სიახლეები

ტურიზმის ადმინისტრაცია Facebook-ზე რეკლამაში წელს 300 ათას ლარს დახარჯავს

16.01.2022 • 943
ტურიზმის ადმინისტრაცია Facebook-ზე რეკლამაში წელს 300 ათას ლარს დახარჯავს

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 2022 წლის მანძილზე სოციალურ ქსელ Facebook-ზე განთავსებული პოსტების რეკლამირებისთვის [დასპონსორებაში] 300 ათასი ლარის დახარჯვას გეგმავს.

„აღნიშნულ სოციალურ ქსელს საქართველოში და საზღვარგარეთ ჰყავს დიდი რაოდენობის მომხმარებელი. შესაბამისად, მიზანშეწონილია „ფეისბუქით“ გავრცელებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდა, ამა თუ იმ თემატიკის ინფორმაციის მეტი მომხმარებლისთვის გაცნობა, რასაც „ფეისბუქის“ ინფორმაციის რეკლამირების მომსახურებით სარგებლობა უზრუნველყოფს“, – აღნიშნულია ადმინისტრაციის განაცხადში.

ამავე განაცხადის მიხედვით, „მართალია, არსებობს ალტერნატიული სოციალური ქსელები, თუმცა აღნიშნულ მომსახურებას განახორციელებს მხოლოდ „ფეისბუქი“, საქართველოში და მსოფლიოში მისი პოპულარობის და მომხმარებლების რაოდენობის გათვალისწინებით… 2021 წლის დეკემბერის თვის სტატისტიკური მონაცემებით აღნიშნულ პლატფორმას ჰყავს 2,7 მილიარდზე მეტი აქტიური მომხმარებელი“.

„აღნიშნულ მომსახურებას, იმის მიხედვით, თუ რა რაოდენობის აუდიტორიაზე ვგეგმავთ „ფეისბუქზე“ განთავსებული აქტივობის წვდომის უზრუნველყოფას, გააჩნია კონკრეტული ღირებულება.

მაგალითად, 150$-იანი პაკეტის შეძენა უზრუნველყოფს ადმინისტრაციის „ფეისბუქის“ გვერდზე განთავსებული ერთი კონკრეტული აქტივობის წვდომას 67 000-180 000 მომხმარებლისთვის, 60$-იანი პაკეტი კი, გათვლილია 32 000-84 000 მომხმარებელზე. გვერდის ადმინისტრატორი პოსტის მნიშვნელობიდან გამომდინარე შესყიდული მომსახურების ღირებულების ფარგლებში ირჩევს შესაბამის პაკეტებს. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ყველა ზემოაღნიშნულ შემთხვევაში მომსახურებას ახორციელებს „ფეისბუქი“, შესყიდვის ობიექტის დანაწევრება აზრს კარგავს.

მომსახურება გაწეული უნდა იქნეს ერთი წლის განმავლობაში, 2022 წლის 25 იანვრიდან 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით“ – აღნისნულია განაცხადში.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით:

  • „საერთაშორისო მოგზაურებიდან საქართველომ 2021 წელს 1 244 941 717 აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო.
  • რაც შეეხება 2019 წელთან შედარებით საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების აღდგენის დინამიკას  – 2021 წელს აღდგენილია შემოსავლების 38 პროცენტი. 2020 წელთან შედარებით კი, შემოსავლების ზრდა 130 %-ს აღემატება.
  • 2021 წელს საქართველოში საერთაშორისო მოგზაურის რაოდენობამ 1 881 271 შეადგინა. აღდგენის კოეფიციენტი კი 2019 წლის მონაცემთან შედარებით 20 პროცენტია. 2020 წელთან შედარებით კი საერთაშორისო მოგზაურთა რიცხვი 7.7 პროცენტით გაიზარდა.
  • 2021 წლის 12 თვეში საქართველოში 1 577 463 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა. 2019 წლის მონაცემთან შედარებით ტურისტული ვიზიტების 31 პროცენტია აღდგენილი, 2020 წელთან შედარებით კი, ზრდა 45.1 პროცენტს შეადგენს.
  • 2021 წელს საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტების უმეტესი რაოდენობა საჰაერო საზღვრით განხორციელდა. კერძოდ, ვიზიტების 51 პროცენტი საქართველოს საერთაშორისო აეროპორტების საშუალებით შესრულდა. აღდგენამ კი 2019 წელთან შედარებით 48 პროცენტი შეადგინა.“

 

 

გადაბეჭდვის წესი