ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა მიმდინარე წელს 64 მილიონი ლარის ნაცვლად 60 მილიონი ლარით დაფინანსდება, ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის მონაკვეთის მშენებლობის დაფინანსება კი, 10 მილიონის ნაცვლად 14 მილიონ ლარამდე გაიზრდება.
სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის მიხედვით, ხულო-ზარზმის გზის მშენებლობისთვის 2021 წლის 6 თვეში 4,5 მილიონი ლარის სამუშაოები უნდა შესრულებულიყო, თუმცა 5 თვის მონაცემებით შესრულდა 199 ათასი ლარის სამუშაო, რაც გეგმის 4.4 პროცენტია.
რაც შეეხება ბათუმის შემოვლით გზას, 6 თვეში უნდა დახარჯულიყო 23,7 მილიონი ლარი, თუმცა 5 თვის მონაცემებით შესრულებული იყო მხოლოდ 11,5 მილიონი ლარის სამუშაოები [48.6 პროცენტი].
საქართველოს მთავრობამ პარლამენტში წარადგინა კანონპროექტი, რომლითაც 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები შედის.
ბიუჯეტში შესატანი ცვლილების მიხედვით 21 პროგრამის დაფინანსება იზრდება, ჯამურად 1.1 მლრდ ლარის ოდენობით, ხოლო 4 პროგრამის დაფინანსება მცირდება, ჯამურად 40 მლნ ლარის ოდენობით. ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში, 400 მლნ-ზე მეტი ლარით იზრდება პანდემიის საპასუხოდ გასატარებელი ღონისძიებების დაფინანსება.
„საყურადღებოა, რომ კანონპროექტის ფარგლებში არ მომხდარა განახლებული კაპიტალური პროექტების დანართის წარმოდგენა. ასევე, კანონპროექტს არ ახლავს სსიპ/ა(ა)იპ-ების ბიუჯეტების შესახებ განახლებული ინფორმაცია,“ – აცხადებს აუდიტი.
კანონპროექტის მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები იზრდება 1.2 მილიარდი ლარით და 17.9 მილიარდ ლარს უტოლდება. იზრდება გადასახდელების გეგმური მაჩვენებელიც 1.1 მილიარდი ლარის ოდენობით და 19.5 მილიარდ ლარს შეადგენს.
„პროექტი გადასახდელების დასაფინანსებლად ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტის არსებული ნაშთიდან (2.3 მლრდ ლარი) 1.6 მლრდ ლარის გამოყენებას. შედეგად, წლის ბოლოს ნაშთის საპროგნოზო მოცულობა იქნება 746 მლნ ლარი, საიდანაც 594 მლნ ლარი განთავსებულია კომერციული ბანკების 10-წლიან სადეპოზიტო სერტიფიკატებში. აღნიშნულის გათვალისწინებით, მნიშვნელოვნად მცირდება ფისკალური ბუფერის მოცულობა და სახელმწიფო ბიუჯეტის თავისუფალი ნაშთი 152 მლნ ლარს უტოლდება,“ – აცხადებს აუდიტი.
„2021 წლის ბოლოსთვის სახელმწიფო ვალის მოცულობა არსებულ გეგმასთან შედარებით 1.4 მლრდ ლარით მცირდება და 32.3 მლრდ ლარს უტოლდება. აღნიშნულ შემცირებაში ძირითადი წვლილი ეროვნული ვალუტის გამყარებამ შეიტანა, რომლის ეფექტი 98%-ს შეადგენს (1.4 მლრდ ლარი), ხოლო ვალის არსებული ნაშთის შემცირების ეფექტი კი 2%-ია (30.5 მლნ ლარი)“, – აცხადებს აუდიტი.
აუდიტის მიხედვით, „საყურადღებოა, რომ კანონპროექტზე თანდართულ პროგრამული ბიუჯეტის დანართში არ მომხდარა ყველა იმ პროგრამის/ქვეპროგრამის მიზნობრივი მაჩვენებლის დაკორექტირება, რომელსაც შეეცვალა დაფინანსება. კერძოდ, 8 პროგრამისა და 16 ქვეპროგრამის შემთხვევაში, რომელთაც მნიშვნელოვნად შეეცვალათ დაფინანსება (-74%-დან 234%-მდე) მიზნობრივი მაჩვენებლები არ განახლებულა. ფინანსურ და არაფინანსურ ინფორმაციას შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის არსებობა კი ძირითადი წინაპირობაა ანგარიშგების ეტაპზე მიღწეული შედეგების სრულყოფილად შეფასებისათვის“.