მთავარი,სიახლეები

ავარიული სახლი, მერია და ბიუჯეტიდან უშედეგოდ დახარჯული 430 ათასი ლარი – ცხოვრება შიშის ქვეშ

17.02.2022 • 1651
ავარიული სახლი, მერია და ბიუჯეტიდან უშედეგოდ დახარჯული 430 ათასი ლარი – ცხოვრება შიშის ქვეშ

9 წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ბათუმში, მაიაკოვსკის ქუჩის მცხოვრებლებმა გაიგეს, რომ სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ კორპუსში ცხოვრობენ.

კორპუსის მდგრადობის კვლევა ამხანაგობის დაკვეთით 2013 წელს ჯერ შპს „იკა ჯგუფმა“ მოამზადა, შემდეგ კი ბათუმის მერიის დაფინანსებით სახლი კიდევ ორჯერ შეისწავლეს. ყველა კვლევით დადასტურდა, რომ ამ კორპუსში უსაფრთხოდ ცხოვრება შეუძლებელია.

პირველი ექსპერტიზის ჩატარებიდან დღემდე ოჯახები ბათუმის მერიისგან სათანადო რეაგირებას ელიან.

ბათუმის მერიას ამ მიმართულებით მცდელობები ჰქონდა, რაც დოკუმენტებით დასტურდება, თუმცა უშედეგო. მაიაკოვსკის №55-ში დღესაც ავარიულ კორპუსში ცხოვრობს 45 ოჯახი და მათგან უმეტესობას ალტერნატიული საცხოვრებელი არ აქვს. მერია კი, ფაქტობრივად, პასუხისმგებლობას იხსნის, მიუხედავად იმისა, რომ ამ პრობლემის მოსაგვარებლად 2016 წელს ბიუჯეტიდან 430 585 ლარი დახარჯა.

2022 წლის 13 თებერვალს საქართველოში 6.2 ბალი მიწისძვრა დაფიქსირდა, რის შემდეგაც მაიაკოვსკის ქუჩაზე მდებარე ავარიული კორპუსი კიდევ უფრო დაზიანდა. მოსახლეობამ კორპუსი დატოვა. იმავე ღამეს ბათუმის მერიამ 15 ოჯახი სასტუმროში გადაიყვანა, ნაწილმა კი ახლობლებს შეაფარეს თავი. 

„მიწისძვრის შემდეგ ვიცე-მერი, ლევან დავითაძე შეგვხვდა და დაგვპირდა, რომ ბინებს დაგვიქირავებდნენ, თუმცა შემდეგ უარი გვითხრეს. აპარატის უფროსმა, ნუკრი დეკანაძემ კი, შედით და იცხოვრეთ, სახლი ავარიული არ არისო, დასკვნა ძველიაო. ასევე გვითხრა – მაგაზე უარეს სახლებში ცხოვრობს ხალხიო. იქვე იყო ვიცე-მერიც და ამაზე რეაქცია არ ჰქონია“, – ამბობს ავარიულ სახლში მცხოვრები გუჯა ჯაფარიძე.

უარის შემდეგ მოსახლეობამ საცხოვრებელი კორპუსის წინ აქცია გამართა. მათივე თქმით, ყოველდღიურად შიშის ქვეშ ცხოვრება გაუსაძლისია, ამიტომაც მერიისა და მთავრობის ყურადღების მისაქცევად ჯერ კარვების გაშლას გეგმავენ, შემდეგ კი პროტესტის გაცილებით რადიკალურ ფორმებზე გადასვლასაც არ გამორიცხავენ.

„მე, პირადად, ოჯახი სხვაგან გავიყვანე, რადგან ამის საშუალება მქონდა, მაგრამ უმეტესობას ეს არ შეუძლია. რა გავაკეთოთ? – კომპანიამ ბინების მშენებლობა ვერ დაასრულა. მერია ამბობს, რომ ჩვენთვის ბინებს ვერ დაიქირავებს, რადგან ასეთ შემთხვევაში ხარჯებს იურიდიულად ვერ დაასაბუთებს“, – გვითხრა გიორგი გვენეტაძემ. ის კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარეა.

მარინა ჯაყელიძე: „მიწისძვრის შემდეგ აქ კიდევ უფრო დამძიმდა სიტუაცია, მერია შეგპირდა ქირით გაყვანას, თუმცა ორ დღეში უარი გვითხრეს“

კორპუსის მცხოვრებლები დღეს, 17 თებერვალს, ბათუმის მერთან, არჩილ ჩიქოვანთან შესახვედრად საჯარო ბიბლიოთეკასთან მივიდნენ, სადაც მერი ვაქცინაციასთან დაკავშირებულ შეხვედრას უნდა დასწრებოდა. მერმა შეხვედრაზე დააგვიანა. სამაგიეროდ იქ მისულებმა ვიცე-მერთან გასაუბრება შეძლეს.

მოგვიანებით ისინი არჩილ ჩიქოვანსაც შეხვდნენ და მას „ინვესტორის დაბარება“ და ერთობლივი შეხვედრის გამართვა სთხოვეს

  • ამბის ქრონოლოგია

2013 წლის ექსპერტიზის მიხედვით, მაიაკოვსკის №55-ში მდებარე შენობა ავარიულია: „გასამაგრებელია საძირკვლები, მზიდი კედლების რიგი ადგილები, ჩასატარებელია საბათქაშე და სამღებრო სამუშაოები“.

ამ  დასკვნის შემდეგ მერიამ მაიაკოვსკის №55-ში მცხოვრებლებს ბინების დაქირავება შესთავაზა, თუმცა ისინი არ დათანხმდნენ: „არ გვქონდა იმედი, რომ ბოლომდე გადაიხდიდნენ ქირას“ – ამბობენ აქ მცხოვრებლები.

2014 წლის დასკვნის მიხედვით, კორპუსის გასამაგრებლად სხვადასხვა სამუშაოსთან ერთად აუცილებელი იყო „ყველა სართულშუა გადახურვის დონეზე არსებული რკინაბეტონის სარტყლის გაძლიერება და სეისმურ ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანა“ – ეს დასკვნა მერიის დაკვეთით კირიაკ ზავრიევის სამშენებლო მექანიკის, სეისმომედეგობისა და საინჟინრო ცენტრმა მოამზადა.

მერია პრობლემის მოგვარებით განსაკუთრებით მას შემდეგ დაინტერესდა, როცა 2015 წელს ავარიულ სახლში მაცხოვრებლებმა ბაგრატიონის ქუჩის გაგრძელების სამუშაოების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გამართეს და რამდენიმეჯერ საავტომობილო გზაც გადაკეტეს.

„სამუშაოებმა მნიშვნელოვნად დააზიანა საბჭოთა პერიოდში ისედაც უხარისხოდ აშენებული 5-სართულიანი კორპუსი. მანიშნებლებზე გაჩენილმა ბზარებმა, ასევე კონსტრუქციის რღვევამ კორპუსის ქვედა ნაწილში პრაქტიკულად დაგვანახა, რომ მძიმე სამუშაოებს და ინტენსიურ მოძრაობას 50 წელს გადაცილებული სახლი ვერ გაუძლებს. გზის მშენებლობა შევაჩერებინეთ, თორემ კიდევ უფრო დაზიანდებოდა სახლი“, – აცხადებდნენ აქ მცხოვრებლები მაშინ.

2015 წლის ივლისში მერიის ორგანიზაციამ – „ბათუმის კორპუსი“, ავარიული სახლის დეტალური გამოკვლევის საფუძველზე გამაგრება გაძლიერების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე ტენდერი გამოაცხადა. მოამზადეს პროექტი, რომლის მიხედვითაც სახლი უნდა გაემაგრებინათ – მერიამ გეგმაგრებითი სამუშაოებისთვის 400 000 ლარზე მეტი გაითვალისწინა.

პროექტი გულისხმობდა სახლის საძირკვლის გამაგრებას, საძირკვლის, რკინა-ბეტონისა და ფასადის გამაგრებას, საკანალიზაციო სისტემის დამონტაჟებას, სადარბაზოებში კიბის გაძლიერებასა და სხვა საჭირო ღონისძიებებს“.

მაიაკოვსკის #55

ამ პროექტთან დაკავშირებით მოსახლეობამ მერიას უნდობლობა გამოუცხადა. მათ მიაჩნდათ, რომ გამარჯვებული კომპანიის მიერ წარდგენილი გამაგრებითი სამუშაოების პროექტი ვერ უზრუნველყოფდა სრულყოფილ გამაგრებას და, შესაბამისად, შემოვლითი გზის დასრულების შემდგომ გზაზე ინტენსიური მოძრაობა კიდევ უფრო მეტ ზიანს მიაყენებდა შენობის კონსტრუქციას.

„საფრთხის ქვეშ არის ჩვენი უსაფრთხოება და სიცოცხლეც კი. პროექტის თანახმად, არ არის გათვალისწინებული კორპუსის ფასადის სრული გამაგრება: ჩვენგან გაუგებარი მიზეზების გამო, რეაბილიტაცია უნდა ჩაუტარდეს მხოლოდ ფასადის სამ მხარეს, წინა მხარეს კი დამატებითი კედლის აშენება არ იგეგმება, ანუ პრაქტიკულად რისკი რისკად დარჩება“ – აცხადებდა მაშინ მოსახლეობა.

ავარიულ სახლში მცხოვრებლების ინფორმაციით, ამ პროცესის შემდეგ ბათუმის ყოფილმა მერმა, გიორგი ერმაკოვმა პრობლემის მოსაგვარებლად ინვესტორი იპოვა, შედგა სამმხრივი მოლაპარაკება, რომლის მიხედვითაც შპს „რეალმშენს“ აქ მცხოვრებლებისთვის აბუსერიძის ქუჩაზე მშენებარე კორპუსში ბინები უნდა გადაეცა, სანაცვლოდ კი საკუთრებაში მიიღებდა ავარიულ კორპუსზე დამაგრებულ მიწის ნაკვეთს, სადაც მომავალში ორ კორპუსს ააშენებდა, მიიღებდა ასევე მშენებლობის ნებართვას გაზრდილი კოეფიციენტებით და სახლის გამაგრებისთვის გათვალისწინებულ თანხას – 430 585 ლარს.

სამმხრივი შეთანხმების გარდა გაფორმდა ინდივიდუალური ხელშეკრულებები ბინების მესაკუთრეებსა და ინვესტორს შორის.

კომპანიას ვალდებულება დღემდე არ შეუსრულებია.

ავარიულ სახლში მაცხოვრებლების თქმით, კარკასი აშენებულია, დასასრულებელია გადახურვის და მოპირკეთების სამუშაოები. გარდა ამისა, კომპანიას აქვს სასამართლო დავა ბათუმის მერიასთან, საკითხი კონკრეტული ნაკვეთის გასხვისებას ეხება – კომპანია მიიჩნევს, რომ ამ ნაკვეთის გასხვისებით მერიამ მის პროექტს ხელი შეუშალა.

კომპანიის წარმომადგენელმა მერიასა და ავარიულ სახლში მცხოვრებლებთან აღებული ვალდებულების დეტალებზე „ბათუმელებთან“ საუბარი არ ისურვა. კომპანიის წარმომადგენელი ორ კვირის განმავლობაში გვპირდებოდა, რომ გვიპასუხებდა, თუმცა უშედეგოდ.

მაიაკოვსკის №55

  • ბათუმის მერიის პოზიცია

16 თებერვალს გამართული აქციის შემდეგ, გვიან ღამით,  ბათუმის მერიამ ფეისბუქგვერდზე განმარტა, რომ 2016 წელს ჩატარებული სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, მაიაკოვსკის ქუჩის №55/24-ში მდებარე სახლი ექვემდებარებოდა გამაგრებას. შესაბამისად, კეთილმოწყობის სამმართველომ მოამზადა დეტალური პროექტი გამაგრებითი სამუშაოების წარმოებისთვის, კორპუსში მცხოვრებლები კი ამ პროცესის დაწყებას ეწინააღმდეგებოდნენ, ვინაიდან, მათი აზრით, პრობლემა გვარდებოდა დროებით და უმჯობესი იყო, მოეძებნათ ინვესტორი ახალი ბინების მშენებლობის მიზნით.

„2016 წელს ბათუმის მერიას მომართეს სახლის მცხოვრებლებმა და განაცხადეს, რომ მათ მიერ მოძიებული იქნა ინვესტორი – შპს „რეალმშენი“, რომელიც მაიაკოვსკის ქ. #55/24-ში მდებარე სახლის გამაგრებითი სამუშაოებისათვის გათვალისწინებული თანხის სანაცვლოდ ამავე კორპუსის მესაკუთრეებს გადასცემდა ბინებს სხვა ტერიტორიაზე აშენებულ ახალ კორპუსში და მოითხოვეს მათთვის გათვალისწინებული საკომპენსაციო თანხის ინვესტორისათვის გაცემა“ – აცხადებს ბათუმის მერია.

2016 წლის 1-ელ დეკემბერს საკრებულომ მიიღო განკარგულება [N69], რომლის მიხედვითაც მერიას დაევალა მაიაკოვსკის #55/24-ში მდებარე ავარიული სახლის დემონტაჟისა და ახალი სახლის მშენებლობის სანაცვლოდ, მოქალაქეთა საკომპენსაციო თანხებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მერიას, შპს „რეალმშენსა“ და მაიაკოვსკის ქ. #55/24-ში მცხოვრებ 33 მესაკუთრეს შორის სამმხრივი შეთანხმებების გაფორმება და 430 585  ლარის კომპენსაციის სახით გაცემა.

2016 წლის 26 დეკემბერს გაფორმდა სამმხრივი შეთანხმება, რომელსაც ხელს აწერდნენ მერია, მაია კოვსკის ქ. №55/24-ში მცხოვრები 33 ოჯახი და შპს „რეალმშენი“.

მერიის განმარტებით, ხელშეკრულების ხელმომწერი ყველა მხარე ადასტურებდა, რომ საკომპენსაციო თანხის გადარიცხვის შემდგომ მერიას არანაირი ვალდებულება აღარ ექნებოდა „შემკვეთის“ [33 მესაკუთრე] და „მენარდის“ – შპს ,,რეალმშენის“ მიმართ მაიაკოვსკის ქ. №55/24-ში მდებარე ავარიული სახლის დემონტაჟსა და ახალი სახლის მშენებლობასთან, მათ საყოფაცხოვრებო პირობებთან, აგრეთვე სხვა სახელშეკრულებო და არასახელშეკრულებო ვალდებულებებთან დაკავშირებით.
„შემკვეთი“ [33 მესაკუთრე] ადასტურებდა, რომ საკომპენსაციო თანხების მიღების შემდგომ რაიმე პრეტენზია არ ექნებოდა მერიის მიმართ იმ შემთხვევაშიც კი, თუ „მენარდე“ – შპს „რეალმშენი“ არ შეასრულებდა მის მიერ ნაკისრ ვალდებულებებს, რომელიც განსაზღვრული იყო ამ ხელშეკრულებით და ასევე მათსა და შპს „რეალმშენს“ შორის მომავალში გაფორმებული ხელშეკრულებებით, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
ამ ჩანაწერით მერია ირიდებს პასუხისმგებლობას მოქალაქეებთან, იმ შემთხვევაში, როცა კომპანიას ბიუჯეტიდან ნახევარ მილიონი ლარი გადაურიცხა, მან კი ვალდებულებები არ შეასრულა.
საინტერესოა, როგორ გაჩნდა ასეთი ჩანაწერი ხელშეკრულებაში, რომლის ერთ-ერთი ხელმომწერიც მერია იყო? – ავარიულ სახლებში მცხოვრებლების ინფორმაციით, ეს ხელშეკრულება მერიაში მოამზადეს, აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ მერიაში 2016 წლის შემდეგ იურისტები არ შეცვლილან. მერიის აპარატის უფროსი ნუკრი დეკანაძე კი მაშინ მერიის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა.
რატომ არ გაითვალისიწნა მერიამ ხელშეკრულებაში ბიუჯეტიდან ჩარიცხული თანხის ხარჯვის კონტროლის რაიმე მექანიზმი და რატომ დატოვა ეს საკითხი მხოლოდ მოქალაქეების იმედად?
ბათუმის ვიცე-მერს ლევან დავითაძეს ვკითხეთ, რამდენად მისაღებია მისთვის, როცა მერია ბიუჯეტიდან კომპანიას 500 000-მდე ლარს ურიცხავს და ხელშეკრულებაში წერს, რომ თუ ის ვალდებულებას ვერ შეასრულებს, პრეტენზია არ ექნება.
ამ კითხვებს ვიცე-მერმა პირდაპირ არ უპასუხა.
„ჩვენ ხომ ვართ სახელმწიფოში, სადაც კანონი და მისი უზენაესობაა. პატივი უნდა ვცეთ იმ ხელშეკრულებებს და საბიუჯეტო სახსრებს, რომელიც არის თითოეული ჩვენგანის გადასახადებიდან აკრეფილი. შესაბამისად, ჩვენ სამართლებრივად არანაირი უფლება არ გაგვაჩნია ეს ადამიანები შევიყვანოთ ე.წ. ავარიული სახლების პროგრამაში, რადგან მერიამ ერთხელ უკვე გაიღო თანხა და ეს ვალდებულება გადააბარა მშენებელზე და მობინადრეებს“, – თქვა ვიცე-მერმა.
ვიცე-მერის თქმით, შესაძლებელია მერია ისევ ჩაერთოს საკითხის მოგვარების პროცესში, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ხელშეკრულება ანულირდება და კომპანია მერიას ჩარიცხულ თანხას დაუბრუნებს.
„ასეთ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია ჩავრთოთ ეს ოჯახები ავარიული სახლის პროგრამაში. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ დღესვე შეგვიძლია ეს 45 ოჯახი გადავიყვანოთ ქირაში და ასევე მივცეთ მათ ახალი საცხოვრისი იგივე ლოკაციაზე, ან შევთავაზოთ საბინაო ფონდიდან… მერიას ჰქონდა გამოხატულება, რომ უსაფრთხო გარემო შეექმნა მათთვის, იზრუნა და ეს თანხა გამოყო, შემდეგ მათი თხოვნის საფუძველზე, გადაირიცხა კონკრეტული კომპანიის ანგარიშზე.
არსებობს შესაძლებლობა, თუმცა არ არის მერიის ვალდებულება, რომ ეს თანხა დაბრუნდეს უკან და მოხდეს ამ კორპუსის გამაგრება ისე, რომ ავარიულის სტატუსი მოიხსნას“, – ამბობს ბათუმის ვიცე-მერი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: