მთავარი,სიახლეები

არ მახსოვს ჩემი შვილებისთვის სათამაშოები მეყიდოს – ემიგრანტი ნატოს ისტორია

25.12.2021 • 10496
არ მახსოვს ჩემი შვილებისთვის სათამაშოები მეყიდოს – ემიგრანტი ნატოს ისტორია

2021 წლის ზაფხულში 43 წლის ნატო დავითაძემ ჩანთა ჩაალაგა და იტალიაში წავიდა, ემიგრაციაში. ბათუმში დატოვა 3 შვილი, ქმარი და პატარა, ნაქირავები ბინა კერძო სახლის პირველ სართულზე, სადაც ნატომ და მისმა ქმარმა, რეზომ, შვილები გაზარდეს.

ნატო უკეთესი მომავლის იმედით წავიდა – უნდა, რომ მის ოჯახს საკუთარი ბინა ჰქონდეს, უნდა, რომ არ ეშინოდეს, შვილისთვის, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, წამლის ფული ექნება თუ არა.

წავიდა ბანკიდან გამოტანილი სესხით, უკვე 5 თვეა იტალიაშია და მხოლოდ ერთი თვის წინ დაიწყო მუშაობა. ჯერ სესხს იხდის.

ჩემს შვილებთან თოვლის ბაბუა არასდროს მოსულა ახალ წელსო – გვითხრა ნატომ. წელს პირველად ნატო საახალწლოდ შვილებისთვის საჩუქრის ყიდვას შეძლებს.

„ასე გავხდი ემიგრანტი დედა“ – მოუსმინეთ ნატოს ისტორიას 

  • „მინდა, ბავშვებს საკუთარი ჭერი ჰქონდეთ“ 

2021 წლის ივლისში გადავწყვიტეთ მე და ჩემმა მეგობარმა წამოვსულიყავით იტალიაში. ისიც ქირით ცხოვრობს. გამოვიტანეთ ბანკიდან სესხი. 21 ივლისს წამოვედი და გავხდი ემიგრანტი დედა.

ბათუმში 12 წელია ვცხოვრობთ ნაქირავებ ბინაში, ორივე ვმუშაობდით, მე და ჩემი ქმარი, მაგრამ შესაძლებლობა არ იყო, რომ ჩვენი გამომუშავებული თანხით გვეყიდა ბინა.

ამდენი მშენებლობა მიდის ბათუმში, დავიჯერო არავის არ შეუძლია იმ ადამიანების დახმარება ბინის ყიდვისას, რომლებიც იძულებული არიან ემიგრაციაში წავიდნენ და შვილები დატოვონ? დაგვიდგეს ვიღაც გვერდით, რომ შევძლოთ ნაწილ-ნაწილ გადახდა. 

დღეში 5 ლარზე ვმუშაობდი, მერე 10 ლარზე ავიდა და ისიც ყოველ დღე ვერ ვახერხებდი მუშაობას შვილის ჯანმრთელობის გამო.

12 წელი რომ ქირას გადაიხდი… რით უნდა გვეყიდა ბინა? პანდემიის დროს კოვიდი დამემართა, სამსახურიც დავკარგე, ჩემი ქმარი მუშაობდა, მაგრამ აღარ იყო საკმარისი.

ნამდვილად არ იყო საქართველოში იმის შესაძლებლობა, რომ ჩვენი შრომით ბინა გვეყიდა.

ჩემი ერთი შვილი 14 წლისაა, მისი დიაგნოზი ეპილეფსიური დაავადებაა. წამალი თუ არ დალია, ცუდად გახდება, ერთი დღეც არ უნდა ჩააგდოს.

ბავშვები გავზარდე წვალებით, ნაქირავებ ბინაში. როცა ბავშვი ხილს მოგთხოვს და ვერ უყიდი, საჭმელს მოგთხოვს, რაც მას უნდა და ვერ უყიდი…

არ მახსოვს ჩემი შვილებისთვის სათამაშოები მეყიდოს. არ მახსოვს ჩემი შვილებისთვის რამე მეყიდა ახალ წელს და გამეხარებინა. არასდროს ჩემს შვილებთან თოვლის ბაბუა არ მისულა. ყველა ახალ წელს უფალს მხოლოდ იმას ვთხოვდი, ოღონდ ჯანმრთელად მყავდეს ჩემი შვილები, მეტი არაფერი არ მინდა-მეთქი.

ვფიქრობ, ამ ახალ წელს მოვახერხებ ბავშვების გახარებას.

აი, ამიტომ წამოვედი. ჩემი ქმარი ბავშვებს მიხედავს, წამლის და ბინის ფულს როგორღაც გადაიხდის, მე ავაგროვებ, რომ ბინა ვიყიდო და თავშესაფარი გვქონდეს.

სახლს უვლის ჩემი უფროსი შვილი, რომელიც 18 წლისაა. ხშირად ვურეკავ, ვეკონტაქტები მესენჯერით, ყველა მათი გადადგმული ნაბიჯი მინდა ვიცოდე, ვინ სად არის, ვინ რას აკეთებს და გადის ასე დრო.

  • „არ შემიძლია, ვერ მოვყვები წამოსვლის დღეზე“ 

სამი შვილის დატოვება და აქ წამოსვლა ჩემთვის იყო ძალიან დიდი ტრაგედია. ძალიან ცუდად ვიყავი დასაწყისში, ჭამაც არ შემეძლო. დღესაც მიჭირს ბავშვების გარეშე, მაგრამ რას ვიზამ. ეს გადაწყვეტილება მივიღე იმიტომ, რომ ჭერი გვქონდეს და ბავშვის წამლის ფული მაინც მქონდეს.

მახსოვს ის დღე, როცა წამოვედი, მაგრამ ვერაფერს ვერ ვიტყვი… არ მინდა, ის დღე გავიხსენო, ძალიან მძიმე იყო. როცა მოდიხარ, ბავშვებს ტოვებ და ხედავ, როგორ ტირიან ბავშვები… ძალიან მძიმე თემაა ეს ჩემთვის, ენით აღუწერელი. ვერაფერს ვერ ვიტყვი.

  • „ჯერ ვალები უნდა გადავიხადო“ 

ჩემი ქმრის წამოსვლა ემიგრაციაში არ განგვიხილავს. ხელი გადაიჭრა „რადიალით“ და რამდენიმე თვე ვერ მუშაობდა. თან ნაცნობი კაცი ემიგრაციაში არავინ გვყავდა. მეც მეგობართან ერთად წამოვედი, ნაცნობი გოგო გვყავდა, მარტო ვერ გავბედავდი წამოსვლას.

ერთი თვეა, რაც ვმუშაობ აქ, მოხუც ქალთან. კვირაში სამჯერ, 3-3 საათი ვისვენებ.

ვალები მაქვს ჯერ, 3000 ლარი გამოვიტანე ბანკიდან, რომ წამოვსულიყავი. ნაწილ-ნაწილ უნდა ვაგროვო. ბავშვის პენსიიდან ვიხდი მაგ ბანკის ვალსაც ჯერჯერობით. სამი თვე დამჭირდება ბანკის დასაფარად და მარტიდან დავიწყებ დაგროვებას ბინისთვის.

იმედია გამიმართლებს.

  • „ყველაფერს გადავლახავ, ყველაფერს შევძლებ“

ახლა ბათუმში რომ სახლი მქონდეს, დაუფიქრებლად, წუთებში ავიღებდი ჩემოდანს და წავიდოდი. მაგრამ უკან რომ არაფრის იმედი არა მაქვს… ყველაფერს გადავლახავ და თავშესაფარი მექნება ჩემი შრომით.

ამას ძალიან დიდი დრო დასჭირდება, ვიცი. ამაზე არც ვფიქრობ, იმიტომ, რომ როცა ვიფიქრე, მივხვდი, 2-3 წელი წელი მაინც დასჭირდება… იმასაც ვაცნობიერებ, რომ შვილებს ვერ ვნახავ.

ერთ წელში რომ ვერ ვიყიდი ბინას, ფაქტია. ამას დრო უნდა. ყველაფერს შევძლებ.

ყველაზე ძნელი ის არის, რომ მენატრება ჩემი შვილები, ენით ვერ აღვწერ, ისე მენატრება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: