22 წლის ლილით კარაპეტიანი ერთ-ერთია იმ 70 ფოკელ სტუდენტს შორის, რომლებმაც ქართული უცხო ენასავით ისწავლეს ბოლო 10 წლის განმავლობაში და საქართველოს უნივერსიტეტებში განაგრძეს სწავლა.
ფოკა სამცხე-ჯავახეთის სოფელია. ამ სოფელში ძირითადად სომხურად საუბრობენ.
ლილითი მალე სამართლის ფაკულტეტს ამთავრებს, ადვოკატის სასერტიფიკატო გამოცდისთვისაც ემზადება, რომ ფოკაში დაბრუნდეს. საადვოკატო ბიურო გახსნას და ქალებისა და ბავშვების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე იმუშაოს ჯავახეთში.
გვეუბნება, რომ ბევრი ქალი წერს ფოკიდან, ვისაც იურიდიული დახმარება, სამართლებრივი რჩევების მიცემა სჭირდება. ლილითი მათ ურჩევს, სად წავიდნენ, ვის მიმართონ და როგორ დაიცვან საკუთარი უფლებები.
- „გადავწყვიტე, რომ იურისტის საქმიანობა ჯავახეთიდან დავიწყო და ვიმუშაო ქალთა და ბავშვთა უფლებებზე“
სწორედ ჯავახი ქალების აქტიურმა, არაფორმალურმა კომუნიკაციამ მიანიშნა ლილითს, რომ ფოკაში დაბრუნება მნიშვნელოვანია:
„ისევე როგორც საქართველოს სხვა კუთხეებში, ჯავახეთშიც ქალთა უფლებრივი მდგომარეობა დიდად სახარბიელო არ არის. მიიჩნევა, რომ არ შეიძლება ქალი დაშორდეს კაცს ძალადობის შემთხვევაშიც კი. ტრადიციაა დუმილის ჩვევაც სამეზობლოში, როცა ქმარი სცემს ცოლს.
პრობლემურია მემკვიდრეობის საკითხიც. ჯავახეთში ქალებს ბავშვობიდანვე შთააგონებენ, რომ სახლი მარტო ძმისაა და მემკვიდრეობა მას არ ეკუთვნის. სამუშაო ადგილებიც არ არსებობს ქალებისთვის. ქალების უმრავლესობა არც გადის სამცხე-ჯავახეთიდან, არ სწავლობს, დაკავებულია მხოლოდ დიასახლისობით, შემოსავალი არ აქვთ, საკუთარი არაფერი გააჩნიათ და ხშირად იძულებულები არიან იცხოვრონ მოძალადე ქმრების გვერდით, რადგან არც სახლი აქვთ საკუთარი, არც შემოსავალი და არც წასასვლელი.
მამის სახლში რომ დაბრუნდნენ, ყველას არ იღებენ მამები და ძმები.
ამიტომ გადავწყვიტე, რომ იურისტის საქმიანობა ჯავახეთიდან დავიწყო და ვიმუშაო ქალთა და ბავშვთა უფლებებზე. ახლა ჩემი ადგილი სამცხე-ჯავახეთშია, მინდა დავეხმარო ყველას, დაიცვან თავიანთი უფლებები.
მგონია, რომ ქალებს შიშზე უფრო რცხვენიათ ძალადობაზე საუბრის. უნდა ვაჩვენოთ ქალებს, რომ არ არის სირცხვილი ძალადობაზე საუბარი“ – ამბობს ლილითი.
მისი დაკვირვებით, ჯავახეთის სომხურ თემში ბავშვთა უფლებებზეც ბევრია სამუშაო. ლილითი გვიხსნის, რომ მშობლებს ხშირად მიაჩნიათ მნიშვნელოვნად მხოლოდ სასკოლო საგნების სწავლა და არ თვლიან მნიშვნელოვან ამბად მოზარდის კარგ ქორეოგრაფიულ ან მუსიკალურ მონაცემებს. ლილითის თქმით, ჯავახეთის სკოლების უმრავლესობას არ ჰყავს ცეკვის, მუსიკის და სპორტის მასწავლებელი.
ლილითი ჩართულია სომხურ-ქართული პლატფორმის – „განძის“ საქმიანობაში, რომელიც ახლახან შეიქმნა არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარის“ მხარდაჭერით.
პლატფორმა მიზნად ისახავს, საქართველოს სომხურენოვან მოსახლეობას, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს მიაწოდოს ინფორმაცია ადამიანის უფლებებზე, გენდერული თანასწორობის საკითხებზე, საზიანო პრაქტიკაზე, რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და სხვა მნიშვნელოვან თემებზე – ქართულად და სომხურად.
კოვიდპანდემიასა და ვაქცინაციაზე კითხულობს სემინარებს ორენოვანი პლატფორმა „განძის” ფარგლებში. 1+4 პროგრამის ფარგლებში კი დეზინფორმაციასთან დაკავშირებული საკითხებზე ესაუბრება ახალგაზრდებს.
2021 წელს ლილითი GFSIS-ის სტიპენდიატი იყო და სამი თვის მანძილზე მთელ ნინოწმინდა-ახალქალაქში დადიოდა ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემების შესასწავლად.
- „თბილისში წამიყვანა მამამ და უცხო ქვეყანა მეგონა. ქართულად რომ საუბრობდა ირგვლივ ყველა, მე არაფერი მესმოდა“
სანამ ქართულს ისწავლიდა, ლილითი ვერც კი წარმოიდგენდა, რომ სწავლას ქართულ უნივერსიტეტში გააგრძელებდა:
„თავიდან სომხეთში ვგეგმავდი სწავლის გაგრძელებას, არ ვიცოდი ქართული, მაგრამ გამიმართლა და ქართული ენის სწავლების პროგრამა დაიწყო ჩემს სკოლაში.
გავაცნობიერე, რომ საქართველოს სრულუფლებიანი მოქალაქე ვარ და ჩემსავე ქვეყანაში შემიძლია ვცადო ბედი, გავაგრძელო ცხოვრება. შემიყვარდა ქართული ენა.
პირველად 6 წლის ვიყავი, როცა თბილისში წამიყვანა მამამ და უცხო ქვეყანა მეგონა ქართულად რომ საუბრობდა ირგვლივ ყველა. მე არაფერი მესმოდა“ – ამბობს ლილითი.
ქართული ლილითმა 15 წლამდე არ იცოდა. მერე ქართული ენის და ლიტერატურის ოთხი მასწავლებელი გამოიცვალა და მეთერთმეტე კლასში უკვე თავისუფლად ალაპარაკდა. ქართულად კარგად საუბრობს მისი ძმაც, სამედიცინო უნივერსიტეტი თბილისში მანაც ქართულ ენაზე დაამთავრა.
სამომავლო გეგმებზე საუბრისას ლილითი გვეუბნება, რომ საჯარო უწყებებში არასდროს ისურვებდა მუშაობას.
„მინდა ჩემი არასამთავრობო ორგანიზაცია მქონდეს, მქონდეს საადვოკატო ბიურო და არანაირი კავშირი არ მქონდეს პოლიტიკურ საქმიანობასთან. მინდა დამოუკიდებელი და თავისუფალი ვიყო პოლიტიკური გავლენებისგან ადამიანის უფლებებზე მუშაობისას.
როცა საქმე ჯავახეთში დაბრუნებას ეხება, დიდი პრობლემაა თანამოაზრეების პოვნა. ხალხს უყვარს სახლში თავისუფლად და უშიშრად ლაპარაკი, მაგრამ როცა დრო მოდის ისაუბრო ხმამაღლა იქ, სადაც ეს მნიშვნელოვანი და აუცილებელია, ყველა სდუმს, ჩემი თანატოლებიც, რომლებმაც უკვე დაამთავრეს სამართლის ფაკულტეტი.
ჩემს კოლეგებსაც კი ხშირად ეშინიათ ხმამაღლა სხვადასხვა საკითხზე საუბრის“ – ამბობს ლილითი.
- „ფოკაში ერთადერთი გოგო ვიყავი, ვინც საარჩევნო პროცესში ჩაერთო
ლილით კარაპეტიანი 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ფოკაში ერთადერთი გოგო იყო საარჩევნო კომისიაში.
„თბილისში ჩავაბარე ცესკოს გამოცდები და სერტიფიკატიც იქვე მივიღე. კომისიის წევრი ვიყავი და როცა მივედი პირველ დღეს ნინოწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიაში, ისე მიყურებდნენ, თითქოს მეუბნებოდნენ, აქ როგორ აღმოჩნდიო. მერე რა თქმა უნდა დავმეგობრდით.
ფოკელებისთვის ბავშვობიდანვე უცნაური გოგო ვიყავი, სულ ბიჭებთან ერთად ვთამაშობდი, მაგრამ მე მყავს ძალიან კარგი ოჯახი, დედა, მამა და ძმა. ყველაფერში მხარს მიჭერენ. მათ სურდათ სამედიცინო უნივერსიტეტში ჩამებარებინა, მაგრამ მშვიდად მიიღეს ჩემი გადაწყვეტილება, როცა ვთქვი, რომ იურისტობა მინდოდა.
ჯავახეთში ეუცნაურებოდათ იურიდიულზე რომ ჩავაბარე. ნათესავები, მეზობლები, მეგობრები, ყველა მეუბნებოდა, აიღებ ახლა დიპლომს და რა სამსახურის იპოვი იურისტის დიპლომითო. მიაჩნიათ, რომ იურისტი პოლიციელია და პოლიციელობა კიდევ გოგოსთვის შეუფერებელია“ – ამბობს ლილით კარაპეტიანი. ის დასძენს, რომ აუცილებლად გეგმავს მაგისტრატურაში სწავლასაც, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ.
„საჯარო ან სისხლის სამართლის მიმართულებით გავაგრძელებ მაგისტრატურაში სწავლას, მაგრამ ჯერ ჩემს სოფელში უფლებადამცველობა მინდა“ – ამბობს ლილითი.