მთავარი,სიახლეები

„მიწა წამართვეს, ნარგავები დამიაზიანეს“ – მოქალაქე ნავთობისა და გაზის კორპორაციის წინააღმდეგ

24.12.2021 • 4165
„მიწა წამართვეს, ნარგავები დამიაზიანეს“ – მოქალაქე ნავთობისა და გაზის კორპორაციის წინააღმდეგ

სოსო ქათამაძე ქობულეთში, სოფელ გვარაში ცხოვრობს და ამავე მუნიციპალიტეტის სოფელ ოჩხამურში 4 ჰ მიწის ნაკვეთს ფლობს. უფრო ზუსტად, 39 294. კვ.მეტრი მიწა შპს „ბუნების ნობათი 2008“-ის საკუთრებაა, რომელიც სოსო ქათამაძის შვილებს აქვთ დაფუძნებული.

ქათამაძე „ბათუმელებს“ მოუყვა, რომ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ მის კუთვნილ მიწაზე ბუნებრივი აირის მილები გაიყვანა, კომპენსაცია კი არ გადაუხადა.

8-წლიანი დავა საკუთრების დარღვეული უფლებისთვის

როგორც სოსო ქათამაძე ამბობს, 8 ათასი კვადრატული მეტრი ტერიტორიის სანაცვლოდ, სადაც გაზის მილები გაიყვანეს, ნავთობისა და გაზის კორპორაციამ კომპენსაციის სახით 4 ათასი ლარი შესთავაზა.

„მხოლოდ თხილის ნარგავების საფასური დაიანგარიშეს. მიწას რაც შეეხება, სიმინდი დათესეო – საკუთრებაში დამიტოვეს, მაგრამ სარგებლობის უფლება შემიზღუდეს. ამ მიზეზით მიწის კომპენსაციის გადახდაზე უარი მითხრეს. ეს არაადეკვატური საფასური იყო. ამის გამო ოჯახმა კორპორაციას საკუთარ მიწის ნაკვეთზე გაზის მილების გაყვანაზე უარი ვუთხარით“, – აცხადებს სოსო ქათამაძე.

ნავთობისა და გაზის კორპორაციამ ბათუმის საქალაქო სასამართლოში იჩივლა. სარჩელში წერდა, რომ ეს იყო სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტი, შესაბამისად, ქათამაძე ვალდებული იყო, მათი მოთხოვნები დაეკმაყოფილებინა.

მოსამართლე სალიხ შაინიძემ კორპორაციის სარჩელი არ დააკმაყოფილა და მიწის მესაკუთრესთან შეთანხმება ურჩია.

„აღნიშნულ ტერიტორიაზე კაპიტალური ფერმის შენობა-ნაგებობა მიდგას, სადაც 45-მდე სული საქონელი მყავდა. 2012 წელს, როცა მინი-ქარხანა შევიძინე, ბრუცელოზის მიზეზით საქონელი გამაწყვეტინეს.

3 500 მეტრზე თხილისა და კაკლის ნარგავები მაქვს გაშენებული, საიდანაც რამდენიმე ტონა მოსავალს ვიღებდი. 2014 წელს მოვიდა ნავთობისა და გაზის კორპორაცია და მითხრა, სახელმწიფო პროგრამაა და გაზსადენი უნდა გავიყვანოთო. 160 მეტრის სიგრძის მილზეა საუბარი. ვუთხარი – კი ბატონო, მაგრამ მითვისებული მიწის სანაცვლოდ კომპენსაცია უნდა გადამიხადოთ-მეთქი. 4 ათასი ლარი შემომთავაზეს, რაზეც უარი განვაცხადე,“ – ამბობს სოსო ქათამაძე.

პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილება კორპორაციამ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, სადაც გადაწყვეტილება კორპორაციის სასარგებლოდ გამოიტანეს.

„სასამართლომ კომპანიას უთხრა, რომ რადგან სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტია, შეუძლია გაიყვანოს მილები და ამის შემდეგ გადამიხადოს კომპენსაცია. წარმოუდგენელი ამბავია,“ – ამბობს სოსო ქათამაძე.

სასამართლოს გადაწყვეტილება ამჯერად ქათამაძემ უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა. უზენაესმაც სააპელაციოს პოზიცია გაიზიარა.

სოსო ქათამაძის საქმის ადვოკატი, ტოგო ჭელიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ გაზისა და ნავთობის კორპორაციამ არასწორი სამართლებრივი გზით მოინდომა სხვისი საკუთრების მითვისება.

„წარმოიდგინეთ, რომ თქვენ გქონდეთ მიწა და მე ეს მიწა შუაზე გაგიჭრათ, რის გამოც მიწა კარგავს ფასს. კორპორაციამ შემოიტანა სარჩელი და მოითხოვა ქათამაძის მიწის გავლით, მილსადენთან მისასვლელი აუცილებელი გზა.

კომპენსაციამდე საქმე არც მისულა, რადგან მესაკუთრე არ იყო თანახმა მის საკუთრებაზე მილების გაყვანის და ჯერ მხოლოდ ამაზე მიმდინარეობდა დავა. თანხმობის შემთხვევაში უნდა გვემსჯელა კომპენსაციაზე, თუმცა ეს შეთანხმება არ შემდგარა მიწის მესაკუთრესა და კორპორაციას შორის,“ – ამბობს ადვოკატი.

„არ მინდა ვთქვა, რომ სასამართლო მოისყიდეს, ან გავლენა იქონიეს მასზე, მაგრამ ფაქტია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება საერთოდ არ იყო არგუმენტირებული,“ – ამბობს ადვოკატი ტოგო ჭელიძე. – „ჩვენ პირველ ინსტანციაში კორპორაციას მოვუგეთ დავა, თუმცა აპელაციაში რაღაც გავლენები იქონიეს“.

ამის შემდეგ, ნავთობისა და გაზის კორპორაციამ ქათამაძეს ქობულეთის სასამართლოშიც უჩივლა. საქმე მაგისტრმა მოსამართლემ ვიოლეტა ფორჩხიძემ განიხილა და კორპორაციის სასარგებლოდ გამოიტანა გადაწყვეტილება. „მიწა სახელმწიფოს ეკუთვნის და გზის გაყვანის უფლება აქვსო, განაცხადა მოსამართლემ. წარმოგიდგენიათ? კერძო საკუთრებაზე თქვა სახელმწიფოსიაო,“ – ამბობს ქათამაძე. მან ეს გადაწყვეტილებაც გაასაჩივრა.

კერძო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, კორპორაციამ შპს „ბუნების ნობათი 2008“-ს 97 ათასი ლარი უნდა აუნაზღაუროს

კორპორაცია ამჯერად აღარ დაელოდა სააპელაციოს პასუხს და ტექნიკა ქათამაძის მიწაზე შეიყვანა. ქათამაძემ კორპორაციას ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწია. დაპირისპირებულ მხარეებს შორის პოლიცია ჩადგა.

„2019 წლის მაისში მომადგნენ ტექნიკით, გზა უნდა გავიყვანოთო. ატყდა ერთი ამბავი. მოვიდა მაშინდელი ქობულეთის მერი მირიან ქათამაძეც. 200 პოლიციელი დამაყენეს თავს. გიორგი მაღალდაძე იყო მაშინ პოლიციის უფროსი და იმანაც მთხოვა, გაატარეო, მაგრამ მაინც უარი ვუთხარი. კორპორაცია დამემუქრა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიგცემთო.

ბოლოს მერის კაბინეტში შევიკრიბეთ. 40 კაცი იყო, მეხვეწებოდნენ, გაატარე ტექნიკაო.

მირიან ქათამაძემ მითხრა, ჩემი მოგვარე ხარ და მე მდებენ ბრალს, შენ მფარველობ და ჩვენ არ გვეხმარებიო. გაატარე და მე გაძლევ პირობას, რომ რაც გეკუთვნის, იმ კომპენსაციას გადაგიხდიანო. მოკლედ, იმდენი მეხვეწნენ, რომ მეც მომერიდა და დავთანხმდი. თუმცა ვნანობ, რომ წერილობით დასტური არ მოვთხოვე მათ.

იმ დროს საპრეზიდენტო არჩევნები იყო და ზურაბ პატარაძეც იყო ჩამოსული ქობულეთში, ისიც შემხვდა, მასაც ვთხოვე დახმარება. თორნიკე რიჟვაძეც დამპირდა დახმარებას, მაგრამ არჩევნების შემდეგ, არავინ მომხედა. 40 კაცის წინაშე დამპირდნენ და მომატყუეს,“- ამბობს სოსო ქათამაძე.

ნავთობისა და გაზის კორპორაციამ ქათამაძის მიწის ნაკვეთზე გაზსადენის სამუშაოები 22 მაისს დაიწყო და ათ დღეში დაასრულა. რამდენიმე დღეში ქათამაძემ სააპელაციო სასამართლოდან მიიღო შეტყობინება, სადაც ქობულეთის სასამართლოს გადაწყვეტილება ჰქონდა გასაჩივრებული, ამჯერად სააპელაციომ მისი სარჩელი დააკმაყოფილა.

„თქვენ მართლები ხართ, უკანონოდ გაჰყავთ გაზსადენიო და ფორჩხიძის განაჩენი გააუქმა. თუმცა რაღა აზრი ჰქონდა, სამუშაოები უკვე დასრულებული ჰქონდა კორპორაციას,“ – გვეუბნება სოსო ქათამაძე.

მან დაზიანებული ქონების ექსპერტიზა ერთ-ერთ კერძო კომპანიას ჩაატარებინა, რომელმაც კომპანიისგან მიყენებული ზარალი 97 ათას ლარად შეაფასა.

„კორპორაციას გავუგზავნეთ ეს დასკვნა, მაგრამ თანხის გადახდაზე უარი გვითხრა. სამხარაულის ექსპერტმა რაც დაწერა, იმას გადავიხდითო. 4 ათას ლარზეა საუბარი“, – ამბობს ქათამაძე.

სამხარაულის დასკვნას არც ადვოკატი იზიარებს. „წარმოიდგინეთ, თქვენ რომ გქონდეთ მიწის ნაკვეთი და შუაში გაზის მილი ჩაგიმარხონ. სადაც ვერც კაპიტალურ შენობას ააშენებ, ვერც გაყიდი და ვერც მრავალწლიან ნარგავებს დარგავ, ფაქტობრივად, დაიკარგა მიწის ღირებულება. 4 ათასი ლარი კი ნამდვილად სასაცილო თანხაა კომპენსაციისთვის,“ – ამბობს ტოგო ჭელიძე.

მისი თქმით, სახელმწიფომ ამ მოქმედებით დაარღვია სოსო ქათამაძის საკუთრების უფლება.

„200 ძირი თხილი გამინადგურეს, 150 ძირი ჩანდლერის ჯიშის ნიგვზები მქონდა და ისიც მოთხრილია. თითო ტონა თხილს ვკრეფდი იმ ადგილას, სადაც მილი გაიყვანეს.

ამის გარდა, შეზღუდვებიც მაქვს დაწესებული – სახლს ვერ ავაშენებ მიწაზე, რომ მინდოდეს, მძიმე ტრაქტორის გადატარება არ შეიძლება, სათბურს ვერ ავაშენებ, მრავალწლიან კულტურებს ვერ დავრგავ, ვერაფერს გავაკეთებ,“ – ამბობს ქათამაძე.

„ბათუმელები“  საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასაც დაუკავშირდა და ჰკითხა, რატომ ვერ  შეუთანხმდნენ სოსო ქათამაძის ოჯახს და რაზე დაყრდნობით შესთავაზეს მას დაზიანებული საკუთრების სანაცვლოდ 4 800 ლარი?

კორპორაციაში გვითხრეს, რომ პასუხს წერილობით გაგვცემდნენ.

წერილობით პასუხში კორპორაცია ამბობს: „ბუნების ნობათი 2008“-ს მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე „კორპორაციისათვის სერვიტუტის უფლების მინიჭების სანაცვლოდ შევთავაზეთ კომპენსაცია, რომლის ოდენობაც გამოანგარიშებულ იქნა ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნის საფუძველზე. თუმცა როგორც კომპენსაციის შეთავაზებულ ოდენობაზე ,,ბუნების ნობათი 2008“-მ უარი განაცხადა“.

მათი განცხადებით, კორპორაცია მოკლებული იყო შესაძლებლობას შპს ,,ბუნების ნობათი 2008“-სთვის გადაეხადა მის მიერ მოთხოვნილი თანხა – „ვინაიდან ,,ბუნების ნობათი 2008“ კორპორაციისაგან ითხოვდა შეუსაბამოდ მაღალი ოდენობის თანხის გადახდას“. კორპორაციას წერილში არ დაუკონკრეტებია, რა თანხას ითხოვს მიწის მესაკუთრე.

კორპორაცია ასევე გვწერს, რომ მას შემდეგ, რაც მაღალი წნევის გაზის მილი გაიყვანეს, „მიწის ნაკვეთს ფუნქციური დანიშნულება არ დაუკარგავს და მიწის ნაკვეთის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენება ისევ არის შესაძლებელი“, რაზეც  სოსო ქათამაძე ამბობს, რომ კომპანია იტყუება და ზემოთ ნახსენებ შეზღუდვებზე საუბრობს.

კორპორაციის ინფორმაციით, ერთადერთი შეზღუდვა მიწის ნაკვეთზე თხილის კულტურასთან მიმართებით არის ის, რომ „თხილის დარგვა მხოლოდ გაზსადენის თავზე არ შეიძლება, რასაც რეალურად შეზღუდვას ვერც დავარქმევთ.

ხოლო იმ ნერგებისთვის, რომლებიც გაზსადენის მშენებლობის დროს დაზიანდა, ვაპირებდით კომპენსაციის გადახდას, რაზეც მეპატრონემ უარი განაცხადა,“ – მოგვწერეს  ნავთობისა და გაზის კორპორაციიდან. კორპორაცია კომპენსაციის თანხას არც ამ შემთხვევაში ასახელებენ.

„გათხარეს, წავიდნენ და ახლა ფეხებზე მიკიდებენ, – მიწვევენ, რომ რამე დანაშაული ჩავიდინო, რადგან სამართლებრივად ვიბრძვი და ყურადღებას არ მაქცევენ. მივაყენებ ტრაქტორს და ამოვყრი იმ მილებს,“ – ამბობს სოსო ქათამაძე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: