კულტურული მემკვიდრეობა,მთავარი,სიახლეები

ბათუმში, მემედ აბაშიძის #44-ში, მესაკუთრე ძეგლზე სტატუსის მოხსნას ითხოვს

17.02.2022 • 6559
ბათუმში, მემედ აბაშიძის #44-ში, მესაკუთრე ძეგლზე სტატუსის მოხსნას ითხოვს

ბათუმის ურბანული მეხსიერებიდან შესაძლოა გაქრეს კიდევ ერთი შენობა, რომელიც ქალაქში ახსოვთ როგორც ცნობილი კომერსანტის – ნიკოლოზ ფანდეევის სახლი და საწარმო, შემდეგ კი საკონდიტრო მაღაზია „მინიონი“, რომელიც საბჭოთა პერიოდშიც მუშაობდა.

მემედ აბაშიძის #44-ში მდებარე ერთსართულიანი შენობის მესაკუთრე ძეგლზე სტატუსის მოხსნას ითხოვს და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს შესაბამის გადაწყვეტილებას სტატუსის მინიჭების თაობაზე, სასამართლოში ასაჩივრებს.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, მესაკუთრეს ამ სახლის დანგრევა და მის ადგილზე მრავალბინიანი კორპუსის მშენებლობა სურს. სააგენტოში აცხადებენ, რომ დავის პროცესში ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება არ სურთ.

მემედ აბაშიძის #44-ში არსებული ერთსართულიანი სახლისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ ბრძანება კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულმა სააგენტომ 2020 წელს გამოსცა.

ისტორიული წყაროების მიხედვით, შენობა XX საუკუნეში აუშენებიათ, ის მოიცავდა მემედ აბაშიძის #42-44-სა და ასათიანის 15-ში მდებარე კვარტალს. მისი მფლობელი ცნობილი კომერსანტი ნიკოლოზ ფანდეევი იყო, რომელიც ფლობდა ცემენტის, ქვისა და მოზაიკური ფილების საწარმოს და ასევე  ცნობილ საკონდიტროს ბათუმში. ეს ყველაფერი, თავისი დამხმარე ნაგებობებით, მესაკუთრეს სწორედ ამ კვარტალში ჰქონდა განთავსებული.

ფილები ფანდეევის საწარმოს წარწერით ბათუმში ბევრჯერ დააფიქსირეს მას შემდეგ, რაც ისტორიული სახლების ნგრევა ინტენსიურად დაიწყო.

ფოტო: შოთა გუჯაბიძე

ფოტო: შოთა გუჯაბიძე

 

ძეგლის სააღრიცხვო ბარათის მიხედვით, რომელიც არქიტექტორ-რესტავრატორმა ნესტან თათარაშვილმა მოამზადა, ფანდეევის სახლი მაღაზიას საერთო გასასვლელით უკავშირდებოდა და მის გაგრძელებას წარმოადგენდა. ეზოში განთავსებული ყოფილა მასიური თუჯის ქვაბი [სახარში], რომელიც დიდ ხანს მდგარა ეზოში გასაბჭოების შემდეგაც, როცა სახლის დამხმარე ნაგებობებში მუშები შეასახლეს, წლების შემდეგ კი სამშენებლო სამუშაოების გამო მოუშლიათ.

სააღრიცხვო ბარათის მიხედვით, შენობა კონსტრუქციულად მდგრადია, თუმცა დროთა განმავლობაში განადგურებულია შენობის საფასადო დეკორის ავთენტური  ნაწილები.

ნესტან თათარაშვილის შეფასებით, შენობა მოდერნის სტილის გამოხატული ნიშნებით ხასიათდება:

„ეს არის უნიკალური ევროპული შენობა, როგორიც მეოცე საუკუნის დასაწყისში გავრცელდა საქართველოში და ბათუმში ძალიან კარგი ნიმუშები გვაქვს. ისინი შეტანილია ტურისტულ მარშრუტებში და ღირებულება აქვს ძალიან დიდი. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია მისი შენარჩუნება ქალქმშენებლური კუთხით. ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩა ისტორიულად არის უმნიშვნელოვანესი – ეს არის ძეგლების არეალი, ხომ არსებობს რაღაც, რასაც არ უნდა შევეხოთ? – დღეს, მაგალითად, თბილისში ძალიან კარგად მუშაობს შარდენის ქუჩა, ფანდეევის ეზოში მესაკუთრემ ეზოიანი რესტორანი რომ გააკეთოს, მაგალითად, „ფანდეევის ეზო“ ვერ აუვა მომხმარებელს.“

საჯარო რეესტრის მონაცემებით, ერთსართულიანი შენობა მემედ აბაშიძის #44-ში შპს „ელიტურ სახლს“ ეკუთვნის. კომპანიის 50/50 პროცენტს ბესიკ თავდგირიძე და ჯუმბერ მოწყობილი ფლობენ.  მთლიანობაში ერთსართულიანი შენობის ფართობი 283 კვ.მეტრია. კომპანია სასამართლოსგან მისთვის მისაღებ გადაწყვეტილებას ელოდება.

„შენობას ძეგლის სტატუსი მინიჭებული აქვს ყოველგვარი გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, მაშინ, როცა შენობა-ნაგებობის ავთენტურობა არ დგინდება, შენობა-ნაგებობის ნაწილი 2007 წელსაა ექსპლუატაციაში მიღებული. გარდა ამისა, არსებობს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, სადაც პროექტი შეთანხმებულია, ნებართვა გაცემულია ამ ობიექტზე 2020 წელს, სანებართვო მოწმობის ამოწერის ეტაპზე კი მეზობლების განცხადების საფუძველზე მიანიჭეს ძეგლის სტატუსი“, – ამბობს კომპანიის იურისტი ამირან ცეცხლაძე.

კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოში ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ: „ვიდრე სასამართლო დავა მიდის, ვერ ვისაუბრებთ“.

ამ საკითხზე პოზიციის დაფიქსირებისგან თავი შეიკავეს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოშიც.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: