რაში დახარჯავს 12 მილიონ ლარს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია წელს

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია „საქართველოში ტურიზმის სექტორის განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით“ 2022 წელს სხვადასხვა აქტივობას გეგმავს, რაშიც 12 მილიონამდე ლარს, ტენდერის გარეშე დახარჯავს.

ადმინისტრაციის განცხადებით, ძირითადი პრიორიტეტი საერთაშორისო ბაზრებსა და შიდა ბაზრებზე ქვეყნის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა იქნება.

„ადმინისტრაცია გეგმავს საერთაშორისო გამოფენა-ბაზრობებზე მონაწილეობის მიღებას, საქართველოს კომპლექსური სარეკლამო კამპანიების წარმოებას, მიზნობრივ ქვეყნებში წარმომადგენლობითი ოფისების გახსნას, პრეზენტაციების გამართვასა და, ზოგადად, სხვადახვა სახის საპრომოციო/საინფორმაციო აქტივობების განხორციელებას; ყოველივე ზემოაღნიშნული მოითხოვს სხვადასხვა საქონლისა და მომსახურების შეძენას, კერძოდ:

  • საერთაშორისო გამოფენები – 800 000 ლარი
  • სატრენინგო მომსახურება – 300 000 ლარი
  • ახალი ამბების სააგენტოების მომსახურება – 16 000 ლარი
  • მომსახურებები კვლევისა და ექსპერიმენტული განვითარების სფეროში – 34 000 ლარი
  • სხვადასხვა კომერციული მომსახურება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები – 375 000 ლარი
  • სასტუმროში შეხვედრებისა და კონფერენციების ორგანიზების მომსახურება – 100 000 ლარი
  • საქართველოს საპრომოციო სარეკლამო/მარკეტინგული კამპანიების ორგანიზება მიზნობრივ ბაზრებზე სხვადასხვა ტრადიციული და არატრადიციული საკომუნიკაციო არხების მეშვეობით (ინტერნეტ რეკლამა, რადიო, კინოთეატრები, ბეჭდვითი რეკლამა, გარე რეკლამა და სხვა) – 4 880 000 ლარი;
  • ქართული ღვინის შესყიდვა და ადგილზე მიწოდება – 5 000 ლარი
  • სახელოვნებო მომსახურებები მიზნობრივ ბაზრებზე – 57 200 ლარი
  • სარეკლამო კლიპების გადაღება – 300 000 ლარი;
  • მარკეტინგულ და პიარ მენეჯმენტთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურებები – 5 000 000 ლარი;
  • ტვირთის გადაზიდვა – 50 000 ლარი
  • სასერვერო მომსახურების შეძენა/ინტერნეტ დამხმარე პროდუქტების ან სერვისების შეძენა, CDN ინფორმაციის მიწოდების ქსელის მომსახურება – 20 000 ლარი
  • ადმინისტრაციული მომსახურების შესყიდვა – 50 000 ლარი“.
საერთაშორისო გამოფენები 2022 წელს, რომლებზეც საქართველო იქნება წარმოდგენილი / წყარო: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

ზემოთ აღნიშნულ მომსახურებებს, რომლის სავარაუდო ჯამური ღირებულება 11 987 200 ლარია, ტენდერის გარეშე შეისყიდიან, ვინაიდან, როგორც ტურიზმის ადმინისტრაცია აცხადებს:

  • „მსოფლიში ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო დინამიკურად ცვალებადი ეპიდვითარების პირობებში, საქართველოს შესახებ კომპლექსური სარეკლამო და მარკეტინგული კამპანიების და კვლევის განხორციელებისათვის აუცილებელი საქონელისა და მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვების ვადები და მოცულობა წინასწარ გაუთვალისწინებელ ხასიათს ატარებს;
  • აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საერთაშორისო კომპანიებს, საკუთარი, ერთმანეთისაგან განსხვავებული და მკაცრად გაწერილი რეგულაციები გააჩნიათ და ისინი ძირითად შემთხვევაში თავად განსაზღვრავენ რეკლამის/პრომოციის დროს, ტექნიკურ თუ ვიზუალურ მოთხოვნებს, მათ შორის ანგარიშსწორების პირობებსა და ვადებს, რაც ხშირ შემთხვევაში ადმინისტრაციისათვის ცნობილი ხდება უშუალოდ ზემოხსენებული სარეკლამო და მარკეტინგული კაპანიების დაწყებამდე მცირე ხნით ადრე.
  • ასევე, გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების მოთხოვნების ფარგლებში, უცხოური კომპანიებისთვის გართულებულია ტენდერში მონაწილეობა.
  • ამასთანავე, ბევრ ბარიერსა და სირთულეს უკავშირდება იმ სახის მომსახურებების შესყიდვაზე ტენდერის გამოცხადება, რომლებიც მოიცავს კრეატიულ და ინტელექტუალურ კონტრიბუციას.
  • ასევე, რიგ შემთხვევებში, მიმწოდებელები, მათ შორის უცხოური მიმწოდებელი კომპანიები და ფიზიკური პირები წინასწარ ითხოვენ მომსახურების საფასურის ჩარიცხვას, მათი მხრიდან კი საბანკო გარანტიის წარდგენა გრძელვადიან პროცედურასთან არის დაკავშირებული“.

მიუხედავად ამისა „გამარტივებული შესყიდვის კონკურენტული წესით განხორციელების მიზნით ადმინისტრაცია უზრუნველყოფს, სპეციალური კომისიის შექმნას, რომელიც 100 000 ლარის და მის ზემოთ ღირებულების სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას, მიმწოდებლის არჩევისას თავის გადაწყვეტილებას საფუძვლად დაუდებს ისეთ მონაცემებს როგორიცაა დაბალი ფასი, მიმწოდებლის რეპუტაცია, ხარისხი, იდეა, ინოვაცია, გამოცდილება და ა.შ.“- აცხადებს ადმინისტრაცია.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 2022 წლის მანძილზე კონკრეტულად სოციალურ ქსელ Facebook-ზე განთავსებული პოსტების რეკლამირებისთვის [დასპონსორებაში] 300 ათასი ლარის დახარჯვას გეგმავს:

ტურიზმის ადმინისტრაცია Facebook-ზე რეკლამაში წელს 300 ათას ლარს დახარჯავს

როგორი ამინდი იქნება ბათუმში დღეს და ხვალ

აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს, 20 იანვარს, ბათუმში თოვლიანი ამინდი შენარჩუნდება, მცირე თოვაა მოსალოდნელი ღამითაც.

ხვალ, 21 იანვარს, ბათუმში ძირითადად მოღრუბლული ამინდი შენარჩუნდება.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

დღეს და ხვალ ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 2 – 7 გრადუსი სითბო 
  • ღამით: 0 – 2 გრადუსი სითბო

შიდამთიან რაიონებში:

  • დღისით – 0 – 5 გრადუსი ყინვა
  • ღამით 5 – 10 გრადუსი ყინვა

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 3 – 8 გრადუსი ყინვა
  • ღამით: 10  – 15 გრადუსი ყინვა

სინოპტიკოსების ცნობით, ბათუმში შაბათ-კვირას, 22-23 იანვარს, გამოიდარებს და ძირითადად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

______________

ფოტო: „ბათუმელები“/როინ გუნდაძე

აჭარაში კორონავირუსის 903 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 6 პაციენტი

აჭარაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 903 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 6 ადამიანი.

stopcov.ge-ის ინფორმაციით, 20 იანვრის მდგომარეობით, აჭარაში კოვიდკლინიკებში მკურნალობს 612 პაციენტი, მათ შორის, 133 მძიმეა, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 48 პაციენტი.

აჭარაში კლინიკურ სასტუმროებში მოთავსებულია 554 პაციენტი, საკარანტინე სივრცეშია 6 ადამიანი.

 

მთავარი ფოტო: ბათუმი/20.01.2022

27 გარდაცვლილი და კორონავირუსის 6 351 ახალი შემთხვევა – 20 იანვარი

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 6351 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 27 პაციენტი

stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 6 351 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 3 742 შემთხვევა, აჭარაში – 903, იმერეთში – 510, ქვემო ქართლში – 196, შიდა ქართლში – 238, გურიაში – 92, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 211, კახეთში -187, მცხეთა-მთიანეთში – 130, სამცხე-ჯავახეთში – 134, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში -8.

ბათუმის მე-16 სკოლის მშენებლობაზე 14.9 მილიონი ლარი დაიხარჯება – პროექტირება დასრულდა

აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, დასრულდა ქალაქ ბათუმის N16 საჯარო სკოლის ტერიტორიაზე ახალი შენობის მშენებლობის პროექტირება. სამინისტროს ინფორმაციით, დაგეგმილია სამსართულიანი სკოლის აშენება.

სკოლა გათვლილი იქნება 1000 ბავშვზე [40 საკლასო ოთახი] ერთ ცვლაში.

სამინისტროს ინფორმაციით, ასევე გათვალისწინებულია ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული ოთახი, სააქტო დარბაზი 300 მაყურებელზე, ღია და დახურული სპორტული მოედნები, ტრიბუნებით. შენობა იქნება ადაპტირებული, მოეწყობა ლიფტი.

სკოლის ტერიტორიაზე ჩატარდა გრუნტის გეოლოგიური კვლევა და, შესაბამისად, საძირკველი მოეწყობა რკინა-ბეტონის ხიმინჯებით 13 მეტრ სიღრმეზე.

პროექტის მიხედვით, მშენებლობის ღირებულება იქნება 14 942 791 ლარი.

__

ბათუმის მე-16 საჯარო სკოლა გასული წლის აპრილში იმდენად დაიბზარა, რომ შეფასდა, როგორც ბავშვებისთვის სახიფათო. მას შემდეგ ამ სკოლის მოსწავლეები საგაკვეთილო პროცესი მე-10 საჯარო სკოლაში ტარდება.

9 თანამდებობის პირი, რომელთა ხელფასიც თვეში მინიმუმ 12 000 ლარია

დავით საგანელიძე ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი თანამდებობის პირია საქართველოში. ის სააქციო საზოგადოება [სს] საპარტნიორო ფონდს ხელმძღვანელობს. ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით, დავით საგანელიძე გამორჩეული მაღალანაზღაურებადი თანამდებობის პირია იმ მხრივაც, რომ მისი მაღალი ხელფასი ბოლო წლებში კლებადიც არის.

კლება კი დაიწყო მას შემდეგ, რაც საგანელიძის ხელფასზე თითქმის ყველა მედიამ დაწერა. მოგვიანებით მან ამაზე კომენტარიც გააკეთა და თქვა, რომ ყოველთვიური ხელფასის სახით 16 000 ლარზე მეტს არ იღებს.

საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელის მიერ შევსებული ბოლო ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, რომელიც 2020 წლის მონაცემებს ასახავს, საგანელიძის  ყოველთვიური ანაზღაურება 17 678 ლარია. 2020 წელს შევსებული დეკლარაციით კი, 2019 წელს მისი ყოველთვიური შემოსავალი 19 000 ლარი იყო. უფრო ადრე, 2018 წელს კი, ანაზღაურების სახით საგანელიძე თვეში 20 000 ლარს იღებდა.

2021 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, საგანელიძეს 2020 წელს, 12 თვეში, ხელფასის სახით 212 143 ლარი მიუღია. 2020 წელს შევსებული დეკლარაციით, მისი წლიური სახელფასო შემოსავალი 237 231 ლარი იყო. 2019 წლის დეკლარაციით, საგანელიძემ 2018 წელს 294 000 ლარი გამოიმუშავა. 2018 წლის დეკლარაციით, საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელს 2017 წელს 336 000 ლარი მიუღია.

ზემოთ მოცემული მონაცემების მიხედვით, საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელს 2017 -2020 წლებში, ხელფასი სახით, მილიონზე მეტი ლარი აქვს მიღებული.

დავით საგანელიძე

დავით საგანელიძე საპარტნიორო ფონდს 2015 წლიდან ხელმძღვანელობს.  მისივე ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით, საგანელიძეს მნიშვნელოვანი უძრავი ქონებაც დაუგროვებია, მათ შორისაა 65 კვ.მ ბინა თურქეთის საკურორტო ქალაქ კარჩიჯაკში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე. ამ ბინაში მას 82 00 ევრო გადაუხდია.

ისევე, როგორც შემოსავლები, მაღალია მისი ხარჯებიც, დავით საგანელიძემ 2020 წელს 50 000 ლარი მხოლოდ სარემონტო სამუშაოებში დახარჯა, 60 000 ლარი კი მის მეუღლეს, რომელსაც საგანელიძის დეკლარაციების მიხედვით საკუთარი შემოსავალი არ აქვს, საქველმოქმედო მიზნებისთვის დაუხარჯავს.

მაღალხელფასიანებს შორისაა საქართველოს რკინიგზის დირექტორიც – დავით ფერაძის სახელფასო შემოსავალი ერთ წელში 219 141 ლარია. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს რკინიგზის დირექტორი ხელფასის სახით ყოველთვიურად 18 000 ლარზე მეტს იღებს.

მისივე ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, რომელიც 2020 წლის მონაცემებს ასახავს, დავით ფერაძე სამი სახის ხელფასს იღებს – ერიცხება როგორც რკინიგზის დირექტორის ხელფასი, ასევე ანაზღაურება ორი კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრობისთვის. ამ კომპანიების წილებს, ასივე პროცენტით,  საქართველოს რკინიგზა ფლობს.

დავით ფერაძე საქართველოს რკინიგზის დირექტორის თანამდებობაზე  2017 წლიდან მუშაობს. მანამდე ის  საქართველოს თანაინვესტირების ფონდში მუშაობდა, შპს „მტკვარი ჰესის“ დირექტორის პოზიციაზე. უფრო ადრე – 2007-2011 წლებში კი, ის „ქართუ ჯგუფის“ თანამშრომელი იყო.

დავით ფერაძეს ბოლო წლებში შეუძენია ხეხილის სანერგე მეურნეობა, ფლობს რამდენიმე მიწის ნაკვეთს და სხვა უძრავ ქონებას, რომელიც უფრო ადრე 2008-2017 წლებში აქვს შეძენილი. მისი მეუღლე შპს „ზიპლაინ კაუკასუსის“ 40 პროცენტის მფლობელია. თუმცა ბოლო დეკლარაციების მიხედვით, მას კომპანიიდან შემოსავლები არ აქვს. აქვს იპოთეკური სესხიც და მის დასაფარად ყოველწლიურად 30 000-ზე მეტ აშშ დოლარს იხდის.

12 910 ლარია სემეკის თავმჯდომარის დავით ნარმანიას თვიური ხელფასი. გარდა ამისა, მან ქონებრივ დეკლარაციაში, რომელიც 2020 წლის მონაცემებს ასახავს,  საგანმანათლებლო საქმიანობით გამომუშავებული თანხა, ჯამში, 27 000 ლარი შეიტანა, ასევე ასახა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციით მიღებული შემოსავალი – 16 000 ლარი.

დავით ნარმანია

საერთო ჯამში, 2020 წელს ნარმანიას ხელფასის სახით 182 252 ლარი მიუღია. ამას ემატება სოფლის მეურნეობის პროდუქტის რეალიზაციით გამომუშავებული თანხა.

ბოლო წლებში სემეკის თავმჯდომარემ  ძვირადღირებული ქონება შეიძინა – 2020 წელს იყიდა მიწის ნაკვეთი და მშენებარე სახლი თბილისში, გოდერძი ჩოხელის ქუჩაზე: ნაკვეთში 180 000 აშშ დოლარი, ხოლო მშენებარე სახლში 249 000 ლარი გადაიხადა.

უჩა უჩანეიშვილი სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალურ დირექტორად 2021 წელს დაინიშნა, მანამდე ის ამავე სამსახურის  მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე იყო. 2021 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მას 2020 წელს სახელფასო შემოსავლის სახით 182 240 ლარი მიუღია.

უჩა უჩანეიშვილი სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალურ დირექტორად 2021 წელს დაინიშნა. დეკლარაციის მიხედვით, მას 2020 წელს ხელფასის სახით 182 240 ლარი მიუღია, რაც თვეში 15 186 ლარია.

მაღალანაზღაურებადია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაც, რომელსაც 2017 წლიდან კახა ბექაური ხელმძღვანელობს. 2020 წელს მან ამ თანამდებობაზე 188 585 ლარი გამოიმუშავა, რაც თვეში 15 715 ლარია. ეს თანხა ბექაურის 2019 წლის შემოსავლებთან შედარებით ნაკლებია, 2019 წელს ბექაურის 202 764 ლარი გამოუმუშავებია – თვეში 16 897 ლარი.

კახა ბექაური

თუმცა ეს თანხა არაფერია იმ შემოსავალთან შედარებით, რომელიც 2020 წელს ბექაურმა შემოსავლის სახით შპს „ორი ნაბიჯიდან“ მიიღო –  ეს თანხა 4 მილიონ 299 570  ლარია. 2019 წელს ამ საწარმოდან ბექაურს 600 000 მეტი ლარი აქვს შემოსავლის სახით მიღებული.

სახელფასო შემოსავლის სახით 2020 წელს გაცილებით მეტი მიუღია კახა ბექაურის მეუღლეს, ეკატერინე ბერიძეს – მისმა შემოსავალმა 287 027 ლარი შეადგინა, რაც თვეში 23 918 ლარია. ეკატერინე ბერიძე „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ კომუნიკაციების დირექტორია. გარდა ამისა, ის იმავე თანამდებობაზე შპს „რუსთავის წყალსა“  და „მცხეთის წყალში“ მუშაობს.

მაღალანაზღაურებად თანამდებობაზე მუშაობს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძეც, იგივე შეიძლება ითქვას ვიცე-პრეზიდენტ არჩილ მესტვირიშვილზე.

კობა გვენეტაძის, როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საბჭოს წევრის წლიური შემოსავალი 2020 წელს 210 155 ლარი იყო, რაც თვეში 17 512 ლარია.

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის არჩილ მესტვირიშვილის შემოსავალი კი, შარშან 2010 067 ლარი იყო, რაც თვეში 17 505 ლარია.

თითქმის იდენტურია საბჭოს კიდევ ერთი წევრისა და ვიცე-პრეზიდენტის, პაპუნა ლეჟავას შემოსავალი.

სოლიდური ანაზღაურება დაენიშნა საპენსიო სააგენტოს დირექტორსაც, გიორგი დანელიას ხელფასი თვეში 12 500 ლარია.

გიორგი დანელია, საპენსიო სააგენტოს დირექტორი / ფოტო: სააგენტო

საპენსიო სააგენტოს დირექტორად  გიორგი დანელია 2020 წლის 15 დეკემბრიდან მუშაობს, მანამდე ის საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე იყო.

გულუბრყვილო იმედია, რომ თურქეთიდან შემოტანით წამლები გაიაფდება – ინტერვიუ

„როგორ და რის საფუძველზე გაიაფდება მედიკამენტები? თურქეთი, რომელიც ახლაც გვაწვდის მედიკამენტების 25 %-ს, უცებ გადაწყვეტს, რომ უნდა მოგვაწოდოს უფრო იაფად? ვინ გადაუხდის კომპანიებს ამ სხვაობას? წარმოიდგინეთ, ვარ კომპანია, რაღაც მედიკამენტს ვაწარმოებ, რომელსაც საქართველოში ვყიდი 20 დოლარად. უცებ მეუბნებიან ათ დოლარად უნდა გაყიდო. რატომ უნდა გავყიდო ათ დოლარად? ვინ იქნება დისტრიბუტორი ამ მედიკამენტების?“ – ეს და სხვა მრავალი კითხვა საქართველოს მთავრობასთან აქვს ჯანდაცვის მენეჯმენტის ექსპერტს, პარტია „ლელოს წევრ“ ვატო სურგულაძეს.

რამდენად რეალურია წამლების გაიაფება და რა მექანიზმები აქვს შემუშავებული ამისათვის სახელმწიფოს, „ბათუმელები“ ამ თემაზე ვატო სურგულაძეს ესაუბრა.

  • ბატონო ვატო, პრემიერმა თქვა, რომ თურქეთის ბაზარი გაიხსნება და წამლები გაიაფდება. ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის ინფორმაციით კი, საქართველოში იმპორტირებული მედიკამენტების დაახლოებით მესამედი ისედაც თურქეთზე მოდის. აქედან გამომდინარე მინდა გკითხოთ, რა იგულისხმება ბაზრის გახსნაში და რამდენად რეალურია წამლების გაიაფება?

ნამდვილად ვეცადე გამეგო, რას ნიშნავს თურქული ბაზრის გახსნა, მაგრამ ვერ გავიგე პრემიერ-მინისტრის სიტყვა – უნდა გავხსნათ თურქეთთან ბაზარი. [წამლების] მესამედი თუ არა, დაახლოებით 20-25 % მაინცაა თურქული წარმოების. საქართველოში ქართული წარმოების მედიკამენტი სულ 13-14 % -ია. დარჩენილიდან მეოთხედი უჭირავს თურქულ ბაზარს. მეორეც – რატომ უნდა გააიაფოს ამან მედიკამენტები, მაშინ, როდესაც ისედაც შემოდის თურქეთიდან [წამალი].

მედიკამენტი ყველგან ძვირდება, მით უმეტეს თურქეთში, რომელსაც წელს ეკონომიკურად პრობლემური წელი ჰქონდა, 18 %-მდე აქვს ინფლაცია. მაგრამ იქ სახელმწიფო უკეთებს ე.წ. თანადაფინანსებას, ამიტომაც არ იზრდება მომხმარებლისთვის აფთიაქში წამლის ფასი – სუბსიდირება ხდება სახელმწიფოს მხრიდან.

ათ მილიარდამდე დოლარი ტრიალებს თურქულ ბაზარზე წამლის წარმოებაში, შექმნეს ძლიერი გიგანტები, რამაც ევროპელები და ამერიკელები, შეიძლება ვთქვათ, აიძულა, რომ მიეცათ საშუალება თურქეთში ეწარმოებინათ საკუთარი ლიცენზიით ეს მედიკამენტები.

ეს არის განცხადება – გავხსენით ბაზარი. მე მართლა ძალიან ვეცადე მომეპოვებინა რამე პრეზენტაციის სახით მაინც, რა მექანიზმი გააიაფებს. თუ აქამდე შემოდიოდა თურქული წამალი და ძვირი ღირდა, როგორ შემოვა ახლა იაფად? ვერც ვერავინ ამიხსნა, ვისაც მივმართე, ვერც ვერანაირი მექანიზმი, როგორ და რის საფუძველზე გაიაფდება, ვერ ვნახე.

როდესაც იწყებოდა „ქართული ოცნების“ ეპოქა, შეიქმნა ასეთი კომპანია – „ჰუმანიტი“, სადაც საპარტნიორო ფონდმა 30 მილიონი გადარიცხა, იაფი წამლების შემოტა-წარმოებისთვის. კომპანია გაქრა, დაიკარგა.

არ გამოვრიცხავ, რომ ახლაც მოხდება იგივე. რისკებს ხომ ვითვლით? ვინ გადაუხდის იმ სხვაობას თურქულ კომპანიებს? ვინ შემოიტანს ამ მედიკამენტებს? რომელ აფთიაქებში დაიდება?

ეს ძალიან გაუმჭვირვალე საკითხია და მიმაჩნია, რომ აქ არის უფრო პოლიტიკური პოპულიზმი, ვიდრე რეალური საქმე. პირადად მე მოხარული ვიქნები, თუკი მედიკამენტი გაიაფდება.

მეორე მომენტიც არსებობს, რა ხარისხის მედიკამენტი შემოვა. მაგალითად, ავიღოთ ცეფტრიაქსონი. ერთი ღირს ხუთი ლარი, მეორე – 19 ლარი, მესამე – 29 ლარი. ერთი და იმავე დანიშნულების მედიკამენტია, ერთნაირი გრამაჟით, ყველაფერი ერთნაირია, მაგრამ ფასებია სხვადასხვა. ის 5-ლარიანი რეალურად ძალიან დაბალი ხარისხის მედიკამენტია და თერაპევტულ ეფექტს არ იძლევა.

  • თურქეთის სახელმწიფო ასუფსიდირებს მედიკამენტებს და ამის გამოა იქ წამალი იაფი მოქალაქეებისთვის, მაგრამ სუფსიდირება, წესით, იმპორტზე არ გავრცელდება. ეს მოცემულობა რა გავლენას იქონიებს თურქეთიდან საქართველოში შემოტანილი მედიკამენტების ფასზე?

წარმოიდგინეთ, მე ვარ თურქეთის სახელმწიფო, სერიოზული ეკონომიკური პრობლემები მაქვს ქვეყანაში, ამ დროს რატომ უნდა დავუსუბსიდირო საქართველოს მედიკამენტები?

სახელმწიფო გადაუხდის ამ თანხას? მაგრამ ბიუჯეტში მე ვერ ვნახე ასეთი ჩანაწერი, სადაც იქნებოდა ამაზე საუბარი.

მექანიზმი არსად ჩანს. მე რომ თურქეთი ვარ, რატომ უნდა მივცე საქართველოს იაფად და რატომ უნდა ვუხადო მისი მოქალაქის სუბსიდირება – ხომ ლოგიკური შეკითხვაა არა. გვაჩვენონ ეს მექანიზმი, რის საფუძველზე გაიაფდება მედიკამენტები. მე მომხრე ვარ, თუ ასეთი რამ მოხდება საქართველოში.

საქართველოში სამი დიდი კომპანია არსებობს – „ავერსი“, „პსპ“ და „გეფა“. 82% უკავიათ ბაზრის, პრაქტიკულად ოლიგოპოლია აქვთ შექმნილი. ასეთ რთულ სიტუაციაში, როდესაც კარტერული გარიგება აქვთ ერთმანეთში, არავითარი კონკურენტები არ არიან ერთმანეთის, იცით რა მოხდება? თუ ყველა რისკი კარგად არ გაითვალა, შეიძლება გაქრეს ხარისხიანი მედიკამენტები ბაზრიდან, რომელიც შემოდის შვეიცარიიდან, დიდი ბრიტანეთიდან და სხვა ქვეყნებიდან. ეს საკმაოდ დიდი დარტყმა იქნება მოსახლეობისთვის.

  • თქვენ ახსენეთ საფრთხე, რომ შეიძლება აქ შემოსული მედიკამენტები იყოს დაბალი ხარისხის. როგორც ვიცით, თურქეთი ძალიან მკაცრად აკონტროლებს თავის ქვეყანაში წამლის ხარისხს.

ახლახან ჩემი მეგობარი გაფრინდა გერმანიაში. იცით, რა დავაბარე? ასპირინი. აქაც იყიდება, მაგრამ არავითარი ეფექტი იმ ასპირინს არ აქვს. მეტი არაფერი არ გინდაო? მეთქი – არა, გერმანიაში მიყიდე ასპირინი.

ზუსტად იმავე ყუთშია, მაგრამ გერმანიიდან  ჩამოტანილს და აქ ნაყიდს აბსოლუტურად სხვადასხვა მოქმედება აქვს.

ამიტომ მნიშვნელოვანი იქნება ხარისხის შემოწმება. ჩვენ არ გვაქვს ჯერჯერობით ლაბორატორია, რომ შევამოწმოთ. მუდმივი კონტროლი უნდა იყოს – რა პარტია შემოვიდა და როგორ შემოვიდა. თურქული წამლები მაღალი ხარისხის რომ იყოს, ევროპაშიც გავიდოდა, მაგრამ ევროპაში რატომღაც არ არის გასული.

რა თქმა უნდა, არსებობს მაღალი დონის თურქული მედიკამენტებიც, მაგრამ ასევე არსებობს დაბალი ხარისხის მედიკამენტებიც.

  • როგორ უნდა შემოწმდეს ხარისხი?

ძვირია. ამას სჭირდება რეფერალური ლაბორატორია, რომელიც ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ დაანონსა, რომ შემოდგომაზე გვექნება. ეს ლაბორატორია ახლა არ გვაქვს. როცა რაღაც გვჭირდება, სამხარაულის ცენტრში მიდიან, მაგრამ იქ ყველა მედიკამენტს ვერ ამოწმებენ, ამიტომ გვიწევს გადაგზავნა ლიტვაში, ლატვიაში, შვეიცარიაში. ერთი მედიკამენტის ქიმიური პარტიის შემოწმება 25 ათას ევრომდე ჯდება. არც ისე იაფი სიამოვნებაა. თუ გააკეთეს ლაბორატორია, მაშინ ეს კარგი იქნება.

ჩვენთან ბაზარი არის გაჯერებული უხარისხო მედიკამენტებით – ინდოეთი ავიღოთ, უკრაინა, რუსეთი, ეგვიპტე, უამრავი უხარისხო მედიკამენტია. ამას ვერ ვაკონტროლებთ და იმას როგორ გადავაკონტროლებთ, ცოტა რთული საკითხია.

მოქალაქეების ჯანდაცვის ხარჯებიდან 40 %-მდეა მედიკამენტების ფული. ეს უზარმაზარი რიცხვია და ნორმალურ ქვეყანაში 12%-ს არ სცილდება.

იგივე თურქეთში ძალიან პატარაა ჯიბიდან მედიკამენტებზე გადახდილი თანხა. ამასთან, თუ წამალი ღირს 5 დოლარი, 2 დოლარი ადევს ფასი და იმ 3 დოლარს მწარმოებელს უხდის სახელმწიფო ბიუჯეტი. ანუ სუბსიდირებული სისტემაა.

  • უხარისხო მედიკამენტების შემოტანის რისკები რომ მოიხსნას, რა უნდა გაკეთდეს?  

პირველი – როცა შემოდის მედიკამენტი, უნდა შემოწმდეს ძალიან კარგად, დოკუმენტაცია სრულყოფილი უნდა იყოს. ამასთან, პირველ ჯერზე შეიძლება მედიკამენტი შემოიტანონ ხარისხიანი, მაგრამ შემდეგ პარტიებში რა მედიკამენტი შემოვა, ესეც გასაკონტროლებელია.

შემთხვევითობის პრინციპით ამოვიღებთ, შევამოწმებთ, ამოვიღებთ – შევამოწმებთ, მუდმივად უნდა იყოს იმის შიში, კარგი გაგებით, რომ შემოტანილი წამლები გაკონტროლდეს, რომ არ იყოს დამოკიდებულება – „შევიტან საქართველოში, მაინც ყველაფერს დალევენ“.

ჩვენთან, გარდა იმისა, რომ ხდება ქაღალდების და დოკუმენტაციის რეგისტრაცია, იმის იქით ბაზარი არ კონტროლდება. ჩვენთან ხარისხის კონტროლი პრაქტიკულად არ არსებობს.

მით უმეტეს ადამიანების შემოსავლიდან გამომდინარე, ძალიან ბევრი ყიდულობს იაფ მედიკამენტს, რომელიც ძალიან ხშირად არ არის ეფექტური.

  • სააფთიქო ქსელების მფლობელები, მედიკამენტების მწარმოებლები და სამედიცინო დაწესებულებები ძირითადად რამდენიმე გავლენიან ჯგუფს ეკუთვნის საქართველოში. სავარაუდოდ თურქეთიდან წამლებსაც ისინი შემოიტანენ. რა აიძულებს მათ, რომ იმაზე იაფად გაყიდონ წამალი, ვიდრე ახლა ყიდიან?

რეგულაცია უნდა ჰქონდეთ შემოტანისას, როგორც ბრიტანეთში ხდება – რეფერენტული სისტემა არსებობს, ანუ მე ვსწავლობ ბაზარს, ირგვლივ რა ხდება და ვამბობ – ეს მედიკამენტი ამაზე მეტად არ გაიყიდება. აქ უკვე ლიმიტები და შეზღუდვები შემოვა, რასაც აქვს თავის საშიშროება, რომ წავა ჩემოდნებით შემოტანა. რუსებმა და აზერბაიჯანელებმა შემოიღეს ლიმიტი, აი, ამაზე მეტი არ შეიძლება ღირდესო – შედეგად ბაზრიდან გაქრა ხარისხიანი მედიკამენტი, არ უღირდათ იმის შეტანა.

ეს ბაზრის შეზღუდვაა და ფარმაცევტული ბაზარი არის უძლიერესი – ის ყოველთვის იპოვის შეზღუდვებიდან გამოსავალს.

[დავით] სერგეენკოს დროს მოხდა ასეთი რამ – შემოტანილი მედიკამენტის მარჟა 15%-ზე მეტი არ უნდა ყოფილიყო. თუ ყიდულობდა უცხოეთში 100 ლარად, 115 ლარზე მეტად ვერ გაყიდდა. იცით, რა ქნეს კომპანიებმა? იქ ჩასვეს თავის წარმომადგენლები, ვთქვათ, ჩეხეთში ან სლოვენიაში. ის წარმომადგენელი ყიდულობდა ქარხნიდან და მერე თავისავე კომპანიას აძლევდა უფრო მაღალ ფასში. იმის ნაცვლად, რომ ფასები შემცირებულიყო, ფასები გაიზარდა. ძალიან ბევრი რისკია ამასთან დაკავშირებული. რამდენად წამოვა ამაზე ეს სამი გიგანტი (ავერსი, პსპ, გეფა)? – პრაქტიკულად ჩვენ ვეუბნებით, რომ სხვა მედიკამენტები აღარ გაიყიდება და მისი მოგების მარჟა დაიკლებს. ფარმაცევტული ბიზნესი მსოფლიოში მეორეა შემოსავლით იარაღით ვაჭრობის შემდეგ, ზოგჯერ ძალიან ბინძურადაც იქცევა.

გერმანიაში ძალიან საინტერესო კანონია – მწარმოებელ ქარხანას უფლება არ აქვს, ჰქონდეს თავისი სადისტრიბუციო კომპანია. სადისტრიბუციო კომპანიას არ აქვს უფლება, ჰქონდეს თავისი აფთიაქი. აქ კომპანია შემომტანიც არის, მწარმოებელიც, დისტრიბუტორიც, ამავე დროს საბითუმო ვაჭრობის ბაზაც აქვს და საცალო ვაჭრობის აფთიაქებიც.

თურქეთიდან წამალს შემოვიტან და ამიტომ წამალი გაიაფდება, ძალიან გულუბრყვილო იმედებია. ეს ჩემი აზრია და ღმერთმა ქნას, რომ რეალურად გაიაფდეს მედიკამენტი.

  • ეს ხომ არ გააჩენს ახალ დისტრიბუტორებს?

მე მაქვს მაგალითები, როგორ ჩაყლაპოს პატარა კომპანიები და წაიყვანოს წაგებაზე. ასეთი მექანიზმებიც არსებობს.  მედიკამენტები ძვირია და მოდი, ახლა გავაიაფებ, ასე არ ხდება. ამას საკმაოდ სერიოზული მუშაობა და რისკების გათვლა უნდა, როცა გაქვს ასეთი ოლიგოპოლია მედიკამენტებში.

  • მაგალითი ხომ არ შეგიძლიათ გვითხრათ, როგორ შეუძლიათ დიდ კომპანიებს დააზიანონ პატარა აფთიაქები?

დიდი ყიდულობს აბსოლუტურად ყველაფერს და იმას შემდეგი პარტია რომ შემოაქვს, იმაზე დემპინგურ ფასს აკეთებს. შენი წამალი აღარ იყიდება. მაგალითად, ყიდი 2 ლარად წამალს. მოდის დიდი ფარმაცევტული ფირმა და ყიდულობს ყველაფერს, რაც გაქვს შემოტანილი. შენ მიდიხარ, თავიდან შემოგაქვს 2 ლარად, იმან კიდევ თავის აფთიაქში 1.90-ად დადო. შენი კომპანია ხვდება პრესში.

ოლიგოპოლიური ბაზარი, როგორც წესი, არ უშვებს სხვა მოთამაშეებს. სხვადასხვა მეთოდი არსებობს, როგორ არ შემოუშვა ახალი მოთამაშე. აი, აქ არის საჭირო ზუსტად სახელმწიფოს ანტიმონოპოლიური სააგენტო, ფასების რეგულირების სააგენტოს აქტიურობა. ის სინამდვილეში არაფერს აკეთებს ამისთვის.

თურქეთში ძალიან საინტერესო მომენტია. ვთქვათ, რომელიმე ფარმაცევტულ კომპანიას თუ გააქვს თავისი მედიკამენტი გამოფენაზე, პირობითად, 1000 ევრო თუ ღირს ამ გამოფენაზე გატანა, 800 ევროს გადაუხდის სახელმწიფო. მაქსიმალურად ცდილობენ ბიზნესის წახალისებას, ბიზნესზე მუშაობას და არა ისე, როგორც საქართველოში.

საქართველოში ხელი უნდა შევუწყოთ წარმოებას, რაც შეიძლება მეტი, ოღონდ ხარისხიანი მედიკამენტი უნდა ვაწარმოოთ. მით უმეტეს, ის მედიკამენტები, რომლებიც ყველაზე მოხამარებადია. გასაგებია, რომ არის მედიკამენტი, რომელსაც ჩვენ ვერ გამოვუშვებთ, ამის გამოცდილებაც არ გვეყოფა, თავისიო ტექნოლოგიები აქვს, პატენტი ძვირი ღირს. თურქეთს იმიტომ აქვს იაფი მედიკამენტი, რომ აქვს ადგილობრივი წარმოება, რომელსაც ასუბსიდირებს.

ვის შეამოწმებს სახელმწიფო აუდიტი წელს აჭარაში

სახელმწიფო აუდიტის სამსახური 2022 წელს, ქვეყნის მასშტაბით, 52 სხვადასხვა სახის აუდიტს ჩაატარებს [გასულ წელს ჩატარდა 50 აუდიტი].

სამსახურის ინფორმაციით, აჭარის შემთხვევაში მიმდინარე წელს ცალკეული უწყებების ფინანსური აუდიტების ნაცვლად ჩატარდება რესპუბლიკური ბიუჯეტის ნაერთი [კონსოლიდირებული] ფინანსური ანგარიშგების ფინანსური აუდიტი.

  • აჭარის ბიუჯეტით განსაზღვრული საბიუჯეტო ორგანიზაციების ნაერთი ფინანსური ანგარიშგების აუდიტი, რომელიც 2022 წელს ჩატარდება, 2021 წელს მოიცავს.

„აუდიტის მიზანია მიიღოს გონივრული რწმუნება იმის შესახებ, შეიცავს თუ არა ფინანსური ანგარიშგება რაიმე არსებით უზუსტობას, მომზადდა თუ არა ის კანონით დადგენილი მოთხოვნებისა და შესაბამისი სტანდარტების მიხედვით,“ – აცხადებს აუდიტის სამსახური.

2022 წელს აჭარაში 6 შესაბამისობის აუდიტიც ჩატარდება:

ამ აუდიტების მიზანია „შეისწავლოს აუდიტის საგნის შესაბამისობა კანონმდებლობისა და სხვა მარეგულირებელი ნორმების (კრიტერიუმების) მოთხოვნებთან“.

ასევე ჩატარდება:

  • ქედის მუნიციპალიტეტის 2020-2021 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი
  • შუახევის მუნიციპალიტეტის 2020-2021 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი
  • ხულოს მუნიციპალიტეტის 2020-2021 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი

ამ აუდიტების მიზანია „შეისწავლოს მუნიციპალიტეტის საკუთარი და დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში 2020-2021 წლებში გაწეული საქმიანობის კანონმდებლობასთან და სხვა მარეგულირებელ ნორმებთან (კრიტერიუმებთან) შესაბამისობის საკითხები. მათ შორის, ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების, ქონების განკარგვისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული სუბიექტების მართვის მიმართულებები“.

„აჭარის პროექტების მართვის კომპანია“ არის სახელმწიფო შპს, რომლის 100 პროცენტი წილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაშია. ეს კომპანია ახორციელებდა/ახორციელებს ისეთ უმსხვილეს პროექტებს აჭარაში, როგორიცაა, მაგალითად, ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო, ბათუმის საფეხბურთო სტადიონი, სპორტული კომპლექსი ლეონიძეზე და სხვა.

სამსახურის ინფორმაციით, 2022 წელს ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილია ასევე 3 უწყებათაშორისი შესაბამისობის აუდიტის ჩატარება.

„უწყებათაშორისი შესაბამისობის აუდიტის ფარგლებში თემატურად იფარება ათეულობით საბიუჯეტო ორგანიზაცია, განსხვავებით ტრადიციული შესაბამისობის აუდიტისგან, რომელიც კონცენტრირებულია მხოლოდ ერთ უწყებაზე. რამდენადაც შესაბამისობის აუდიტების შედეგად გამოვლენილი ხარვეზები ხშირ შემთხვევაში სისტემურია და საერთოა საბიუჯეტო ორგანიზაციების უმრავლესობისთვის, მსგავსი ნაკლოვანებების აღმოფხვრა ხშირად სცდება ცალკეული უწყების უფლებამოსილებას. სწორედ ამიტომ, მსგავსი მიდგომა საშუალებას იძლევა, გამოვლინდეს საჯარო სექტორში არსებული სისტემური ხასიათის ნაკლოვანებები და გაიცეს შესაბამისი რეკომენდაციები.“ – აცხადებს სამსახური.

  • ერთ-ერთი ასეთი იქნება „2020-2021 წლებში მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსებისა და სამშენებლო სამუშაოების გამარტივებული შესყიდვების შესაბამისობის აუდიტი“.

თქვენი მოზარდი სარკასტულია? ეს ინტელექტის ნიშანია – კვლევის შესახებ BBC წერს

მოზარდების მიდრეკილება სარკაზმისკენ მათ მაღალ ინტელექტზე მეტყველებს – ამ დასკვნამდე მივიდნენ კანადაში მდებარე კალგარის უნივერსიტეტის მეცნიერები. სტატიას ამ კვლევის შესახებ BBC აქვეყნებს.

ფსიქოლოგებმა და ნეირომეცნიერებმა დაადგინეს, რომ სარკაზმი ტვინისგან მოითხოვს მრავალი ბარიერის გადალახვას, რათა სწორ ინტერპრეტაციამდე მივიდეს. ისინი ამბობენ, რომ სარკაზმის გაგებასა და გამოყენებას გაცილებით უფრო დიდი გონებრივი შესაძლებლობები სჭირდება, ვიდრე პირდაპირი განცხადებებით საუბარს.

პენი პექსმანის, კალგარის უნივერსიტეტის ფსიქოლინგვისტის თქმით, ბავშვის ტვინს წლები სჭირდება იმისთვის, რომ გაერკვეს კონტექსტებში, ისწავლოს სხვა ადამიანების სიტყვების სხვადასხვაგვარად ინტერპრეტაცია და შეაფასოს თანამოსაუბრე. ასეთი უნარები პრაქტიკულად მიუწვდომელია შვიდ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, რადგან მათთვის რთულია ორი საპირისპირო იდეის შეთავსება.

„ზოგადად, ხუთ წლამდე ბავშვები უბრალოდ ვერ ამჩნევენ სარკაზმს და მიდრეკილნი არიან ნათქვამის პირდაპირი მნიშვნელობით, სიტყვასიტყვით აღქმისკენ.  მაშინაც კი, როცა მათ დაიწყეს იმის გაცნობიერება, რომ სიტყვების უკან რაღაც ფარული მნიშვნელობები დგას, მათ შეიძლება გაუჭირდეთ ნიუანსების გაგება, (მაგალითად შეიძლება იფიქრონ, რომ ვიღაც უბრალოდ იტყუება).

სარკაზმის იუმორში გამოყენება, როგორც განგებ გაჯავრების ფორმა, ყველაზე ბოლოს მოდის. საშუალოდ ცხრა ან 10 წლის ასაკში“ – ამბობს პენი პექსმანი.

მტკიცებულებები ასევე აჩვენებს, რომ სარკასტულ კომენტარებს შეუძლიათ ხელი შეუწყოს კრეატიული აზროვნების სტიმულირებას და დაგვეხმაროს უარყოფითი ემოციებისგან გათავისუფლებაში.

ასევე, პენი პექსმანის უახლესმა კვლევებმა აჩვენა, რომ ბავშვის მიერ სარკაზმის გაგებასა და გამოყენებაზე ძლიერ ზეგავლენას ახდენს საშინაო გარემოს. თუ მშობლები იყენებენ სარკაზმს, დიდი ალბათობით მათი ბავშვებიც განივითარებენ ამ უნარს.

„გიამბობთ მკითხველი“ – მოგზაური ბიბლიოთეკა კონკურსს აცხადებს

„მოგზაური ბიბლიოთეკა“ აცხადებს კონკურსს მაღალმთიან აჭარაში მცხოვრები მკითხველისთვის.  

კონკურსის ფარგლებში, აჭარის მაღალმთიანი სოფლების სასკოლო და სასოფლო ბიბლიოთეკების მკითხველს შეუძლია დაწეროს მოსაზრება ან/და შექმნას მულტიმედია მასალა (ტექსტი, ფოტო და ვიდეო) მისთვის მნიშვნელოვან ამბებზე. 

„მოგზაური ბიბლიოთეკის“ გუნდი შეარჩევს საკონკურსო ნამუშევრებს, რომლებიც „ბათუმელების“ ვებგვერდზე გამოქვეყნდება. 

კონკურსი გაგრძელდება 2022 წლის პირველ სექტემბრამდე, 8 სექტემბერს – წიგნიერების საერთაშორისო დღეს კი, გამოვლინდებიან გამარჯვებული ავტორები. მათ საჩუქრად გადაეცემათ თანამედროვე ტექნიკა [ფოტოაპარატი, სმარტფონი, ნოუთბუქი ან სხვა]. 

კონკურსის ფარგლებში სტიპენდია დაენიშნებათ იმ ბიბლიოთეკების ხელმძღვანელებსაც, რომელთა მკითხველებისგანაც ყველაზე მეტ და საინტერესო ამბავს მიიღებს „მოგზაური ბიბლიოთეკა“. 

ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობა 

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ მაღალმთიანი აჭარის სასოფლო და სასკოლო ბიბლიოთეკების მკითხველებს. ასაკი შეუზღუდავია. 

თუ ჯერ კიდევ არ ხართ რეგისტრირებული, აუცილებლად მიაკითხეთ თქვენს სოფელში მდებარე ბიბლიოთეკას და დარეგისტრირდით, როგორც მკითხველი. 

დაწერეთ მოსაზრება, მოამზადეთ ფოტორეპორტაჟი ან ვიდეო თქვენთვის მნიშვნელოვან ამბავზე და გამოგვიგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე: travelinglibrary.studio@gmail.com ან ფეისბუქგვერდზე

გამოგზავნილ წერილში მიუთითეთ თქვენი სახელი, გვარი, ასაკი, სოფელი და იმ ბიბლიოთეკის დასახელება, რომლის მკითხველიც ხართ. 

ამავე წერილში მოგვწერეთ თქვენი ბიბლიოთეკარის სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი და თქვენი სურვილი მოკლედ: რა სჭირდება თქვენი სოფლის ბიბლიოთეკას. 

როგორ გამოვლინდებიან გამარჯვებულები 

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ რედაქტორთა და ჟურნალისტთა გუნდი შეარჩევს გამარჯვებულებს შემდეგ ნომინაციებში::

  • საუკეთესო მოსაზრება
  • მოსაზრება თემაზე – „წიგნი, რომელმაც შემცვალა“
  • საუკეთესო მულტიმედია [ტექსტი, ვიდეო, ფოტო]
  • სოფლის საჭიროებების საუკეთესოდ წარმოჩენა

ასევე, გამოვლინდება ნამუშევრები, რომლებსაც მკითხველის/მაყურებლის ყველაზე მეტი ნახვა და ჩართულობა ექნება „ბათუმელების“ ვებგვერდზე. 

გაფრთხილება: კონკურსში არ დაიშვება ნამუშევარი, რომელიც შეიცავს სიძულვილის ენას, ცრუ ინფორმაციას ან/და არღვევს საავტორო უფლებებს. 

თუ „მოგზაური ბიბლიოთეკა“ ჯერ არ ყოფილა თქვენი სოფლის ბიბლიოთეკაში, შემოგვიერთდი და ერთად შევავსოთ ცარიელი თაროები. 

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ, დაგვირეკეთ ან გვიპოვეთ ფეისბუქზე: 

ინფორმაცია ბიბლიოთეკის ხელმძღვანელებისთვის 

მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე, ფეისბუქგვერდზე ან/და დაგვიკავშირდით ტელეფონით და მოგვაწოდეთ ინფორმაცია თქვენი ბიბლიოთეკის, მისი მკითხველის რაოდენობის, წიგნადი ფონდის ბოლო განახლებისა და საჭიროებების შესახებ, რათა ერთად ვიპოვოთ მათი გადაჭრის გზები. 

რა არის „მოგზაური ბიბლიოთეკა“?

„მოგზაური ბიბლიოთეკა“ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ პროექტია, რომლის მიზანია აჭარის სოფლებში მცხოვრებ ბავშვებს ხელი მიუწვდებოდეთ წიგნებზე.

ამ ეტაპზე „მოგზაური ბიბლიოთეკის“ ამოცანაა აჭარის 65 სასოფლო და სასკოლო ბიბლიოთეკა ახალი წიგნებით მოამარაგოს.

დააკავეს კაცი, რომელმაც 500 მეტრი სიგრძის ხიდი მოიპარა თურქეთის დედაქალაქში 

თურქეთის დედაქალაქ ანკარაში დააკავეს კაცი, რომელსაც ხიდის მოპარვა ედება ბრალად – ამის შესახებ თურქული მედია წერს.

500 მეტრის სიგრძის ხიდი, რომლის მოპარვაშიც კაცს ადანაშაულებენ, 1936 წელს იყო აშენებული და უკვე 40 წელია არ გამოიყენებოდა, ახალი ხიდის აშენების გამო.

დაახლოებით 10 დღის წინ ძველ ხიდთან მუშების ჯგუფი გამოჩნდა და მისი დაშლა დაიწყეს. ახლომახლო მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიჩნია, რომ ხიდს ქალაქის ადმინისტრაცია შლიდა.

ადგილზე ბულდოზერები მუშაობდნენ. 4 დღის განმავლობაში ჯგუფმა დაახლოებით 70 ტონა რკინა მოხსნა და ხიდიდან მხოლოდ საძირკველი დარჩა. 4 დღის შემდეგ ჟანდარმერიამ, რომელიც ამ ადგილის იშვიათი სტუმარია, შენიშნა, რომ ხიდს იპარავდნენ და ეჭვმიტანილი დააკავა.

თურქული მედია წერს, რომ დაკავებულმა ხიდის მოპარვამდე მიმართა შესაბამის ორგანოებს ხიდის მოხსნის შესახებ, თუმცა უარი მიიღო.

მოხსნილი ხიდის ღირებულება ჯართის სახით 36 000 დოლარია.

____________

ფოტოზე: მოპარული ხიდის საძირკველი. ფოტო: ntv.com.tr

ბავშვების 60%-მა საშუალო და დაბალი შეფასება მიიღო პანდემიაში – პარლამენტის კვლევა

პარლამენტის განათლების კომიტეტმა თემატური მოკვლევის ანგარიში გამოაქვეყნა იმის შესახებ, თუ რა გავლენა იქონია პანდემიამ ზოგად განათლებაზე.  პანდემიის გავლენა მოსწავლეების განვითარებაზე  განათლების სამინისტროს ჯერჯერობით არ შეუფასებია, ამიტომ კომიტეტის დასკვნები, როგორც კვლევაშია აღნიშნული, ირიბ ინდიკატორებზე დაყრდნობით არის გაკეთებული.

დასკვნის მიხედვით, სასკოლო ჩამორჩენა უფრო თვალსაჩინოა დაწყებით კლასებში, „თუმცა სხვა საფეხურებზე მასწავლებლებსა და დირექტორებს უჭირთ სასწავლო დანაკარგის შეფასება,“- წერია ანგარიშში.

თემატური მოკვლევის მიხედვით, პანდემიის პერიოდში დისტანციური სწავლების ხანგრძლივობის, მისი ხარისხისა და მასში ჩართულობასთან დაკავშირებული გამოწვევების გათვალისწინებით, მოსალოდნელია მნიშვნელოვანი ჩამორჩენა მოსწავლეების აკადემიური უნარების განვითარებაში.

  • ონლაინსწავლება

ამ პერიოდში განსაკუთრებული გამოწვევის წინაშე აღმოჩნდნენ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები, რადგან ბავშვისთვის დავალების შესრულება სრულად დამოკიდებული იყო მშობლის ჩართულობის ხარისხზე, საბაზო საფეხურის მოსწავლეებს კი გვიან ღამემდე უწევდათ კომპიუტერთან ჯდომა საშინაო დავალების შესასრულებლად.

2020 წლის ივნისში, მშობლებისგან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, მოსწავლეების მხოლოდ 30-მა პროცენტმა მიიღო ძალიან კარგი შეფასება. ჰიბრიდული სწავლების სისტემაზე გადასვლის შემდეგ კი ეს პროცენტი 2021 წლის დეკემბრის ბოლოსთვის მხოლოდ 36-მდე გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ 2020 წელთან შედარებით გასულ წელს მოსწავლეების მხოლოდ 6-მა პროცენტმა გაიუმჯობესა აკადემიური მიღწევა.

მთლიანობაში, მოსწავლეების 60 პროცენტზე მეტმა საშუალო და დაბალი შეფასება მიიღო.

ჰიბრიდული სწავლების მოდელზე გადასვლისას გაუმჯობესდა როგორც ბიჭების, ასევე გოგონების შეფასება, თუმცა მთლიანობაში აკადემიური დონე მაინც დაბალი დარჩა.

„შეფასების დინამიკა უცვლელი დარჩა დაწყებითი საფეხურის V-VI კლასებში, საბაზო საფეხურზე კი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, რადგან ძალიან კარგი შეფასების მქონე მოსწავლეების წილი 24-იდან 46%-მდე გაიზარდა. თუმცა საშუალო საფეხურზე ძალიან კარგი შეფასების მქონე მოსწავლეების წილი შემცირდა. ასევე შემცირდა კატეგორია – „სჭირდება ყურადღება“ მოსწავლეების წილი.“ – წერია კვლევაში.

2020 წლის დეკემბერში მოსწავლეების გარკვეულ ნაწილს არანაირი შეფასება არ მიუღია./გრაფიკა ანგარიშიდან
  • დინამიკა სოფლად მცხოვრები მოსწავლეების შეფასებაში

ანგარიშის მიხედვით, სოფლად, სადაც მოსწავლეების უმრავლესობა 2020-2021 სასწავლო წლის პირველ სემესტრში წერტილოვნად გადადიოდა ონლაინრეჟიმზე, 2020 წლის გაზაფხულის სემესტრთან შედარებით, გაიზარდა ძალიან კარგი შეფასების მქონე მოსწავლეების წილი და შემცირდა მათი რიცხვი კატეგორიაში – „სჭირდება ყურადღება“.

ქალაქებში მოსწავლეების შემაჯამებელი შეფასება არ შეცვლილა.

2020 წლის მაისში ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით, მოსწავლეთა 56 პროცენტი ამბობს, რომ დისტანციურ გაკვეთილებზე არ ყოფილა უფრო მოტივირებული. ასევე 72 პროცენტი არ ეთანხმება იმას, რომ „დისტანციურ გაკვეთილებზე უფრო ადვილად იგებდა, რასაც სწავლობდა“.

  • მშობლები ონლაინსწავლების პროცესში

ანგარიშის მიხედვით, გამოიკვეთა მშობლების მხრიდან მოსწავლის სწავლაში არასასურველი ფორმით ჩარევის შემთხვევებიც. „ერთ-ერთ კვლევაში მასწავლებლები აღნიშნავენ, რომ მშობლები საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობისას ერთვებოდნენ კარნახით.

ამავე საკითხზე დირექტორების ნაწილი აცხადებს, რომ დისტანციურად შესრულებულ დავალებებში ჩანდა, რომ დავალებებს უფროსები ასრულებდნენ და არა მოსწავლეები.

შემოსული მოსაზრებების ნაწილში მშობლების ასეთი ქცევა ნეგატიურადაც ფასდება:

„მასწავლებლისა და მოსწავლეების გარდა ონლაინგაკვეთილს ესწრებოდნენ მშობლები, და-ძმები, ოჯახის სხვა წევრები, უამრავი კეთილისმყოფელი, რომლებიც, ნებით თუ უნებლიეთ, აშკარად თუ ფარულად, ერთვებოდნენ საგაკვეთილო პროცესში, რაც სერიოზული ხელშემშლელი ფაქტორი იყო ონლაინსწავლებისას“.

ანგარიშში საუბარია იმაზეც, რომ დირექტორების ნაწილის შეფასებით გაუარესდა მოსწავლეების სოციო-ემოციური მდგომარეობა, რომელიც გამოიხატება ინდიფერენტულობაში, თვითიზოლაციასა და გარიყულობაში.

  • პირადი სივრცის დარღვევა

დისტანციურ სწავლებზე გადასვლამ ტექნიკური პრობლემების წინაშე დააყენა ბევრი მოსწავლე, განსაკუთრებით კი სოფლად მცხოვრები და სოციალურად დაუცველი მოსწავლეები, რადგან მათ არ ჰქონდათ როგორც ინტერნეტთან წვდომა, ასევე, საერთოდ არ გააჩნდათ ან საკმარისად არ გააჩნდათ კომპიუტერები სახლში.

იმ ოჯახებში, სადაც სასკოლო ასაკის ერთზე მეტი ბავშვი ცხოვრობდა, ხოლო ოჯახში ერთი ტელეფონი ან კომპიუტერი იყო, გაკვეთილებზე დასწრების პრობლემა შეიქმნა.

„როგორც ერთ-ერთი დირექტორი გვიხსნის, „ზამთრის სეზონზე, სხვა ოთახებში სითბოს უქონლობის გამო, ერთი სივრციდან სამი ან მეტი მოსწავლე ერთვებოდა გაკვეთილზე, რაც მოსმენისა და გაგების პრობლემას ქმნიდა.“

სოფლად დამატებით გამოწვევას წარმოადგენდა ელექტროენერგიის მიწოდებაც.

ინტერნეტის ხარისხის ონლაინსწავლების დროს/გრაფიკა ანგარიშიდან

სსსმ მოსწავლეებისთვის ონლაინ დისტანციურ რეჟიმში ჩართვის სპეციფიკურმა გამოწვევებმაც იჩინა თავი პანდემიის დროს.

ექსპერტების შეფასებით, ზოგიერთი შეზღუდვის მქონე მოსწავლეებისთვის ონლაინგაკვეთილების დროს ეკრანთან კონცენტრირება უფრო რთულია და მათ უჭირთ სწავლის პროცესში ჩართვა. ამ გარემოებამ მეტი ტვირთი დააკისრა მშობლებს.

„სსსმ მოსწავლეების განსაკუთრებულ გამოწვევებზე აქცენტს აკეთებენ შემოსულ მოსაზრებებშიც. სკოლის დირექტორებიც აღნიშნავენ, რომ ზოგიერთი ფიზიკური შეზღუდვისა და ქცევითი მართვის პრობლემების მქონე მოსწავლეებისთვის განსაკუთრებულ გამოწვევებს ქმნიდა დისტანციურ რეჟიმში სწავლა.“- წერია ანგარიშში.

შემოსულ მოსაზრებებში ერთ-ერთ ზომად სახელდება მასწავლებლების მიერ მოსწავლეებისთვის ინტერნეტის საფასურის დაფარვა. როგორც ერთ-ერთი დირექტორი განმარტავს: „ბავშვებს, რომლებსაც არ ჰქონდათ ფინანსური შესაძლებლობა, მასწავლებლები ურიცხავდნენ მეგაბაიტებს და ისე ატარებდნენ გაკვეთილებს“.

თემატური მოკვლევის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ „მიუხედავად სკოლების, სამინისტროსა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ მიღებული ზომებისა, დისტანციური სწავლის შესაძლებლობის მიღმა რჩებოდა მოსწავლეების, სულ მცირე, მეათედი ნაწილი“.

EMIS-ის თანახმად, 2020 წლის გაზაფხულის სემესტრში მოსწავლეების მეათედს სასწავლო პლატფორმა ერთხელაც არ გამოუყენებია. 2020 წლის ნოემბერ-დეკემბერში გამოკითხვის მიხედვით, „ბოლო 7 დღის განმავლობაში მოსწავლეების 79% მხოლოდ საკლასო ოთახში სწავლობდა, 11% – მხოლოდ დისტანციურად, 9% – კომბინირებულად და 1.4% გაკვეთილებს არ ესწრებოდა“.

  • სწავლაში ჩამორჩენის პრევენციისა და დაძლევის მოდელების განვითარება და დანერგვა

პანდემიით შექმნილი ერთ-ერთი გლობალური გამოწვევა მოსწავლეთა სწავლაში ჩამორჩენაა. სწავლაში ჩამორჩენაზე რეაგირების წინაპირობა სწავლაში პროგრესის დიაგნოსტირებაა. თუმცა, როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, დღეისთვის არსებული კვლევები მოსწავლეების ჩამორჩენის პრობლემის სიმწვავის შეფასების შესაძლებლობას არ იძლევა.

„თუმცა საერთაშორისო და ეროვნული კვლევების საშუალებით, უახლოესი ორი წლის მანძილზე შესაძლებლობა იქნება შეფასდეს არა მხოლოდ ეროვნულ დონეზე ჩამორჩენის მასშტაბი, არამედ მოხდეს ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით საგულისხმო ჯგუფების იდენტიფიცირება“.

აქვე ვკითხულობთ, რომ სკოლის დირექტორებსა და მასწავლებლებს უჭირთ სწავლაში ჩამორჩენაზე საფუძვლიანად მსჯელობა და მტკიცებულებების მოყვანა. ეს გამოწვევა, შესაძლოა, ქართული საგანმანათლებლო სისტემის ტრადიციულ ნაკლოვანებასთან – მოსწავლეების მიღწევების დიაგნოსტირების მექანიზმებისა და პრაქტიკის სისუსტესთან იყოს დაკავშირებული.

„საგულისხმოა, რომ ამ მიმართულებით განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დაიწყო მუშაობა. კერძოდ, ამჟამად მიმდინარეობს მე-4, მე-6 და მე-9 კლასებში მოსწავლეთა სწავლის პროგრესის დიაგნოსტირების სისტემის განვითარება, რომელიც სტანდარტიზებული ტესტების საშუალებით შეაფასებს მოსწავლეების მიღწევებს სხვადასხვა საგანში და სკოლას მიაწვდის ინფორმაციას მოსწავლეების მიღწევების შესახებ,“ – წერია განათლების კომიტეტის თემატური მოკვლევის ანგარიშში.

შუახევიდან პაციენტის გამოყვანა 24 საათი ვერ შეძლეს – ის ახლა გადაჰყავთ კლინიკაში

შუახევში, სოფელ ხაბელაშვილებში, მხოლოდ ერთი დღე-ღამის შემდეგ შეძლო სასწრაფო დახმარების სამსახურმა პაციენტამდე მისვლა. დაახლოებით 62 წლის ქალს ხაბელაშვილებში გუშინ ღამითაც სჭირდებოდა ექიმების გადაუდებელი დახმარება, თუმცა დიდთოვლობის შედეგად ჩაკეტილი გზების გამო სოფლიდან მისი გამოყვანა ვერ მოხერხდა.

სასწრაფო სამედიცინო სამსახური დღეს, დაახლოებით 17 საათზე, ავიდა სოფელში და პაციენტი კლინიკაში გადმოჰყავთ – ინფორმაცია „ბათუმელებს“ წყალსაყრის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელმა, მიხეილ ტაკიძემ დაუდასტურა.

რატომ ვერ მოხერხდა ამდენი ხნის განმავლობაში პაციენტის გამოყვანა სოფლიდან? – მიხეილ ტაკიძემ გვითხრა, რომ გზაზე ჩამოწოლილი ზვავის გამო ვერ გადმოიყვანეს პაციენტი. მისივე თქმით, ადგილზე ტექნიკა მუშაობს, რომელიც გზას წმენდს თოვლისგან. სოფელში თოვლის საფარის სიმაღლე 2 მეტრს აღწევს.

წუხელ, 18 იანვარს, სოფელ ხაბელაშვილებიდან კიდევ ერთი პაციენტის გამოყვანა გაჭირდა. მას მოტეხილობები აღენიშნებოდა, თუმცა სასწრაფოს მანქანა თოვლისგან გაუწმენდავი გზის გამო სოფელში ვერ ავიდა და მოსახლეობამ იგი დაახლოებით 3 კილომეტრის მანძილზე ატარა საკაცით თოვლისგან გაწმენდილ გზაზე ჩამოსაყვანად.

ხულო, არგინეთის მთა ზამთარში | ფოტო

ხულოს სოფლებში 2022 წლის ზამთარში 2 მეტრამდე თოვლი მოვიდა. ეს ფოტოები ხულოს სოფელ ქედლებში ტელეფონით გადაიღო ნონა ჩოგაძემ. ფოტოებში ჩანს არგინეთის მთა.

ხულო, სოფელი ქედლები. ნონა ჩოგაძის ფოტო
ხულო, სოფელი ქედლები. ნონა ჩოგაძის ფოტო
ხულო, სოფელი ქედლები. ნონა ჩოგაძის ფოტო
ხულო, სოფელი ქედლები. ნონა ჩოგაძის ფოტო

ბათუმსა და თბილისში სოციალური სააგენტოს თანამშრომლები მასშტაბურ აქციებს აანონსებენ

სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები, მთელი საქართველოს მასშტაბით, აგრძელებენ გაფიცვას და ხვალ, 20 იანვარს, თბილისსა და ბათუმში აქციებისთვის ემზადებიან.

ისინი ჯანდაცვის ახალ მინისტრთან შეხვედრას მოითხოვენ.

სოციალური სააგენტოს თანამშრომლები ხელფასების გაზრდასა და სამუშაო პირობების გამოსწორებას უკვე რამდენიმე თვეა ითხოვენ.”სოლიდარობის ქსელის” ცნობით, წინასაგაფიცვო მედიაცია უშედეგოდ დასრულდა, თუმცა მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალია მშრომელებს გარკვეული მოთხოვნების შესრულებას დაჰპირდა.

მინისტრ ტიკარაძის ცვლილების შემდეგ მშრომელები ელიან, დაკმაყოფილდება თუ არა მათი მოთხოვნები ახალი მინისტრის პირობებში.

18 იანვარს ჯანდაცვის სამინისტრომ ოფიციალურად დაამტკიცა სოციალური მომსახურების სამსახურის თანამშრომელთა ახალი ხელფასები, თუმცა სოციალური მომსახურების სააგენტოს 390 თანამშრომელი, ძირითადად, სოციალური მუშაკები,  არ ეთანხმება ჯანდაცვის მიერ შეთავაზებულ ახალ ხელფასებს, რადგან ამბობენ, რომ მატება არასაკმარისია, მათი შრომა კი – დაუფასებელი. ამასთანავე, სოცაგენტები აცხადებენ, რომ სამინისტრომ ამ გადაწყვეტილების მიღებაში ისინი კვლავ არ ჩართო.

მათი ხელფასი 250 ლარის ნაცვლად 400 ლარი გახდება, უფროსი სოციალური აგენტის კი – 550 ლარის ნაცვლად 700 ლარი. ასევე, ოჯახებში შესრულებული ვიზიტების ფარგლებში, ერთ შევსებულ დეკლარაციაზე სოციალური აგენტები 6 ლარის ნაცვლად 10 ლარს მიიღებენ. ასევე, სოციალური მომსახურების სააგენტოს დაბალი და საშუალო რგოლის თანამშრომლებს ხელფასი 40%-დან 60%-მდე ეზრდებათ. აღნიშნულის შესახებ დოკუმენტი გასაცნობად თანამშრომლებს უკვე დაეგზავნათ“,- წერს ჯანდაცვის სამინისტრო.

წყარო: “სოლიდარობის ქსელი” / გაფიცვა თბილისში

გაფიცულები ბათუმში ჯანდაცვის სამინისტროსთან, თბილისში კი მთავრობის კანცელარიასთან შეიკრიბებიან. მათი ძირითადი მოთხოვნებია:

  •  ყველა გაფიცულის ხელფასის (ფიქსირებული და გამომუშავებული ერთეულის) ზრდა 100 %-ით
  • სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად გაწეული ტრანსპორტირების ხარჯის ანაზღაურება სოციალური აგენტებისთვის
  • რეგიონულ და რაიონულ განყოფილებებში იმავე პოზიციაზე დასაქმებულთა ხელფასებთან გათანაბრება
  • იმ შემთხვევაში, თუ რეორგანიზაციის დასრულებას მოჰყვება მთავარი სპეციალისტის (იურისტი) შტატის შემცირება, აღნიშნული პირები, როგორც მთავარი სპეციალისტები, გადაყვანილნი იქნენ შესაბამის პოზიციაზე იმავე ან სხვა განყოფილებაში
  • სააგენტოს მიერ სხვა, დამატებითი სამუშაოს დაკისრების შემთხვევაში (სხვა სსიპების დახმარების მიზნით) შემსრულებელ პირს დაერიცხოს დამატებითი შრომითი ანაზღაურება
  • სააგენტოს ცენტრებს დაემატოს კადრები, რათა დასაქმებულს არ მოუხდეს სხვა დამატებითი პოზიციების ფუნქცია-მოვალეობის შეთავსება
  • გაფორმდეს პროფესიულ კავშირთან შრომის კოლექტიური ხელშეკრულება
  • ჩაიდოს ხელშეკრულებაში ხელფასის ყოველწლიური კალკულაცია ინფლაციის დონის გათვალისწინებით
  • მოგვეცეს ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულება

17 იანვარს სოციალური სააგენტოს 390-მდე თანამშრომელი გაიფიცა. გაფიცვას შეუერთდა აჭარის რეგიონის მუნიციპალიტეტებიც, გარდა ქობულეთისა და ქედისა – დაახლოებით 35 ადამიანი.

სოცაგენტების გარდა გაფიცვას ასევე უერთდებიან სპეციალისტები, იურისტები და სხვა თანამშრომლები. ეს გადაწყვეტილება კი ნიშნავს, რომ ორშაბათიდან ქვეყნის მასშტაბით სოციალური მომსახურების ცენტრები ბენეფიციარებს ვეღარ ემსახურებიან.

____________________________

ფოტო: პროფკავშირი “სოლიდარობის ქსელი”

ამავე თემაზე:

ჩვენც ვიფიცებით, ვითხოვთ ხელფასების მომატებას – სოციალური აგენტი ბათუმიდან

ჯანმო: ომიკრონის შემთხვევების ზრდასთან ერთად, სავარაუდოდ, გამოჩნდება ახალი ვარიანტები

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ხელმძღვანელმა, ჯანმოს ბოლო ბრიფინგზე მსოფლიო ლიდერები გააფრთხილა, რომ კორონავირუსის პანდემია „შორს არის დასრულებისგან“.

„ომიკრონი აგრძელებს მსოფლიოს დაპყრობას. გასულ კვირას 18 მილიონზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. არ შეცდეთ, ომიკრონი იწვევს ჰოსპიტალიზაციას და სიკვდილს. ასევე, ნაკლებად მძიმე შემთხვევებიც ტვირთავს სამედიცინო დაწესებულებებს.

ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ახალი შემთხვევების რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა.

სამშაბათს საფრანგეთმა დააფიქსირა თითქმის ნახევარი მილიონი ახალი შემთხვევა ერთ დღეში,“ – თქვა ტედროს გებრეისუსმა.

მან გააფრთხილა მსოფლიო ლიდერები, რომ „ომიკრონის დაუჯერებელ გლობალურ ზრდასთან ერთად, სავარაუდოდ გამოჩნდება ახალი ვარიანტები, ამიტომ პროცესის მეთვალყურეობა და შეფასება კრიტიკულად მნიშვნელოვანი რჩება“.

„მსოფლიოს მასშტაბით, ათასობით მეცნიერისა და ექსპერტის ძალისხმევის წყალობით, ჩვენ შევძელით თვალყური გვედევნებინა ახალი ვარიანტებისთვის, როგორიცაა ომიკრონი და ამ ვირუსის ევოლუცია რეალურ დროში“.

„7 მილიონზე მეტი მთლიანი გენომის თანმიმდევრობა 180 ქვეყნიდან უკვე წარდგენილია GISAID-ში, რომელიც თავდაპირველად შეიქმნა გრიპის თვალყურის დევნებისთვის“ – განმარტა ჯანმოს ხელმძღვანელმა.

მან აღნიშნა, რომ მუშავდება და ფასდება ვაქცინების ახალი ფორმულები ომიკრონისა და სხვა შტამების წინააღმდეგ ეფექტურობაზე.

„მე კვლავ ვშფოთავ იმ ქვეყნებზე, რომლებსაც ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებლები აქვთ, რადგან ადამიანები, რომლებიც არ არიან ვაქცინირებულნი, უფრო მეტად არიან მძიმე ავადმყოფობისა და სიკვდილის რისკის ქვეშ,“ – დასძინა მან.

ომიკრონის გამოჩენის შემდეგ კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები რეკორდულად მატულობს ევროპის მთელ კონტინენტზე.

დანიაში 18 იანვარს, სამშაბათს, დაფიქსირდა Covid19-ით დღიური ინფიცირების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი – 33 493; იტალიამ ამავე დღეს 228 179 ახალი შემთხვევა დააფიქსირა, წინა დღეს ეს მაჩვენებელი ქვეყანაში 83 403 იყო.

აჭარაში დროგამოშვებით ისევ ითოვებს, კვირის ბოლოს კი გამოიდარებს | ამინდის პროგნოზი

აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 19 იანვრის 21 საათიდან 20 იანვრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, დროგამოშვებით ნალექი, უმეტესად თოვლის სახით.

მთაში კვლავ მოსალოდნელია თოვა და ნისლი, მაღალ მთაში – ქარბუქი.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15, ზოგან 17-22 მეტრი წამში.

დღეს და ხვალ ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 0 – 5 გრადუსი სითბო 
  • ღამით: 3 გრადუსი ყინვა – 2 გრადუსი სითბო

შიდამთიან რაიონებში:

  • დღისით – 0 – 5 გრადუსი სითბო
  • ღამით 2 – 7 გრადუსი ყინვა

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 0 – 3 გრადუსი
  • ღამით: 2  – 7  გრადუსი ყინვა

21 იანვარს ღამით აჭარაში ზოგან მოსალოდნელია ნალექი, დღისით კი გამოიდარებს და მომდევნო 2 დღეს, 22-23 იანვარს, მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

როდის იქნება ხულო-ზარზმის გზა – გზების დეპარტამენტის განმარტება

ხულოდან კურორტ გოდერძამდე გზა ისევ მოუწყობელია და ისევ მაღალი გამავლობის მანქანებით შეიძლება გადაადგილება. ხელისუფლების მიერ წლების განმავლობაში არაერთხელ გაცემული დაპირება, რომ ხულო-ზარზმის გზას გააკეთებდნენ, ამ დრომდე არ შესრულებულა. როგორც ირკვევა, პირობა ვერც ახლა სრულდება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის პრესცენტრის ინფორმაციით, გზა კურორტ გოდერძიმდე 2023 წელს იქნება. ამ უწყების ოფიციალური გვერდის ინფორმაციით კი, სამუშაოები 2022 წელს ანუ მომავალი ზამთრის დადგომამდე უნდა დასრულებულიყო.

აქ გზის რეაბილიტაციაზე 2020 წლამდე კომპანია „ტოდინი“ მუშაობდა, თუმცა ამ კომპანიამ ვალდებულება არ შეასრულა. „სინოჰიდროც,“ რომელმაც მორიგი ტენდერი მოიგო და მასთან ხელშეკრულება 2020 წელს გაფორმდა, ასევე ვერ ასრულებს ვალდებულებას – სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის მიხედვით, ხულო-ზარზმის გზის მშენებლობისთვის 2021 წლის 6 თვეში 4,5 მილიონი ლარის სამუშაოები უნდა შესრულებულიყო. 5 თვის მონაცემებით მხოლოდ 199 ათასი ლარის სამუშაო შესრულდა, ეს კი გეგმის მხოლოდ 4.4 პროცენტია.

ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის 42-კილომეტრიანი მონაკვეთის სარეკონსტრუქციო სამუშაოებს კომპანია „სინოჰიდრო“ ასრულებს. პროექტის ჯამური ღირებულება 95 689 302 ლარია.

ხულო-ზარზმის გზა

რა ეტაპზეა გზის რეაბილიტაცია ამჟამად?

„ამჟამად დიდთოვლობის გამო ხულო-ზარზმის პროექტის სამუშაოები დროებით შეჩერებულია, ხელსაყრელი კლიმატური პირობების დადგომისთანავე სამუშაოები განახლდება. თავად პროექტის დასრულება ხელშეკრულების მიხედვით, დაგეგმილია 2023 წელს,“ – მოგვწერეს გზების დეპარტამენტის პრესცენტრიდან.

რატომ გადაიწია ეს ვადა 2023 წლამდე? – პრესცენტრში გვითხრეს, რომ ინფორმაცია ოფიციალურ გვერდზე გასაახლებელია.

გზების დეპარტამენტში ასევე გვითხრეს, რომ კომპანია „ტოდინს“, რომელსაც 2020 წლამდე უნდა გაეკეთებინა ბათუმი-ახალციხის გზა, საბანკო გარანტიით გათვალისწინებული 11 მილიონი ლარის გადახდა დაეკისრა.

ხულო-ზარზმის გზა

„ტოდინს იმდენი თანხა ჰქონდა ჩარიცხული, რამდენის სამუშაოებიც ჰქონდა შესრულებული,“ – მოგვწერეს გზების დეპარტამენტიდან.

რატომ ვერ შეასრულა ვალდებულებები „ტოდინმა“ და რა უშლის ხელს დღეს „სინოჰიდროს“ გზის გაკეთებაში? – გზების დეპარტამენტის პრესცენტრში გვითხრეს, რომ კითხვებზე პასუხის მისაღებად საჯარო ინფორმაცია უნდა გამოვითხოვოთ.

ამ ეტაპზე ხულოდან კურორტ გოდერძიზე ძირითადად მაღალი გამავლობის მანქანებით ადიან. მოძრაობს მიკროავტობუსიც, თუმცა ძირითადად იმ შემთხვევაში, როცა გზა თოვლისგან კარგადაა გაწმენდილი.

შესაძლებელია ხულოს ცენტრიდან ტაქსის დაქირავებაც. ფასი შეთანხმებაზეა დამოკიდებული. მაგალითად, მგზავრობა „ვილისით“, რომლითაც კურორტ გოდერძიზე ასვლა შედარებით მარტივად და უსაფრთხოდ არის შესაძლებელი, 150 ლარი ღირს.

სოფელი დანისპარაული. აქედან გოდერძის სათხილამურო ტრასამდე 3 კილომეტრია.

___

ვრცლად:

როცა გარეთ 2 მეტრი თოვლია – ამბები გოდერძიდან და დანისპარაულიდან | ფოტო/ვიდეო

გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა ბათუმის სასამართლოში შემცირდა, საპროცესო – გაიზარდა

გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა შემცირდა, საპროცესო შეთანხმების მაჩვენებელი კი – გაიზარდა. სტატისტიკურ მონაცემებს ბათუმის საქალაქო სასამართლო აქვეყნებს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში, 2021 წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით, სულ 28 გამამართლებელი განაჩენი გამოიტანეს მოსამართლეებმა. 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 38 გამამართლებელი განაჩენი მიიღეს.

სასამართლოს სტატისტიკის მიხედვით, გაიზარდა საპროცესო შეთანხმების მაჩვენებელი – 2021 წელს 736 საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, 2020 წელს – 586. ეს ის შემთხვევაა, როცა ბრალდებული ბრალს აღიარებს, პროკურატურას ურიგდება და სასამართლო საქმეს არსებითად აღარ განიხილავს.

საპროცესო განხილვების რაოდენობის შემცირებას წინა წლებში ხაზს უსვამდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება და ამბობდა, რომ ეს აჩვენებს მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიკური გავლენისგან გათავისუფლებას.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სტატისტიკის მიხედვით, 2021 წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით არსებითად განიხილეს 305 საქმე, სასამართლოს ინიციატივით გადაკვალიფიცირდა 15 საქმე, ხოლო 20 საქმის განხილვა შეწყდა.

43 გარდაცვლილი და კორონავირუსის 8728 ახალი შემთხვევა – 19 იანვარი

19 იანვრის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში დადასტურდა კორონავირუსის 8728 ახალი შემთხვევა.

ამავე პერიოდში გარდაიცვალა 43 ადამიანი.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 8 728 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 4 797 შემთხვევა, აჭარაში – 1 184, იმერეთში – 859, ქვემო ქართლში – 302, შიდა ქართლში – 429, გურიაში – 186, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 289, კახეთში – 339, მცხეთა-მთიანეთში – 176, სამცხე-ჯავახეთში – 138, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთი – 29.

18 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 13.72%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 10.44%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 10.93%.

აჭარაში კოვიდის 1184 ახალი შემთხვევაა

19 იანვრის მონაცემებით, გასულ 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 1184 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

დღეის მონაცემებით, აჭარის კოვიდკლინიკებშია 596 პაციენტი, კოვიდსასტუმროში იმყოფება 562 ინფიცირებული.

ამ ეტაპზე აჭარაში 131 მძიმე პაციენტია, მათგან 45 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

შუახევში პაციენტი 3 კილომეტრი ხელით ატარეს, გადმოსაყვანია კიდევ 1 პაციენტი

შუახევში მოსახლეობამ პაციენტი დაახლოებით 3 კილომეტრის მანძილზე ატარა საკაცით თოვლისგან გაწმენდილ გზაზე ჩამოსაყვანად.

შემთხვევა დღეს, 18 იანვარს, მოხდა შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბელაშვილებში. შუადღისას ხანდაზმულმა კაცმა დაცემის შედეგად სავარაუდოდ, მოტეხილობები მიიღო და სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა, თუმცა სასწრაფოს მანქანა თოვლისგან გაუწმენდავი გზის გამო სოფელში ვერ ავიდა.

როგორც სოფელში გვითხრეს, გზას ორი ტრაქტორი წმენდდა თოვლისგან, თუმცა ერთი გაფუჭდა, მეორე ტრაქტორმა კი საღამოს მუშაობა შეაჩერა, სავარაუდოდ, ზვავსაშიშროების გამო.

„სოფლის ხალხი დაგვეხმარა და ჩამოიყვანეს სამი კილომეტრი ფეხით, საკაცეზე მყოფი პაციენტი. ახლა მიჰყავთ ბათუმში“ – უთხრა „ბათუმელებს“ ოჯახის ახლობელმა. მისივე თქმით, სოფელში კიდევ ერთ ადამიანს სჭირდება საავადმყოფოში გადაყვანა.

„ბათუმელები“ ესაუბრა შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის იურიდიული განყოფილების უფროსს, ზორბეგ ქარცივაძეს, რომელიც ამჟამად სოფელ ხაბელაშვილებში იმყოფება. მან შემთხვევა დაგვიდასტურა და გვითხრა, რომ ამჟამად ადგილზე იმყოფებიან შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძე და შუახევის მერის მოადგილე გურამ ზოიძე.

„ამ ეტაპისთვის გზა გახსნილია. გვაქვს ინფორმაცია, რომ კიდევ ერთ პაციენტს სჭირდება დახმარება და ვარკვევთ, როგორ შეიძლება დაკავშირება იმიტომ, რომ ტელეფონი არ იჭერს ყველგან. ტექნიკა მუშაობს, მაგრამ მოდის ზვავები და ამასთან გამკლავება გვიჭირს,“ – გვითხრა ზორბეგ ქარცივაძემ.

ხაბელაშვილებში თოვლის საფარის სიმაღლე დაახლოებით 1.5 მეტრია.

_____________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

რატომ ვერ ირჩევენ სტუდენტები სასურველ მაინორ პროგრამას – ბსუ-ს განმარტება

უნივერსიტეტის სტუდენტებს მესამე კურსიდან შესაძლებლობა აქვთ ძირითადი საგანმანათლებლო პროგრამის გარდა დამატებითი სპეციალობაც აირჩიონ, ე.წ მაინორი (Minor) პროგრამის სახით. თუმცა რიგ შემთხვევებში სტუდენტებს არ ეძლევათ სასურველი პროგრამის არჩევის შესაძლებლობა და იძულებულნი არიან ის პროგრამა აირჩიონ, რომელზეც უფრო მეტი სტუდენტი რეგისტრირდება.

მაგალითად, დიანა ნაკაიძეს, რომელიც ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინგლისური ენის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლობს, სურდა, მაინორ პროგრამად ფრანგული ენა აერჩია, თუმცა ამის შესაძლებლობა მას არ მიეცა.

„ფრანგული ენა ძალიან მიყვარს, გატაცებული ვარ ფრანგული კულტურითაც და მინდოდა მეორე სპეციალობად ამერჩია, თუმცა აღმოჩნდა, რომ ამ პროგრამაზე მხოლოდ ორი სტუდენტი დავრეგისტრირდით. ჯგუფი არ შედგა. ადმინისტრაციაში მითხრეს, რომ პროგრამა უნდა შემეცვალა. იძულებული გავხდი გერმანული ენის პროგრამაზე გადავსულიყავი.

ჩემი აზრით, ეს პრობლემაა, რადგან გამოდის, რომ რეალურად სტუდენტს არ აქვს არჩევანი და სხვის არჩევანზე ვართ დამოკიდებული. ჩარჩოებში ექცევი და როცა გგონია, რომ გაქვს თავისუფალი არჩევანი, ასე აღარ გამოდის.

პრობლემა იყო ისიც, რომ მე მეორე დონის პროგრამაზე მოვითხოვე დარეგისტრირება, რადგან პირველი დონე უკვე გავლილი მქონდა, მაგრამ მაინც პირველ დონეზე დამარეგისტრირეს. გამოდის, ეს ერთი წელი ტყუილად დავკარგე, რადგან ახალი არაფერი მისწავლია“, – გვეუბნება დიანა.

დიანა ნაკაიძე, სტუდენტი

ბსუ-ს მესამეკურსელი სალომე გერძაძეც ინგლისურ ფილოლოგიას სწავლობს. იგი მაინორ პროგრამად დაწყებითი საფეხურის პედაგოგიკის კურსის არჩევას აპირებდა. აღმოჩნდა, რომ წელს ამის შესაძლებლობა სტუდენტებს უკვე აღარ ჰქონდათ.

„პროგრამა ამოღებული იყო. როცა ვიკითხე მიზეზი, ვერ მივიღე ამომწურავი პასუხი. ჩემთვის ამ პროგრამის გავლა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან პედაგოგობას ვაპირებ და აღარ მომიწევდა კიდევ ერთი წლით სწავლის გაგრძელება. ამ პროგრამით შევძლებდი სკოლაში მუშაობის უფლების მოპოვებას და აღარ ვიქნებოდი მაძიებელი მასწავლებელი. ახლა კი გამოდის, რომ ცალკე უნდა გავიარო 60-კრედიტიანი სავალდებულო პროგრამა“, – გვითხრა სალომემ.

სალომე იძულებული გახდა მაინორ პროგრამად ტურიზმის მიმართულება აერჩია.

რატომ ვერ ახერხებენ სტუდენტები სასურველი პროგრამის არჩევას? – ამ თემაზე უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის დეპარტამენტის უფროსს, მერაბ დიასამიძეს ვესაუბრეთ.

მისი თქმით, ბსუ-ში დამატებითი პროგრამების არჩევის შემთხვევაში გარკვეული რეგულაციები მოქმედებს და პროგრამა მაშინ იმუშავებს, თუ ჯგუფი მინიმუმ 15 სტუდენტით დაკომპლექტდება. მისივე თქმით, არის გამონაკლისი შემთხვევებიც.

„სტუდენტები მაინორი პროგრამების არჩევანში თავისუფალი არიან, თუმცა ჯგუფის მინიმალური კონტინგენტი არის გაწერილი.

თუ 15 სტუდენტზე მეტი აირჩევს ნებისმიერ საგანმანათლებლო პროგრამას, ამ შემთხვევაში შესაძლებელია შეიქმნას დამატებითი სპეციალობის ჯგუფები. იქ, სადაც არ დგება ჯგუფი ე.წ. მაინორ პროგრამებზე, სტუდენტებს აქვთ არჩევანის საშუალება ე.წ. თავისუფალ კომპონენტებთან [კრედიტებთან] მიმართებაში.

იდეაში, მაინორ პროგრამა ეს არის დამატებითი სერვისი, თუმცა ერთ კაცზე უნივერსიტეტი ხარჯს ვერ გასწევს. ეს საკითხი რეგულირდება უნივერსიტეტის შიდა კანონმდებლობით.

ამიტომ, იქ, სადაც უნივერსიტეტისთვის პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამებია, ჩვენ წელს გამონაკლისი დავუშვით და 5 სტუდენტისგან შემდგარი ჯგუფებიც დავუშვით გარკვეულ საგანმანათლებლო პროგრამებზე“, – ამბობს მერაბ დიასამიძე.

მისი თქმით, ასეთია, მაგალითად, რუსული, გერმანული და ფრანგული ენის საგანმანათლებლო პროგრამები, რადგან ამ მიმართულებებზე სტუდენტების მიღება საბაკალავრო პროგრამაზეც კი შეზღუდულია.

„ჩვენს უნივერსიტეტში მხოლოდ ინგლისური ენის პროგრამაა, სადაც სტუდენტების რაოდენობა ჯგუფში 60-ზე მეტს აღწევს, სხვა პროგრამებზე ისედაც ნაკლებია მოთხოვნა. მაგალითად, რუსულის, გერმანულის და ფრანგულის საგანმანათლებლო პროგრამაზე ყოველ წელს მხოლოდ 5 სტუდენტს ვიღებთ. ამიტომ, თუ ამ სპეციალობის მაიონორ პროგრამებზეც მინიმუმ 5-5 სტუდენტი შეგროვდება, ჯგუფი შედგება“, – ამბობს მერაბ დიასამიძე.

რაც შეეხება დაწყებითი საფეხურის მაინორ პროგრამას, როგორც მერაბ დიასამიძე ამბობს, დაწყებითი განათლების პროგრამა ბსუ-ში მილევადია და 2022 წლის მაისში დასრულდება.

„ეს პროგრამა ვეღარ იქნებოდა დამატებითი სპეციალობების სიაში, რადგან წელს, მაისში, ეს პროგრამა დასრულდება, როგორც ძირითად – საგანმანათლებლო, ასევე მაინორ პროგრამაში.

ამის ნაცვლად უნივერსიტეტში დაინერგა ახალი, ინტეგრირებული პროგრამა და წელს უკვე მეოთხეკურსელები გვყავს ამ მიმართულებაზე.

პედაგოგიკა რეგულირებადი პროფესიაა, ამიტომ ამ სპეციალობაზე შემუშავდა ახალი სპეციალური პროგრამა –  დაწყებითი საფეხურის საბაკალავრო-სამაგისტრო, ინტეგრირებული, 300-კრედიტიანი პროგრამა, რომელიც არის ხუთწლიანი და გათანაბრებულია მაგისტრატურასთან. ამიტომ, მაინორში ეს პროგრამა ვერ გვექნებოდა. ძველი პროგრამა მაისის შემდეგ აღარ იარსებებს“, – ამბობს ის.

მერაბ დიასამიძის თქმით,  სტუდენტებთან მეტი კომუნიკაციაა საჭირო, რადგან პანდემიის გამო სტუდენტებსა და უნივერსიტეტს შორის კომუნიკაცია მნიშვნელოვნად შესუსტდა.

„ამ პროგრამით შესაძლოა ისარგებლონ შეჩერებული სტატუსის სტუდენტებმა, აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი დაწყებითი განათლების პროგრამას ვეღარ გაივლის.

ჩვენ როგორმე უნდა შევძლოთ კომუნიკაციის გაუმჯობესება სტუდენტებთან, რადგან მოდის თაობა, რომელსაც უნივერსიტეტთან რეალური შეხება არ ჰქონია. ახალი სემესტრიდან, ვფიქრობ, იქნება ამ მიმართულებით ნაბიჯი გადადგმული“, – ამბობს ის.

მერაბ დიასამიძის თქმით, მაინორის სილაბუსშიც გაწერილია, რომ სტუდენტებმა ჯგუფებში უნდა იმუშაონ, „ამიტომ თუ მხოლოდ ერთი სტუდენტი აირჩევს პროგრამას, ჯგუფში მუშაობა ვერ გამოვა, ხომ?! ვერც ორკაციანში გამოვა ჯგუფი. ამიტომ ამ საკითხს უნივერსიტეტი ლოგიკურად არეგულირებს“, – ამბობს ის.

მერაბ დიასამიძის თქმით, თავისუფალი კრედიტების არჩევის შემთხვევაში სტუდენტებს უფრო მეტი არჩევანის საშუალება აქვთ და სხვა უნივერსიტეტების მსგავსად არ უწევთ დასწრება სასურველი საგნის თუ ლექტორის არჩევისას, რადგან ბსუ-ში, მისი თქმით, ამ მხრივ პრობლემა არ არსებობს:

„ჩვენთან არ არსებობს მინიმალური ზღვარი და მაქსიმალური თავისუფალი კრედიტების დროს ჯგუფის დაკომპლექტებისას, რადგან სტუდენტების მაქსიმალური რაოდენობა არც ერთ ჯგუფში არ ფიქსირდება. ჩვენ არ გვაქვს ასეთი გამოცდილება, ეს ალბათ უფრო დიდი უნივერსიტეტების პრობლემაა.“

8 ადგილი ბათუმში, სადაც სკვერი მოეწყობა – ტენდერები 3 მილიონი ლარით

ბათუმში რვა მისამართზე სკვერის მოსაწყობად ქალაქის ბიუჯეტიდან ჯამში 3 117 981 ლარია გამოყოფილი. სკვერების მოსაწყობად მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს სამი ტენდერი აქვს გამოცხადებული.

სკვერები უნდა მოეწყოს შემდეგ მისამართებზე: 

[checklist]

  • თამარ მეფის გზატკეცილზე – რელიგიის მუზეუმის მიმდებარედ
  • თამარ მეფის გამზირი N20
  • აბუსერიძის ქ.N23-ის მიმდებარედ
  • დ. აღმაშენებლის ქ. N8-10-12-ის მიმდებარედ
  • ბაგრატიონის ქ.N214-ის მიმდებარედ
  • ივანე მესხის ქ.N1-ის მიმდებარედ
  • ანდრია პირველწოდებულის IX ჩიხის N3-5-ის მიმდებარედ
  • ფიროსმანის ქ,N8-10-ის მიმდებარედ

[/checklist]

რელიგიის მუზეუმის მიმდებარედ / რენდერი პროექტიდან

გამოცხადებული ტენდერების მიხედვით:

  • რელიგიის მუზეუმის მიმდებარედ და თამარ მეფის გამზირი N20-ში დასასვენებელი სკვერების მოსაწყობად 1 276 575 ლარია გათვალისწინებული. სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან 2023 წლის 28 თებერვლის ჩათვლით უნდა დასრულდეს.
  • 599 996 ლარია გათვალისწინებული სამ ადგილზე [აბუსერიძის ქ.N23-ის, დ. აღმაშენებლის ქ. N8-10-12-ის და ბაგრატიონის ქ.N214-ის მიმდებარედ] სკვერის მოსაწყობად. ამ მისამართებზე სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან 6 თვის განმავლობაში უნდა დასრულდეს.
  • ივანე მესხის ქ.N1-ის, ანდრია პირველწოდებულის IX ჩიხის N3-5-ისა და ფიროსმანის ქ.N8-10-ის მიმდებარედ სკვერების მოწყობისთვის კი, 1 241 410 ლარია გათვალისწინებული, თუმცა ამ ტენდერის და თანხის ფარგლებში დამატებით ორ ადგილზე სპორტული მოედნებიც უნდა გაკეთდეს: გრ. ლორთქიფანიძის ქ.N14 -ში და აფსაროსის გზატკეცილის II შესახვევის N8-ის მიმდებარედ. სკვერების და მოედნების მოწყობა ხელშეკრულების დადებიდან 2022 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში უნდა დასრულდეს.
ბაგრატიონის ქ.N214-ის მიმდებარედ / რენდერი პროექტიდან

სამივე ტენდერის პირობაში აღნიშნულია, რომ თითოეულ მისამართზე სამუშაოები განხორციელდეს მას შემდეგ, რაც ტენდერში გამარჯვებული მიმწოდებელი შემსყიდველის მხრიდან მიიღებს შეტყობინებას, რომელშიც განსაზღვრული იქნება სამუშაოების დაწყების და დასრულების კონკრეტული თარიღები.

შეტყობინებაში მითითებული ვადების დარღვევის შემთხვევაში კი, ყოველი დაგვიანებული დღისთვის მიმწოდებელი დაჯარიმდება.

ეს ტენდერები 2022 წლის 8 თებერვლამდე დასრულდება.

აბუსერიძის ქ.N23-ის მიმდებარედ / რენდერი პროექტიდან

მერია ახალ სკვერს მოაწყობს ბათუმში, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზეც, „მაკდონალდსის“ მიმდებარედ. აქ სკვერის მოსაწყობად ქალაქის 2022 წლის ბიუჯეტიდან 2 497 388 ლარამდე დაიხარჯება. სამუშაოების შესყიდვაზე ცალკე ტენდერია გამოცხადებული:

აჭარის პოლიციის შენობის ადგილას ცათამბჯენები აშენდება? – დეპარტამენტი ბარცხანაში გადადის

 

 

 

 

 

 

როცა გარეთ 2 მეტრი თოვლია – ამბები გოდერძიდან და დანისპარაულიდან | ფოტო/ვიდეო

„კურორტი რომ არა, ნამდვილი ციხე იყო და იქნებოდა კიდევ აქაურობა,“ – ამბობს ეთერ პაპიძე და შეშის ღუმლის პატარა სარქველიდან ცეცხლის ალს აყოლებს თვალს.

ღუმელზე ეთერს სტუმრებისთვის ყავა ჭიქებით შემოუდგამს. გარეთ თოვლის სიმაღლე უკვე 2 მეტრია, ქარბუქია, თოვს შეუჩერებლად, თუმცა მასპინძელს მზერაშიც ეტყობა, რომ ეს არ ანაღვლებს, სურსათიც აქვს და სანოვაგეც.

არც პირველი ზამთარია ასეთი, როცა ადამიანებმა სახელდახელოდ გაკვალულ გვირაბებში დაიწყეს მიმოსვლა და შეშის ღუმელთან ძველი ამბების გახსენება და შიგადაშიგ მიმდინარე პოლიტიკის შეფასებაც.

ხულოში, გოდერძის უღელტეხილთან ყველაზე ახლოს მდებარე სოფელ დანისპარაულში, წელს დაახლოებით 2 მეტრი სიმაღლის თოვლი მოვიდა. ამ სტატიაში მოგიყვებით, რა ხდება წელს კურორტ გოდერძიზე და კურორტთან ყველაზე ახლოს მდებარე სოფელში, სადაც უმრავლესობას საოჯახო სასტუმრო აქვს მოწყობილი.

ყავა ღუმელზე
ეთერ პაპიძე
სახლიდან გასასვლელი რომ გააკეთო და ბოსლამდე ან საშეშემდე მიხვიდე, რამდენიმე საათი დაგჭირდება ნიჩბით გვირაბის გასაყვანად

„მთავრობა რომ ახერხებდეს გზის მოწესრიგებას, ხალხიც ბევრი მოვიდოდა, სულ გაივსებოდა აქაურობა, ყველა ბედნიერი ვიქნებოდით. ასე, რომ მთავარი პრობლემა გზაა.

ხომ ხედავთ, დამწყვდეული ვართ ახლა, სად წახვალ? ვერსად.“ – ამბობს ეთერი ნიშნისმოგებით და მეზობლებს შეჰყურებს. ისინიც თავის დაკვრით და ღიმილით ემოწმებიან მასპინძელს.

„ბზუ-ბზუ – ასე ჰქვია ამ თამაშს,“ – ყავის დალევის შედეგ ფეხზე დგება ეთერის ქმარი, ამირან პაპიძე. ის სოფლის იმამია, თუმცა ამ დილით მეჩეთამდე კი არა, საშეშემდე გზის გასაყვანად რამდენიმე საათი დასჭირდა გათენებიდან. თოვლში კვალი ამირანს საკუთარი ხელით დამზადებული თხილამურებით გაჰყავს.

ამირან და ანრი პაპიძეები

ამირანი ბავშვებთან ერთად თამაშში დიდებსაც რთავს.

„ზურგით დადექი და მხარზე ხელს ვინმე შემოგკრავს. უნდა მიხვდე, ვინ დაგარტყა ხელი, ჩვენ კი, ვიყვირებთ: ბზუ-ბზუუუუ, რომ ვერ გამოიცნო, ვინ დაგარტყა ხელი… თუ ვერ გამოიცნობ, იდგები ასე დიდხანს,“ – მეზობლის კაცს მიმართავს ღიმილით ამირანი.

„ბზუ-ბზუუუ“ – ხმამაღლა ყვირიან ბავშვებთან ერთად დიდებიც. თოვლი თითქმის ფარავს სახლებს და აივნებს. გზაზე აღარავინ ჩანს. გაჩერებულია თხილამურების ტრასაზე ასასვლელი საბაგიროც.

ამ დროს სოფელში ინტერნეტი ჭედავს, ტელევიზორიც ჩუმდება და ზოგჯერ შუქიც მიდის.

„ფურთს ვთამაშობთ, მაგრამ რამდენი ხელი უნდა ითამაშო?“ – იცინიან ქალები.

ამირან პაპიძე ხელნაკეთ თხილამურებსაც გვაჩვენებს და იხსენებს, წლების წინ, უგზოობის და უტრანსპორტობის დროს, დაბამდე თხილამურებით რომ ჩასრიალდა.

„მაშინ მასწავლებლად ვმუშაობდი სკოლაში, ასლან აბაშიძის დრო იყო, საახალწლოდ „ბანბანერკები“ რიგდებოდა, ამოსატანად წავედი…“, – გვიყვება ამირან პაპიძე.

  • „პრობლემები მაშინ მოგვარდება, როცა ჩვენ თავად ავირჩევთ“ – რა აწუხებთ დანისპარაულში? 

გზა, რომელიც წლებია ვერ კეთდება, შეშა და ელექტროენერგია – ძირითადად ამ პრობლემებს ასახელებენ დანისპარაულელები, რომლებსაც სოფლის მეჩეთის ეზოში ვესაუბრე, ჯუმადღის ლოცვის შემდეგ.

თოვლში ჩაფლული სოფელი დანისპარაული
დანისპარაულის მეჩეთი
დანისპარაულის მეჩეთის ხის მოაჯირი
პარასკევის ლოცვა დანისპარაულის მეჩეთში

„როგორც გვითხრეს, გზა ორ წელში უნდა გაკეთდეს. ხალხი ვერ მოდის, ტურისტები თავს იკავებენ, გზის ეშინიათ, აქ ჩარჩენის… შუქიც ითიშება ხშირად ქარში. აქ უმრავლესობას საოჯახო სასტუმრო გვაქვს, შესაბამისი პირობები სჭირდება სტუმარს,“ – გვიყვება ბადრი პაქსაძე.

სოფელ დანისპარაულში სულ 102 ოჯახია. მათ უმრავლესობას საოჯახო სასტუმრო აქვს. ერთი ღამის გათევა საშუალოდ 30 ლარად შეიძლება, კვებით – 50 ლარია. საოჯახო სასტუმროებში სტუმრებს ძირითადად აჭარული სამზარეულოს კერძებით უმასპინძლდებიან. გათბობა შეშის ღუმელია.

იმ სახლებში, სადაც სტუმრებისთვის საძინებლებში ცალკე შეშის ღუმელი ან ბუხარი აქვთ, უფრო მეტის გადახდა მოგიწევთ.

დანისპარაულის საოჯახო სასტუმროების დიდ ნაწილს აქვს სატრანსპორტო მომსახურებაც – სოფლიდან გოდერძის სათხილამურო ტრასამდე, ტყისპირას დაახლოებით 3 კილომეტრია გასავლელი. თუკი ამ გზის ფეხით ავლა და მერე ჩამოვლა გეზარებათ, ტრანსპორტით მომსახურება ორივე მიმართულებით დღეში 30 ლარია.

სოფელში ყველა ერთ აზრზეა – რომ არა კურორტის მოწყობა, დანისპარაული თითქმის დაიცლებოდა, რადგან აქ ცხოვრება განსაკუთრებით რთულია. ახლა კი, ქალაქში გადაბარგებულებიც უკან დაბრუნებულან. ეს უკვე ის ადგილია, სადაც უმუშევრობა აღარავის აწუხებს. დანისპარაულელების დიდი ნაწილი კურორტ გოდერძიზე მუშაობს – სასტუმროში, რესტორანში, საბაგიროზე, საოჯახო სასტუმროში ან იმ გზაზე, რომელიც წლებია კეთდება გოდერძისკენ და ვერ გაკეთდა.

„პრობლემაა შეშაც,“ – ამატებს ქემალ შამანაძე, „- „შეშის ბილეთს გვაძლევენ ოქტომბერში, მანამდე – არა. ოქტომბერში კი, აქ შეიძლება გათოვდეს. უნდა იჩქარო, დამატებით ფული გადაიხადო, ტყიდან შეშის გამოტანა რომ მოასწრო. ოქტომბერში თუ შეიძლება ბილეთის გამოწერა, მაისში რატომ არ უნდა შეიძლებოდეს?“ – კითხულობს ქემალი.

„პრობლემები მაშინ მოგვარდება, როცა ჩვენ თავად ავირჩევთ,“ – ხალხს უერთდება მეჩეთიდან გამოსული იმამი, ამირან პაპიძეც. „როცა ჩვენ ავირჩევთ ჩვენს დეპუტატს საკრებულოში თუ პარლამენტში, როცა ჩვენ ავირჩევთ მერს, პრეზიდენტს, პარტიას…“ – უკმაყოფილება ეტყობა იმამს. ხალხი დუმილით ხვდება იმამის ნათქვამს.

დანისპარაულელები საინტერესო ამბავსაც იხსენებენ – იმამი 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დეპუტატობის კანდიდატი იყო „ევროპული საქართველოდან“. მას რამდენიმე ხმით მმართველი პოლიტიკური პარტიის კანდიდატმა აჯობა.

მაშინ, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, იმამი სამუფთო სამმართველომ თანამდებობიდან გაათავისუფლა პოლიტიკური საქმიანობის დაწყების გამო. არჩევნების წინა დღეს სოფელში მოსული ახალი იმამი მრევლმა მეჩეთში არ შეუშვა. არჩევნებზე კი, პოლიტიკაში წასულმა იმამმა წარმატებას მაინც ვერ მიაღწია.

დანისპარაულელების თქმით, სოფელში 100-დან 100 მუსლიმია და სასულიერო ლიდერი უპირობო ნდობით სარგებლობს.

რატომ ვერ გაიმარჯვა მაშინ იმამმა? – ვეკითხები შეკრებილებს.

„ხომ გაგიგიათ, ძალა აღმართს ხნავსო. ყველა სადღაც მუშაობს, გლეხს ვინ ეკითხება, ხვალ რა დღეა?… „ოცნებიდან“ ყოფილიყო, გავიდოდა,“ – ამბობს ერთი კაცი პაუზის შემდეგ.

„ჩვენ გვინდოდა იმამი შეგვენარჩუნებინა,“ – უხერხული პაუზიდან გამოსავალს პოულობს კაცი, რომელიც გაღიმებას ცდილობს და გასასვლელისკენ მიდის.

დანისპარაულელები მეჩეთის ეზოს ტოვებენ

მეჩეთიდან ისევ ცენტრალურ გზაზე ავდივართ, რომელიც კურორტ გოდერძისკენ მიდის. გზად ქალები გვხვდებიან  – ვიდრე კაცები ლოცულობდნენ, ქალებს გზის გასუფთავება დაუწყიათ.

„გზა გაგვიკეთონ, გზა. ეს გადაეცით პატივცემულ მთავრობას, მეტი კომენტარი არ იქნება,“ – მოკლე პასუხით მიშორებენ დანისპარაულელი ქალები.

ქალები, რომლებიც სოფელ დანისპარაულში ცხოვრობენ, გზის გაკეთებას ითხოვენ

„ვინც შრომობს, მას ლუკმა-პურიც არ აკლია. პოლიტიკა ჩემი საქმე არ არის. აქ სტუმრები ზაფხულშიც ამოდიან… გზა თუ გაკეთდება, შაბათ-კვირასაც ამოვა ხალხი… სამი საათია უკვე ამ გზის გაწმენდას ვცდილობ,“ – რამინ პაპიძე ხელით გვაჩვენებს რამდენად მოკლე მანძილის გაკვალვა შეძლო ნიჩბით სამეზობლოსკენ ამ დროში.

რამინ პაპიძე

ორშაბათს, 17 იანვარს, დანისპარაულში სკოლაში სწავლა ვერ დაიწყო. სკოლა „ბათუმელებს“ გამოკეტილი დახვდა. ბავშვებმა გვითხრეს, რომ სკოლაში წასასვლელად ემზადებოდნენ, მაგრამ ისევ გათოვდა. შიდა სასოფლო გზები აქ გვიან ან საერთოდ არ იწმინდება.

ასე გამოიყურებოდა დანისპარაულის სკოლა 17 იანვარს
დანისპარაულში ბავშვები
  • რა ფასებია კურორტ „გოდერძიზე“ – რა ღირს სასტუმრო, კვება, თხილამურები, საბაგირო 

სულ სხვა ამბავია და განსაკუთრებულად შთამბეჭდავი, როცა გოდერძის მთებიდან თხილამურით ეშვები. შეუძლებელია ბუნების განსაკუთრებულ სილამაზეს აარიდო თვალი, რამდენჯერაც არ უნდა დაეშვა მთის ფერდობებზე. ჩანს იალაღებიც, ზამთრობით თოვლს რომ გამოუკეტავს და ზაფხულს ელიან.

საგრძნობია მშრალი თოვლის ხარისხი და თავად სათხილამურო ტრასებიც.

გოდერძის საბაგირო გზის სიგრძე დაახლოებით 8 კილომეტრია და იგი ზღვის დონიდან 2027 მეტრზე მდებარეობს.

„კიდევ უფრო მაღლაა ჭანჭახი, იქიდან ის ეშვება, ვინც ყველაზე კარგად ცურავს,“ – მეუბნება საბაგირო კაბინაში დამგზავრებული დანისპარაულელი ბიჭი. მერე ღიმილით დასძენს, აჭარის მთაში თხილამურებით სრიალს „ცურვას“ ვეძახითო.

გოდერძიზე სულ ორი საბაგირო გზაა. მეორე, ანუ ჭანჭახისკენ მიმავალ საბაგიროზე შეგიძლია შემდეგ გადაჯდე, როცა პირველი საბაგირო გზა დასრულდება და საბაგიროს კაბინიდან დატკბები ნაძვების კენწეროების თვალიერებით, ასევე ტყის სიჩუმის, უფრო ზუსტად კი, ტყის ხმის მოსმენით.

თითოეულ საბაგიროზე ერთხელ ასვლის საფასური 5 ლარია, თუმცა არის ულიმიტო პაკეტიც – დღეში 25 ლარი.

სათხილამურო ტრასის სათავე, თუმცა სრიალი გაუკვალავ თოვლშიცაა შესაძლებელი
იალაღები, რომლებიც სათხილამურო ტრასიდან მოსჩანს. ამ ადგილებს მოიალაღეები ზაფხულობით უბრუნდებიან.
ხედი საბაგიროს კაბინიდან

თხილამურების დაქირავების საფასური დღიურად 20 ლარიდან იწყება, თუმცა გააჩნია ხარისხს. ერთი საათით თხილამურის ქირაობას 5-10 ლარად შეძლებთ.

აქვეა კვების ობიექტები და სურსათის რამდენიმე მაღაზიაც. არჩევანი დიდია. მაგალითად, ყავა შეიძლება 2 ლარადაც იყიდო და  8 ლარიც დაგიჯდეს, თუკი სათხილამურო ტრასასთან სადმე ახლოს, ტერასაზე ჩამოჯდები.

სათხილამურო ტრასასთან ახლოს დასახლებული პუნქტი არ არის, თუმცა უკვე აშენდა რამდენიმე სასტუმრო. სასტუმროებს შორის ყველაზე დაბალი ფასი – 160 ლარი გვითხრეს ორადგილიანი ოთახი, კვების გარეშე.

სათხილამურო ტრასასთან ახლოს დაწყებულია ახალი ობიექტების მშენებლობაც.

თხილამურების გაქირავება კურორტ გოდერძიზე
ახალი მშენებლობები. საინფორმაციო დაფა, სადაც, წესით, უნდა იყოს განთავსებული ინფორმაცია – ვინ რას აშენებს, თოვლით დაფარული დაგვხვდა
  • გზების დეპარტამენტი: გზა 2023 წელს იქნება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის პრესცენტრის ინფორმაციით, გზა კურორტ გოდერძიმდე 2023 წელს იქნება. ამ უწყების ოფიციალური გვერდის ინფორმაციით კი, სამუშაოები 2022 წელს ანუ მომავალი ზამთრის დადგომამდე უნდა დასრულებულიყო.

აქ გზის რეაბილიტაციაზე 2020 წლამდე კომპანია „ტოდინი“ მუშაობდა, თუმცა ამ კომპანიამ ვალდებულება არ შეასრულა. „სინოჰიდროც,“ რომელმაც მორიგი ტენდერი მოიგო და მასთან ხელშეკრულება 2020 წელს გაფორმდა, ასევე ვერ ასრულებს ვალდებულებას – სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის მიხედვით, ხულო-ზარზმის გზის მშენებლობისთვის 2021 წლის 6 თვეში 4,5 მილიონი ლარის სამუშაოები უნდა შესრულებულიყო. 5 თვის მონაცემებით მხოლოდ 199 ათასი ლარის სამუშაო შესრულდა, ეს კი გეგმის მხოლოდ 4.4 პროცენტია.

ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის 42-კილომეტრიანი მონაკვეთის სარეკონსტრუქციო სამუშაოებს კომპანია „სინოჰიდრო“ ასრულებს. პროექტის ჯამური ღირებულება 95 689 302 ლარია.

კურორტ გოდერძისკენ მიმავალი გზა

რა ეტაპზეა გზის რეაბილიტაცია ამჟამად

„ამჟამად დიდთოვლობის გამო ხულო-ზარზმის პროექტის სამუშაოები დროებით შეჩერებულია, ხელსაყრელი კლიმატური პირობების დადგომისთანავე სამუშაოები განახლდება. თავად პროექტის დასრულება ხელშეკრულების მიხედვით, დაგეგმილია 2023 წელს,“ – მოგვწერეს გზების დეპარტამენტის პრესცენტრიდან.

რატომ გადაიწია ეს ვადა 2023 წლამდე? – პრესცენტრში გვითხრეს, რომ ინფორმაცია ოფიციალურ გვერდზე გასაახლებელია.

გზების დეპარტამენტში ასევე გვითხრეს, რომ კომპანია „ტოდინს“, რომელსაც 2020 წლამდე უნდა გაეკეთებინა ბათუმი-ახალციხის გზა, საბანკო გარანტიით გათვალისწინებული 11 მილიონი ლარის გადახდა დაეკისრა.

„ტოდინს იმდენი თანხა ჰქონდა ჩარიცხული, რამდენის სამუშაოებიც ჰქონდა შესრულებული,“ – მოგვწერეს გზების დეპარტამენტიდან.

ამ ეტაპზე ხულოდან კურორტ გოდერძიზე ძირითადად მაღალი გამავლობის მანქანებით ადიან. მოძრაობს მიკროავტობუსიც, თუმცა ძირითადად იმ შემთხვევაში, როცა გზა თოვლისგან კარგადაა გაწმენდილი.

შესაძლებელია ხულოს ცენტრიდან ტაქსის დაქირავებაც. ფასი შეთანხმებაზეა დამოკიდებული. მაგალითად, მგზავრობა „ვილისით“, რომლითაც კურორტ გოდერძიზე ასვლა შედარებით მარტივად და უსაფრთხოდ არის შესაძლებელი, 150 ლარი ღირს.

სოფელი დანისპარაული. აქედან გოდერძის სათხილამურო ტრასამდე 3 კილომეტრია

შეხვედრა ბიძინა კულუმბეგოვთან – ბსუ, ამერიკული კუთხე, ოცნების ქალაქი

22-23 იანვარს ბათუმში კორონავირუსისა და მისი საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ საინფორმაციო შეხვედრები გაიმართება.

დამსწრეთა შეკითხვებს ექიმი ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი უპასუხებს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, სურვილის შემთხვევაში, დამსწრეებს ადგილზე შეეძლებათ სპეციალისტების ზედამხედველობის ქვეშ აიცრან. 

პირველი შეხვედრა 22 იანვარს, 12 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება. შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია და წინასწარი რეგისტრაცია შესაძლებელია აღნიშნულ ბმულზე

შეხვედრას მოდერაციას გაუწევს აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე.

მეორე შეხვედრა სასკოლო საზოგადოების წევრებისთვის 23 იანვარს, 12 საათზე, ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის ამერიკულ კუთხეში შედგება. დასწრება შეუძლიათ სკოლის მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს. წინასწარი რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს

დისკუსიის მოდერატორი აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე მარი ზანაქიძე იქნება.

მესამე შეხვედრა „ოცნების ქალაქის“ დასახლებაში, 23 იანვარს, 14:30 საათზე, გაიმართება. შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია. 

შეხვედრას მოდერაციას გაუწევს აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე  რამაზ ჯინჭარაძე.

__

შეხვედრები ტარდება პროექტის ფარგლებში – ,,ვაქცინაციის საინფორმაციო კამპანია“. შეხვედრებს მხარს უჭერს აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და ,,საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი“.

სასახლეები ევროპასა და ამერიკაში – ნაზარბაევის მემკვიდრეების ქონება

ყაზახეთის ყოფილი პრეზიდენტი, ნურსულთან ნაზარბაევი, ქვეყანაში საპროტესტო აქციების დაწყების შემდეგ საზოგადოებაში დღეს პირველად გამოჩნდა – მან საზოგადოებას ვიდეოთი მიმართა. ნაზარბაევის თქმით, ელიტაში არავითარი კონფლიქტი არ არსებობს. თავად კი „დამსახურებულად ისვენებს“ ყაზახეთის დედაქალაქში.

ახალი წლის დღეებში ყაზახეთს საპროტესტო ტალღამ გადაუარა – დაიღუპა 160 ადამიანი, დაკავებულია 5 135-ზე მეტი ადამიანი.

ნურსულთან ნაზარბაევი ყაზახეთს პრეზიდენტის რანგში 28 წლის განმავლობაში მართავდა. მანამდე, საბჭოთა პერიოდშიც, თავად იყო ამ ქვეყნის პირველი პირი – ცეკას პირველი მდივანი. 2010 წელს კი მას მიენიჭა „ერის მამის“ წოდება. ამ ეტაპზე 82 წლის ნაზარბაევი ქვეყნის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეა. ყოფილი პრეზიდენტი ხელმძღვანელობს მმართველ პარტიასაც.

ნაზარბაევები ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ოჯახია შუა აზიის ამ ქვეყანაში. დასავლური მედიის ცნობით, ნაზარბაევის მემკვიდრეები ასეულობით მილიონი დოლარის უძრავ ქონებას ფლობენ არა მხოლოდ ქვეყნის ტერიტორიაზე, არამედ ამერიკასა და ევროპაში.

მაგალითად, ჟურნალ Forbes-ის მიხედვით, ნაზარბაევის უფროსი ქალიშვილი – დარიგა ნაზარბაევა და მისი ვაჟი, ნურალი ალიევი დიდ ბირტანეთში უძრავი ქონების ფასიან ქაღალდებს ფლობენ, რომელიც The Times-ის მიერ შეფასებულია 140 მილიონ ფუნტად.

დინარა კულიბაევა, ნურსულთან ნაზარბაევი და დარიგა ნაზარბაევა

ბრიტანული მედიის ცნობით, სავარაუდოდ, მათვე ეკუთვნით უძრავი ქონება ბეიკერ სტრიტზე, რომელიც გამოგონილი პერსონაჟის – შერლოკ ჰოლმსის სახელზეა რეგისტრირებული.

ყაზახეთის უმდიდრეს ადამიანთა შორის მოიხსენიება დინარა კულიბაევა, ნაზარბაევის მეორე ქალიშვილი. ის და მისი ქმარი, ტიმურ კულიბაევი Halyk Bank-ის აქციონერები არიან. მათი აქციების საბაზრო ღირებულება დაახლოებით 2,8 მილიარდი დოლარია.  

ნაზარბაევის გარდაცვლილი შვილიშვილის – აისულტანის სიმამრს, კაირატ ბორანბაევს, აქვს წილი კომერციულ უძრავ ქონებაში, ფლობს „მაკდონალდსის“ ფრენჩაიზს ყაზახეთსა და ბელარუსში და ასევე, წილებს ბევრ სხვა სექტორში.

ნაზარბაევები პერიოდულად ეხვევიან სკანდალებშიც. მაგალითად, დიდი ბრიტანეთის კრიმინალთან ბრძოლის ნაციონალური სააგენტო 2020 წლიდან ცდილობს დარიგა ნაზარბაევას სამი სახლის კონფისკაციას, რომელთა ჯამური ღირებულება 80 მილიონ დოლარს აღწევს.

დარიგა ნაზარბაევა ამტკიცებდა, რომ ეს სიმდიდრე მან შეიძინა, როგორც წარმატებულმა ბიზნესლედიმ.

დარიგა ნაზარბაევა ასევე ფლობს სასახლეს Bishops Avenue 33-ში, ბრიტანეთის ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ ქუჩაზე. ეს სასახლე მართლაც გრანდიოზულია 10 საძინებლით, მიწისქვეშა აუზით, წვიმის საშხაპეებით, შუშის გუმბათოვანი ფანჯრებით, გამოყოფილი კინოთეატრითა და პერსონალისთვის განკუთვნილი ცალკე გამოყოფილი სივრცით. ცხადია, სასახლე დაცულია  უსაფრთხოების მაღალი სტანდარტებით.

Bishops Avenue 33 – სასახლე ბრიტანეთის ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ ქუჩაზე

დარიგა მდიდრულ მეგაბინას ფლობს ჩელსიში Manresa Road 21-ში. ქონებას იცავს გაძლიერებული კერძო დაცვა. დარიგას სასახლე აქვს ჰაიგეითშიც – მის ქონებას დენვუდის 32-შიც კერძო დაცვა იცავს.

სასახლე ჩელსიში, Manresa Road 21-ში, სადაც მდიდრულ მეგაბინას ფლობს დარიგა ნაზარბაევა

___

მთავარი ფოტო: დინარა კულიბაევას სასახლე ჟენევაში, ჟენევის ტბასთან

სილქნეტის ულიმიტო პაკეტები აქტიური ზამთრისთვის

სილქნეტის მობილური ქსელი, ქვეყნის მასშტაბით ნებისმიერი წერტილიდან, შესაძლებელს ხდის  7-ჯერ სწრაფი ინტერნეტით ისარგებლოთ, შეუფერხებლად აკეთოთ საქმე, გაერთოთ,  ჩაერთოთ ტრენინგებში, დაესწროთ სასწავლო პროცესს, ნახოთ ფილმები, თვალი ადევნოთ სპორტულ თამაშებს. 

არასოდეს არის გვიან კომპანიის შეთავაზებებს გადახედოთ. 

ყველაზე სასურველი მაინც ულიმიტო ინტერნეტ პაკეტებია: 

  • ულიმიტო ინტერნეტის აქტივაცია -*019#
  • 1 დღე ულიმიტო ინტერნეტი – 1₾ (*019*2#)
  • 5 დღე ულიმიტო ინტერნეტი – 4₾ (*019*3#)

უფრო მეტი კომფორტისთვის და საგანგებოდ ზამთრის სეზონისთვის 90 დღიანი პაკეტები გაიაქტიურეთ კოდით *022#: 

• 30 GB ინტერნეტი – *022*2#

• ულიმიტო ინტერნეტი – *022*3# 
• ულიმიტო სასაუბრო + ულიმიტო SMS – *022*4#
• სრულიად ულიმიტო პაკეტი – *022*5#

შეთავაზების ეს პაკეტები სხვასაც შეგიძლიათ ჩაურთოთ.
  
სილქნეტის ქსელში პორტირება უფასოა! 

პორტირებისას ირჩევ საჩუქარს!

ერთი წლის მანძილზე,  ყოველთვიურად, 2GB ინტერნეტი;

ერთი წლის მანძილზე,  ყოველთვიურად, 50 სასაუბრო წუთი ადგილობრივ ქსელში; 

როგორ დაპორტირდეთ; რა დროა საჭირო; შესაძლებელია თუ არა ძველი ბალანსის შენარჩუნება და სხვა, გაეცანით პირობებს დეტალურად .

მსურველს შეუძლია მიმართოს ნებისმიერ სერვის ცენტრს თბილისსა და რეგიონში, ან  სახლიდან გაუსვლელად, შეავსოს განაცხადი  ონლაინ hello.silknet.com და მიიღოს სიმ ბარათი საქართველოს ნებისმიერ კუთხეში. 

 თბილისის მასშტაბით SIM ბარათის მიღება უფასოა.

ვინ გასცა ანა ფრანკის ოჯახი? – მთავარი ეჭვმიტანილი 77 წლის შემდეგ

ანა ფრანკის ოჯახის სამალავის გაცემის ექვსწლიანმა გამოძიებამ გამოავლინა მოულოდნელი ეჭვმიტანილი  საქმეში, თუ როგორ იპოვეს ნაცისტებმა ცნობილი დღიურის ავტორის, მისი ოჯახისა და მეგობრების სამალავი 1944 წელს.

ამსტერდამელი ებრაელი გოგონას, ანა ფრანკის ისტორია მთელ მსოფლიოში ცნობილია მისი შემთხვევით შემონახული დღიურის წყალობით. ანას, მისი ოჯახის წევრებსა და ოჯახის მეგობრებს, სულ შვიდ  ადამიანს, ნაცისტებმა 1944 წლის 4 აგვისტოს მიაგნეს საიდუმლო თავშესაფარში, სადაც ისინი თითქმის ორი წლის განმავლობაში იმალებოდნენ. ყველა მათგანი საკონცენტრაციო ბანაკებში გადაასახლეს.

ანა გარდაიცვალა ბერგენ-ბელზენის საკონცენტრაციო ბანაკში, 15 წლის ასაკში, ბანაკის გათავისუფლებამდე 2 კვირით ადრე. ბანაკში დაიღუპა დედამისი და მისი უფროსი და, მარგო. გადარჩა მხოლოდ ანა ფრანკის მამა, ოტო ფრანკი.

ათწლეულების განმავლობაში უცნობი იყო, ვინ უღალატა ფრანკების ოჯახს, ვინ შეატყობინა გესტაპოს მათი სამალავის შესახებ.

ამ საკითხის გარშემო არაერთი მოსაზრება და თეორია არსებობს. ახლა ცნობილი გახდა კიდევ ერთი ეჭვმიტანილის შესახებ.

ანა ფრანკი

საგამოძიებო ჯგუფმა, რომელშიც შედიოდნენ აშშ-ს  FBI-ს პენსიაზე გასული აგენტი ვინსენტ პანკოკე და დაახლოებით 20 ისტორიკოსი, კრიმინოლოგი და მონაცემთა სპეციალისტი, გამოავლინა საიდუმლო თავშესაფრის ადგილსამყოფლის გამხელაში მთავარი ეჭვმიტანილი, ებრაელი ნოტარიუსი არნოლდ ვან დენ ბერგი.

საგამოძიებო ჯგუფის წევრმა პიტერ ვან ტვისკმა თქვა, რომ ახალი მტკიცებულების მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ანას მამის, ოტო ფრანკისთვის მიწერილი ხელმოუწერელი წერილი/ჩანაწერი,  რომელიც ნაპოვნი იქნა ომის შემდგომი გამოძიების ძველ საქმეში/დოსიეში. ჩანაწერი კონკრეტულად ასახელებდა ვან დენ ბერგს და ამტკიცებდა, რომ ეს ინფორმაცია სწორედ მან გადასცა გესტაპოს.

ჩანაწერში ნათქვამია, რომ ვან დენ ბერგს, როგორც ომის დროს ამსტერდამის ებრაული საბჭოს წევრს, ჰქონდა წვდომა მისამართებზე, სადაც ებრაელები იმალებოდნენ და ასეთი მისამართების სიები მან ნაცისტებს საკუთარი ოჯახის გადასარჩენად გადასცა.

მკვლევრები ამბობენ, რომ სწორედ ამ ინფორმაციის გაცემის შედეგად მოახერხა ვან დენ ბერგმა ნიდერლანდებში დარჩენა მაშინ, როცა ებრაული საბჭოს სხვა წევრები 1943 წელს გადაასახლეს. იგი 1950 წელს გარდაიცვალა.

ტვისკმა თქვა, რომ მოკვლევის შემდეგ საწყისი 32 სახელიდან მხოლოდ ოთხი დარჩა – ვან დენ ბერგი მთავარი ეჭვმიტანილი იყო.

გამომძიებლები მიიჩნევენ, რომ ოტო ფრანკმა იცოდა ამ წერილის შესახებ, მაგრამ არჩია მასზე არასოდეს ეთქვა საჯაროდ.

ახალი დეტალების გამოსავლენად, კვლევის თანამედროვე ტექნიკების გამოყენებით, შედგენილი იქნა მონაცემთა ძირითადი ბაზა – ჰოლანდიელი თანამშრომლების, ინფორმატორების, ისტორიული დოკუმენტების, პოლიციის ჩანაწერების და წინა კვლევების გამოყენებით.

ზოგიერთმა სხვა ექსპერტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვან დენ ბერგის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ იყო დამაჯერებელი.

ახალი კვლევის დასკვნები გამოქვეყნდება კანადელი ავტორის, როზმარი სალივანის წიგნში „ანა ფრანკის ღალატი“, რომელიც დღეს, 18 იანვარს, გამოვიდა.

 

ზამთრის მთვარიანი ღამე ბახმაროში | ფოტო

ეს ფოტოები კურორტ ბახმაროში ნაკუ გამყრელიძემ გადაიღო.

ერთი შეხედვით, შესაძლოა მოგეჩვენოთ, რომ ფოტოები დღისითაა გადაღებული, თუმცა მალევე მიხვდებით ეს მთვარით, ვარსკვლავებით მოჭედილი ცითა და თოვლით განათებული ზამთრის ღამეა ბახმაროში.

ზამთრის ღამე ბახმაროში. ნაკუ გამყრელიძის ფოტო
ზამთრის ღამე ბახმაროში. ნაკუ გამყრელიძის ფოტო
ზამთრის ღამე ბახმაროში. ნაკუ გამყრელიძის ფოტო
ზამთრის ღამე ბახმაროში. ნაკუ გამყრელიძის ფოტო
ზამთრის ღამე ბახმაროში. ნაკუ გამყრელიძის ფოტო
ზამთრის ღამე ბახმაროში. ნაკუ გამყრელიძის ფოტო
ზამთრის ღამე ბახმაროში. ნაკუ გამყრელიძის ფოტო

როგორ შეიცვალა იზოლაციისა და კარანტინის ვადები კოვიდპაციენტებისთვის

საქართველოში იზოლაციის და კარანტინის ვადები ვაქცინირებული, არავაქცინირებული და კოვიდგადატანილი ადამიანებისთვის შეიცვალა.

ასიმპტომური და მსუბუქი პაციენტებისთვის კარანტინის ვადა განისაზღვრა 8 დღით.

  • სიმპტომების ალაგებიდან გასული უნდა იყოს 24 საათი
  • იზოლაციის დასრულებიდან მომდევნო 5 დღე მკაცრად არის რეკომენდებული ნიღბის ტარება

საშუალო და მძიმედ მიმდინარე შემთხვევებისთვის კარანტინის ვადა განისაზღვრა 10 დღით, თუმცა:

  • სახეზე უნდა იყოს მკვეთრად გაუმჯობესებული დინამიკა ბოლო 24 საათის განმავლობაში
  • იზოლაციის დასრულებიდან მომდევნო 5 დღე მკაცრად რეკომენდებულია ნიღბის ტარება

იზოლაციის დასრულების შესახებ გადაწყვეტილებას, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, იღებს მისი ოჯახის ექიმი.

კარანტინის ვადები მცირდება კორონავირუსით დაავადებულთან კონტაქტირებული პირებისთვისაც.

კარანტინს არ ექვემდებარებიან, თუმცა ეძლევათ ნიღბის მოხმარების მკაცრი რეკომენდაცია კონტაქტის შეწყვეტიდან მომდევნო 10 დღე:

  • ბუსტერ დოზით ვაქცინირებული პირები
  • ვაქცინაციის მე-2 დოზის მიღებიდან 14-90 დღის განმავლობაში
  • კოვიდის ინფექციის გადატანიდან 60 დღის განმავლობაში

8 დღე ექვემდებარებიან კარანტინს და ეძლევათ ნიღბის მოხმარების მკაცრი რეკომენდაცია მომდევნო 9-12 დღის განმავლობაში არავაქცინირებულ და არასრულად ვაქცინირებულ პირებს:

  • ვაქცინაციის მე-2 დოზის მიღებიდან 1-14 დღის განმავლობაში
  • ვაქცინის მე-2 დოზის მიღებიდან 90 დღეზე მეტი ხანგრძლივობის და ბუსტერ დოზის არმქონე პირებს
  • პირებს კოვიდის ინფექციის გადატანიდან 60 დღის შემდგომ პერიოდში

იზოლაციის და კარანტინის ვადები 17 იანვრიდან შეიცვალა საქართველოში.

_______________

FFP2 სამედიცინო ნიღაბი. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/FRIEDEMANN VOGEL

„სოფლის გზები გაუწმენდავია, ბავშვები 2 დღეა სკოლაში ვერ მიდიან“ – ქობულეთი

„ქობულეთის სოფლებში შიდა გზები გაუწმენდავია, რის გამოც ბავშვები სკოლაში ორი დღეა წასვლას ვერ ახერხებენ“ – მოგვწერეს „ბათუმელებს“ სოფელ ხალადან.

„ბათუმელები“ ქობულეთის მერიას დაუკავშირდა და ჰკითხა, რამდენ სოფელშია ამ დროისთვის შიდა გზები გაწმენდილი და რამდენში – არა.

ქობულეთის მერიაში გვითხრეს, რომ დღეს, 18 იანვარს, ტექნიკამ მუშაობა ყინვის გამო ვერ შეძლო.

„როგორც საგზაო დეპარტამენტში გვითხრეს, დღეს ყინვის გამო ვერ შეძლო ტექნიკამ მუშაობა და თუ ამინდმა ხელი არ შეგვიშალა, ხვალ გავაგრძელებთ მაღალი ზონის სოფლებში გზების გაწმენდასო. სოფლების ცენტრამდე გზები გაწმენდილია, შიდა გზების გაწმენდა დაიწყება ეტაპობრივად, მაგრამ ამ დროისთვის რამდენ სოფელშია გზები გაწმენდილი, ზუსტი ინფორმაცია ამაზე არ გვაქვს. ძირითადად, მაღალმთიანი სოფლებია დარჩენილი,“ – გვითხრეს ქობულეთის მერიაში.

მათივე ინფორმაციით, ქობულეთის მუნიციპალიტეტში 50 სოფელია. შიდა სასოფლო გზები გაუწმენდავია სოფელ ჭახათში, ქაქუთში, ხალასა და ჩაქვისთავში.

რუსული დროშის ქვეშ მცურავი გემი ბათუმის სანაპიროზე ღუზების ტყვეობიდან თავისუფალია – სააგენტო

რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი, რომელიც ბათუმის სანაპიროსთან ახლოს, ზღვაში გადახლართული ღუზებით იდგა, „ღუზების ტყვეობისგან გათავისუფლებულია“. ამის შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო იტყობინება.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, ბათუმის ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურმა გემის ეკიპაჟთან ერთად ღუზები წყლიდან ამოიღო და გადახლართული ჯაჭვები ჩაჭრა.

რუსეთის დროშის ქვეშ მცურავ გემ SGV-Flot -ს საფრთხე 15 იანვარს შეექმნა. გემმა, რომელიც ბათუმის ნავსადგურის აკვატორიაში იმყოფებოდა, ძლიერი შტორმის გამო მანევრირების უნარი დაკარგა და ნაპირისკენ გამოირიყა. ზღვაზე ძებნა გადარჩენისა და გემების მოძრაობის მონიტორინგის სამსახურის დახმარებით, მშრალტვირთმზიდი SGV-Flot 16 იანვარს, დაახლოებით ღამის 3:00 საათზე, ზღვაში დაბრუნდა.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, საბოლოოდ გემი 16 იანვარს 09:55 საათზე უსაფრთხოდ დადგა საღუზე წერტილში. თუმცა მოგვიანებით სააგენტოში SGV-Flot-ის კაპიტნისგან შეტყობინება მიიღეს, რომ ღუზები გადაიხლართა და ეკიპაჟი ვერ ახერხებდა მათ სრულ ამოღებას წყლიდან.

„ღუზების ზღვიდან ამოღების პროცესში ტალღის და დინების შედეგად გემის თვითნებური გადაადგილების თავიდან აცილებისა და გემის იმავე პოზიციაზე გამაგრების უზრუნველსაყოფად, 2022 წლის 18 იანვარს, 08:00 სთ-ზე, ბათუმის ნავსადგურიდან გავიდა ბუქსირი TAMARA-1 რეიდზე მდგომი მშრალტვირთმზიდის (SGV FLOT) მიმართულებით.

ავარიული სამუშაოები წარმატებით დასრულდა. გემი ბუქსირის თანხლებით შემოვიდა ბათუმის ნავსადგურში, სადაც გაგრძელდება დანარჩენი სამუშაოები და პარალელურ რეჟიმში დაიწყება დატვირთვა,“ – ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ რელიზში.

ოპერაციის მართვაში ჩართული იყო და კოორდინირებულად მუშაობდა რამდენიმე სამსახური: საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ბათუმის ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახური, ზღვაზე ძებნა გადარჩენისა და გემების მოძრაობის მონიტორინგის დეპარტამენტი და სამაშველო ჯგუფი, შსს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტი, მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და საპატრულო პოლიცია.

____

ამავე თემაზე:

ტალღის სიმაღლის გამო ბუქსირი ვერ გადის დასახმარებლად – სააგენტო გამორიყული გემის შესახებ

 

სოციალურად დაუცველ ოჯახებს აპრილამდე არ გადაამოწმებენ

სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ხელახალი გადამოწმება 2022 წლის 1-ელ აპრილამდე შეჩერდა.

გადაწყვეტილება, არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, მთავრობის სხდომაზე მიიღეს დღეს, 18 იანვარს.

„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის N322 დადგენილებით დამტკიცებული წესით სოციალური დაცვის მიმართულებით შემოღებული იყო სოციალური დახმარებების ადმინისტრირების დროებითი ღონისძიებები, რომლის ფარგლებში არ ხორციელდებოდა მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ხელახალი გადამოწმება. მიუხედავად სარეიტინგო ქულის ოდენობისა, საარსებო შემწეობის მიმღებ ოჯახებს უწყვეტად უგრძელდებოდათ დახმარების გაცემა.

ცვლილების შესაბამისად, საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმება კვლავ არ განხორციელდება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც აღნიშნული მოთხოვნილია უშუალოდ ოჯახის მიერ,“ – აღნიშნულია სოციალური მომსახურების სააგენტოს განცხადებაში.

ტერაბანკი სამომხმარებლო სესხებსა და საკრედიტო ბარათებზე აქციას იწყებს

სამომხმარებლო სესხები და საკრედიტო ბარათები განსაკუთრებული პირობებით — ტერაბანკი ახალ აქციას იწყებს. აქციის ფარგლებში, დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, არაუზრუნველყოფილ სამომხმარებლო სესხებზე 3-თვიანი სრული საშეღავათო პერიოდით ისარგებლონ და ამ დროის განმავლობაში არც პროცენტი და არც ძირის თანხა არ გადაიხადონ. პირობების თანახმად, სესხის აღება შესაძლებელი იქნება ეფექტური 19,1%-დან.

ამას გარდა, მსესხებელი შეღავათიანი პირობებით ტერაბანკის საკრედიტო ბარათსაც მიიღებს. კერძოდ, საკრედიტო ბარათი წლიური 29%-ის ნაცვლად, 22%-ში გაიცემა, საშეღავათო პერიოდში, ლიმიტის სრული დაფარვით ეფექტური 0,6%-დან, ლიმიტის მინიმალური შენატანით დაფარვისას კი ეფექტური 25,8%-დან იქნება. აღსანიშნავია, რომ ბარათს იგი ნებისმიერ ტერმინალზე გაატარებს და თანხის დაბრუნების პროგრამით – Cashback-ითაც ისარგებლებს. აქცია ვრცელდება ტერაბანკის როგორც არსებულ, ისე ახალ მომხმარებლებზე.

„ჩვენი შეთავაზება იმ მომხმარებლებს დააინტერესებთ, რომლებსაც სამომხმარებლო სესხის ან საკრედიტო ბარათის აღება პირადი მიზნისთვის, მცირე სესხების გასაერთიანებლად, ნივთების შესაძენად ან თუნდაც საახალწლო დანახარჯების შემდეგ ფინანსური სტაბილურობის შესანარჩუნებლად სურთ. ვფიქრობთ, ეს აქცია მათთვის შეღავათიანი და ხელსაყრელი შესაძლებლობა იქნება“, – აცხადებენ ტერაბანკში.

აღსანიშნავია, რომ სამომხმარებლო სესხზე განაცხადის გაკეთება მსურველებს დისტანციურად, ონლაინგანაცხადის დახმარებით შეეძლებათ. ტერაბანკის არსებულ კლიენტებს დადასტურების შემდეგ თანხა პირდაპირ ანგარიშზე დაერიცხებათ, ახალი მომხმარებლები კი პროდუქტის მოთხოვნას დისტანციურად შეძლებენ, ხოლო დამტკიცების შემთხვევაში, თანხის მისაღებად ფილიალში მხოლოდ ერთხელ მივლენ.

სამომხმარებლო სესხებისა და საკრედიტო ბარათების აქცია 2 თვის განმავლობაში გაგრძელდება.

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის ან პროდუქტით სარგებლობისთვის ეწვიეთ ტერაბანკის ბათუმის ფილიალებს მისამართებზე: ჭავჭავაძისა და ლუკა ასათიანის ქუჩების კვეთა, რუსთაველის N10  ან დარეკეთ ნომერზე: 2 55 00 00

სკოლებს შეუძლიათ მშობლებს და ბავშვებს სწავლის შერეული მოდელი შესთავაზონ – გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, სკოლებმა უნდა დაიცვან ჯანდაცვის შესაბამისი უწყებების რეკომენდაციები.

„სკოლებს მაქსიმალურად უნდა ჰქონდეთ იმის საშუალება, რომ სასკოლო გარემოში გააგრძელონ ფუნქციონირება, ჩვენი შეფასებით, მათ აქვთ მზაობაც, რადგან პანდემიური ტალღის არაერთი ეტაპი გაიარეს, იციან როგორ მოიქცნენ ინფიცირების გამოვლინების შემთხვევაში.

სკოლების უმრავლესობას კი ძალიან მარტივად შეუძლია გამოიყენოს მოქნილი მექანიზმი და შესთავაზონ მშობლებს და ბავშვებს სწავლის შერეული მოდელი,“- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისი თქმით, სკოლის პერსონალის 70 პროცენტზე მეტი  ვაქცინირებულია, „თუმცა ვაქცინაციის გაზრდის მიზნით მუშაობა გრძელდება.“

დღეს, 18 იანვარს, ქვეყანაში კორონავირუსის 7 ათასზე მეტი შემთხვევა დადასტურდა. აქედან, ათასზე მეტი შემთხვევა კორონავირუსის ახალი შტამი – ომიკრონია.

Exit mobile version