განათლება,მთავარი,სიახლეები

რატომ ვერ ირჩევენ სტუდენტები სასურველ მაინორ პროგრამას – ბსუ-ს განმარტება

18.01.2022 •
რატომ ვერ ირჩევენ სტუდენტები სასურველ მაინორ პროგრამას – ბსუ-ს განმარტება

უნივერსიტეტის სტუდენტებს მესამე კურსიდან შესაძლებლობა აქვთ ძირითადი საგანმანათლებლო პროგრამის გარდა დამატებითი სპეციალობაც აირჩიონ, ე.წ მაინორი (Minor) პროგრამის სახით. თუმცა რიგ შემთხვევებში სტუდენტებს არ ეძლევათ სასურველი პროგრამის არჩევის შესაძლებლობა და იძულებულნი არიან ის პროგრამა აირჩიონ, რომელზეც უფრო მეტი სტუდენტი რეგისტრირდება.

მაგალითად, დიანა ნაკაიძეს, რომელიც ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინგლისური ენის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლობს, სურდა, მაინორ პროგრამად ფრანგული ენა აერჩია, თუმცა ამის შესაძლებლობა მას არ მიეცა.

„ფრანგული ენა ძალიან მიყვარს, გატაცებული ვარ ფრანგული კულტურითაც და მინდოდა მეორე სპეციალობად ამერჩია, თუმცა აღმოჩნდა, რომ ამ პროგრამაზე მხოლოდ ორი სტუდენტი დავრეგისტრირდით. ჯგუფი არ შედგა. ადმინისტრაციაში მითხრეს, რომ პროგრამა უნდა შემეცვალა. იძულებული გავხდი გერმანული ენის პროგრამაზე გადავსულიყავი.

ჩემი აზრით, ეს პრობლემაა, რადგან გამოდის, რომ რეალურად სტუდენტს არ აქვს არჩევანი და სხვის არჩევანზე ვართ დამოკიდებული. ჩარჩოებში ექცევი და როცა გგონია, რომ გაქვს თავისუფალი არჩევანი, ასე აღარ გამოდის.

პრობლემა იყო ისიც, რომ მე მეორე დონის პროგრამაზე მოვითხოვე დარეგისტრირება, რადგან პირველი დონე უკვე გავლილი მქონდა, მაგრამ მაინც პირველ დონეზე დამარეგისტრირეს. გამოდის, ეს ერთი წელი ტყუილად დავკარგე, რადგან ახალი არაფერი მისწავლია“, – გვეუბნება დიანა.

დიანა ნაკაიძე, სტუდენტი

ბსუ-ს მესამეკურსელი სალომე გერძაძეც ინგლისურ ფილოლოგიას სწავლობს. იგი მაინორ პროგრამად დაწყებითი საფეხურის პედაგოგიკის კურსის არჩევას აპირებდა. აღმოჩნდა, რომ წელს ამის შესაძლებლობა სტუდენტებს უკვე აღარ ჰქონდათ.

„პროგრამა ამოღებული იყო. როცა ვიკითხე მიზეზი, ვერ მივიღე ამომწურავი პასუხი. ჩემთვის ამ პროგრამის გავლა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან პედაგოგობას ვაპირებ და აღარ მომიწევდა კიდევ ერთი წლით სწავლის გაგრძელება. ამ პროგრამით შევძლებდი სკოლაში მუშაობის უფლების მოპოვებას და აღარ ვიქნებოდი მაძიებელი მასწავლებელი. ახლა კი გამოდის, რომ ცალკე უნდა გავიარო 60-კრედიტიანი სავალდებულო პროგრამა“, – გვითხრა სალომემ.

სალომე იძულებული გახდა მაინორ პროგრამად ტურიზმის მიმართულება აერჩია.

რატომ ვერ ახერხებენ სტუდენტები სასურველი პროგრამის არჩევას? – ამ თემაზე უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის დეპარტამენტის უფროსს, მერაბ დიასამიძეს ვესაუბრეთ.

მისი თქმით, ბსუ-ში დამატებითი პროგრამების არჩევის შემთხვევაში გარკვეული რეგულაციები მოქმედებს და პროგრამა მაშინ იმუშავებს, თუ ჯგუფი მინიმუმ 15 სტუდენტით დაკომპლექტდება. მისივე თქმით, არის გამონაკლისი შემთხვევებიც.

„სტუდენტები მაინორი პროგრამების არჩევანში თავისუფალი არიან, თუმცა ჯგუფის მინიმალური კონტინგენტი არის გაწერილი.

თუ 15 სტუდენტზე მეტი აირჩევს ნებისმიერ საგანმანათლებლო პროგრამას, ამ შემთხვევაში შესაძლებელია შეიქმნას დამატებითი სპეციალობის ჯგუფები. იქ, სადაც არ დგება ჯგუფი ე.წ. მაინორ პროგრამებზე, სტუდენტებს აქვთ არჩევანის საშუალება ე.წ. თავისუფალ კომპონენტებთან [კრედიტებთან] მიმართებაში.

იდეაში, მაინორ პროგრამა ეს არის დამატებითი სერვისი, თუმცა ერთ კაცზე უნივერსიტეტი ხარჯს ვერ გასწევს. ეს საკითხი რეგულირდება უნივერსიტეტის შიდა კანონმდებლობით.

ამიტომ, იქ, სადაც უნივერსიტეტისთვის პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამებია, ჩვენ წელს გამონაკლისი დავუშვით და 5 სტუდენტისგან შემდგარი ჯგუფებიც დავუშვით გარკვეულ საგანმანათლებლო პროგრამებზე“, – ამბობს მერაბ დიასამიძე.

მისი თქმით, ასეთია, მაგალითად, რუსული, გერმანული და ფრანგული ენის საგანმანათლებლო პროგრამები, რადგან ამ მიმართულებებზე სტუდენტების მიღება საბაკალავრო პროგრამაზეც კი შეზღუდულია.

„ჩვენს უნივერსიტეტში მხოლოდ ინგლისური ენის პროგრამაა, სადაც სტუდენტების რაოდენობა ჯგუფში 60-ზე მეტს აღწევს, სხვა პროგრამებზე ისედაც ნაკლებია მოთხოვნა. მაგალითად, რუსულის, გერმანულის და ფრანგულის საგანმანათლებლო პროგრამაზე ყოველ წელს მხოლოდ 5 სტუდენტს ვიღებთ. ამიტომ, თუ ამ სპეციალობის მაიონორ პროგრამებზეც მინიმუმ 5-5 სტუდენტი შეგროვდება, ჯგუფი შედგება“, – ამბობს მერაბ დიასამიძე.

რაც შეეხება დაწყებითი საფეხურის მაინორ პროგრამას, როგორც მერაბ დიასამიძე ამბობს, დაწყებითი განათლების პროგრამა ბსუ-ში მილევადია და 2022 წლის მაისში დასრულდება.

„ეს პროგრამა ვეღარ იქნებოდა დამატებითი სპეციალობების სიაში, რადგან წელს, მაისში, ეს პროგრამა დასრულდება, როგორც ძირითად – საგანმანათლებლო, ასევე მაინორ პროგრამაში.

ამის ნაცვლად უნივერსიტეტში დაინერგა ახალი, ინტეგრირებული პროგრამა და წელს უკვე მეოთხეკურსელები გვყავს ამ მიმართულებაზე.

პედაგოგიკა რეგულირებადი პროფესიაა, ამიტომ ამ სპეციალობაზე შემუშავდა ახალი სპეციალური პროგრამა –  დაწყებითი საფეხურის საბაკალავრო-სამაგისტრო, ინტეგრირებული, 300-კრედიტიანი პროგრამა, რომელიც არის ხუთწლიანი და გათანაბრებულია მაგისტრატურასთან. ამიტომ, მაინორში ეს პროგრამა ვერ გვექნებოდა. ძველი პროგრამა მაისის შემდეგ აღარ იარსებებს“, – ამბობს ის.

მერაბ დიასამიძის თქმით,  სტუდენტებთან მეტი კომუნიკაციაა საჭირო, რადგან პანდემიის გამო სტუდენტებსა და უნივერსიტეტს შორის კომუნიკაცია მნიშვნელოვნად შესუსტდა.

„ამ პროგრამით შესაძლოა ისარგებლონ შეჩერებული სტატუსის სტუდენტებმა, აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი დაწყებითი განათლების პროგრამას ვეღარ გაივლის.

ჩვენ როგორმე უნდა შევძლოთ კომუნიკაციის გაუმჯობესება სტუდენტებთან, რადგან მოდის თაობა, რომელსაც უნივერსიტეტთან რეალური შეხება არ ჰქონია. ახალი სემესტრიდან, ვფიქრობ, იქნება ამ მიმართულებით ნაბიჯი გადადგმული“, – ამბობს ის.

მერაბ დიასამიძის თქმით, მაინორის სილაბუსშიც გაწერილია, რომ სტუდენტებმა ჯგუფებში უნდა იმუშაონ, „ამიტომ თუ მხოლოდ ერთი სტუდენტი აირჩევს პროგრამას, ჯგუფში მუშაობა ვერ გამოვა, ხომ?! ვერც ორკაციანში გამოვა ჯგუფი. ამიტომ ამ საკითხს უნივერსიტეტი ლოგიკურად არეგულირებს“, – ამბობს ის.

მერაბ დიასამიძის თქმით, თავისუფალი კრედიტების არჩევის შემთხვევაში სტუდენტებს უფრო მეტი არჩევანის საშუალება აქვთ და სხვა უნივერსიტეტების მსგავსად არ უწევთ დასწრება სასურველი საგნის თუ ლექტორის არჩევისას, რადგან ბსუ-ში, მისი თქმით, ამ მხრივ პრობლემა არ არსებობს:

„ჩვენთან არ არსებობს მინიმალური ზღვარი და მაქსიმალური თავისუფალი კრედიტების დროს ჯგუფის დაკომპლექტებისას, რადგან სტუდენტების მაქსიმალური რაოდენობა არც ერთ ჯგუფში არ ფიქსირდება. ჩვენ არ გვაქვს ასეთი გამოცდილება, ეს ალბათ უფრო დიდი უნივერსიტეტების პრობლემაა.“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: