ბათუმი,განათლება,მთავარი,სიახლეები

„გიამბობთ მკითხველი“ – მოგზაური ბიბლიოთეკა კონკურსს აცხადებს

19.01.2022
„გიამბობთ მკითხველი“ – მოგზაური ბიბლიოთეკა კონკურსს აცხადებს

„მოგზაური ბიბლიოთეკა“ აცხადებს კონკურსს მაღალმთიან აჭარაში მცხოვრები მკითხველისთვის.  

კონკურსის ფარგლებში, აჭარის მაღალმთიანი სოფლების სასკოლო და სასოფლო ბიბლიოთეკების მკითხველს შეუძლია დაწეროს მოსაზრება ან/და შექმნას მულტიმედია მასალა (ტექსტი, ფოტო და ვიდეო) მისთვის მნიშვნელოვან ამბებზე. 

„მოგზაური ბიბლიოთეკის“ გუნდი შეარჩევს საკონკურსო ნამუშევრებს, რომლებიც „ბათუმელების“ ვებგვერდზე გამოქვეყნდება. 

კონკურსი გაგრძელდება 2022 წლის პირველ სექტემბრამდე, 8 სექტემბერს – წიგნიერების საერთაშორისო დღეს კი, გამოვლინდებიან გამარჯვებული ავტორები. მათ საჩუქრად გადაეცემათ თანამედროვე ტექნიკა [ფოტოაპარატი, სმარტფონი, ნოუთბუქი ან სხვა]. 

კონკურსის ფარგლებში სტიპენდია დაენიშნებათ იმ ბიბლიოთეკების ხელმძღვანელებსაც, რომელთა მკითხველებისგანაც ყველაზე მეტ და საინტერესო ამბავს მიიღებს „მოგზაური ბიბლიოთეკა“. 

ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობა 

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ მაღალმთიანი აჭარის სასოფლო და სასკოლო ბიბლიოთეკების მკითხველებს. ასაკი შეუზღუდავია. 

თუ ჯერ კიდევ არ ხართ რეგისტრირებული, აუცილებლად მიაკითხეთ თქვენს სოფელში მდებარე ბიბლიოთეკას და დარეგისტრირდით, როგორც მკითხველი. 

დაწერეთ მოსაზრება, მოამზადეთ ფოტორეპორტაჟი ან ვიდეო თქვენთვის მნიშვნელოვან ამბავზე და გამოგვიგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე: travelinglibrary.studio@gmail.com ან ფეისბუქგვერდზე

გამოგზავნილ წერილში მიუთითეთ თქვენი სახელი, გვარი, ასაკი, სოფელი და იმ ბიბლიოთეკის დასახელება, რომლის მკითხველიც ხართ. 

ამავე წერილში მოგვწერეთ თქვენი ბიბლიოთეკარის სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი და თქვენი სურვილი მოკლედ: რა სჭირდება თქვენი სოფლის ბიბლიოთეკას. 

როგორ გამოვლინდებიან გამარჯვებულები 

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ რედაქტორთა და ჟურნალისტთა გუნდი შეარჩევს გამარჯვებულებს შემდეგ ნომინაციებში::

  • საუკეთესო მოსაზრება
  • მოსაზრება თემაზე – „წიგნი, რომელმაც შემცვალა“
  • საუკეთესო მულტიმედია [ტექსტი, ვიდეო, ფოტო]
  • სოფლის საჭიროებების საუკეთესოდ წარმოჩენა

ასევე, გამოვლინდება ნამუშევრები, რომლებსაც მკითხველის/მაყურებლის ყველაზე მეტი ნახვა და ჩართულობა ექნება „ბათუმელების“ ვებგვერდზე. 

გაფრთხილება: კონკურსში არ დაიშვება ნამუშევარი, რომელიც შეიცავს სიძულვილის ენას, ცრუ ინფორმაციას ან/და არღვევს საავტორო უფლებებს. 

თუ „მოგზაური ბიბლიოთეკა“ ჯერ არ ყოფილა თქვენი სოფლის ბიბლიოთეკაში, შემოგვიერთდი და ერთად შევავსოთ ცარიელი თაროები. 

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ, დაგვირეკეთ ან გვიპოვეთ ფეისბუქზე: 

ინფორმაცია ბიბლიოთეკის ხელმძღვანელებისთვის 

მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე, ფეისბუქგვერდზე ან/და დაგვიკავშირდით ტელეფონით და მოგვაწოდეთ ინფორმაცია თქვენი ბიბლიოთეკის, მისი მკითხველის რაოდენობის, წიგნადი ფონდის ბოლო განახლებისა და საჭიროებების შესახებ, რათა ერთად ვიპოვოთ მათი გადაჭრის გზები. 

რა არის „მოგზაური ბიბლიოთეკა“?

„მოგზაური ბიბლიოთეკა“ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ პროექტია, რომლის მიზანია აჭარის სოფლებში მცხოვრებ ბავშვებს ხელი მიუწვდებოდეთ წიგნებზე.

ამ ეტაპზე „მოგზაური ბიბლიოთეკის“ ამოცანაა აჭარის 65 სასოფლო და სასკოლო ბიბლიოთეკა ახალი წიგნებით მოამარაგოს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: