მთავარი,სიახლეები

ვინ გასცა ანა ფრანკის ოჯახი? – მთავარი ეჭვმიტანილი 77 წლის შემდეგ

18.01.2022 • 4001
ვინ გასცა ანა ფრანკის ოჯახი? –  მთავარი ეჭვმიტანილი 77 წლის შემდეგ

ანა ფრანკის ოჯახის სამალავის გაცემის ექვსწლიანმა გამოძიებამ გამოავლინა მოულოდნელი ეჭვმიტანილი  საქმეში, თუ როგორ იპოვეს ნაცისტებმა ცნობილი დღიურის ავტორის, მისი ოჯახისა და მეგობრების სამალავი 1944 წელს.

ამსტერდამელი ებრაელი გოგონას, ანა ფრანკის ისტორია მთელ მსოფლიოში ცნობილია მისი შემთხვევით შემონახული დღიურის წყალობით. ანას, მისი ოჯახის წევრებსა და ოჯახის მეგობრებს, სულ შვიდ  ადამიანს, ნაცისტებმა 1944 წლის 4 აგვისტოს მიაგნეს საიდუმლო თავშესაფარში, სადაც ისინი თითქმის ორი წლის განმავლობაში იმალებოდნენ. ყველა მათგანი საკონცენტრაციო ბანაკებში გადაასახლეს.

ანა გარდაიცვალა ბერგენ-ბელზენის საკონცენტრაციო ბანაკში, 15 წლის ასაკში, ბანაკის გათავისუფლებამდე 2 კვირით ადრე. ბანაკში დაიღუპა დედამისი და მისი უფროსი და, მარგო. გადარჩა მხოლოდ ანა ფრანკის მამა, ოტო ფრანკი.

ათწლეულების განმავლობაში უცნობი იყო, ვინ უღალატა ფრანკების ოჯახს, ვინ შეატყობინა გესტაპოს მათი სამალავის შესახებ.

ამ საკითხის გარშემო არაერთი მოსაზრება და თეორია არსებობს. ახლა ცნობილი გახდა კიდევ ერთი ეჭვმიტანილის შესახებ.

ანა ფრანკი

საგამოძიებო ჯგუფმა, რომელშიც შედიოდნენ აშშ-ს  FBI-ს პენსიაზე გასული აგენტი ვინსენტ პანკოკე და დაახლოებით 20 ისტორიკოსი, კრიმინოლოგი და მონაცემთა სპეციალისტი, გამოავლინა საიდუმლო თავშესაფრის ადგილსამყოფლის გამხელაში მთავარი ეჭვმიტანილი, ებრაელი ნოტარიუსი არნოლდ ვან დენ ბერგი.

საგამოძიებო ჯგუფის წევრმა პიტერ ვან ტვისკმა თქვა, რომ ახალი მტკიცებულების მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ანას მამის, ოტო ფრანკისთვის მიწერილი ხელმოუწერელი წერილი/ჩანაწერი,  რომელიც ნაპოვნი იქნა ომის შემდგომი გამოძიების ძველ საქმეში/დოსიეში. ჩანაწერი კონკრეტულად ასახელებდა ვან დენ ბერგს და ამტკიცებდა, რომ ეს ინფორმაცია სწორედ მან გადასცა გესტაპოს.

ჩანაწერში ნათქვამია, რომ ვან დენ ბერგს, როგორც ომის დროს ამსტერდამის ებრაული საბჭოს წევრს, ჰქონდა წვდომა მისამართებზე, სადაც ებრაელები იმალებოდნენ და ასეთი მისამართების სიები მან ნაცისტებს საკუთარი ოჯახის გადასარჩენად გადასცა.

მკვლევრები ამბობენ, რომ სწორედ ამ ინფორმაციის გაცემის შედეგად მოახერხა ვან დენ ბერგმა ნიდერლანდებში დარჩენა მაშინ, როცა ებრაული საბჭოს სხვა წევრები 1943 წელს გადაასახლეს. იგი 1950 წელს გარდაიცვალა.

ტვისკმა თქვა, რომ მოკვლევის შემდეგ საწყისი 32 სახელიდან მხოლოდ ოთხი დარჩა – ვან დენ ბერგი მთავარი ეჭვმიტანილი იყო.

გამომძიებლები მიიჩნევენ, რომ ოტო ფრანკმა იცოდა ამ წერილის შესახებ, მაგრამ არჩია მასზე არასოდეს ეთქვა საჯაროდ.

ახალი დეტალების გამოსავლენად, კვლევის თანამედროვე ტექნიკების გამოყენებით, შედგენილი იქნა მონაცემთა ძირითადი ბაზა – ჰოლანდიელი თანამშრომლების, ინფორმატორების, ისტორიული დოკუმენტების, პოლიციის ჩანაწერების და წინა კვლევების გამოყენებით.

ზოგიერთმა სხვა ექსპერტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვან დენ ბერგის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ იყო დამაჯერებელი.

ახალი კვლევის დასკვნები გამოქვეყნდება კანადელი ავტორის, როზმარი სალივანის წიგნში „ანა ფრანკის ღალატი“, რომელიც დღეს, 18 იანვარს, გამოვიდა.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: