მთავარი,სიახლეები

„ფაიზერი“ აცხადებს, რომ კოვიდის ახალი პრეპარატი 89%-ით ამცირებს სიკვდილის რისკს

05.11.2021
„ფაიზერი“ აცხადებს, რომ კოვიდის ახალი პრეპარატი 89%-ით ამცირებს სიკვდილის რისკს

ამერიკული კომპანია Pfizer-ი აცხადებს, რომ მის მიერ შემუშავებული Covid-ის სამკურნალო ექსპერიმენტული პრეპარატი 89%-ით ამცირებს ჰოსპიტალიზაციის ან სიკვდილის რისკს მოზრდილებში – ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. 

პრეპარატი „პაქსლოვიდი“ განკუთვნილია სიმპტომების გამოვლენიდან მალევე გამოსაყენებლად, კოვიდით მძიმე ავადობის მაღალი რისკის მქონე ადამიანებში.

Pfizer-ი აცხადებს, რომ დროზე ადრე შეწყვიტა ცდების ჩატარება, რადგან თავდაპირველი შედეგები დადებითი იყო.

Pfizer-ის პრეპარატი შექმნილია იმ ფერმენტის დასაბლოკად, რომელიც ვირუსს ეხმარება გამრავლებაში. პრეპარატის სამი აბი მიიღება დღეში ორჯერ, ხუთი დღის განმავლობაში.

Pfizer-ი აცხადებს, რომ გეგმავს წარუდგინოს თავისი აბების შუალედური საცდელი შედეგები აშშ-ს მედიკამენტების მარეგულირებელ ორგანოს, FDA-ს გადაუდებელი სიტუაციების დროს გამოსაყენებლად.

კომპანია Pfizer-ის თავმჯდომარემ და აღმასრულებელმა დირექტორმა ალბერტ ბურლამ თქვა, რომ პრეპარატს აქვს პოტენცია, გადაარჩინოს პაციენტების სიცოცხლე, შეამციროს Covid 19-ის ინფექციების სიმძიმე და გამორიცხოს ჰოსპიტალიზაციის საჭიროება ათიდან 9 შემთხვევაში. 

„ბიბისი“ წერს, რომ კვლევის შუალედური შედეგები, რომელშიც 1219 კოვიდით ინფიცირებული პაციენტი მონაწილეობდა, აჩვენებს, რომ საავადმყოფოში გადაიყვანეს მხოლოდ 0.8% იმ პაციენტებისა, რომლებიც  „პაქსლოვიდით“ მკურნალობდნენ, ხოლო  იმ პაციენტებიდან, რომლებიც იღებდნენ „პლაცებოს“, ჰოსპიტალიზებული იქნა 7%.

პაციენტებს მკურნალობა უტარდებოდათ  Covid-ის სიმპტომების გამოვლენიდან სამი დღის განმავლობაში.

შვიდი პაციენტი, რომლებიც  იღებდნენ „პლაცებოს“, გარდაიცვალა, ხოლო იმ ჯგუფში, სადაც „პაქსლოვიდით“ მკურნალობდნენ პაციენტებს, გარდაცვალების შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

სიმპტომების გამოვლენიდან ხუთი დღის განმავლობაში მკურნალობისას პაციენტების 1%, რომლებიც „პაქსლოვიდს“ იღებდნენ, საავადმყოფოში გადაიყვანეს და არც ერთი მათგანი არ გარდაცვლილა. 

კვლევაში მონაწილე პაციენტები იყვნენ ხანდაზმულები ან ჰქონდათ ისეთი თანმხლები დაავადება, რაც უფრო მაღალი რისკის ქვეშ აყენებდა მათ ჯანმრთელობას კოვიდით ინფიცირებისას. 

კვლევის მონაწილეთაგან ყველას ჰქონდა კორონავირუსის მსუბუქი და ზომიერი სიმპტომები.

Pfizer-ი ასევე სწავლობს ახალი პრეპარატით მკურნალობის გავლენას იმ ადამიანებზე, რომლებიც კოვიდინფიცირების რისკჯგუფში არ არიან და  მათზე, ვინც უკვე დაინფიცირდა კოვიდ 19-ით ოჯახის წევრისგან.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: