მთავარი,სიახლეები

როდის იქნება ხულო-ზარზმის გზა – გზების დეპარტამენტის განმარტება

19.01.2022 • 3123
როდის იქნება ხულო-ზარზმის გზა – გზების დეპარტამენტის განმარტება

ხულოდან კურორტ გოდერძამდე გზა ისევ მოუწყობელია და ისევ მაღალი გამავლობის მანქანებით შეიძლება გადაადგილება. ხელისუფლების მიერ წლების განმავლობაში არაერთხელ გაცემული დაპირება, რომ ხულო-ზარზმის გზას გააკეთებდნენ, ამ დრომდე არ შესრულებულა. როგორც ირკვევა, პირობა ვერც ახლა სრულდება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის პრესცენტრის ინფორმაციით, გზა კურორტ გოდერძიმდე 2023 წელს იქნება. ამ უწყების ოფიციალური გვერდის ინფორმაციით კი, სამუშაოები 2022 წელს ანუ მომავალი ზამთრის დადგომამდე უნდა დასრულებულიყო.

აქ გზის რეაბილიტაციაზე 2020 წლამდე კომპანია „ტოდინი“ მუშაობდა, თუმცა ამ კომპანიამ ვალდებულება არ შეასრულა. „სინოჰიდროც,“ რომელმაც მორიგი ტენდერი მოიგო და მასთან ხელშეკრულება 2020 წელს გაფორმდა, ასევე ვერ ასრულებს ვალდებულებას – სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის მიხედვით, ხულო-ზარზმის გზის მშენებლობისთვის 2021 წლის 6 თვეში 4,5 მილიონი ლარის სამუშაოები უნდა შესრულებულიყო. 5 თვის მონაცემებით მხოლოდ 199 ათასი ლარის სამუშაო შესრულდა, ეს კი გეგმის მხოლოდ 4.4 პროცენტია.

ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის 42-კილომეტრიანი მონაკვეთის სარეკონსტრუქციო სამუშაოებს კომპანია „სინოჰიდრო“ ასრულებს. პროექტის ჯამური ღირებულება 95 689 302 ლარია.

ხულო-ზარზმის გზა

რა ეტაპზეა გზის რეაბილიტაცია ამჟამად?

„ამჟამად დიდთოვლობის გამო ხულო-ზარზმის პროექტის სამუშაოები დროებით შეჩერებულია, ხელსაყრელი კლიმატური პირობების დადგომისთანავე სამუშაოები განახლდება. თავად პროექტის დასრულება ხელშეკრულების მიხედვით, დაგეგმილია 2023 წელს,“ – მოგვწერეს გზების დეპარტამენტის პრესცენტრიდან.

რატომ გადაიწია ეს ვადა 2023 წლამდე? – პრესცენტრში გვითხრეს, რომ ინფორმაცია ოფიციალურ გვერდზე გასაახლებელია.

გზების დეპარტამენტში ასევე გვითხრეს, რომ კომპანია „ტოდინს“, რომელსაც 2020 წლამდე უნდა გაეკეთებინა ბათუმი-ახალციხის გზა, საბანკო გარანტიით გათვალისწინებული 11 მილიონი ლარის გადახდა დაეკისრა.

ხულო-ზარზმის გზა

„ტოდინს იმდენი თანხა ჰქონდა ჩარიცხული, რამდენის სამუშაოებიც ჰქონდა შესრულებული,“ – მოგვწერეს გზების დეპარტამენტიდან.

რატომ ვერ შეასრულა ვალდებულებები „ტოდინმა“ და რა უშლის ხელს დღეს „სინოჰიდროს“ გზის გაკეთებაში? – გზების დეპარტამენტის პრესცენტრში გვითხრეს, რომ კითხვებზე პასუხის მისაღებად საჯარო ინფორმაცია უნდა გამოვითხოვოთ.

ამ ეტაპზე ხულოდან კურორტ გოდერძიზე ძირითადად მაღალი გამავლობის მანქანებით ადიან. მოძრაობს მიკროავტობუსიც, თუმცა ძირითადად იმ შემთხვევაში, როცა გზა თოვლისგან კარგადაა გაწმენდილი.

შესაძლებელია ხულოს ცენტრიდან ტაქსის დაქირავებაც. ფასი შეთანხმებაზეა დამოკიდებული. მაგალითად, მგზავრობა „ვილისით“, რომლითაც კურორტ გოდერძიზე ასვლა შედარებით მარტივად და უსაფრთხოდ არის შესაძლებელი, 150 ლარი ღირს.

სოფელი დანისპარაული. აქედან გოდერძის სათხილამურო ტრასამდე 3 კილომეტრია.

___

ვრცლად:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/384929/

გადაბეჭდვის წესი


ასევე: