპორტში, ანუ რაც გაგვაქვს საზღვარგარეთ, შემოტანილია საქართველოში,“ – გვითხრა ეკონომისტმა, კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის დეკანმა სოსო ბერიკაშვილმა, რომელსაც ვკითხეთ: რატომ არ აისახება მოსახლეობის შემოსავლებზე ექსპორტის გაზრდილი მაჩვენებლები?

ეკონომისტი განმარტავს, რომ იმპორტზე დამოკიდებულების მაჩვენებელია მაღალი და ადგილობრივი წარმოება ისევ ვერ ვითარდება. ეს მთავარი მიზეზებია, რის გამოც ექსპორტის ზრდას ადამიანები საკუთარ ჯიბეებზე ნაკლებად გრძნობენ.

ექსპორტი 2021 წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 3.8 მილიარდ ამერიკულ დოლარამდე გაიზარდა. ეს 26.7 პროცენტით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

სტატისტიკის მონაცემებით, საქართველოსთვის უმსხვილესი პარტნიორები ისევ არიან: ჩინეთი [537,9 მილიონი აშშ დოლარი], რუსეთი [502,1 მილიონი აშშ დოლარი] და თურქეთი [275,5 მილიონი აშშ დოლარი].

ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე წინა წლების მსგავსად ისევ სპილენძის მადნები და კონცენტრატებია 750.1 მლნ. აშშ დოლარით [აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 26.7 პროცენტია].

მე-2 ადგილზეა ფეროშენადნობები 414.8 მლნ. აშშ დოლარით [მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 14.8 პროცენტი], ხოლო მე-3 ადგილს იკავებს ყურძნის ნატურალური ღვინოები 214.9 მლნ. აშშ დოლარით [მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 7.7 პროცენტი].

„ეს არის შემოსავალი, რომელიც პირდაპირ გლეხის ოჯახისკენ მიმართულია,“ – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ, რომელმაც მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ექსპორტის გაზრდილ მაჩვენებლებზე ისაუბრა და თქვა, რომ განსაკუთრებით ღვინის და სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე ექსპორტის მაჩვენებლების ზრდა აისახება „პირდაპირ გლეხის ოჯახზე“.

„ღვინო გაგვაქვს და ეს ძალიან კარგია, თუმცა იგივე ბოთლები, რომლებშიც ღვინო ასხია, იმპორტირებული მასალითაა შექმნილი,“ – აღნიშნავს ეკონომისტი სოსო ბერეკაშვილი. ის გვესაუბრა ექსპორტის გაზრდის მაჩვენებლებზე.

„პროცენტულად შესაძლოა ეს ციფრები მაღალი გვეჩვენებოდეს, მაგრამ აბსოლუტურ რიცხვებში იმდენად მცირეა, რომ ეს რეალურად ვერ ყოფნის ვერაფერს: ინფლაცია არის უზარმაზარი, უმუშევრობის დონე მაღალია და ეს ამას ვერ აბალანსებს.

მსოფლიო ტენდენციაა ის, რომ გაზრდილია სავაჭრო ბრუნვები ყველგან. პანდემიის გამო იყო მოთხოვნები შეჩერებული და რადგან შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა, ეს პროცესი გააქტიურდა.

ცუდი რაც არის ქართულ ექსპორტში არის ის, რომ დიდ წილს იკავებს ისევ ავტომობილები, რკინა და ასე შემდეგ, ის პროდუქტები, რასაც ჩვენ არ ვაწარმოებთ. მაგალითად, შემოდის მეტალი და გადის სხვა ფორმით… ექსპორტის ზრდა კარგია, მაგრამ ცუდია ის, რომ ძალიან ვართ დამოკიდებული იმპორტზე. რეექსპორტიც კარგია, მაგრამ უმჯობესია ადგილობრივი წარმოება გვქონდეს,“ – ამბობს სოსო ბერიკაშვილი.

ანალიტიკოსმა ნათქვამის საილუსტრაციოდ მიგვითითა სტატისტიკურ მონაცემზე, საიდანაც ჩანს, რომ, მაგალითად, სპილენძის მადნები და კონცენტრატები პირველ ადგილზეა ექსპორტის სტატისტიკაში და ამავდროულად იმპორტში სამეულშია.

„მსუბუქი ავტომანქანებია ექსპორტში მეორე ადგილზე, იმპორტში კი, პირველ ადგილზე,“ – დასძინა სოსო ბერიკაშვილმა.

„ბუსტერი ყველაზე მნიშვნელოვანი დაცვაა ომიკრონისგან“ – ჰანს კლუგე

ჯანმოს ევროპის ოფისის ხელმძღვანელმა ჰანს კლუგემ გააფრთხილა ქვეყნები, რომ ომიკრონის ინტენსიური გავრცელების პირობებში მოემზადონ Covid19-ის შემთხვევების „მნიშვნელოვანი ზრდისთვის“.

„ჩვენ ვხედავთ ქარიშხლის მოახლოებას… რამდენიმე კვირაში ომიკრონი დომინანტი გახდება ევროპის რეგიონის უფრო მეტ ქვეყანაში, რაც უკვე დაჭიმულ ჯანდაცვის სისტემებს ზღვარზე მიიყვანს“ – თქვა 21 დეკემბერს ვენაში გამართულ პრესკონფერენციაზე ჰანს კლუგემ. მის კომენტარს „გარდიანი“ ავრცელებს.

კლუგე

ჰანს კლუგე ამბობს, რომ ჯანდაცვის სისტემების ზღვრამდე მიყვანის თავიდან ასაცილებლად, საჭიროა ბუსტერ დოზების უფრო აქტიურად გამოყენება.

„ბუსტერი არის ყველაზე მნიშვნელოვანი დაცვა ომიკრონისგან,“ – განაცხადა მან.

ნოემბრის ბოლოდან მოყოლებული ომიკრონი გამოვლინდა ჯანმოს ევროპის რეგიონის 53 ქვეყნიდან მინიმუმ 38 ქვეყანაში და უკვე დომინანტია რამდენიმე მათგანში, მათ შორის დანიაში, პორტუგალიასა და გაერთიანებულ სამეფოში. ჯანმო-ს ევროპის რეგიონში შედის თურქეთი, საქართველო და სხვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიც.

შემთხვევათა უმეტესობა დაფიქსირდა 20-დან 30 წლამდე ახალგაზრდა ადამიანებში.

ჰანს კლუგე: „Covid19-ით ინფიცირების ახალი შემთხვევების დიდმა მოცულობამ შეიძლება გამოიწვიოს მეტი ჰოსპიტალიზაცია, ასევე ჯანდაცვის სისტემებისა და სხვა კრიტიკული სერვისების ფართო შეფერხება… მთავრობებმა და ხელისუფლებამ უნდა მოამზადონ ჩვენი რეაგირების სისტემები მნიშვნელოვანი ზრდისთვის“.

წინასწარი მონაცემებით, დელტა ვარიანტთან შედარებით ომიკრონით ინფიცირება ნაკლებად მძიმე დაავადებას იწვევს. თუმცა რადგან იგი უფრო გადამდებია და მეტი ადამიანის ინფიცირებას იწვევს, ეს გამოიწვევს უკვე გადატვირთული ჯანდაცვის სისტემებზე დამატებით ზეწოლას და ადამიანები ვერ მიიღებენ შესაბამის სამედიცინო მომსახურებას. ომიკრონი კვლავ საფრთხეს წარმოადგენს რისკჯგუფებისათვის, განსაკუთრებით კი ასაკოვანი და ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებისთვის.

ჯანდაცვის ის საყოველთაო ზომები, რომლებიც აქამდე covid19-ისგან დასაცავად გამოიყენებოდა კვლავ ეფექტურია ვირუსის ახალი შტამის წინააღმდეგ, ეს ზომებია: პირბადის ტარება დახურულ და ღია სივრცეში და აცრა კორონავირუსზე.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციითაც ბუსტერიზაცია ერთ-ერთ მთავარ დამცველობით მექანიზმად მიიჩნევა ომიკრონის გავრცელების პრევენციისთვის.

„რადგან უკვე დადგენილია კვლევებით, რომ განსაკუთრებით მესამე დოზა ფაიზერს საკმაოდ მაღალი დაცვის უნარი აღმოაჩნდა ომიკრონის შტამის მიმართ, მივმართავ მოსახლეობას, დააჩქარონ ბუსტერიზაცია,” – თქვა საკოორდინაციო საბჭოს წევრების დღევანდელ ბრიფინგზე ამირან გამყრელიძემ.

დღეისთვის საქართველოში 54 000 ბუსტერია გაკეთებული.

საქართველოში ომიკრონის 24 შემთხვევაა – უახლესი ცნობები ახალი შტამის შესახებ

22 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის – ომიკრონის 24 შემთხვევა დაფიქსირდა.

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, პირველი ორი ადამიანი,  რომელთაც ომიკრონი ორშაბათს დაუდასტურდა,  24 და 26 წლის ახალგაზრდები არიან. მათ საზღვარგარეთ მოგზაურობის ისტორია აქვთ – ერთს აშშ-ში, მეორეს კი – დუბაიში.

„მათ ჰქონდათ საკმაოდ ბევრი კონტაქტი და ამ კონტაქტებიდან დავადასტურეთ კიდევ 22 შემთხვევა. მათგან ზოგიერთი კონტაქტია, მაგრამ ამავე დროს არის დამოუკიდებელი შემთხვევებიც და თითქმის ყველა არის შემოტანილი.

9 შემთხვევა შემოტანილია დუბაიდან, ერთი – თვითმფრინავით. ერთი შემთხვევა შემოსულია ბუდაპეშტიდან, ერთი შემთხვევა არის ლონდონიდან, ორი შემთხვევა გახლავთ თურქეთის გავლით, აფრიკის ქვეყნებიდან, ასევე, ერთი შემთხვევა არის აშშ – დან” – განაცხადა დღეს, 22 დეკემბერს, ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, პაციენტებს აღენიშნებათ ტემპერატურის მცირე მატება, ერთგან იყო მაღალი ცხელების შემთხვევა, თუმცა ჰოსპიტალიზაცია არც ერთ პაციენტს არ დასჭირვებია და ომიკრონით ინფიცირებული პირები იმყოფებიან სახლში, დაკვირვების ქვეშ.

გამყრელიძის თქმით, ეპიდემიოლოგებისა და ლაბორატორიული სამსახურების მიერ მიმდინარეობს ომიკრონით ინფიცირებული პაციენტების დაახლოებით 53 კონტაქტის კვლევა.

ამ დროისთვის ცნობილია, რომ სხვა ვარიანტებთან შედარებით ომიკრონი უფრო გადამდებია, მათ შორის, დელტა ვარიანტთან შედარებით.

ბოლო კვირებში მსოფლიოში ომიკრონით ინფიცირების შემთხვევებმა მკვეთრად მოიმატა. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, გადააჭარბებს თუ არა მისი გავრცელება დელტა ვარიანტს, რომელიც ჯერ კიდევ დომინანტურია მსოფლიოში.

არსებული მონაცემებით, ომიკრონვარიანტით ინფიცირება იწვევს დაავადების როგორც ასიმპტომატურ, ასევე მსუბუქ და მძიმე განვითარებას და სიკვდილს. ომიკრონს არ აქვს დელტასგან განსხვავებული სიმპტომები.

ჯანმოს წინასწარი მონაცემებით, დელტა ვარიანტთან შედარებით ომიკრონით ინფიცირება ნაკლებად მძიმე დაავადებას იწვევს, თუმცა, რადგან იგი უფრო გადამდებია და მეტი ადამიანის ინფიცირებას იწვევს, ეს გამოიწვევს უკვე გადატვირთული ჯანდაცვის სისტემებზე დამატებით ზეწოლას და ადამიანები ვერ მიიღებენ შესაბამის სამედიცინო მომსახურებას.

პირველი იანვრიდან 10 იანვრამდე უქმე დღეები გამოცხადდა

დღეს, 22 დეკემბერს, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საჯარო უწყებებში 2022 წლის პირველი იანვრიდან 10 იანვრამდე უქმე დღეები იქნება.

„საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ პირველი იანვრიდან 10 იანვრამდე პერიოდი უქმე დღეებად გამოცხადდეს. ეს ეხება საჯარო დაწესებულებებს, კერძო სექტორს კი შეუძლია თავისით მიიღოს გადაწყვეტილება“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ, საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა.

სკოლებში ზამთრის არდადაგები 30 დეკემბრიდან დაიწყება და 17 იანვრამდე გაგრძელდება.

ღიბრაძის თქმით, სხვა დამატებითი შეზღუდვები ან შემსუბუქება საბჭოს ამ ეტაპისთვის არ მიუღია.

აფთიაქებში ფსიქოტროპული წამლების უკანონო გაყიდვზე 5 პირი პასუხისმგებაში მისცეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოვლინდა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის 4 ფაქტი, რის გამოც სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა 5 პირი.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები თბილისის და რუსთავის სხვადასხვა უბანში მდებარე, მათივე მფლობელობაში არსებულ აფთიაქებში, სალიცენზიო პირობების დარღვევით ყიდდნენ ფსიქოტროპულ მედიკამენტებს ფიზიკურ პირებზე რეცეპტის გარეშე, რითაც ხელს უწყობდნენ ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიას.

აღნიშნული ქმედებით ბრალდებულებმა მიიღეს დიდი ოდენობით შემოსავალი, ხოლო სამოქალაქო ბრუნვაში ყოველგვარი რეგულაციისა და ნებართვის გარეშე შევიდა ჯამში დაახლოებით 850 000 ლარის ღირებულების ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტი“, – წერს საგამოძიებო სამსახური.

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე.

დეკემბერში 5 კილოგრამზე მეტი ჰეროინი და 2 კილოგრამი კოკაინი ამოიღეს | შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2021 დეკემბრის თვეში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად – 9 პირი, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა – 2, ხოლო თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1 პირი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა მიმდინარე თვეში ამოიღეს 5 კილოგრამი და 500 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, 2 კილოგრამი „კოკაინი, 60 შეკვრა “ალფა-პვპ”, “ბუპრენორფინის” შემცველი “სუბოქსინის” 77 აბი და სხვა ნარკოტიკი.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბათუმში ბარცხანას და ლერმონტოვის ქუჩის ნაწილს შუქი არ მიეწოდება

დღეს, 22 დეკემბერს, ბათუმში ელექტროენერგია შეუწყდა ქალაქის გარკვეულ უბნებს.

ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება ბარცხანის დასახლების და ლერმონტოვის ქუჩის ნაწილს.

როგორც „ბათუმელებს“ ენერგოკომპანიაში უთხრეს, დენის შეწყვეტის მიზეზი უამინდობაა, ტექნიკური სამუშაოები მიმდინარეობს და მოსახლეობას ელექტროენერგია მალე მიეწოდება.

ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 22 დეკემბრის 21 საათიდან 23 დეკემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი და თოვა, სანაპირო რაიონებში უმეტესად, თოვლ-ჭყაპის სახით.

აჭარაში ცივი ამინდი 25 დეკემბრამდე შენარჩუნდება

აჭარაში თოვლიანი და ქარიანი ამინდი კიდევ ორ დღეს შენარჩუნდება.

აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 22 დეკემბრის 21 საათიდან 23 დეკემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი და თოვა, სანაპირო რაიონებში უმეტესად თოვლ-ჭყაპის სახით.

აჭარის მთიან მუნიციპალიტეტებში მოთოვს, ზოგან მოსალოდნელია ძლიერი თოვა, მაღალ მთაში – ქარბუქი.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 15-20 მეტრი წამში.

დღეს და ხვალ ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 2 – 7 გრადუსი
  • ღამით: -2 – +3 გრადუსი

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 10 – 15 გრადუსი
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი ყინვა

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 24 დეკემბერს მოსალოდნელია დროგამოშვებით თოვა. მომდევნო 2 დღეს კი, 25-26 დეკემბერს, აჭარაში გამოიდარებს.

 

შუახევში სოფლებთან მისასვლელი გზები ჩაკეტილია – რა მდგომარეობაა აჭარის მუნიციპალიტეტებში

დღეს, 22 დეკემბერს, შუახევში თოვის გამო სოფლებთან მისასვლელი გზები ჩაკეტილია.

ამ დრომდე აჭარის მაღალმთიანეთში ინტენსიურად თოვს. გზები ჩაიკეტა და სოფლები ელექტროენერგიის გარეშე დარჩა ხულოშიც.

შუახევის ცენტრში თოვლის საფარის სიმაღლე 30 – 40 სანტიმეტრია, მაღალ ზონაში – 60 – 80 სანტიმეტრი. შუახევის მერიის პრესცენტრის ინფორმაციით, ინტენსიურად წმენდენ სოფლებთან მისასვლელ გზებს, ხოლო ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის შუახევის მონაკვეთზე გადაადგილება შეზღუდული არ არის.

შუახევის სოფლებში აქვთ ელექტროენერგიის პრობლემაც, თუმცა შუახევის მერიის ინფორმაციით, 1500 აბონენტს უკვე მიეწოდება ელექტროენერგია და მიმდინარეობს დაზიანებული გადამცემი ხაზების აღდგენის სამუშაოები.

შუახევის სოფლებთან მისასვლელ გზებს წმენდენ. შუახევის მერიის პრესცენტრის ფოტო

თოვლის საფარი დაბალია ან საერთოდ არ არის აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებში. ქედის მერიის პრესცენტრში გვითხრეს, რომ აქ თოვამ მხოლოდ ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა შექმნა 4 სოფელში და მიმდინარეობს აღდგენის სამუშაოები.

ქედის სოფლებთან მისასვლელ გზები არ ჩაკეტილა. ქედის მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარის სიმაღლე ნახევარ მეტრზე მეტია.

ხელვაჩაურის მერის, ზაზა დიასამიძის თქმით, ხელვაჩაურში გადაადგილების პრობლემა მხოლოდ ზედა ჩხუტუნეთში შეიქმნა და ამ დროისთვის გზებს წმენდენ. ამავე სოფელში შეწყვეტილია ელექტროენერგიის მიწოდებაც.

ქობულეთის სოფლებშიც გათოვდა, თუმცა აქ თოვლის საფარი დაბალია. ქობულეთის მერიის პრესცენტრის ინფორმაციით, რამდენიმე ადგილას უამინდობის გამო ქობულეთის სოფლებში მეწყრული პროცესი გააქტიურდა.

აჭარაში კოვიდით 4 ადამიანი გარდაიცვალა

22 დეკემბრის მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 202 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა 4 ადამიანი.

ამ დროისთვის აჭარის კოვიდ კლინიკებში 518 ადამიანი მკურნალობს კოვიდზე, კოვიდსასტუმროში – 247.

აჭარაში სულ ვაქცინირებულია  281 842 ადამიანი. ორი დოზით – 125 899, ბუსტერის ერთი დოზა მიღებული აქვს 3 382 პირს.

ბათუმში ძლიერმა ქარმა მოსაცდელი წააქცია

დღეს, 22 დეკემბერს, ბათუმში ძლიერმა ქარმა ცენტრალურ პარკში მოსაცდელი წააქცია. პარკში ქარმა ერთი ხეც მოგლიჯა.

როგორც ბათუმის მერიაში ამბობენ, ქალაქის ტერიტორიაზე ჯერჯერობით სხვა ზიანი უამინდობას არ გამოუწვევია. „მოსაცდელს დღის განმავლობაში აღადგენენ,“ – გვითხრეს მერიაში.

აჭარაში ამინდი გუშინ გაუარესდა. ბათუმში დროგამოშვებით ძლიერი წვიმა და სეტყვაა, მაღალ მთაში კი, თოვლის საფარმა ერთ მეტრს მიაღწია.

დადასტურდა კოვიდის 2739  ახალი შემთხვევა – 22 დეკემბრის მონაცემები

22 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში დადასტურდა კოვიდის 2739  ახალი შემთხვევა. ჩატარდა 45 153 ტესტი კორონავირუსზე.

გასულ 24 საათში 52 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით.

21 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.07%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 6.58% ხოლო 7 დღის მანძილზე – 6.19%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 739 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 246 შემთხვევა, აჭარაში – 204, იმერეთში – 437, ქვემო ქართლში – 120, შიდა ქართლში – 174, გურიაში – 99, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 184, კახეთში -147, მცხეთა-მთიანეთში – 66, სამცხე-ჯავახეთში – 50, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში -12.

ხულოში გზები ჩაკეტილია, გაითიშა შუქი – თოვლის საფარის სიმაღლე ნახევარ მეტრზე მეტია

დღეს, 22 დეკემბერს, ხულოში გზები ჩაკეტილია, დაბა და ხულოს სოფლები შუქის გარეშეა დარჩენილი.

ხულოს მერის, ვახტანგ ბერიძის თქმით, დაწყებულია გზის გაწმენდის სამუშაოები, თუმცა ამ დროისთვის რამდენიმე მიმართულებით მსუბუქი ავტომანქანების გადაადგილება შეზღუდულია.

„ამ დროისთვის თითქმის ყველგან არის შეფერხება, მაგრამ მალე აღდგება… გზების გაწმენდა დამოკიდებულია თოვაზე, ამ დრომდე ინტენსიურად თოვს. ამ მონაცემებით 2 – 3 საათში უნდა გაიწმინდოს გზა,“ – ამბობს ხულოს მერი, ვახტანგ ბერიძე.

ხულოს მერის ინფორმაციით, დღეს დილით ხულოს ცენტრში თოვლის საფარის სიმაღლე დაახლოებით ნახევარი მეტრია, მაღალმთიან სოფლებში კი – 70-80 სანტიმეტრი.

ხულოს ცენტრსა და სოფლებში არ აქვთ ელექტროენერგიაც. ხულოს მერის ინფორმაციით, ამ მიმართულებითაც დაწყებულია მუშაობა.

„11 საათზე გვაქვს შტაბის სხდომა ხულოს მერიაში და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებებს,“ – გვითხრა ვახტანგ ბერიძემ.

________________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

ქობულეთის მერის ხელფასი გაიზარდა და 5 000 ლარი იქნება

ქობულეთის ახალი მერი, ლევან ზოიძე, საკრებულოში ხელფასების ზრდის ინიციატივით შევიდა, შესაბამისი განკარგულების პროექტი განსახილველად საკრებულოში უკვე გადაგზავნილია.

პროექტის მიხედვით, მერის ხელფასი 5060 ლარი იქნება, ხოლო პირველ მოადგილეს ხელფასის სახით 3850 ლარი დაერიცხება, მერის მეორე მოადგილე 3 520 ლარს მიიღებს.

ქობულეთის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ხელფასი 1650 ლარით განსაზღვრეს, მეორე რანგის საჯარო მოხელის ხელფასი 1320, ხოლო მესამე რანგის მოხელის ხელფასი 880 ლარი იქნება.

საკმაოდ დაბალი თანხა – 605 ლარი გაითვალისწინეს მერიის სტრუქტურულ ერთეულებში [სოფლების წარმომადგენლები] დასაქმებული პირებისთვის, უფრო ნაკლები – 550 ლარი იქნება მერიაში უმცროსი სპეციალისტის ხელფასი.

ხელფასებს იზრდიან ქობულეთის საკრებულოს თანამდებობის პირებიც, შესაბამისი განკარგულების პროექტის მიხედვით, საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასი 4510 ლარი იქნება. პირველ მოადგილეს 3410, მეორე და მესამე მოადგილეების ხელფასი კი 2970 ლარით განსაზღვრეს.

საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის ხელფასი 2420, ხოლო ფრაქციის თავმჯდომარის ხელფასი 2200 ლარი იქნება. ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე კი შრომის ანაზღაურების სახით 1760 ლარს მიიღებს.

რატომ არ სრულდება ბათუმის მე-6 განყოფილებაში მოქალაქეების ცემაზე დაწყებული გამოძიება

„გამოძიება ყოველთვის იწყება მსგავს შემთხვევებში, მაგრამ არანაირი შედეგი არ დგება, პასუხისმგებლობის დაკისრება არ ხდება. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო გარკვეულწილად ახალისებს მსგავს საქციელს პოლიციელების მხრიდან,“ – ასეთია საია-ს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელის, პაატა დიასამიძის შეფასება შემთხვევებზე, როცა პოლიციელების მხრიდან სავარაუდო დანაშაულის ჩადენის შემთხვევებზე გამოძიება მხოლოდ იწყება და აღარ სრულდება.

გუშინ, 20 დეკემბერს, უკვე მესამე გამოძიება დაიწყო ბათუმის პოლიციის მე-6 განყოფილებაში მომხდარ შემთხვევაზე. ამჯერად პოლიციელები პოლიციის შენობაშივე ფიზიკურ ძალადობაში ჟურნალისტებმა დაადანაშაულეს.

„პოლიციის მე-6 განყოფილებაში გვცემეს“ – ბათუმელი ჟურნალისტები

მანამდე „ბათუმელები“ ორი შემთხვევის შესახებ წერდა, სადაც მოქალაქეები ასევე ჰყვებოდნენ, რომ მათზე პოლიციელებმა იძალადეს.

პოლიციის მე-6 განყოფილება ბათუმში რუსთაველის ქუჩაზეა. ამ შენობიდან გამოსულმა მოქალაქემ, ირაკლი ქაჯაიამ ზუსტად 5 წლის წინ – 2016 წელს თქვა, რომ პოლიციელებმა სცემეს – პოლიციის შენობაში ნეკნი ჩაუმტვრიეს. იმის მიუხედავად, რომ ამ საქმეში პირდაპირი მტკიცებულებებია იმაზე, რომ მოქალაქეზე პოლიციის განყოფილებაში ფიზიკურად იძალადეს, პროკურატურა დანაშაულზე არ რეაგირებს.

„გამოძიების ფარგლებში ამოიღეს სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერები, კამერა პოლიციის განყოფილების ფოიეშია განთავსებული და ჩანს, რომ დაკავებული ირაკლი ქაჯაია შედის ჩვეულებრივად, ხოლო იქიდან გამოჰყავთ ფიზიკური დაზიანებებით… შესაძლებელი იყო დადგენა, რის გამო მიადგა დაზიანებები მოქალაქეს პოლიციის განყოფილებაში. საქმეშია ექსპერტიზის დასკვნაც სხეულის დაზიანებებზე,“ – აღნიშნავს პაატა დიასამიძე.

პოლიციის განყოფილებიდან მაშინ ირაკლი ქაჯაია წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს, თუმცა იქ შეყვანამდე ადმინისტრაციული წესით დაკავებული მოქალაქის რეფერალურში გადაყვანა გახდა საჭირო. 2016 წელს, „ბათუმელებმა“ მოიპოვა სამედიცინო დაწესებულების მიერ შედგენილი დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც დაკავებულს ჩამტვრეული ჰქონდა ნეკნი და გახეთქილი ჰქონდა წარბი. გრაფაში „ავადმყოფობის მიმდინარეობა“ კი ჩაწერეს – „მწვავე“.

პოლიციის მე-6 განყოფილებიდან გამოსული მოქალაქე. 2016 წელს მომხდარი ამ შემთხვევის გამო დღემდე არავინ დასჯილა.

გამოძიების ფარგლებში მაშინ რამდენიმე პოლიციელი გამოჰკითხეს, მათ შორის, თემურ ბერულავა, რომელმაც მოქალაქე ირაკლი ქაჯაია პოლიციის განყოფილებაში მიიყვანა.

„უცებ თავი გაწია და სკამის კუთხეს მიარტყა,“ – უთხრა ამ პოლიციელმა გამომძიებლებს.

„ირაკლი ქაჯაიას საქმეზე“ გამოძიების დაწყებიდან 5 წელზე მეტი დრო გავიდა. საია-ს იურისტი, პაატა დიასამიძე სწორედ დროს ასახელებს არგუმენტად, როცა ამბობს, რომ სახელმწიფო „ახალისებს“ პოლიციელების მხრიდან ძალადობას.

რატომ ხართ ასე აგრესიული პოლიციის მიმართ?” – ეს შეკითხვა უკვე პოლიციელმა ავთანდილ ბერულავამ დაუსვა ადმინისტრაციული წესით დაკავებულ ლევან ბერიანიძეს და თორნიკე კუსიანს 2017 წელს. ამ სამოქალაქო აქტივისტებმა პოლიციის მე-6 განყოფილების პოლიციელები ასევე ფიზიკურ ძალადობაში დაადანაშაულეს. სასამართლო პროცესზე კი, სადაც ბერიანიძის და კუსიანის სამართალდარღვევის შემთხვევა განიხილებოდა, შსს-ს პოზიციას ავთანდილ ბერულავა გამოხატავდა.

ავთანდილ ბერულავა

ლევან ბერიანიძე და თორნიკე კუსიანი ადმინისტრაციული წესით 2017 წლის ზაფხულში დააკავეს. დაკავებამდე მათ და სამ ტრანსგენდერ ქალს ბათუმის ბულვარში რამდენიმე პირი თავს დაესხა.

გამოძიება პოლიციელების წინააღმდეგ სავარაუდო დანაშაულის ჩადენაზე პროკურატურამ ამ შემთხვევაზეც დაიწყო, თუმცა ლევან ბერიანიძეს და თორნიკე კუსიანს არც დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს. შესაბამისად, უცნობია რა საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა.

ფაქტი ისაა, რომ ამ დრომდე არც ამ საქმეზე დაუსჯიათ ვინმე.

„ავთანდილ ბერულავა ჩვენთან უკვე აღარ მუშაობს, ვერ გეტყვით, სად მუშაობს,“ – გვიპასუხეს ბათუმის პოლიციის მე-6 განყოფილების ცხელ ხაზზე.

საია-ს იურისტი პაატა დიასამიძე ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ კიდევ რამდენიმე მსგავსი შემთხვევაა, რაც პოლიციის სხვა განყოფილებებს უკავშირდება, თუმცა გამოძიებას არც სხვა შემთხვევაში დაუდია შედეგი.

„პრაქტიკაში არ მახსენდება შემთხვევა, როცა რომელიმე პოლიციელი პასუხისგებაში მისცეს,“ – დასძინა პაატა დიასამიძემ.

ბოლო 2 წლის განმავლობაში რამდენ შემთხვევაში დაიწყო გამოძიება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პოლიციელების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე და რამდენ შემთხვევაში დასრულდა გამოძიება? – სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გვითხრეს, რომ ამ ინფორმაციის მისაღებად საჯარო ინფორმაცია უნდა გამოვითხოვოთ.

ამ უწყებას, სადაც პოლიციელების მხრიდან სავარაუდო დანაშაულის ჩადენას იძიებენ, გავახსენეთ კიდევ ერთი კონკრეტული შემთხვევა – 2020 წლის აპრილი, როცა კომენდანტის საათის დროს ბათუმშიო მოქალაქეს პოლიციელებმა სცემეს. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის პრესცენტრში გვითხრეს, რომ გამოძიება ამ საქმეზე დასრულდა, თუმცა პროკურატურას საბოლოო გადაწყვეტილება არც ამ საქმეზე მიუღია.

„აღნიშნული სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებულია ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება… გამოძიების ამოწურვის შემდგომ, კანონმდებლობით შემაჯამებელი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს საქართველოს პროკურატურამ. ამ ეტაპზე შემაჯამებელი გადაწყვეტილება პროკურატურის მიერ არ არის მიღებული,“ – მოგვწერეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიდან.

კომენდანტის საათის დროს მოქალაქის ცემაზე გამოძიება სახელმწიფო ინსპექტორს 2021 თებერვალში დაუსრულებია.

რატომ არ რეაგირებს პროკურატურა დანაშაულზე, ანუ როცა პოლიცია ძალადობს? – კითხვები დღეს, 21 დეკემბერს,  მთავარ პროკურატურაში უპასუხოდ დატოვეს.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ბოლო წლებში 18 საქმეზე იცავს ისეთი ადამიანის ინტერესებს, რომელიც პოლიციელს უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებს. არცერთი საქმის გამოძიება არ დასრულებულა.

მთავარი ფოტო: მოქალაქე, რომელიც კომენდანტის საათის დროს ბათუმში პოლიციელებმა სცემეს.

ამ თემაზე:

კომენდანტის საათის დროს დაკავებული: პოლიციელებმა მცემეს და იარაღით დამემუქრნენ

 

44 687-მა სტუდენტმა სტატუსი შეიჩერა – რას ჰყვებიან სტატუსაღდგენილი სტუდენტები

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, ბოლო ორი სასწავლო წლის განმავლობაში 44 687-მა სტუდენტმა შეიჩერა სტატუსი სხვადასხვა მიზეზით. უწყების ინფორმაციით, იმავე პერიოდში 25 998-მა სტუდენტმა აღიდგინა სტატუსი.

უწყების ინფორმაციით, 2019-2020 სასწავლო წლებში:

  • 23 202 სტუდენტს ჰქონდა სტუდენტის სტატუსი წლის განმავლობაში შეჩერებული
  • 13 226-მა სტუდენტმა შეძლო სტატუსის აღდგენა

2020-2021 სასწავლო წლებში:

  • 21 485 სტუდენტს ჰქონდა სტუდენტის სტატუსი წლის განმავლობაში შეჩერებული
  • 12 772-მა სტუდენტმა შეძლო სტატუსის აღდგენა

სტუდენტს სტატუსის შეჩერება რამდენჯერმე შეუძლია.

„ბათუმელები“ ესაუბრა სტუდენტებს, რომლებმაც სტატუსი კორონავირუსის პანდემიის პერიოდში აღიდგინეს. მათი თქმით, ონლაინსწავლებაზე გადასვლამ შესაძლებლობა მისცა, მუშაობის პარალელურად სწავლაც გაეგრძელებინათ.

თამარ ბაუჟაძემ სტუდენტის სტატუსი 5 წლის წინ შეიჩერა. მაგისტრატურაში ჩააბარა, თუმცა მუშაობის პარალელურად სწავლის გაგრძელება ვეღარ შეძლო.

„სწავლა რომ გამეგრძელებინა, უნდა შემეცვალა საცხოვრებელი ადგილი. ფიზიკურად ვეღარ ვახერხებდი თბილისში წასვლას, რადგან მჭირდებოდა გარკვეული თანხა. საკმაოდ დიდ ხარჯებთან არის ეს დაკავშირებული, არც იმ ასაკში ვარ, მშობლებს ვთხოვო: „დედა, მამა ბინა მიქირავე ან რაღაც გააკეთე“. შესაბამისად, ვარჩიე დავრჩენილიყავი სამსახურში, დამეგროვებინა თანხა და შემდეგ გამეგრძელებინა სწავლა,“ – ამბობს თამარ ბაუჟაძე.

თამარი სკოლის მასწავლებელია. ამბობს, რომ ისე გავიდა ეს 4 წელი, საკმარისი თანხის შეგროვება ვერ მოახერხა. თუმცა, აქტიურად იყო ჩართული სასწავლო პროცესებში.

„გასულ წელს, როცა პანდემია დაიწყო, ვფიქრობდი სტატუსის აღდგენაზე, მაგრამ იმდენად ბუნდოვანი იყო სიტუაცია, გადაწყვეტილება ვერ მივიღე. დასწრებული ფორმატის შიშიც მქონდა, რადგან მეშინოდა ვირუსის გადადების. წელს უკვე შევიტანე განცხადება, რადგან ვიცოდი, რომ ონლაინ იქნებოდა სწავლა.

სემინარებიც საღამოსაა და ჩემთვის კომფორტულია, რადგან ჩვენ ისეთ საფეხურზე ვსწავლობთ, როცა არჩევანი გაკეთებული გვაქვს და არ ვართ ძიების პროცესში – უნდა ვიყო აქ, სადაც ვსწავლობ თუ არა. უფრო შემოქმედებითია პროცესი, რადგან რასაც ვსწავლობთ, პრაქტიკულ მუშაობასაც ვამდიდრებთ ამ ცოდნით და ვვითარდებით იმ მიმართულებით. ეს ჩვენი არჩევანია,“ – ამბობს თამარი.

თამარის აზრით, ონლაინსწავლება ბევრად უფრო რთული იქნება ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისთვის, რადგან ამ საფეხურზე სტუდენტები ჯერ კიდევ ძიების პროცესში არიან და შესაძლოა დისტანციური პროცესი მათზე ნეგატიურად აისახოს.

„შესაძლოა სწავლის ხარისხზეც აისახოს ეს, რადგან თუ არ ხარ ბოლომდე ჩამოყალიბებული და ჯერ კიდევ გიტრიალებს თავში კითხვები: აქ რა მინდოდა, რატომ ვსწავლობ? – მაშინ ბევრად რთულია ონლაინსწავლების პროცესი.

ვფიქრობ, საფეხურს აქვს დიდი მნიშვნელობა. მაგისტრი ან დოქტორანტი აუდიტორიაში რომ არ დადიოდეს, ამაში ვერ ვხედავ პრობლემას, მაგრამ ბაკალავრიატის სტუდენტი უნდა იყოს აუდიტორიაში, გამოცადოს სტუდენტობა, გაიცნოს მეგობრები და ასე შემდეგ,“ – გვეუბნება თამარ ბაუჟაძე.

რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი მომდევნო სემესტრში სწავლა აუდიტორიებში განახლდება? – ვკითხეთ მას.

თამარი ამბობს, რომ ამ შემთხვევაში მას არჩევანის გაკეთება სწავლის სასარგებლოდ მოუწევს.

„აწი აღარ ვაპირებ სტატუსის შეჩერებას. ვფიქრობ, მომიწევს რადიკალური ზომების მიღება. ორი ვარიანტი მაქვს – პირველი ის, რომ ბათუმში გადმოვიტანო საბუთები ან ავიღო აკადემიური შვებულება, წავიდე და დავასრულო სწავლა.

თუ დარჩება ჰიბრიდული მოდელი, იქნება იდეალური, რადგან ჩვენ ვმუშაობთ და თან ცოდნის რეალიზებას ვახდენთ. ვფიქრობ, რადგან პანდემიამ მოიტანა ის, რომ ყველაფრის გაციფრულება დაიწყო, ჰიბრიდული მოდელის შენარჩუნება საშუალებას მოგვცემს, გეოგრაფიული ბარიერები მოგვეხსნას და მუშაობის პარალელურად სწავლაც შევძლოთ.

ახლა ვფიქრობ, რამდენი დრო და ფინანსები დამეზოგა ონლაინსწავლებით, ასევე რამდენად ხელმისაწვდომი გახდა გაციფრულებული მასალები, რომლისთვისაც ბიბლიოთეკებში უნდა მერბინა,“ – ამბობს თამარი.

ლედი კიწმარიშვილიც სკოლის მასწავლებელია. მაგისტრატურაზე 2016 წელს ჩააბარა, თუმცა სწავლა ვეღარ გააგრძელა და სტატუსი შეიჩერა. ლედი რუსთავში ცხოვრობს და ამბობს, რომ იმ პერიოდში შვილი შეეძინა, რის გამოც რუსთავიდან თბილისში ყოველდღე სიარულს ვეღარ ახერხებდა.

„2017 წელს მეორე შვილიც შემეძინა და ძალიან რთული აღმოჩნდა აუდიტორიაში სწავლა.  ყველა ლექციას ვერ ვესწრებოდი და ბევრი საგანი დამრჩა. გამოცდებზე პატარა ბავშვით დავდიოდი და აუდიტორიაში მიწევდა მისი გამოკვება.

პანდემიის დროს დავფიქრდი სტატუსის აღდგენაზე. ონლაინსწავლება რომ არ ყოფილიყო, ფაქტობრივად უნივერსიტეტს ვერ დავასრულებდი,“ – გვეუბნება ის.

ლედი ამბობს, რომ მას სწავლის გადასახადის პრობლემა არ ჰქონდა, უფრო დროის მენეჯმენტის პრობლემა იყო, რადგან მცირეწლოვანი შვილების გამო ვერ ახერხებდა სახლიდან ყოველდღე გასვლას.

„სწავლის საფასურის გადახდა ისედაც არ მიწევდა, უფასო ფაკულტეტზე ვსწავლობდი, თუმცა ახლა მიწევს საფასურის გადახდა ჩატოვებული საგნების გამო.

ჩემთვის კომფორტულია ონლაინსწავლება, რადგან შემიძლია ლექციასაც მოვუსმინო, აქტივობაშიც ჩავერთო და ბავშვსაც დავეხმარო,“ – გვეუბნება ლედი.

მისი აზრით, მაგისტრატურის საფეხურზე ნაკლებად არსებობს უხარისხო სწავლის რისკი, რადგან დღეს საკმარისადაა ტექნოლოგიები განვითარებული და სტუდენტებს ხელი მიუწვდებათ რესურსებზე.

„რაც შეეხება ბაკალავრებს, მეც იმ აზრზე ვარ, რომ მათთვის ონლაინსწავლება მაინც რთულია, რადგან ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია ურთიერთობები, შეხვედრები და ალბათ უფრო მტკივნეულად აღიქვამენ დისტანციურ სწავლებას,“ – ამბობს ლედი.

ახლა ის სკოლაშიც მუშაობს და მაგისტრატურის საფეხურსაც მალე დაასრულებს. „რომ არა ონლაინსწავლება, ფაქტობრივად, ვერ შევძლებდი სწავლის გაგრძელებას და დიასახლისად დავრჩებოდი. კარგია, რომ ასე არ მოხდა,“ – გვეუბნება ის.

მოქმედი კანონმდებლობით სტუდენტის სტატუსის შეჩერებად განიხილება დაწესებულებისა და სტუდენტის უფლება-მოვალეობების შესრულებისგან განთავისუფლება სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის გარეშე. სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძველი შესაძლოა იყოს სტუდენტის პირადი განცხადება (მიზეზის მითითების გარეშე);

სტუდენტს სტატუსის შეჩერება შეუძლია იმ შემთხვევაში, თუ უცხო ქვეყანაში აგრძელებს სწავლას, გარდა გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში სწავლისა;

ასევე, სტატუსის შეჩერების საფუძველი შეიძლება იყოს ორსულობა, მშობიარობა, ბავშვის მოვლა ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება; ფინანსური დავალიანება ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით გათვალისწინებული სხვა გარემოება.

როგორც განათლების მართვის საინფორმაციო ცენტრში გვითხრეს, ზემოაღნიშნული სტატისტიკური ინფორმაციის ფორმირება განხორციელდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში არსებული მონაცემების საფუძველზე ყველა მითითებული მიზეზის გათვალისწინებით, როგორც საქართველოს მოქალაქე, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტების შესახებ.

სტატუსშეჩერებულ სტუდენტს უფლება აქვს გაიაქტიუროს სტატუსი. სტუდენტმა სტატუსი შეიძლება შეიჩეროს რამდენჯერმე.

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2021 წლის პროექტები

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2021 წელს რეგიონის ხუთ მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა და რეაბილიტაცია ძირითად მიმართულებებზე დაასრულა, დარჩენილია გარდამავალი პროექტები, რომელებიც 2022 წელს დასრულდება.

მიმდინარე წელს 24 მიმართულებით მოეწყო ასფალტობეტონის საფარი და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 42,3 კმ სიგრძის საავტომობილო გზას.

  • ქობულეთის მუნიციპალიტეტში 11 მიმართულებით-14,65 კმ. სიგრძის საავტომობილო გზაზე დასრულდა ასფალტობეტონის საფარის მოწყობა. ამ ეტაპზე გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს 5 მიმართულებით, აქედან 1 მიმართულებით მიმდინარე წელს დასრულდება, ხოლო 4 გარდამავალი პროექტია და სამუშაოები 2022 წელს დასრულდება.

გზები მოეწყო შემდეგი მიმართულებებით:

[checklist]

  • აჭყვისთავი-ჩეხედანა-ლეღვა, ხუცუბანი-ნაკაიძეები-ირემაძეები-ხუცუბანი-ძმათა სასაფლაო-ირემაძეები, ჯიხანჯური-ვაჟა შაინიძის ქუჩა, თეთროსანი-ზედა ხუცუბანი, დაბა ჩაქვი-დუმბაძის ქუჩა,სოფ. ქობულეთი-ქათამაძეები-ალამბრის მეურნეობა, ალამბარი ელიაძეები-მიქელაძეები, ალამბარი-ბასილაძე-შავიშვილების მიმართულება,მუხაესტატე-ვერულიძეები-ოჩხამური. ზედა ლეღვა-ჯამის დასახლება.

[/checklist]

ასფალტობეტონის საფარის მოწყობა მიმდინარეობს შემდეგი მიმართულებებით: გვარა-ჯინჭარაძეების უბანი, ჩაისუბანი-მე-7 რაიონი, ზედა კვირიკეს ცენტრი-ანძების მიმართულება,ზედა კვირიკეს ცენტრი-ანძები-მთაკვერცხას მიმართულება.

 

  • ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 3 მიმართულებით-4,7კმ. სიგრძის საავტომობილო გზაზე დასრულდა ასფალტობეტონის საფარის მოწყობა.

[checklist]

  • გზა მოეწყო შემდეგ მიმართულებებზე: კაპანდიბი-ახალისოფელი, ახალშენი-სამება, ორთაბათუმი-წიქარეული.

[/checklist]

  • ქედის მუნიციპალიტეტში 2 მიმართულებით-5,05 კმ. სიგრძის საავტომობილო გზაზე დასრულდა ასფალტობეტონის საფარის მოწყობა. ამ ეტაპზე 2 მიმართულებით მიმდინარეობს სამუშაო პროცესი, აქედან 1 მიმართულებაზე მიმდინარე წელს დასრულდება სამუშაო პროცესი, ხოლო 1გარდამვალი პროექტია და მომავალ წელს დასრულდება.

[checklist]

  • ასფალტობეტონის საფარი დაიგო მერისი-გუნდაური-ჭალათის და მახუნცეთი-ზედა მახუნცეთის საავტომობილო გზებზე.

[/checklist]

სამუშაოები მიმდინარეობს მახუნცეთი-ბზუბზუ და ცხმორისი ახო ჩეტკიძეების მიმართულებებით.

 

  • შუახევის მუნიციპალიტეტში 4 მიმართულებით-10,7 კმ. სიგრძის საავტომობილო გზაზე დასრულდა ასფალტობეტონის საფარის მოწყობა. ამ ეტაპზე 1 მიმართულებით მიმდინარეობს სამუშაო პროცესი, რომელიც გარდამავალია და მომდევნო წელს დასრულდება.

[checklist]

  • გზები მოეწყო შემდეგი მიმართულებებით: ხიჭაური-ნაღვარევი, შუახევი-უჩამბა, შუახევი-ჩირუხი და ახალდაბა-წყაროთას მიმართულებებით.

[/checklist]

ამ ეტაპზე სამუშაო პროცესი ხიჭაური-ნაღვარევის გზაზე მიმდინარეობს.

  • ხულოს მუნიციპალიტეტში 4 მიმართულებით-7,25 კმ. სიგრძის საავტომობილო გზაზე დასრულდა სარეაბილიტაციო სამუშაოები.

გზები მოეწყო შემდეგი მიმართულებებზე:

[checklist]

  • გოდერძის უღელტეხილი-მწვანე ტბა (დიდაჭარის იაილა), დანისპარაული-ველათები-ალმის იაილა, ყინჩაური-წაბლანა, ვაშლოვანი-შურმული.

[/checklist]

მიმდინარე წელს ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე სხვადასხვა მიმართულებებით 278 ერთეული ხელოვნური ნაგებობა მოეწყო.

აშენდა და რეაბილიტირდა 17  ხიდი.

დასრულდა 236 საყრდენი კედელის მშენებლობა და 25 დამცავი ნაგებობა მოეწყო.

ხუთივე მუნიციპალიტეტის ადგილობრივი მნიშვნელობის 100 კმ. სიგრძის საავტომობილო გზაზე სხვადასხვა მიმართულებით მოეწყო ცემენტობეტონის  საფარი.

აჭარის საავტომობილო გზების მომავალი წლის ბიუჯეტი შეადგენს 60 620 600 ლარს.

„ვხედავ, რაც მემუქრება, სახლი უნდა დამენგრეს თავზე“ – მოქალაქე უსაფრთხოების გარანტიას ითხოვს

„ვხედავ, რაც მემუქრება და აღარ ვიცი, რა გავაკეთო, სახლი არ დამენგრეს თავზე-მეთქი!“ – მოქალაქე სოფელ განახლებიდან ხელისუფლებას  მის საცხოვრებელ  სახლთან ახლოს, მდინარის გასწვრივ, ჯებირის მოწყობას სთხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში მის საცხოვრებელს საფრთხე ემუქრება – ეს დოკუმენტურადაც დადასტურებულია.

მისი ამბავი საინტერესოა იმითაც, რომ მოქალაქის თქმით, მას  თავისი საცხოვრებელი სახლის პროექტი ხელვაჩაურის მერიაში გადასცეს. ის ირწმუნება, რომ მას ამაში 900 აშშ დოლარი გაახდევინეს. სახლის აშენების ხარჯების დასაფინანსებლად რამაზ დუმბაძის მეუღლე თურქეთის ერთ-ერთ ქალაქში მუშაობს.

ნაპირსამაგრი სამუშაოების დასრულებიდან მალევე მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა

ადიდებულმა მდინარე ბარცხანამ სოფელ განახლებაში, რამაზ დუმბაძის სახლთან, ავტომანქანის სავალი გზის ნაწილი 2021 წლის თებერვალში წაიღო. როგორც სოფელში გვიყვებიან, კალაპოტიდან გადმოსული ადიდებული მდინარე საცხოვრებელი სახლისკენ წავიდა, მას გვერდი აუარა და  სამანქანე გზაზე გადავიდა. გზის ამ მონაკვეთში გარღვეულია საგანგებოდ მოწყობილი დამცავი ჯებირიც.

რამაზ დუმბაძის სახლი – სოფელი განახლება

სახლის მეპატრონე, რამაზ დუმბაძე შიშობს, რომ ზამთარში ან გაზაფხულზე წყალდიდობის დროს შესაძლოა მდინარე ისევ ადიდდეს. აქ არც იმას გამორიცხავენ, მდინარემ რადგან მიმართულება ერთხელ უკვე შეიცვალა, შესაძლოა ეს ისევ განმეორდეს, ამიტომაც ოჯახი საკუთარ საცხოვრებელ სახლში თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს:

„მაშინ წყალი ჩვენს სახლშიც შემოვიდა, მაგრამ მხოლოდ დავიტბორეთ. მდინარემ ჩემი ეზო გადაკვეთა და სამანქანე გზიდან ისევ დაბუნდა კალაპოტში. ისევ რომ ადიდდეს და სახლისკენ წამოვიდეს, რა უნდა ვქნა. ვდარდობ, არ მძინავს, კარგ ამინდში შეიძლება დავიძინო, უამინდობის დროს საერთოდ არ მძინავს“, – გვიყვება რამაზ დუმბაძე, სახლის მეპატრონე.

მოსალოდნელი საფრთხის შესახებ მოქალაქემ მუნიციპალიტეტს ოფიციალურად 2021 წლის აპრილში, წერილობით აცნობა და პრობლემის შესწავლა, ასევე დამცავი ჯებირის მოწყობა მოითხოვა. მუნიციპალიტეტის შესაბამისმა სამსახურმა შეისწავლა მისი საცხოვრებელი გარემო, აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს გეოლოგიის სამსახურთან ერთად და დასკვნაც მოამზადა. ამის შემდეგ კი რამაზ დუმბაძეს ოფიციალურად, წერილობით აცნობეს, რომ მისი მოთხოვნა თბილისში, საავტომობილო გზების დეპარტამენტში გადააგზავნეს.

რამაზ დუმბაძე

მოქალაქე სახელმწიფო სტრუქტურების ლაბირინთში

„ხან იქით გადამამისამართებენ, ხან აქით, რომ ვუყურებ, არ არიან ესენი გამკეთებლები. ხან ბათუმში, ხან თბილისში, ხან საგზაო დეპარტამენტში, ასე ზევით-ქვევით მარბენინებენ და მხოლოდ განცხადებებს მაწერინებენ, მერე მომდის უარყოფითი პასუხები. რა ვქნა? – ამას უკვე ვერ ვხვდები.

წყალმა უნდა წამიღოს-მეთქი – თუ იცოდნენ, რომ აქ სახლი არ დაიდგმებოდა, რატომ მომცეს პროექტი ან დასკვნა გეოლოგებმა. ახლა მოდიან და უყურებენ, მეუბნებიან გაკეთდებაო, მაგრამ არაფერი, არანაირი შედეგი რომ არ მაქვს, ფაქტი აგერ სახეზე.

ახლა ისევ თბილისში გადავაგზავნეთო, მე თბილისში ხომ არ ვცხოვრობ, მე ვცხოვრობ სოფელ განახლებაში. თბილისი უნდა დამეხმაროს თუ მერია უნდა დამეხმაროს?  – თბილისმა მითხრა, მერიას მიმართეო. ვერ ვხდები ამ ხალხის საქმეს, წარმოდგენა  აღარ მაქვს ვის მივმართო, ვინ მოვა და რას გააკეთებს“, – ამბობს რამაზ დუმბაძე.

ხელვაჩაურის მერიაში განგვიმარტეს, რომ გზის სავალი ნაწილი, რომელიც მდინარემ წაიღო, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მართვაშია. ამ დეპარტამენტს ჰქონდა შესყიდული ნაპირსამაგრი სამუშაოებიც, ამიტომაც მოქალაქის განცხადება რეაგირებისთვის მათ გადაუგზავნეს. საპასუხო წერილით დეპარტამენტმა ისევ ხელვაჩაურის  მერიას სთხოვა, მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს შეესწავლათ ვითარება ადგილზე და დეპარტამენტისთვის ეცნობებინათ შედეგების შესახებ.

სწორედ ამ მიმართვის საფუძველზე მუნიციპალიტეტის სპეციალისტებმა განმეორებით შეისწავლეს ვითარება ადგილზე და მოამზადეს კიდევ ერთი დასკვნა, რომელიც, 12 დეკემბერს, მოქალაქის მოთხოვნასთან ერთად, ისევ საავტომობილო გზების დეპარტამენტში გადააგზავნეს.

რა წერია გეოლოგების დასკვნაში

გეოლოგიურ დასკვნაში წერია, რომ მდინარე  საფრთხეს უქმნის როგორც საავტომობილო გზას, ასევე რამაზ დუმბაძის საცხოვრებელ სახლს. ეროზიული პროცესების თავიდან არიდების მიზნით აუცილებელია კალაპოტის გასწორხაზოვნება, ხოლო მდინარის ორივე ნაპირზე, დაზიანებულ მონაკვეთზე, შესაბამისი საპროექტო დოკუმენტების მიხედვით უნდა განხორციელდეს ნაპირსამაგრი სამუშაოები. ამავე დასკვნის მიხედვით, ნაპირსამაგრი კონსტრუქციის საძირკველი უნდა დაფუძნდეს ძირითად ქანებზე.

დასკვნაში ხაზგასმით არის ნათქვამი, რომ სამუშაოები უნდა შესრულდეს უახლოეს მომავალში: „წინააღმდეგ შემთხვევაში გვერდითი ეროზიული პროცესები პერიოდული ხასიათის მატარებელი და საფრთხის შემცველია.

გეოლოგიური დასკვნა

„მათ ვალდებულება მოიხადეს, მე სახლში წყალი შემომდის“

მიტაცებული სამანქანე გზა პრობლემებს უქმნის რამაზ დუმბაძის მეზობლებსაც. ყველა, ვინც გზის ამ მონაკვეთით სარგებლობს, ავტომანქანის მოსაბრუნებლად რამაზ დუმბაძის ეზოში შედის: „სხვაგვარად შეუძლებელია“. ერთ-ერთ ოჯახს კი სახლთან მისასვლელად უფრო გრძელი გზის გავლა უწევს. მეზობლები შიშობენ, რომ თუ  გზა კიდევ დავიწროვდება, შესაძლებელია მათი პრობლემა უფრო გამწვავდეს, რადგან საჭიროების შემთხვევაში სახლებთან მისვლას ვერც სასწრაფო დახმარება და ვერც სახანძრო ვერ შეძლებს.

რამაზ დუმბაძის მეზობლების თქმით, გზის დავიწროებული მონაკვეთის შევსებას საკუთარი ძალებით ცდილობდნენ, მაგრამ უფლება არ მისცეს: „ბუნებრივი მასალა გვაჩუქეს, გვინდოდა აქ ჩაგვეყარა, რომ შეგვევსო, მაგრამ გაგვაფრთხილეს გარემოს დაცვა დაგაჯარიმებთო.“

რამაზ დუმბაძე და მისი მეზობლები მიიჩნევენ, რომ ცუდად იმუშავა კომპანიამ, რომელიც საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით, ნაპირსამაგრ სამუშაოებს აწარმოებდა.

ნაპირსამაგრის მოწყობიდან მალევე, პირველივე წყალმოვარდნისას, მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა. გარდა ამისა, ყოველი უამინდობის დროს იტბორება სოფლის სტადიონიც.

წყალდიდობამდე ეს სამანქანე გზა იყო

სახლი მდინარესთან ახლოს 

რამაზ დუმბაძის სახლი მდინარიდან მხოლოდ 15-20 მეტრის დაშორებითაა. მდინარესთან ასე ახლოს  სახლის აშენება კანონით დასაშვები არ არის. თუმცა მშენებლობის ნებართვა გაცემულია და მეპატრონეს სახლი კანონის ყველა პროცედურის გავლისა და შესაბამისი სანებართვო დოკუმენტების საფუძველზე აუშენებია.

ნებართვა რამაზ დუმბაძის საცხოვრებელი სახლის მშენებლობაზე 2013 წელს არის გაცემული. ეს იმას ნიშნავს, რომ პროექტს გავლილი უნდა ჰქონდეს ყველა ეტაპი, როგორც გეოლოგიური, ასევე ტოპოგრაფიული კვლევა.

რამაზ დუმბაძე ამბობს, რომ პროექტი თავად ხელვაჩაურის მერიაში მოუმზადეს და ამაში 900  დოლარი გადაახდევინეს.

„კომპიუტერში მაჩვენეს სხვადასხვა პროექტი, ამარჩევინეს და მომიმზადეს, 900 დოლარი გადავიხადე ხელზე, ყველაფერი თვითონ გააკეთეს, გეოლოგია და ასე შემდეგ“, – გვითხრა მან.

პროექტის ბეჭდურ ვარიანტზე, რაც რამაზ დუმბაძემ გვაჩვენა, წერია, რომ ის ინდმეწარმე დურსუნ თედორაძის მომზადებულია.

რამაზ დუმბაძის თქმით, ის ხელვაჩაურის მერიაში მუშაობდა.

ხელვაჩაურის მერიის ინფორმაციით, დურსუნ თედორაძე მერიაში არ მუშაობს. რაც შეეხება რამაზ დუმბაძის სახლის მშენებლობის ნებართვას, „ის გაცემულია მოქალაქის მიერ წარმოდგენილი ნახაზისა და სხვა საჭირო დოკუმენტების საფუძველზე“, – განგვიმარტეს მერიაში.

გოდერძის უღელტეხილზე თოვლის გამო ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, თოვლის გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის კმ106-კმ117 მონაკვეთზე – გოდერძის უღელტეხილზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

გზის დანარჩენ მონაკვეთებში ტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 21-23 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელია რთული მეტეოროლოგიური პირობები: ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ძლიერი ქარი.

მთაში მოსალოდნელია ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე – შტორმი, საავტომობილო გზებზე – ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე – შემოყინულობა, მთიან რეგიონებში – ზვავსაშიშროება.

„აჭარისწყალი ჯორჯიამ“ საინფორმაციო ჟურნალი გამოსცა

კომპანიამ „აჭარისწყალი ჯორჯია“ ყოველწლიური საინფორმაციო ჟურნალის გამოცემა დაიწყო, რომლის საშუალებითაც მკითხველს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს რა სარგებელი მოაქვს შუახევი ჰესს საქართველოსთვის, რამდენით ზრდის ელექტროენერგიის შიდა გამომუშავებას, რამდენ სამუშაო ადგილს ქმნის, რა სოციალურ პროექტებს ახორციელებს კომპანია, რას გეგმავს სამომავლოდ და ა.შ.

,,ჩვენი, როგორც ინვესტორის პასუხისმგებლობაა საზოგადოების მუდმივი ინფორმირება ჩვენი საქმიანობის შესახებ. შუახევი ჰესის პროექტის დაწყების დღიდან, მუდმივად ვცდილობდით, რომ ჩვენი საქმიანობა ყოფილიყო გამჭვირვალე და პროექტით დაინტერესებული ყველა მხარის ჩართულობა და ინფორმირება მოგვეხდინა, რაც მომავალშიც გაგრძელდება. ახალი საინფორმაციო ჟურნალიც ერთ-ერთი გზაა, რომ დაინტერესებულ ადამიანებს მივაწოდოთ ინფორმაცია ჩვენი საქმიანობის შესახებ“ – განაცხადა კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯიას’’ მრჩეველმა სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხებში იზა გოცაძემ.

ჟურნალი სრულად ნახეთ აქ

კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯიამ’’ მაღალმთიან აჭარაში განახორციელა 187 მგვტ სიმძლავრის შუახევი ჰესის კასკადის მშენებლობა. შუახევი ჰესი ელექტროენერგიას 2020 წლიდან გამოიმუშავებს და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ენერგო სისტემის მდგრადობის, იმპორტირებული ელექტროენერგიის შემცირებისა და ენერგოუსაფრთხოებისკენ სვლის პროცესში.

მოქალაქემ ბათუმის მერიას დავა სააპელაციოშიც მოუგო – „ბილაინის“ ანტენა სახურავზე

ბათუმის მერიის მეზობლად მცხოვრებმა ნანა ბერიძემ მერიას სასამართლო დავა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოშიც მოუგო.

დავის საგანი კომპანია „ვიონი საქართველოს“ [ბილაინი] ანტენაა, რომელიც იმ კორპუსის სახურავზეა განთავსებული, სადაც ნანა ბერიძე ცხოვრობს. კომპანიამ ფარნავაზ მეფის 77-ში საცხოვრებელი კორპუსის ბოლო სართულზე მცხოვრები მესაკუთრისგან ბინა იქირავა და სახურავზე ანტენა დაამონტაჟა.

ნანა ბერიძემ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, როცა ბათუმის მერიისგან ვერ მიიღო პასუხი კითხვაზე: როგორ დამონტაჟდა ანტენა კანონიერად, როცა დანარჩენი მესაკუთრეები თანახმა არ იყვნენ?

ბათუმის საქალაქო სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია ბათუმის მერიის მიერ გაცემული ნებართვა, რომლითაც ანტენა კორპუსის სახურავზე დაამონტაჟეს. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ კი, დღეს, 21 დეკემბერს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

ბათუმის მერია სასამართლოში ყურადღებას ამახვილებდა იმაზე, რომ ანტენის კორპუსის სახურავზე განთავსება პირველი კლასის მშენებლობა იყო და მას ამხანაგობის თანხმობა არ სჭირდებოდა.

„მაგრამ კანონის მიხედვით 100 პროცენტის თანხმობაა საჭირო, რაც მერიამ არ გაითვალისწინა,“ – განმარტავს იურისტი ზვიად სურმანიძე, რომელიც სასამართლოში მოქალაქე ნანა ბერიძის ინტერესებს იცავს. ის „მავნე და ცუდ პრაქტიკად“ აფასებს მერიის და, ზოგადად, სახელმწიფო უწყებების მიდგომას, რომელიც ბოლომდე მიჰყვება პროცესს, როცა მოგების შანსი პრაქტიკულად არ არსებობს.

„ეს მავნე და ცუდი პრაქტიკაა, როცა ბოლომდე მიჰყვებიან პროცესს მიუხედავად იმისა, რომ საფუძველი არ არსებობს. პროკურატურასაც იგივე მიდგომა აქვს. გასაჩივრება გასაჩივრებისთვის ხომ არ უნდა იყოს?“ – კითხულობს იურისტი და ხაზს უსვამს იმას, რომ ამგვარი მიდგომით მერია ხარჯავს დროს, რესურსს იმ მოცემულობაში, როცა ვიცით, რომ სასამართლოს გადატვირთულობაც პრობლემაა.

გაასაჩივრებს თუ არა უზენაეს სასამართლოში ბათუმის მერია სააპელაციოს გადაწყვეტილებას მოქალაქის წინააღმდეგ, როგორც, მაგალითად, ეს მუსლიმი თემის წინააღმდეგ გააკეთა ასევე სააპელაციოში საქმის წაგების შემდეგ – ბათუმის მერიაში გვიპასუხეს, რომ გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებენ, როცა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას წერილობით ჩაიბარებენ.

იურისტი ზვიად სურმანიძე განმარტავს, რომ აღსრულება საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ იქნება შესაძლებელი. ამ შემთხვევაში მუნიციპალურმა ინსპექციამ უნდა მოახდინოს ანტენის დემონტაჟი.

წითელ ხიდზე არადეკლარირებული 21 680 000 რუსული რუბლი აღმოაჩინეს

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,წითელი ხიდი“ აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან შემოვიდა სატვირთო ავტომობილი, რომელსაც აზერბაიჯანის მოქალაქე მართავდა. ავტომობილის მფლობელმა შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცერთან გასაუბრებისას განაცხადა, რომ დასადეკლარირებელ ნივთებს არ ფლობდა, თუმცა ეჭვის საფუძველზე, ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, 21 მილიონ 680  ათასი რუსული რუბლი იქნა აღმოჩენილი.

ეს თანხა  ეროვნული ბანკის კურსის შესაბამისად  915 633  ლარია.

საქართველოს საბაჟო  კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, კანონდამრღვევ მოქალაქეს სანქციის სახით განესაზღვრა არადეკლარირებული თანხის  ჩამორთმევა.

მოსალოდნელია თოვლი, ძლიერი ქარი და ტემპერატურის ვარდნა – სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტო გაფრთხილებას ავრცელებს მოსალოდნელი ამინდის შესახებ.

სააგენტოს ცნობით, 21-23 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელია რთული მეტეოროლოგიური პირობები: ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ძლიერი ქარი.

მთაში მოსალოდნელია ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე – შტორმი, საავტომობილო გზებზე – ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე – შემოყინულობა, მთიან რეგიონებში – ზვავსაშიშროება.

„საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შეიზღუდება ტრანსპორტის გადაადგილება. 23-26 დეკემბერს კოლხეთის დაბლობზე ღამის საათებში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის -4, -6 გრადუსამდე დაწევა, რამაც შესაძლებელია ციტრუსოვანი კულტურების დაზიანება გამოიწვიოს.“ – წერს სააგენტო.

___________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

სად გაიტანეს წელს მანდარინი აჭარიდან და რა ფასად

აჭარაში ციტრუსის კრეფის სეზონი მთავრდება. მეციტრუსეების თქმით, მანდარინის საშუალო ფასი ადგილზე დაახლოებით 70-80 თეთრია და ინფლაციის მიუხედავად, ციტრუსის ფასი არ გაზრდილა.

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 20 დეკემბრის მდგომარეობით, აჭარიდან ექსპორტზე გაიტანეს 32 081 ტონა მანდარინი, რაც 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 28 პროცენტით მეტია.

რაც შეეხება ბაზრების ჩამონათვალს, სიის სათავეში ისევ ტრადიციული ბაზრებია: რუსეთი, სომხეთი, უკრაინა. მანდარინი აჭარიდან ასევე გაიტანეს მოლდოვაში, ბელარუსში, სლოვენიაში, ყირგიზეთში, ესტონეთსა და ყაზახეთში.

მეციტრუსეებს არასტანდარტული მანდარინის ჩაბარება ქობულეთის საკონსერვო ქარხანაში შეუძლიათ, სადაც სამინისტროს მონაცემებით, უკვე გადამუშავებული აქვთ 4932 ტონა არასტანდარტული მანდარინი.

„ერთი დღე ვისვენებ, ამ დროსაც კიდევ ერთ სახლს ვალაგებ“ – ემიგრანტი საბერძნეთიდან

17 წელია უსაბუთოდ ცხოვრობს საბერძნეთის ერთ პატარა ქალაქში. ექიმიც რომ დასჭირდეს, პრობლემა შეექმნება. საქართველოში 17 წლის განმავლობაში მხოლოდ სამჯერ შეძლო ჩამოსვლა. მრავალშვილიან ოჯახში გაზრდილ 57 წლის ციალა შავაძეს ყველაზე ძალიან მოხუცთან ერთად ოთხ კედელს შორის ცხოვრება გაუჭირდა.

უცხოეთში წასვლა, როგორც გვეუბნება, გაჭირვებამ და უფულობამ გადააწყვეტინა. ციალას სიტყვებით „არ იყო მეტი გზა”.

რას ჰყვება ციალა შავაძე, ემიგრანტი საბერძნეთიდან: 


ვარ ხულოს რაიონის სოფელ დიდაჭარიდან, მრავალშვილიანი ოჯახიდან, მე არ ვარ დაქორწინებული.

როცა ჩამოვედი, ყველაზე ძნელი უსაბუთობა იყო, ენის არცოდნა და ოჯახისგან მოწყვეტა.

ამ წლების განმავლობაში ვიყავი საქართველოში ორჯერ თუ სამჯერ. დედის ავადმყოფობის გამო ჩამოვედი, მაინც პრობლემები იყო და უკან დაბრუნება მომიხდა ისევ.

ყველაფერი გადამაქვს იმ იმედით, იმ დროის ნატვრით, რომ დავბრუნდები და ჩემს ოჯახში, ჩემს ხალხთან ერთად ვიქნები თბილად და ტკბილად.

აქ [ბერძნები] მოსიყვარულე ხალხია, არ გვაგრძნობინებენ, რომ მოსამსახურეები ვართ და ამით ბედნიერი ვარ.

ჩემი დილა ბებიის მოვლით იწყება, დედა რომ გყავდეს სახლში, არ შეეძლოს და ხელის დაბანით, საუზმის მომზადებით დაწყებული ყველაფერში რომ სჭირდებოდეს დახმარება – ასეა. დღე იწყება ამით და ამითვე ღამდება. სახლში მხოლოდ მე და ბებია ვართ, ჰყავს შვილები. მოდიან კვირაში ერთხელ, რაც გვჭირდება, მოაქვთ ჩვენთვის და მიდიან.

ძნელია, როცა დედა გყავს მისახედი და სხვას უყურებ, ეს არის მგონი დიდი სასჯელი, ამის გამო შეიძლება ადამიანს ფსიქიკაც შეერყეს.

დიდი მოთმინება და დიდი გამძლეობა გვჭირდება.

ყველა ემიგრანტი ელოდება ცვლილებებს და სიახლეებს სამშობლოში, რომ დაბრუნდნენ შვილებთან, შვილიშვილებთან იცხოვრონ, პურის ფული ჰქონდეთ და მეტი არაფერი უნდათ.

ვისურვებდი, ჩვენი მთავრობა, სახელმწიფო, ისე გაძლიერებულიყოს, ისეთი ხალხი მოსულიყოს სათავეში, რომ ეს გაეთვალისწინებინოს.

  • 17 წელი ემიგრაციაში, არალეგალურად 

17 წელია უსაბუთოდ ვარ. ძნელია შიშით ცხოვრება, როცა ვერ გადიხარ ქუჩაში, გეშინია, რამე არ შეგემთხვეს. საავადმყოფო რომ დაგჭირდეს, წასვლა, წამოსვლა, საბუთები აუცილებელია და მეშლება ხელი.

საქართველოში დედა ისე მომიკვდა, ვერ ჩამოვედი, ამაზე ძნელი მგონი არაფერია. ჯოჯოხეთში ვიცხოვრე მთელი წელი. 2 წლის წინ გარდაიცვალა და მას მერე ღამე უცრემლოდ არ მიძინია.

მყავს 8 და-ძმა, შვილებიც ჰყავთ. ძალიან მენატრებიან და მიყვარან. მრავალშვილიან ოჯახში ვარ გაზრდილი და ჩემთვის ყველაზე ძნელი გადასალახი იყო მარტო ყოფნა ეს წლები, ბებიასთან ერთად.

საქართველოში ამბობენ ხოლმე: თუ რთულია ემიგრანტობა, რატომ მიდიხარ ისევო. არადა, როცა უყურებ რაღაც შეგიძლია ოჯახისთვის გააკეთო, დისთვის, ძმისთვის, თავისთვისაც, რა თქმა უნდა, და დაეხმარო ოჯახს, ფეხზე დააყენო, იღებ ამ პასუხისმგებლობას და დგამ ამ ნაბიჯს, მით უფრო, რომ უკვე ენა კარგად ვისწავლე და ხალხი გავიცანი. საბერძნეთში უკვე ისე ვარ, როგორც საკუთარ ქალაქში, 17 წელი ცოტა არაა.

ვისურვებდი, საქართველოში ისეთი მთავრობა მოვიდეს, თუ ემიგრანტებს ვერ დააბრუნებენ და ვიცი, რომ ეს ადვილი არ არის, ისე მაინც მოხდეს, რომ ნუღარავინ წავა და ამ ჯოჯოხეთს ნურავინ გამოივლის, არავის ვუსურვებ.

ემიგრანტობით ვიყიდე ქალაქში ბინა. დედა მყავდა ავად და დახმარება სჭირდებოდა. ახლა ძმა მყავს 45 წლის, პენსიონერია, არ შეუძლია მარტო ცხოვრება და გადაადგილება, ვეხმარები ჩემს ძმას. ცოტ-ცოტას ყველას ვეხმარებოდი და-ძმებს, როგორც შემეძლო.

კვირაში მხოლოდ ერთ დღეს ვისვენებ, ისიც 8 საათით. ამ დროსაც იმისთვის ვიყენებ, რომ გავდივარ და კიდევ ერთ ოჯახს ვალაგებ. დარჩენილ ორ- სამ საათს მეგობარს ვნახულობ, თბილისიდანაა ეს გოგო. ყავას ვსვამთ, ვსაუბრობთ და ამასობაში ჩემი თავისუფალი დროც მთავრდება.

დანარჩენ დღეებს ოთხ კედელში ვატარებ. ასე ვართ. იშვიათად ბებიას ვინმე ნათესავი მოვიდეს და შეგცვალოს ერთი ან ორი საათით, მაღაზიაში რომ გახვიდე რამე თუ გინდა, რაღაც რომ მოასწრო, იყიდო ან გაგზავნო საქართველოში ვინმეს გულის გასახარად.

ასეთი ცხოვრებით ვცხოვრობთ, გადარბენაზე.

_________________________________________________________________

თოვლ-ჭყაპი, მთაში თოვა და ქარბუქი – ამინდის პროგნოზი აჭარაში

აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 21 დეკემბრის 21 საათიდან 22 დეკემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, სანაპირო რაიონებში – ნალექი, უმეტესად, თოვლ-ჭყაპის სახით.

აჭარის მთიან მუნიციპალიტეტებში მოთოვს, ზოგან მოსალოდნელია ძლიერი თოვა, მაღალ მთაში – ქარბუქი.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, დროგამოშვებით – 17-22 მეტრი წამში.

დღეს და ხვალ ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 2 – 7 გრადუსი
  • ღამით: 0 – 5 გრადუსი

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 0 – 3 გრადუსი
  • ღამით: 2 – 7 გრადუსი ყინვა

23 დეკემბერს და 24 დეკემბრის ღამით და დილით სანაპირო რაიონებში კვლავ ნალექია მოსალოდნელი, მთაში – თოვა.

აჭარაში 24 დეკემბერს, დღის მეორე ნახევრიდან, გამოიდარებს.

ყალბი ერთლარიანების დამზადების ფაქტზე 1 ადამიანი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ყალბი მონეტების დამზადება-გამოყენების გზით, სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, კუსტარულად დაამზადა 563 ცალი 1-ლარიანის ფორმისა და ზომის მონეტა, რომელიც სწრაფი ჩარიცხვის აპარატების გამოყენებით, ჩარიცხა თავისი მეუღლის ანგარიშზე, საიდანაც შემდგომში მოხდა მისი განაღდება.

ბრალდებული დაკავებულ იქნა უშუალოდ დანაშაულის ჩადენის ფაქტზე. პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 30 ცალი კუსტარულად დამზადებული მონეტა და აღნიშნული მონეტების დასამზადებლად განკუთვნილი მოწყობილობები“-ამბობს საგამოძიებო სამსახური.

ამავე წყაროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილით გრძელდება, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.

53 გარდაცვლილი და კოვიდის 3282 ახალი შემთხვევა – 21 დეკემბერი

21 დეკემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში დაფიქსირდა კორონავირუსის 3282 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 53 პაციენტი.

აჭარის რეგიონში დადასტურდა კორონავირუსის 272 ახალი შემთხვევა.

stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 282 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 378 შემთხვევა, აჭარაში – 272, იმერეთში – 532, ქვემო ქართლში – 121შიდა ქართლში – 256, გურიაში – 122სამეგრელო – ზემო სვანეთში – 252, კახეთში –162მცხეთა-მთიანეთში -76, სამცხე-ჯავახეთში – 73, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში -38.

 

წიწვოვანი ხემცენარის უკანონოდ მოპოვებისთვის ჯარიმა 200-2000 ლარია

გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, წინასაახალწლოდ, ქვეყნის მასშტაბით, წიწვოვანი ხემცენარეების რეალიზაციის პუნქტების მონიტორინგი მიმდინარეობს.

მათი განცხადებით, წიწვოვანი ხემცენარეების მოპოვება და რეალიზაცია კანონიერია მხოლოდ სანერგეებიდან, პლანტაციებიდან, საკარმიდამო ნაკვეთებიდან ან იმპორტის შემთხვევაში.

„რეალიზატორმა უნდა წარმოადგინოს ხემცენარის კანონიერად ფლობის დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტი. თუ წიწვოვანი მცენარე მოპოვებულია კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან ხელოვნურად გაშენებულ სანერგეში, მცენარეების ტრანსპორტირებისთვის სავალდებულოა მათი ადგილწარმოშობის ცნობა, რომელსაც გასცემს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერია.

იმ შემთხვევაში კი, თუ მცენარის დიამეტრი აღემატება 12 სანტიმეტრს, ადგილწარმოშობის ცნობის საფუძველზე, ხე-ტყის წარმოშობის დამადასტურებელ დოკუმენტს გასცემს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო“.

ამავე წყაროს ცნობით, წიწვოვნების უკანონოდ მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციის წესის დარღვევაზე მოქმედებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის გათვალისწინებული ჯარიმები – 200 ლარიდან 2000 ლარამდე.

„ამასთან, საჯარიმო თანხას ემატება ხემცენარის უკანონოდ მოპოვებით გარემოსათვის მიყენებული ზიანის ოდენობაც; ხოლო თუ გარემოსათვის მიყენებული ზიანის ოდენობა აღემატება 1000 ლარს, პირის მიმართ დგება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა“.

„პოლიციის მე-6 განყოფილებაში გვცემეს“ – ბათუმელი ჟურნალისტები

„ბათუმში, პოლიციის მე-6 განყოფილებაში გვცემეს,“ – ამბობენ ჟურნალისტები გიორგი არობელიძე და რატი რატიანი. ისინი 17 დეკემბერს, დაახლოებით ღამის 2 საათზე, ადმინისტრაციული წესით დააკავეს. ჟურნალისტების თქმით, დაკავებამდე მათზე პოლიციელებმა ფიზიკურად იძალადეს.

ეს ინციდენტი ბარ „ადგილის“ წინ მოხდა. ეს ბარი იმ შენობაშია რუსთაველის ქუჩაზე, სადაც პოლიციის განყოფილებაცაა. გიორგი არობელიძე ამბობს, რომ ბარის წინ იდგა მეგობრებთან ერთად, როცა ჩხუბი ატყდა.

„…ერთ უგონოდ მთვრალ კაცს მთელი ბარი ეჩხუბებოდა. ჩხუბის დაწყების მიზეზი არ ვიცი. ვცადეთ გაშველება, მაგრამ არ გამოვიდა. ეს კაცი უკვე ძირს ეგდო, რამდენიმე პოლიციელი რომ მოვიდა. ბარში მყოფმა ხალხმა, აი, ეს კაცია დასაჭერიო. პოლიცია მივიდა ამ მთვრალთან, მოკიდა ხელი და წაათრია განყოფილებისკენ, რაზეც მე და ჩემი მეგობრები აღვშფოთდით, მოვუწოდებდით პოლიციას, დაენებებინათ უგონოდ მთვრალი ადამიანისთვის თავი, წვნიანი დაალევინეთ, თუ მაინცდამაინც-თქო… ამ ძიძგილაობაში მეც მომკიდეს ხელი და შემიყვანეს ამ კაცთან ერთად განყოფილებაში,“ – აღნიშნავს გიორგი არობელიძე. ის ონლაინპლატფორმა „მაუწყებლის“ დამფუძნებელი და ჟურნალისტია.

პოლიციის მე-6 განყოფილებასთან გარეთ დარჩნენ ჟურნალისტები რატი რატიანი და ნათია ქარჩილაძე, რომლებმაც პოლიციელებს მოსთხოვეს ეჩვენებინათ გიორგი არობელიძე, ან მასთან მობილური ტელეფონით დალაპარაკების საშუალება მიეცათ.

„ამას ვითხოვდით იმიტომ, რომ შენობიდან გამოდიოდა ჩხუბის ხმა, ვიეჭვეთ, რომ გიორგის და იმ დაკავებულ კაცსაც ურტყამდნენ, მომკიდეს ხელი და მეც შემათრიეს, გიორგის გვერდით დამსვეს…“ – გვიყვება „აჭარის რადიოს“ და „მაუწყებლის“ ჟურნალისტი რატი რატიანი.

„…გარეთ ნათიას, რატის და მეგობრებს ესმოდათ შიგნიდან გასული ხმები,“ – განაგრძობს პოლიციის განყოფილებაში მომხდარი ამბის მოყოლას გიორგი არობელიძე, – „ისინი ცდილობდნენ ჩემთან დაკავშირებას, შიგნით მოსაცდელში შემოსვლას ამ ამბების დროს რატიც დაიჭირეს და შემოიყვანეს. რატიც გალახეს. ნათია გადაურჩა ამ ამბებს. გოგოს დაჭერა არ გვინდაო, შიგნით ასე მოითათბირეს.

რატის შემოყვანამდე დაახლოებით 6-მა პოლიციელმა უგონოდ მთვრალი კაცს სცემა, აგინა, დაასისხლიანეს. ვეკითხებოდი, რას აკეთებთ-მეთქი, ეს ვაბშე ვინ არის, ამდენს რომ ბედავსო და ჩემზე გადმოერთნენ… მე დაზიანებები არ მაქვს, გაშლილ ხელს მირტყამდნენ თავში. ეს არ იყო ერთი ადამიანის მიერ ერთი მოქნევა, რამდენიმე ადამიანი საკმაოდ დიდი ხანი მირტყამდა. მერე ისევ ამ კაცს მიუბრუნდნენ,“ – ჰყვება გიორგი არობელიძე.

„მე დაზიანებები მეტყობოდა სხეულზე, მკლავზე მქონდა ჩაქცევები და თვალი მტკიოდა, დღეს ექსპერტიზაც ჩამიტარდა,“ – ამბობს რატი რატიანი, რომელსაც სამედიცინო შემოწმენა დღეს, 20 დეკემბერს, ჩაუტარდა მას შემდეგ, რაც პროცესში სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი ჩაერთო.

რატი რატიანის თქმით, ჟურნალისტებს პოლიციელებმა მას შემდეგ დაანებეს თავი, როცა უთხრეს, რომ ამის გამო პასუხს სასამართლოში მოსთხოვდნენ.

„ერთხელ ვთქვი, რომ ჟურნალისტი ვარ, მაგრამ პროფესიაზე არ ვაქცენტირებდით, გვაინტერესებდა, როგორ იქცეოდა პოლიცია… როცა მირტყამდნენ, ვუთხარი, არ გეშინიათ სასამართლოსი, აუცილებლად პასუხს აგებთ-მეთქი და მაშინ დამანებეს თავი, ხელბორკილები გაგვიკეთეს, როგორც რეციდივისტებს და გადაგვიყვანეს იზოლატორში,“ – ამბობს რატი რატიანი.

„ვინ იყვნენ ეს პოლიციელები არ ვიცი, მაგრამ სახეზე ვიცნობ. ვიდეომონიტორინგიც მიმდინარეობდა, როგორც ვხედავდი, ამოიღონ ჩანაწერი,“ – აღნიშნავს გიორგი არობელიძე.

ადმინისტრაციული წესით დაკავებულები შაბათს, 18 დეკემბერს, გაათავისუფლა ბათუმის საქალაქო სასამართლომ. საქმის განხილვა პარასკევს, 24 დეკემბერს, არის დანიშნული. ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული ჟურნალისტების ინტერესებს სასამართლოში „სოციალური სამართლიანობის  ცენტრი“ დაიცავს.

ჟურნალისტი გიორგი არობელიძე ამბობს, რომ პოლიციელებმა მისი დაშინებაც სცადეს:

„იზოლატორიდან სასამართლოში რომ მოვყავდი, რამდენიმემ გამაფრთხილა, ხომ იცი, სასამართლოში რაც უნდა ილაპარაკო, თორე მოგიწევს უკან დაბრუნებაო. ჰოდა, ასე აშინებენ გალახულ ხალხს და წლებია ხალხის დასისხლიანემამდე ცემის პრაქტიკას ყოველდღიურად იყენებენ,“ – ფეისბუქსტატუსში ამასაც აღნიშნავს ჟურნალისტი გიორგი არობელიძე.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის პრესცენტრში გვითხრეს, რომ გამოძიება დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბ ქვეპუნქტით.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ბათუმის პოლიციის მე-6 განყოფილების პოლიციელებს დაკავებული ადამიანი ძალადობაში ადანაშაულებს – 2016 წელს „ბათუმელები“ წერდა მოქალაქის შესახებ, რომელიც დოკუმენტურად ადასტურებდა იმას, რომ პოლიციის მე-6 განყოფილებაში ნეკნი ჩაუმტვრიეს.

პოლიციის მე-6 განყოფილებაში ძალადობაზე საუბრობდა აქტივისტი ლევან ბერიანიძეც 2017 წელს.

რატომ ცვლიან ბათუმში ქვაფენილს ასფალტის საფარით – მერიის არგუმენტები

„ძალიან ძვირი და შრომატევადია“ – ამ არგუმენტით მერია ქვაფენილს ბათუმის ქუჩებში ასფალტის საფარით ცვლის. ტენდერი რამდენიმე დღეში გამოცხადდება. ამ სამუშაოებისთვის სავარაუდოდ 8 მილიონი ლარი დაიხარჯება.

„ეს არ არის სერიოზული ხარჯი ამ ფართობისთვის,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ აკაკი ბერიძე, ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურის და კეთილმოწყობის სამმართველოს უფროსი. ის განმარტავს, რომ ქვაფენილს გრიბოედოვის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩამდე აყრიან, ასევე ფარნავაზ მეფისა და ვახტანგ გორგასლის ქუჩებზე – გორგილაძის ქუჩაზე მიერთებებით.

„გარდა ამისა, მოწესრიგდება ტროტუარები, ის არ დავიწროვდება, გამოიცვლება ბოძწკინტები და შეკეთდება ველობილიკები და სანიაღვრე არხები,“ – ამბობს აკაკი ბერიძე.

მას ასევე ვკითხეთ, რატომ არ მიიჩნია  საჭიროდ მერიამ ამ საკითხში საზოგადოების ჩართვა, ვიდრე გადაწყვეტილებას მიიღებდა. აკაკი ბერიძეს შევახსენეთ, რომ, მაგალითად, ბათუმის მერიამ გამოკითხვა ჩაატარა სოციალური ქსელით, როცა ქალაქში ახალი ავტობუსები შემოჰქონდათ.

„ავტობუსები გასაგებია… ქვაფენილები ეს არ იყო მხოლოდ ფარნავაზ მეფის და მიმდებარე ქუჩებზე მცხოვრები ადამიანების მოთხოვნა. მოსახლეობასთან შეხვედრების დროს, ზოგადად ქალაქში მუდმივად ფიქსირდებოდა ეს მოთხოვნა, რადგან ზიანდებოდა მანქანები. იყო შემთხვევა, როცა მოქალაქეც დაზიანდა.

გარდა ამისა, რთული იყო ქვაფენილის მოვლა-შენახვა. ყოველი გაწვიმების შემდეგ ქვაფენილებიდან მასა ჩაირეცხებოდა სანიაღვრე არხებში, შემდეგ კი, სატუმბ სადგურებსაც ჭედავდა. ეს ძალიან დიდ პრობლემებს ქმნიდა. ახლა მოვლა-შენახვის კუთხითაც გამარტივდება პროცესი,“ – ამბობს აკაკი ბერიძე, ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურის და კეთილმოწყობის სამმართველოს უფროსი.

რატომ მიანიჭა უპირატესობა მერიამ ქვაფენილის შეცვლის მოთხოვნას, როცა ბათუმში გაცილებით მწვავე პრობლემებია, მაგალითად, ქალაქის ნაწილს არ აქვს საკანალიზაციო სისტემა, ან საკმარისი საბავშვო ბაღები?

„სამი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაწყებულია… რაც შეეხება კანალიზაციის სისტემას, ეს კეთდება KFW-ის ფარგლებში და მიღწეულია შეთანხმება, როგორც ვიცი. ჩვენ შემოერთებულ ტერიტორიებზეც ვაწყობთ ქუჩებს, სტადიონებს, სკვერებს…“ – გვიპასუხა აკაკი ბერიძემ.

ბათუმში ქვაფენილის ასფალტის საფარით შეცვლის სამუშაოები სრულად 2023 წელს დასრულდება.

რა შეიცვალა სოცმუშაკებისთვის გაფიცვის შემდეგ – კვლევის შედეგი

„სოციალურ მუშაკებს, განსაკუთრებით რეგიონებში, კვლავ საკუთარი ხელფასიდან უწევთ ოჯახებში განსახორციელებელი ვიზიტების ტრანსპორტირების ხარჯების ანაზღაურება,“ – აღნიშნულია კვლევაში „სოციალური მუშაობის შესახებ კანონის სამოქმედო გეგმის აღსრულების შეფასება“.

ეს კვლევა „სოციალურ მუშაკთა გაერთიანებამ“ მოამზადა ევროკავშირის მხარდაჭერით. კვლევა აღწერს იმას, თუ რამდენად შეიცვალა სოცმუშაკების სამუშაო გარემო.

სოცმუშაკები 2019 წელს გაიფიცნენ და სამუშაო გარემოს გაუმჯობესება მოითხოვეს. ისინი ამბობდნენ, რომ მათ „ზრუნვა ცარიელი ხელებით“ უხდებოდათ, რაც ეფექტური ვერ იქნებოდა, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ სოციალურად დაუცველ ჯგუფებს ემსახურებოდნენ.

გაფიცვის შემდეგ ათეულობით სოცმუშაკს სამსახურის დატოვება მოუწია. მათგან რამდენიმე მათგანი ახლა იმ კვლევის ავტორია, სადაც აღწერილია, რამდენად ასრულებს ხელისუფლება სოცმუშაკების მასობრივი გაფიცვის შემდეგ დადებულ პირობებს.

კვლევის მიხედვით, პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებების მიერ სამოქმედო გეგმით 2021 წლის 1-ელ ივნისამდე შესასრულებელი 6 ამოცანის 13 ღონისძიებიდან სრულად შესრულდა მხოლოდ 2 და ნაწილობრივ შესრულდა 10, ხოლო 1 ღონისძიებას სტატუსი არ მიენიჭა. ამ ღონისძიებებს შორის იყო სოცმუშაკების ტრანსპორტით უზრუნველყოფა, ხელფასის მატება და ადამიანური რესურსების გაუმჯობესების საკითხები.

„კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ ტრანსპორტირების საკითხის სრულად უზრუნველყოფა ყველა უწყებაში კვლავ მწვავე პრობლემას წარმოადგენს,“  – აღნიშნულია კვლევაში.

„ზოგიერთ შემთხვევაში მომსახურების ხელშეკრულება გაფორმდა ტაქსის კომპანიებთან და ასე გადაადგილდებიან სოცმუშაკები, მაგრამ არსებობს ლიმიტები, რაც ზოგჯერ ქმნის პრობლემას. სოცმუშაკი ვერ ეტყვის მოქალაქეს, რომ ლიმიტი ამოწურულია და ამიტომ ვერ მივა მასთან,“ – აღნიშნავს „ბათუმელებთან“ სოფო ხვთისიაშვილი,  ყოფილი სოცმუშაკი და სოცმუშაკების სამუშაო გარემოზე მომზადებული კვლევის ერთ-ერთი ავტორი.

სოფო ხვთისიაშვილის თქმით, ამ დრომდე სისტემა ეტაპობრივად ზრდის სოცმუშაკების შრომის ანაზღაურებას და ამ მიმართულებით დადებული პირობა სრულდება – თუკი გაფიცვის დროს სოცმუშაკის საშუალო ანაზღაურება 650 ლარი იყო, დღეს სოცმუშაკების საშუალო ხელფასი 1200 ლარია.

„2022 წლისთვის ხელზე სოცმუშაკები აიღებენ 1500 ლარს… თუმცა სოცმუშაკობის პოპულარიზაცია ისევ მთავარ პრობლემად რჩება. სისტემაში ცხადდება კონკურსები პერიოდულად და ვერ აჰყავთ კადრები,“ – ამბობს სოფო ხვთისიაშვილი.

„მონიტორინგის პროცესში გამოიკვეთა, რომ სოციალური მუშაკის კადრის დამატების საჭიროება და აუცილებლობა თითოეულ უწყებაში კვლავ ერთ-ერთ ყველაზე პრობლემურ საკითხს წარმოადგენს, რაზეც არის შემდგომ დამოკიდებული საქმეთა გადატვირთულობა და პროფესიული გადაწვის რისკები,“ –  ვკითხულობთ კვლევაში.

გაფიცვის დროს სოცმუშაკები ჰყვებოდნენ, რომ თითო სოცმუშაკს 100-მდე საქმე ჰქონდა და პრაქტიკულად შეუძლებელი იყო ამ პირობებში ეფექტური მუშაობა. კვლევის ავტორების შეფასებით, ამ მიმართულებით სოცმუშაკების მდგომარეობა არ შეცვლილა.

სოციალური მუშაკები აიყვანეს მუნიციპალიტეტებში, თუმცა, კვლევის ავტორების შეფასებით, მკაფიოდ ჩამოყალიბებული ამ დრომდე არ არის ახალი კადრების ფუნქცია-მოვალეობები.

„ის, რომ სოციალურ მუშაკთა დასაქმება მუნიციპალიტეტებში არ ყოფილა ღია და გამჭირვალე პროცესი, მნიშვნელოვნად აფერხებს სოციალური მუშაობის ეფექტურ განხორციელებას აღნიშნულ უწყებაში.

კვლევით გამოვლინდა, რომ კვლავაც არ არის მკაფიოდ ჩამოყალიბებული, თუ რა ტიპის ფუნქცია-მოვალეობების დელეგირება განხორციელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, ჯანმრთელობის, შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან ადგილობრივ თვითმმართველობაზე.

შესაბამისად, ამ ეტაპზე სოციალურ მუშაკებს სრულიად განსხვავებული საქმიანობისთვის იყენებენ ადგილობრივი თვითმმართველობები. ზოგან სხვა პოზიციის ადამიანს შეუთავსეს სოციალური მუშაობა, ზოგან კი საერთოდ არ ჰყავთ ასეთი კადრი,“ – ვკითხულობთ კვლევაში.

_____________

ფოტოზე: სოციალური მუშაკების გაფიცვა, 2019 წლის მარტი. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

გამოძიება დაიწყო საზღვაო აკადემიის წინააღმდეგ, სადაც სასამართლოს გადაწყვეტილება ვერ გაიგეს

იმის მიუხედავად, რომ სასამართლოში საქმე ორი თვის წინ მოიგო და პლაგიატის საქმეზე ვაჟა ანანიძე დაუყოვნებლივ უნდა აღედგინათ სამსახურში, ამ დრომდე საზღვაო აკადემია ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ასრულებს.

სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობაზე, რაც სასჯელის სახით 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთასაც ითვალისწინებს, საზღვაო აკადემიის წინააღმდეგ გამოძიება უკვე დაიწყო.

საგამოძიებო ორგანოში მოისმინეს მხარეთა ჩვენებები, თუმცა 7 ოქტომბერს მიღებული სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობის გამო დღემდე არავინ დასჯილა.

„ახლა ჯერი საგამოძიებო ორგანოზეა, დააფარებს ხელს დამნაშავეს, თუ განახორციელებს კანონით სავალდებულო ღონისძიებებს,“ – ამბობს ანა ბერძენიშვილი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტი.  ეს ორგანიზაცია სასამართლოში ვაჟა ანანიძის ინტერესებს იცავს.

ანა ბერძენიშვილის ინფორმაციით, საგამოძიებო ორგანოს საზღვაო აკადემიამ ზეპირსიტყვიერად სთხოვა, დალოდებოდა სასამართლოს გადაწყვეტილებას, სადაც აკადემიამ ოფიციალურად იკითხა „ტოლფასი სამუშაოს“ განმარტება.

სასამართლომ საზღვაო აკადემიას უკვე უთხრა, რომ 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებითაც [რომლითაც საზღვაო აკადემიამ ვაჟა ანანიძესთან სასამართლო დავა წააგო] გასაგები უნდა ყოფილიყო, რასაც გულისხმობს „ტოლფასი სამუშაო“. თუმცა ამჯერად საზღვაო აკადემიამ სასამართლოს ეს განმარტებაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

ვაჟა ანანიძე ბათუმის საზღვაო აკადემიიდან მას შემდეგ გაათავისუფლეს, როცა მან აკადემიის ხელმძღვანელი პირები და კოლეგები პლაგიატში ამხილა. პლაგიატის შემთხვევები შესაბამის სახელმწიფო ორგანოს არ შეუსწავლია და შესაბამისად არც დაუდასტურებია. ვაჟა ანანიძის გათავისუფლება კი, ბათუმის საქალაქო სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია.

7 ოქტომბერს მიღებულ გადაწყვეტილებაში მოსამართლე როინ კახიძემ მოითხოვა ვაჟა ანანიძის ტოლფას სამუშაოზე დაუყოვნებლივ აღდგენა, ასევე განაცდურის ანაზღაურება.

„გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის დასახელებული პუნქტის შესრულება შეუძლებელია იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სასამართლოს არ განუმარტავს ტოლფასი თანამდებობა…“, – მისწერა საზღვაო აკადემიამ სასამართლოს მას შემდეგ, რაც აკადემიიდან გათავისუფლებულ პროფესორთან საქმე წააგო.

„სასამართლო მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არაა ბუნდოვანი, მასში გასაგებადაა მითითებული ყველა ის ღონისძიება, რაც აუცილებელია მხარეთა კანონიერი ინტერესების დასაცავად,“ – წერს მოსამართლე როინ კახიძე განჩინებაში.

საზღვაო აკადემიის არგუმენტია, რომ გააუქმეს თანამდებობა, რომელზეც ვაჟა ანანიძე მუშაობდა. ის საზღვაო აკადემიის ბიბლიოთეკის სამეცნიერო-კვლევითი და საგამომცემლო საქმიანობის სამმართველოს კოორდინატორი იყო.

ამონარიდი სასამართლოს განჩინებიდან, სადაც მოსამართლე როინ კახიძე განმარტავს, რას ნიშნავს ამ მოცემულობაში „ტოლფასი სამუშაო“:

„…კოორდინატორის თანამდებობა აღარ არსებობს, მაგრამ უდავოდ დადგენილია, რომ აღნიშნული სამსახურის [პოზიციის] ფუნქცია შეითვისა სხვა დეპარტამენტმა. აქედან გამომდინარე სხვა დეპარტამენტმა გააგრძელა ფუნქციის შესრულება. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ დეპარტამენტმა, რომელმაც შეითვისა ბიბლიოთეკის სამეცნიერო-კვლევითი და საგამომცემლო საქმიანობის სამმართველო კოორდინატორის შესასრულებელი ფუნქციები ან ფუნქციების ნაწილი, წარმოადგენს ტოლფას სამუშაოს,“ – აღნიშნულია ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოცემულ განჩინებაში.

ანა ბერძენიშვილი, იურისტი „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოდან“ განმარტავს, რომ ამ განმარტებებზე არც უნდა იყოს დამოკიდებული საგამოძიებო ორგანო, რადგან ბათუმის საქალაქო სასამართლომ სამსახურში აღდგენა მოითხოვა დაუყოვნებლივ და სასამართლოს ეს მოთხოვნა არ შეასრულა საზღვაო აკადემიამ.

„ეს გულისხმობს იმას, რომ იმის მიუხედავად, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს სააპელაციო სასამართლო ან როგორ განმარტავს ტოლფას სამუშაოს, არ უნდა იყოს დამოკიდებული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება. დაუყოვნებლივ აღსრულება ნიშნავს მაქსიმუმ რამდენიმე დღეში გადაწყვეტილების აღსრულებას,“ – აღნიშნავს ანა ბერძენიშვილი და დასძენს იმასაც, რომ საზღვაო აკადემიიდან გათავისუფლებულ პროფესორს მას შემდეგ ჩაურიცხეს განაცდური, როცა აღსრულების ბიურომ საგამოძიებო ორგანოს მიმართა და გამოძიების დაწყება ითხოვა სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობისთვის.

ბათუმის საახალწლო აფიშა – რას ვნახავთ ევროპის მოედანზე

წელს საახალწლო ღონისძიებები ბათუმში ევროპის მოედანზე, ქალაქის მთავარ ნაძვის ხესთან გაიმართება.

უკვე ცნობილია საახალწლო ღონისძიებების განრიგი. 

20 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, ყოველ დღე, ღონისძიებები ევროპის მოედანზე დილის 12 საათიდან დაიწყება. 12-დან 19 საათამდე აქ ანიმატორები იქნებიან, 13 საათზე ჯამბაზების წარმოდგენის ნახვა იქნება შესაძლებელი, 14 საათზე – ილუზიონისტის, ხოლო 15 საათზე – აკრობატების.

საკონცერტო ნაწილი კი ევროპის მოედანზე საღამოს 6 საათზე დაიწყება.

ბათუმის საახალწლო აფიშა ასე გამოიყურება:

20 დეკემბერი
  • 19 საათი – ASEA SOOL
  • 20 საათი – Road radio
  • 21 საათი – Medashen
  • 22 საათი – DJ MAJA (მირიან ცინცაძე)
21 დეკემბერი
  • 18 საათი – 2×2
  • 19 საათი – ლურჯი იალქანი
  • 20 საათი – mastera (გიორგი პავლიაშვილი)
  • 20:15 საათიირაკლი ფირცხალავა
  • 21:40 საათი – DJ khila (სულხან კილაძე)
22 დეკემბერი
  • 18 საათი – space x
  • 19 საათი – 4 up
  • 20 საათი – Black sea
  • 21 საათი – DJ Niko (ნიკო გორგოშაძე)
  • 22:30 საათი – DJ David volkov
23 დეკემბერი
  • 18 საათი – loock out
  • 19 საათი – and others
  • 20 საათი – DJ Michelbe (მიშო ბახტაძე)
  • 22 საათი – Dj Nugo
24 დეკემბერი
  • 18 საათითავისუფალი სივრცე
  • 19 საათი – კონიაკი
  • 20 საათი – ჩემი ბენდი
  • 21 საათი – DJ kimo
  • 22:30 საათი – DJ MICH (ბესარიონ ქათამაძე)
25 დეკემბერი
  • 18 საათი – გალა კონცერტი, ნაძვისხის ანთება
  • 20 საათი – დათო ევგენიძე
  • 21:30 საათი – DJ ბექა კალანდაძე
26 დეკემბერი
  • 18 საათი – ავტოსტოპი
  • 19 საათი – Flow masters
  • 20 საათი – live band rubika
  • 21 საათი – დათო ევგენიძე
  • 22 საათი – DJ astrobee (საბა ემირიძე)
27 დეკემბერი
  • 20 საათი – ფოლკლორული საღამო
28 დეკემბერი
  • 19 საათი – კლასიკური მუსიკის საღამო
29 დეკემბერი
  • 18 საათი – საბავშვო კონცერტი
31 დეკემბერი
  • 12-დან 19 საათამდე – ანიმატორები
  • 13 საათი – ჯამბაზების წარმოდგენა
  • 14 საათიილუზიონისტის წარმოდგენა
  • 15 საათი – აკრობატების წარმოდგენა
  • 21:30 – საათი ცეცხლოვანი შოუ
  • 22 საათი – გალა კონცერტი
  • ფეიერვერკი
  • 00:30 საათი – სალიო
1 იანვარი
  • 12-დან 19 საათამდე  –ანიმატორები
  • 13 საათი – ჯამბაზების წარმოდგენა
  • 14 საათიილუზიონისტის წარმოდგენა
  • 15 საათი  – აკრობატების წარმოდგენა
2 იანვარი
  • 12-დან 19 საათამდე – ანიმატორები
  • 13 საათი – ჯამბაზების წარმოდგენა
  • 14 საათი – ილუზიონისტის წარმოდგენა
  • 15 საათიაკრობატების წარმოდგენა
3 იანვარი
  • 12-დან 19 საათამდეანიმატორები
  • 13 საათი – ჯამბაზების წარმოდგენა
  • 14 საათი – ილუზიონისტის წარმოდგენა
  • 15 საათიაკრობატების წარმოდგენა
4 იანვარი
  • 12-დან 19 საათამდე – ანიმატორები
  • 13 საათი – ჯამბაზების წარმოდგენა
  • 14 საათი – ილუზიონისტის წარმოდგენა
  • 15 საათიაკრობატების წარმოდგენა
5 იანვარი
  • 12-დან 19 საათამდე – ანიმატორები
  • 13 საათიჯამბაზების წარმოდგენა
  • 14 საათი – ილუზიონისტის წარმოდგენა
  • 15 საათიაკრობატების წარმოდგენა
6 იანვარი
  • 12-დან 19 საათამდეანიმატორები
  • 13 საათიჯამბაზების წარმოდგენა
  • 14 საათი – ილუზიონისტის წარმოდგენა
  • 15 საათიაკრობატების წარმოდგენა
7 იანვარი
  • 12-დან 19 საათამდე – ანიმატორები
  • 13 საათი – ჯამბაზების წარმოდგენა
  • 14 საათიილუზიონისტის წარმოდგენა
  • 15 საათი – აკრობატების წარმოდგენა
  • 19:30 საათი – ცეცხლოვანი შოუ
  • 20 საათი – გალა კონცერტი

ასევე, 2022 წლის პირველი იანვრიდან 7 იანვრის ჩათვლით გაიმართება ღონისძიება „ახალი წელი ჩვენს ეზოში“. ამ დროისთვის ზუსტდება მისამართები, სადაც ღონისძიება შედგება. 

მერიის ცნობით, აღნიშნულ პროგრამაში შესაძლოა ცვლილება შევიდეს კორონავირუსის ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე.

ამავე თემაზე: 

ბათუმის საახალწლოდ მოსართავად 700 ათასი ლარი დაიხარჯება

 

ქობულეთში კერძო სახლის მეორე სართულზე ხანძარი გაჩნდა

ხანძარი იყო დღეს, 20 დეკემბერს, ქობულეთში, აღმაშენებლის გამზირზე.

ცეცხლი კერძო სახლის მეორე სართულზე გაჩნდა. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის ჯგუფები და  სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური იყო მობილიზებული. 

შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ქობულეთის მერიის ცნობით, სახლის მეპატრონეს მსუბუქი დამწვრობა ჰქონდა, რომელიც თვითონ დაიმუშავა. 

ხანძრის მიმდებარე ტერიტორია დაიკვამლა. გადაკეტეს ცენტრალური გზაც. 

ამ დროისთვის ხანძარი ჩამქრალია.  

Exit mobile version