Batumelebi | „აჭარისწყალი ჯორჯია” სტუდენტებს შუახევი ჰესზე სტაჟირების პროგრამას სთავაზობს „აჭარისწყალი ჯორჯია” სტუდენტებს შუახევი ჰესზე სტაჟირების პროგრამას სთავაზობს – Batumelebi
ნეტგაზეთი • RU
შუახევი ჰესი

„აჭარისწყალი ჯორჯია” სტუდენტებს შუახევი ჰესზე სტაჟირების პროგრამას სთავაზობს

31 მარტს კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას“ აღმასრულებელი დირექტორი რაკეშ ნაიკი კომპანიის სხვა თანამშრომლებთან ერთად შუახევსა და ხულოში ორი კოლეჯის, ,,ბლექსისა“ და „ახალი ტალღის“ სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრას ამავე კოლეჯების ხელმძღვანელები და ლექტორებიც ესწრებოდნენ.

„აჭარისწყალი ჯორჯია“ გეგმავს სტაჟირების პროგრამა შესთავაზოს ყოველწლიურად ელექტროობის მიმართულების 20 სტუდენტს.

სწორედ სტუდენტთა სტაჟირების პროგრამის დეტალები და პირობები გააცნეს 31 მარტს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ წარმომადგენლებმა პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებს:

  • სტაჟირების პროგრამა მაისიდან დაიწყება
  • თითოეული სტუდენტი 4 კვირიან სტაჟირებას გაივლის
  • აჭარის მუნიციპალიტეტებიდან ადგილობრივი სტუდენტებისთვის გათვალისწინებულია სტიპენდია 200 ლარის ოდენობით და ლანჩი
  • თბილისიდან ჩამოსული სტუდენტებისთვის გათვალისწინებულია სტიპენდია, საცხოვრებლით უზრუნველყოფა და სამჯერადი კვება.

შეხვედრაზე სტუდენტებმა მათთვის საინტერესო საკითხებზე დაუსვეს კითხვები კომპანიის აღმასრულებელ დირექტორს, რაკეშ ნაიკს, მათ შორის: „შუახევი ჰესის“ უსაფრთხოების გარანტიებზე, გამომუშვებულ სიმძლავრეზე, ქვეყნის შიდა ენერგოწარმოების მნიშვნელობასა და ენერგოდამოუკიდებლობის სამომავლო შესაძლებლობებზე.

„აჭარისწყალი ჯორჯიასა” და კოლეჯ „ბლექსის” სტუდენტების შეხვედრა ხულოში

ჯამბულ ჯაყელი შუახევში კოლეჯ „ბლექსის“ ელექტროობის პროგრამის სტუდენტია. მიღებული აქვს სამთვიანი სწავლების შედეგად მიღებული სერტიფიკატი, ახლა სწავლობს იმავე მიმართულების გრძელვადიან პროგრამაზე, რაც ამ პროფესიის მაგისტრის ცოდნასთანაა გათანაბრებული:

„ეს სერტიფიკატი და თეორიული ცოდნა ცხადია პრაქტიკაში უნდა გამოგვადგეს. სულ გვესმის, რომ უცხოელი ინვესტორები უცხოელ სპეციალისტებს ასაქმებენო და დავინახეთ, რომ ჩვენი დასაქმებაც მნიშვნელოვანია მათთვის. შესაძლებლობა გვეძლევა კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიაში“ გავიაროთ სტაჟირება და დავსაქმდეთ, ვფიქრობ ყველამ, ვისაც შეგვიძლია, უნდა შევუწყოთ ხელი ქვეყანაში ელექტროენერგიის შიდაწარმოების გაზრდას და შევამციროთ უმუშევრობის დონე“ – ამბობს კოლეჯ „ბლექსის“ სტუდენტი.

„აჭარისწყალი ჯორჯიას” წარმომადგენლების შეხვედრა ხულოს კოლეჯ „ახალი ტალღის” სტუდენტებსა და ლექტორებთან

როგორც ამ კოლეჯის დირექტორი, გიორგი გოგიტიძე გვეუბნება ახლა შუახევის „ბლექსიში“ ელექტროობის მიმართულებაზე 24 სტუდენტი სწავლობს:

„ელექტროობის, შედუღების და სხვა ტექნიკური მიმართულების პროფესიული პროგრამები მას შემდეგ დავნერგეთ კოლეჯში, რაც შრომის ბაზარი და მოთხოვნილება შევისწავლეთ. ვფიქრობთ ამ მნიშვნელოვანი და მოთხოვნადი პროფესიებით ჩვენი სტუდენტები შეძლებენ დასაქმებას და „აჭარისწყალი ჯორჯიას“ მიერ შემოთავაზებული სტაჟირების პროგრამაც ამის დასტურია“ – ამბობს გიორგი გოგიტიძე.

შუახევის კოლეჯ „ბლექსის” დირექტორი გიორგი გოგიტიძე და „აჭარისწყალი ჯორჯიას” აღმასრულებელი დირექტორი რაკეშ ნაიკი

„აჭარისწყალი ჯორჯიას“ აღმასრულებელმა დირექტორმა, რაკეშ ნაიკმა შეხვედრებზე ისაუბრა იმის შესახებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კომპანიისთვის ადგილობრივი თემების და სტუდენტების პროფესიული უნარების განვითარება აჭარის რეგიონში, სადაც „შუახევი ჰესი“ ოპერირებს.

„გვსურს ვითანამშრომლოთ ხულოსა და შუახევის ტექნიკურ დაწესებულებებთან და ერთად განვახორციელოთ სტუდენტთა სტაჟირების პროგრამა. სტუდენტები პრაქტიკულ გამოცდილებას მიიღებენ ჩვენს ჰესზე, მათ საშუალება მიეცემათ დასაქმდნენ არამარტო საქართველოში, არამედ საზღვარგარეთაც. ისინი იმუშავებენ ჩვენს ინჟინრებთან ერთად, როგორც დაბალი, ასევე მაღალი ძაბვის დანადგარებთან“ – ამბობს რაკეშ ნაიკი.

„აჭარისწყალი ჯორჯიას” აღმასრულებელი დირექტორი რაკეშ ნაიკი

მისი თქმით, ჰესის ექსპლუატაციიდან 2 წლის განმავლობაში, სამწუხაროდ საინჟინრო მიმართულებით ძალიან ცოტა ქალია ჩართული ტექნიკურ სამუშაოებში. „აჭარისწყალი ჯორჯიას“ აღმასრულებელი დირექტორის თქმით, მათი კომპანიის გუნდი  ისურვებდა ჰესზე წამყვანი პოზიციები ქალ ინჟინრებს ეკავოთ.

ხულოში მდებარე კოლეჯ „ახალი ტალღის“ სასწავლო პროცესის მენეჯერი, ნინო გრძელიძე აღნიშნავს, რომ ამ მუნიციპალიტეტში, აჭარის დანარჩენი მუნიციპალიტეტების მსგავსად დასაქმების პრობლემაა. „შუახევი ჰესთან“ კოლეჯის თანამშრომლობა კი მათი სტუდენტებისთის კარგი პერსპექტივაა.

კოლეჯ „ახალი ტალღის“ სასწავლო პროცესის მენეჯერი, ნინო გრძელიძე

„აჭარისწყალი ჯორჯიას“ წარმომადგენლებისა და სტუდენტების შეხვედრებზე აღინიშნა, რომ სტაჟირებისას:

  • სტუდენტები გაეცნობიან ელექტროენერგიის წარმოების სხვადასხვა ასპექტს
  • იმუშავებენ მაღალი ძაბვის ობიექტებზე და გაეცნობიან უსაფრთხოების საკითხებს
  • შეძლებენ თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას და კვალიფიკაციის ამაღლებას
  • სტაჟირების ბოლოს კი გაიცემა AGL სერთიფიკატი

ელექტროობის პროფესიული პროგრამის სტუდენტთა სასწავლო კუთხე ხულოს კოლეჯ „ახალ ტალღაში”

187 მეგავატი სიმძლავრის შუახევი ჰესის მშენებლობა საქართველოში, მაღალმთიან აჭარაში, ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე განხორციელდა (9 მგვტ სხალთა ჰესი და 178 მგვტ შუახევი ჰესი). პროექტი მოიცავს ორ კაშხალს წყალსაცავებით და ერთ დამბას მდინარეებზე: აჭარისწაყალი, სხალთისწყალი და ჩირუხისწყალი.

ჰესი ელექტროენერგიას 2020 წლის მარტიდან გამოიმუშავებს.

„აჭარისწყალი ჯორჯიას” წარმომადგენლების შეხვედა ხულოში კოლეჯ „ახალი ტალღის” სტუდენტებსა და ლექტორებთან

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი