მთავარი,სიახლეები

გულუბრყვილო იმედია, რომ თურქეთიდან შემოტანით წამლები გაიაფდება – ინტერვიუ

19.01.2022 • 3707
გულუბრყვილო იმედია, რომ თურქეთიდან შემოტანით წამლები გაიაფდება – ინტერვიუ

„როგორ და რის საფუძველზე გაიაფდება მედიკამენტები? თურქეთი, რომელიც ახლაც გვაწვდის მედიკამენტების 25 %-ს, უცებ გადაწყვეტს, რომ უნდა მოგვაწოდოს უფრო იაფად? ვინ გადაუხდის კომპანიებს ამ სხვაობას? წარმოიდგინეთ, ვარ კომპანია, რაღაც მედიკამენტს ვაწარმოებ, რომელსაც საქართველოში ვყიდი 20 დოლარად. უცებ მეუბნებიან ათ დოლარად უნდა გაყიდო. რატომ უნდა გავყიდო ათ დოლარად? ვინ იქნება დისტრიბუტორი ამ მედიკამენტების?“ – ეს და სხვა მრავალი კითხვა საქართველოს მთავრობასთან აქვს ჯანდაცვის მენეჯმენტის ექსპერტს, პარტია „ლელოს წევრ“ ვატო სურგულაძეს.

რამდენად რეალურია წამლების გაიაფება და რა მექანიზმები აქვს შემუშავებული ამისათვის სახელმწიფოს, „ბათუმელები“ ამ თემაზე ვატო სურგულაძეს ესაუბრა.

  • ბატონო ვატო, პრემიერმა თქვა, რომ თურქეთის ბაზარი გაიხსნება და წამლები გაიაფდება. ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის ინფორმაციით კი, საქართველოში იმპორტირებული მედიკამენტების დაახლოებით მესამედი ისედაც თურქეთზე მოდის. აქედან გამომდინარე მინდა გკითხოთ, რა იგულისხმება ბაზრის გახსნაში და რამდენად რეალურია წამლების გაიაფება?

ნამდვილად ვეცადე გამეგო, რას ნიშნავს თურქული ბაზრის გახსნა, მაგრამ ვერ გავიგე პრემიერ-მინისტრის სიტყვა – უნდა გავხსნათ თურქეთთან ბაზარი. [წამლების] მესამედი თუ არა, დაახლოებით 20-25 % მაინცაა თურქული წარმოების. საქართველოში ქართული წარმოების მედიკამენტი სულ 13-14 % -ია. დარჩენილიდან მეოთხედი უჭირავს თურქულ ბაზარს. მეორეც – რატომ უნდა გააიაფოს ამან მედიკამენტები, მაშინ, როდესაც ისედაც შემოდის თურქეთიდან [წამალი].

მედიკამენტი ყველგან ძვირდება, მით უმეტეს თურქეთში, რომელსაც წელს ეკონომიკურად პრობლემური წელი ჰქონდა, 18 %-მდე აქვს ინფლაცია. მაგრამ იქ სახელმწიფო უკეთებს ე.წ. თანადაფინანსებას, ამიტომაც არ იზრდება მომხმარებლისთვის აფთიაქში წამლის ფასი – სუბსიდირება ხდება სახელმწიფოს მხრიდან.

ათ მილიარდამდე დოლარი ტრიალებს თურქულ ბაზარზე წამლის წარმოებაში, შექმნეს ძლიერი გიგანტები, რამაც ევროპელები და ამერიკელები, შეიძლება ვთქვათ, აიძულა, რომ მიეცათ საშუალება თურქეთში ეწარმოებინათ საკუთარი ლიცენზიით ეს მედიკამენტები.

ეს არის განცხადება – გავხსენით ბაზარი. მე მართლა ძალიან ვეცადე მომეპოვებინა რამე პრეზენტაციის სახით მაინც, რა მექანიზმი გააიაფებს. თუ აქამდე შემოდიოდა თურქული წამალი და ძვირი ღირდა, როგორ შემოვა ახლა იაფად? ვერც ვერავინ ამიხსნა, ვისაც მივმართე, ვერც ვერანაირი მექანიზმი, როგორ და რის საფუძველზე გაიაფდება, ვერ ვნახე.

როდესაც იწყებოდა „ქართული ოცნების“ ეპოქა, შეიქმნა ასეთი კომპანია – „ჰუმანიტი“, სადაც საპარტნიორო ფონდმა 30 მილიონი გადარიცხა, იაფი წამლების შემოტა-წარმოებისთვის. კომპანია გაქრა, დაიკარგა.

არ გამოვრიცხავ, რომ ახლაც მოხდება იგივე. რისკებს ხომ ვითვლით? ვინ გადაუხდის იმ სხვაობას თურქულ კომპანიებს? ვინ შემოიტანს ამ მედიკამენტებს? რომელ აფთიაქებში დაიდება?

ეს ძალიან გაუმჭვირვალე საკითხია და მიმაჩნია, რომ აქ არის უფრო პოლიტიკური პოპულიზმი, ვიდრე რეალური საქმე. პირადად მე მოხარული ვიქნები, თუკი მედიკამენტი გაიაფდება.

მეორე მომენტიც არსებობს, რა ხარისხის მედიკამენტი შემოვა. მაგალითად, ავიღოთ ცეფტრიაქსონი. ერთი ღირს ხუთი ლარი, მეორე – 19 ლარი, მესამე – 29 ლარი. ერთი და იმავე დანიშნულების მედიკამენტია, ერთნაირი გრამაჟით, ყველაფერი ერთნაირია, მაგრამ ფასებია სხვადასხვა. ის 5-ლარიანი რეალურად ძალიან დაბალი ხარისხის მედიკამენტია და თერაპევტულ ეფექტს არ იძლევა.

  • თურქეთის სახელმწიფო ასუფსიდირებს მედიკამენტებს და ამის გამოა იქ წამალი იაფი მოქალაქეებისთვის, მაგრამ სუფსიდირება, წესით, იმპორტზე არ გავრცელდება. ეს მოცემულობა რა გავლენას იქონიებს თურქეთიდან საქართველოში შემოტანილი მედიკამენტების ფასზე?

წარმოიდგინეთ, მე ვარ თურქეთის სახელმწიფო, სერიოზული ეკონომიკური პრობლემები მაქვს ქვეყანაში, ამ დროს რატომ უნდა დავუსუბსიდირო საქართველოს მედიკამენტები?

სახელმწიფო გადაუხდის ამ თანხას? მაგრამ ბიუჯეტში მე ვერ ვნახე ასეთი ჩანაწერი, სადაც იქნებოდა ამაზე საუბარი.

მექანიზმი არსად ჩანს. მე რომ თურქეთი ვარ, რატომ უნდა მივცე საქართველოს იაფად და რატომ უნდა ვუხადო მისი მოქალაქის სუბსიდირება – ხომ ლოგიკური შეკითხვაა არა. გვაჩვენონ ეს მექანიზმი, რის საფუძველზე გაიაფდება მედიკამენტები. მე მომხრე ვარ, თუ ასეთი რამ მოხდება საქართველოში.

საქართველოში სამი დიდი კომპანია არსებობს – „ავერსი“, „პსპ“ და „გეფა“. 82% უკავიათ ბაზრის, პრაქტიკულად ოლიგოპოლია აქვთ შექმნილი. ასეთ რთულ სიტუაციაში, როდესაც კარტერული გარიგება აქვთ ერთმანეთში, არავითარი კონკურენტები არ არიან ერთმანეთის, იცით რა მოხდება? თუ ყველა რისკი კარგად არ გაითვალა, შეიძლება გაქრეს ხარისხიანი მედიკამენტები ბაზრიდან, რომელიც შემოდის შვეიცარიიდან, დიდი ბრიტანეთიდან და სხვა ქვეყნებიდან. ეს საკმაოდ დიდი დარტყმა იქნება მოსახლეობისთვის.

  • თქვენ ახსენეთ საფრთხე, რომ შეიძლება აქ შემოსული მედიკამენტები იყოს დაბალი ხარისხის. როგორც ვიცით, თურქეთი ძალიან მკაცრად აკონტროლებს თავის ქვეყანაში წამლის ხარისხს.

ახლახან ჩემი მეგობარი გაფრინდა გერმანიაში. იცით, რა დავაბარე? ასპირინი. აქაც იყიდება, მაგრამ არავითარი ეფექტი იმ ასპირინს არ აქვს. მეტი არაფერი არ გინდაო? მეთქი – არა, გერმანიაში მიყიდე ასპირინი.

ზუსტად იმავე ყუთშია, მაგრამ გერმანიიდან  ჩამოტანილს და აქ ნაყიდს აბსოლუტურად სხვადასხვა მოქმედება აქვს.

ამიტომ მნიშვნელოვანი იქნება ხარისხის შემოწმება. ჩვენ არ გვაქვს ჯერჯერობით ლაბორატორია, რომ შევამოწმოთ. მუდმივი კონტროლი უნდა იყოს – რა პარტია შემოვიდა და როგორ შემოვიდა. თურქული წამლები მაღალი ხარისხის რომ იყოს, ევროპაშიც გავიდოდა, მაგრამ ევროპაში რატომღაც არ არის გასული.

რა თქმა უნდა, არსებობს მაღალი დონის თურქული მედიკამენტებიც, მაგრამ ასევე არსებობს დაბალი ხარისხის მედიკამენტებიც.

  • როგორ უნდა შემოწმდეს ხარისხი?

ძვირია. ამას სჭირდება რეფერალური ლაბორატორია, რომელიც ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ დაანონსა, რომ შემოდგომაზე გვექნება. ეს ლაბორატორია ახლა არ გვაქვს. როცა რაღაც გვჭირდება, სამხარაულის ცენტრში მიდიან, მაგრამ იქ ყველა მედიკამენტს ვერ ამოწმებენ, ამიტომ გვიწევს გადაგზავნა ლიტვაში, ლატვიაში, შვეიცარიაში. ერთი მედიკამენტის ქიმიური პარტიის შემოწმება 25 ათას ევრომდე ჯდება. არც ისე იაფი სიამოვნებაა. თუ გააკეთეს ლაბორატორია, მაშინ ეს კარგი იქნება.

ჩვენთან ბაზარი არის გაჯერებული უხარისხო მედიკამენტებით – ინდოეთი ავიღოთ, უკრაინა, რუსეთი, ეგვიპტე, უამრავი უხარისხო მედიკამენტია. ამას ვერ ვაკონტროლებთ და იმას როგორ გადავაკონტროლებთ, ცოტა რთული საკითხია.

მოქალაქეების ჯანდაცვის ხარჯებიდან 40 %-მდეა მედიკამენტების ფული. ეს უზარმაზარი რიცხვია და ნორმალურ ქვეყანაში 12%-ს არ სცილდება.

იგივე თურქეთში ძალიან პატარაა ჯიბიდან მედიკამენტებზე გადახდილი თანხა. ამასთან, თუ წამალი ღირს 5 დოლარი, 2 დოლარი ადევს ფასი და იმ 3 დოლარს მწარმოებელს უხდის სახელმწიფო ბიუჯეტი. ანუ სუბსიდირებული სისტემაა.

  • უხარისხო მედიკამენტების შემოტანის რისკები რომ მოიხსნას, რა უნდა გაკეთდეს?  

პირველი – როცა შემოდის მედიკამენტი, უნდა შემოწმდეს ძალიან კარგად, დოკუმენტაცია სრულყოფილი უნდა იყოს. ამასთან, პირველ ჯერზე შეიძლება მედიკამენტი შემოიტანონ ხარისხიანი, მაგრამ შემდეგ პარტიებში რა მედიკამენტი შემოვა, ესეც გასაკონტროლებელია.

შემთხვევითობის პრინციპით ამოვიღებთ, შევამოწმებთ, ამოვიღებთ – შევამოწმებთ, მუდმივად უნდა იყოს იმის შიში, კარგი გაგებით, რომ შემოტანილი წამლები გაკონტროლდეს, რომ არ იყოს დამოკიდებულება – „შევიტან საქართველოში, მაინც ყველაფერს დალევენ“.

ჩვენთან, გარდა იმისა, რომ ხდება ქაღალდების და დოკუმენტაციის რეგისტრაცია, იმის იქით ბაზარი არ კონტროლდება. ჩვენთან ხარისხის კონტროლი პრაქტიკულად არ არსებობს.

მით უმეტეს ადამიანების შემოსავლიდან გამომდინარე, ძალიან ბევრი ყიდულობს იაფ მედიკამენტს, რომელიც ძალიან ხშირად არ არის ეფექტური.

  • სააფთიქო ქსელების მფლობელები, მედიკამენტების მწარმოებლები და სამედიცინო დაწესებულებები ძირითადად რამდენიმე გავლენიან ჯგუფს ეკუთვნის საქართველოში. სავარაუდოდ თურქეთიდან წამლებსაც ისინი შემოიტანენ. რა აიძულებს მათ, რომ იმაზე იაფად გაყიდონ წამალი, ვიდრე ახლა ყიდიან?

რეგულაცია უნდა ჰქონდეთ შემოტანისას, როგორც ბრიტანეთში ხდება – რეფერენტული სისტემა არსებობს, ანუ მე ვსწავლობ ბაზარს, ირგვლივ რა ხდება და ვამბობ – ეს მედიკამენტი ამაზე მეტად არ გაიყიდება. აქ უკვე ლიმიტები და შეზღუდვები შემოვა, რასაც აქვს თავის საშიშროება, რომ წავა ჩემოდნებით შემოტანა. რუსებმა და აზერბაიჯანელებმა შემოიღეს ლიმიტი, აი, ამაზე მეტი არ შეიძლება ღირდესო – შედეგად ბაზრიდან გაქრა ხარისხიანი მედიკამენტი, არ უღირდათ იმის შეტანა.

ეს ბაზრის შეზღუდვაა და ფარმაცევტული ბაზარი არის უძლიერესი – ის ყოველთვის იპოვის შეზღუდვებიდან გამოსავალს.

[დავით] სერგეენკოს დროს მოხდა ასეთი რამ – შემოტანილი მედიკამენტის მარჟა 15%-ზე მეტი არ უნდა ყოფილიყო. თუ ყიდულობდა უცხოეთში 100 ლარად, 115 ლარზე მეტად ვერ გაყიდდა. იცით, რა ქნეს კომპანიებმა? იქ ჩასვეს თავის წარმომადგენლები, ვთქვათ, ჩეხეთში ან სლოვენიაში. ის წარმომადგენელი ყიდულობდა ქარხნიდან და მერე თავისავე კომპანიას აძლევდა უფრო მაღალ ფასში. იმის ნაცვლად, რომ ფასები შემცირებულიყო, ფასები გაიზარდა. ძალიან ბევრი რისკია ამასთან დაკავშირებული. რამდენად წამოვა ამაზე ეს სამი გიგანტი (ავერსი, პსპ, გეფა)? – პრაქტიკულად ჩვენ ვეუბნებით, რომ სხვა მედიკამენტები აღარ გაიყიდება და მისი მოგების მარჟა დაიკლებს. ფარმაცევტული ბიზნესი მსოფლიოში მეორეა შემოსავლით იარაღით ვაჭრობის შემდეგ, ზოგჯერ ძალიან ბინძურადაც იქცევა.

გერმანიაში ძალიან საინტერესო კანონია – მწარმოებელ ქარხანას უფლება არ აქვს, ჰქონდეს თავისი სადისტრიბუციო კომპანია. სადისტრიბუციო კომპანიას არ აქვს უფლება, ჰქონდეს თავისი აფთიაქი. აქ კომპანია შემომტანიც არის, მწარმოებელიც, დისტრიბუტორიც, ამავე დროს საბითუმო ვაჭრობის ბაზაც აქვს და საცალო ვაჭრობის აფთიაქებიც.

თურქეთიდან წამალს შემოვიტან და ამიტომ წამალი გაიაფდება, ძალიან გულუბრყვილო იმედებია. ეს ჩემი აზრია და ღმერთმა ქნას, რომ რეალურად გაიაფდეს მედიკამენტი.

  • ეს ხომ არ გააჩენს ახალ დისტრიბუტორებს?

მე მაქვს მაგალითები, როგორ ჩაყლაპოს პატარა კომპანიები და წაიყვანოს წაგებაზე. ასეთი მექანიზმებიც არსებობს.  მედიკამენტები ძვირია და მოდი, ახლა გავაიაფებ, ასე არ ხდება. ამას საკმაოდ სერიოზული მუშაობა და რისკების გათვლა უნდა, როცა გაქვს ასეთი ოლიგოპოლია მედიკამენტებში.

  • მაგალითი ხომ არ შეგიძლიათ გვითხრათ, როგორ შეუძლიათ დიდ კომპანიებს დააზიანონ პატარა აფთიაქები?

დიდი ყიდულობს აბსოლუტურად ყველაფერს და იმას შემდეგი პარტია რომ შემოაქვს, იმაზე დემპინგურ ფასს აკეთებს. შენი წამალი აღარ იყიდება. მაგალითად, ყიდი 2 ლარად წამალს. მოდის დიდი ფარმაცევტული ფირმა და ყიდულობს ყველაფერს, რაც გაქვს შემოტანილი. შენ მიდიხარ, თავიდან შემოგაქვს 2 ლარად, იმან კიდევ თავის აფთიაქში 1.90-ად დადო. შენი კომპანია ხვდება პრესში.

ოლიგოპოლიური ბაზარი, როგორც წესი, არ უშვებს სხვა მოთამაშეებს. სხვადასხვა მეთოდი არსებობს, როგორ არ შემოუშვა ახალი მოთამაშე. აი, აქ არის საჭირო ზუსტად სახელმწიფოს ანტიმონოპოლიური სააგენტო, ფასების რეგულირების სააგენტოს აქტიურობა. ის სინამდვილეში არაფერს აკეთებს ამისთვის.

თურქეთში ძალიან საინტერესო მომენტია. ვთქვათ, რომელიმე ფარმაცევტულ კომპანიას თუ გააქვს თავისი მედიკამენტი გამოფენაზე, პირობითად, 1000 ევრო თუ ღირს ამ გამოფენაზე გატანა, 800 ევროს გადაუხდის სახელმწიფო. მაქსიმალურად ცდილობენ ბიზნესის წახალისებას, ბიზნესზე მუშაობას და არა ისე, როგორც საქართველოში.

საქართველოში ხელი უნდა შევუწყოთ წარმოებას, რაც შეიძლება მეტი, ოღონდ ხარისხიანი მედიკამენტი უნდა ვაწარმოოთ. მით უმეტეს, ის მედიკამენტები, რომლებიც ყველაზე მოხამარებადია. გასაგებია, რომ არის მედიკამენტი, რომელსაც ჩვენ ვერ გამოვუშვებთ, ამის გამოცდილებაც არ გვეყოფა, თავისიო ტექნოლოგიები აქვს, პატენტი ძვირი ღირს. თურქეთს იმიტომ აქვს იაფი მედიკამენტი, რომ აქვს ადგილობრივი წარმოება, რომელსაც ასუბსიდირებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: