მთავარი,სიახლეები

შუახევში პაციენტი 3 კილომეტრი ხელით ატარეს, გადმოსაყვანია კიდევ 1 პაციენტი

18.01.2022
შუახევში პაციენტი 3 კილომეტრი ხელით ატარეს, გადმოსაყვანია კიდევ 1 პაციენტი

შუახევში მოსახლეობამ პაციენტი დაახლოებით 3 კილომეტრის მანძილზე ატარა საკაცით თოვლისგან გაწმენდილ გზაზე ჩამოსაყვანად.

შემთხვევა დღეს, 18 იანვარს, მოხდა შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბელაშვილებში. შუადღისას ხანდაზმულმა კაცმა დაცემის შედეგად სავარაუდოდ, მოტეხილობები მიიღო და სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა, თუმცა სასწრაფოს მანქანა თოვლისგან გაუწმენდავი გზის გამო სოფელში ვერ ავიდა.

როგორც სოფელში გვითხრეს, გზას ორი ტრაქტორი წმენდდა თოვლისგან, თუმცა ერთი გაფუჭდა, მეორე ტრაქტორმა კი საღამოს მუშაობა შეაჩერა, სავარაუდოდ, ზვავსაშიშროების გამო.

„სოფლის ხალხი დაგვეხმარა და ჩამოიყვანეს სამი კილომეტრი ფეხით, საკაცეზე მყოფი პაციენტი. ახლა მიჰყავთ ბათუმში“ – უთხრა „ბათუმელებს“ ოჯახის ახლობელმა. მისივე თქმით, სოფელში კიდევ ერთ ადამიანს სჭირდება საავადმყოფოში გადაყვანა.

„ბათუმელები“ ესაუბრა შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის იურიდიული განყოფილების უფროსს, ზორბეგ ქარცივაძეს, რომელიც ამჟამად სოფელ ხაბელაშვილებში იმყოფება. მან შემთხვევა დაგვიდასტურა და გვითხრა, რომ ამჟამად ადგილზე იმყოფებიან შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძე და შუახევის მერის მოადგილე გურამ ზოიძე.

„ამ ეტაპისთვის გზა გახსნილია. გვაქვს ინფორმაცია, რომ კიდევ ერთ პაციენტს სჭირდება დახმარება და ვარკვევთ, როგორ შეიძლება დაკავშირება იმიტომ, რომ ტელეფონი არ იჭერს ყველგან. ტექნიკა მუშაობს, მაგრამ მოდის ზვავები და ამასთან გამკლავება გვიჭირს,“ – გვითხრა ზორბეგ ქარცივაძემ.

ხაბელაშვილებში თოვლის საფარის სიმაღლე დაახლოებით 1.5 მეტრია.

_____________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: