მთავარი,სიახლეები

სასახლეები ევროპასა და ამერიკაში – ნაზარბაევის მემკვიდრეების ქონება

18.01.2022 • 1696
სასახლეები ევროპასა და ამერიკაში – ნაზარბაევის მემკვიდრეების ქონება

ყაზახეთის ყოფილი პრეზიდენტი, ნურსულთან ნაზარბაევი, ქვეყანაში საპროტესტო აქციების დაწყების შემდეგ საზოგადოებაში დღეს პირველად გამოჩნდა – მან საზოგადოებას ვიდეოთი მიმართა. ნაზარბაევის თქმით, ელიტაში არავითარი კონფლიქტი არ არსებობს. თავად კი „დამსახურებულად ისვენებს“ ყაზახეთის დედაქალაქში.

ახალი წლის დღეებში ყაზახეთს საპროტესტო ტალღამ გადაუარა – დაიღუპა 160 ადამიანი, დაკავებულია 5 135-ზე მეტი ადამიანი.

ნურსულთან ნაზარბაევი ყაზახეთს პრეზიდენტის რანგში 28 წლის განმავლობაში მართავდა. მანამდე, საბჭოთა პერიოდშიც, თავად იყო ამ ქვეყნის პირველი პირი – ცეკას პირველი მდივანი. 2010 წელს კი მას მიენიჭა „ერის მამის“ წოდება. ამ ეტაპზე 82 წლის ნაზარბაევი ქვეყნის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეა. ყოფილი პრეზიდენტი ხელმძღვანელობს მმართველ პარტიასაც.

ნაზარბაევები ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ოჯახია შუა აზიის ამ ქვეყანაში. დასავლური მედიის ცნობით, ნაზარბაევის მემკვიდრეები ასეულობით მილიონი დოლარის უძრავ ქონებას ფლობენ არა მხოლოდ ქვეყნის ტერიტორიაზე, არამედ ამერიკასა და ევროპაში.

მაგალითად, ჟურნალ Forbes-ის მიხედვით, ნაზარბაევის უფროსი ქალიშვილი – დარიგა ნაზარბაევა და მისი ვაჟი, ნურალი ალიევი დიდ ბირტანეთში უძრავი ქონების ფასიან ქაღალდებს ფლობენ, რომელიც The Times-ის მიერ შეფასებულია 140 მილიონ ფუნტად.

დინარა კულიბაევა, ნურსულთან ნაზარბაევი და დარიგა ნაზარბაევა

ბრიტანული მედიის ცნობით, სავარაუდოდ, მათვე ეკუთვნით უძრავი ქონება ბეიკერ სტრიტზე, რომელიც გამოგონილი პერსონაჟის – შერლოკ ჰოლმსის სახელზეა რეგისტრირებული.

ყაზახეთის უმდიდრეს ადამიანთა შორის მოიხსენიება დინარა კულიბაევა, ნაზარბაევის მეორე ქალიშვილი. ის და მისი ქმარი, ტიმურ კულიბაევი Halyk Bank-ის აქციონერები არიან. მათი აქციების საბაზრო ღირებულება დაახლოებით 2,8 მილიარდი დოლარია.  

ნაზარბაევის გარდაცვლილი შვილიშვილის – აისულტანის სიმამრს, კაირატ ბორანბაევს, აქვს წილი კომერციულ უძრავ ქონებაში, ფლობს „მაკდონალდსის“ ფრენჩაიზს ყაზახეთსა და ბელარუსში და ასევე, წილებს ბევრ სხვა სექტორში.

ნაზარბაევები პერიოდულად ეხვევიან სკანდალებშიც. მაგალითად, დიდი ბრიტანეთის კრიმინალთან ბრძოლის ნაციონალური სააგენტო 2020 წლიდან ცდილობს დარიგა ნაზარბაევას სამი სახლის კონფისკაციას, რომელთა ჯამური ღირებულება 80 მილიონ დოლარს აღწევს.

დარიგა ნაზარბაევა ამტკიცებდა, რომ ეს სიმდიდრე მან შეიძინა, როგორც წარმატებულმა ბიზნესლედიმ.

დარიგა ნაზარბაევა ასევე ფლობს სასახლეს Bishops Avenue 33-ში, ბრიტანეთის ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ ქუჩაზე. ეს სასახლე მართლაც გრანდიოზულია 10 საძინებლით, მიწისქვეშა აუზით, წვიმის საშხაპეებით, შუშის გუმბათოვანი ფანჯრებით, გამოყოფილი კინოთეატრითა და პერსონალისთვის განკუთვნილი ცალკე გამოყოფილი სივრცით. ცხადია, სასახლე დაცულია  უსაფრთხოების მაღალი სტანდარტებით.

Bishops Avenue 33 – სასახლე ბრიტანეთის ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ ქუჩაზე

დარიგა მდიდრულ მეგაბინას ფლობს ჩელსიში Manresa Road 21-ში. ქონებას იცავს გაძლიერებული კერძო დაცვა. დარიგას სასახლე აქვს ჰაიგეითშიც – მის ქონებას დენვუდის 32-შიც კერძო დაცვა იცავს.

სასახლე ჩელსიში, Manresa Road 21-ში, სადაც მდიდრულ მეგაბინას ფლობს დარიგა ნაზარბაევა

___

მთავარი ფოტო: დინარა კულიბაევას სასახლე ჟენევაში, ჟენევის ტბასთან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: