ბათუმის ბულვარში „პიერ ბათუმს“ ანგრევენ

დღეს, 18 თებერვალს, ბათუმის ბულვარში „პიერ ბათუმის“ დემონტაჟი დაიწყო. საუბარია ბულვარის ცენტრალურ შესასვლელში, პლაჟთან ახლოს მდებარე შენობა-ნაგებობებზე.

ადგილზე მუშაობს ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია, ასევე აღსრულების პოლიცია.

„პიერ ბათუმი“ წლების წინ ნებართვის გარეშე მოეწყო და მესაკუთრე ამის გამო არაერთხელ დააჯარიმეს. ჯარიმების მიუხედავად, „პიერ ბათუმი“ წლებია მუშაობას ბულვარში უპრობლემოდ განაგრძობდა. ეს ადგილი 2010 წელს თურქულ კომპანია „ბატტუნს“ გრძელვადიანი იჯარით გადაეცა.

ბათუმში უკანონოდ აშენებული რამდენიმე შენობაა, მათ შორის, „პიერ ბათუმთან“ ყველაზე ახლოს „ამბასადორის“ კორპუსია.

„რატომ ვერ ანგრევ ამბასადორს?“ – ჰკითხეს დღეს აქტივისტებმა მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლებს, რაზეც მათ პასუხი არ გაუციათ.

აღსრულების ბიუროს ამ დრომდე არ აღუსრულებია სასამართლოს გადაწყვეტილებაც, რომლის მიხედვითაც ბათუმში, გოგოლის ქუჩაზე, კორპუსების უკანონო მშენებლობა უნდა შეჩერდეს.

ბათუმის მერიის ინფორმაციით,  „სამართლებრივი დავა დემონტაჟთან დაკავშირებით წლების განმავლობაში მიმდინარეობდა. ბათუმის მერიის მიერ გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება და დაიწყო უკანონოდ განთავსებული ნაგებობების დემონტაჟი,“ – აღნიშნულია ბათუმის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბათუმში „პიერ ბათუმს“ ანგრევენ. 18 თებერვალი, 2022 წ.
ბათუმში „პიერ ბათუმს“ ანგრევენ. 18 თებერვალი, 2022 წ.

 

აჭარაში კორონავირუსით 10 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 825 ახალი შემთხვევა

18 თებერვლის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმალობაში აჭარაში კორონავირუსის 825 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 10 პაციენტი.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით რეგიონის კოვიდკლინიკაშია 696 პაციენტი, კოვიდსასტუმროებში – 204, ონლაინლინიკაში კი – 9 927.

დღეს, 18 თებერვალს, ქვეყნის მასშტაბით დადასტურდა 14 405 ახალი შემთხვევა.

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით 18 თებერვლის 21 საათიდან 19 თებერვლის 21 საათამდე აჭარის სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა; ღამით უმეტესად უნალექოდ, დღისით – ზოგან წვიმა, მაღალ მთაში – თოვა; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ-ში;

ჰაერის ტემპერატურა:

  • სანაპირო რაიონებში – ღამით 2-7 გრადუსი, დღისით 8-13 გრადუსი სითბო,
  • შიდამთიან რაიონებში – ღამით 0-5 გრადუსი ყინვა, დღისით 3-8 გრადუსი სითბო,
  • მაღალ მთაში – ღამით 5-10 გრადუსი ყინვა, დღისით 2 გრადუსი ყინვა, 3 გრადუსი სითბო.

ზღვის პროგნოზი:

სამხრეთ-დასავლეთის ქარი 6-11მ/წმ-ში, ღამით უმეტესად უნალექოდ, დღისით – ზოგან წვიმა, ხილვადობა – კარგი, ტალღის სიმაღლე – 7-12დმ(2-3ბალი),ზღვის წყლის ტემპერატურა +9 გრადუსია.

სინოპტიკოსების პროგნოზით აჭარაში კვირას, 20 თებერვალს და ორშაბათს 21 თებერვალს, მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

 

42 გარდაცვლილი და კოვიდის 14 405 ახალი შემთხვევა – 18 თებერვალი

18 თებერვლის მონაცემებით, საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში დადასტურდა კორონავირუსის 14 405 ახალი შემთხვევა.

ამავე პერიოდში გარდაიცვალა 42 პაციენტი.

stopcov.ge-ის ინფორმაციით, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა – 5 818 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 013 პირი. 

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 29,64 პროცენტი.

ბათუმში, მემედ აბაშიძის #44-ში, მესაკუთრე ძეგლზე სტატუსის მოხსნას ითხოვს

ბათუმის ურბანული მეხსიერებიდან შესაძლოა გაქრეს კიდევ ერთი შენობა, რომელიც ქალაქში ახსოვთ როგორც ცნობილი კომერსანტის – ნიკოლოზ ფანდეევის სახლი და საწარმო, შემდეგ კი საკონდიტრო მაღაზია „მინიონი“, რომელიც საბჭოთა პერიოდშიც მუშაობდა.

მემედ აბაშიძის #44-ში მდებარე ერთსართულიანი შენობის მესაკუთრე ძეგლზე სტატუსის მოხსნას ითხოვს და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს შესაბამის გადაწყვეტილებას სტატუსის მინიჭების თაობაზე, სასამართლოში ასაჩივრებს.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, მესაკუთრეს ამ სახლის დანგრევა და მის ადგილზე მრავალბინიანი კორპუსის მშენებლობა სურს. სააგენტოში აცხადებენ, რომ დავის პროცესში ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება არ სურთ.

მემედ აბაშიძის #44-ში არსებული ერთსართულიანი სახლისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ ბრძანება კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულმა სააგენტომ 2020 წელს გამოსცა.

ისტორიული წყაროების მიხედვით, შენობა XX საუკუნეში აუშენებიათ, ის მოიცავდა მემედ აბაშიძის #42-44-სა და ასათიანის 15-ში მდებარე კვარტალს. მისი მფლობელი ცნობილი კომერსანტი ნიკოლოზ ფანდეევი იყო, რომელიც ფლობდა ცემენტის, ქვისა და მოზაიკური ფილების საწარმოს და ასევე  ცნობილ საკონდიტროს ბათუმში. ეს ყველაფერი, თავისი დამხმარე ნაგებობებით, მესაკუთრეს სწორედ ამ კვარტალში ჰქონდა განთავსებული.

ფილები ფანდეევის საწარმოს წარწერით ბათუმში ბევრჯერ დააფიქსირეს მას შემდეგ, რაც ისტორიული სახლების ნგრევა ინტენსიურად დაიწყო.

ფოტო: შოთა გუჯაბიძე
ფოტო: შოთა გუჯაბიძე

 

ძეგლის სააღრიცხვო ბარათის მიხედვით, რომელიც არქიტექტორ-რესტავრატორმა ნესტან თათარაშვილმა მოამზადა, ფანდეევის სახლი მაღაზიას საერთო გასასვლელით უკავშირდებოდა და მის გაგრძელებას წარმოადგენდა. ეზოში განთავსებული ყოფილა მასიური თუჯის ქვაბი [სახარში], რომელიც დიდ ხანს მდგარა ეზოში გასაბჭოების შემდეგაც, როცა სახლის დამხმარე ნაგებობებში მუშები შეასახლეს, წლების შემდეგ კი სამშენებლო სამუშაოების გამო მოუშლიათ.

სააღრიცხვო ბარათის მიხედვით, შენობა კონსტრუქციულად მდგრადია, თუმცა დროთა განმავლობაში განადგურებულია შენობის საფასადო დეკორის ავთენტური  ნაწილები.

ნესტან თათარაშვილის შეფასებით, შენობა მოდერნის სტილის გამოხატული ნიშნებით ხასიათდება:

„ეს არის უნიკალური ევროპული შენობა, როგორიც მეოცე საუკუნის დასაწყისში გავრცელდა საქართველოში და ბათუმში ძალიან კარგი ნიმუშები გვაქვს. ისინი შეტანილია ტურისტულ მარშრუტებში და ღირებულება აქვს ძალიან დიდი. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია მისი შენარჩუნება ქალქმშენებლური კუთხით. ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩა ისტორიულად არის უმნიშვნელოვანესი – ეს არის ძეგლების არეალი, ხომ არსებობს რაღაც, რასაც არ უნდა შევეხოთ? – დღეს, მაგალითად, თბილისში ძალიან კარგად მუშაობს შარდენის ქუჩა, ფანდეევის ეზოში მესაკუთრემ ეზოიანი რესტორანი რომ გააკეთოს, მაგალითად, „ფანდეევის ეზო“ ვერ აუვა მომხმარებელს.“

საჯარო რეესტრის მონაცემებით, ერთსართულიანი შენობა მემედ აბაშიძის #44-ში შპს „ელიტურ სახლს“ ეკუთვნის. კომპანიის 50/50 პროცენტს ბესიკ თავდგირიძე და ჯუმბერ მოწყობილი ფლობენ.  მთლიანობაში ერთსართულიანი შენობის ფართობი 283 კვ.მეტრია. კომპანია სასამართლოსგან მისთვის მისაღებ გადაწყვეტილებას ელოდება.

„შენობას ძეგლის სტატუსი მინიჭებული აქვს ყოველგვარი გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, მაშინ, როცა შენობა-ნაგებობის ავთენტურობა არ დგინდება, შენობა-ნაგებობის ნაწილი 2007 წელსაა ექსპლუატაციაში მიღებული. გარდა ამისა, არსებობს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, სადაც პროექტი შეთანხმებულია, ნებართვა გაცემულია ამ ობიექტზე 2020 წელს, სანებართვო მოწმობის ამოწერის ეტაპზე კი მეზობლების განცხადების საფუძველზე მიანიჭეს ძეგლის სტატუსი“, – ამბობს კომპანიის იურისტი ამირან ცეცხლაძე.

კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოში ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ: „ვიდრე სასამართლო დავა მიდის, ვერ ვისაუბრებთ“.

ამ საკითხზე პოზიციის დაფიქსირებისგან თავი შეიკავეს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოშიც.

„მინდა იურისტობა ჯავახეთიდან დავიწყო“ – ლილითმა ფოკაში დაბრუნება გადაწყვიტა

22 წლის ლილით კარაპეტიანი ერთ-ერთია იმ 70 ფოკელ სტუდენტს შორის, რომლებმაც ქართული უცხო ენასავით ისწავლეს ბოლო 10 წლის განმავლობაში და საქართველოს უნივერსიტეტებში განაგრძეს სწავლა.

ფოკა სამცხე-ჯავახეთის სოფელია. ამ სოფელში ძირითადად სომხურად საუბრობენ.

ლილითი მალე სამართლის ფაკულტეტს ამთავრებს, ადვოკატის სასერტიფიკატო გამოცდისთვისაც ემზადება, რომ ფოკაში დაბრუნდეს. საადვოკატო ბიურო გახსნას და ქალებისა და ბავშვების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე იმუშაოს ჯავახეთში.

გვეუბნება, რომ ბევრი ქალი წერს ფოკიდან, ვისაც იურიდიული დახმარება, სამართლებრივი რჩევების მიცემა სჭირდება. ლილითი მათ ურჩევს, სად წავიდნენ, ვის მიმართონ და როგორ დაიცვან საკუთარი უფლებები.

  • „გადავწყვიტე, რომ იურისტის საქმიანობა ჯავახეთიდან დავიწყო და ვიმუშაო ქალთა და ბავშვთა უფლებებზე“

სწორედ ჯავახი ქალების აქტიურმა, არაფორმალურმა კომუნიკაციამ მიანიშნა ლილითს, რომ ფოკაში დაბრუნება მნიშვნელოვანია:

„ისევე როგორც საქართველოს სხვა კუთხეებში, ჯავახეთშიც ქალთა უფლებრივი მდგომარეობა დიდად სახარბიელო არ არის. მიიჩნევა, რომ არ შეიძლება ქალი დაშორდეს კაცს ძალადობის შემთხვევაშიც კი. ტრადიციაა დუმილის ჩვევაც სამეზობლოში, როცა ქმარი სცემს ცოლს.

პრობლემურია მემკვიდრეობის საკითხიც. ჯავახეთში ქალებს ბავშვობიდანვე შთააგონებენ, რომ  სახლი მარტო ძმისაა და მემკვიდრეობა მას არ ეკუთვნის. სამუშაო ადგილებიც არ არსებობს ქალებისთვის. ქალების უმრავლესობა არც გადის სამცხე-ჯავახეთიდან, არ სწავლობს, დაკავებულია მხოლოდ დიასახლისობით, შემოსავალი არ აქვთ, საკუთარი არაფერი გააჩნიათ და ხშირად იძულებულები არიან იცხოვრონ მოძალადე ქმრების გვერდით, რადგან არც სახლი აქვთ საკუთარი, არც შემოსავალი და არც წასასვლელი.

მამის სახლში რომ დაბრუნდნენ, ყველას არ იღებენ მამები და ძმები.

ამიტომ გადავწყვიტე, რომ იურისტის საქმიანობა ჯავახეთიდან დავიწყო და ვიმუშაო ქალთა და ბავშვთა უფლებებზე. ახლა ჩემი ადგილი სამცხე-ჯავახეთშია, მინდა დავეხმარო ყველას, დაიცვან თავიანთი უფლებები.

მგონია, რომ ქალებს შიშზე უფრო რცხვენიათ ძალადობაზე საუბრის. უნდა ვაჩვენოთ ქალებს, რომ არ არის სირცხვილი ძალადობაზე საუბარი“ – ამბობს ლილითი.

ლილით კარაპეტიანი

მისი დაკვირვებით, ჯავახეთის სომხურ თემში ბავშვთა უფლებებზეც ბევრია სამუშაო. ლილითი გვიხსნის, რომ მშობლებს ხშირად მიაჩნიათ მნიშვნელოვნად მხოლოდ სასკოლო საგნების სწავლა და არ თვლიან მნიშვნელოვან ამბად მოზარდის კარგ ქორეოგრაფიულ ან მუსიკალურ მონაცემებს. ლილითის თქმით, ჯავახეთის სკოლების უმრავლესობას არ ჰყავს ცეკვის, მუსიკის და სპორტის მასწავლებელი.

ლილითი ჩართულია სომხურ-ქართული პლატფორმის – „განძის“ საქმიანობაში, რომელიც ახლახან შეიქმნა არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარის“ მხარდაჭერით.

პლატფორმა მიზნად ისახავს, საქართველოს სომხურენოვან მოსახლეობას, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს მიაწოდოს ინფორმაცია ადამიანის უფლებებზე, გენდერული თანასწორობის საკითხებზე, საზიანო პრაქტიკაზე, რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და სხვა მნიშვნელოვან თემებზე – ქართულად და სომხურად.

ლილითი მედიაწიგნიერების სერტიფიცირებული ტრენერია, ამ თემაზე ტრენინგებს ISAID,UNAG-ის მხარდაჭერით ატარებდა.

კოვიდპანდემიასა და ვაქცინაციაზე კითხულობს სემინარებს ორენოვანი პლატფორმა „განძის” ფარგლებში. 1+4 პროგრამის ფარგლებში კი დეზინფორმაციასთან დაკავშირებული საკითხებზე ესაუბრება ახალგაზრდებს.

2021 წელს ლილითი GFSIS-ის სტიპენდიატი იყო და სამი თვის მანძილზე მთელ ნინოწმინდა-ახალქალაქში დადიოდა ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემების შესასწავლად.

  • „თბილისში წამიყვანა მამამ და უცხო ქვეყანა მეგონა. ქართულად რომ საუბრობდა ირგვლივ ყველა, მე არაფერი მესმოდა“

სანამ ქართულს ისწავლიდა, ლილითი ვერც კი წარმოიდგენდა, რომ სწავლას ქართულ უნივერსიტეტში გააგრძელებდა:

„თავიდან სომხეთში ვგეგმავდი სწავლის გაგრძელებას, არ ვიცოდი ქართული, მაგრამ გამიმართლა და ქართული ენის სწავლების პროგრამა დაიწყო ჩემს სკოლაში.

გავაცნობიერე, რომ საქართველოს სრულუფლებიანი მოქალაქე ვარ და ჩემსავე ქვეყანაში შემიძლია ვცადო ბედი, გავაგრძელო ცხოვრება. შემიყვარდა ქართული ენა.

პირველად 6 წლის ვიყავი, როცა თბილისში წამიყვანა მამამ და უცხო ქვეყანა მეგონა ქართულად რომ საუბრობდა ირგვლივ ყველა. მე არაფერი მესმოდა“ – ამბობს ლილითი.

ქართული ლილითმა 15 წლამდე არ იცოდა. მერე ქართული ენის და ლიტერატურის ოთხი მასწავლებელი გამოიცვალა და მეთერთმეტე კლასში უკვე თავისუფლად ალაპარაკდა. ქართულად კარგად საუბრობს მისი ძმაც, სამედიცინო უნივერსიტეტი თბილისში მანაც ქართულ ენაზე დაამთავრა.

სამომავლო გეგმებზე საუბრისას ლილითი გვეუბნება, რომ საჯარო უწყებებში არასდროს ისურვებდა მუშაობას.

„მინდა ჩემი არასამთავრობო ორგანიზაცია მქონდეს, მქონდეს საადვოკატო ბიურო და არანაირი კავშირი არ მქონდეს პოლიტიკურ საქმიანობასთან. მინდა დამოუკიდებელი და თავისუფალი ვიყო პოლიტიკური გავლენებისგან ადამიანის უფლებებზე მუშაობისას.

როცა საქმე ჯავახეთში დაბრუნებას ეხება, დიდი პრობლემაა თანამოაზრეების პოვნა. ხალხს უყვარს სახლში თავისუფლად და უშიშრად ლაპარაკი, მაგრამ როცა დრო მოდის ისაუბრო ხმამაღლა იქ, სადაც ეს მნიშვნელოვანი და აუცილებელია, ყველა სდუმს, ჩემი თანატოლებიც, რომლებმაც უკვე დაამთავრეს სამართლის ფაკულტეტი.

ჩემს კოლეგებსაც კი ხშირად ეშინიათ ხმამაღლა სხვადასხვა საკითხზე საუბრის“ – ამბობს ლილითი.

ლილიტ კარაპეტიანი
  • „ფოკაში ერთადერთი გოგო ვიყავი, ვინც საარჩევნო პროცესში ჩაერთო

ლილით კარაპეტიანი 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ფოკაში ერთადერთი გოგო იყო საარჩევნო კომისიაში.

„თბილისში ჩავაბარე ცესკოს გამოცდები და სერტიფიკატიც იქვე მივიღე. კომისიის წევრი ვიყავი და როცა მივედი პირველ დღეს ნინოწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიაში, ისე მიყურებდნენ, თითქოს მეუბნებოდნენ, აქ როგორ აღმოჩნდიო. მერე რა თქმა უნდა დავმეგობრდით.

ფოკელებისთვის ბავშვობიდანვე უცნაური გოგო ვიყავი, სულ ბიჭებთან ერთად ვთამაშობდი, მაგრამ მე მყავს ძალიან კარგი ოჯახი, დედა, მამა და ძმა. ყველაფერში მხარს მიჭერენ. მათ სურდათ სამედიცინო უნივერსიტეტში ჩამებარებინა, მაგრამ მშვიდად მიიღეს ჩემი გადაწყვეტილება, როცა ვთქვი, რომ იურისტობა მინდოდა.

ჯავახეთში ეუცნაურებოდათ იურიდიულზე რომ ჩავაბარე. ნათესავები, მეზობლები, მეგობრები, ყველა მეუბნებოდა, აიღებ ახლა დიპლომს და რა სამსახურის იპოვი იურისტის დიპლომითო. მიაჩნიათ, რომ იურისტი პოლიციელია და პოლიციელობა კიდევ გოგოსთვის შეუფერებელია“ – ამბობს ლილით კარაპეტიანი. ის დასძენს, რომ აუცილებლად გეგმავს მაგისტრატურაში სწავლასაც, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ.

„საჯარო ან სისხლის სამართლის მიმართულებით გავაგრძელებ მაგისტრატურაში სწავლას, მაგრამ ჯერ ჩემს სოფელში უფლებადამცველობა მინდა“ – ამბობს ლილითი.

ავარიული სახლი, მერია და ბიუჯეტიდან უშედეგოდ დახარჯული 430 ათასი ლარი – ცხოვრება შიშის ქვეშ

9 წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ბათუმში, მაიაკოვსკის ქუჩის მცხოვრებლებმა გაიგეს, რომ სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ კორპუსში ცხოვრობენ.

კორპუსის მდგრადობის კვლევა ამხანაგობის დაკვეთით 2013 წელს ჯერ შპს „იკა ჯგუფმა“ მოამზადა, შემდეგ კი ბათუმის მერიის დაფინანსებით სახლი კიდევ ორჯერ შეისწავლეს. ყველა კვლევით დადასტურდა, რომ ამ კორპუსში უსაფრთხოდ ცხოვრება შეუძლებელია.

პირველი ექსპერტიზის ჩატარებიდან დღემდე ოჯახები ბათუმის მერიისგან სათანადო რეაგირებას ელიან.

ბათუმის მერიას ამ მიმართულებით მცდელობები ჰქონდა, რაც დოკუმენტებით დასტურდება, თუმცა უშედეგო. მაიაკოვსკის №55-ში დღესაც ავარიულ კორპუსში ცხოვრობს 45 ოჯახი და მათგან უმეტესობას ალტერნატიული საცხოვრებელი არ აქვს. მერია კი, ფაქტობრივად, პასუხისმგებლობას იხსნის, მიუხედავად იმისა, რომ ამ პრობლემის მოსაგვარებლად 2016 წელს ბიუჯეტიდან 430 585 ლარი დახარჯა.

2022 წლის 13 თებერვალს საქართველოში 6.2 ბალი მიწისძვრა დაფიქსირდა, რის შემდეგაც მაიაკოვსკის ქუჩაზე მდებარე ავარიული კორპუსი კიდევ უფრო დაზიანდა. მოსახლეობამ კორპუსი დატოვა. იმავე ღამეს ბათუმის მერიამ 15 ოჯახი სასტუმროში გადაიყვანა, ნაწილმა კი ახლობლებს შეაფარეს თავი. 

„მიწისძვრის შემდეგ ვიცე-მერი, ლევან დავითაძე შეგვხვდა და დაგვპირდა, რომ ბინებს დაგვიქირავებდნენ, თუმცა შემდეგ უარი გვითხრეს. აპარატის უფროსმა, ნუკრი დეკანაძემ კი, შედით და იცხოვრეთ, სახლი ავარიული არ არისო, დასკვნა ძველიაო. ასევე გვითხრა – მაგაზე უარეს სახლებში ცხოვრობს ხალხიო. იქვე იყო ვიცე-მერიც და ამაზე რეაქცია არ ჰქონია“, – ამბობს ავარიულ სახლში მცხოვრები გუჯა ჯაფარიძე.

უარის შემდეგ მოსახლეობამ საცხოვრებელი კორპუსის წინ აქცია გამართა. მათივე თქმით, ყოველდღიურად შიშის ქვეშ ცხოვრება გაუსაძლისია, ამიტომაც მერიისა და მთავრობის ყურადღების მისაქცევად ჯერ კარვების გაშლას გეგმავენ, შემდეგ კი პროტესტის გაცილებით რადიკალურ ფორმებზე გადასვლასაც არ გამორიცხავენ.

„მე, პირადად, ოჯახი სხვაგან გავიყვანე, რადგან ამის საშუალება მქონდა, მაგრამ უმეტესობას ეს არ შეუძლია. რა გავაკეთოთ? – კომპანიამ ბინების მშენებლობა ვერ დაასრულა. მერია ამბობს, რომ ჩვენთვის ბინებს ვერ დაიქირავებს, რადგან ასეთ შემთხვევაში ხარჯებს იურიდიულად ვერ დაასაბუთებს“, – გვითხრა გიორგი გვენეტაძემ. ის კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარეა.

მარინა ჯაყელიძე: „მიწისძვრის შემდეგ აქ კიდევ უფრო დამძიმდა სიტუაცია, მერია შეგპირდა ქირით გაყვანას, თუმცა ორ დღეში უარი გვითხრეს“

კორპუსის მცხოვრებლები დღეს, 17 თებერვალს, ბათუმის მერთან, არჩილ ჩიქოვანთან შესახვედრად საჯარო ბიბლიოთეკასთან მივიდნენ, სადაც მერი ვაქცინაციასთან დაკავშირებულ შეხვედრას უნდა დასწრებოდა. მერმა შეხვედრაზე დააგვიანა. სამაგიეროდ იქ მისულებმა ვიცე-მერთან გასაუბრება შეძლეს.

მოგვიანებით ისინი არჩილ ჩიქოვანსაც შეხვდნენ და მას „ინვესტორის დაბარება“ და ერთობლივი შეხვედრის გამართვა სთხოვეს
  • ამბის ქრონოლოგია

2013 წლის ექსპერტიზის მიხედვით, მაიაკოვსკის №55-ში მდებარე შენობა ავარიულია: „გასამაგრებელია საძირკვლები, მზიდი კედლების რიგი ადგილები, ჩასატარებელია საბათქაშე და სამღებრო სამუშაოები“.

ამ  დასკვნის შემდეგ მერიამ მაიაკოვსკის №55-ში მცხოვრებლებს ბინების დაქირავება შესთავაზა, თუმცა ისინი არ დათანხმდნენ: „არ გვქონდა იმედი, რომ ბოლომდე გადაიხდიდნენ ქირას“ – ამბობენ აქ მცხოვრებლები.

2014 წლის დასკვნის მიხედვით, კორპუსის გასამაგრებლად სხვადასხვა სამუშაოსთან ერთად აუცილებელი იყო „ყველა სართულშუა გადახურვის დონეზე არსებული რკინაბეტონის სარტყლის გაძლიერება და სეისმურ ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანა“ – ეს დასკვნა მერიის დაკვეთით კირიაკ ზავრიევის სამშენებლო მექანიკის, სეისმომედეგობისა და საინჟინრო ცენტრმა მოამზადა.

მერია პრობლემის მოგვარებით განსაკუთრებით მას შემდეგ დაინტერესდა, როცა 2015 წელს ავარიულ სახლში მაცხოვრებლებმა ბაგრატიონის ქუჩის გაგრძელების სამუშაოების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გამართეს და რამდენიმეჯერ საავტომობილო გზაც გადაკეტეს.

„სამუშაოებმა მნიშვნელოვნად დააზიანა საბჭოთა პერიოდში ისედაც უხარისხოდ აშენებული 5-სართულიანი კორპუსი. მანიშნებლებზე გაჩენილმა ბზარებმა, ასევე კონსტრუქციის რღვევამ კორპუსის ქვედა ნაწილში პრაქტიკულად დაგვანახა, რომ მძიმე სამუშაოებს და ინტენსიურ მოძრაობას 50 წელს გადაცილებული სახლი ვერ გაუძლებს. გზის მშენებლობა შევაჩერებინეთ, თორემ კიდევ უფრო დაზიანდებოდა სახლი“, – აცხადებდნენ აქ მცხოვრებლები მაშინ.

2015 წლის ივლისში მერიის ორგანიზაციამ – „ბათუმის კორპუსი“, ავარიული სახლის დეტალური გამოკვლევის საფუძველზე გამაგრება გაძლიერების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე ტენდერი გამოაცხადა. მოამზადეს პროექტი, რომლის მიხედვითაც სახლი უნდა გაემაგრებინათ – მერიამ გეგმაგრებითი სამუშაოებისთვის 400 000 ლარზე მეტი გაითვალისწინა.

პროექტი გულისხმობდა სახლის საძირკვლის გამაგრებას, საძირკვლის, რკინა-ბეტონისა და ფასადის გამაგრებას, საკანალიზაციო სისტემის დამონტაჟებას, სადარბაზოებში კიბის გაძლიერებასა და სხვა საჭირო ღონისძიებებს“.

მაიაკოვსკის #55

ამ პროექტთან დაკავშირებით მოსახლეობამ მერიას უნდობლობა გამოუცხადა. მათ მიაჩნდათ, რომ გამარჯვებული კომპანიის მიერ წარდგენილი გამაგრებითი სამუშაოების პროექტი ვერ უზრუნველყოფდა სრულყოფილ გამაგრებას და, შესაბამისად, შემოვლითი გზის დასრულების შემდგომ გზაზე ინტენსიური მოძრაობა კიდევ უფრო მეტ ზიანს მიაყენებდა შენობის კონსტრუქციას.

„საფრთხის ქვეშ არის ჩვენი უსაფრთხოება და სიცოცხლეც კი. პროექტის თანახმად, არ არის გათვალისწინებული კორპუსის ფასადის სრული გამაგრება: ჩვენგან გაუგებარი მიზეზების გამო, რეაბილიტაცია უნდა ჩაუტარდეს მხოლოდ ფასადის სამ მხარეს, წინა მხარეს კი დამატებითი კედლის აშენება არ იგეგმება, ანუ პრაქტიკულად რისკი რისკად დარჩება“ – აცხადებდა მაშინ მოსახლეობა.

ავარიულ სახლში მცხოვრებლების ინფორმაციით, ამ პროცესის შემდეგ ბათუმის ყოფილმა მერმა, გიორგი ერმაკოვმა პრობლემის მოსაგვარებლად ინვესტორი იპოვა, შედგა სამმხრივი მოლაპარაკება, რომლის მიხედვითაც შპს „რეალმშენს“ აქ მცხოვრებლებისთვის აბუსერიძის ქუჩაზე მშენებარე კორპუსში ბინები უნდა გადაეცა, სანაცვლოდ კი საკუთრებაში მიიღებდა ავარიულ კორპუსზე დამაგრებულ მიწის ნაკვეთს, სადაც მომავალში ორ კორპუსს ააშენებდა, მიიღებდა ასევე მშენებლობის ნებართვას გაზრდილი კოეფიციენტებით და სახლის გამაგრებისთვის გათვალისწინებულ თანხას – 430 585 ლარს.

სამმხრივი შეთანხმების გარდა გაფორმდა ინდივიდუალური ხელშეკრულებები ბინების მესაკუთრეებსა და ინვესტორს შორის.

კომპანიას ვალდებულება დღემდე არ შეუსრულებია.

ავარიულ სახლში მაცხოვრებლების თქმით, კარკასი აშენებულია, დასასრულებელია გადახურვის და მოპირკეთების სამუშაოები. გარდა ამისა, კომპანიას აქვს სასამართლო დავა ბათუმის მერიასთან, საკითხი კონკრეტული ნაკვეთის გასხვისებას ეხება – კომპანია მიიჩნევს, რომ ამ ნაკვეთის გასხვისებით მერიამ მის პროექტს ხელი შეუშალა.

კომპანიის წარმომადგენელმა მერიასა და ავარიულ სახლში მცხოვრებლებთან აღებული ვალდებულების დეტალებზე „ბათუმელებთან“ საუბარი არ ისურვა. კომპანიის წარმომადგენელი ორ კვირის განმავლობაში გვპირდებოდა, რომ გვიპასუხებდა, თუმცა უშედეგოდ.

მაიაკოვსკის №55
  • ბათუმის მერიის პოზიცია

16 თებერვალს გამართული აქციის შემდეგ, გვიან ღამით,  ბათუმის მერიამ ფეისბუქგვერდზე განმარტა, რომ 2016 წელს ჩატარებული სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, მაიაკოვსკის ქუჩის №55/24-ში მდებარე სახლი ექვემდებარებოდა გამაგრებას. შესაბამისად, კეთილმოწყობის სამმართველომ მოამზადა დეტალური პროექტი გამაგრებითი სამუშაოების წარმოებისთვის, კორპუსში მცხოვრებლები კი ამ პროცესის დაწყებას ეწინააღმდეგებოდნენ, ვინაიდან, მათი აზრით, პრობლემა გვარდებოდა დროებით და უმჯობესი იყო, მოეძებნათ ინვესტორი ახალი ბინების მშენებლობის მიზნით.

„2016 წელს ბათუმის მერიას მომართეს სახლის მცხოვრებლებმა და განაცხადეს, რომ მათ მიერ მოძიებული იქნა ინვესტორი – შპს „რეალმშენი“, რომელიც მაიაკოვსკის ქ. #55/24-ში მდებარე სახლის გამაგრებითი სამუშაოებისათვის გათვალისწინებული თანხის სანაცვლოდ ამავე კორპუსის მესაკუთრეებს გადასცემდა ბინებს სხვა ტერიტორიაზე აშენებულ ახალ კორპუსში და მოითხოვეს მათთვის გათვალისწინებული საკომპენსაციო თანხის ინვესტორისათვის გაცემა“ – აცხადებს ბათუმის მერია.

2016 წლის 1-ელ დეკემბერს საკრებულომ მიიღო განკარგულება [N69], რომლის მიხედვითაც მერიას დაევალა მაიაკოვსკის #55/24-ში მდებარე ავარიული სახლის დემონტაჟისა და ახალი სახლის მშენებლობის სანაცვლოდ, მოქალაქეთა საკომპენსაციო თანხებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მერიას, შპს „რეალმშენსა“ და მაიაკოვსკის ქ. #55/24-ში მცხოვრებ 33 მესაკუთრეს შორის სამმხრივი შეთანხმებების გაფორმება და 430 585  ლარის კომპენსაციის სახით გაცემა.
2016 წლის 26 დეკემბერს გაფორმდა სამმხრივი შეთანხმება, რომელსაც ხელს აწერდნენ მერია, მაია კოვსკის ქ. №55/24-ში მცხოვრები 33 ოჯახი და შპს „რეალმშენი“.
მერიის განმარტებით, ხელშეკრულების ხელმომწერი ყველა მხარე ადასტურებდა, რომ საკომპენსაციო თანხის გადარიცხვის შემდგომ მერიას არანაირი ვალდებულება აღარ ექნებოდა „შემკვეთის“ [33 მესაკუთრე] და „მენარდის“ – შპს ,,რეალმშენის“ მიმართ მაიაკოვსკის ქ. №55/24-ში მდებარე ავარიული სახლის დემონტაჟსა და ახალი სახლის მშენებლობასთან, მათ საყოფაცხოვრებო პირობებთან, აგრეთვე სხვა სახელშეკრულებო და არასახელშეკრულებო ვალდებულებებთან დაკავშირებით.
„შემკვეთი“ [33 მესაკუთრე] ადასტურებდა, რომ საკომპენსაციო თანხების მიღების შემდგომ რაიმე პრეტენზია არ ექნებოდა მერიის მიმართ იმ შემთხვევაშიც კი, თუ „მენარდე“ – შპს „რეალმშენი“ არ შეასრულებდა მის მიერ ნაკისრ ვალდებულებებს, რომელიც განსაზღვრული იყო ამ ხელშეკრულებით და ასევე მათსა და შპს „რეალმშენს“ შორის მომავალში გაფორმებული ხელშეკრულებებით, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
ამ ჩანაწერით მერია ირიდებს პასუხისმგებლობას მოქალაქეებთან, იმ შემთხვევაში, როცა კომპანიას ბიუჯეტიდან ნახევარ მილიონი ლარი გადაურიცხა, მან კი ვალდებულებები არ შეასრულა.
საინტერესოა, როგორ გაჩნდა ასეთი ჩანაწერი ხელშეკრულებაში, რომლის ერთ-ერთი ხელმომწერიც მერია იყო? – ავარიულ სახლებში მცხოვრებლების ინფორმაციით, ეს ხელშეკრულება მერიაში მოამზადეს, აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ მერიაში 2016 წლის შემდეგ იურისტები არ შეცვლილან. მერიის აპარატის უფროსი ნუკრი დეკანაძე კი მაშინ მერიის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა.
რატომ არ გაითვალისიწნა მერიამ ხელშეკრულებაში ბიუჯეტიდან ჩარიცხული თანხის ხარჯვის კონტროლის რაიმე მექანიზმი და რატომ დატოვა ეს საკითხი მხოლოდ მოქალაქეების იმედად?
ბათუმის ვიცე-მერს ლევან დავითაძეს ვკითხეთ, რამდენად მისაღებია მისთვის, როცა მერია ბიუჯეტიდან კომპანიას 500 000-მდე ლარს ურიცხავს და ხელშეკრულებაში წერს, რომ თუ ის ვალდებულებას ვერ შეასრულებს, პრეტენზია არ ექნება.
ამ კითხვებს ვიცე-მერმა პირდაპირ არ უპასუხა.
„ჩვენ ხომ ვართ სახელმწიფოში, სადაც კანონი და მისი უზენაესობაა. პატივი უნდა ვცეთ იმ ხელშეკრულებებს და საბიუჯეტო სახსრებს, რომელიც არის თითოეული ჩვენგანის გადასახადებიდან აკრეფილი. შესაბამისად, ჩვენ სამართლებრივად არანაირი უფლება არ გაგვაჩნია ეს ადამიანები შევიყვანოთ ე.წ. ავარიული სახლების პროგრამაში, რადგან მერიამ ერთხელ უკვე გაიღო თანხა და ეს ვალდებულება გადააბარა მშენებელზე და მობინადრეებს“, – თქვა ვიცე-მერმა.
ვიცე-მერის თქმით, შესაძლებელია მერია ისევ ჩაერთოს საკითხის მოგვარების პროცესში, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ხელშეკრულება ანულირდება და კომპანია მერიას ჩარიცხულ თანხას დაუბრუნებს.
„ასეთ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია ჩავრთოთ ეს ოჯახები ავარიული სახლის პროგრამაში. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ დღესვე შეგვიძლია ეს 45 ოჯახი გადავიყვანოთ ქირაში და ასევე მივცეთ მათ ახალი საცხოვრისი იგივე ლოკაციაზე, ან შევთავაზოთ საბინაო ფონდიდან… მერიას ჰქონდა გამოხატულება, რომ უსაფრთხო გარემო შეექმნა მათთვის, იზრუნა და ეს თანხა გამოყო, შემდეგ მათი თხოვნის საფუძველზე, გადაირიცხა კონკრეტული კომპანიის ანგარიშზე.
არსებობს შესაძლებლობა, თუმცა არ არის მერიის ვალდებულება, რომ ეს თანხა დაბრუნდეს უკან და მოხდეს ამ კორპუსის გამაგრება ისე, რომ ავარიულის სტატუსი მოიხსნას“, – ამბობს ბათუმის ვიცე-მერი.

ბათუმში სპორტის სასახლე მუხრან ვახტანგაძის სახელობის გახდა

ბათუმში სასპორტო სკოლას სპორტსმენის, „ოცნების“ ყოფილი დეპუტატის, მუხრან ვახტანგაძის სახელი დაარქვეს. სასწავლებლისთვის „მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლის“ დარქმევის შესახებ ბრძანება აჭარის განათლების მინისტრმა 2021 წლის დეკემბერში გამოსცა.

აჭარის განათლების სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ სპორტის სასახლისათვის მუხრან ვახტანგაძის სახელის დარქმევის ინიციატივით სპორტული საზოგადოება გამოვიდა.

აჭარის განათლების სამინისტროს პრესსამსახურის თქმით, წერილს, რომლითაც სპორტის სასახლისთვის მუხრან ვახტანგაძის სახელის დარქმევას ითხოვენ, სხვადასხვა ფედერაციის წარმომადგენლები და სპორტულ საზოგადოებაში ცნობილი ადამიანები აწერენ ხელს.

მუხრან ვახტანგაძე საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრი იყო პარტია „ქართული ოცნებიდან“.

მუხრან ვახტანგაძე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეა. ის 2000 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მონაწილეა, სადაც მესამე ადგილი აიღო. 2001 წელს გახდა მსოფლიო ჩემპიონი 85 კგ წონით კატეგორიაში, ხოლო 2003 წელს გამართულ ევროპის ჩემპიონატში მესამე ადგილი დაიკავა.

2006 წლიდან 2015 წლამდე მუხრან ვახტანგაძე იმ სასპორტო სკოლას ხელმძღვანელობდა, რომელიც ახლა მისი სახელობის გახდა.

დემონსტრანტებმა მერია მოატყუეს, რომ „დააბოქლომებენ“ – უაქციოდ მობილიზებული პოლიცია

მალე სახელშეცვლილი ბათუმის სასპორტო სკოლა შენობასაც შეიცვლის და ლეონიძის ქუჩაზე, ახალ შენობაში გადავა. ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე ე.წ. ბასკოს შენობა სამშენებლო კომპანია „ორბმა“ იყიდა, რომელიც მის დანგრევას და იქ მაღალსართულიანი სასტუმროს ტიპის კომპლექსის მშენებლობას გეგმავს.

სასპორტო სკოლის ამჟამინდელი ხელმძღვანელის, ირმა ნიჟარაძის თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ახალი შენობის ტესტირება. რამდენიმე კვირაში ინვენტარს სრულად გადაიტანენ და სკოლა ფუნქციონირებას დაიწყებს.

 

როდის დაიწყება ბათუმში №16 სკოლის ახალი შენობის მშენებლობა

ბათუმის №16 საჯარო სკოლის ახალი შენობის პროექტზე მშენებლობის ნებართვის მიღების პირველი ეტაპი დასრულებულია და ამჯერად მიმდინარეობს სანებართვო პროცედურების მეორე ეტაპი – უთხრეს „ბათუმელებს“ აჭარის განათლების სამინისტროში.

მშენებლობის ნებართვის გამცემი ამ შემთხვევაში ბათუმის მერიაა. ნებართვის მიღებას კი, რომელიც სამეტაპიანი პროცედურაა, დაახლოებით თვენახევარი სჭირდება. ეს იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტაცია წესრიგშია, ან სხვა რომელიმე უწყებაში გადაგზავნა არ არის აუცილებელი.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, უშუალოდ მშენებლობაზე ტენდერს, მერიისგან ნებართვის მიღებისთანავე გამოაცხადებენ.

რაც შეეხება მშენებლობის ვადას, სამინისტროში ამბობენ, რომ პროექტი ორწლიანია, შესაბამისად, ახალი შენობა, ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 წლის ვადაში უნდა აშენდეს.

მშენებლობის ღირებულება, პროექტის მიხედვით, 14 942 791 ლარია.

რა თანხის სამუშაოები შესრულდება 2022 წელს, ეს ტენდერის გამოცხადების დროისთვის დაზუსტდება – გვითხრეს სამინისტროში

სამინისტრომ პროექტის დასრულების შესახებ მიმდინარე წლის 19 იანვარს განაცხადა.

პროექტის მიხედვით, №16 სკოლის არსებული შენობა დაინგრევა და მის ადგილზე აშენდება 3-სართულიანი შენობა, რომელიც გათვლილია 1000 მოსწავლეზე [40 საკლასო ოთახი] ერთ ცვლაში. შენობაში ასევე განთავსდება ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული ოთახი, სააქტო დარბაზი 300 მაყურებელზე, ღია და დახურული სპორტული მოედნები, ტრიბუნებით. შენობა იქნება ადაპტირებული, მოეწყობა ლიფტი.

ამ თემაზე:

ბათუმის მე-16 სკოლის მშენებლობაზე 14.9 მილიონი ლარი დაიხარჯება – პროექტირება დასრულდა

ბათუმის მე-16 საჯარო სკოლა 2021 წლის აპრილში იმდენად დაიბზარა, რომ შეფასდა, როგორც ბავშვებისთვის სახიფათო. მას შემდეგ ამ სკოლის მოსწავლეებისთვის საგაკვეთილო პროცესი მე-10 საჯარო სკოლაში ტარდება.

მთავარი ფოტო: ბათუმის მე-16 საჯარო სკოლის არსებული შენობა [ზემოთ] და ახალი შენობის რენდერი პროექტიდან [ქვემოთ]

რას ნიშნავს, როცა ბათუმში უკანონო კორპუსების მშენებლობას სასამართლოც ვერ აჩერებს

ზუსტად ორი თვის წინ, 2021 წლის 17 დეკემბერს აცნობა ბათუმის მერიამ აღსრულების ეროვნულ ბიუროს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ, რომლის მიხედვითაც ბათუმში, გოგოლის ქუჩაზე უკანონოდ კორპუსების მშენებლობა უნდა შეჩერებულიყო, თუმცა ამას შედეგი არ მოჰყოლია.

სასამართლოს გადაწყვეტილება ამ დრომდე არ სრულდება.

სახელმწიფო უწყებები, რომელთაც კანონი ავალებთ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას ან რეაგირებას გადაწყვეტილების შეუსრულებლობაზე, უბრალოდ დუმილს არჩევენ, ან ამბობენ, რომ ეს ინფორმაცია საჯარო არ არის.

„დანაშაული სახეზეა, სამართალდამცავი უწყებები არ რეაგირებენ ამ დანაშაულზე, სხვა უწყებების მხრიდანაც არ ჩანს ეფექტური რეაგირება. ცალსახად ეს არის შერჩევითი სამართალი, რაც სერიოზული საფრთხეა სამართლებრივი სახელმწიფოსთვის,“ – ამბობს პაატა დიასამიძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი.

რატომ ვერ მოხერხდა ამ დრომდე უკანონო მშენებლობის შეჩერება ბათუმში, გოგოლის ქუჩაზე? – მით უფრო ახლა, როცა სასამართლოს გადაწყვეტილებაც არსებობს და არ არსებობს რომელიმე სხვა ინსტიტუცია, რომელიც დაადგენს, რომ უკანონო მშენებლობა უნდა შეჩერდეს.

კითხვა თავდაპირველად ბათუმის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას დავუსვით.

„მშენებლობის შეუჩერებლობის გამო „მეტრო ტერმინალის“ მიმართ სამართლებრივი ღონისძიებები გრძელდება. კომპანია მუნიციპალურმა ინსპექციამ მშენებლობის დაწყებიდან დღემდე 53-ჯერ დააჯარიმა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, კომპანია აგრძელებს სამშენებლო პროცესს, რაც საკანონმდებლო სისტემაში შესული ცვლილებების საფუძველზე შეიცავს სისხლის სამართლის ნიშნებს და შესაბამისი დოკუმენტაცია უკვე გადაგზავნილია საგამოძიებო ორგანოებში და აღსრულების ბიუროში“, – მოგვწერეს ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის პრესცენტრიდან.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურაში „ბათუმელების“ კითხვა იმაზე, თუ რატომ არ ხდება რეაგირება დანაშაულზე, უპასუხოდ დატოვეს.

„ინფორმაციას მესამე პირებზე არ გავცემთ,“ – მოკლედ მოგვიშორეს აღსრულების ეროვნული ბიუროდანაც. აქ არ განმარტეს, რა გააკეთა აღსრულების ბიურომ იმისთვის, რასაც მას კანონი ავალდებულებს.

„ეს დამოკიდებულება არასწორია, რადგან აქ საუბარია არა პერსონალური ინფორმაციის გაცემაზე, არამედ იმაზე, მაღალი საჯარო ინტერესის მქონე საქმეზე რა რეაგირება გააკეთა სახელმწიფო უწყებამ.

მით უმეტეს ამ ფონზე, როცა სახელმწიფო უწყებების მიმართ ნდობის ფაქტორი არცთუ ისე მაღალია და მთლიანობაში ჩანს, რომ ეფექტური რეაგირება არ ხდება,“ – გვითხრა პაატა დიასამიძემ, საია-ს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელმა.

ამ თემაზე საუბრისას საია-ს იურისტს, პირველ რიგში, თბილისში, გასული წლის დეკემბრის ბოლოს განვითარებული პროცესი ახსენდება, როცა მოქალაქეებს უკანონოს აშენებული სახლები დაუშალეს მძიმე ტექნიკის გამოყენებით. იურისტის აზრით, თბილისის ეს შემთხვევა და ბათუმის „უკანონო კორპუსების საქმე“ ნათლად აჩვენებს ხელისუფლების მხრიდან შერჩევით სამართალს, რაც საფრთხეა სამართლებრივი სახელმწიფოს იდეისთვის.

„ჩვენ ვნახეთ როგორი მობილიზებით მივიდა თბილისში მერია, პოლიციის კორდონებით, ტექნიკით და ასე შემდეგ. თან მნიშვნელოვანია, რომ შენობები, რაც დაანგრიეს, იყო იმ ადამიანების, ოჯახების თავშესაფარი, რომ ქარისთვის და წვიმისთვის, თოვლისთვის დაეღწიათ თავი, ბათუმში კი, ფაქტობრივად უკანონოდ ქალაქი შენდება ქალაქში და არცერთ უწყებას არ აქვს რეაგირება.

აქ ჩანს ნების პრობლემა. ბათუმის საქალაქო სასამართლომაც უარი თქვა ფაქტობრივად მშენებლობის შეჩერებაზე, ბათუმის მერიამ კი ამ დრომდე ისიც ვერ განმარტა, რა იქნება ამ შენობებში, რისთვის აშენებენ ამ კორპუსებს?

მუნიციპალური ინსპექციაც ფორმალურად წესს არ არღვევს, მაგრამ გვახსოვს, თავიდან სხვა კომპანიას როცა აჯარიმებდა ეს საჯარო უწყება, ანუ ისიც არ გაურკვევიათ, რომელ კომპანიას ეკუთვნოდა მშენებლობა, ეს შემდეგ დოკუმენტურად დადასტურდა კიდეც,“ – ამბობს პაატა დიასამიძე.

საია-ს იურისტი გულისხმობს შეცდომას, რომელიც მუნიციპალურმა ინსპექციამ დაადასტურა. ამ უწყებამ 2021 წლის 27 ივლისის დადგენილებაში აღიარა, რომ შეცდომა დაუშვა და რეალურად სხვა საკადასტრო მიწის ნაკვეთს არიცხავდა ჯარიმებს, როცა „მეტრო ტერმინალს“ აჯარიმებდა კორპუსების უნებართვო მშენებლობისთვის.

ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციაში დღეს, 17 თებერვალს არ უპასუხეს კითხვას: რა უშლის ხელს სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებას?

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ამ დრომდე არ დაუწყია გოგოლის ქუჩაზე „უკანონოდ კორპუსების მშენებლობის საქმის“ განხილვა. სასამართლომ ამ ეტაპზე მხოლოდ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება განიხილა. ბათუმისგან განსხვავებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მშენებლობა გოგოლის ქუჩაზე უნდა შეჩერდეს, ვიდრე სასამართლო ამ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.

ამ თემაზე:

9 კორპუსის უკანონო მშენებლობა ბათუმში – რა წერია სასამართლოს გადაწყვეტილებაში

გამოკითხულთა 82% ამბობს, რომ ოჯახის 1 წევრი მაინც დაავადდა კოვიდით – კვლევა

სტატისტიკის ეროვნულმა სააგენტომ ოჯახებისა და ბავშვების კეთილდღეობაზე COVID-19-ის გავლენის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.

კვლევაში მონაწილე პირების 82 პროცენტზე მეტი წუხს, რომ მათი ოჯახის რომელიმე წევრი სერიოზულად დაავადდა კორონავირუსით, თუმცა არავაქცინირებული რესპონდენტების 33 პროცენტი ამბობს, რომ ნაკლებ სავარაუდოა აიცრას, ხოლო 35 პროცენტს ჯერაც არ გადაუწყვეტია ვაქცინაცია.

კვლევის მიხედვით, ვაქცინაციაზე უარის თქმის ძირითადი მიზეზებია გვერდითი მოვლენების მიმართ შფოთი, ვაქცინის უსაფრთხოება და ჯანმრთელობის პრობლემები.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გაეროს ბავშვთა ფონდთან პარტნიორობით და USAID-ის მხარდაჭერით ჩატარებულმა მონაცემთა მონიტორინგის რეალურ დროში კვლევამ აჩვენა, რომ გამოკითხვის წინა ორი კვირის განმავლობაში შინამეურნეობების 11 პროცენტმა ვერ მიიღო საჭირო სამედიცინო მომსახურება, ხოლო შინამეურნეობების 38 პროცენტმა ვერ შეძლო საჭირო მედიკამენტების მიღება, რადგან არ ჰქონდა ყიდვის შესაძლებლობა.

კვლევის მიხედვით, 2-4 წლის ასაკის ბავშვების მხოლოდ 60 პროცენტი და 2-5 წლის ბავშვების მხოლოდ 66 პროცენტი დადიოდა სკოლამდელ საგანმანათლებლო დაწესებულებაში 2021-2022 სასწავლო წლის დასაწყისიდან მოყოლებული.

6-17 წლის ბავშვების 71 პროცენტზე მეტი ესწრებოდა სასწავლო პროცესს მხოლოდ საკლასო ოთახებში, 22 პროცენტი – მხოლოდ დისტანციურად, 5 პროცენტი – კომბინირებულად, ხოლო 2 პროცენტი საერთოდ არ ესწრებოდა სასწავლო პროცესს.

გამოკითხვის შედეგების მიხედვით, კვლევაში მონაწილე პირების თითქმის 15 პროცენტს არ აქვს ინტერნეტზე წვდომა, „სოფლად ეს მაჩვენებელი 2.4-ჯერ აღემატება ქალაქის მაჩვენებელს, რაც ონლაინ სწავლას გამოწვევად აქცევს და ზრდის ციფრულ უთანასწორობას“ – აღნიშნულია კვლევაში.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყოფნისგან თავის არიდებას მეტ-ნაკლებად ახერხებდა რესპონდენტების 69.0 პროცენტი, ხოლო 31.0 პროცენტი იშვიათად ან საერთოდ ვერ ახერხებდა.

იმის მიზეზად, თუ რატომ ვერ ახერხებდნენ, რესპონდენტების მიერ სახელდება საყიდლებზე წასვლა (82.8%),  სამსახურში სიარული (71.9%), აფთიაქში წასვლა (22.4%), სტუმრად წასვლა ან შეხვედრა ვინმესთან (22.0%), ვიზიტი კერძო დაწესებულებაში მომსახურების მისაღებად (9.0%), ვიზიტი სახელმწიფო დაწესებულებაში მომსახურების მისაღებად (8.2%), ვიზიტი სამედიცინო დაწესებულებაში (4.4%) და კორონავირუსის ტესტის ჩატარება (0.4%).

    პანდემიის პერიოდში შემოსავალი შეუმცირდა გამოკითხულთა მინიმუმ 41.1%-ს. 

კვლევის შედეგების მიხედვით, 2021 წლის ნოემბრიდან გამოკითხვის მომენტამდე პერიოდში ქვეყანაში შინამეურნეობების 8.8 პროცენტს შეუმცირდა საშუალო თვიური შემოსავლები. ქალაქის ტიპის დასახლებებში აღნიშნული მაჩვენებელი 8.2 პროცენტს, ხოლო სოფლად – 9.6 პროცენტს შეადგენს.

კვლევა გაეროს ბავშვთა ფონდის ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით, ასევე აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით განხორციელდა.

კვლევა 2021 წლის დეკემბერში ჩატარდა და მის ფარგლებში 1,996 შინამეურნეობის წარმომადგენელი გამოიკითხა.

რას აკეთებს „ტყის კაცი“ ბათუმის ბულვარში | ფოტოამბავი

ბათუმის ბულვარში მეტალის ახალი ინსტალაცია განთავსდა. რკინის „ტყის კაცი“ ნახევრად წაქცეულ ნაძვის ხეს ხელებით იჭერს.

ინსტალაციის ავტორი ბექა ჯანუაშვილია.

ბულვარის ადმინისტრაციის თქმით, არტინსტალაცია, რომელიც წაქცეულ ხეს აკავებს, სიმბოლურად ბუნებისადმი მოფრთხილებას ასახავს.

„ინსტალაცია გარემოს დაცვის კუთხით ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. ეს ბათუმის ბულვარისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. პროექტი ბექამ ერთ-ერთი ფესტივალის ფარგლებში გააკეთა და შემდეგ შემოგვთავაზა მისი განთავსება ამ ადგილას.

ეს არის დროებითი ინსტალაცია, გარემოს დაცვის მიმართულებით ჩვენ ვაკეთებთ ხოლმე მსგავს პროექტებს ბულვარის სხვადასხვა ადგილას.  ქალაქის ყველაზე გამწვანებული საპარკე სივრცე ღიაა ამ კუთხით სხვადასხვა იდეის ხელშეწყობისა და მხარდაჭერისთვის“ – ამბობენ ბულვარის ადმინისტრაციაში.

„ტყის კაცი“ – ინსტალაცია ბათუმის ბულვარში

სად დაასაქმებენ სოციალურად დაუცველებს – რას ამბობენ აჭარის სააგენტოებში

როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, მთავრობა პირველი მარტიდან სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის დასაქმების პროგრამას იწყებს.

„ბათუმელები“ შეეცადა გაერკვია, რა პროცესები მიმდინარეობს აჭარაში აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით და სად უპირებენ სოციალურად დაუცველებს დასაქმებას.

ასევე, რამდენად არის პროექტის განხორციელებაში აჭარის სოციალური მომსახურების სააგენტო ჩართული და რა ინფორმაცია აქვთ ამ დროისთვის შეგროვებული.

სააგენტოს ხელმძღვანელს, ვაჟა ფუტკარაძეს ვკითხეთ, თუ აქვს სააგენტოს ინფორმაცია რამდენი შრომისუნარიანი სოციალურად დაუცველი ცხოვრობს აჭარაში, დაახლოებით რა კვალიფიკაციის არიან ისინი და როგორ აპირებენ მათთან კომუნიკაციას დასაქმების თემაზე.

ვაჟა ფუტკარაძე ამბობს, რომ რეგიონის დონეზე ასეთ ინფორმაციას არ ფლობს.

„ასე ჩაშლილად არ გვაქვს ინფორმაცია შრომისუნარიან ადამიანებზე, ქვეყნის მასშტაბით კი ვიცით, რომ 200 ათასზე მეტია ასეთი ადამიანი.

რაც შეეხება კომუნიკაციას, ჩვენ გვაქვს ყველა სოციალურად დაუცველი პირის მისამართი, საკონტაქტოები და დაეგზავნებათ შეტყობინებები. მოვლენ ადგილზე, კონსულტაციას გავუწევთ და ჩავრთავთ პროგრამაში“, – გვითხრა ვაჟა ფუტკარაძემ.

მისი თქმით, სოციალურად დაუცველების დასაქმებისთვის განსაკუთრებული უნარები და კომპეტენცია საჭირო არ არის. „რადგან ისინი საზოგადოებრივ სამუშაოებში დასაქმდებიან“.

ვაჟა ფუტკარაძეს ვთხოვეთ ჩამოეთვალა ის საზოგადოებრივი სამუშაოები, სადაც სოცდაუცველების დასაქმებას მოიაზრებს სახელმწიფო.

„ასე კონკრეტულად ვერ გეტყვით, მაგრამ ეს შეიძლება იყოს გამწვანების სამუშაოები, სოფლის მეურნეობის სამუშაოები იქნება და ასე შემდეგ. ნებისმიერი სახელმწიფო უწყებები, სადაც საჭიროება გამოჩნდება“, – გვითხრა ვაჟა ფუტკარაძემ.

რამდენად შესაძლებელია სახელმწიფო შპს-ებში დასაქმდნენ ეს პირები? – ვაჟა ფუტკარაძის თქმით, მათ შორის ამ უწყებებშიც შესაძლოა გაჩნდეს ვაკანსიები.

„პროგრამა იწყება პირველი მარტიდან, პირველ ეტაპზე საბიუჯეტო უწყებებში დასაქმებაზეა საუბარი, შემდეგ კი კერძო სტრუქტურებიც ჩაერთვებიან. მუშა პროცესში გამოჩნდება ყველაფერი“, – ამბობს ვაჟა ფუტკარაძე.

სოციალურად დაუცველებს მაქსიმალურ ხელფასს 300 ლარს სთავაზობენ. „კვირაში ხუთი, რვასაათიანი სამუშაო გრაფიკის შემთხვევაში. გარდა ამისა, საათობრივი სამუშაოებიც იქნება და ამის მიხედვითაც გადაანგარიშდება ანაზღაურება. გააჩნია, როგორი სამუშაო პირობები იქნება. სანამ არ დაიწერება პროგრამა, წინასწარ კონკრეტიკა მაინც რთულია“, – ამბობს ვაჟა ფუტკარაძე.

რა იქნება იმ შემთხვევაში, თუკი სოციალურად დაუცველები დასაქმების პროგრამით არ დაინტერესდებიან? ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ ასეთი ოჯახები ერთი წლის შემდეგ გადამოწმდებიან, „რადგან ეს სამართლიანია“.

ხომ არ იქნება ერთგვარი ზეწოლა სოციალურად დაუცველ ოჯახებზე, რომ ნებისმიერ შემთხვევაში დათანხმდნენ ისინი სახელმწიფოს მიერ შეთავაზებულ სამუშაოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მათ სტატუსი შეუჩერდებათ?

რამდენად მოსალოდნელია, რომ ამ პროგრამით მთავრობამ ქვეყანაში არსებული უმუშევრობის მაღალი მაჩვენებელი შეამციროს, იმის მიუხედავად, რეალურად შეძლებენ თუ არა ოჯახები გაძლიერებას?

ვაჟა ფუტკარაძე ამბობს, რომ პროგრამა ნებაყოფლობითია. „მიდგომა ძალიან ლიბერალურია და მოქალაქე ამ პროგრამით ნამდვილად არ დაზარალდება“, – ამბობს ის.

რაც შეეხება აჭარის დასაქმების სააგენტოს, აქ გვითხრეს, რომ პროცესებში არ არიან ჩართული და ინფორმაციას ვერ მოგვაწვდიან.

დასაქმების სააგენტოს ვკითხეთ, რა სამუშაოებზეა ამ დროისთვის ყველაზე მეტი მოთხოვნა და სად შეიძლება სოციალურად დაუცველები დასაქმდნენ.

„ძირითადად, სამუშაო ადგილები არის სტუმარმასპინძლობის სფეროში, მშენებლობა და ასე შემდეგ. მომსახურების სექტორში ყველაზე დაბალი 350 ლარია ანაზღაურება და 800 ლარამდე მერყეობს. სტუმარმასპინძლობის სფეროში უფრო მაღალია ანაზღაურება და ეს დამოკიდებულია სამუშაოს ტიპზე. ეს დამოკიდებულია დასასაქმებელი პირის უნარ-ჩვევებზე და კომპეტენციაზე“, – ამბობს სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ კახიძე.

მისი თქმით, იყო შემთხვევები, როცა ერთ-ერთ სასტუმროში 800-ლარიან ვაკანსიაზე, რომელიც მოიცავდა დაზღვევას და კვებას, 8-საათიანი სამუშაოთი, „რვა ვაკანსიაზე 12 ადამიანიდან მხოლოდ ერთი დასაქმდა. სხვებმა უარი თქვეს“.

კახიძის აზრით, შესაძლოა ასეთ ვაკანსიებზე დასაქმდნენ სოციალურად დაუცველები, რადგან მათი მოტივაცია იქნება უფრო მაღალი, პარალელურად მათ არ შეუწყდებათ საარსებო შემწეობა.

თემურ კახიძის თქმით, ამ ეტაპზე დასაქმების სააგენტოში 70-ზე მეტი ვაკანსიაა შესული, რომელიც მოიცავს როგორც გრძელვადიან, ასევე დროებით (ერთჯერადი) დასაქმებას.

კურორტ გოდერძის მიწებზე აჭარის მთავრობას საკონსტიტუციოში უჩივიან

„ეს დისკრიმინაციული მიდგომაა. არ შეიძლება, აჭარის მთავრობამ აჭარის ტერიტორიაზე მიწების ჩამორთმევის განსხვავებული წესი შემოიღოს,“ – ამბობს დავით ანანიძე, რომელიც აჭარის მთავრობას საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივის.

დავით ანანიძე, ყოფილი მოსამართლე და ამჟამად ადვოკატი, ხულოში მცხოვრები რამდენიმე ადამიანის ინტერესებს იცავს ხელვაჩაურის საქალაქო სასამართლოში.

„ამ ადამიანებს მიწების აღიარებაზე უარი უთხრეს აჭარის მთავრობის განკარგულების საფუძველზე, რამდენიმე შემთხვევაში კი, მიწა უკვე გასხვისდა,“ – ამბობს დავით ანანიძე.

კონკრეტულად, დავის საგანია აჭარის მთავრობის მიერ 2016 წელს მიღებული განკარგულება ,,ხულოს მუნიციპალიტეტის კურორტ ,გოდერძიზე ტურიზმისა და ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის“ შესახებ, სადაც მოსარჩელის შეფასებით, განსაზღვრულია კურორტის განვითარების „წესები“, მათ შორის, ქონების ჩამორთმევის საკითხი.

მოსარჩელე აპროტესტებს იმას, რომ მაშინ, როცა ქვეყნის მასშტაბით არსებობს კანონი „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“, არ შეიძლება ხულოში, კურორტ გოდერძიზე მოსახლეობისგან მიწის ნაკვეთების გამოსყიდვის და კომპენსაციის გაცემის განსხვავებული წესი არსებობდეს.

„უკანონო განკარგულებაში და მის დანართში გაწერილია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შეხედულებით დადგენილი წესები, კურორტის განაშენიანების ზონაში მცხოვრები მოსახლეობის რომელ ნაწილს ეკუთვნის კომპენსაცია და რომელს – არა, რა რაოდენობით უნდა აუნაზღაურდეს კომპენსაცია საკურორტო ზონაში მცხოვრებ მოსახლეობას მათი საკუთრებაში არსებული ნივთის გამოსყიდვისათვის, მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთებისათვის და თვითნებურად დაკავებული მიწისათვის, ან საერთოდ უნდა აუნაზღაურდეს თუ არა მათ მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთების კომპენსაცია,“ – აღნიშნულია სარჩელში.

მოსარჩელე რამდენიმე კონკრეტულ შემთხვევას აღწერს, როცა ხულოს მუნიციპალიტეტის თვითნებურად დაკავებულ მიწებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია მოსახლეობას უარით ისტუმრებს იმ მიზეზით, რომ აჭარის მთავრობის 2016 წლის 18 ოქტომბრის #189 განკარგულებით დადგენილ საკურორტო ზონაში მცხოვრებ მოსახლეობას შეზღუდული აქვს საკუთრების როგორც რეგისტრაცია, ასევე მიღების უფლება.

„…საკურორტო ზონაში მცხოვრები მოსახლეობა ვერ სარგებლობს ზემოთ ჩამოთვლილი კანონებით დაწესებული შეღავათებით და ვერ ხდებიან მიწის მესაკუთრეები იმის გამო, რომ ისინი ცხოვრობენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, საკურორტო ზონაში, ამიტომ ისინი საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობასთან შედარებით დისკრიმინაციულ მდგომარეობაში იმყოფებიან,“ – ვკითხულობთ საკონსტიტუციო სარჩელში.

სარჩელის მიხედვით, მაგალითად, ხულოში, სოფელ დანისპარაულში მცხოვრებმა ედნარ გელაძემ 2017 წელს მიმართა საჯარო რეესტრს მის მფლობელობაში არსებული საკარმიდამო მიწის [6500 კვ. მეტრი] რეგისტრაციისთვის, მაგრამ სარეგისტრაციო წარმოების პერიოდში, 2017 წლის 05 აგვისტოს საკარმიდამო მიწის ნაკვეთის ნაწილი, რომელსაც ეს ოჯახი დღემდე სარგებლობს, აჭარის ეკონომიკის სამინისტრომ მიჰყიდა კომპანია „ჯი ეს პი გრუპს“.

დავით ანანიძე აღნიშნავს, რომ ამ საქმეზე სასამართლო დავა ამ დრომდე დასრულებული არ არის. მისივე თქმით, არსებობს შემთხვევებიც, როცა მოქალაქეებმა მსგავსი დავა საერთო სასამართლოებში მოიგეს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ უკანონო განკარგულება არსებობდეს და მეორე – სასამართლო პროცესები შესაძლოა წლობით გაგრძელდეს.

___________________________

ფოტოზე: კურორტი გოდერძი

 

მდიდარ ქვეყნებში ბავშვისთვის კიბო აღარ არის განაჩენი – ჯანმოს ახალი მოხსენება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ოფისმა 15 თებერვალს, ბავშვთა კიბოს საერთაშორისო დღეს, გამოაქვეყნა მოხსენება, რომელშიც პირველადაა ხაზგასმული ევროპის რეგიონის ქვეყნებში ბავშვთა კიბოს დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში არსებული უთანასწორობა.

„ბოლო ათწლეულების განმავლობაში მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული კიბოთი დაავადებული ბავშვების გადარჩენის მაჩვენებლების გაუმჯობესებაში. დღეს, ტექნოლოგიების, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ინოვაციური მეთოდების შედეგად, ჩვენ შეგვიძლია განვკურნოთ ბავშვთა კიბოს შემთხვევების 80%-მდე.

მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნებში კიბოს დიაგნოზი აღარ არის სასიკვდილო განაჩენი ბავშვებისა და მოზარდებისთვის. სამწუხაროდ, ასე არ არის ევროპის რეგიონის ბევრ ქვეყანაში“ – განაცხადა ნინო ბერძულმა, ჯანმოს ევროპის რეგიონის ჯანდაცვის პროგრამების ხელმძღვანელმა.

მოხსენებაში აღწერილია, თუ როგორ გაიზარდა კიბოს დიაგნოზის მქონე ბავშვების ხუთწლიანი გადარჩენის მაჩვენებელი 1960-იანი წლებიდან, 30%-დან 80%-მდე. ჯანმოს ცნობით, ეს განპირობებულია სხვადასხვა ფაქტორით, მათ შორის: უფრო ეფექტური მედიკამენტებისა და დიაგნოსტიკური საშუალებების და, ასევე, ონკოლოგიური დახმარების ხელმისაწვდომობით.

ანგარიშის მთავარი დასკვნის თანახმად, პროგრესი არათანაბარია რეგიონის მასშტაბით. ბავშვთა კიბოს სიკვდილიანობის მაჩვენებელი სხვადასხვა ქვეყანაში 9%-დან 57%-მდე მერყეობს. ასეთი მნიშვნელოვანი განსხვავების მიზეზი დაკავშირებულია რეგიონის ქვეყნებში არსებულ უთანასწორობასთან.

_____________________________

ფოტო: ილუსტრაცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მოხსენებიდან

 

როდის ეყოლება ბათუმის საზღვაო აკადემიას ახალი რექტორი

ბათუმის საზღვაო აკადემიის რექტორის მოვალეობას რექტორის პირველი მოადგილე, ირაკლი კაცაძე ასრულებს.

ყოფილი რექტორის, ირაკლი შარაბიძის გადადგომის შემდეგ იმისთვის, რომ საზღვაო აკადემია დროებითი ხელმძღვანელის გარეშე არ დარჩენილიყო, ეკონომიკის სამინისტროს აკადემიის წესდებაში ცვლილების შეტანა მოუწია.

კერძოდ, წესდებაში დაამატეს, რომ „რექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევაში რექტორის მოვალეობას ასრულებს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული რექტორის ერთ-ერთი მოადგილე ან აკადემიის  თანამშრომელი“.

განსხვავებით სხვა უმაღლესი სასწავლებლებისგან, საზღვაო აკადემიის რექტორის თანამდებობა არჩევითი არ არის. ახალი რექტორის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებას საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო იღებს. ახალი ხელმძღვანელი აკადემიას, სავარაუდოდ, თებერვლის ბოლოს ეყოლება.

ბათუმის საზღვაო აკადემიის რექტორმა, ირაკლი შარაბიძემ, თანამდებობა 14 თებერვალს დატოვა. მან გადადგომის მიზეზად გადაღლა დაასახელა.

ავარიული სახლი მაიაკოვსკის ქუჩაზე – ბათუმში საკრებულოს ოპოზიცია სხდომის გამართვას ითხოვს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დღეს, 17 თებერვალს, ბათუმის საკრებულოში სხდომის ჩანიშვნის მოთხოვნას დაარეგისტრირებენ. საკრებულოს წევრის, ნოდარ დუმბაძის ინფორმაციით, სხდომაზე მაიაკოვსკის ქუჩაზე მდებარე ავარიული სახლის საკითხის განხილვას გეგმავენ.

მაიაკოვსკის  №55-ში მდებარე ავარიულ კორპუსში მცხოვრებთა თქმით, 13 თებერვალს მომხდარი მიწისძვრის შედეგად მათი საცხოვრებელი კიდევ უფრო მეტად დაზიანდა, რის შემდეგაც მათ მერია ბინების დაქირავებას დაჰპირდა, თუმცა ორი დღის შემდეგ უარი უთხრა.

ავარიულ სახლში მცხოვრებლებმა გუშინ, 16 თებერვალს, მერიის უარის შემდეგ კორპუსთან აქცია გამართეს. მათივე ინფორმაციით, ოჯახების ნაწილი ალტერნატიულ საცხოვრებელში, ნაწილი კი ახლობელთან გადავიდა. ვისაც წასასვლელი არსად აქვს, ისევ ავარიულ სახლში ცხოვრებს.

კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარემ გვითხრა ისიც, რომ მოსახლეობა სახლის წინ კარვების გაშლას გეგმავს.

ცოტა ხნის წინ ავარიულ სახლებთან დაკავშირებით მიმართვა გაავრცელა ბათუმის საკრებულოს წევრმა აკაკი გვიანიძემაც, ის „გახარია – საქართველოსთვის“ წევრია. აკაკი გვიანიძე პრობლემის მოგვარების ერთ-ერთ ვერსიად ბიზნესისა და სახელმწიფოს გაერთიანებას ასახელებს:

„იმისთვის, რომ  გადავარჩინოთ ადამიანების სიცოცხლე, საჭიროა სახელმწიფოსა და ბიზნესის გაერთიანება. უნდა მოვახერხოთ საჯარო და კერძო თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითის დემონსტრირება.

პრობლემაზე დროულ და სწორ რეაგირებას ხელს უშლის რეალური მასშტაბების არცოდნაც. ბათუმის მერია გეგმავს ოთხი წლის განმავლობაში 80 მილიონი ლარის დახარჯვას, მართალია, იაზრებენ ინვესტორების ჩართულობის აუცილებლობას, თუმცა არ არსებობს კონკრეტული სამოქმედო გეგმა და სტრატეგია.

სამწუხაროდ, ბევრს არ აქვთ ის რწმენა, რომელიც მაქვს მე, რწმენა კერძო სექტორისადმი. დარწმუნებული ვარ, რომ ბათუმში მრავლად არიან ბიზნესმენები, რომლებიც მზად არიან დაეხმარონ ჩვენს ქალაქსა და თანაქალაქელებს“  – წერს საკრებულოს წევრი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

აკაკი გვიანიძე მოუწოდებს ბათუმის მერიას, მოაწყოს გაფართოებული შეხვედრა ავარიული სახლების პრობლემის განსახილველად და ამ შეხვედრაზე დასწრების საშუალება ყველა დაინტერესებულ მხარეს მისცეს:

„პირველი, რაც მერიამ უნდა გააკეთოს, არის შეკრება ყველა დაინტერესებული პირისა. სახელმწიფოს, სამშენებლო სექტორის, სამოქალაქო საზოგადოებისა და ავარიულ სახლებში მცხოვრებთა წარმომადგენლები უნდა შევთანხმდეთ მთავარ პრინციპებზე. მხოლოდ საზოგადოების ფართო ჩართულობითაა შესაძლებელი ასეთი მასშტაბური პრობლემის მოგვარება.“

ბათუმში, მაიაკოვსკის ქუჩაზე მდებარე ავარიულ კორპუსთან დაკავშირებულ დოკუმენტებს „ბათუმელები“ სწავლობს. ამ თემაზე ვრცელ სტატიას მალე შევთავაზებთ მკითხველს.

53 მილიონი ევრო ახალი სესხი – სამინისტრო ბათუმში კანალიზაციის მოწყობაზე

ვერც ბათუმის მერიაში და ვერც საქართველოს ფინანსთა სამინისტროში ვერ გვითხრეს კონკრეტული თარიღი, თუ როდის დაიწყება კანალიზაციის სისტემის მოწყობა ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიაზე. უწების ცნობით, თბილისში ამ საკითხზე უკვე გაიმართა სამთავრობო მოლაპარაკები და „გერმანულ მხარესთან მიღწეული იქნა შეთანხმება აღნიშნული პროექტის თაობაზე“.

„საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ოფიციალურად მიმართა KfW-ს ზემოთ აღნიშნული პროექტის დაფინანსების თხოვნით. ამ ეტაპზე დონორის მხრიდან უკვე ხორციელდება სათანადო პროცედურები და მოსამზადებელი სამუშაოები. სასესხო ხელშეკრულების გაფორმება კი მიმდინარე წელს, ახლო მომავალში არის დაგეგმილი,“ – მოგვწერეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან.

რადგან აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე აცხადებს, რომ შეთანხმება მიღწეულია, ფინანსთა სამინისტროს ვთხოვეთ მოეწოდებინა შეთანხმების დოკუმენტი – რა პირობებში დაიწყება კანალიზაციის მოწყობა ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიაზე, მათ შორის, ახალ ბულვარში, სადაც საცხოვრებელი მრავალსართულიანი კორპუსებიც კანალიზაციის სისტემის გარეშეა.

საუბარია KFW-ის, ანუ ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის შეღავათიან სესხზე, რომელმაც კანალიზაციის პრობლემის მოსაგვარებლად და სასმელი წყლის სისტემისთვის 2019 წელს მოგვცა 60 მილიონი ევრო, თუმცა ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებით და  ბათუმის მერიის თანხმობით, ეს ფული კოვიდბიუჯეტში გადარიცხეს. თუ KFW-ი ისევ მოგვცემს სესხს, ამ შემთხვევაშიც ფულს ჯერ საქართველოს მთავრობა მიიღებს და შემდეგ ჩაურიცხავენ ბათუმს.

ბათუმის მერის მრჩევლის, ზაურ ფატლაძის თქმით, ამ ეტაპზე გადაწყვეტილი არაფერია და თუკი ხელშეკრულება გაფორმდება, შემდეგ მინიმუმ 5 წელი დასჭირდება კანალიზაციის და სასმელი წყლის სისტემების მოწყობას.

„გაცნობებთ, რომ 2021 წლის 4-5 ნოემბერს საქართველოსა და  გერმანიის  ფედერაციულ რესპუბლიკას შორის, ქ. თბილისში გამართული სამთავრობო მოლაპარაკების ფარგლებში, გერმანულ მხარესთან მიღწეული იქნა შეთანხმება აღნიშნული პროექტის თაობაზე.

გერმანიის მთავრობის მიერ ამ პროექტისთვის მოაზრებულია 53 მლნ ევროს ოდენობის დაფინანსება სესხის სახით და ასევე 2 მლნ ევროს ოდენობის გრანტი პროექტის თანმდევი ღონისძიებებისთვის,“ – მოგვწერეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან.

რაც შეეხება დოკუმენტს, ფინანსთა სამინისტროში გვიპასუხეს, რომ „პროექტის შინაარსობრივი და ტექნიკური ნაწილის შემუშავება მიმდინარეობს ბათუმის მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობით“.

ამ თემაზე:

„ზაფხული იწყება აქ“ – ბათუმში ტურისტული სეზონი 15 ივნისს გაიხსნება

კოვიდის 1109 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა აჭარაში

ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 1109 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 2 პაციენტი.

ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის 15 644 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

stopcov.ge-ის ინფორმაციით, ამ ეტაპზე 5876 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, აჭარაშია 708 პაციენტი, მძიმე მდგომარეობაშია 139, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა – 41.

ამ ეტაპზე აჭარაში, კლინიკურ სასტუმროებში, მოთავსებულია 263 ადამიანი.

ბაღდათში გვქონდა დიდი ეზო იასამნის ხეებით – ქართველი ებრაელი ისრაელიდან

„საქართველოში, ბაღდათში ვცხოვრობდი 19 წლამდე. ჩვენს დიდ ოჯახში იყვნენ ჩემი მშობლები, ბიძა და ბიცოლა, ბებია-ბაბუა და ჩემი ძმა. ამ მოგონებებს ვერაფერი წაშლის.

ბაღდათში გვქონდა დიდი, მოვლილი ეზო  სურნელოვანი იასამნის ხეებით. მამა და ბიძა ფოტოგრაფები არიან და მთელი ჩვენი მეზობლები, კლასელები, სკოლელები, მეგობრები სურათებს სულ ჩვენს იასამნებში იღებდნენ. ცნობილი იასამნები გვქონდა.

ჩემი სკოლის არდადეგების დროს ყოველ დილას ჩამოვუვლიდი ბოსტანს, ვენახს  და თუ სადმე პატარა კიტრები, პომიდვრები, ნაადრევად დამწიფებული ყურძენი მეგულებოდა ვკრეფდი და ვსანსლავდი.

ეზოში გვყავდა ბევრი ძაღლი და კატა, გვყავდნენ მეგობრები მთელ უბანში, სადაც ვცხოვრობდით. დაიძახებდა ვინმე „წავედით მდინარეზე!“ და მივყვებოდით უბნის ბავშვები. ასე ვცხოვრობდით“, – იხსენებს ანი ეფრატი (ხუნდიაშვილი), 29 წლის ქართველი ებრაელი, რომელიც საქართველოდან 11 წლის წინ წავიდა ისრაელში საცხოვრებლად, ქართველ მეგობართან ერთად.

ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი პროგრამით ჩავიდა პირველად ისტორიულ სამშობლოში.

ანა ეფრატი (ხუნდიაშვილი) ძმასთან, მიშა ხუნდიაშვილთან ერთად ბაღდათში.

ახალგაზრდებს ეს პროგრამა ეხმარება ივრითის შესწავლასა და ინტეგრაციაში. მერე ანა ჯარში გაიწვიეს. ჯარშიც იმ მეგობართან, ნინისთან ერთად წავიდა, ვინც საქართველოდან გამოყვა.

ერთადერთი ენა ანასთვის რუსული იყო პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ჩამოსულებთან საკომუნიკაციოდ, ივრითი საერთოდ არ იცოდა, ქართველი კი ანას და მისი მეგობრის გარდა ჯარში არავინ იყო.

„წარმოიდგინეთ, ურთულეს ენას, ივრითს ვსწავლობდი რუსი ებრაელებისგან რუსულად, მაშინ, როცა რუსულიც გაჭირვებით მესმოდა. ასე ვიტანჯე ორი წელი, მაგრამ ივრითი ვისწავლე.

ანი ეფრატი (ხუნდიაშვილი) საქართველოში.

ჯარში შევიძინე მნიშვნელოვანი უნარები, გავიცანი ძალიან ბევრი ახალი ადამიანი. მათი დახმარებით ვისწავლე ენა, რთულ ყოველდღიურობასთან შეგუება, შევეგუე ცხოვრების უსწრაფეს ტემპს.

ბაღდათში, პატარა, წყნარ რაიონში ვიყავი ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლე, ჩამოვედი ისრაელში და რას ვხედავ! ყველა ნიჭიერია, ყველა ძალიან განათლებული, შრომისმოყვარე და აქტიური. მათ ფონზე ძალიან პასიური და მოშვებული ვიყავი. პატარა, მშვიდი ბაღდათის რიტმს ვიყავი შეჩვეული.

აქ მივხვდი პირველად, რომ არ ვარ ყველაზე ნიჭიერი, გაბედული და აქტიური, რომ არსებობენ ჩემი ასაკის და ჩემზე ბევრად წინწასული ახალგაზრდები.

მივხვდი, რომ თუ შენი ნიჭის განვითარება, წარმოჩენა, გამოყენება გსურს, ამისთვის ბევრი უნდა იშრომო და იმუშაო საკუთარ თავზე.

ძალიან კი გამიჭირდა, არ იყო მარტივი ცხოვრებაში რადიკალურ ცვლილებებთან გამკლავება“, – ამბობს ანა.

ანი ეფრატი (ხუნდიაშვილი) ისრაელის ჯარში, მეგობრებთან ერთად.

ჯარში ანა სამხედრო ტექნიკის მეთვალყურე იყო 2 წელი. ისრაელის ჯარი ორწლიანია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სამხედრო ვალდებულების მოხდის შემდეგ ქვეყნის წინაშე ვალი მოხდილი გაქვს. ჯარში ნამყოფ მოქალაქეებს ისრაელის სახელმწიფო ორი წლის შემდეგაც წელიწადში ერთი თვით იწვევს ჯარში სამუშაოდ – ძირითადი სამსახურის გრაფიკისა და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით.

„ორწლიანი ჯარი ისრაელში ყველამ უნდა გაიაროს, ვისაც ეს არ სურს, შეუძლია საზოგადოებრივი საქმიანობით ჩაანაცვლოს სამხედრო საქმე: იმუშაოს ბაღში ან სკოლაში, სასწრაფო დახმარების ჯგუფში. ვისაც სამხედრო ვალდებულება არ აქვს მოხდილი, მათ ისრაელში დიდი უნდობლობით უყურებენ. ეს ნიშნავს, რომ ადამიანმა საკუთარი ცხოვრების ორი წელიც კი ვერ გაიმეტა საკუთარი ქვეყნისთვის“, – გვიყვება ანა.

სამხედრო ვალდებულების მოხდის შემდეგ, ანა ქართველი ებრაელების შვილზე დაქორწინდა, რომელიც თავად ისრაელში დაიბადა და გაიზარდა, მაგრამ კარგად საუბრობდა ქართულად.

როგორც ანა გვეუბნება, მის მეუღლეს საქართველოსთან მნიშვნელოვანი საქმიანი კავშირები აქვს, კარგად იცნობს ამ ქვეყანას, იცის მისი პოლიტიკური პროცესების შესახებ ყველაფერი და ხშირად ჩამოდის ოჯახთან ერთად.

დადასტურდა კორონავირუსის 15 644 ახალი შემთხვევა – 17 თებერვალი

17 თებერვლის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 15 644 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ამავე პერიოდში გარდაიცვალა 46 პაციენტი.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 15 644 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 7 574 შემთხვევა, აჭარაში – 1 109, იმერეთში – 2 342, ქვემო ქართლში – 865, შიდა ქართლში – 946, გურიაში – 447, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 914, კახეთში – 866, მცხეთა-მთიანეთში – 334, სამცხე-ჯავახეთში – 174, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 73.

stopcov.ge-ის ინფორმაციით, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა 5876 ადამიანი, ხოლო კლინიკურ სასტუმროშია 1126 პაციენტი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელია  29,57 პროცენტი.

ბათუმის სტადიონი უკრაინის დროშის ფერებით გაანათეს

დღეს, 16 თებერვალს, ღამით, ბათუმის ახალი სტადიონი უკრაინის დროშის ფერებით გაანათეს. ფოტოს აჭარის პროექტების მართვის კომპანია ავრცელებს.

დღეს, რუსეთ-უკრაინის კრიზისის ფონზე, უკრაინაში ერთიანობის დღე აღინიშნება. თბილისში, მხარდაჭერის ნიშნად, უკრაინის დროშის ფერებით გაანათეს თბილისის ანძა.

ამავე თემაზე: 

ზელენსკიმ ქართულ ენაზე გადაუხადა მადლობა ტვიტერზე პრეზიდენტ ზურაბიშვილს

ზელენსკიმ ქართულ ენაზე გადაუხადა მადლობა ტვიტერზე პრეზიდენტ ზურაბიშვილს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი Twitter-ზე ქართულად ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერას უკრაინისადმი და მას მადლობას უხდის.

„მადლობელი ვარ საქართველოს პრეზიდენტის მხარდაჭერისა და უკრაინასთან ერთიანობისთვის. ჩვენ ამას ვაფასებთ! მეგობრებთან და პარტნიორებთან ერთად ჩვენ ვაძლიერებთ უკრაინას!“ — წერს ზელენსკი ტვიტერზე.

„საქართველოსათვის, როგორც ქვეყნისათვის, რომლის ტერიტორიებიც ოკუპირებულია, უკრაინის ეროვნული ერთობის დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამჟამინდელი მძიმე გამოწვევების ფონზე. ჩვენ ვდგავართ უკრაინასთან ერთად“, — დაწერა ზურაბიშვილმა Twitter-ზე. ვოლოდიმირ ზელენსკი, ასევე, მადლობას უხდის სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს და ევროკავშირს უკრაინის ერთიანობის დღესთან დაკავშირებული მხარდაჭერისთვის.
რუსეთის მიერ უკრაინის საზღვართან შეიარაღებული ძალების თავმოყრისა და მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ დასავლეთის გაფრთხილებების ფონზე, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 16 თებერვალი უკრაინის ერთიანობის დღედ გამოაცხადა. „გვითხრეს, რომ თავდასხმის დღე 16 თებერვალი იქნება, ჩვენ ამ დღეს ერთობის დღედ ვაქცევთ. შესაბამისი ბრძანება უკვე გამოვეცი. ამ დღეს ჩვენ აღვმართავთ სახელმწიფო დროშებს, რათა მსოფლიომ დაინახოს ჩვენი ერთობა“ , — განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.დროშის აღმართვის ცერემონიალი გაიმართა საქართველოში უკრაინის საელჩოშიც. ღონისძიებას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე დაესწრნენ.

რატომ გადმოვედი საცხოვრებლად თბილისიდან ბათუმში – 3 ამბავი

თათა ბერიამ, თინა სამადალაშვილმა  და თეკლა კობახიძემ ბათუმში საცხოვრებლად ჩამოსვლა თბილისიდან სხვადასხვა დროს გადაწყვიტეს, თუმცა მიზეზი ერთი –  ბათუმის  სიყვარული და როგორც თავად ამბობენ, ამ ქალაქთან მიჯაჭვულობა იყო.

  • „მე და ბათუმს ჯერ თაფლობის თვე გვაქვს“  – თათას ამბავი 
თათა ბერია

30 წლისაა. ბავშვობაში ხშირად ჩამოდიოდა ბათუმში დეიდასთან. ახსოვს, როგორ უყურებდა დეიდაშვილთან ერთად მაღალი კორპუსის აივნიდან სტადიონზე გამართულ კონცერტებს. მას შემდეგ 15 წელი გავიდა და თათა ბათუმში უკვე მაშინ ჩამოვიდა, როცა პანდემია დაიწყო და იზოლაციის წესები გამკაცრდა. 

„ონლაინ მუშაობაზე რომ გადავედით, თბილისს კულტურული და სოციალური დატვირთვაც აღარ ჰქონდა და ძალიან გაუსაძლისი ქალაქი გახდა.

ბათუმში ცოტა ხნით ჩამოვედი, განსატვირთად და იმ პერიოდში ძალიან მომეწონა აქ ყოფნა. ზაფხულში არ მომწონს ბათუმში, გადაივსო ხალხით და ისევ თბილისში დავბრუნდი, მაგრამ ვერ მოვისვენე, აქეთ მოვიწევდი მაინც და დავიწყე ისევ ბინების ძებნა, რომ მექირავებინა. ერთხელაც საიტზე ქირის ნაცვლად ყიდვა მოვნიშნე და ასე შევიძინე აქ ბინა.

ვაცნობიერებ, რომ ბათუმის ეკონომიკის ნაწილი ჯერ  არ ვარ ბოლომდე, ონლაინ ვმუშაობ, ბათუმში დასაქმება  გამიჭირდება ალბათ, რადგან სამუშაო ადგილების ნაკლებობაა“, – ამბობს თათა. 

თათას ძალიან უყვარს ველოსიპედით სეირნობა, ამბობს, რომ ბათუმი იდეალური ქალაქია ველოსიპედით გადაადგილებისთვის და რაც ჩამოვიდა, ერთხელაც არ გამოუძახებია ტაქსი, ყველგან ველოსიპედით ან ფეხით მიდის.

განსაკუთრებით უყვარს ნავსადგური და იქ სეირნობა.

„სულ რომ ყველაფერი ცარიელი იყოს,  პორტში მეთევზეები მაინც არიან. პორტი მახსენებს, რომ ბათუმი არ არის მხოლოდ ტურისტული ქალაქი, ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იქამდე და ახლაც, როცა ტურისტული მიმართულებით განვითარდა. 

საპორტო ქალაქის სუნი აქვს ამ ქალაქს.

ბათუმში საცხოვრებლად გადმოსვლის ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო,  რომ მხოლოდ ბულვარის გადაკვეთა  გჭირდება  და ყველაფერს მოწყვეტილი ხარ. ზღვაზე დღეში 1 საათი მაინც ვსეირნობ, ვრჩები ჩემ თავთან მარტო და ვმედიტირებ“, – ამბობს თათა.

თათა გვიყვება, რომ თავიდან არავის სჯეროდა, რომ ბათუმში  საცხოვრებლად გადმოდიოდა, მაგრამ ახლა ყველა შეეჩვია და სახლში შაბათ-კვირას სულ სტუმრები ჰყავს, თბილისელი მეგობრები ხშირად აკითხავენ.

მალე ერთი წელი გახდება, რაც თათა ბათუმში ცხოვრობს. მისი  თქმით, პირველად აქვს შეგრძნება, რომ სახლი აქვს. 

თათას მოსწონს ყავის სმისა და ზღვის პირას სეირნობის კულტურა ამ ქალაქში და აქვე დასძენს, რომ ბევრ პრობლემასაც ამჩნევს. თათას თქმით, მისთვის ტრაგედია იყო ბათუმის ცენტრალურ პარკში ქვის სკამების დადგმა.

„ვხედავ, თუ როგორ შეიძლება ქალაქი დაამახინჯო ძალიან მოკლე დროში, ეკონომიკური ზრდის სახელით, რაც ძალიან სამწუხაროა.

ვერ ვიტყვი, რომ ბათუმი ასოცირდება მხოლოდ ზღვასთან და მაგნოლიებთან, ბევრი უკანონო მშენებლობა და არაეფექტური მმართველობაა, „ყველაფერი კარგადაა და ტაში“ – არ არის ასე.  

ბათუმთან ასოცირდება ჩემთვის ძალიან სამწუხარო ბევრი ურბანული სიმახინჯე, რომელიც ბრმა უნდა იყო, რომ ვერ დაინახო. 

ბევრი პრობლემაა და  რაც უფრო მეტად შემოვა ბათუმი ჩემს ცხოვრებაში, მით უფრო მეტად პრობლემურ სახეს მიიღებს ჩემთვისაც ეს ყველაფერი, რისთვისაც მზად ვარ.

ჯერჯერობით უპრობლემო, თაფლობის თვე გვაქვს მე და ბათუმს“, – ამბობს თათა. 

თათას თქმით ბათუმმა წვიმაც შეაყვარა. კარგი საწვიმარი, წყალგაუმტარი ფეხსაცმელი და ქოლგაც აქვს – პირველად მის ცხოვრებაში. ამიტომაც საერთოდ არ აწუხებს წვიმა და როცა თოვლ-ჭყაპმა შეაწუხა, მიხვდა, რომ ამ ქალაქში რეზინის ფეხსაცმელი აუცილებლად სჭირდება.

  • „ამ ქალაქმა მიმახვედრა, რომ არსად მეჩქარება“ – თინას ამბავი 

„პირველად რომ ბათუმში ჩამოვედი, ძალიან პატარა ვიყავი, სულ 10 დღე ვიყავი აქ და 9 დღე წვიმდა. თავბედიც ვიწყევლე და ბათუმიც ვწყევლე, პირველი ჩამოსვლა ძალიან ცუდად მახსოვს“ –  იხსენებს 28 წლის თინა სამადალაშვილი, იცინის და საუბარს აგრძელებს. 

ამბობს, რომ ახლა წვიმა ძალიან უყვარს.

თინა სამადალაშვილი

თინას თქმით, ბათუმზე ბევრი ეუბნებოდა, რომ ძალიან მელანქოლიური ქალაქია, მაგრამ ამას მის არჩევანზე გავლენა არ მოუხდენია და  ზაფხულში, დასასვენებლად ჩამოსვლის შემდეგ, მტკიცედ გადაწყვიტა ამ ქალაქში ეცხოვრა, დაბრუნდა თბილისში,  წამოიღო თბილი ტანსაცმელი და უკვე 7 თვეა, რაც თინა ბათუმში ცხოვრობს.

„ამ ქალაქმა სიმშვიდე მაპოვნინა, ბათუმი ურთიერთობაა, დავდივარ და ყველაფერს ვეფერები. ჩემი საყვარელი ადგილი ბათუმის ცენტრალური პარკია.

პარკში სკამები რომ გამოცვალეს, ისე გავბრაზდი… რკინის სკამებს რა უნდა ასეთ ჯანსაღ ადგილზე. ყველაფერს ისე ვუფრთხილდები, რომ საკუთარი მგონია და ამავდროულად თავი ტურისტიც მგონია. მინდა იმდენი ბათუმელი გავიცნო, რომ თავი მეც ბათუმელად ვიგრძნო.

ძალიან ვეწინააღმდეგები ამ ჯოჯოხეთურ შენობებს, ადამიანები იმიტომ გამორბიან, რომ დაისვენონ, ამ შენობებს გაურბიან. ეს შენობები რომ დაგყურებს, რაღაცნაირად უსუსურობის განცდა გეუფლება. 

ბათუმში სივრცე გაშლილია და თითქოს ყველა ცუდი ფიქრიც იშლება. ზღვაზე რომ გახვალ ადამიანი, ყველაფერ ნეგატიურისგან თავისუფლდები“, – ამბობს თინა.

თინას თქმით, როცა ზღვას უყურებს, ადამიანების შესაძლებლობების უსაზღვროებაში რწმუნდება. 

თინა ამბობს, რომ ბათუმის სიმარტივე უყვარს, შეუძლია ყველგან ფეხით მივიდეს, სადაც მოესურვება და ამას უდიდეს ფუფუნებას უწოდებს. მისი თქმით, ამ ქალაქმა მიახვედრა, რომ არსად ეჩქარება და სურს ცხოვრების დინებას მიჰყვეს.

როგორც თინა ამბობს, ქალაქიდან პროგრესულად მოაზროვნე ახალგაზრდა ბათუმელები მიდიან, რაც გულს სწყვეტს.

თინას სურვილი ახლა ბათუმური გაზაფხულის ნახვაა:

„მოუთმენლად ველოდები გაზაფხულს, მინდა დავაკვირდე ყვავილების გაშლას, კლიმატის შეცვლას, არასდროს ვყოფილვარ გაზაფხულზე ბათუმში, უთენია გამოვალ სახლიდან სასეირნოდ.

ბათუმი იმიტომაც შემიყვარდა, რომ დავიწყე ჯანსაღი ცხოვრება, ბულვარში რომ გადიხარ დილით, შვიდ საათზე, ფილტვების გასაწმენდად, ხელახლა იბადები“, – ამბობს თინა.

  • „ყველა ჩემი გეგმა ამ ქალაქს უკავშირდება“ – თეკლას ამბავი 

25 წლისაა. პროფესიით ფსიქოლოგია. თბილისიდან ბათუმში საცხოვრებლად გასული წლის აგვისტოში ჩამოვიდა. თეკლა პირველად ბათუმში 2012 წელს, ერთი დღით იყო და განსაკუთრებული შთაბეჭდილებები დარჩა – „აჟიტირებული ვიყავი, როცა პირველად მოვხვდი ბათუმში. ყველაფერს ვედებოდი, ყველაფერი ძალიან მომწონდა“, – ამბობს თეკლა. 

თეკლას თქმით, 2012 წლიდან ბათუმში თითქმის ყოველ წელს ჩამოდიოდა და ფიქრობდა, რომ ეს იყო ის ქალაქი, სადაც უნდა ეცხოვრა.

თეკლა კობახიძე

გასულ წელს თეკლა ბათუმში ჩამოვიდა და სამსახურის ძებნა დაიწყო, რათა საცხოვრებლად დარჩენა შესძლებოდა.

თეკლა ამბობს, რომ ცდილობს დღე ისე დაგეგმოს, რომ  სეირნობა აუცილებლად მოასწროს ბულვარში ან პარკში, განსაკუთრებით უყვარს ზღვა და კვირაში ერთხელ მაინც გადის პლაჟზე ზღვის მოსასმენად.

„ბათუმში ცხოვრება ხუთი წლის განმავლობაში მინდოდა. ბოლოს, როცა მეგობრებთან ერთად ჩამოვედი 10 დღით, წასვლა არ მინდოდა. ყოველი დამშვიდობება ბათუმთან უფრო და უფრო მიმძიმდა და ვხვდებოდი, რომ არსად  არ უნდა  წავსულიყავი. ბათუმი ის ადგილია, სადაც მინდა, რომ ვიცხოვრო.  

ამ ქალაქში ყველაფერი ერთადაა თავმოყრილი, რაც  განსაკუთრებულს ხდის მას.

ბათუმი სწორ ადგილასაა გაშენებული, რაც ამარტივებს ურთიერთობებს, მოძრაობას, აქ ვერ დაგეზარება სადმე წასვლა. აქ განსაკუთრებული ადამიანები ცხოვრობენ, ბათუმელმა მეგობრებმა  ბევრი სირთულე, გაჭირვება გადამალახვინეს“, – ამბობს თეკლა

თეკლამ უფრო ადრე გაიჩინა ბათუმში მეგობრები, ვიდრე საცხოვრებლად გადმოვიდოდა და როგორც თვითონ ამბობს, მასა და მის ბათუმელ მეგობრებს შორის უწყვეტი ბმა იყო. 

თეკლა ამბობს, რომ მის  გადაწყვეტილებას საცხოვრებელი ადგილის შეცვლასთან დაკავშირებით ოჯახის წევრების განსხვავებული დამოკიდებულება მოჰყვა: 

„დედაჩემმა მარტივად მიიღო ჩემი გადაწყვეტილება, მამაჩემი კი დღემდე დარწმუნებულია, რომ მალე დავბრუნდები უკან.

ბათუმზე მიჯაჭვული ვარ,  არ ვიცი დანამდვილებით რა მოხდება, მაგრამ ყველა ჩემი გეგმა ამ ქალაქს უკავშირდება, მინდა, რომ აქ ვიცხოვრო, ბინა შევიძინო, კარიერა აქ გავიკეთო და ა.შ.

არ მიკვირს მათი, ვინც ბათუმიდან წავა. მეც თბილისიდან გამოვიქეცი. სადაც ბავშვობას ატარებ, იქ მეტად ხარ გათქვეფილი და იმ ქალაქის მინუსები შენ უფრო მეტად გაწუხებს, ვიდრე სხვა ქალაქიდან ჩამოსულებს, ამიტომ ვუგებ ბათუმელებს, რომლებმაც დატოვეს ქალაქი“, – ამბობს თეკლა.

თეკლა ბავშვთა ფსიქოლოგიის მიმართულებით მუშაობს, დისტანციურად ასწავლის ესპანურს და თავისუფალ დროს ლათინო-ამერიკულ ცეკვებს ცეკვავს.

„მამის გარდაცვალების შემდეგ გადავწყვიტე პოლიტიკაში ჩართვა“ – ინტერვიუ მათე ფუტკარაძესთან

„მამის გარდაცვალების შემდეგ გადავწყვიტე პოლიტიკაში ჩართვა, მანამდე გამორიცხული მქონდა ეს, სხვა გეგმები მქონდა,“ – ამბობს მათე ფუტკარაძე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი 2 აპრილის ბათუმის შუალედურ არჩევნებში.

ბათუმის საკრებულოს წევრს ამჯერად მხოლოდ ბათუმის №4 მაჟორიტარულ ოლქში აირჩევენ, რადგან გასული წლის ოქტომბერში ამ ოლქში არჩეული ნუგზარ ფუტკარაძე 2021 წლის 18 ნოემბერს გარდაიცვალა. 24 ნოემბერს კი „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაავრცელა აუდიოჩანაწერი, რაც, პარტიის მტკიცებით, ადასტურებს იმას, რომ ნუგზარ ფუტკარაძის მოსყიდვას ცდილობდნენ 100 ათასი დოლარის სანაცვლოდ. თანხმობის შემთხვევაში ოპოზიცია უმრავლესობას საკრებულოში დაკარგავდა.

სწორედ ამის შემდეგ დაასახელა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბათუმის №4 მაჟორიტარულ ოლქში ბათუმის საკრებულოს წევრობის კანდიდატად ნუგზარ ფუტკარაძის შვილი, მათე ფუტკარაძე. მისი კონკურენტი „ქართული ოცნებიდან“ რამაზ ჯინჭარაძეა.

„ბათუმელებმა“ მათე ფუტკარაძეს რამდენიმე კითხვა დაუსვა. მას ჯერ კონკრეტული პროგრამა და ხედვები არ აქვს, თუმცა მიიჩნევს, რომ უფრო მთავარი ამ არჩევნებზე ღირსების დაცვაა.

  • ბატონო მათე, როგორ მიიღეთ გადაწყვეტილება, გამხდარიყავით ბათუმის საკრებულოს წევრობის კანდიდატი? 

ვფიქრობ, ეს ღირსების არჩევნებია არამხოლოდ ჩემი ოჯახისთვის, არამედ ბათუმელებისა და სრულიად საქართველოსთვის. მოგეხსენებათ, რომ ოქტომბრის არჩევნებში მამაჩემმა ღირსეულად დაამარცხა „ოცნების“ კანდიდატი.

მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ გადავწყვიტე ჩართვა ამ უსამართლო ბრძოლაში და ღირსეული მამის გზის გაგრძელება. ჩემი მიზანია, რომ მამაჩემის დანაპირები, რაც ჰქონდა მას მოსახლეობასთან, შევასრულო პირნათლად.

მამის გარდაცვალების შემდეგ გადავწყვიტე პოლიტიკაში ჩართვა, მანამდე გამორიცხული მქონდა ეს, სხვა გეგმები მქონდა… მე ვარ პროფესიით სტომატოლოგი, ერთ-ერთ კლინიკაში ვმუშაობდი წლების წინ კბილის ტექნიკად, ბოლო დროს კი, მეღვინეობის მცირე ბიზნესი მაქვს. ვიყავი „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი, მაგრამ ვერ წარმომედგინა ასე აქტიურად პოლიტიკაში ჩართვა.

მამაჩემმა დატოვა ძალიან მნიშვნელოვანი ჩანაწერი. ობიექტური და დროული გამოძიების შემთხვევაში შესაძლებელია შედეგის დადება, მაგრამ ამის იმედი არ მაქვს… არ მაქვს ინფორმაცია გამოძიების შესახებ, არ ვიცი, რა პროცესი მიდის. ვიცი, რომ დაკითხულები არიან ის ადამიანები, ვინც ჩანაწერში ფიგურირებენ და მამაჩემს ფულს სთავაზობდნენ, მაგრამ არ ვიცი, როგორ წავა გამოძიება.

  • თქვენთან ჰქონდა საუბარი ნუგზარ ფუტკარაძეს ამ შეხვედრის შესახებ, სადაც სავარაუდოდ მის მოსყიდვას ცდილობდნენ?

არა. ჩემთან მამას ამ თემაზე არ უსაუბრია. იშვიათად საუბრობდა მამა ოჯახში პოლიტიკაზე.

  • რატომ მიიჩნევთ, რომ პრინციპულად მნიშვნელოვანი და ღირსების საკითხია ახლა თქვენი გამარჯვება? 

ამ საქმის გამო, რაც მოხდა და ხდება ახლაც, არის ეს მნიშვნელოვანი. მამაჩემის საქმის გამოუძიებლობა არის ღირსების საკითხი და ვიმეორებ, ეს არაა მხოლოდ ჩემი ოჯახის საკითხი.

ბათუმელებმა ერთხელ უკვე უარი უთხრეს „ქართულ ოცნებას“ და დარწმუნებული ვარ, ახლაც იგივე მოხდება. „ნაციონალურ მოძრაობას“ არაერთი კარგი საქმე გაუკეთებია, ამიტომაც მოიგო მამაჩემმა ამ ოლქში. რა თქმა უნდა, ჰქონდა ავტორიტეტი და დიდი სანაცნობო წრე გვყავს.

ბათუმის საკრებულო ახლა გაჩერებულია, რაც უდიდესი პრობლემაა. ჩემი არჩევის შემთხვევაში, საკრებულო იქნება ოპოზიციური და ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ბათუმისთვის.

  • თქვენ რას ჰპირდებით კონკრეტულად ამ ოლქში მცხოვრებ ადამიანებს? მაგალითად, კანალიზაციის და სასმელი წყლის სისტემის პრობლემის გადაჭრა როგორ წარმოგიდგენიათ, რაც ამ დასახლებაში მცხოვრებ ადამიანებს ყველაზე მეტად აწუხებთ? 

დიახ, ეს პრობლემებია ყველაზე აქტუალური, ასევეა ნაგავსაყრელი, რაც ძალიან დიდი პრობლემაა ქალაქისთვის. ჩვენ გუნდთან ერთად გავდივართ ამ თემებს და ახლო მომავალში მოგახსენებთ. საჯაროდ გამოქვეყნდება ჩვენი პროგრამა, თუ რის გაკეთებას ვაპირებთ.

ხვალიდან ვაპირებ შევხვდეთ მოსახლეობას კარდაკარ და გავიგო, პირველ რიგში, ისინი რას ფიქრობენ, მინდა მათი გასაჭირი მივიტანო გულთან.

ეს საქართველოსთვის ბრძოლაა – ქართველი ლეგიონერი კიევიდან

„ჩვენი მოხალისეების ნაწილი უკვე საბრძოლო პოზიციაზე გადაისროლეს, ნაწილი ისევ ინსტრუქტორად მუშაობს კიევში, სამოქალაქო ჯგუფებთან, რომ მათ გადაუდებელ სიტუაციებში ადეკვატური რეაგირება შეძლონ… ამ ეტაპზე პანიკის საფუძველი არ არის, თუმცა ყველა სცენარისთვის ვართ მზად,“ – გვითხრა მამუკა მამულაშვილმა, უკრაინაში „ქართული ლეგიონის“ ხელმძღვანელმა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 16 თებერვალი ერთობის დღედ გამოაცხადა. რუსეთი უარყოფს უკრაინაში შეჭრის განზრახვას, თუმცა მან გასულ თვეს დასავლეთისგან მკაფიო წითელი ხაზების გავლება მოითხოვა, რომლის მიხედვითაც, დასავლეთმა უარი უნდა თქვას საქართველოსა და უკრაინის ნატოში მიღებაზე და აღმოსავლეთით გაფართოებაზე.

ქართველი მებრძოლის, მამუკა მამულაშვილის დაკვირვებით, განსაკუთრებით საგრძნობია უკრაინაში ერთიანობის მოტივაცია, რაც მებრძოლებზეც პოზიტიურად აისახება.

„ქალებიც აქტიურები არიან. ყველა ცდილობს, რომ ისწავლოს, როგორ მოიქცეს თავდასხმის შემთხვევაში… ამას წინათ, ცოლ-ქმარი ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად მოვიდა, ერთი ბიჭი 10 წლის იყო, მეორე 12-ის.

გუშინ იყო სიმრავლე კიევში ბენზინგასამართ სადგურებთან. გავიგე, რომ ბევრმა დატოვა კიევი, რადგან ყველა ვაცნობიერებთ, რომ თავდასხმის შემთხვევაში, ყველაზე დიდი საფრთხის ქვეშაა კიევი, მაგრამ პანიკა არ არის, მოტივაცია არის ძალიან მაღალი, რასაც ინსტრუქტორებიც აღნიშნავენ.

ახლა ყველა ელის, რას გაბედავს პუტინი. როგორც იცით, რუსეთს სურს ოკუპირებული ტერიტორიების ლეგალიზება მოხდეს და დაარიგონ რუსული პასპორტები…“ – გვიყვება მამუკა მამულაშვილი.

ქართველ მებრძოლს იმედი აქვს, რომ ომი არ დაიწყება, თუმცა უფრო სამხედრო აგრესიას ელის.

„განცხადებები კეთდება ომის დაწყებაზე, ისინი ეყრდნობიან თავიანთ სპეცსამსახურებს… ყველაზე მეტად დღეს არის იმის შესაძლებლობა, დაიწყოს სამხედრო აგრესია.

ერთგვარი დისონანსია მედიაში, რასაც ჩვენც აქტიურად ვადევნებთ თვალს. ევროპულ მედიაში არის აქტიური მსჯელობა, რომ შემოჭრა ეჭვგარეშეა, ფართომასშტაბიანი ომი, უკრაინის მედია კი, პანიკის გარეშე ხვდება ამ ყველაფერს,“ – მედიაზე დაკვირვებასაც გვიზიარებს მამუკა მამულაშვილმა.

„ქართული ლეგიონში“ ამ დროისთვის 200-მდე მოხალისეა. ისინი დღეს, კიევში დაგეგმილ ღონისძიებაზეც მიუწვევიათ, სადაც თავდაცვის ტერიტორიული დანაყოფებმა „ერთიანობის დღე“ მშვიდობიანად უნდა აღნიშნონ.

„თუმცა, როგორც გვითხრეს, გადაიდება ეს ღონისძიება, საგანგებო სხდომაა ტერიტორიულ თავდაცვაში, ჩვენი ჯგუფები გამოირჩევიან აქტიურობით, გვითხრეს, რომ მადლობა უნდა გადაგვიხადონ.

ყველა ქართველი მოხალისე  აცნობიერებს, რომ ეს იგივე საქართველოსთვის ბრძოლაა

უცხოელებიც გვყავს, დღეს, მაგალითად, 4 ამერიკელი შემოუერთდა ქართულ ლეგიონს, ისინი ყოფილი სამხედროები არიან, მისიებში მსახურობდნენ და ახლა უნდათ, გამოცდილება უკრაინელებს გაუზიარონ. ინდოელი სამხედროებიც გვყავს.

საქართველოს ხელისუფლებას ჩვენთან ამ დრომდე არ ჰქონია რაიმე სახის კომუნიკაცია. არც ჩვენ გვქონია მაინც და მაინც მცდელობა, დავკავშირებოდით პრორუს მთავრობას,“ – გვიყვება მამუკა მამულაშვილი.

რატომ მიაჩნია ქართველ მებრძოლს უკრაინაში საქართველოს მთავრობა პრორუსად?

„ეს არ უკავშირდება მხოლოდ რეზოლუციის მიღებას, სადაც ვერ გაბედეს ეთქვათ ის, რომ რუსეთი აგრესორია. მთლიანობაში ჩანს, საითაც მივდივართ. ამბობენ, რომ ჩვენი არჩევანია ნატო და ევროკავშირი, მაგრამ უკვე აღარავის სჯერა,“ – გვითხრა უკრაინაში „ქართული ლეგიონის“ ხელმძღვანელმა, მამუკა მამულაშვილმა.

24 წლის ბათუმელ ქალს 3 შვილი ჰყავს, მისი ბავშვები სკოლასა და ბაღში ვერ დადიან

თეონა 24 წლისაა და 3 მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. ამბობს, რომ პირველი შვილი 15 წლის ასაკში გააჩინა. ახლა სამივე შვილს მარტო ზრდის. საბავშვო ბაღსა და სკოლაში არასდროს უვლია. თეონამ არც წერა-კითხვა იცის სრულყოფილად. ამბობს, რომ წიგნი არასდროს წაუკითხავს და არც კი იცის ეს რა განცდაა. ანბანიც სულ რამდენიმე წელია, რაც ისწავლა.

„როცა მარშრუტკაში გინდა ასვლა, ციფრები ხომ უნდა წაიკითხო, სად მიდიხარ, რა აწერია აბრას. ასოები ნელ-ნელა, ძლივს ვისწავლე. მადლობა ღმერთს, რომ იმას მაინც ვკითხულობ, რაც ტრაფარეტზე წერია.

ციფრებს ცალ-ცალკე ვცნობ, მაგრამ ერთად ვერ ვკითხულობ. ცოტა ხნის წინ უცხოელი მოხალისეები გავიცანი და წერა-კითხვის სწავლაში ისინი დამეხმარნენ“, – ამბობს თეონა.

ვკითხე, შესაძლებლობა რომ ჰქონდეს, რა პროფესიას აირჩევდა, რისი გაკეთება სურდა ყველაზე მეტად. ამბობს, რომ სცადა ცხოვრების შეცვლა, თუმცა ვერ შეძლო, ახალი იმედგაცრუებების კი ეშინია.

„კარგია, როცა რაიმე ხელობა იცი, მაგრამ მე არაფერი ვიცი საერთოდ. არ ვიცი, როგორი გრძნობაა კითხვა, არც ლექსი წამიკითხავს, არც მოთხრობა… ალბათ მთელი ცხოვრებაა მაგ პატარა წიგნებში…

მინდა შევცვალო ჩემი ცხოვრება, მაგრამ როგორ? ვცდილობდი, მაგრამ არ გამოდიოდა. როცა არაფერი იცვლება, მწყინს ძალიან. არ მინდა ჩემი შვილებიც იმავეს განიცდიდნენ“, – გვეუბნება ის.

თეონა ბათუმში, პატარა, ნაქირავებ ბინაში სამ შვილთან ერთად ცხოვრობს. თავის სარჩენად კი ბავშვებთან ერთად მოწყალებას ითხოვს ქუჩაში.

„შვილები რომ გამოკვებო, ქირის ფული იშოვო, გადასახადები გადაიხადო, მთელი დღე უნდა იმუშაო ამისთვის. ბავშვების მამა იშვიათად შემოივლის ხოლმე. ვერ გვეხმარება. იძულებული ვარ მოწყალება ვითხოვო“, – ამბობს ის.

განათლების გარეშე დარჩენილ ქალები და ბავშვები – იმისთვის, რომ იარსებონ, ქუჩაში მოწყალებას ითხოვენ

სახელმწიფოს არაფერი გაუკეთებია საიმისოდ, რომ თეონასთვის განათლება ყოფილიყო ხელმისაწვდომი. ახლა ამ საშიშროების წინაშე დგანან თეონას შვილებიც.

ორი შვილი სახლში გააჩინა, ამის გამო ბავშვები ოფიციალურად რეგისტრირებული არ არიან და პირადობის მოწმობა არ აქვთ. მხოლოდ მესამე შვილი დაიბადა სამშობიაროში. თეონას იმედი აქვს, რომ იქნებ ამის მერე მაინც შეძლოს უფროსი ბავშვების რეგისტრაციაც, მათი ბაღში, შემდეგ კი სკოლაში მიყვანა.

ახალგაზრდა ქალის თქმით, მის მდგომარეობაში მყოფი ქალები სამშობიაროში მისვლას თავს არიდებენ, რადგან პოლიცია ერთვება საქმეში. თუ ქალს საკეისრო კვეთა არ სჭირდება და სახლში მშობიარობენ.

„მეც სახლში გავაჩინე ორი შვილი, – ამბობს თეონა. – მაგრამ თუ ოპერაციაა საჭირო, ასი პოლიციელიც რომ მოვიდეს, მაინც უნდა წახვიდე კლინიკაში. ქალებმა თვითონ ვისწავლეთ ყველაფერი და სახლში მშობიარობისას ერთმანეთს ვეხმარებით“, – გვეუბნება ის.

ახალგაზრდა ქალის თქმით, თავის დროზე ვინმე რომ დაინტერესებულიყო მისი ბედით, დღეს არც მას და არც მის შვილებს ქუჩაში მოწყალების თხოვნა არ მოუწევდათ.

„რომელ დედას უნდა შვილი ქუჩაში ჰყავდეს? გარეთ რომ არ გავიდეს, მაშინ სახლში უნდა ჰქონდეს საკვები. ბინის ქირა ვინ გადაიხადოს?!

მე როგორც ვიყავი, ისე აღარ მინდა, რომ იყვნენ ჩემი შვილები. ძალიან მინდა, რომ ჩემმა ბავშვებმა განათლება მიიღონ. როცა გაიზრდებიან, არ მინდა თქვან, რომ დედამ არაფერი გააკეთა მათთვის“, – გვეუბნება თეონა.

სკოლის გარეშე დარჩენილი ბავშვები

თეონა ეთნიკურად ქურთია, თუმცა საქართველოში დაიბადა და გაიზარდა. როგორც გვეუბნება, სახლის პირობებში არაერთი ქალი მშობიარობს, შესაბამისად, შეუძლებელია ამ ბავშვების, როგორც საქართველოს მოქალაქეების იდენტიფიცირება. ზოგიერთმა ბავშვმა საკუთარი ასაკიც კი არ იცის.

„იცით, რამდენი ქალია კიდევ ჩემ მდგომარეობაში? – ძალიან ბევრი. ზოგი საქართველოშია დაბადებული, მაგრამ მაინც არ აქვთ პირადობის მოწმობა, ზოგს აზერბაიჯანის მოქალაქეობა აქვს და მათი არც ერთი შვილი არ დადის სკოლაში. თითქმის ყველას 5-6 ან 7 შვილი ჰყავს და ყველა მათგანი სკოლის გარეთაა. წერა-კითხვა ჩემსავით არ იციან“- გვეუბნება თეონა.

კითხვაზე, რატომ არ მიმართავენ მშობლები სახელმწიფო უწყებებს დახმარებისთვის, თეონა ამბობს, რომ ეშინიათ.

„შიში აქვთ, რომ სოციალური მუშაკები ბავშვებს წაართმევენ, რადგან ისინი ბავშვებს ქუჩაში ამუშავებენ. თბილისში იყო შემთხვევა, წაართვეს ბავშვები და სასამართლოთი დაიბრუნა დედამ. მეც მეშინია, რომ შეიძლება წამართვან, რადგან მოწყალებას ქუჩაში ვითხოვთ“, – გვეუბნება თეონა.

ამ ბავშვებს სკოლაში არასდროს უვლიათ, ისინი მოწყალებით ირჩენენ თავს.

ბათუმში, ქუჩაში მოწყალების სათხოვნელად მყოფი ბავშვების აღრიცხვას ფონდი „იალქანი“ ცდილობს. ფონდის ინფორმაციით, ამ დროისთვის ქუჩაში მყოფი 11 არასრულწლოვნის იდენტიფიცირება და მათი დღის ცენტრში ჩართვა მოახერხეს, თუმცა ამ ბავშვების უკან არიან მათი არასრულწლოვანი და-ძმები, რომლებიც ჯერ კიდევ არ დადიან სკოლაში.

„ამ 11 ბავშვიდან ზოგს 5 და-ძმა ჰყავს სახლში, ზოგს 6 და 7. ჩვენ ოჯახიდან თითო ბავშვის ჩარიცხვა მოვახერხეთ ჯერჯერობით. დაახლოებით 70 ბავშვია სკოლის ასაკის, რომლებსაც არასდროს უვლიათ სკოლაში და საჭიროა მათზე ზრუნვა“, – ამბობს „იალქანის“ ხელმძღვანელი თეონა აბაშიძე.

მისი თქმით, ამ ბავშვების მშობლების ნაწილი საქართველოში წლებია ცხოვრობს, ნაწილი კი ოთხი-ხუთი წელია, რაც ქვეყანაში შემოვიდა.

„უმეტესობა, პასპორტების მიხედვით, აზერბაიჯანის მოქალაქეა, თუმცა 19-20 წელია საქართველოში ცხოვრობენ და წესით, არ უნდა გაუჭირდეთ მოქალაქეობის მიღება, თუმცა მათ უმრავლესობას არ აქვს სათანადო განათლება და ასევე, აქვთ მცდარი ინფორმაცია ბავშვების ჩამორთმევაზეც.

ყველა შიშობს, რომ თუ ბავშვებს სკოლაში შეიყვანენ, შემდეგ მათ სოციალური სააგენტო გააკონტროლებს და ქუჩაში მოწყალების თხოვნის გამო ბავშვებს წაართმევს. ვფიქრობ, ბევრია სამუშაო სახელმწიფოს მხრიდან ამ მიმართულებით“, – ამბობს თეონა აბაშიძე.

„ბათუმელები“ ბავშვთა ზრუნვის სააგენტოს დაუკავშირდა და ჰკითხა, თუ რა პოლიტიკა აქვს სახელმწიფოს სკოლის გარეშე დარჩენილი ბავშვების ინტეგრაციისთვის. სააგენტოს ამ საკითხზე  კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. პასუხის მიღების შემთხვევაში ინფორმაციას განვაახლებთ.

ავტობანის ხაჯალია-სუფსის და სამტრედია-ჯაპანის მონაკვეთების დასრულება წელს იგეგმება

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სამტრედია-გრიგოლეთის მშენებარე ახალი ავტომაგისტრალის ორი მონაკვეთის დასრულება 2022 წელს იგეგმება.

ეს მონაკვეთებია: სამტრედია-ჯაპანა [ლოტი 1] და ხაჯალია-სუფსა[ლოტი 4].

დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ხაჯალია-სუფსის მონაკვეთზე „გამყოფი ზოლის ბეტონის პარაპეტებით შემოფარგვლისა და მიწის ვაკისის ფერდებზე მცენარეული ფენის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს“.

სამტრედია-გრიგოლეთის გზის მშენებლობა ოთხ მონაკვეთად [ლოტად] დაიწყო და ის სულ ცოტა 2020 წელს მთლიანად უნდა დასრულებულიყო, თუმცა, ამ დროისთვის მხოლოდ ერთი, ჯაპანა-ლანჩხუთის [ლოტი 2] მონაკვეთია დასრულებული.

რაც შეეხება ლანჩხუთი-ხაჯალიას [ლოტი 3] მონაკვეთს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მიმდინარეობს სატენდერო პროცედურები.

ლანჩხუთი-ხაჯალიას მონაკვეთს „ტოდინი“ აშენებდა, თუმცა, დეპარტამენტმა ხელშეკრულება ამ კომპანიასთან შეწყვიტა.

ხელშეკრულების შეწყვეტამდე, „ტოდინი“ ხულო-ზარზმის გზის მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერში გამოავლინა დეპარტამენტმა გამარჯვებულად და ხელშეკრულებაც გააფორმა, თუმცა, მოგვიანებით, ეს ხელშეკრულებაც შეწყვიტა.

სამტრედია-გრიგოლეთის გზაზე ასფალტ-ბეტონის საფარი მოეწყობა. გზა 52 კილომეტრი იქნება. ის ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის გზის 42-ე კმ-ზე, მდინარე ოჩოფასთან დაიწყება და გრიგოლეთის ტერიტორიაზე, მდინარე სუფსასთან დამთავრდება.

აქედან ახალი გზა გაგრძელდება და ის ქობულეთის შემოვლით გზას შეუერთდება. ამ მონაკვეთის [გრიგოლეთი-ჩოლოქის] მშენებლობაც 2020 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა, მშენებლობა დღესაც გრძელდება.

ქობულეთის შემოვლითი გზა კი, მახინჯაურის გვირაბთან, ბათუმის შემოვლით გზას უნდა შეუერთდეს. დროულად ვერც ბათუმის შემოვლითი გზა აშენდა:

ბათუმის შემოვლითი გზა მდინარე ჭოროხიდან სარფამდე უნდა გაგრძელდეს. ამ შემთხვევაში ჯერ არც ის არის ცნობილი, თუ როდის დასრულდება ახალი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის დაპროექტება ამ მონაკვეთზე.

„დასრულდება ავტობანის მშენებლობა“ – „ოცნების“ შეუსრულებელი საარჩევნო დაპირება

ამავე თემაზე:

„დასრულდება ავტობანის მშენებლობა“ – „ოცნების“ შეუსრულებელი საარჩევნო დაპირება

მთავარი ფოტო: სამტრედია-გრიგოლეთის გზის მშენებლობა [ლოტი 4] / ფოტო: საავტომობილო გზების დეპარტამენტი / 16.02.2022

 

სარფის საბაჟოზე მანქანიდან 84 ათასი ლარის ოქროს ნაკეთობები ამოიღეს

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ეჭვის საფუძველზე, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეების მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომობილების დეტალური დათვალიერებისას, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს, საერთო წონა – 745,62 გრამი.

საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 84 272, 49  ლარი შეადგინა.

საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა – წერს შემოსავლების სამსახური.

რა ღირს 1 აუცრელი პაციენტის მკურნალობა? – დეპუტატის კითხვა საქსტატის დირექტორს

დღეს, 16 თებერვალს, სტატისტიკის სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელს გოგიტა თოდრაძეს პარლამენტში მოსმენისას ჰკითხეს, აწარმოებს თუ არა აღნიშნული სამსახური სტატისტიკას, თუ რა უჯდება სახელმწიფოს ერთი არავაქცინირებული პაციენტის მკურნალობა ჰოსპიტალურ სექტორში.

„პანდემიის პირობებში, როცა ვაქცინაცია ფაქტობრივად ჩავარდნილია და უმძიმესი სიტუაციაა, სადაც  პრემიერ-მინისტრი ანტივაქსერულ განცხადებებს აკეთებს და ბოლო განცხადება განსაკუთრებით გამაოგნებელი იყო, ასეთ პირობებში, ხომ არ აწარმოებთ სტატისტიკას, რა უჯდება სახელმწიფოს ერი პაციენტის მკურნალობა ჰოსპიტალურ სექტორში და რომ ყოფილიყო ვაქცინაცია მაღალი, როგორი იქნებოდა სახელმწიფოს ხარჯი ამ შემთხვევაში?“ – ჰკითხა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ საქსტატის ხელმძღვანელს.

თოდრაძის განცხადებით, სტატისტიკის ეროვნული სამსახური მსგავს ინფორმაციას არ აწარმოებს.

„სამწუხაროდ, ჩვენ ამის სტატისტიკას არ ვაწარმოებთ. არ გვაქვს არანაირი ინფორმაცია ამ მიმართულებით, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს და ფინანსთა სამინისტროს ექნება გარკვეული მონაცემები ამ მიმართულებით“ – განაცხადა მან.

დეკანოიძის თქმით, დაახლოებით 250 ათასამდე ადამიანმა გაიარა მკურნალობა ჰოსპიტალურ სექტორში და გარდა იმისა, რომ უამრავი ადამიანის სიცოცხლე გადარჩებოდა, მნიშვნელოვანია იმის ანალიზი, რამდენად შემცირდებოდა ჯანდაცვის სექტორის ხარჯი.

„თქვენ მე გადამამისამართეთ ჯანდაცვის უწყებებთან, ეს ჩემთვის გასაგებია, მაგრამ  ვაზუსტებ – სტატისტიკის დეპარტამენტი არ აწარმოებს არავითარ აღწერას, თითო ადამიანი რა უჯდება სახელმწიფოს და ეს შემდეგ საერთო ხარჯებში არ შედის? ცალკე გამოყოფილად არ იცით რა უჯდება ერთი პაციენტი სახელმწიფოს? ეს ძალიან უცნაურია, რა უნდა ამ ხარჯს დაავადებათა კონტროლის ცენტრში“- უთხრა თოდრაძეს დეკანოიძემ.

გოგიტა თოდრაძის თქმით აღნიშნული ინფორმაცია მნიშვნელოვანია და შესაძლებელია ეს ინფორმაცია საქსტატში შეგროვდეს:

„თუმცა, საქსტატი არ გახლავთ მხოლოდ ინფორმაციის წყარო, რამდენიმე ინსტიტუცია შეიძლება იყოს ამ ინფორმაციის წყარო.

ჩვენ მოკლებული ვართ შესაძლებლობას, ეს ინფორმაცია დეტალური გავასაჯაროოთ, რადგან არ გვაქვს. თუმცა ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯები აკუმულირდება მთლიანად. კონკრეტულად 1 ადამიანის ხარჯი რა იყო კოვიდ-19-ის მკურნალობის დროს, არ გვაქვს, სამწუხაროდ“- ამბობს გოგიტა თოდრაძე.

ყალბი 100-ლარიანების დამზადებისა და გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით,  ჯგუფის მიერ ყალბი ფულის დამზადება-გასაღების ფაქტზე 2 პირია დაკავებული.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, დაამზადეს ყალბი 100-ლარიანი კუპიურები, რომლებიც შემდგომში გაასაღეს თბილისსა და რუსთავში მდებარე 8 სხვადასხვა სავაჭრო ობიექტზე.

ბრალდებულების საცხოვრებელი სახლიდან დამატებით ამოიღეს 27 ყალბი 100-ლარიანი და 7 ცალი ყალბი 50-ლარიანი კუპიურა. ასევე, მათ დასამზადებლად განკუთვნილი კომპიუტერული ტექნიკა და შესაბამისი დამხმარე ტექნიკური საშუალებები“.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.

იცის ინგლისური, შვედური და უკვე სომხურიც – გოგო, რომელიც სომეხ ბავშვებს ქართულს ასწავლის 

სალომე ლომიძე თითქმის ათი წელია, რაც ჯავახეთის სომხურენოვან სკოლებში ქართულ ენას და ლიტერატურას ასწავლის. განათლებით ფილოლოგია, იცის ინგლისური, შვედური, რუსული და ახლა უკვე სომხური ენაც. სომხური ჯავახეთში ისწავლა, აქ მრავალწლიანი ცხოვრების შემდეგ უკვე ესმის სომხური ენის სხვადასხვა დიალექტიც კი.

ახლა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სკოლის მასწავლებელია. 10, 15 წლის წინ სოფელ ფოკაში ძნელად იპოვიდით ვინმეს, ვისაც ქართული ოდნავ მაინც ესმოდა. ახლა კი ამ სოფლიდან, როგორც სალომე გვეუბნება, ბოლო 10 წლის განმავლობაში 70 მოსწავლე გახდა საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტი, რაც საკმაოდ დიდი მაჩვენებელია:

„არაქართულენოვანი სკოლების პროფესიული მხარდაჭერა“ ასე ჰქვია პროექტს, რომლის საშუალებითაც სალომე ჯავახეთში დასაქმდა მასწავლებლად. 2013 წელს ამ პროგრამას „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“ ერქვა და მაშინ სალომე პროგრამის ჯერ კიდევ მოხალისე-მასწავლებელი იყო.

მოხალისე-მასწავლებლად თავიდან ნინოწმინდის სოფელ დიდ გონდრიოში მუშაობდა, 2015 წლიდან კი კონსულტანტ-მასწავლებელი გახდა და ფოკის საჯარო სკოლაში გადავიდა:

„როცა მკითხეს პროგრამიდან, თუ სად მერჩივნა მუშაობა, ვთქვი, რომ არასოდეს ვყოფილვარ ჯავახეთში და მაინტერესებდა ეს კუთხე და მოხარული ვიქნებოდი იქ გამიშვებთ-მეთქი.  

რთული აღმოჩნდა. ერთი სიტყვაც არ ვიცოდი სომხურად და ენის ბარიერის პრობლემა მქონდა. ენას ყური ვერ და არ შევაჩვიე, მაგრამ მოხდა ასეთი რამ: ადგილობრივ მასწავლებელთან ერთად ვიყავი გაკვეთილზე, ბავშვებს ოტია იოსელიანის ბიოგრაფია ჰქონდათ გაკვეთილად, ითვლებოდა, რომ ეს სუსტი კლასი იყო და გავოცდი ისე სწორად ჰყვებოდნენ გაკვეთილს.

უცებ შევხედე დაფას, სადაც რაღაც ეწერა სომხურად და გამიელვა აზრმა, რომ ეს შეიძლება ყოფილიყო სომხური ასოებით დაწერილი ქართული ტექსტი და ასეც აღმოჩნდა, ამ კლასის ბავშვები ასე იმახსოვრებდნენ კარგად ქართულ სიტყვებს და იმავე საღამოს მივედი თუ არა სახლში, ვთხოვე დიასახლისის შვილს ესწავლებინა ჩემთვის სომხური ანბანი და მეც იმავე საღამოს პირველკლასელივით ვაყოლებდი თითს ასოებს. ასე ვისწავლე სომხურად წერა-კითხვა ერთ საღამოს“, – ამბობს სალომე ლომიძე.

სალომე ლომიძე მოსწავლეებთან ერთად

როგორც ის ჰყვება, კულტურული შოკი ჯავახეთში ჩასვლისას არ ჰქონია, რადგან საუკუნეების განმავლობაში ერთ ქვეყანაში მცხოვრებ ერთან, მისი დაკვირვებით, ბევრი საერთო ტრადიცია და ხშირად საერთო ისტორიაც გვაერთიანებს:

„ფოკა განსაკუთრებული, ძველი სოფელია საქართველოს ყველაზე დიდი ტბის, ფარავნის პირას. ამბობდნენ ჯავახური ზამთარი ძალიან მკაცრიაო, მაგრამ მე 90-იანი წლების ჭიათურაში ვარ გაზრდილი და იქაც დიდი თოვლი მოდიოდა მაშინ, ახლა ზამთარი აღარსადაა ისეთი მკაცრი, როგორც 10 წლის წინ იყო.

ზამთრები ფოკაში ჩემთვის არ იყო შემაძრწუნებელი, თუმცა რამდენჯერმე ქარბუქმა გამაოცა, ნანახიც არ მქონდა მსგავსი. თვალდახუჭულმა ვიარე სკოლამდე.

ძალიან ლამაზია ჯავახეთი ალპური ბუნებით, აისის და დაისის ფერებით. აქ ძალიან საინტერესო ხალხი ცხოვრობს, განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ახალგაზრდების მოტივაცია და მონდომება, სურთ მიიღონ განათლება სხვაგან და შემდეგ დაბრუნდნენ სოფელში, აქაურობას მოახმარონ ცოდნა, გამოცდილება. ასევე აღსანიშნავია, რომ ფოკას ჰყავს 70 სტუდენტი, რომლებიც სწავლობენ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო ან სხვა უნივერსიტეტებში“, – გვიყვება ქართული ენის მასწავლებელი ფოკიდან.

დაისი ჯავახეთში

სალომე 2013 წლიდან აკვირდება სომხურ თემში ინტეგრაციის, ქართული ენის სწავლების პროცესს. მისი შეფასებით შესამჩნევი ცვლილებებია, რადგან თუ ადრე მოსახლეობის დიდი ნაწილი უიმედოდ უყურებდა შვილების წასვლას სოფლიდან და მით უფრო საქართველოს ქალაქებში სასწავლებლად წასვლას ენობრივი ბარიერის გამო, ახლა ეს შიში გაქრა და ფოკას მსგავსად ჯავახეთის სხვა სომხური სოფლებიდანაც აგრძელებენ აბიტურიენტები სწავლას ქართულ უნივერსიტეტებში.

ქართულის მასწავლებელი ამბობს, რომ ბოლო წლებია აბიტურიენტების უმრავლესობა მიდის თბილისში ჩასაბარებლად, ნაწილი ბრუნდება სოფელში, ენობრივი ბარიერი აღარ აქვთ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ერთვებიან.

სალომე ლომიძის ყოფილმა მეთორმეტეკლასელებმა ფოკაში არასამთავრობო ორგანიზაცია „ტოლერანტის“ დახმარებით ახალგაზრდული სათემო ორგანიზაცია „Level Up” ჩამოაყალიბეს.

მათი მიზანია იზრუნონ ფოკელი ახალგაზრდებისთვის არაფორმალური განათლების ხელმისაწვდომობაზე, ინფორმაციული ვაკუუმის აღმოფხვრაზე, ატარებენ მედიაწიგნიერებასთან დაკავშირებულ სემინარებს და ა.შ.

სალომე ლომიძე მოსწავლეებთან ურთიერთობაზეც ჰყვება. ამბობს, რომ მეგობრული კავშირი აქვს ბავშვებთან და მათ არასდროს ატყუებს. ყოველთვის აკეთებს იმას, რასაც მათ ჰპირდება:

ბევრი საერთო ინტერესიც გვაქვს მე და ჩემს მოსწავლეებს, თავისუფალ დროს მაგალითად ვიდეოთამაშებით მეც ვერთობი მათ მსგავსად. მეც მიყვარს ბევრი რამ, რაც მათ მოსწონთ, ალბათ ამიტომაც ჩამოგვიყალიბდა მეგობრული და კარგი ურთიერთობა.

ჯერჯერობით ვაპირებ პროექტში დარჩენას, მაგრამ სამომავლოდ დიდი სურვილი მაქვს შვედეთში გავიარო პედაგოგიკის კურსები და ავიმაღლო კომპეტენცია. მინდა მეტი ვისწავლო და მერე ეს სიახლეები ჩემი ქვეყნის განათლების სფეროში დავნერგო“, – ამბობს 34 წლის მასწავლებელი.

სალომე ახლა საჰაკ მადოიანის სახლში ცხოვრობს. საჰაკი ფოკის სკოლის დირექტორი იყო და შარშან გარდაიცვალა. სახლში სალომე და საჰაკის მეუღლე, მარგარიტ მადოიანი დარჩნენ.

მარგარიტა რუსული ენის მასწავლებელია. მისი ქალიშვილი, არმენუჰი კი სალომეს სკოლაში ასწავლის ბუნებისმეტყველებას.

სალომე და მარგარიტი ხშირად სტუმრობენ არმენუჰს.

„მე და მარგარიტა საღამოობით ზოგჯერ გვიანამდე ვსაუბრობთ, ერთმანეთს ვუზიარებთ დღის შთაბეჭდილებებს, სიხარულსა თუ მწუხარებას.

ყავის მოდუღება ოჯახში ჩემი “საქმეა”. საღამოობით არაქართულენოვანი სკოლების პედაგოგებთან ვატარებ ქართული ენის კურსს დისტანციურ ფორმატში და ამის გამო ხშირად მეწუწუნება ხოლმე, ჩემთვის დრო აღარ გრჩება, სადილების მომზადებაში ვეღარ მეხმარებიო. დედასავით მივლის, მეც ვიფერებ და გავზარმაცდი. თუმცა აღნიშნავს, რომ თუ რამეს ვამზადებ, ყველაფერი გემრიელი გამომდის. 2015 წელს ამ ოჯახმა საკუთარ წევრად მიმიღო და აი, უკვე მეშვიდე წელია ერთად ვართ. როცა თბილისში მივდივარ ან შვებულებაში ვარ, სულ მირეკავს და მეკითხება, როგორ ვარ, ვჭამ თუ არა ნორმალურად. ჩემთვის მეორე დედაა და ძალიან მიყვარს“, – ამბობს სალომე.

რა ქუჩებზე და რა დროით გაითიშება ხვალ გაზი ბათუმში

კომპანია „სოკარის“ ცნობით, გაზსადენზე  დაგეგმილი სარემონტო საექსპლუატაციო სამუშაოების გამო, 17 თებერვლის 12:00 საათიდან 14:00 საათამდე ბათუმში ნევრესტან შაშიკაშვილის და ენვერ ხაბაძის ქუჩის აბონენტებს გაზმომარაგება შეუწყდება.

ასევე, ხვალ, 17 თებერვლის 10:00 საათიდან 12:00 საათამდე, ბათუმში გაზმომარაგება შეუწყდება ბაგრატიონის ქუჩის #161-ში მცხოვრებ  აბონენტებს.

„სოკარის“ ცნობით, აბონენტებს ბუნებრივი გაზი სამუშაოების დასრულებისთანავე ეტაპობრივად მიეწოდება.

კომპანია აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

გაუპატიურების საქმე ბათუმის სასამართლოში – ქალის ჩვენება და ბრალდებულის ადვოკატის ვერსია 

„გამომეღვიძა… შოკურ მდგომარეობაში ვიყავი, ვკიოდი, ეს რა გააკეთე-მეთქი, ის კი ისე გრძნობდა თავს, თითქოს ცუდი არაფერი ჩაუდენია,“ – ეს ამონარიდია დაზარალებულად ცნობილი ქალის ჩვენებიდან.

გამოძიება უცხოელი ტურისტი ქალის გაუპატიურებას ბათუმელ ჯ.კ.-ს ედავება. დღეს, 16 თებერვალს, ამ საქმეზე მოსამართლე ლევან ყოლბაიამ მოწმეების ჩვენებები მოისმინა.

ბრალდებული კაცი, რომელიც გასული წლის ზაფხულიდან წინასწარ პატიმრობაშია, ბრალს არ აღიარებს.

შემთხვევა გასული წლის 18 ივლისს მოხდა. დილით პოლიციის განყოფილებაში რუსმა ტურისტმა დარეკა და თქვა, რომ მასთან ერთად მყოფ ტურისტზე სექსუალურად იძალადეს. იმავე საღამოს პოლიციელებმა ჯ.კ. დააკავეს, რომელიც ტურისტულ ინდუსტრიაში იყო ჩართული.

„ჯ.კ.-მ დაზარალებულის უმწეო მდგომარეობის გამოყენებით, კერძოდ იმ დროს, როდესაც დაზარალებულ ე.მ.-ს ეძინა, მისი ნების საწინააღმდეგოდ განახორციელა სექსუალური ხასიათის შეღწევა,“ – ჩაწერეს იმ დღეს დადგენილებაში პირის ბრალად ცნობის შესახებ.

ბრალდებულს და დაზარალებულად ცნობილ ტურისტ ქალს ერთმანეთი ქედაში, ჩანჩქერზე გაუცნიათ – დაზარალებული მეგობარ წყვილთან ერთად თამარის ხიდიდან აპირებდა მდინარეში გადახტომას.

დაზარალებულის, ასევე მისი მეგობარი წყვილის ჩვენების მიხედვით, მათ ბრალდებულმა ბათუმში მანქანით ჩაყვანა შესთავაზა, შემდეგ კი, როცა დაახლოვდნენ, ღვინოსა და მსხლის არაყზეც დაპატიჟა.

„მე „ალი და ნინოს“ ნახვა მინდოდა ბათუმში, ჩემი ინიციატივა იყო ეს და იქ წავედით, ჯ.-ც ჩვენთან ერთად წამოვიდა, ხინკლის საჭმელადაც ერთად წავედით, მე ღვინო დავლიე ერთი ჭიქა, ჩემმა მეგობრებმა და ჯ.-მ ლუდი დალიეს, შემდეგ ისევ ზღვაზე გავედით…“ – აღნიშნა დაზარალებულმა.

ღამით პლაჟზე დაბრუნების შემდეგ რა მოხდა – ამაზე ყველაზე დიდხანს ასაუბრეს ქალი ადვოკატებმა. ადვოკატები დაინტერესდნენ, დაზარალებულად ცნობილ ქალს, რომელმაც დაადასტურა, რომ ზღვაში თავის უცხოელ მეგობართან და ქართველ ჯ.-თან ერთად შიშველმა იბანავა, „ეუხერხულა თუ არა“ უცხო კაცთან ერთად ზღვაში შიშველი ცურვა.

„მთლიანად გახდილები ვიყავით, მაგრამ არავინ შემხებია, შორს ვიყავით ერთმანეთისგან… ვგრძნობდი, რომ მას მოვწონდი, მაგრამ ასე პირდაპირ არ უთქვამს,“ – თქვა ქალმა.

დაზარალებულის ჩვენების მიხედვით, ზღვაში ღამით ბანაობის შემდეგ ისინი ბარათაშვილის ქუჩაზე ნაქირავებ ბინაში დაბრუნდნენ.

„მე აბაზანაში შევედი, ვიბანავე და დასაძინებლად მარტო მეორე სართულზე ავედი, იქ არის საძინებელი… ჩემი მეგობრები და ჯ. ქვემოთ დარჩნენ,“ – უთხრა მოსამართლეს დაზარალებულმა.

ტურისტმა აღწერა, როგორ გაეღვიძა შუაღამეს, როცა ჯ. მის საწოლში იყო და აუპატიურებდა. იმავე საძინებელში სხვა საწოლზე იყვნენ დაზარალებულად ცნობილი ქალის მეგობარი წყვილი, მათ ქალის კივილზე გამოეღვიძათ და პოლიციაში დარეკეს.

„მეგობრებმა მითხრეს, რომ ჯ.-ს, რადგან ძალიან ნასვამი იყო, ვუთხარით, შეგიძლია დარჩეო და პირველ სართულზე დავტოვეთ.

როცა კივილი დავიწყე, ჯ.-მ თქვა, რომ სიგარეტზე გავიდოდა, გავიდა და აღარ დაბრუნებულა. რა თქმა უნდა, მიიმალა,“ – დაასრულა დაზარალებულმა ქალმა.

ადვოკატ ზაზა პაპიძის თქმით, ბრალდებულს და დაზარალებულს ნებაყოფლობით ჰქონდათ სექსი მახუნცეთში, გაცნობის დღეს, ხოლო ბათუმში ბინაში ბრალდებულს ქალთან სექსი არ ჰქონდა.

„შემდეგ ქალმა მიიპატიჟა სახლში ბრალდებული, სადაც დილამდე იყვნენ, ხოლო დილით დაზარალებულის მეგობარმა დარეკა პოლიციაში. საქმის მასალებით იკვეთება, რომ დაზარალებულის მეგობარმა ცრუ შეტყობინება გააკეთა პოლიციაში, რადგან ერთმანეთზე ეჭვიანობდნენ და იმის დასამტკიცებლად, რომ ბრალდებულთან ურთიერთობა არ ჰქონია, დაზარალებულის მეგობარმა დარეკა პოლიციაში,“ – ამბობს ადვოკატი ზაზა პაპიძე.

ადვოკატს აქვს სხვა ვერსიაც – ის მიიჩნევს, რომ ბრალდებული შესაძლოა სექსთაღლითობის მსხვერპლი გახდა, თუმცა ამას ჯერ ვერ ადასტურებს.

„ტურისტებს ხშირად აძლევენ თანხას თავისივე ქვეყანაში, რადგან ტურისტული დაზღვევა აქვთ, ხოლო როცა დაზარალებულის ცნობას წარადგენდა, მიიღებდა კომპენსაციას… არ მაქვს დაზუსტებული ინფორმაცია, ჰქონდა თუ არა ამ დაზარალებულ ქალს ეს დაზღვევა. რამდენიმე ანალოგიური შემთხვევაა და ამიტომაც გვაქვს ეს ეჭვი,“ – აღნიშნა ზაზა პაპიძემ.

ადვოკატი ასევე ყურადღებას ამახვილებს ექსპერტიზის დასკვნაზე, რომლის მიხედვითაც, ქალს სხეულზე ფიზიკური ძალადობა არ ეტყობა.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ჯ.კ.-ს 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.

სამედიცინო ცნობის ნაცვლად სამსახურში PCR ტესტის პასუხი შეგიძლიათ წარადგინოთ

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, იცვლება კოვიდინფიცირებული პაციენტებისთვის სამედიცინო ცნობის გაცემის წესი.

სამინისტროს ცნობით, COVID-19-ით ინფიცირებულმა პაციენტებმა, რომლებსაც არ დასჭირდათ ხანგრძლივი სამედიცინო მეთვალყურეობა და მათი იზოლაციის ვადა შემოიფარგლა 7-8 დღით, სამუშაო ადგილზე საავადმყოფო ფურცლის ნაცვლად შესაძლებელია წარადგინონ სწრაფი ან PCR ტესტის დადებითი პასუხი.

აღნიშნული ცნობის მიღება პაციენტს შეუძლია ლაბორატორიული სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებაში (სადაც ჩატარდა ტესტირება),  ცნობის ამობეჭდვა, ასევე, შესაძლებელია Georgia E-health აპლიკაციიდანაც.

„მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნული ცნობის წარდგენის შემთხვევაში, მიმდინარე წლის 4 თებერვლამდე ინფიცირებული პირებისთვის შრომისუუნარობის ვადად 8 კალენდარული დღე ითვლება,  4 თებერვლის შემდეგ კი – 7 დღე“ – აცხადებს სამინისტრო.

გამონაკლისს წარმოადგენს სტრატეგიული დანიშნულების დაწესებულებების (სამედიცინო და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები, შინაგან საქმეთა, იუსტიციის, თავდაცვისა, ფინანსთა სამინისტროები და მათი სისტემები, პროკურატურა, უსაფრთხოების სამსახური) თანამშრომლები, ტესტის დადებითი პასუხის წარდგენის შემთხვევაში მათთვის შრომისუუნარობის ვადა განისაზღვრება კარანტინისა და იზოლაციის ახალი წესების მიხედვით, ამასთან, არ აღემატება 7 კალენდარულ დღეს.

ოფიციალური ინფორმაციით, ცვლილება უკვე ამოქმედდა და ნებისმიერ, კერძო თუ საჯარო სექტორში დასაქმებულ პირს ეხება.

აგვისტოდან დღემდე საქართველოდან 90.4 მილიონი აშშ დოლარის თხილი გავიდა – სამინისტრო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, 2021 წლის პირველი აგვისტოდან 2022 წლის 13 თებერვლის ჩათვლით საქართველოდან 19.7 ათასი ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 90.4 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტზე გატანილი თხილის მოცულობა 4.1 ათასი ტონით (26%), ხოლო ღირებულება 7.4 მლნ აშშ დოლარით (9%) გაიზარდა.

სამინისტროს მონაცემებით:

ქართული თხილის ექსპორტი, ძირითადად, ევროკავშირის ბაზრებზე ხორციელდება – იტალიაში (8,157 ტონა), გერმანიაში (3.719 ტონა), ესპანეთში (638 ტონა), ჩეხეთში (504 ტონა), ლიეტუვაში (393 ტონა), პოლონეთში (379 ტონა), საფრანგეთში (375 ტონა), ბულგარეთში (144 ტონა), ესტონეთში (98 ტონა), საბერძნეთში (71 ტონა), ლატვიაში (70 ტონა), ბელგიაში (41 ტონა), უნგრეთში (22 ტონა), ხორვატიაში (20 ტონა).

ქართული თხილი ექსპორტზე გადის ასევე: სომხეთში (1,357 ტონა), ჩინეთში (785 ტონა), რუსეთში (422 ტონა), უკრაინაში (361 ტონა), ალჟირში (241 ტონა), საუდის არაბეთში (326 ტონა), ბელარუსში (283 ტონა), ერაყში (168 ტონა), შვეიცარიაში (173 ტონა), მექსიკაში (120 ტონა), კანადაში (120 ტონა), არგენტინაში (119 ტონა), თურქეთში (92 ტონა), აზერბაიჯანში (82 ტონა), არაბთა გაერთიანებულ ემირატებში (75 ტონა), უზბეკეთში (66 ტონა), ყაზახეთში (45 ტონა), ყირგიზეთში (44 ტონა), იორდანიაში (30 ტონა), ტუნისში (27 ტონა), გაერთიანებულ სამეფოში (22 ტონა).


რეკომენდაციები მათთვის, ვისაც თხილის ბაღი აქვს ან აპირებს გაშენებას

Exit mobile version