მთავარი,სიახლეები

ქალი, რომელსაც საზღვარზე სიგარეტები გადაჰქონდა – მცივა და მშია I VIDEO

24.12.2021 • 19279
ქალი, რომელსაც საზღვარზე სიგარეტები გადაჰქონდა – მცივა და მშია I VIDEO

62 წლის ლეილა ვარშანიძე ხელვაჩაურში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს.

მიუხედავად იმისა, რომ მთელი ცხოვრება შრომაში გაატარა, საკუთარი სახლი არ აქვს. ახლა მძიმედ ავადმყოფი მარტოდმარტო ცდილობს გაუმკლავდეს სოციალურ გაჭირვებას, სიცივეს და საჭირო წამლების მაღალ ფასს.

სანამ ჯანმრთელობა ხელს უწყობდა, თურქეთში გადადიოდა სამუშაოდ. ახლა ესეც აღარ შეუძლია. ამიტომ იძულებულია 50-ლარიანი სოციალური დახმარება და 170 ლარი პენსია წამალზე, საკვებსა და სხვა საჭიროებებზე გადაანაწილოს.

„სეზონურად დავდიოდი სამუშაოდ თურქეთში.

წლების წინ, თურქეთ-საქართველოს საზღვარი რომ გაიხსნა, ნათესავებმა დამირეკეს ბორჩხიდან (ქალაქი თურქეთში). ჯერ წავედი, მოვინახულე, მერე სამუშაო გამოჩნდა. ხალხი გადამყავდა და თხილს ვკრეფდით. ტომრებსაც კი ვათრევდი.

მერე უნიეში (ქალაქი თურქეთში) გამოჩნდა სამუშაო და იქ დავიწყე სიარული. მერე თხილზე მუშაობა ვეღარ შევძელი, ხერხემალი გამრუდებული მქონდა. ამიტომ მზარეულად დავიწყე მუშაობა. ერთი გოგო მუშაობდა ჩემთან ერთად. მეხმარებოდა. ხან ხახვს გამირჩევდა, ხან ჭურჭელს მირეცხავდა,“ – იხსენებს ლეილა.

მას შემდეგ, რაც ჯანმრთელობა შეერყა, გადაწყვიტა სიგარეტების გადამტანად ემუშავა. „სიგარეტების გადამტანი“ არაოფიციალური სამუშაოა. ამ სამუშაოთი ათობით მოქალაქეა დაკავებული თურქეთ-საქართველოს საზღვარზე. საქართველოს მოქალაქეებს ოფიციალურად თურქეთში თვეში სამი ბლოკი სიგარეტის გადატანა შეუძლიათ. ამ ბიზნესში ჩართული ადამიანები კი გაცილებით მეტის გადატანას ახერხებენ.

„ჯგუფი ვმუშაობდით სიგარეტებზე. ერთი „მარშუტკა“ დავდიოდით.  გამთენიას 4 საათზე მივდიოდით საქართველოდან და მეორე დღეს ვბრუნდებოდით. ათი ლარის გამო. თუ დანიშნულების ადგილამდე ჩავყვებოდით და ჩავიტანდით, 13-15 ლარს გვაძლევდნენ.

ვისკოჩავდი ზურგზე 7-8 ბლოკ სიგარეტს ამ ხნის ქალი და ისე ჩამქონდა. ერთხელ პოლიციამ დაგვიჭირა, ორი დღე თურქეთში დაკავებული ვიყავი,“ – იხსენებს ლეილა და ტირის.

ლეილა ბოლო ერთი წელია ვეღარ მუშაობს, რადგან ჯანმრთელობა შეერყა. შაქრიანი დიაბეტი აქვს.

„კოვიდი რომ გადავიტანე, პასპორტის ასაღებად ვიყავი მისული იუსტიციის სახლში. იქ გავითიშე. გონება დავკარგე. მიპატრონეს და ტაქსით გამომიშვეს სახლში“, – ამბობს ლეილა.

მის სახლში, რომელიც თუნუქის ფურცლებისგან შეჭედილი ქოხია, წყალი ჩადის. არ აქვს შეშა გასათბობად და არც ფული, რომ შეშა იყიდოს.

„მრცხვენია ამას რომ ვამბობ, მაგრამ სანამ ვმუშაობდი, არავისთვის მითხოვია დახმარება. ახლა მიჭირს. 5 კილო ფქვილი მოგვიტანეს დახმარება. ამ ფქვილს ჭიქით ვანაწილებ, ვაცხობ პურს და იმას ვჭამ. წამლები მჭირდება, მაგრამ წამლების საყიდელი თანხაც აღარ დამრჩა,“ – ამბობს ლეილა.

___

გადაბეჭდვის წესი


ასევე: