Batumelebi | „ეს ცემამდე დაწერეთ, თუ ცემის შემდეგ?“ – კითხვა მე-6 განყოფილების პოლიციელებს „ეს ცემამდე დაწერეთ, თუ ცემის შემდეგ?“ – კითხვა მე-6 განყოფილების პოლიციელებს – Batumelebi
ნეტგაზეთი • RU

„ეს ცემამდე დაწერეთ, თუ ცემის შემდეგ?“ – კითხვა მე-6 განყოფილების პოლიციელებს

„ეს არაა ნორმალური, ხალხო, ამას არ შევეგუებით,“ – მიმართა სასამართლოს სხდომის დროს ბათუმის მე-6 განყოფილების პოლიციელს მოქალაქე გიორგი არობელიძემ. მისი თქმით, მასზე და კიდევ ორ პირზე 18 დეკემბერს ღამით პოლიციის შენობაში ფიზიკურად იძალადეს. დაკავებულებიდან ორი – გიორგი არობელიძე და რატი რატიანი ონლაინპლატფორმა „მაუწყებლის“ ჟურნალისტები არიან.

ეს უკვე მესამე გახმაურებული შემთხვევაა, როცა მოქალაქეები ჰყვებიან, ბათუმის პოლიციის მე-6 განყოფილებაში როგორ სცემეს, მაგალითად, ნეკნი ჩაუმტვრიეს, რაც შემდეგ ექსპერტიზითაც დადასტურდა, მაგრამ ამის გამო არავინ დასჯილა. დღემდე ბათუმის მე-6 განყოფილებაში მომხდარი არცერთი შემთხვევის, რომელიც პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამატებას ეხებოდა, გამოძიება არ დასრულებულა.

ბოლო ინციდენტი ბარის – „ადგილი“ წინ 18 დეკემბერს მოხდა. ეს ბარი ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე იმ შენობაშია, სადაც პოლიციის მე-6 განყოფილებაცაა. აქ მომხდარი კონფლიქტის შემდეგ პოლიციელებმა გიორგი ლორია დააკავეს.

„ვიდრე პოლიციელები მოვიდოდნენ, დავინახე, რომ გიორგი ძირს ეგდო, მას სცემდნენ,“ – 18 დეკემბრის შემთხვევის გახსენება დაიწყო გიორგი არობელიძემ. ის და მისი ორი მეგობარი კონფლიქტს ბართან გარეთ, ტროტუარზე შეესწრნენ. – „ვერ გავიგე, პოლიციელებმა რატომ დააკავეს ის კაცი, რომელსაც მანამდე ურტყამდნენ, პოლიციელებმა გიორგის ხელები გადაუგრიხეს და მიათრევდნენ. მე დავსვი კითხვა: რატომ აკავებთ?

ეს ამბავი აქ არ მთავრდება, ქალბატონო მოსამართლევ. მეც დამაკავეს და პოლიციის განყოფილებაში შეგვიყვანეს. გიორგის პოლიციის განყოფილებაში უკვე პოლიციელები ურტყამდნენ გამეტებით, ვერ გავიგე, რატომ… მე, უბრალოდ, არ მეგონა, რომ 2021 წელს ასეთი სანახაობის მომსწრე გავხდებოდი აქვე, ქალაქის ცენტრში, რუსთაველის ქუჩაზე.

პოლიციელებმა გიორგის ცემა განაგრძეს და მეც მცემეს,“ – აღნიშნა გიორგი არობელიძემ.

გიორგი არობელიძის შემდეგ დააკავეს ჟურნალისტი რატი რატიანიც. ის პოლიციელებს სთხოვდა ეჩვენებინათ მისი დაკავებული მეგობარი, ან ტელეფონით გასაუბრების საშუალება მიეცათ. რამდენიმე წუთში რატი რატიანიც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით დააკავეს. რატი რატიანი ამბობს, რომ პოლიციის განყოფილებაში ისიც სცემეს. მას ექსპერტიზაც ჩაუტარდა.

რატი რატიანის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა ჯერ მოსამართლე ირმა ტოგონიძეს არ დაუწყია. დღეს, 24 დეკემბერს, მოსამართლემ იმ პოლიციელის ჩვენება მოისმინა, რომელმაც გიორგი ლორია და გიორგი არობელიძე დააკავა და დაკავების ოქმები გააფორმა. ამ ორ პირს შსს წვრილმან ხულიგნობას და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავება. პოლიციის ვერსიით, გიორგი ლორია და გიორგი არობელიძეც გინებით და შეურაცხმყოფელი სიტყვებით არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს, ხოლო შემდეგ პოლიციელების კანონიერ მოთხოვნებს არ დაემორჩილნენ.

„ვადასტურებ“ – მხოლოდ ეს სიტყვა უთხრა მოსამართლეს გიორგი ლორიამ, რომელიც თავდაპირველად დააკავეს პოლიციელებმა ბარ „ადგილთან“. გიორგი ლორიას ადვოკატმა კი დასძინა, რომ წვრილმან ხულიგნობას გიორგი ლორია ადასტურებს, ხოლო წინააღმდეგობის გაწევას არა.

 

„მას ნამდვილად ჰქონდა დაზიანებები, ეს აღენიშნებოდა სახისა და მუცლის არეში,“ – გიორგი ლორიას გახედა მე-6 განყოფილების პოლიციელმა გიორგი ქარცივაძემ. ეს ის პოლიციელია, რომელმაც გიორგი ლორია და შემდეგ უკვე გიორგი არობელიძე დააკავა და დღევანდელ სხდომაზე მოწმის სახით ჩვენება მისცა სასამართლოს.

პოლიციელის თქმით, გამოძიება დაწყებულია ძალადობის მუხლით, სადაც დაზარალებული დიდი ალბათობით თავად გიორგი ლორია იქნება, თუმცა ამ საქმეზე ჯერ ბრალი არავის აქვს წარდგენილი.

„მთავარი ამ საქმეში არის ის, რომ ეს შემთხვევა მოხდა 18 დეკემბერს, ექსპერტიზაზე კი, გიორგი ლორია გაიყვანეს დღეს, 24 დეკემბერს, ერთი კვირის შემდეგ, რა გამოძიებაზეა საუბარი?“ – იკითხა ადვოკატმა შაქრო პაპიძემ, რომელიც გიორგი ლორიას ინტერესებს იცავს.

„მე არავისთან არ მაქვს პრეტენზია, საერთოდ არაფერი მახსოვს, ნასვამი ვიყავი,“ – უთხრა „ბათუმელებს“ გიორგი ლორიამ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ.

„როცა 5 – 7 ადამიანი ურტყამს ადამიანს, ეგ უბრალოდ ადამიანობაზე უარის თქმაა, ეგ რაა საერთოდ, თქვენ მინდა გკითხოთ,“ – პოლიციელებს მიაჩერდა გიორგი არობელიძე.

„გთხოვთ, საქმესთან დაკავშირებით ისაუბროთ,“ – მოქალაქის შეჩერება სცადა პოლიციელმა სოსო გოგიტიძემ. დაძაბულობის განმუხტვა იქვე მოსამართელემ სცადა.

„მე არ ვარ ის ორგანო, რომელიც გამოიძიებს ამ ფაქტებს. უნდა მიმართოთ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, თუ პოლიციელებმა გადაამატეს სამსახურებრივ უფლებამოსილებას,“ – აღნიშნა მოსამართლე ირმა ტოგონიძემ.

პოლიციელები სოსო გოგიტიძე და თეა ლაღაძე

„მან გამოიჩინა მოქალაქებრივი შეგნება, რადგან შეესწრო უსამართლობას და ძალადობას,“ – თქვა ადვოკატმა გურამ იმნაძემ, რომელიც „სოციალური სამართალიანობის ცენტრის“ იურისტია და გიორგი არობელიძის ინტერესებს იცავს სასამართლოში. მან ყურადღება გაამახვილა იმ ვიდეოცანაწერზე, რომელიც პოლიციამ წარმოადგინა და სადაც ადვოკატის მტკიცებით პოლიციელთა ვერსიის საპირისპირო სიმართლე ჩანს, რომ გიორგი არობელიძე პოლიციელებს არ აგინებს და დაკავების დროს არც წინააღმდეგობას უწევს.

მოსამართლეს ჯერ ეს ვიდეო ჩანაწერი არ უნახავს.

„გარეპერიმეტზეც არის ვიდეო გადაღება, გაქვთ სამხრე კამერები, ერთი ჩანაწერი, ან აუდიოფაილი შეგიძლიათ წარმოადგინოთ, ან ერთი მოწმე, რომელიც იტყვის, რომ ვიგინებოდი?“ – იკითხა გიორგი არობელიძემ.

„თქვენ თქვით, რომ მიათრევდნენ გიორგი ლორიას პოლიციელებიო. რატომ იყო ასე?“ – გიორგი არობელიძეს მიუბრუნდა მე-6 განყოფილების პოლიციელი სოსო გოგიტიძე.

„მეც ამის გამო აღვშფოთდი, არ ვიცი, რატომ მიათრევდით?“ – კითხვა დაუბრუნა პოლიციელს მოქალაქემ.

„თქვენი აზრით, ამ დროს რა უნდა ექნა პოლიციელს?“ – დისკუსიაში კიდევ ერთი პოლიციელი ჩაერთო – თეა ლაღიძე. ის სასამართლო სხდომაზე შსს-ს პოზიციებს გამოხატავდა.

„ეს არაადეკვატური კითხვაა,“ – ბრაზი დაეტყო მოსამართლესაც, – „მოქალაქეს რატომ სთხოვთ, რა უნდა ექნა პოლიციელს?“

„პოლიციელს არ უნდა აღეკვეთა სამართალდარღვევა?“ – თეა ლაღიძის მორიგ კითხვასაც მოსამართლემ უპასუხა მხოლოდ.

„ეს რიტორიკული კითხვაა,“ – საქმის მასალებს ჩახედა ისევ მოსამართლემ და როცა იგრძნო, პოლიციელები ისევ მოქალაქისგან ითხოვდნენ პასუხს, პოლიციელის ქცევა რა უნდა იყოს კონფლიქტის დროს, თქვა:

„პოლიციელმა რა უნდა გააკეთოს, ეს წერია კანონში „პოლიციის შესახებ“, – კატეგორიულობა დაეტყო მოსამართლე ირმა ტოგონიძეს.

„კიდევ ერთი დეტალი მაინტერესებს,“ – მოწმე პოლიციელს, გიორგი ქარცივაძეს მიმართა ბოლო კითხვით გიორგი არობელიძემ, – „პოლიციის განყოფილების დერეფნის ბოლოს რომ მდივანი დგას, ხვდება ვიდეომონიტორინგის ზონაში?“

„ეს რა კავშირშია ახლა ამ საქმესთან?“ – კითხვა გააპროტესტა შსს-ს წარმომადგენელმა, თეა ლაღიძემ.

„რა კავშირშია და შუაში გამხიეს მაქ პოლიციელებმა,“ – გაცხარდა გიორგი არობელიძე და ითხოვა ის მაინც ეთქვათ, რატომ არ დაალაპარაკეს ვინმეს დილის 6 საათამდე, ან რატომ არ განუმარტეს უფლებები.

„აგერაა თქვენი დაკავების ოქმი, აქ წერია ყველაფერი,“ – ფურცლები ააფრიალა მე-6 განყოფილების პოლიციელმა, სოსო გოგიტიძემ.

„ეს ცემამდე შეადგინეთ, თუ ცემის შემდეგ?“ – პოლიციელს სიტყვა აღარ დაასრულებია გიორგი არობელიძემ.

„ბორკილების დადების დროს გაგაცანით უფლებები… ტელეფონს კი ყველას ვართმევთ,“ – აღნიშნა პოლიციელმა გიორგი ქარცივაძემ. მისი თქმით, დაკავების ოქმის შედგენას დაახლოებით ერთი საათი დასჭირდა. ამ პოლიციელსაც გაუჭირდა ეთქვა ის, რომ გიორგი არობელიძემ მას, ან სხვა პოლიციელებს ქუჩაში აგინა.

„გითხარით ქუჩაში, რომ პოლიციელები ვართ, არ შეგვიშალოთ ხელი. დაიწყო კითხვები: რატომ აკავებთ, რისთვის აკავებთ? რაღაც ინტერპრეტაციები, ხან კანონს აგინებდა, ხანს ქვეყანას, იქ ქალიც იყო, კაციც იყო…“ – ადვოკატებს მიმართა მოწმე პოლიციელმა.

გიორგი ქარცივაძე – ბათუმის მე-6 განყოფილების პოლიციელი

„რატომ არ ჩაწერეთ ეს ოქმში? ვალდებული ხართ, რომ ეს ოქმშიც ჩაგეწერათ, თუ მერე გაგახსენდათ?“ – პოლიციელი უხერხულ მდგომარეობაში ამ კითხვით მარიამ პატარიძემ ჩააყენა. ისიც „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ იურისტია.

„ჩემი ვალდებულება არ არის დაკავების A პუნქტიდან B პუნქტამდე ყველაფერი აღვწერო. განგრძობადი იყო ეს,“ – გამოსავალი იპოვა პოლიციელმა. მან ვერ თქვა, რა იყო პოლიციელის კონკრეტული და კანონიერი მოთხოვნა, რასაც გიორგი არობელიძე არ დაემორჩილა. პოლიციელის თქმით, მოქალაქე გიორგი არობელიძე მათ წინ „გადაუდგა,“ როცა მანამდე რამდენიმე წუთით ადრე დაკავებული გიორგი ლორია პოლიციის განყოფილებაში უნდა შეეყვანათ.

„რატომ დააკავეთ გიორგი ლორია, როცა დაინახეთ, რომ დაზიანებები ჰქონდა მას და კონფლიქტში რამდენიმე პირი იყო ჩართული?“ – პოლიციელებს ეს კითხვაც დაუსვა ადვოკატმა გურამ იმნაძემ.

„ბარის მესაკუთრემ მოგვაწოდა ეს ინფორმაცია, რომ გიორგი ლორიამ დაიწყო კონფლიქტი ბარში… ვინც ჩანდა ყველაზე აქტიური, როცა ადგილზე მივედით, მისი განრიდება მოხდა… დანარჩენს გაარკვევს გამოძიება,“ – აღნიშნა პოლიცილემა თეა ლაღაძემ.

შემდეგ სხდომაზე სხვა მოწმეები მისცემენ ჩვენებას სასამართლოს. ამ ეტაპზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს არ აქვს დასრულებული გამოძიება პოლიციელების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების სავარაუდო შემთხვევაში, თუმცა ამ უწყებაში გვითხრეს, რომ ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

ამ პოლიციელებიდან იყო თუ არა რომელიმე, რომელიც ფიზიკურად ძალადობდა? – ვკითხეთ გიორგი არობელიძეს სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ. მისი თქმით, პოლიციელები ძალადობის დროს ისე ენაცვლებოდნენ ერთმანეთს, რომ მათი ამოცნობა უჭირს.

გიორგი არობელიძის და გიორგი ლორიას სასამართლო სხდომა გადაიდო

ამ თემაზე:

რატომ არ სრულდება ბათუმის მე-6 განყოფილებაში მოქალაქეების ცემაზე დაწყებული გამოძიება

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი