მთავარი,სიახლეები

რუსული დროშის ქვეშ მცურავი გემი ბათუმის სანაპიროზე ღუზების ტყვეობიდან თავისუფალია – სააგენტო

18.01.2022 • 2898
რუსული დროშის ქვეშ მცურავი გემი ბათუმის სანაპიროზე ღუზების ტყვეობიდან თავისუფალია – სააგენტო

რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი, რომელიც ბათუმის სანაპიროსთან ახლოს, ზღვაში გადახლართული ღუზებით იდგა, „ღუზების ტყვეობისგან გათავისუფლებულია“. ამის შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო იტყობინება.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, ბათუმის ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურმა გემის ეკიპაჟთან ერთად ღუზები წყლიდან ამოიღო და გადახლართული ჯაჭვები ჩაჭრა.

რუსეთის დროშის ქვეშ მცურავ გემ SGV-Flot -ს საფრთხე 15 იანვარს შეექმნა. გემმა, რომელიც ბათუმის ნავსადგურის აკვატორიაში იმყოფებოდა, ძლიერი შტორმის გამო მანევრირების უნარი დაკარგა და ნაპირისკენ გამოირიყა. ზღვაზე ძებნა გადარჩენისა და გემების მოძრაობის მონიტორინგის სამსახურის დახმარებით, მშრალტვირთმზიდი SGV-Flot 16 იანვარს, დაახლოებით ღამის 3:00 საათზე, ზღვაში დაბრუნდა.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, საბოლოოდ გემი 16 იანვარს 09:55 საათზე უსაფრთხოდ დადგა საღუზე წერტილში. თუმცა მოგვიანებით სააგენტოში SGV-Flot-ის კაპიტნისგან შეტყობინება მიიღეს, რომ ღუზები გადაიხლართა და ეკიპაჟი ვერ ახერხებდა მათ სრულ ამოღებას წყლიდან.

„ღუზების ზღვიდან ამოღების პროცესში ტალღის და დინების შედეგად გემის თვითნებური გადაადგილების თავიდან აცილებისა და გემის იმავე პოზიციაზე გამაგრების უზრუნველსაყოფად, 2022 წლის 18 იანვარს, 08:00 სთ-ზე, ბათუმის ნავსადგურიდან გავიდა ბუქსირი TAMARA-1 რეიდზე მდგომი მშრალტვირთმზიდის (SGV FLOT) მიმართულებით.

ავარიული სამუშაოები წარმატებით დასრულდა. გემი ბუქსირის თანხლებით შემოვიდა ბათუმის ნავსადგურში, სადაც გაგრძელდება დანარჩენი სამუშაოები და პარალელურ რეჟიმში დაიწყება დატვირთვა,“ – ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ რელიზში.

ოპერაციის მართვაში ჩართული იყო და კოორდინირებულად მუშაობდა რამდენიმე სამსახური: საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ბათუმის ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახური, ზღვაზე ძებნა გადარჩენისა და გემების მოძრაობის მონიტორინგის დეპარტამენტი და სამაშველო ჯგუფი, შსს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტი, მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და საპატრულო პოლიცია.

____

ამავე თემაზე:

ტალღის სიმაღლის გამო ბუქსირი ვერ გადის დასახმარებლად – სააგენტო გამორიყული გემის შესახებ

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: