მთავარი,სიახლეები

ჩვენც ვიფიცებით, ვითხოვთ ხელფასების მომატებას – სოციალური აგენტი ბათუმიდან

14.01.2022 • 1276
ჩვენც ვიფიცებით, ვითხოვთ ხელფასების მომატებას – სოციალური აგენტი ბათუმიდან

ორშაბათ, 17 იანვრიდან სოციალური მომსახურების სააგენტოს 390-მდე თანამშრომელმა გაფიცვის შესახებ გამოაცხადა. ამის შესახებ გაფიცულებმა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს უკვე შეატყობინეს. გაფიცვას უერთდება აჭარის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტი, გარდა ქობულეთისა და ქედისა – დაახლოებით 35 ადამიანი.

სოცაგენტების გარდა გაფიცვას ასევე უერთდებიან სპეციალისტები, იურისტები და სხვა თანამშრომლები. ეს გადაწყვეტილება კი ნიშნავს, რომ ორშაბათიდან ქვეყნის მასშტაბით სოციალური მომსახურების ცენტრები ბენეფიციარებს ვეღარ მოემსახურებიან.

რამ მიიყვანა სოციალური სააგენტო და მისი თანამშრომლები ამ მდგომარეობამდე? „ბათუმელების“ კითხვებს ნინო ბარამიძე პასუხობს – ბათუმის ცენტრის მთავარი სპეციალისტი.

  • ქალბატონო ნინო, თქვენი ძირითადი მოთხოვნა უკავშირდება ხელფასებს. რატომ დადგა ეს საკითხი მაინც და მაინც ახლა დღის წესრიგში, რას ითხოვთ გაფიცულები? 

წლებია გვაქვს მიზერული ხელფასი. ჩვენი სააგენტოს თანამშრომლებს – სპეციალისტებიდან დავიწყოთ, დღეს ხელზე იღებენ 360 ლარს და  50 ლარიანი სხვაობით მიყვება: მაქსიმუმი – მთავარი სპეციალისტის ხელფასი დღეს არის 520 ლარი. მგონი ყველა ხვდება, რომ ამ ხელფასებით ვერ შევძლებთ ოჯახების რჩენას. საკუთარ თავსაც კი ვერ ვირჩენთ. რეალურად ეს თანხა იმაში გვეხარჯება, რომ სამსახურამდე მივიდეთ და უკან დავბრუნდეთ. წლებია ამ რეჟიმში ვართ, მაგრამ პანდემიის და ინფლაციის ფონზე უკვე შეუძლებელია ამ ხელფასებით არსებობა. არამარტო მე, არამედ მთლიანად სამსახური, მთელი თანამშრომლები ამ აზრზე ვართ – ყველანი ვიფიცებით.

მოლოდინი გვქონდა უკეთესი, იყო დანაპირები, რომ ჩვენი ხელფასები 30%-ით მაინც მოიმატებდა, მაგრამ როდესაც „ჩამოვარდა“ ჩვენი საშტატო განრიგი და იქ ნამატი მხოლოდ 10%-ია [სხვა გამოხმაურება ჯერჯერობით არ ყოფილა], ამან მთლიანად საქართველოს მასშტაბით გამოიწვია აღშფოთება და მივედით იქამდე, სადამდეც მივედით. ფაქტობრივად, არ გვიღირს ასეთი სამსახური.

ჩვენ წლებია ვემსახურებით სოციალურად დაუცველ ფენას ღირსეულად, თავდაუზოგავად და ჩვენ ახლა ვითხოვთ იმდენ ანაზღაურებას, რომ ჩვენ თავად გადავრჩეთ. არა მგონია ეს არარეალური მოთხოვნა იყოს.

მოკლედ, ჩვენი ძირითადი მოთხოვნაა ხელფასების მატება.

  • 10%-იანი მატება კანონით არის განსაზღვრული და ეს ცხადია თქვენზეც გავრცელდებოდა. თქვენ რატომ გქონდათ უფრო მეტი მატების მოლოდინი – ვინმე ამის შესახებ დაგპირდათ, თუნდაც სიტყვიერად?

მე ვარ ბათუმის ცენტრის მთავარი სპეციალისტი, რომელიც მუშაობს ოფისში. ჩვენ ხელფასები გაწერილია და შტატიანი თანამშრომლები ვართ, მაგრამ სოციალური აგენტები არიან ხელშეკრულებით. მათ მინიმუმ აქვთ ერთთვიანი და მაქსიმუმ სამთვიანი ხელშეკრულებები და ისინი არიან გამომუშავებაზე. მათ ერთ დეკლარაციაში უხდიან 4.95 ლარს. რა თქმა უნდა, ისინი ახლა ითხოვენ, რომ გაიზარდოს თითო დეკლარაციის ტარიფი. რა თქმა უნდა, ითხოვენ ტრანსპორტის ხარჯსაც – აგენტი ხომ უნდა მივიდეს ბენეფიციარამდე.

ერთი ოჯახის დეკლარაციის შესავსებად ჩვენს აგენტს შეიძლება დასჭირდეს 3 ვიზიტი, რადგან არ ხდებიან ყოველთვის ბენეფიციარები. მაშინ, როცა 70 თეთრი გახდა მგზავრობის ტარიფი ბათუმში, ეს თანხა მგზავრობასაც კი არ ეყოფა. მაშინ, როცა სოციალურად დაუცველმა ოჯახმა შეიძლება სოციალური დახმარების სახით უფრო მეტი შემოსავალი მიიღოს, ვიდრე აგენტმა, რომელმაც იმუშავა მის დასახმარებლად.

ეს რეალობაა. ჩვენ, არც ერთი, არ ვართ იმისათვის მოწოდებული, რომ რაიმე პრობლემა შევუქმნათ სააგენტოს, მით უმეტეს ბენეფიციარებს არ გვინდა, რომ რაიმე პრობლემა შეექმნათ, მაგრამ ჩვენც ვართ ყველანი ოჯახებიდან გამოსულები და ვითხოვთ ღირსეულ ანაზღაურებას.

  • თქვენ თუ იცით, ერთი სოცაგენტის ვალდებულება რა არის, რამდენი დეკლარაცია უნდა შეავსოს ერთი თვის განმავლობაში?

აქამდე იყო გეგმა – მინიმუმ 60 ერთეული დეკლარაცია იყო შესავსები. ოფიციალური ხელფასის შემდეგ მათ თითო დეკლარაციაზე ერიცხებათ 4.95 ლარი, მაგრამ პანდემიის გამო ეს რეალურად განსაზღვრული არ არის. ადრე იყო, როცა 150 ოჯახსაც ავსებდნენ, 80 ოჯახს და ხელფასიც გამოსდიოდათ. მაგრამ, დღეს, სოციალური აგენტები ოჯახებში ვერ შედიან ვირუსიდან გამომდინარე – სააგენტოს თვითნებურად გადამოწმებას ვერ შეძლებს, მთლიანად დამოკიდებულია ბენეფიციარების განაცხადებზე. შესაბამისად, დრეს არ არის ის რაოდენობა დეკლარაციების, რომ სოციალური აგენტის ხელფასი ავიდეს 500 ლარზე.

ფიზიკურად არ არის სამუშაო, თითოეული აგენტი 60 დეკლარაციასაც ვერ ავსებს, ამდენი რაოდენობა ფიზიკურად არ არსებობს.

  • გაფიცულია ბათუმი, ხულო, ხელვაჩაური და შუახევი, სულ რამდენი ადამიანი ხართ აჭარაში გაფიცული?

ზუსტად არ ვიცი. დაახლოებით 35 ადამიანი. 5-5 აგენტი უნდა იყოს შუახევსა და ხულოში. ბათუმის ცენტრი მთლიანად არის გაფიცული და სულ 16 ადამიანი ვართ, ხელვაჩაურში – 8 თანამშრომელია. ზუსტი მონაცემები არ მაქვს.

  • გგონიათ, რომ მოგისმენენ, გაიგონებენ თქვენ ხმას?

აუცილებლად მოგვისმენენ და გაიგონებენ. ამის იმედი გვაქვს. გადახედონ ჩვენს ხელფასებს.

  • სააგენტოს პარალიზების საფრთხე რამდენად არსებობს?

ჩვენი მიზანი პარალიზება და ლოკდაუნი არ არის. არ ვიცი, როგორ შეძლებენ, მაგრამ ოფისი ალბათ სამუშაოს გააგრძელებს. ამის შესახებ მე არ ვიცი. ვიცი ის, რომ ყველა თანამშრომელი ბათუმის ცენტრში იფიცება.

არის ცენტრები, განყოფილებები, სადაც თითო-ორი ადამიანი დარჩება, მაგრამ ეს აჭარაში არ იქნება. ჩვენ გვინდა ნორმალური ანაზღაურება და იმედია ჩვენი ხელისუფლება ამას გაიგონებს.

ჩვენ ორშაბათს მივალთ სამსახურებში, მაგრამ არ შევალთ სამუშაო სივრცეში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: