მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

ბათუმსა და თბილისში სოციალური სააგენტოს თანამშრომლები მასშტაბურ აქციებს აანონსებენ

19.01.2022
ბათუმსა და თბილისში სოციალური სააგენტოს თანამშრომლები მასშტაბურ აქციებს აანონსებენ

სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები, მთელი საქართველოს მასშტაბით, აგრძელებენ გაფიცვას და ხვალ, 20 იანვარს, თბილისსა და ბათუმში აქციებისთვის ემზადებიან.

ისინი ჯანდაცვის ახალ მინისტრთან შეხვედრას მოითხოვენ.

სოციალური სააგენტოს თანამშრომლები ხელფასების გაზრდასა და სამუშაო პირობების გამოსწორებას უკვე რამდენიმე თვეა ითხოვენ.”სოლიდარობის ქსელის” ცნობით, წინასაგაფიცვო მედიაცია უშედეგოდ დასრულდა, თუმცა მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალია მშრომელებს გარკვეული მოთხოვნების შესრულებას დაჰპირდა.

მინისტრ ტიკარაძის ცვლილების შემდეგ მშრომელები ელიან, დაკმაყოფილდება თუ არა მათი მოთხოვნები ახალი მინისტრის პირობებში.

18 იანვარს ჯანდაცვის სამინისტრომ ოფიციალურად დაამტკიცა სოციალური მომსახურების სამსახურის თანამშრომელთა ახალი ხელფასები, თუმცა სოციალური მომსახურების სააგენტოს 390 თანამშრომელი, ძირითადად, სოციალური მუშაკები,  არ ეთანხმება ჯანდაცვის მიერ შეთავაზებულ ახალ ხელფასებს, რადგან ამბობენ, რომ მატება არასაკმარისია, მათი შრომა კი – დაუფასებელი. ამასთანავე, სოცაგენტები აცხადებენ, რომ სამინისტრომ ამ გადაწყვეტილების მიღებაში ისინი კვლავ არ ჩართო.

მათი ხელფასი 250 ლარის ნაცვლად 400 ლარი გახდება, უფროსი სოციალური აგენტის კი – 550 ლარის ნაცვლად 700 ლარი. ასევე, ოჯახებში შესრულებული ვიზიტების ფარგლებში, ერთ შევსებულ დეკლარაციაზე სოციალური აგენტები 6 ლარის ნაცვლად 10 ლარს მიიღებენ. ასევე, სოციალური მომსახურების სააგენტოს დაბალი და საშუალო რგოლის თანამშრომლებს ხელფასი 40%-დან 60%-მდე ეზრდებათ. აღნიშნულის შესახებ დოკუმენტი გასაცნობად თანამშრომლებს უკვე დაეგზავნათ“,- წერს ჯანდაცვის სამინისტრო.

წყარო: “სოლიდარობის ქსელი” / გაფიცვა თბილისში

გაფიცულები ბათუმში ჯანდაცვის სამინისტროსთან, თბილისში კი მთავრობის კანცელარიასთან შეიკრიბებიან. მათი ძირითადი მოთხოვნებია:

  •  ყველა გაფიცულის ხელფასის (ფიქსირებული და გამომუშავებული ერთეულის) ზრდა 100 %-ით
  • სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად გაწეული ტრანსპორტირების ხარჯის ანაზღაურება სოციალური აგენტებისთვის
  • რეგიონულ და რაიონულ განყოფილებებში იმავე პოზიციაზე დასაქმებულთა ხელფასებთან გათანაბრება
  • იმ შემთხვევაში, თუ რეორგანიზაციის დასრულებას მოჰყვება მთავარი სპეციალისტის (იურისტი) შტატის შემცირება, აღნიშნული პირები, როგორც მთავარი სპეციალისტები, გადაყვანილნი იქნენ შესაბამის პოზიციაზე იმავე ან სხვა განყოფილებაში
  • სააგენტოს მიერ სხვა, დამატებითი სამუშაოს დაკისრების შემთხვევაში (სხვა სსიპების დახმარების მიზნით) შემსრულებელ პირს დაერიცხოს დამატებითი შრომითი ანაზღაურება
  • სააგენტოს ცენტრებს დაემატოს კადრები, რათა დასაქმებულს არ მოუხდეს სხვა დამატებითი პოზიციების ფუნქცია-მოვალეობის შეთავსება
  • გაფორმდეს პროფესიულ კავშირთან შრომის კოლექტიური ხელშეკრულება
  • ჩაიდოს ხელშეკრულებაში ხელფასის ყოველწლიური კალკულაცია ინფლაციის დონის გათვალისწინებით
  • მოგვეცეს ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულება

17 იანვარს სოციალური სააგენტოს 390-მდე თანამშრომელი გაიფიცა. გაფიცვას შეუერთდა აჭარის რეგიონის მუნიციპალიტეტებიც, გარდა ქობულეთისა და ქედისა – დაახლოებით 35 ადამიანი.

სოცაგენტების გარდა გაფიცვას ასევე უერთდებიან სპეციალისტები, იურისტები და სხვა თანამშრომლები. ეს გადაწყვეტილება კი ნიშნავს, რომ ორშაბათიდან ქვეყნის მასშტაბით სოციალური მომსახურების ცენტრები ბენეფიციარებს ვეღარ ემსახურებიან.

____________________________

ფოტო: პროფკავშირი “სოლიდარობის ქსელი”

ამავე თემაზე:

ჩვენც ვიფიცებით, ვითხოვთ ხელფასების მომატებას – სოციალური აგენტი ბათუმიდან

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: