მთავარი,სიახლეები

საპატრიარქოს ტყეები 2021 წლამდე არსებულ ეკლესიებთან გადაეცემა – ცვლილება კანონში

26.12.2021 • 2571
საპატრიარქოს ტყეები 2021 წლამდე არსებულ ეკლესიებთან გადაეცემა – ცვლილება კანონში

საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას საკუთრებაში შესაძლოა გადაეცეს ტყეები, რომლებიც 2021 წლამდე არსებული ეკლესია-მონასტრების მიმდებარედაა – ასეთი ჩანაწერი სახელმწიფო ქონების შესახებ კანონში ორი დღის წინ, 24 დეკემბერს გაჩნდა.

პარლამენტმა შესაბამისი კანონი 2021 წლის 15 დეკემბერს მიიღო.

ეკლესიისთვის ტყის საკუთრებაში გადაცემაზე საუბარი 2020 წელს დაიწყო და პარლამენტმა საკანონმდებლო ცვლილებებიც იმავე წელს დაამტკიცა. ცვლილება, ცალკეულ ეკლესია-მონასტერთან, თითოეულ შემთხვევაში, არაუმეტეს 20 ჰექტარი ტყის გადაცემას ითვალისწინებდა.

კანონში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ჩანაწერი იყო – მართლმადიდებელი ეკლესიისთვის შეიძლებოდა ტყეების გადაცემა მხოლოდ იმ ეკლესია-მონასტრებთან, რომლებიც 2010 წლის აგვისტომდე ფუნქციონირებდნენ [„სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონში ეწერა, რომ შეიძლებოდა „ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტყეთა ფართობების“ გადაცემა. ეს კანონი კი სწორედ 2010 წლის 9 აგვისტოს ამოქმედდა].

ორი დღის წინ შესული ცვლილებით, გაიზარდა იმ ეკლესია-მონასტრების რაოდენობა, რომელთა მიმდებარე ტყეები შესაძლოა გადაეცეს მართლმადიდებელ ეკლესიას: ახლა შესაძლებელია 2021 წლამდე არსებული ყველა-ეკლესია მონასტრის მიმდებარე ტყეები გადაეცეს საპატრიარქოს.

კანონში ცვლილება რომ არ შეეტანათ, მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ვერ მოხერხდებოდა ტყის ფართობების გადაცემა იმ ეკლესია-მონასტრების მიმდებარედ, რომლებიც 2010 წლის შემდეგ ამოქმედდა.

სწორედ ეს ჩანაწერი „გაასწორა“ პარლამენტმა 2021 წლის 15 დეკემბერს. ამიტომ, სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონით, უკვე შესაძლებელია:

„ეკლესიის შესაბამისი განაცხადის საფუძველზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შუამდგომლობით საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას საკუთრებაში გადაეცეს 2021 წლამდე არსებული მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტყეთა ფართობები − თითოეულ შემთხვევაში არაუმეტეს 20 ჰექტრისა, აგრეთვე საქართველოს ტყის კოდექსით განსაზღვრული მიჩენილი ტერიტორიები. ამასთანავე, გადასაცემი ფართობი ისე უნდა განისაზღვროს, რომ მისმა გამოყოფამ არ დაარღვიოს არსებული სატყეო ლიტერების [უბნების – ავტ.] საზღვრები.“.

ამავე კანონით, სახელმწიფო ქონების [ამ შემთხვევაში ტყის – ავტ.] შემძენი შეიძლება იყოს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიაც – სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის შემთხვევაში. ქონების პირდაპირი მიყიდვის გადაწყვეტილებას კი, საქართველოს მთავრობა იღებს.

ამავე თემაზე:

4 ეკლესიის მაგალითზე რომელ ტყეებს მიიღებს საპატრიარქო აჭარაში – კანონპროექტი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: