რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 5 თებერვალი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 5 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 243 840 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +770. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 642 ერთეული [+5]
  • ჯავშანტექნიკა – 23 996 ერთეული [+4]
  • საარტილერიო სისტემა – 36 975 ერთეული [+60]
  • MLRS – 1 636 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 293 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 435 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 347 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 125 094 ერთეული [+1 351]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 245 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 77 149 ერთეული [+200]
  • სპეცტექნიკა – 4 062 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 5 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 112 596 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 650 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 503 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 659 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 080 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 53 713 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

რუსეთმა მასშტაბური შეტევა განახორციელა უკრაინაში -20, -24 გრადუსი ყინვის ფონზე

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ქუთაისის საკრებულოს წევრის მამა ისტორიულ ციხეს ანგრევს და იქ კორპუსების ჩადგმას გეგმავს

ქუთაისის საკრებულოს წევრის, მაგდა კოსტავას მამის კომპანია, შპს „იბერია სტარ გრუპი“ ქალაქის ცენტრში, ტაბიძის ქუჩაზე, მე-19 საუკუნეში აგებული ისტორიული შენობის დანგრევას აპირებს და იმ ადგილას კორპუსების ჩადგმას გეგმავს.

მაგდა კოსტავა ქუთაისის საკრებულოში „ქართული ოცნებიდან“ მოხვდა.

ისტორიული ციხის დემონტაჟის ნებართვა ქუთაისის მერიამ უკვე გასცა.

ისტორიული ციხის ადგილას კორპუსების მშენებლობას ეწინააღმდეგება საზოგადოების ნაწილი.

მოქალაქეები ფიქრობენ, რომ ტაბიძის ქუჩაზე მდებარე საგუბერნიო ციხე ქუთაისის ისტორიის ნაწილია და მისი სწორად დატვირთვის შემთხვევაში, იქ შეიძლება მნიშვნელოვანი ტურისტული ატრაქცია გაკეთდეს. ეს ისტორიულ ქალაქს დამატებით შემოსავალს მოუტანს.

  • ვინ იყიდა საგუბერნიო ციხე და რის მოწყობას გეგმავს 

საგუბერნიო ციხე წლების განმავლობაში საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე იყო.

2019 წლის ნოემბერში ეკონომიკის სამინისტრომ აუქციონზე გამოიტანა ტაბიძის ქუჩა №39ა-ში მდებარე სამრეწველო/სასაწყობე ობიექტი (ფართობით – 9 196 კვ.მ). ქონების საწყისი ფასი – 3 490 000 ლარი იყო, ბიჯი 5000 ლარი, საგარანტიო თანხა კი 349 000 ლარი.

აუქციონის პირობების მიხედვით, საპრივატიზებო თანხა მყიდველს ელექტრონული აუქციონის დასრულებიდან 45  დღის  ვადაში უნდა გადაეხადა.

2019 წელს საგუბერნიო ციხე არ გაიყიდა, არცერთი ბიჯი არ დადებულა, ინტერესი არავის გამოუხატავს.

ორი წლის შემდეგ, 2021 წელს, ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფმა უწყებამ, სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, იგივე ქონება აუქციონზე განახევრებული ფასით, 1 მილიონ 745 000 ლარად და უპირობოდ გაიტანა.

ქონების სააგენტომ მოკლე აღწერილობაში ჩაწერა, რომ ობიექტის სამომავლო განვითარების პროფილი შეიძლება ყოფილიყო სასტუმრო კომპლექსი. ამ ჩანაწერს სარეკომენდაციო ხასიათი ჰქონდა.

საგუბენიო ციხე და მასთან დაკავშირებული ერთ ჰექტრამდე ფართობი „ქართული ოცნებიდან“ ქუთაისის საკრებულოს წევრის, მაგდა კოსტავას მამამ, დავით კოსტავამ 2021 წელს განმეორებით აუქციონზე განახევრებულ ფასად, 1 მილიონ 745 000 ლარად იყიდა.

ქუთაისის ისტორიულ უბანში მდებარე მიწის ნაკვეთის ფართობი 9 196 კვ. მეტრია, რაც იმას ნიშნავს, რომ დავით კოსტავამ 1 კვ. მეტრ ფართობში 190 ლარი გადაიხადა.

ელექტრონული ვაჭრობისას მას კონკურენტი არ ჰყოლია.

აუქციონს ერთადერთი პირობა ჰქონდა – მყიდველი ვალდებული იყო საპრივატიზებო თანხა ელექტრონული აუქციონის დასრულებიდან 30 კალენდარული დღეში გადაეხადა.

ამრიგად, ქუთაისის ცენტრში მდებარე ისტორიული ციხე 2021 წლის ივნისში კერძო მესაკუთრის, დავით კოსტავას საკუთრებაში გადავიდა.

2022 წლის თებერვალში საგუბენო ციხეს მეპატრონე შეეცვალა – ფიზიკური პირიდან იურიდიულზე გადავიდა.

საჯარო რეესტრს კომპანია „იბერია სტარ გრუპმა“ მიმართა და იურიდიული პირის საწესდებო კაპიტალში შეტანის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა.

„იბერია სტარ გრუპი“ დავით კოსტავას კომპანიაა. ის ამ კომპანიაში წილის 60 % ფლობს, ხოლო 40 % წილის მფლობელი ოთარ კოსტავაა, დავით კოსტავას შვილი. დავით კოსტავა „იბერია სტარ გრუპში“ მფლობელთან ერთად კომპანიის დირექტორის პოსტსაც იკავებს.

2024 წლის მარტში კომპანიამ აუქციონზე შეძენილი ქონება საქართველოს ბანკში იპოთეკით დატვირთა. 2025 წლის მაისში კი საქართველოს ბანკიდან იპოთეკა ლიბერთი ბანკში გადაიტანეს.

  • კორპუსები ისტორიული ციხის ნაცვლად

ის, რომ ისტორიული ციხის ადგილას საცხოვრებელი კორპუსების ჩადგმა იგეგმებოდა, მისი გაყიდვიდან მალევე გახდა ცნობილი.

საგუბერნიო ციხეს თითქმის ორი საუკუნის ისტორია კი აქვს, მაგრამ არ აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.

შესაბამისად, როცა ისტორიულ შენობას სახელმწიფო არ იცავს, მისი დანგრევა ადვილია.

2021 წელს საგუბერნიო ციხის მფლობელს, „იბერია სტარ გრუპს“ ქუთაისის მერიამ მშენებლობის ნებართვა დაუმტკიცა. დემონტაჟისა და ახალი მშენებლობის დაწყების ნებართვაში ქუთაისის არქიტექტურის, ურბანული დაგეგმარებისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოს უფროსმა რუსუდან ჩინჩალაძემ ბრძანებაში ჩაწერა, რომ პროცესს თავად გააკონტროლებდა: „ბრძანების შესრულების კონტროლს ვივალებ პირადად.“

მიუხედავად ამისა, კომპანიამ მშენებლობა ვერ დაიწყო.

„ბათუმელების“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, „იბერია სტარ გრუპმა“ სამშენებლო ნებართვა 2025 წლის ოქტომბერში განაახლა.

საგუბერნიო ციხის შენობა რომ ისტორიული ღირებულებისაა, ამის შესახებ წერია მშენებლობის ნებართვის მოსაპოვებლად წარდგენილ სამშენებლო დოკუმენტებშიც. მიუხედავად ამისა, მის შენარჩუნებაზე არავინ იფიქრა.

უფრო მეტიც, ქუთაისის მერიამ დასკვნა, რომ „ყოფილი ციხის ტერიტორია მისი ამჟამინდელი მდგომარეობით, წარმოადგენს დისკომფორტს მომიჯნავე მიწის ნაკვეთების მეპატრონეებისთვის და, ზოგადად, მიმდებარე არეალისთვის“.

გუბერსკის ციხე ქუთაისის ისტორიულ უბანში
  • სტალინის საკანი და მეფის რუსეთის დროინდელი ციხე

საგუბერნიო ციხე ქუთაისში, მდინარე რიონის პირას, თეთრი ხიდიდან რამდენიმე ასეული მეტრის დაშორებით, ქალაქის ისტორიულ ნაწილში მდებარეობს.

ქუთაისის საგუბერნიო საპყრობილე – ცნობილი, როგორც ე.წ. „გუბერსკის ციხის“, მე-19 საუკუნეშია აგებული.

ორსართულიანი, ძველი, ქალაქური სტილის შენობა ქუთაისში, ისტორიულ უბანში დგას – საინვესტიციოდ მიმზიდველ და სარფიან ადგილას.

უცნობია შენობის თავდაპირველი დანიშნულება, თუმცა ისტორიული წყაროებით დასტურება, რომ მე-19 საუკუნის ბოლოს შენობა უკვე გამოიყენებოდა, როგორც საგუბერნიო საპყრობილე.

საგუბერნიო ციხე ცნობილია იმით, რომ აქ 1903 წელს სასჯელს იხდიდა იოსებ ჯუღაშვილი, სტალინი.

ციხეში სტალინის საკანი მის დახურვამდე იყო შემორჩენილი.

საგუბერნიო ციხეში სასჯელს იხდიდნენ კატორღამისჯილებიც. ლეო ქიაჩელის რომანში „სისხლი“, მოთხრობილია ამბავი ციხიდან გაქცევის შესახებ. ქართულ ლიტერატურულ ნაწარმოებში აღწერილი ეს ეპიზოდი, სწორედ ქუთაისის ციხეში ხდება და მას საფუძვლად რეალური ამბები უდევს.

მეფის რუსეთის დროს ქუთაისის საგუბერნიო საპყრობილე სავსე იყო პოლიტიკური პატიმრებით, ხოლო 1920-21 წლებში იქ მოუყარეს თავი ე.წ. ბოლშევიკურ ელიტას.

საბჭოთა კავშირის დამყარების შემდეგ, ქუთაისის ციხეში სხვადასხვა დანაშაულისთვის გასამართლებული კრიმინალები იხდიდნენ სასჯელს.

ციხემ სრულად ფუნქციონირება 2005 წელს შეწყვიტა, მას შემდეგ, რაც სასჯელაღსრულების ახალი დაწესებულება გახსნეს ქუთაისში.

მისი პირვანდელი ფუნქციის შეწყვეტის შემდეგ ქუთაისის ციხის უფუნქციოდ დარჩენილი შენობა მხოლოდ ერთხელ, 2014 წელს გაიხსნა სახელოვნებო პროექტისთვის.

„გუბერსკი – ხელოვნება ჩაკეტილ სივრცეში“ – ასე ერქვა პროექტს, რომელიც მოიცავდა გამოფენებს, ინსტალაციებს, სხვადასხვა მუსიკალური ჟანრის კონცერტებს. სახელოვნებო პროექტში ქართველი, გერმანელი, ჰოლანდიელი, შვეიცარიელი, პოლონელი და იტალიელი ხელოვანები მონაწილეობდნენ.

გუბერსკის ციხის შიდა ეზო – დახურვის შემდეგ ციხის ტერიტორია მხოლოდ ერთხელ გაიხსნა სახელოვნებო პროექტისთვის
  • რას ითხოვს ქუთაისის საზოგადოების ნაწილი

ქუთაისელების უმრავლესობას საგუბერნიო ციხის არც გაყიდვა გაუპროტესტებიათ და არც მის დანგრევას აპროტესტებენ.

მოქალაქეთა ერთი ჯგუფი – სამოქალაქო აქტივისტები, ფოტოგრაფები, ტურიზმის სექტორში მომუშავეები, რომლებსაც ესმით შენობის ისტორიული სტატუსის მნიშვნელობა, მის გადასარჩენად იბრძვიან.

სამოქალაქო აქტივისტი, მასწავლებელი, „თავისუფლების მოედნის“ წევრი მიშიკო მუმლაძე ერთ-ერთია მათ შორის, ვინც „გუბერსკის ციხის“ გადასარჩენად იბრძვის. ის ქუთაისის მერიას მიმართავს, გამოისყიდოს ეკონომიკის სამინისტროს მიერ აუქციონზე გაყიდული შენობა და მის ამჟამინდელ მეპატრონეს ალტერნატიული ადგილი შესთავაზოს.

მიშიკო მუმლაძე ფიქრობს, რომ გუბერსკის ციხის კულტურულ-შემეცნებითი დატვირთვა ქუთაისს, როგორც ქალაქს, მუდმივ შემოსავალს გაუჩენს, ტურისტულ დატვირთავს გაუზრდის და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მაგალითად აქცევს.

„შეიძლება შეიქმნას ახალი ქუთაისის კონცეფცია ისე, რომ 3500-წლოვან ქალაქს რაღაც ისტორიული ნაწილი შერჩეს, როგორც ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობა და ტურისტებისთვის მიმზიდველი მიმართულება. ეს ქალაქი აეროპორტით ცოცხლობს, ტურისტულ ბიზნესზე ბევრი ოჯახია მიბმული და ბევრ სფეროში პირდაპირი უცხოური ფული შემოდის. მაგრამ ტურისტი აქ ძირითადად 2 დღე ჩერდება.

მე-19 საუკუნის საგუბერნიო ციხეში ტურისტისთვის საინტერესო ატრაქციების შექმნა ადვილია. აქ მე-20 საუკუნის დასაწყისში რევოლუციონერები იხდიდნენ სასჯელს, თუნდაც სტალინის საკნის შეფუთვა შეიძლება ტურისტულ პროდუქტად.

9 ათას კვ.მეტრზე მეტია ეს ტერიტორია. იქ მდგარი შენობები რომ მოწესრიგდეს, კერძო პირები იქირავებენ. მუზეუმი შეიძლება გაკეთდეს – ყველაფერი შეიძლება გახდეს დამატებითი შემოსავლის წყარო ქუთაისის ბიუჯეტში,“ – ამბობს მიშიკო მუმლაძე.

მაგრამ რა შანსი აქვს მოქალაქეების სურვილს და იდეას დაიცვას ისტორიული შენობა დიდი ფულის წინააღმდეგ?

ოფიციალური პასუხების მიხედვით, არავითარი.

ქუთაისის მერიას ვკითხეთ, გასცა თუ არა ტაბიძის ქ.#39ა-ს სამხრეთით მდებარე საგუბერნიო ციხის დემონტაჟის და მის ნაცვლად ახალი შენობის აშენების ნებართვა.

„ქუთაისში, ტაბიძის ქ. #39ა-ს სამხრეთით მდებარე, შპს „იბერია სტარ გრუპის“ კუთვნილ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაცემულია ორი ნებართვა: 2025 წლის 12 ივნისს გაიცა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ნებართვა (ვადა 84 თვე) და 2025 წლის 22 ოქტომბერს გაიცა  არსებული ამორტიზებული შენობის დემონტაჟის ორგანიზების ნებართვა – (ვადა 12 თვე),“ – მოგვწერეს ქუთაისის მერიიდან.

„ბათუმელებმა“ კითხვებით მიმართა „იბერია სტარ გრუპს“. გვინდოდა კომპანიის მფლობელის, დავით კოსტავასთვის გვეკითხა, ხომ არ აპირებს კომპანია შეცვალოს გადაწყვეტილება და არ დაანგრიოს ისტორიული ციხე.

„იბერია სტარ გრუპს“ 2 თებერვალს მივმართეთ. 4 თებერვალს, კომპანიიდან გვიპასუხეს, რომ „ბატონი დავითი კომენტარს, ზეგ, ანუ 6 თებერვალს გააკეთებს“.

კომენტარის მოპოვების შემთხვევაში „ბათუმელები“ ბიზნესმენის პასუხს მასალაში ასახავს.

  • ვინ არის დავით კოსტავა და რას აშენებს „იბერია სტარ გრუპი“

დავით კოსტავა ქუთაისელი ექიმი და ბიზნესმენია. მისი შვილი, მაგდა კოსტავა ქუთაისის საკრებულოს ორი მოწვევის წევრია „ქართული ოცნებიდან“.

სწორედ საკრებულოს იმ შემადგენლობამ, რომლის წევრიც მაგდა კოსტავა იყო 2021-2025 წლებში, დაამტკიცა „იბერია სტარ გრუპის“ პროექტის განაშენიანების დეტალური გეგმა „გუბერსკის ციხის“ დანგრევაზე.

დავით კოსტავა ფლობს კომპანიებს – შპს „ნიულანი“, შპს „იმერ-ტრანსი“, შპს „ქუთმოლი“, შპს „იბერია სტარ გრუპი“, შპს „დაკოსტა“ და შპს „იბერიის ვარსკვლავი“.

კომპანია „იბერია სტარ გრუპის“ [მას ეკუთვნის „გუბერსკის ციხე“] ძირითადი მიმართულება ბიზნეს ცენტრების, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების და სასტუმროების მშენებლობაა.

„იბერია სტარ გრუპის“ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, კომპანია 1990 წელს დაარსდა მოსკოვში, ქუთაისის ფილიალით და წლების განმავლობაში სხვადასხვა მიმართულებით საქმიანობდა.

კომპანია „იბერია სტარ გრუპის“ სახელით ბაზარზე 2016 წლიდან ოპერირებს.

  • როგორ ეხმარება სახელმწიფო ბიზნესმენ დავით კოსტავას 

საჯაროდ ხელმისაწვდომი დოკუმენტების თანახმად, 2024 წლის 17 სექტემბერს „ქართული ოცნების“ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ გამოსცა ბრძანება „შპს „იბერია სტარ გრუპის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე.

ამ განკარგულების მიხედვით, „იბერია სტარ გრუპს“  სახელმწიფოსთან ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადა 2027 წლის 13 ივნისამდე გადაუვადეს.

დოკუმენტების თანახმად, გუბერსკის ციხის გარდა, დავით კოსტავას 2021 წელს სხვა სახელმწიფო ქონებაც შეუძენია. თუმცა აღებული ვალდებულება ვერც იქ შეასრულა და პრემიერის განკარგულება გახდა საჭირო იმისათვის, რომ ბიზნესმენისთვის ვადა გაეზარდათ.

საუბარია ქუთაისში, ზ. ანჯაფარიძის ქუჩა N120-ში არსებული 6259.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ ნაგებობებზე.

დავით კოსტავამ ეს ქონება 2021 წლის ნოემბერში ელექტრონული აუქციონით იყიდა, კონკურენციის გარეშე ერთი ბიჯით – 659 500 ლარად და პირობით.

აუქციონის პირობის მიხედვით, დავით კოსტავას საპრივატიზებო თანხა ელექტრონული აუქციონის დასრულებიდან  45 კალენდარული დღეში უნდა გადაეხადა. გარდა ამისა, აიღო ვალდებულება პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 36 თვეში, საპრივატიზებო უძრავ ქონებაზე ან მის ნაწილზე არანაკლებ 200 მოსწავლის/სტუდენტის სწავლებაზე გათვლილი საგანმანათლებლო დაწესებულება გაეხსნა, იმავე ვადაში უნდა შესულიყო შენობა ექსპლუატაციაში და საგანმანათლებლო დაწესებულებას ფუნქციონირება დაეწყო.

დავით კოსტავამ და მისმა კომპანიამ ნაკისრი ვალდებულება ვერ შეასრულა.

როცა თანამდებობის პირი „ქურდული სამყაროს“ მიმდევართან ქეიფობს – რას აჩვენებს რესტორანში პოლიციელის ცემის საქმე

„ამ საქმეში ყველას გაუჩნდა შედარების ასოციაცია „მზია ამაღლობელის საქმესთან“: მზია ამაღლობელის სილა და დავით შარაშიძის მუშტები, ეს არის ერთმანეთთან შეუდარებელი ძალადობა და შედეგები, რაც ამ ორ ქმედებას მოჰყვა,“ – ადვოკატი ლია მუხაშავრია გვიყვება, რომ ჩოხატაურის საკრებულოს უკვე ყოფილი თავმჯდომარის დაპატიმრების ამბავი აქტიური მედიაგაშუქებისა და საზოგადოების რეაქციის შედეგია.

ლია მუხაშავრიას ოზურგეთის ერთ-ერთ რესტორანში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე ვესაუბრეთ:  ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით შარაშიძემ ორ პირთან ერთად პოლიციელს სცემა. პროკურატურა ამბობს, რომ დაპირისპირების საგანი „ქურდული სამყაროს პატივისცემა“ იყო.

„თუკი დავით შარაშიძე არ დაისჯება ისე, როგორც მას ეკადრება – კანონის მთელი სიმკაცრით, მაშინ ჩვენ, მთელ საზოგადოებას, შეგვექმნება კიდევ უფრო მყარი აზრი იმის თაობაზე, რომ პოლიტიკური ხელისუფლება არის სრულიად უსამართლო, უკანონო და ის მართლმსაჯულების სისტემას იყენებს, როგორც რეპრესიის მექანიზმს, გამორჩევით ასამართლებს ადამიანებს მათი პოლიტიკური შეხედულებების, საქმიანობის თუ სხვა ნიშნების მიხედვით,“ – ამბობს ლია მუხაშავრია „ბათუმელებთან“. ის სტრასბურგის სასამართლოს საქმეებზე საქართველოდან მუშაობს.

„ბათუმელებმა“ ადვოკატ ლია მუხაშავრიასთან ინტერვიუ ჩაწერა:

  • ქალბატონო ლია, დავით შარაშიძეს, რომელიც ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე იყო და გამოძიების ვერსიით, მან  პოლიციელს ჯგუფურად სცემა, დღეს სააპელაციო სასამართლომ გირაო პატიმრობით შეუცვალა. რა ჩანს ამ შემთხვევიდან? 

დიდი მადლობა მედიას. დღეს, როცა ეგრეთ წოდებული ხელისუფლება მეტისმეტად ცდილობს დააკნინოს მედიის როლი და გავლენა საზოგადოებაზე, აი, ეს ნათელი მაგალითია იმისა, რომ მედიის როლი უმნიშვნელოვანესია, ხანდახან გადამწყვეტიც კი, ძალიან მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესების ცხოვრებაში გასატარებლად. აი, ამ შემთხვევაში ნამდვილად მედიამ შექმნა ის საზოგადოებრივი აზრი და გამოხატა საზოგადოების აღშფოთება ამ ფაქტის გამო, რამაც აიძულა მართლმსაჯულება დამდგარიყო სიმართლეზე.

ამ საქმეში ყველას გაუჩნდა შედარების ასოციაცია „მზია ამაღლობელის საქმესთან“: მზია ამაღლობელის სილა და დავით შარაშიძის მუშტები. ეს არის ერთმანეთთან შეუდარებელი ძალადობა და შედეგები, რაც ამ ორ ქმედებას მოჰყვა. კარგია, რომ სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პროკურატურის მოთხოვნას და გამოიყენა საპატიმრო ღონისძიება.

თანამდებობის პირებსა და განსაკუთრებით პოლიტიკური თანამდებობის პირებს ავიწყდებათ, რომ ისინი უნდა იყვნენ უმაღლესი მორალური სტანდარტის დამამკვიდრებელი და სამაგალითო მოქალაქეები საზოგადოების თვალში და არა პირიქით. ბოლო დროს სულ ვხედავთ საპირისპირო მაგალითებსა და შემთხვევებს, რაც იწვევს საზოგადოების აღშფოთებას, რეაქციას უსამართლობაზე.

ეს არ უნდა დარჩეს უყურადღებოდ არც სასამართლოს, არც საკანონმდებლო ხელისუფლებას და არც ადგილობრივ ხელისუფლებას. მგონი, ეს იქნება კარგი ჭკუის სასწავლებელი სხვა რეგიონების პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის და, ზოგადად, პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის, როგორ უნდა იქცეოდნენ საჯარო სივრცეში და ანგარიშს უწევდნენ საზოგადოებრივ აზრს.

ლია მუხაშავრია
  • ამ შემთხვევაში TV პირველის მიერ მოპოვებული რესტორნის სათვალთვალო ვიდეოკადრებით ჩანს, როგორ ურტყამს დავით შარაშიძე – ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე პოლიციელს მუშტებს. ის ოზურგეთის სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა, როცა სილის გაწვნის გამო ციხეშია მზია ამაღლობელი და ის წინასწარ პატიმრობაშიც დატოვეს… 

ეს არის აღმაშფოთებელი ფაქტი. „მზია ამაღლობელის საქმე“ დარჩება უსამართლობის აღმაშფოთებელ ქეისად ამ ქვეყნის უახლეს ისტორიაში, როდესაც ქალის მხრიდან პოლიციელისთვის სილის გაწვნა ჩაითვალა მძიმე დანაშაულად, რის გამოც მიუსაჯეს ასეთი მძიმე სასჯელი.

„მზია ამაღლობელის საქმე“ ყველაზე შავი ლაქა იქნება უახლეს მართლმსაჯულების ისტორიაში.

ამ შემთხვევაში საბედნიეროდ ვიდეომასალა არსებობს, როგორი ძალადობრივი ქმედება ჩაიდინა თანამდებობის პირმა პოლიციელის მიმართ. თანაც, აქ გასათვალისწინებელია მოტივი: რის გამო დაიწყო ეს ძალადობა. ერთ შემთხვევაში იყო მზიას პროტესტი და შეიძლება უნებლიე ქმედებაც, შეიძლება აფექტურიც მის მიმართ შეურაცხყოფის გამო და მეორე შემთხვევაში მოტივი იყო ის, რომ პოლიციელმა გამოთქვა უკმაყოფილება თანამდებობის პირის მიერ ქურდულ სამყაროსთან კავშირების, თუ ქურდული სამყაროს მიმართ პატივისცემის გამოხატვის გამო.

  • ვიდეოჩანაწერის მიხედვით, ვიდრე პოლიციელს სამი კაცი ცემას დაუწყებდა, მათ შორის, დავით შარაშიძე, პოლიციელს ეკამათება ლუკა ჩხიკვაძე, რომელიც ე.წ. კანონიერი ქურდის, „კახა ჩოხატაურსკის“ შვილია. პროკურორმა ელგუჯა ადეიშვილმა ოზურგეთის სასამართლოში, სხდომაზე თქვა, რომ პოლიციელთან კონფლიქტის მიზეზი გახდა „კრიმინალური სამყაროს პატივისცემა“. 

დეტალური ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ პოლიციელი სავარაუდოდ აღშფოთდა – ბუნებრივია, უნდა აღშფოთებულიყო – როცა დაინახა, რომ „კანონიერი ქურდის“ შვილი ზის სუფრასთან მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირთან ერთად და ქეიფობს. ამ ნიადაგზე უკმაყოფილებას მოჰყვა ძალადობა პოლიციელზე.

ჩემი საადვოკატო პრაქტიკის მანძილზე ხშირად მომისმენია პოლიციელებისგან აღშფოთება, როდესაც ისინი აპატიმრებენ ადამიანს და სასამართლო მას ათავისუფლებს გირაოთი. სოციალურ კონტექსტში ეს ფენა [„ქურდული სამყარო“] მართლაც მიუღებელი უნდა იყოს და არის კიდეც.

რეგიონში მეტი პოლიტიკური თანამდებობა არაფერია – საკრებულოს თავმჯდომარეა და ის აშკარად ძალადობს პოლიციელზე. ამ დროს სასამართლოს რეაქცია მართლაც იყო აღმაშფოთებელი საზოგადოებისა და მედიისთვის. როგორც ჩანს, სააპელაციო სასამართლომ ანგარიში გაუწია საზოგადოებრივ აზრს.

  • სააპელაციო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებამდე ხომ არ გამოჩნდა ისე, რომ „ოცნების“ სისტემამ არჩია – დაეცვა თავისი რეგიონული ლიდერი და „ქურდული სამყარო“ და არა პოლიციელი, რომელიც „ოცნების“ რეჟიმის მთავარი საყრდენია? 

სრულიად შესაძლებელია, რომ ეს იყოს.

საკრებულოს თავმჯდომარე რეგიონში, ადგილზე წარმოადგენს ხელისუფლების უმაღლეს ორგანოს. მისი თანამდებობიდან ჩამოცილება ამ საპატიმრო ღონისძიებით იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და შეიძლება ამანაც დააფრთხო სასამართლო…  კარგია, რომ სააპელაციოში ეს შეცდომა, დარღვევა თუ უგუნურება გამოსწორდა.

  • დაზარალებულად ცნობილ, ნაცემ პოლიციელს შეუჩერეს სამსახურებრივი უფლებამოსილება და გამოძიების დასრულებამდე კადრების განკარგულებაში გადაიყვანეს. ეს რაზე მიუთითებს?  

გურიის მასშტაბით და საერთოდ, დასავლეთ საქართველოს მასშტაბით ეს არის უპრეცედენტო ამბავი და შესაძლოა, გადაწყვეტილება მისთვის უფლებამოსილების შეჩერების შესახებ გამოწვეული იყოს იმით, რომ მისი სამსახურში დაბრუნება შეიძლება გამოიწვევდა გარკვეულ დისონანსს საზოგადოებაში, ან თვით პოლიციის ორგანოებში. არ ვიცი. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს იყოს სამართლიანი გადაწყვეტილება.

  • გუშინ დავით შარაშიძემ ფეისბუქპოსტი დაწერა, ცხოვრებაში ყველაფერი ხდებაო, ჟურნალისტები გააკრიტიკა და ხაზი გაუსვა იმას, რომ გიორგი ჯინჭარაძე რესტორანში პოლიციელის მოვალეობას არ ასრულებდა. 

ფორმა არ ეცვაოა, ხომ? შეუძლებელია, არ სცოდნოდა, რომ ის პოლიციელი იყო. ეს ერთი, მეორეც: პოლიციელს ყველგან და ყოველთვის მისი პროფესიული მოვალეობა გააჩნია დ პოლიციელად რჩება მიუხედავად იმისა, სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებს უშუალოდ თუ არა. ამიტომაც, ეგ სრულიად უადგილო არგუმენტი იყო და დავით შარაშიძის ამ პოსტმაც გამოიწვია საზოგადოების შემდგომი აღშფოთება.

მიუღებელი იყო ასეთი განმარტება: თუ პოლიციელის მოვალეობას არ ასრულებს ადამიანი, ის შეიძლება გახდეს ძალადობის მსხვერპლი? ეს სამარცხვინო კომენტარი მის წინააღმდეგ ძალიან სერიოზულად ამუშავდა. ერთია, რომ ადამიანმა შეიძლება ჩაიდინოს უკანონო ქმედება, მაგრამ როცა ცდილობ ამის გამართლებას და საჯაროდ გამოდიხარ გამართლების დასაბუთებით, ეს უფრო აღმაშფოთებელია.

  • რას ნიშნავს მაღალი თანამდებობის პირების, ამ შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარეს კავშირი ე.წ. ქურდულ სამყაროსთან? 

გამოძიებამ ზუსტად უნდა დაადგინოს ეს მომენტი. დღეს იხილავდა სასამართლო ერთ-ერთი ე.წ. კანონიერი ქურდის დედისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხს: თითქოს დედა ეხმარებოდა მას ე.წ. ქურდული გარჩევის მოწყობაში.

ეს „ქურდული სამყაროს“ შესახებ კანონი, ანუ  სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლი თავის დროზე არის პოლიტიკური მოტივებით მიღებული. მართლაც კარგად არ არის განსაზღვრული არც კოდექსით და არც სასამართლო პრაქტიკით მისი გამოყენების ფარგლები. ეს ძალიან საშიშს ხდის ამ მუხლს.

ერთ შემთხვევაში შეიძლება დედა ჩაითვალოს დამნაშავედ ამ მუხლით, იმიტომ, რომ შვილთან ჰქონდა კომუნიკაცია. მეორე მხრივ, პოლიტიკური თანამდებობის პირი თუ ქურდის შვილთან ქეიფობს და მას „იცავს“ სავარაუდოდ პოლიციელის შენიშვნისგან, ეს არ ჩაითვალოს ქურდულ სამყაროსთან არაპირდაპირ კავშირად. ეს, რა თქმა უნდა, აღმაშფოთებელია.

ამ კუთხითაც საინტერესოა ამ საქმის გამოძიება. ჩვენ არ ვიცით მხარეებს შორის შელაპარაკების ზუსტი დეტალები და საუბრის შინაარსი, რომელიც მათ შორის მოხდა და რომელსაც მოჰყვა ეს დავა. მე ძალიან მაინტერესებს ეს საქმე, ვფიქრობ. ამიტომაც, მედიამ უნდა მოსთხოვოთ გამოძიებას, ანგარიში წარუდგინოს საზოგადოებას: რა დაადგინეს, როგორ დაადგინეს და რა ხდება კვალიფიკაციის თვალსაზრისით, ვიდრე სასამართლოში განიხილება საქმე. შემდეგ უკვე საჯარო პროცესზე ალბათ გვექნება შესაძლებლობა, დეტალურად გავიგოთ, როგორ წარიმართება საქმე.

  • თქვენი დაკვირვებით ე.წ. ქურდულ სამყაროს აქტიურად იყენებს „ოცნების“ არალეგიტიმური ხელისუფლება? 

ბოლო დროს მასობრივად აპატიმრებენ ადამიანებს „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით. მეჩვენება, რომ ხელისუფლება ცდილობს საზოგადოება დაარწმუნოს, რომ არ არის „ქურდულ სამყაროსთან“ გარიგებებში, რაღაც უკანონო შეთანხმებებში. ეს ტენდენცია სწორედ იმითაა გამოწვეული, რომ საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი დარწმუნებულია, რომ პოლიტიკური მიზნებით იყენებენ ე.წ. ქურდული სამყაროს წევრებს.

ვინც ხელისუფლებასთან არ თანამშრომლობს, მათ ამ ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსვლა არ შეუძლიათ დაპატიმრების შიშით – ისინი გადახვეწილი არიან სამშობლოდან. ვინც ქვეყნის ტერიტორიაზე რჩება, უნდა ვივარაუდოთ, რომ მათ აქვთ იმუნიტეტი, თორემ ასეთი მკვეთრი გაყოფა სხვანაირად ვერ აიხსნება. მე გარკვეული პროფესიული პრაქტიკა მქონდა ამ კატეგორიის საქმეებთან დაკავშირებით და კარგად მესმის ეს საკითხი.

  • ახსენეთ „ქურდული სამყაროს“ წევრების „პოლიტიკური მიზნებით“ გამოყენება. რას გულისხმობთ კონკრეტულად? 

არჩევნების პროცესში ეს ადამიანები ძალიან აქტიურდებიან და იწყებენ ამომრჩევლებზე ზეგავლენას სხვადასხვა ფორმით. იქ, სადაც მათი ავტორიტეტი ჭრის, იყენებენ ავტორიტეტს. იქ, სადაც მათ ავტორიტეტი არ აქვთ, თესავენ შიშს და ტერორს. ეს ცნობილი ამბავია. ამაზე ადეკვატური რეაქცია და მათი უკანონო ქმედების მიმართ სახელმწიფოს რეაქცია ჩვენ არ გვინახავს. ამიტომაც, შეიქმნა საკმაოდ მყარი აზრი, რომ ეგრეთ წოდებული ქურდული სამყაროს ნაწილი პირდაპირ დაკავშირებულია ხელისუფლებასთან, მასთან თანამშრომლობს.

ამ სოციუმის ჩამოყალიბება დაკავშირებულია საბჭოთა ხელისუფლებასთან, რომელიც ამ ჯგუფს იყენებდა საზოგადოების კონტროლისთვის, ერთი მხრივ, პენიტენციური სისტემის შიგნით, ხოლო თუ ვინმე გარეთ იყო – გარეთ. ეს მავნე, საბჭოთა და ძალიან მანკიერი ტრადიცია პოლიტიკურ სფეროში გადაიზარდა და ვხედავთ, რომ ის ისევ მოქმედებს.

მე მინდა მადლობა ვუთხრა მედიის ყველა წარმომადგენელს, რომელმაც ამ საქმის [ოზურგეთში, რესტორანში პოლიციელის ცემა] გაშუქებაში მიიღო მონაწილეობა. მინდა გთხოვოთ თქვენ, მედიას, გააგრძელოთ ამ საქმის საჯაროობაზე მუშაობა და მოსთხოვოთ საგამოძიებო ორგანოებს და სამართალდამცავ უწყებებს ინფორმაცია გასაჯაროონ გამოძიების მიმდინარეობის და საქმის წარმოების დეტალების ჩათვლით.

საზოგადოების პროგრესული, დიდი ნაწილი თვლის, რომ მზია ამაღლობელი არის რეჟიმის ტყვე და ამ შემთხვევაში, თუკი დავით შარაშიძე არ დაისჯება ისე, როგორც მას ეკადრება – კანონის მთელი სიმკაცრით, მაშინ ჩვენ, მთელ საზოგადოებას, შეგვექმნება კიდევ უფრო მყარი აზრი იმის თაობაზე, რომ პოლიტიკური ხელისუფლება არის სრულიად უსამართლო, უკანონო და ის მართლმსაჯულების სისტემას იყენებს, როგორც რეპრესიის მექანიზმს, გამორჩევით ასამართლებს ადამიანებს მათი პოლიტიკური შეხედულებების, საქმიანობის თუ სხვა ნიშნების მიხედვით.

თსუ-ს სენატი ტექნიკურ უნივერსიტეტთან გაერთიანების წინააღმდეგია

დღეს, 4 თებერვალს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სენატმა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე იმსჯელა, რომელიც ითვალისწინებს თსუ-სა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანებას.

როგორც სენატის ერთ-ერთი წევრი თეა ქარჩავა „ბათუმელებთან“ ამბობს, სენატმა მიიღო ოფიციალური განცხადება, რომლითაც უარყოფითად შეაფასა გადაწყვეტილება ორი უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ და მოითხოვა ამ გადაწყვეტილების აღსრულების პროცესის შეწყვეტა.

მომხრე – ყველა, მოწინააღმდეგე – 0, თავი შეიკავა – 0.

„თსუ-ს სენატმა მკაფიოდ თქვა, რომ ის არ ეთანხმება უხეშად თავსმოხვეულ ე.წ. რეფორმას და არ იღებს მას,“ – უთხრა თეა ქარჩავამ “ბათუმელებს”.

“ქართული ოცნების“ განათლების მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ გუშინ, 3 თებერვალს განაცხადა, რომ გადაწყვეტილება თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტების რეორგანიზაციის შესახებ უკვე მიღებულია.

მისი თქმით, პოლიტიკური გადაწყვეტილებება არ გადაიხედება, რადგან „გადაწყვეტილება უკვე მიღებულია რეორგანიზაციასთან დაკავშირებით“.

თსუ-ში კი აცხადებენ, რომ ისინი გააგრძელებენ ბრძოლას ორი უნივერსიტეტის გაერთიანების გადაწყვეტილების წინააღმდეგ.

_____________________

ამ თემაზე:

„რეფორმა“ ანუ ტოტალური კონტროლი უმაღლეს განათლებაზე

„ოცნება აპირებს მოქალაქეები ფიქრების გამო დასაჯოს“ – ინტერვიუ

„ქართული ოცნების” პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე ამბობს, რომ „თუ პარლამენტი თანახმა იქნება”, გრატების შესახებ კანონპროექტში დაამატებს დებულებას, რომ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროთ იმ პირებს ან პარტიებს, ვინც „საჯაროდ მოუწოდებენ სხვებს, რომ არ ცნონ კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმაცია“.

ამ ინიციატივას „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეც გამოეხმაურა დღეს, 4 თებერვალს და განაცხადა, რომ „მნიშვნელოვანი და დროული ინიციატივაა“.

„ყველამ უნდა სცეს პატივი იმ წესრიგს, რომელიც არის ჩამოყალიბებული“, – თქვა კობახიძემ.

მიაღწევს „ოცნება“ ლეგიტიმაციას ამ გზით და რა შედეგები შეიძლება მოიტანოს მორიგმა რეპრესიებმა? – ამ თემაზე „ბათუმელები“ პოლიტოლოგ მიხეილ სარჯველაძეს ესაუბრა.

  • ბატონო მიხეილ, ფაქტობრივად ახალი რეპრესიები დააანონსა „ქართულმა ოცნებამ“, ამბობს, რომ სისხლის სამართლის წესით უნდა დასაჯოს ყველა, ვინც არ აღიარებს „ოცნების“ ხელისუფლებას და მათ არალეგიტიმურს უწოდებს. რამდენად შესაძლებელია აიძულო ადამიანს აღიაროს ის, რის გამოც აქვს პროტესტი?

იურისტი არ ვარ, თუმცა, როგორც ვიცი, სისხლის სამართალში არსებობს ასეთი ფორმულირება, რომელსაც ნებისმიერი იურისტი სწავლობს პირველივე სემესტრში და ალბათ ბატონი გორდულაძეც ისწავლიდა, რომ თუ დანაშაული არ არსებობს, არ არსებობს სასჯელიც.

რის გამო უნდა დასაჯონ ადამიანები – ფიქრების და პოზიციის დაფიქსირების გამო? მაშინ, როცა ეს ადამიანები, მოქალაქეები, ვინც აპროტესტებენ „ქართული ოცნების“ მთავრობას, ამბობენ, რომ მოხდა არჩევნების მანიპულაცია. შესაბამისად, დაირღვა ჩვენი დემოკრატიული უფლებები და ამ მთავრობას ლეგიტიმურად არ აღვიქვამთ.

ეს არის ადამიანის, ნებისმიერი მოქალაქის სრული უფლება, თუკი ის ფიქრობს, რომ მისი უფლებები დაირღვა. პირიქით, „ქართული ოცნების“ ავტოკრატული პოლიტიკის გაპროტესტებით დემონსტრანტები იცავენ საქართველოს კონსტიტუციას. არჩევნების მანიპულაცია და აზრის თავისუფლად გამოხატვის უფლების შეზღუდვა არის დანაშაული.

მიხეილ სარჯველაძე
  • „ქართული ოცნება“ არალეგიტიმური ხელისუფლებაა – ეს არის მოქალაქის შეფასება და ამ შეფასების გამო უნდათ, რომ დასაჯონ?

რა თქმა უნდა. არ შეიძლება ადამიანი მისი ფიქრების და სამოქალაქო პოზიციების გამო დასაჯო, როცა ის რეალურად დანაშაულს არ ჩადის. ეს არის იურიდიული ნონსენსი და სრული აბსურდი, როცა ადამიანს დანაშაული არ ჩაუდენია და ამის გამო შეიძლება დასაჯოს სახელმწიფომ.

პარლამენტში გორდულაძის ამ აზრის გამოთქმის დროს, როგორც მახსოვს, მაჭავარიანმა მოიყვანა გერმანიის „რაიხსბიურგერების“ (ანუ, ქართულად რომ ვთარგმნოთ, ეს არის „იმპერიის მოქალაქეების“) პოლიტიკური მოძრაობა, რომ თითქოს გერმანიის მთავრობამ ეს მოძრაობა აკრძალა და რატომ არ შეიძლება, რომ „ქართულმა ოცნებამაც“ იგივე გააკეთოსო.

  • მანიპულაციურია ეს მაგალითი?

დიახ, სრული მანიპულაციაა, რადგან საქართველოში იმ ადამიანებისგან განსხვავებით, რომლებიც „ქართული ოცნების“ პოლიტიკას აპროტესტებენ, ეს მოძრაობა, ზოგადად, გერმანიის როგორც დემოკრატიული სახელმწიფოს არსებობას არ აღიარებს. ეს მოძრაობა ამბობს, რომ გერმანიის იმპერია აგრძელებს არსებობას და გერმანია, როგორც დემოკრატიული სახელმწიფო, არ არსებობს. ეს არის ყველაზე დიდი განსხვავება.

გარდა ამისა, გერმანიაში ამ მოძრაობის წევრები უარს ამბობენ, მაგალითად, გადასახადების გადახდაზე და როგორც უკვე ვთქვი, უარყოფენ გერმანიის როგორც სახელმწიფოს არსებობის იდეას. ამიტომ არის ამ მაგალითის მოყვანა მანიპულაციაა „ქართული ოცნების“ მიერ, რადგან ძალიან დიდი განსხვავებაა ამ ჯგუფსა და საქართველოში არსებულ პროტესტს შორის.

საქართველოში მოქალაქეები არ აღიარებენ კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ლეგიტიმაციას, რომელიც არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და სახელმწიფო აქვს მიტაცებული, გერმანიაში კი ეს ჯგუფი, ზოგადად გერმანიის დემოკრატიული სახელმწიფოს არსებობას უარყოფს. უარყოფენ კონსტიტუციას და უარყოფენ, მათ შორის, ჰოლოკოსტის არსებობას.

  • პროტესტში მყოფი საქართველოს მოქალაქეები მოუწოდებენ „ოცნებას“, რომ დაიცვან კონსტიტუცია და ქართული სახელმწიფოს ინტერესები. რეალურად ამ ფაქტის ანტიპოდი მოიყვანეს მაგალითად?

ზუსტად. საქართველოში ხალხი იცავს კონსტიტუციას „ქართული ოცნებისგან“, რომელიც არღვევს და ძირს უთხრის მას – ილაშქრებს კონსტიტუციაში გაწერილი მიზნების წინააღმდეგ, როგორიცაა, მაგალითად, საგარეო პოლიტიკური მიზნები, ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაცია.

ძირს უთხრიან დემოკრატიას ქვეყანაში, ფუნდამენტურ უფლებას ართმევენ ხალხს – ტროტუარზე დგომის გამო აპატიმრებენ ადამიანებს. შესაბამისად, „ქართულ ოცნებას“ ხელს ვერაფერი შეუშლის, რომ მსგავსი იურიდიული ნონსენსის ფარგლებში მიიღოს დრაკონული კანონები იმის გამო, რომ ქვეყანაში დათესოს შიში და თავიდან მოიშოროს ის ადამიანები, რომლებიც ჯერ კიდევ იცავენ დემოკრატიას.

თუ „ქართული ოცნების“ ლოგიკას მივყვებით, მაშინ ის ფაქტი, რომ, ვთქვათ, ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერები 90-იანი წლების დასაწყისიდან არ აღიარებენ არცერთ მთავრობას, რომელიც ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის შემდეგ იყო ქვეყნის სათავეში, „ოცნების“ ლოგიკის მიხედვით, მაშინ ეს ადამიანებიც უნდა დაიჭირონ, რადგან არც ისინი აღიარებენ არცერთი შემდგომი მთავრობის ლეგიტიმურობას.

ეს მაგალითიც კარგად აჩვენებს იმას, რომ რეალურად „ოცნების“ განცხადებები ემსახურება ერთადერთ მიზანს – ამ დრაკონული კანონების მეშვეობით მოაშთოს, დაახრჩოს საქართველოში თავისუფალი აზრი და გააქროს ის ადამიანები, რომლებიც ჯერ კიდევ ცდილობენ არ დაკარგონ თავისუფლება.

  • ეს ინიციატივა რას აჩვენებს – „ქართულ ოცნებას“ ძალიან აწუხებს ის ფაქტი, რომ მათ არ აღიარებს საქართველოს მოსახლეობა?

ეს მათთვის მტკივნეულია არა მორალური, არამედ პოლიტიკური თვალსაზრისით.

„ქართული ოცნების“ მიზანია საბოლოოდ და გრძელვადიან პერსპექტივაში დაამყაროს ავტოკრატიული მმართველობა, რომელსაც ნებისმიერი სხვა სახელმწიფო თუ ორგანიზაცია აღიქვამს როგორც ერთადერთ რეალობას. შესაბამისად, მათ მიზნებშია ის, რომ აღარ იარსებოს საქართველოში საპროტესტო მოძრაობამ, აღარ იარსებოს თავისუფალმა აზრმა, რომ ამის შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ ნებისმიერ ორგანიზაციას თუ სახელმწიფოს უთხრას – „მხოლოდ ჩვენ ვართ, არ არსებობს არავითარი წინააღმდეგობა და სხვა გზა აღარ გაქვთ, გარდა იმისა, რომ ჩვენ გვაღიაროთ“.

  • ტერორით მიღებული „აღიარება“ იქნება კი იმის გარანტია, რომ მაგალითად ევროკავშირის ქვეყნები ან აშშ დაელაპარაკება მათ, როგორც ლეგიტიმურ ხელისუფლებას?

მსგავსი ნაბიჯები ემსახურება იმ მიზანს, რომ ერთი მხრივ ქვეყანაში აღარ იყოს შიდა ოპოზიცია, აღარ არსებობდეს შანსი იმისა, რომ გაღვივდეს საპროტესტო მუხტი და მეორე მიზანი არის ის, რომ სწორედ საერთაშორისო თანამეგობრობამ გააგრძელოს მათთან, როგორც სახელმწიფოსთან ერთადერთ, უალტერნატივო წარმომადგენელთან ურთიერთობა. „ქართულ ოცნებას“ უკვე ჰყავს საკუთარი ფსევდო-ოპოზიციური ჯგუფები, რომელთა მეშვებით აპირებს კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეების თუ პოლიტიკური ძალებს ჩანაცვლებას.

თუმცა, მსგავსი ანტიდემოკრატიული ქმედებების საფუძველზე „ქართული ოცნების“ საერთაშორისო იზოლაცია დემოკრატიულ სამყაროში უფრო გაიზრდება და გაძლიერდება. თუმცა, ეს ხელს არ შეუშლის საქართველოს ურთიერთობებს, ვთქვათ, ავტორიტარულ ალიანსებთან – პირიქით. სწორედ ამიტომ არის ავტოკრატიის წინააღმდეგ პროტესტი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საქართველოში დემოკრატიის და, ზოგადად, საქართველოს, როგორც სუვერენული სახელმწიფოს გადასარჩენად.

„ოცნების“ ხელისუფლება ამოვარდნილია დღის წესრიგიდან, მათ შორის სამხრეთ კავკასიაში თუ შავი ზღვის რეგიონში სწორედ მისი არათანმიმდევრული, ავტოკრატიული და შეთქმულების თეორიებზე დამყარებული საგარეო პოლიტიკის წყალობით.

  • დღეს შალვა პაპუაშვილმა ასევე განაცხადა, რომ „ბრიუსელისგან ჩვენ უკვე აღარაფერს აღარ ველოდებითო“. ეს რას ნიშნავს, რას ელოდნენ აქამდე, თუ დარწმუნდნენ იმაში, რომ ევროკავშირთან ურთიერთობის ყველა გზა მოჭრილია? 

„ქართულ ოცნებას“ დიდი ხანია გადაწყვეტილი აქვს, რომ მოახდინოს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების საბოტაჟი. მან გაყინა ევროინტეგრაცია. თუმცა, „ქართული ოცნებისთვის“ ეკონომიკური თვალსაზრისით მაინც მნიშვნელოვანია, რომ შეინარჩუნოს ურთიერთობები ევროკავშირთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან.

სწორედ ამიტომ მათ არ სურთ, რომ პროცესები პარტიის სრული იზოლაციით დასრულდეს. მაგრამ როცა საქმე ეხება პოლიტიკურ ურთიერთობებს და ინტეგრაციას ევროკავშირთან, „ქართული ოცნება“ ყოველთვის საპირისპირო მიმართულებით წავა, რადგან დემოკრატია ძალაუფლების დანაწილებას და ბალანსს გულისხმობს და არა უზურპაციას.

პროპაგანდის ფარგლებში, საქართველოს მოსახლეობის გასაგონად ამბობს ამას ბატონი პაპუაშვილი, რადგან ევროკავშირისთვის დიდი ხანია ცხადია, რომ „ოცნების“ მიზანს დემოკრატიული მმართველობის გაძლიერება არ წარმოადგენს. პირიქით „ქართული ოცნება“ ცდილობს, რომ საქართველოს მოსახლეობამ ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერება ევროკავშირს დააბრალოს. სწორედ ეს არის „ოცნების“ პროპაგანდის მიზანი.

  • როგორც თქვენ თქვით, „ქართული ოცნება“ გადადის იმ ეტაპზე, როცა ადამიანების დასჯას აპირებს ფიქრების გამო. რამდენად მიღწევადია ეს?

ეს იქნება სწორედ სამოქალაქო პოზიციის გამოხატვის და ფიქრების გამო დასჯა პირდაპირი მნიშვნელობით. რაც ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევაა, რა თქმა უნდა. ამ ყველაფრისგან ჩვენ შორს არ ვართ. პირიქით, კიდევ უფრო ვუახლოვდებით იმ ზღვარს, როცა ძალაუფლების სათავეში მყოფი ჯგუფი მაქსიმალურად გააკონტროლებს საკუთარ მოქალაქეებს და შეეცდება, რომ თავისუფალმა აზრმა აღარ იარსებოს ქვეყანაში – არც მედიამ, არც არასამთავრობო სექტორმა და რაც მთავარია, უბრალო მოქალაქეებმა, რომლებიც საკუთარ სახელმწიფოს იცავენ კონკრეტული პარტიის მიერ სახელმწიფოს მიტაცებისგან.

თუ ზოგადი სურათის აღქმა გვსურს, უნდა დავაკვირდეთ ავტორიტარულ ალიანსებს, რომლებიც დემოკრატიულ მმართველობას საფრთხედ აღიქვამენ. „ქართული ოცნების“ პოლიტიკა შემთხვევით არ მოდის თანხვედრაში კრემლის პოლიტიკასთან.

გერმანიაში არსებობს პრორუსული პოზიციების მქონე, ევროსკეპტიკური პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“, რომელიც ბოლო ხანებში გერმანიის მთავრობისგან დაჟინებით ითხოვს გაამხილოს იმ არასამთავრობო ორგანიზაციების სახელწოდებები, რომლებთანაც გერმანიის მთავრობა საქართველოში თანამშრომლობს.

გერმანიის მთავრობა აღნიშნულ პარტიას არ აწვდის ამ ორგანიზაციების დასახელებებს, რადგან თვლის, რომ მათ შესაძლოა საფრთხე შეექმნათ.

ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რატომ ცდილობს „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მსგავსი ინფორმაციის მიღებას იმ ფონის გათვალისწინებით, რომ სწორედ აღნიშნულმა პარტიამ დაუჭირა მხარი „ქართულ ოცნებას“- რეზოლუციებით ბუნდესტაგში, თუ ევროპარლამენტში.

„ალტერნატივა გერმანიისთვის“, კრემლთან მჭიდრო კონტაქტების ფონზე, მსგავსი ნაბიჯებით საქართველოში, იმ ორგანიზაციების და ადამიანების გაქრობას ემსახურება, რომლებიც ჯერ კიდევ დგანან დემოკრატიის სადარაჯოზე.

ეს ერთ-ერთი მაგალითია, თუმცა მსგავსი ინსტრუმენტების გამოყენება ნებისმიერ ავტორიტარულ რეჟიმს ახასიათებს. მათ შორის, ისეთი აბსურდული კანონების მიღებაც, რომლებიც სწორედ თავისუფალი მოქალაქის გაჩუმებას, შეშინებას ემსახურება და სწორედ ამას ვხედავთ საქართველოში.

________________

ფოტოზე: საპროტესტო აქცია თბილისში. ფოტო: „ნეტგაზეთი“

რა წერია მზია ამაღლობელის საქმეზე Human Rights Watch-ის ახალ ანგარიშში

„სასამართლომ მზია ამაღლობელს – ცნობილ ჟურნალისტს, დამოუკიდებელი გაზეთის, „ბათუმელების“,  ონლაინგამოცემა „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯა „სახელმწიფო მოხელის წინააღმდეგობის, მუქარის ან ძალადობის“ პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებით. საერთაშორისო ორგანიზაციებმა და დიპლომატიურმა მისიებმა დაგმეს გამამტყუნებელი განაჩენი, როგორც „პოლიტიზებული და არაპროპორციული“, – აღნიშნულია Human Rights Watch-ის ახალ ანგარიშში „მსოფლიოს ანგარიში 2026“.

HRW-ის ახალ ანგარიშში მზია ამაღლობელის საქმე მოხვდა გამოხატვისა და მედიის თავისუფლების კუთხით საქართველოში შეცვლილი ვითარების ნაწილში. ანგარიში 2026 წლის 3 თებერვალს გამოქვეყნდა.

მზია ამაღლობელი გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და თანადირექტორია. ის უკვე 1 წელზე მეტია რჩება უკანონო პატიმრობაში.

2025 წლის 16 დეკემბერს პატიმრობაში მყოფ ჟურნალისტსა და მედიამენეჯერს, მზია ამაღლობელს, სტრასბურგში, ევროპარლამენტში, ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდო, სახაროვის პრემია გადასცეს.

მზია ამაღლობელის საჩივრის განხილვა უკვე დაიწყო სტრასბურგის სასამართლომ.

კიდევ რა წერიაHuman Rights Watch-ის ახალ ანგარიშში საქართველოში მედიისა და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით?

„კიდევ ერთმა საკანონმდებლო ცვლილებებმა შეზღუდა მედიის მდგომარეობა: ცვლილებებით მტკიცების ტვირთი გადადის ბრალდებულზე, ამოღებულია პრეზუმფცია სიტყვის თავისუფლების სასარგებლოდ, გაუქმებულია წყაროს დაცვა, შეზღუდულია საზოგადოებრივი ინტერესების გამონაკლისები და იზრდება ცილისწამებისთვის პასუხისმგებლობა. ბრალდებულებს, მათ შორის, ჟურნალისტებს, მოეთხოვებათ თავიანთი განცხადებების სიმართლის დამტკიცება და არა – მოსარჩელეებს.

2025 წლის აპრილში პარლამენტმა მიიღო ცვლილებები „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში, რომლითაც აიკრძალა მაუწყებლობისთვის უცხოური დაფინანსება და ნატურით დახმარება და გაფართოვდა კომუნიკაციების კომისიის, მმართველი პარტიის მიერ დანიშნული ორგანოს, უფლებამოსილება, რათა დაარეგულიროს მაუწყებლების კონტენტი.

2025 წლის ივნისში მმართველმა პარტიამ კომუნიკაციების კომისიაში შეიტანა საჩივარი ორი ძირითადი ოპოზიციურად განწყობილი არხის: „ფორმულას“ და „TV პირველის“ წინააღმდეგ – სხვა საკითხებთან ერთად, მთავრობის ლეგიტიმურობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენების გამო მათ რეპორტაჟებში. საჩივარი ეჭვქვეშ აყენებს ისეთი ტერმინების გამოყენებას, როგორიცაა „არალეგიტიმური მთავრობა“, „რეჟიმი“ და „სახელმწიფოს ხელში ჩაგდება“.

კომისიას აქვს სანქციების დაკისრების უფლებამოსილება, დაწყებული გაფრთხილებითა და მაკორექტირებელი ქმედებებით, დამთავრებული მაუწყებლობის ლიცენზიის შეჩერებით ან გაუქმებით,“ – ვკითხულობთ HRW-ის ახალ ანგარიშში.

ანგარიშში საუბარია სხვადასხვა უფლების დაცვის კუთხით დამძიმებული მდგომარეობის შესახებ, მათ შორის, პოლიტიკური ლიდერების პატიმრობის შესახებ:

„საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა 2025 წელს, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო ფართომასშტაბიანი კანონები, რომლებიც მიზნად ისახავდა აქტიური სამოქალაქო საზოგადოების განადგურებას და კრიტიკული მედიის გაჩუმებას.

ხელისუფლება ასევე გადაჭარბებულად ჩაერია ძირითადად მშვიდობიან საპროტესტო აქციებში. ეს ზომები ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ ადამიანის უფლებების დაცვის ვალდებულებებს გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებების, ასევე თანასწორობისა და დისკრიმინაციის აკრძალვის შესახებ.

2025 წლის მარტში მიღებული ახალი კანონმდებლობა „უცხოელი აგენტების“ შესახებ მოითხოვს, რომ ორგანიზაციები და ფიზიკური პირები დარეგისტრირდნენ სახელმწიფო რეესტრში და აკისრებს მძიმე ანგარიშგების ვალდებულებებს სისხლისსამართლებრივი დევნის საფრთხის ქვეშ. სხვა რეპრესიული ცვლილებები მოითხოვს მთავრობის თანხმობას ყველა უცხოური გრანტისთვის და კიდევ უფრო ზღუდავს მშვიდობიან საპროტესტო აქციებს, დამოუკიდებელ მედიას და სიტყვის თავისუფლებას,“ – აღნიშნულია HRW-ის ანგარიშში.

ამ თემაზე:

საქართველოში ხელისუფლებისგან განსხვავებული აზრის ქონა სულ უფრო საშიში ხდება — HRW

7,7 მილიონი ბათუმისა და ქობულეთის პლაჟების დროებით შესანარჩუნებლად – დაუცველი სანაპირო

ბათუმისა და ქობულეთის პლაჟების შესანარჩუნებლად 2026 წელს აჭარისა და საქართველოს ბიუჯეტებიდან ჯამში 7,7 მილიონი ლარია გამოყოფილი.

თანხა პლაჟების ხელოვნურ კვებას მოხმარდება – სანაპიროზე საერთო ჯამში 250 ათასი კუბური მეტრი ხრეში უნდა შეიტანონ. აქედან 140 ათასი კუბური მეტრი ქობულეთის პლაჟზე, 110 ათასი კი – ბათუმის პლაჟზე.

სპეციალისტები უკვე წლებია აფრთხილებენ ხელისუფლებას, რომ მხოლოდ ხრეშის პერიოდული შეტანა პრობლემის დროებითი მოგვარებაა და არა გადაწყვეტა. მათი შეფასებით, თუ ბათუმისა და ქობულეთის სანაპიროებისთვის ზღვისგან დაცვის ახალი, გრძელვადიანი სტრატეგია არ შემუშავდა, სანაპირო ზოლის ნგრევა გაგრძელდება. მეტიც, მაგალითად, ბათუმის სანაპიროს რეალური კატასტროფაც კი ემუქრება.

მიუხედავად ამ გაფრთხილებებისა, „ბათუმელების“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით ირკვევა, რომ „ზღვისგან დაცვის ახალ სტრატეგიაზე“ ამ ეტაპზე არავინ მუშაობს.

შედეგად, მილიონობით ლარი კვლავ დროებით ღონისძიებებზე იხარჯება, სანაპირო ზოლის სისტემური დაცვა და ზღვის აგრესიული პროცესების მართვა კი ისევ უყურადღებოდ რჩება.

5,2 მილიონი ქობულეთის სანაპიროს დასაცავად

ქობულეთში პლაჟის ნაპირდაცვითი/ნაპირაღდგენის სამუშაოებზე ტენდერი საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 5 267 457 ლარია. წინადადებების მიღება 2026 წლის 18 მარტს დაიწყება და ხუთ დღეში – 23 მარტს დამთავრდება.

„ქალაქ ქობულეთში ზღვის ძლიერი შტორმული ზემოქმედების შედეგად მნიშვნელოვნად შემცირდა პლაჟის სიგანე და სიმაღლე. აღნიშნულიდან გამომდინარე, პროექტის შესაბამისად განსაზღვრულია 3 უბანზე რეცხვადი ბუნას [ერთგვარი ხელოვნური დამბის] მოწყობა კარიერიდან მოზიდული ხრეშოვანი გრუნტით – ჯამური მოცულობით 140 305 კუბური მეტრი“ – აღნიშნულია პროექტში.

სატენდერო და საპროექტო დოკუმენტებში არ არის მითითებული თუ რომელი კარიერებიდან ამოიღებენ ხრეშს. ასევე არ არის მითითებული რა ადგილიდან შეიტანენ მას პლაჟზე.

„სანაპიროზე ინერტული მასალის შეტანის ლოკაცია უნდა შეთანხმდეს ქობულეთის მერიასთან“ – წერია პროექტში.

სამუშაოებისთვის გათვლილია 4 თვე. ამასთან, ტენდერის პირობაში აღნიშნულია, რომ „მიმწოდებელს არ აქვს უფლება სამუშაოები დაიწყოს შემსყიდველის წერილობითი დავალების მიღებამდე. შემსყიდველი კი წერილობითი დავალებას გასცემს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 3 თვის ვადაში“.

პროექტში ხაზგასმულია, რომ ქობულეთის სანაპიროზე 140,3 ათასი კუბური მეტრი ხრეშის შეტანა პლაჟის აღსადგენად არ იქნება ეფექტური, თუ ხრეშის პერიოდულად შეტანა მომავალშიც არ გაგრძელდება:

„ვინაიდან წყალქვეშა ფერდი უკვე დაზიანებულია, წინამდებარე პროექტით განსაზღვრული პლაჟის აღდგენის ღონისძიებები არ იქნება ეფექტური, თუ პერიოდულად არ მოხდება სანაპირო ზოლის მდგრადობისათვის აუცილებელი რაოდენობის პლაჟწარმომქნელი მასალის ხელოვნურად შეტანა. შესატანი მასალის რაოდენობა უნდა განისაზღვროს პერიოდული მონიტორინგის საფუძველზე“,

ქობულეთის პლაჟზე ხრეშს სამ უბანზე შეიტანენ: პირველ უბანზე – 78 300 კუბურ მეტრს, მეორე უბანზე – 19 525 კუბურ მეტრს, ხოლო მესამე უბანზე – 42 480 კუბურ მეტრს, რითაც მოაწყობენ სამ რეცხვად ბუნას.

ტენდერში აღნიშნულია, რომ ქალაქ ქობულეთში პლაჟის ნაპირდაცვითი/ნაპირაღდგენითი სამუშაოების პროექტი დამუშავდა გზების დეპარტამენტსა და შპს „კავკას როუდს“ შორის დადებული ხელშეკრულების შესაბამისად. კომპანიას ჩაუტარებია შესაბამისი საძიებო-კვლევითი სამუშაოებიც.

რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი პროექტიდან:

  • მდინარე ნატანების შესართავსა და ციხისძირის კონცხს შორის მდებარე სტრუქტურული ბლოკი უარყოფითი ტექტონიკური მოძრაობებით ხასიათდება. ამ მონაკვეთში სანაპირო ზონა ყოველწლიურად დაახლოებით 1-2 მმ-ით იძირება. ანალოგიური პროცესები ფიქსირდება ბათუმი-ჭოროხის სტრუქტურულ ბლოკშიც.

განმეორებითი გეოდეზიური გაზომვების მიხედვით, ჭოროხი-ბათუმის სტრუქტურული ბლოკის ზღვისპირა ნაწილი წელიწადში საშუალოდ 0,8-1,3 მმ-ით იძირება.

  • ციხისძირის სტრუქტურული ბლოკი, განსხვავებით ზემოაღნიშნული მონაკვეთებისა, აზევებით ხასიათდება. მისი ზღვისპირა ზოლი წელიწადში დაახლოებით 1-2 მმ-ით იმაღლებს. მსგავსი აზევების ტემპი დამახასიათებელია სარფი-კალენდერის სტრუქტურული ბლოკისა და მასთან მიმდებარე სანაპირო ზონისთვის. აღნიშნული ბლოკების აზევება მათი ზღვისპირა კიდეების გასწვრივ ხელს უწყობს აბრაზიული, ანუ ნგრევადი ტიპის ნაპირების ჩამოყალიბებას…
  • მაღალი ინტენსივობის ღელვები ძირითადად შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ფიქსირდება, ხოლო შედარებით დაბალი ინტენსივობის ღელვები – გაზაფხულის ბოლოსა და ზაფხულის პირველ ნახევარში.
  • 40-წლიანი დაკვირვების პერიოდში ყველაზე აქტიური შტორმული პროცესები დაფიქსირდა 1997-2007 წლებში, როდესაც აღირიცხა ძლიერი შტორმების 236 შემთხვევა. განსაკუთრებით გამორჩეული იყო 2007 წელი, როდესაც დაფიქსირდა 52 ძლიერი შტორმი, მათ შორის 34 – ხუთბალიანი და 15 – ექვსბალიანი. 2007 წლის ნოემბრიდან 2008 წლის თებერვლამდე პერიოდში აღირიცხა ორი 6 ბალიანი და სამი 7 ბალიანი შტორმი…
  • 2025 წელს საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე დაფიქსირდა 8 ბალიანი შტორმი, რაც ენერგეტიკული თვალსაზრისით ანომალიურ მოვლენად უნდა ჩაითვალოს წინა წლების დაკვირვებების ფონზე. აღწერილი პროცესები, სავარაუდოდ, უკავშირდება კლიმატის გლობალურ ცვლილებებს და წარმოადგენს დამატებით ნეგატიურ ფაქტორს შავი ზღვის სანაპირო ზონის მდგრადობისთვის.
ქობულეთის პლაჟი / ფოტოები პროექტიდან

2,4 მილიონი ლარი ბათუმის სანაპიროს დასაცავად

ბათუმის სანაპიროს პრობლემებს რაც შეეხება, „ბათუმელები“ წლებია წერს და ყველა სპეციალისტი უმთავრეს პრობლემად ზღვაში ნატანის დეფიციტს ასახელებდა:

  • ბათუმის პლაჟები საუკუნეების განმავლობაში შენარჩუნებული იყო მდინარე ჭოროხის მიერ ზღვაში ჩატანილი ნატანით. გასულ საუკუნეში მდინარის კალაპოტის შეცვლამ ნატანის რაოდენობა შეამცირა – დელტაში თავმოყრილი ნატანის ძირითადი მასა ზღვაში არსებულ ღრმა კანიონში იკარგებოდა;
  • თავის დროზე მდინარე ჭოროხზე კაშხლების მშენებლობამ თურქეთში, მინიმუმამდე დაიყვანა ნატანის რაოდენობა;
  • ამას დაერთო ჰესების მშენებლობა მდინარე აჭარისწყალზე და ჭოროხზე საქართველოში; ასევე ჭოროხის დელტაში თავმოყრილი ინერტული მასალების მშენებლობებზე გამოყენება; შესაბამისად, ზღვას პლაჟების შენარჩუნებისთვის საჭირო მასალა აღარ დარჩა
  • შეწყდა ხელოვნური კვებაც, რამაც გამოიწვია კატასტროფული ეროზიული პროცესები აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიიდან ბულვარის მიმართულებით, რაც დღესაც გრძელდება.
  • ხელოვნური კვებით შენარჩუნებულ პლაჟს [რეცხვად ბერმას] შტორმის დროს ზღვა პერიოდულად რეცხავს. წარეცხილი ნატანი მასალა [ქვიშა-ხრეში] კი ბათუმის კონცხთან ზღვაში იკარგება.

ბათუმის პლაჟის ხელოვნური კვების სამუშაოებზე ამჯერად ტენდერი, 2 472 349 ლარით, აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს აქვს გამოცხადებული.

ტენდერის ფარგლებში, 2026 წელს, 110 ათასი კუბური მეტრი პლაჟწარმომქმნელი მასალის/ხრეშის შეტანა პლაჟზე ორ ადგილზეა დაგეგმილი: აეროპორტის ასაფრენი ბილიკის მოპირდაპირედ – აქ შესატანია 40 ათასი კუბური მეტრი ხრეში, ხოლო მეორე ადგილია ახალი ბულვარის გასწვრივ – ზღვისგან დანგრეული პირსის მიმდებარედ – აქ შეიტანენ 70 ათას კუბურ მეტრ ხრეშს.

ამ თემაზე ვრცლად: ბათუმში ხელოვნური პლაჟის მოსაწყობად 2,4 მილიონი ლარი დაიხარჯება

აღნიშნული ტენდერი 2026 წლის 4 თებერვლის მდგომარეობით შერჩევა-შეფასების ეტაპზეა. სატენდერო კომისიამ ტექნიკური დოკუმენტაციის გამო დისკვალიფიკაცია მისცა ორ პრეტენდენტს [შპს „იქსენერჯი გრუპ“ – შეთავაზება 1 456 000 ლარი და შპს „ენ-დი როუდი“ – შეთავაზება 1 656 240 ლარი].

მესამე პრეტენდენტია შპს „ელიტ ბილდერს გრუპი“, რომელიც სამუშაოების შესრულებას აჭარის გარემოს სამმართველოს 1 854 250 ლარად სთავაზობს.

„ეთხოვოს შპს „ელიტ ბილდერს გრუპს“ არაუმეტეს სამი სამუშაო დღის განმავლობაში წარმოადგინოს – ინფორმაცია პრეტენდენტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ…“ – აღნიშნულია სატენდერო კომისიის 3 თებერვლის ოქმში.

„ზღვისგან დაცვის ახალი სტრატეგია“ – რომელზეც არავინ მუშაობს

აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს დაკვეთით 2022 წელს მომზადდა „ქალაქ ბათუმში შავი ზღვის სანაპირო ზოლის ქალაქ ბათუმის გამწმენდი ნაგებობის მოპირდაპირედ, ასევე, აეროპორტის ასაფრენი ბილიკის და ე.წ. ახალი ბულვარის მიმდებარე მონაკვეთზე პლაჟის ხელოვნური კვების სამუშაოების (პლაჟის გასამაგრებელი სამუშაოების) პროექტი“, რომელიც სამმართველომ 2022 წლის 10 მაისს ჩაიბარა.

აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით:

„სანაპიროს მკვებავ მდინარეებში აღარ არსებობს პლაჟების მკვებავი მასალა, ვინაიდან მათი პირდაპირი დანიშნულების მაგივრად მდინარის ნატანს იყენებენ სხვადასხვა სამშენებლო მიზნებით [შემოვლითი გზების და უბრალოდ გზების მშენებლობა, მაღლივი კორპუსების მშენებლობა უშუალოდ ზღვასთან და ხშირ შემთხვევაში იქ, სადაც პლაჟი და ზვინული უნდა იყოს].

აქედან გამომდინარე, ახლო მომავალში, აუცილებლად უნდა შემუშავდეს სანაპიროს ექსპლოატაციის და ზღვისგან დაცვის ახალი სტრატეგია. წინააღმდეგ შემთხვევაში კატასტროფული მოვლენები გარდუვალია, ვინაიდან ამოწურულია ზღვის სანაპიროს ბუნებრივი დინამიკის აღდგენის ყველა შესაძლებლობა“. 

„ბათუმელებმა“ 2025 წლის 30 დეკემბერს კიდევ ერთხელ მიმართა წერილობით აჭარის მთავრობას, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს, აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოსა და ბათუმის მერიას იდენტური კითხვებით:

  • მიმდინარეობს თუ არა მუშაობა „სანაპიროს ექსპლუატაციის და ზღვისგან დაცვის ახალ სტრატეგიაზე“?
  • შექმნილია თუ არა ამ კუთხით სამუშაო ჯგუფი? კომისია? როდის შეიქმნა?
  • რომელი უწყებები, სამსახურები თუ სპეციალისტები არიან ჩართული? [მოგვწერეთ დეტალურად];
  • ბათუმის სანაპირო ზოლის დაცვის კუთხით ნებისმიერი ბრძანების/გადაწყვეტილების/ან სხვა დოკუმენტის ასლი, რომელიც მიღებულია 2022 წლის მაისიდან დღემდე პერიოდში.
  • ბათუმის სანაპირო ზოლის დაცვის კუთხით რა გეგმა/პროექტი არსებობს [პლაჟის ხელოვნური კვების გარდა]? მოგვაწოდეთ ამ გეგმის/პროექტის ასლი ელექტრონულად.

ჩვენი წერილი 2026 წლის 8 იანვარს აჭარის მთავრობის აპარატიდან აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში გადააგზავნეს „განსახილველად“, ხოლო ბათუმის მერიისგან ჩვენს წერილზე დღემდე არავის უპასუხია.

აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოდან კი, 2026 წლის 27 იანვარს, მიმდინარე ტენდერთან [ასევე ზღვის ხელოვნურ კვებასთან] დაკავშირებული ინფორმაცია მოგვაწოდეს. „ახალ სტრატეგიაზე“ სამმართველოს პასუხში აღნიშნულია:

„რაც შეეხება „სანაპიროს ექსპლუატაციის და ზღვისგან დაცვის ახალ სტრატეგიას“, სამმართველო საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მზადყოფნას გამოთქვამს, საჭიროების შემთხვევაში, წარადგინოს თავისი მოსაზრებები“. 

_______________________________________

მთავარი ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან.

ამ თემაზე „ბათუმელების“ არქივიდან:

ნაპირდაცვა თუ ბათუმის სანაპიროს ეკოლოგიური დასახიჩრება – რა შემთხვევაში ემუქრება წარეცხვა ძველ ბულვარს

 

36 შტატი უქმდება, განყოფილებები ერთიანდება – რა ხდება ბათუმის მერიაში

ბათუმის მერია, გამოცხადებული რეორგანიზაცია-რესტრუქტურიზაციის ფარგლებში,  განყოფილებებს მათი ფუნქციების შესაბამისად აერთიანებს, რიგ სამსახურებს კი აუქმებს და ახალს ქმნის.

მერიის ინფორმაციით, რეორგანიზაციის შედეგად არსებული 170 საშტატო ერთეული 134- მდე უნდა შემცირდეს. ეს ნიშნავს, რომ 36 შტატი გაუქმდება.

ვინ დაკარგავს სამსახურს და ხომ არ არიან მათ შორის ის პირები, რომლებიც EU-თან მოლაპარაკების პროცესის შეჩერებას სპეციალური განცხადებით გაემიჯნენ? – ამაზე კითხვა საკრებულოს სხდომაზე  „ლელოს“ წარმომადგენელმა, ვაჟა დარჩიამ დასვა, თუმცა დაზუსტებული პასუხი ვერ მიიღო. მას უთხრეს, რომ ვინ წავა და ვინ დარჩება, ჯერ არავინ იცის.

ახალი სტრუქტურის პროექტის მიხედვით ერთიანდება ორი, სამართლებრივი უზრუნველყოფის და სასამართლოსთან ურთიერთობის – ადმინისტრაციული დავების განყოფილება.

არქივის განყოფილება, საჯარო ინფორმაციის გაცემა და მასთან დაკავშირებული უფლება-მოვალეობები გადაეცემა იურიდიულ განყოფილებას, ხოლო ნომენკლატურის შემუშავების, საარქივო წარმოების და მასთან დაკავშირებული საქმიანობა გადაეცემა საქმისწარმოების განყოფილებას.

მერიის ინფორმაციით, მეორადი სტრუქტურული ერთეულები, ანუ განყოფილებები, რეორგანიზაციის შედეგად 21-მდე მცირდება.

ბათუმის მერიის უკვე დამტკიცებული ცვლილების შესაბამისად, მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახურს სახელწოდება შეუცვალეს და მუნიციპალური ქონების მართვის სამსახური უწოდეს, მუნიციპალური პოლიტიკის სამსახურს კი საერთოდ აუქმებენ.

იქმნება ეკონომიკური განვითარებისა და მუნიციპალური ორგანიზაციების მართვის სამსახური.

მერიაში განმარტეს, რომ „დაკისრებული ფუნქციებისა და უფლება-მოვალეობის ერთი და იმავე პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე“ ერთიანდება სამართლებრივი უზრუნველყოფისა და სასამართლოსთან ურთიერთობის – ადმინისტრაციული დავების განყოფილება.

მატერიალური და ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილებისთვის დაკისრებულ ფუნქციებს კი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები შეასრულებენ.

მოქალაქეთა საკითხების განყოფილება გაერთიანდება მედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებასთან და მასვე გადაეცემა მუნიციპალური პოლიტიკის სამსახურის, საერთაშორისო ურთიერთობის და პროტოკოლის განყოფილების ფუნქციები. განყოფილების სახელწოდება  საზოგადოებასთან ურთიერთობისა და პროტოკოლის განყოფილება იქნება.

მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის კულტურის განყოფილება ერთიანდება განათლებისა და ახალგაზრდობის განყოფილებასთან, შესაბამისად ერთიანდება მათი უფლება-მოვალეობები.

შიდა აუდიტის სამსახურის შიდა აუდიტის განყოფილება ერთიანდება რეკომენდაციების მონიტორინგის განყოფილებასთან.

მოქმედი დებულებით შიდა აუდიტის განყოფილება ახორციელებს აუდიტორულ შემოწმებას და გასცემს რეკომენდაციას, ხოლო რეკომენდაციების მონიტორინგის განყოფილება გაცემულ რეკომენდაციებს უწევს მონიტორინგს. მერიაში მიიჩნევენ, რომ  ამ განყოფილებათა გაერთიანების შედეგად მოხდება უფლებამოსილებათა და შესასრულებელ ამოცანათა ოპტიმიზაცია, რაც საბოლოოდ გააუმჯობესებს სამსახურის უფლება -მოვალეობების უკეთ შესრულებას.

უქმდება მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და მუნიციპალური ორგანიზაციების მართვის სამსახური, სამაგიეროდ ქმნიან ახალ სამსახურს:

მერიის განმარტებით, ახალი სამსახურის შექმნა, ფუნქციათა და უფლება-მოვალეობათა ახლებურად ჩამოყალიბება უპირველესად გულისხმობს მუნიციპალიტეტის ეკონომიკური პოტენციალის იდენტიფიცირებას და საინვესტიციო აქტივობების მხარდაჭერას, ეკონომიკური პროფილის გაძლიერებას და დივერსიფიცირებას, აგრეთვე ინვესტიციებისა და საგრანტო რესურსების მოზიდვის ხელშეწყობას.

მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურის ეკონომიკური საქმიანობის ნებართვების განყოფილების უფლებამოსილებები ნაწილდება მუნიციპალური ქონების განკარგვის განყოფილებასა და სახელშეკრულებო მონიტორინგის განყოფილებაზე.

პროექტების დამტკიცებიდან ერთ თვეში  სამსახურის შესაძლო დატოვების შესახებ თანამშრომლები უკვე გააფრთხილეს.  შესაბამისი განკარგულების პროექტები ბათუმის საკრებულომ 30 იანვარს დაამტკიცა.

მოქმედი საშტატო ნუსხის და დებულების მიხედვით, ბათუმის მერს ჰყავს ვიცე-მერი და ორი მოადგილე, მოქმედებს 8 პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც აერთიანებს ადმინისტრაციას და სამსახურებს, სამსახურები აერთიანებს ასევე განყოფილებებს.

 

ბორჯღალოსნები 2026 წელს რაგბი ევროპის ჩემპიონატით იწყებენ ერთად გავიმარჯვებთ – მთავარია გჯეროდეს

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ახალი წელს ახალი მთავარი მწვრთნელითა და რაგბი ევროპის ჩემპიონატით იწყებს. ბორჯღალოსნები ტიტულის მეთვრამეტედ დაცვასა და რაგბი ევროპის ზედიზედ მერვედ მოგებას შეეცდებიან.

პიერ-ანრი ბრონკანმა და მარკო ბორტოლამიმ, რომელიც ბრონკანის არყოფნაში ბორჯღალოსნებს რაგბი ევროპაზე გაიყვანს, გაფართოებულ შემადგენლობაში 34 მორაგბეს და მათ შორის, 9 დებიუტანტს უხმეს. ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე ნაკრებს ვერ დაეხმარება „ლა როშელის“ ქართველი ვარსკვლავი – დავით ნინიაშვილი.

8 თებერვალს, ბორჯღალოსნები ივერდონში, შვეიცარიას დაუპირისპირდებიან; 15 თებერვალს, ამსტერდამში ნიდერლანდებს შეხვდებიან და ჯგუფურ ეტაპს 21 თებერვალს, თბილისში, ესპანეთთან მატჩით დაასრულებენ.

რაგბი ევროპის ნახევარფინალები 7-8 მარტს, ხოლო ფინალები 15 მარტს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატი ყველაზე მეტჯერ – 17-ჯერ საქართველოს აქვს მოგებული და აქედან ბოლო 8 – ზედიზედ.

თიბისი 2015 წლიდან რაგბის ერთგული მხარდამჭერია. ქართული სპორტის განვითარების ხელშეწყობა ჩვენი უცვლელი პრიორიტეტია. ათწლიანი პარტნიორობის ისტორია ბევრ გამარჯვებას, მნიშვნელოვან წარმატებასა და უამრავ დაუვიწყარ ისტორიას აერთიანებს.

თიბისისთვის მნიშვნელოვანია რაგბის ღირებულებები. ქართული რაგბი ერთ, მთავარ იდეაზე დგას – გჯეროდეს მაშინაც კი, როცა მიზნის მიღწევა შეუძლებლად გეჩვენება. სწორედ, ამ სიჯიუტითა და მიზანსწრაფულობით დავიმკვიდრეთ რაგბის მსოფლიო რუკაზე ჩვენი ადგილი.

საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული პარტნიორობით, თიბისი მხარს უჭერს ადამიანებს, ვისაც სირთულეები არ აბრკოლებს და ვინც მიზნისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ, დაუღალავად მიდის. ვინც იცის, რომ ნამდვილი გამარჯვება რწმენით იწყება.

ერთად გავიმარჯვებთ – მთავარია გჯეროდეს.

რუსეთიდან საქართველოში მკვლელობაში ბრალდებულის ექსტრადაცია განხორციელდა

რუსეთიდან საქართველოში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირის გ.პ.-ს ექსტრადაცია განხორციელდა. ბრალდებულს თბილისში განზრახ მკვლელობის ჩადენას ედავებიან დამამძიმებელ გარემოებებში.

გამოძიების ვერსიით, 2025 წლის 18 თებერვალს თბილისში, ბეჟან კალანდაძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში ბრალდებულმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დაზარალებულს და იძალადა, რის შედეგადაც დაზარალებულმა სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიიღო და შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

ბრალდებული და დანაშაულის ადგილზე მყოფი სხვა პირები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

„დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულის მიმართ საერთაშორისო ძებნის მიზნით სამართლებრივი პროცედურები მისი მიმალვიდან მალევე დაიწყო და ინტერპოლის წითელი ცირკულარის საფუძველზე 2025 წლის 4 მარტიდან იძებნებოდა. საქართველოს გენერალური პროკურატურის ინტენსიური საერთაშორისო ძალისხმევის შედეგად, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი გ.პ.-ს რუსეთიდან საქართველოში ექსტრადიცია 2026 წლის 2 თებერვალს განხორციელდა.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ საქმეზე, განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე სამართალდამცველებმა სამი პირი მალევე დააკავეს, ხოლო ერთ-ერთმა მიმალვა მოახერხა. სასამართლომ ოთხივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად ორ პირს 4 წლით და 3 თვით, ერთ პირს 5 წლით, ხოლო მიმალვაში მყოფ პირს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. მის მიმართ მიმდინარეობს საერთაშორისო ძებნა,“ – აღნიშნულია პროკურატურის მიერ დღეს, 4 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში.

ექსტრადირებულ პირს პროკურატურა სსკ-ის 109-ე მუხლის „მ“ ქვეპუნქტით ედავება, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებებში.

ბრალის დადასრურების შემთხვევაში ბრალდებულს 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ელის.

 

 

ბათუმში დააკავეს წითელი ცირკულარით ძებნილი პირი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს. მას თავისუფლების იძულებით აღკვეთას, მუქარას და თაღლითობას ედავებიან.

წითელი ცირკულარით ძებნილი პირი პოლიციელებმა დღეს, 4 თებერვალს დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით დაკავებული თურქეთის მოქალაქეა. დაწყებულია საექსტრადაციო პროცედურები.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 4 თებერვალი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 4 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 243 070 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +780. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 637 ერთეული [+4]
  • ჯავშანტექნიკა – 23 992 ერთეული [+7]
  • საარტილერიო სისტემა – 36 915 ერთეული [+60]
  • MLRS – 1 634 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 293 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 435 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 347 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 123 743 ერთეული [+1 355]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 245 ერთეული [+40]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 76 949 ერთეული [+211]
  • სპეცტექნიკა – 4 062 ერთეული [+4]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 4 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 112 215 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 649 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 484 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 658 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 050 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 53 641 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

რუსეთმა მასშტაბური შეტევა განახორციელა უკრაინაში -20, -24 გრადუსი ყინვის ფონზე

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ქობულეთის საკრებულომ კ2 კოეფიციენტის გადასახადი დააწესა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გადამეტების მაკომპენსირებელი ღონისძიება განსაზღვრა.

ეს იმას ნიშნავს, რომ თუ მშენებელი კომპანია ზონაში დადგენილი პარამეტრების შეცვლას მოითხოვს, მაგალითად, სამშენებლო პროექტის სიმაღლის გაზრდას ან ფუნქციურ ზონაში დადგენილი სახეობის ცვლილებას, კომპანიას მოუწევს თანხის გადახდა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში. თანხის ოდენობას კოეფიციენტის გაზრდით მიღებული ფართობის ღირებულების მიხედვით გამოთვლიან.

მაკომპენსირებელ მოსაკრებლის დაწესების ინიციატივით ქობულეთის საკრებულოს მიმართა მერიამ. საკრებულომ საკითხს მხარი დაუჭირა.

დამტკიცებული დებულების მიხედვით, განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის, კ2-ის გადამეტების შემთხვევაში, საკრებულომ მაკომპენსირებელ ღონისძიებად განსაზღვრა მუნიციპალიტეტისთვის საცხოვრებელი ბინების ე.წ. „თეთრი კარკასის“ მდგომარეობაში არსებული ფართობის ოდენობის შესაბამისი თვითღირებულების გადახდა.

ამ შემთხვევაში საცხოვრებელი ბინების ფართობი განისაზღვრება განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის [კ2] ნამატი საანგარიშო ფართობის 2%-ით. საკომპენსაციო ღირებულება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში მშენებლობის ნებართ­ვის აღებამდეა გადასახდელი.

გადასაცემი ფართობის თვითღირებულება უნდა განისაზღვროს იმ აუდიტორული ფირმის დასკვნის საფუძველზე, რომელსაც კანონმდებლობის შესაბამისად მინიჭებული აქვს აუდიტის უფლებამოსილება ან „სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე.

მაკომპენსირებელი ღონისძიებები, ასევე გამოიყენება მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფუნქციის საგამონაკლისო წესით გამოყენების შემთხვევაში, ნამატი საცხოვრებელი ფუნქციის საანგარიშო ფართობის გათვალისწინებით.

მშენებელ კომპანიას ან ფიზიკურ პირს, კოეფიციენტის გადამეტების შემთხვევაში, მერიის შესაბამისი სამსახური განუსაზღვრავს მაკომპენსირებელ ღონისძიებას.

___

როგორ გაინაწილეს მშენებლებმა ქობულეთის სანაპირო ამაზე ვრცლად წაიკითხეთ აქ:

ვინ გაინაწილა ქობულეთის სანაპირო და პლაჟები – დიდი ფულის ძალა, ამჯერად ქობულეთში

 

როგორ შეეხება ევროპაში მყოფ ქართველებს, მათ შორის პაციენტებს, „ოცნების“ ახალი კანონი – ინტერვიუ

„თუკი საჯაროდ გამოხატული რაიმე პოზიცია არ იქნება მისაღები ხელისუფლებისთვის პოლიტიკური თვალსაზრისით, არაფერი არ უშლის ხელს ამ კანონის მიხედვით „ქართული ოცნების“ რეჟიმს, ჯანმრთელობის მდგომარეობის დაფინანსებისთვის მიღებული უცხოური თანხების შემთხვევაშიც ადამიანს მოსთხოვოს თანხმობის მიღება, ჩათვალოს ეს თანხა გრანტად და მოითხოვოს მთავრობისგან ნებართვის გაცემა,“ – განმარტავს იურისტი ედუარდ მარიკაშვილი. მას „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებაზე ვესაუბრეთ, რომელიც შეიძლება შეეხოს საქართველოს ასობით მოქალაქეს, ვისაც საფრანგეთსა თუ გერმანიაში მკურნალობას უფინანსებენ.

იმ შემთხვევაში რა მოხდება, თუ საქართველოში გადმოურიცხავენ პაციენტს ფულს ქართველი ემიგრანტები სამკურნალოდ?

„რა შემთხვევაში და როდის ჩაითვლება, რომ ემიგრანტის მიერ გადმორიცხული თანხა ხმარდება საქართველოში პოლიტიკურ საქმიანობას? – ეს არის პრობლემა და ეს იქნება მთავარი საფრთხე ემიგრანტების მიერ გადმორიცხული თანხების. შეიძლება, მაგალითად, ემიგრანტი რიცხავს თანხას საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის, მაგრამ მიმღები არის ისეთი პირი, რომელიც პრობლემურია ხელისუფლებისთვის… საჯაროდ კრიტიკულია ხელისუფლების მიმართ, ან მოითხოვს, მაგალითად, ქვეყნის ევროპულ კურსზე დაბრუნებას,“ – ამბობს იურისტი.

„ბათუმელებმა“ ინტერვიუ ჩაწერა „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” [GDI] თავმჯდომარესთან, იურისტ ედუარდ მარიკაშვილთან.

  • ბატონო ედუარდ, შეიძლება თუ არა „ოცნების“ ახალი, რეპრესიული კანონი გრანტების შესახებ შეეხოს საფრანგეთში ან გერმანიაში მყოფ ქართველ პაციენტებსაც, რომლებსაც მკურნალობას უფინანსებს უცხო ქვეყნის მთავრობა? ასევე, ქართველ პაციენტებს, რომლებსაც, ქართველი ემიგრანტები უგროვებენ ფულს?

როცა ემიგრანტებს ეხება საქმე და ემიგრანტებისგან გადმორიცხულ თანხებს, რამდენიმე მიმართულებით უნდა განვითარდეს მსჯელობა: ერთი არის უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი ე.წ. FARA. ამ შემთხვევაში „ფარა“ საუბრობს იმაზე, რომ უცხოურ პრინციპალად უნდა მივიჩნიოთ პირი, რომლისგანაც მიღებული თანხა შეიძლება დაექვემდებაროს გარკვეულ კონტროლს „ფარას“ ფარგლებში და ასეთი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქეც, რომლის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არის უცხოეთში.

ასე რომ, საქართველოს მოქალაქე, რომელსაც მუდმივი საცხოვრებელი ადგილი აქვს უცხო ქვეყანაში, როცა რიცხავს თანხას საქართველოში საქართველოს მოქალაქისთვის და შემდეგ უკვე ეს პირი ჩართულია პოლიტიკურ საქმიანობაში, მაშინ ეს თანხა ექვემდებარება „ფარას“ ფარგლებში კონტროლს და წარმოშობს ვალდებულებებს.

რაც შეეხება „გრანტების შესახებ“ კანონს: „გრანტების შესახებ“ კანონი საუბრობს უცხოეთის მოქალაქის მიერ გადმორიცხულ თანხაზე და არა პირდაპირ, ხელაღებით ყველა ემიგრანტის მიერ გადმორიცხულ თანხაზე. „გრანტების შესახებ“ კანონი შეეხება იმ გადმორიცხვას საქართველოს მოქალაქის მიმართ, რომლის ინიციატორი, ანუ გადმომრიცხველი არის უცხოეთის მოქალაქე.

შეიძლება, ემიგრანტს ჰქონდეს ორმაგი მოქალაქეობა. თუკი მის მიერ გადმორიცხული თანხა გამიზნულია იმისთვის, რომ პირი, ვინც არის ამ თანხის მიმღები, ჩაერთოს, ან ჩართულია პოლიტიკურ საქმიანობაში – კანონი პირდაპირ ამბობს, რომ ეს არის საქმიანობა, რომელიც მიემართება საქართველოს საშინაო ან საგარეო პოლიტიკის ცვლილებას, ან და საზოგადოების რომელიმე ფენაზე გავლენის მოხდენას – ამ შემთხვევაში ასეთი თანხა ჩაითვლება გრანტად და მისი შეთანხმება მოუწევთ ამ პირებს მთავრობასთან, სანამ გადმორიცხავენ.

გადმომრიცხველს მოუწევს საქართველოს მთავრობასთან შეთანხმება, ვიდრე გადმორიცხავს ამ თანხას საქართველოს მოქალაქესთან.

ედუარდ მარიკაშვილი საპროტესტო აქციაზე

პრობლემა არის „პოლიტიკური საქმიანობის“ განსაზღვრების საკითხში. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებიც არ უარყოფენ, რომ იმ ემიგრანტის მიერ გადმორიცხული თანხა, რომელიც უცხოეთის მოქალაქეა, შეიძლება დაექვემდებაროს „გრანტების შესახებ“ კანონით რეგულირებას. მათივე განმარტებით, თუკი ემიგრანტი საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის რიცხავს ამ თანხას, მაშინ ეს ფული არ ექცევა „გრანტების შესახებ“კანონში.

რა შემთხვევაში და როდის ჩაითვლება, რომ ემიგრანტის მიერ გადმორიცხული თანხა ხმარდება საქართველოში პოლიტიკურ საქმიანობას? – ეს არის პრობლემა და ეს იქნება, ასე ვთქვათ, მთავარი საფრთხე ემიგრანტების მიერ გადმორიცხული თანხებისთვის.

  • განსაკუთრებით ქართული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის ხარისხის და პრაქტიკის გათვალისწინებით? 

დიახ.

ამ შემთხვევაში ანტიკორუფციული ბიურო იქნება განმსაზღვრელი: რა საქმიანობა ჩაითვლება საქმიანობად, რომელიც „გავლენას ახდენს საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე ან საზოგადოებრივ ჯგუფებზე“. შეიძლება, მაგალითად, ემიგრანტი რიცხავს თანხას საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის, მაგრამ მიმღები არის ისეთი პირი, რომელიც პრობლემურია ხელისუფლებისთვის.

  • მაგალითად, აქციებზე დადის ან ფეისბუქპოსტებით „ოცნებას“ აკრიტიკებს? 

კი, საჯაროდ კრიტიკულია ხელისუფლების მიმართ, ან მოითხოვს, მაგალითად, ქვეყნის ევროპულ კურსზე დაბრუნებას. ასეთი შემთხვევა, სწორედ, რომ შესაძლოა ჩაითვალოს „გრანტების შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევად და დაექვემდებაროს სახელმწიფოსგან, მთავრობისგან თანხმობას.

  • ეს თანხმობა თუ არ იქნება, გამოიწვევს პირდაპირ სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას – 6 წლით ციხეს? 

კი, ასეა. თვითონაც არ უარყოფენ, რომ ზოგ შემთხვევებში, შესაძლოა, ემიგრანტების მიერ გამოგზავნილი თანხები ჩაითვალოს გრანტად, თუ ის უცხოეთის მოქალაქეც არის.

ხელისუფლებაზე იქნება დამოკიდებული, როდის ჩათვლიან, რომ საქართველოში თანხის მიმღები პირი არის აქტიურად პოლიტიკაში ჩართული.

  • კანონი მოიაზრებს ძალიან ბევრ ადამიანს. ეს ხდება იმიტომ, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს გაუჩნდეს შიში, ხმა რომ ამოვიღო, ციხეში არ აღმოვჩნდეო? 

რა თქმა უნდა. ნორმის განუჭვრეტელობა არის ერთ-ერთი დიდი პრობლემა.

ზოგადად, რეპრესიულ კანონმდებლობას და ავტორიტარულ კანონმდებლობას ახასიათებს განუჭვრეტელობა სწორედ იმიტომ, რომ რაც შეიძლება მეტი შემთხვევა მოიაზროს ისეთი, რომელიც კანონთან კონფლიქტში მოვა. ეს საბჭოთა კანონმდებლობას ახასიათებდა და ავტორიტარულ ქვეყნებს ახასიათებს: რაც შეიძლება მეტი შემთხვევა უნდა არსებობდეს, რაც ჩაითვლება კანონთან კონფლიქტად.

ამას ორი მიზანი აქვს: ერთი, რომ ფართოდ ეხსნება გზა რეჟიმს, რომ ბევრი შემთხვევა მოაქციოს ამ კანონში; მეორე – შერჩევითად მიუდგეს, ისეთი შემთხვევები ამოარჩიოს, რომელიც მისთვის არის ყველაზე პრობლემური და იმ ადამიანების მიმართ გაატაროს რეპრესია.

რაც მთავარია: ბუნდოვანმა და განუჭვრეტელმა კანონმა უნდა შექმნას განცდა საზოგადოებაში, რომ ყველაფერი შეიძლება ამ კანონთან წინააღმდეგობაში მოვიდეს. ადამიანებს უნდა გაუჩნდეთ შიში იმისა, რამე არ გააკეთონ ისე, რომ კანონი დაარღვიონ. რაც უფრო მეტი ბუნდოვანება იქნება, უფრო მეტი ადამიანი დაფიქრდება იმაზე, რომ შეიძლება კანონთან კონფლიქტში მოვიდეს.

ამიტომაც, ურჩევნია, საერთოდ არ ისაუბროს კონკრეტულ პრობლემაზე, ან არ მიიღოს ფული, არ ჩაერთოს რაიმე შრომით, საქმიან ურთიერთობაში რომელიმე ორგანიზაციასთან, რომ შემდეგ პრობლემები არ ჰქონდეს.

  • კონკრეტულად რომ გვითხრათ: მაგალითად, საფრანგეთსა თუ გერმანიაში, სადაც ასობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩიეს ამ ქვეყნების მთავრობის დაფინანსებით, დღეს რა უნდა იფიქროს ქართველმა პაციენტმა? შეიძლება, მოედავონ იმის გამო, რომ, მაგალითად, ფეისბუქში გააკრიტიკოს ქართული ჯანდაცვის სისტემა? 

პირზე, რომელიც ელოდება ან მიღებული აქვს ჯანმრთელობის საკითხზე რაიმე დაფინანსება უცხოური მთავრობისგან, შესაძლოა, გავრცელდეს „გრანტების შესახებ“ კანონი, თუ თანხის მიმღები პირი ამავდროულად რაიმე ფორმით ჩართული იქნება საზოგადოებრივი, ან პოლიტიკური მნიშვნელობის პროცესებში.

კანონში არ არის გამონაკლისი, მაგალითად, ჩარიცხვა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.

თუკი საჯაროდ გამოხატული რაიმე პოზიცია არ იქნება მისაღები ხელისუფლებისთვის პოლიტიკური თვალსაზრისით, არაფერი არ უშლის ხელს ამ კანონის მიხედვით „ქართული ოცნების“ რეჟიმს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის დაფინანსებისთვის მიღებული უცხოური თანხების შემთხვევაშიც ადამიანს მოსთხოვოს თანხმობის მიღება, ჩათვალოს ეს თანხა გრანტად და მოითხოვოს მთავრობისგან ნებართვის გაცემა.

ერთ-ერთი ყველაზე რეპრესიული კანონია, ჩემი აზრით, რომელიც სიტყვის თავისუფლების და ზოგადად აქტიური მოქალაქეობას, პოზიციის დაფიქსირების კრიმინალიზებას ახდენს. ფაქტობრივად, დანაშაულად აცხადებს ყველა სახის საჯარო აქტივობას იმ ადამიანის მხრიდან, რომელსაც რაიმე ფორმით შეხება აქვს უცხოურ ორგანიზაციასთან, უცხოურ მთავრობასთან, ან უცხოეთში მყოფ ქართველთან, რომელიც არის ამავე დროს უცხო ქვეყნის მოქალაქე. შესაბამისად, ძალიან დიდ წრეზეა საუბარი, ვისი საჯარო პოზიციაც დანაშაულად ცხადდება.

  • შესაძლებელია იმის თქმა, რომ მომეტებული საფრთხის ქვეშ არიან კონკრეტული ჯგუფები, მათ შორის, ქართველი პაციენტები ევროპაში? 

რა თქმა უნდა, ისინი უკვე ერთ კრიტერიუმს აკმაყოფილებენ: ეს არის უცხოური მთავრობისგან მიღებული თანხა. რჩება მეორე კრიტერიუმის დაკმაყოფილება. თუკი ისინი რაიმე ფორმით აღმოჩნდებიან იმ მდგომარეობაში, რომ მოუწევთ საჯარო პოზიციის დაფიქსირება პოლიტიკურ, ან საზოგადოებრივ საკითხზე, მათთვის ესღა იქნება დარჩენილი, რომ ამ კანონის ფარგლებში მოექცნენ.

სხვები შეიძლება უფრო კარგ მდგომარეობაში არიან, ვისაც ჯერ უცხოური დაფინანსება რაიმე ფორმით არ მიუღიათ და არ ჰქონიათ ამასთან შეხება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, შეიძლება, სხვადასხვა დროს ამ ადამიანებსაც მოუწიოთ რაიმე შეხება უცხოურ ორგანიზაციებთან და მათ მიერ საჯარო პოზიციის დაფიქსირება უკვე ავტომატურად გამოიწვევს მათთვისაც პრობლემას.

„ფარას“ კანონი მათზე ვრცელდება. დასაწყისშივე წერია, რომ ნახო, რომ პრინციპალად ითვლება მათ შორის საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს მუდმივი ბინადრობის ნებართვა უცხო ქვეყანაში.

„გრანტების შესახებ“ კანონში გადმოიტანეს „ფარა“. „ფარაშიც“ იგივე წერია, რომ პოლიტიკურ საქმიანობად ითვლება საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს საშინაო ან საგარეო პოლიტიკის ცვლილებისკენ, ან/და რაიმე ფორმით გავლენას ახდენს საზოგადოების რომელიმე ნაწილზე, მაგალითად, ქალთა უფლებების მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. ბევრი სოციალური ფენა არსებობს. რომ გააკრიტიკო განათლების სისტემა, რომელიც ბავშვებზე ახდენს გავლენას, ან გააკრიტიკო უმაღლესი განათლების რეფორმა – ესეც ხომ ახდენს გავლენას?

თუნდაც პენსიის გაზრდა რომ მოითხოვო და ამ დროს მიღებული გაქვს რაღაც დაფინანსება უცხოეთიდან, ან ერთი კანონი შეიძლება შეგეხოს, ან მეორე.

ცალსახად, ხელაღებით თქმა იმისა, რომ ემიგრანტების მიერ გადმორიცხულ თანხებს ეხება – „ფარა“, ან „გრანტების კანონი“ – არ არის სწორი, თუმცა არაფერი გამორიცხავს იმას, რომ გარკვეულ შემთხვევებში ემიგრანტებისგან ან/და უცხო ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებისგან გადმორიცხული თანხა მოექცეს ან ერთ ან მეორე კანონში.

  • მათ შორის, მკურნალობის დაფინანსება უცხო ქვეყნის მთავრობისგან ან უცხოური ორგანიზაციებისგან? 

დიახ, შეიძლება, თუკი მეორე კრიტერიუმსაც დააკმაყოფილებს – თუკი ამ დაფინანსების მიმღები ჩართული იქნება რაიმე ფორმით პოლიტიკურ საქმიანობაში.

  • ამ კანონის აღსრულება როგორ წარმოგიდგენიათ? 

მათ უკვე მონიშნული ჰყავთ ის წრე ადამიანებისა და ორგანიზაციების, ვის მიმართაც უნდა აღასრულონ ეს კანონი. პირველი ტალღა ეს იქნება, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს კანონი სხვებისთვის პრობლემა არ არის და მათ შეუძლიათ მშვიდად იყვნენ.

ამ ტალღის შემდეგ ყველა ადამიანს შეუქმნის ეს კანონი პრობლემას, რომელიც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ეტაპზე რაიმე ფორმით განაწყენდება ხელისუფლებაზე, ექნება მიღებული უცხოური დაფინანსება და დააფიქსირებს ამავე დროს საჯარო პოზიციას. არ არის აუცილებელი, მაინცდამაინც გახმაურებულ პოლიტიკურ საკითხებზე იყოს ეს საჯარო კრიტიკული პოზიცია დაფიქსირებული. შეიძლება ეს იყოს ჯანდაცვის პოლიტიკაზე, საპენსიო პოლიტიკაზე, გარემოს დაცვის პოლიტიკაზე…

საჯარო სივრცეში დაფიქსირებული პოზიცია ნიშნავს პოზიციას, რომელსაც აქვს რესურსი – გავლენა მოახდინოს გარკვეულ წრეზე. მაგალითად, სოციალურ ქსელში დაფიქსირებული პოზიცია ასეთად აუცილებლად ჩაითვლება. ასევე, აქციაზე დაფიქსირებული პოზიცია, ან რაიმე შეკრებაზე…

  • ოცნების“ რეჟიმმა რამდენიმე რეპრესიული კანონი აამოქმედა. რა არის მთავარი საფრთხე ამ შემთხვევაში, თქვენი აზრით? 

ახალი ტალღა დაიწყება. ეს არის ახალ მოცემულობაში გადასვლა. დაიწყება რეპრესიის ახალი ტალღა.

ვფიქრობ, რომ ერთი მხრივ ამ კანონს აქვს დამაშინებელი ეფექტი, რა თქმა უნდა, საზოგადოების დიდი ნაწილისთვის, თუმცა მე მგონია, რომ „ქართული ოცნება“ აპირებს ამ კანონის აღსრულებას, განსაკუთრებით მისთვის მიუღებელი პირების მიმართ.

მათ უკვე აქვთ გარკვეული წრე მონიშნული იმისა, ვის მიმართაც უნდა აღასრულონ, ამიტომ ეს იქნება ერთ-ერთი რეპრესიული მნიშვნელოვანი ტალღის დასაწყისი.

________________________

მთავარ ფოტოზე: ქართველი ემიგრანტების საპროტესტო აქცია ფრანკფურტში. 2025 წლის 4 ოქტომბერი

„რეფორმა“ ანუ ტოტალური კონტროლი უმაღლეს განათლებაზე

რას ცვლის „ოცნების“ რეფორმა უმაღლეს განათლებაში? 

  • „ერთი ქალაქი-ერთი ფაკულტეტი“ – ამ პრინციპით სახელმწიფო უნივერსიტეტებს უფლება აღარ ექნებათ, განახორციელონ ერთი და იგივე საგანმანათლებლო პროგრამები. ეს ავტომატურად გამოიწვევს ფაკულტეტების შემცირებას და აკადემიური პერსონალის უმუშევრად დარჩენას.
  • საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლა ერთი წლით უნდა შემცირდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ უმაღლესი განათლების სისტემაც გამოეთიშება ბოლონიის პროცესს. შესაბამისად, ქართველი სტუდენტები ვეღარ მოახერხებენ ევროკავშირის გაცვლითი პროგრამებით სარგებლობას, აკადემიურ წელში არსებითი სხვაობის გამო პრობლემა იქნება უცხოეთის უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელებაც. ამით „ოცნების“ ხელისუფლება რეალურად იზოლაციაში აქცევს ქართულ საგანმანათლებლო სისტემას და უდიდესი შესაძლებლობის ფანჯარას ხურავს ახალგაზრდებისთვის, რომ მიიღონ ხარისხიანი განათლება ევროპის, ამერიკის ან სხვა ქვეყნების წამყვან უნივერსიტეტებში.
  • უმაღლესი განათლების „რეფორმა“ სრულად უგულებელყოფს  უნივერსიტეტების ავტონომიას, რადგან მთლიანად სახელმწიფო გადაწყვეტს, რომელ უნივერსიტეტში რა პროგრამა უნდა განხორციელდეს. ამით არჩევანის შესაძლებლობას ართმევს როგორც უნივერსიტეტებს, ასევე სტუდენტებს.
  • გრანტების შესახებ კანონის მიღებით, უნივერსიტეტებს და, შესაბამისად, მეცნიერ-თანამშრომლებს შესაძლებლობა ეკარგებათ საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობის, რეპრესიული კანონი მეცნიერს უზღუდავს უცხოური დაფინანსების მიღებას ხელისუფლების ნებართვის გარეშე.
  • იზოლაციაში აქცევს საუნივერსიტეტო ცხოვრებას.
  • „რეფორმის“ ფარგლებში, აკადემიურ პერსონალთან შეთანხმების გარეშე, „ოცნების“ ხელისუფლებამ გააერთიანა ორი დიდი უნივერსიტეტი, რამაც პროტესტი გამოიწვია.
  • „რეფორმის“ ფარგლებში დაგეგმილია სახელმწიფო უნივერსიტეტების ქონების (სავარაუდო) გასხვისება.
  • „ოცნების“ პრემიერ-მინისტრის თქმით, დედაქალაქში სტუდენტების ჭარბი რაოდენობაა თავმოყრილი, ამიტომ, მისი აზრით, სტუდენტების 60% რეგიონებში უნდა გადანაწილდეს. გადაწყვეტილება მიღებულია განათლების სპეციალისტებთან, სტუდენტებთან და უნივერსიტეტებთან შეთანხმების გარეშე.

რა ხდებოდა „ოცნების“ რეფორმამდე? 

მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესს აჩერებს, ქვეყანაში საყოველთაო მღელვარება დაიწყო. ქუჩაში გამოსული მოქალაქეები „ოცნების“ გადაწყვეტილებას ანტისახელმწიფოებრივ ნაბიჯად აფასებდნენ.

ამ პროცესში აქტიურობდნენ საგანმანათლებლო დაწესებულებებიც. საპროტესტო აქციებში მონაწილეობდნენ სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები.

არაერთმა სკოლამ თუ უნივერსიტეტმა გაავრცელა ევროინტეგრაციის მხარდასაჭერი პეტიციები, სადაც ხაზგასმით აღნიშნავდნენ, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია და მიუღებელია „ქართული ოცნების“ ანტიდასავლური პოლიტიკა.

პეტიციის ტექსტში, რომელიც 2024 წლის 1-ელ დეკემბერს გავრცელდა და 3 ათასამდე მასწავლებელი აწერდა ხელს, ეწერა – „დღეს, საქართველოში მიმდინარე პროცესების მიმართ დუმილი დანაშაულია“.

საპროტესტო აქციები „ოცნების“ ხელისუფლებამ სასტიკად დაარბია, ცემა და დაასახიჩრა ასობით მოქალაქე, მათ შორის ჟურნალისტები.

სპეცრაზმების მიერ მოქალაქეების უმოწყალოდ ცემასა და დასახიჩრებას მასწავლებლები და მოსწავლეებიც აპროტესტებდნენ.

პროტესტის ნიშნად თსუ-ში, ილიაუნსა და ბსუ-ში სტუდენტებმა უწყვეტი აქციები დაიწყეს.

ევროინტეგრაციის მხარდასაჭერ პეტიციებზე ხელს აწერდნენ საჯარო მოხელეები, ლექტორ-მასწავლებლები, პროფესორები და ამ პროცესმა აჩვენა წინააღმდეგობის საყოველთაობა.

პარტიული წმენდა შეეხო თითქმის ყველა სფეროს, ყველა საჯარო სამსახურს.

რეპრესიული კანონების პარალელურად, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი თავს ესხმოდა უნივერსიტეტებს. ის აანონსებდა უნივერსიტეტების წმენდას. განსაკუთრებული სიძულვილის ენით საუბრობდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორზე, პროფესურაზე და მათ „ნაცებს“ ეძახდა.

სტუდენტური პროტესტის ჩახშობის და საგანმანათლებლო სივრცეებზე სრული კონტროლის მოპოვების მიზნით, „ქართულმა ოცნებამ“ ე.წ „რეფორმა“ დაიწყო, რომელიც უნივერსიტეტების გაერთიანებას, ნაწილის გაუქმებას და დედაქალაქიდან გადატანას ითვალისწინებს.

კობახიძემ საჯაროდ განაცხადა, რომ „რეფორმის“ მიზანი სტუდენტებისგან თბილისის „განტვირთვაა“. მისი თქმით, სტუდენტების 80% თბილისშია თავმოყრილი, ამიტომ ეს წილი ,,40%-ზე უნდა ჩამოვიყვანოთ”.

არც ამ საკითხზე გაუმართავს „ოცნებას“ დისკუსია, მსჯელობა, არ მოუსმენია სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მოსაზრებები, რამაც უკმაყოფილების ახალი ტალღა გამოიწვია უნივერსიტეტებში.

  • „ქართული ოცნების“ განათლების „რეფორმას“, სპეციალისტებმა „განათლების დეფორმა“ უწოდეს

„ოცნებამ“ განათლების ახალი კონცეფცია 2026 წლის 28 იანვარს დაამტკიცა.

„რეფორმა“ საჯარო სკოლებში მე-12 კლასის გაუქმებით დაიწყო. 

  • კონტროლი უმაღლეს სასწავლებლებზე

„რეფორმამ“ პირველი დარტყმა თბილისის სახელმწიფო და ტექნიკურ უნივერსიტეტებს მიაყენა – „ოცნებამ“ მათი გაერთიანება ისე გამოაცხადა, ამის შესახებ არაფერი იცოდნენ არც უნივერსიტეტების აკადემიურმა პერსონალმა და არც სტუდენტებმა.

ამ ფაქტმა უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებელთა ერთი ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. უნდა დადგეს რექტორის პასუხისმგებლობის საკითხი, თუ ეს გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო, მიიჩნევს თსუ-ს ასოცირებული პროფესორი თეონა მატარაძე.

მისი აზრით, ამ ორი უნივერსიტეტის გაერთიანების მიზანი უნივერსიტეტების ქონების ხელში ჩაგდება და გასხვისებაა. „ოქტომბერში დაიწყო კიდეც ეს პროცესი, როცა თსუ-მ 8385 კვ/მეტრი ფართობი მხოლოდ წერილის საფუძველზე დაუთმო სახელმწიფოს“, – ამბობს თეონა მატარაძე.

ის, რომ უნივერსიტეტების შენობები შესაძლოა გაიყიდოს, არც „ოცნების“ პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს დაუმალავს.

მისი თქმით, უნივერსიტეტების რეგიონებში გადატანით, „ქალაქი განიტვირთება“. თბილისიდან გადატანილი უნივერსიტეტებისთვის კი ახალი კორპუსები რუსთავსა და ქუთაისში აშენდება.

თუმცა როდის და რა თანხით, ამაზე კობახიძეს არ უსაუბრია.

განათლების ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება, რომელმაც სკოლები და საბავშვო ბაღები ვერ ააშენა და მილიონობით ლარის მითვისების ბრალდებით  კომპანიის წარმომადგენლები დააკავა, ორ წელიწადში ვერ შეძლებს საუნივერსიტეტო ცენტრების შექმნას და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვას.

მათი აზრით, „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი საგანმანათლებლო ცენტრების დანგრევა-განადგურება სურს, იზოლაციაში მოქცევა, რომ კავშირი აღარ ჰქონდეს დასავლურ სამყაროსთან და მორჩილებაში ჰყავდეს როგორც აკადემიური პერსონალი, ასევე სტუდენტები.

„სწორედ სტუ-ს და თსუ-ს გაერთიანებამ დაადასტურა, რომ სიჩუმე არაფერს არ შველის. იმიტომ, რომ სტუ იყო ყველაზე მდუმარე უნივერსიტეტი, მაგრამ პირველი მას „დაარტყეს“.

სტუ ვერ გადაარჩინა მისმა მორჩილებამ. ხალხს არ აქვს გაცნობიერებული, რომ მორჩილება არ არის გარანტია იმისა, რომ ხვალ იმავე სამსახურებრივ პოზიციაზე დარჩები“, – ამბობს თეონა მატარაძე.

„ქართული ოცნების“ შემდეგი სამიზნე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტია.

  • უნივერსიტეტები გრანტების გარეშე და მხოლოდ ბიუჯეტზე დამოკიდებული

უნივერსიტეტებში სამეცნიერო კვლევების უდიდესი წილი სწორედ დასავლურ გრანტებზე მოდის. სახელმწიფო მეცნიერებას ყველაზე ნაკლებად აფინანსებს. „ოცნების რეფორმა“ უნივერსიტეტებს უკრძალავს როგორც უცხოელი სტუდენტების, ისე გრანტების მიღებას. 

„ოცნების“ ხელისუფლებამ შეწყვიტა სტუდენტების დაფინანსებაც, ანუ გააუქმა სახელმწიფო გრანტი და განაცხადა, რომ 2026-2027 სასწავლო წლიდან დააფინანსებს მხოლოდ იმ პროგრამებს, რასაც სახელმწიფო უნივერსიტეტებს დაუტოვებს.

„რეფორმა“ ითვალისწინებს „ერთი ქალაქი-ერთი ფაკულტეტის“ პრინციპს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები მსგავს პროგრამებს ვეღარ განახორციელებენ, რაც გამოიწვევს ლექტორ-მასწავლებლების შემცირებას, უმუშევრობის გაზრდას.

კობახიძის თქმით, ერთ ფაკულტეტს ერთი პროფესორი ეყოლება, რომლის ანაზღაურებაც 10 000 ლარი იქნება. სხვა აკადემიურ პერსონალს კი მხოლოდ ასისტენტად შეუძლია მუშაობის გაგრძელება.

„რეფორმა“ უნივერსიტეტებს არ აძლევს შესაძლებლობას, თავად გადაწყვიტონ რა პროგრამები დანერგონ, რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს ეს პროგრამები და ვისთან ითანამშრომლონ.

„საბჭოთა უნივერსიტეტებში იყო ასე, რომ არ არსებობდა არჩევანი. აი, ეს – არჩევანის თავისუფლება იყო ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან ურთიერთობის და მასთან შერწყმის ძირითადი უპირატესობა და ამას უტევს ხელისუფლება. მას სურს წაართვას აბიტურიენტს და სტუდენტს არჩევანი და აქციოს მარიონეტად, რომელიც იმოძრავებს მხოლოდ ხელისუფლების მითითებების შესაბამისად“, – ამბობს თსუ-ს პროფესორი იაგო კაჭკაჭიშვილი.

ილიაუნის პროფესორის, მანანა რატიანის შეფასებით, „ქართული ოცნება“ უნივერსიტეტების მოგუდვას აპირებს.

„ვხედავთ, როგორ გუდავენ უნივერსიტეტებს. დაასახელეს 7 პრიორიტეტი, რომლებიც არანაირ კვლევას არ ეფუძნება. ჩვენი სტუდენტები მიჩვეული არიან დემოკრატიულ მმართველობას, გადაწყვეტილების პროცესში მონაწილეობის მიღებას და ისინი ასე მარტივად სამართავები არ არიან. ისევე როგორც ჩვენი პროფესურა, ასე მარტივად არ ემორჩილება სისტემას.

ფინანსურად დამოკიდებულს ხდიან სახელმწიფოზე უმაღლეს სასწავლებლებს, იმიტომ, რომ ვერ გაბედონ ზედმეტი ხმის ამოღება.

ფაქტობრივად აქეთ მივექანებით, რადგან შეგვიჩერეს ყველანაირი გრანტი და დახმარებები დასავლეთის ქვეყნებმა. პროექტებიც მინიმუმზეა დაყვანილი და მხოლოდ მიმდინარე პროექტები თუ სრულდება საქართველოში. ერთადერთი, რა შესაძლებლობაც იყო აკადემიურ ნაწილში, ეს იყო ერასმუსის პროგრამები, რომელზეც უარი არ თქმულა და თითქოს მწვანე შუქი აენთო, თუმცა ახლა ვხედავთ, რომ თუკი ჩვენი დიპლომი არ იქნება აღიარებული, ერასმუსშიც როგორ ჩაერთვებიან სტუდენტები?“ – ამბობს მანანა რატიანი.

განათლების ექსპერტების შეფასებით, „ქართული ოცნების“ რეფორმა წინააღმდეგობაშია საქართველოს მოქმედ კონსტიტუციასთან, რადგან არღვევს აკადემიური თავისუფლებისა და უნივერსიტეტის ავტონომიურობის პრინციპებს.

არ არის თავსებადი უნივერსიტეტების დიდ ქარტიასთან და ბოლონიის პროცესთან. საფრთხეს უქმნის ქართული აკადემიური სივრცის საერთაშორისო სივრცეში ინტეგრაციასა და მონაწილეობას.

იგი არ ემსახურება უნივერსიტეტის განვითარებას და აკადემიური სივრცის შეზღუდვის, იზოლაციისა და დასუსტების პოლიტიკური ინსტრუმენტი ხდება.

განათლების ექსპრერტი სიმონ ჯანაშიაც მიიჩნევს, რომ „რეფორმის“ მიზანია ხელისუფლებამ ტოტალური კონტროლი დაამყაროს უნივერსიტეტებზე.

„რეალური რისკი კი ის არის, რომ „ოცნება“ ცდილობს დაიმორჩილოს საქართველოს საგანმანათლებლო სისტემა იმისთვის, რომ შემდეგ ეს სისტემა ემსახუროს ამ პარტიის ძალაუფლების შენარჩუნების ინტერესს და სულ უფრო და უფრო ჩამოშორდეს თანამედროვე საგანმანათლებლო ტენდენციებს და ევროპულ განათლებას.

ამაზეც თავად საუბრობენ „ქართული ოცნების“ ლიდერები, რომ თავი უნდა დავიცვათ თურმე „მავნე ზეგავლენებისგან, რაც მოდის დასავლეთიდან“.

ევროპაში უნივერსიტეტები ემსახურებიან საზოგადოებას და არა პარტიებს. პარტიები ასრულებენ აკადემიური სივრცის ფარგლებში შემუშავებულ კონცეფციებს და აკადემიური სივრცის მოთხოვნებს და არა პირიქით, როცა აკადემიური სივრცე ემსახურება პარტიების შემუშავებული კონცეფციების აღსრულებას“, – ამბობს სიმონ ჯანაშია.

ცვლილებები შეეხო ზოგად განათლებასაც:

  • გააუქმა 12-წლიანი სასკოლო განათლება და ამით სკოლა გამოთიშა ბოლონიის პროცესს.
  • 12-წლიანი სწავლების უფლება დაუტოვა მხოლოდ კერძო სკოლებს, საჯაროებს, ცალკეულ შემთხვევაში.
  • შეზღუდა მასწავლებლების უფლებები კარიერული განვითარების სქემით, მასწავლებლებს აღარ აქვთ უფლება, დაბალი ანაზღაურების მიუხედავად, დამატებით დასაქმდნენ სხვა სამსახურში, დირექტორის წერილობითი ნებართვის გარეშე.
  • შეუზღუდა კერძო რეპეტიტორობა და კერძო ცენტრებში მასწავლებლად მუშაობა.
  • საბაზო საფეხური გახდა 10-წლიანი, მე-11 კლასი გამოცხადდა მოსამზადებელ კლასად.

Georgian Dream Passes Another Package of Repressive Amendments at First Reading

The “Georgian Dream” parliament has passed another set of repressive legislative amendments at first reading.

Under the amendments, the definition of a “grant” is further defined and significantly expanded, placing virtually any form of political self-expression by an individual under state control and criminalizing it if the individual receives resources from a citizen or a legal entity of another state. In particular:

  • Amendments to the Law “On Grants” specify the definition of a grant and establish that a grant also includes funds transferred in monetary or in-kind form by a foreign citizen, or a foreign legal entity to a citizen of Georgia, a person holding a residence permit in Georgia, or a legal entity whose activities are substantially related to issues concerning Georgia, where such funds are intended or may be intended to influence the Georgian authorities, state institutions, or any part of society, with the belief or intent to shape, implement, or change Georgia’s domestic or foreign policy, or where the activity derives from the political or public interests, approaches, or relations of a foreign state or foreign political party. Receipt of such a grant will be permitted only with prior approval of the Government of Georgia.
  • The law introduces a definition of a legal entity of another state whose activities substantially involve engagement with issues related to Georgia. Such a legal entity will be permitted to receive a grant only after obtaining prior consent from the Government of Georgia. For example, an organization registered abroad but whose activities are substantially carried out in Georgia will be required to apply to the Georgian government in order to receive funding. Failure to do so will result in criminal liability.
  • The definition of a grant is further clarified to include funds transferred in monetary or in-kind form in exchange for technical assistance, including the transfer of technologies, specialized knowledge, skills, expertise, services, or other forms of assistance. Accordingly, if a “foreign power” hires experts in Georgia in exchange for payment, such funds will be considered a grant and will require the prior consent of the Government of Georgia.
  • If a representative office, branch, or subdivision of a non-resident legal entity receives a grant (including from its parent organization), it must obtain prior government consent. The draft law stipulates that receipt of a grant by such a branch without consent will result in administrative liability, in the form of a fine amounting to double the value of the unlawfully received grant

According to the proposed amendments to the Criminal Code:

  • Violation of the rules established under the Law “On Grants” will give rise to criminal liability. Such a violation will be punishable by a fine, community service of 300 to 500 hours, or imprisonment for up to six years. 
  • Article 194 (money laundering) is supplemented with an aggravating circumstance: laundering money for the purpose of political activity related to Georgia will be punishable by 9 to 12 years’ imprisonment
  • Criminal liability is introduced for senior officials of political parties who violate the Organic Law “On Political Unions of Citizens” by accepting foreign funding, punishable by a fine, community service (300–500 hours), or imprisonment for up to 6 years;
  • External lobbying becomes a criminal offense: providing money, securities, property, material benefit, or any advantage (directly or indirectly) to a foreign citizen or legal entity in exchange for political activity related to Georgia will be punishable by a fine, community service (300–500 hours), or imprisonment for up to 6 years. 

Amendments to the Organic Law “On Political Unions of Citizens”: 

  • A person employed under a labor contract by an organization that receives more than 20% of its annual income from a foreign power is prohibited from being a member of a political party for 8 years;
  • The term “entity with a declared electoral objective” is replaced by “entity with a declared party-political objective,” clarifying and expanding the scope of regulation;
  • Financial monitoring of entities with declared party-political objectives will be conducted by the State Audit Office; Restrictions applicable to political parties will also apply to such entities. The legal package also envisages the amendments to the Code of Administrative Offences: a new administrative offense is introduced for entrepreneurial entities engaging in public political activity unrelated to their core business activities. Financial monitoring of entities with declared party-political objectives will be conducted by the State Audit Office; Restrictions applicable to political parties will also apply to such entities.

The legal package also envisages the amendments to the Code of Administrative Offences: a new administrative offense is introduced for entrepreneurial entities engaging in public political activity unrelated to their core business activities. The penalties envisaged for the hereof administrative offense to be imposed by the State Audit Office on the entrepreneurs are: 20,000 GEL for a first violation, and 40,000 GEL for repeated or subsequent violations.

 

 

ორმაგი ან სამმაგი ფასი – როგორ გაძვირდა სახელმწიფო სერვისებით სარგებლობა

სანამ „ოცნება“ სურსათის მაღალ ფასებზე წუხს და სუს-ი ფასების ზრდის მიზეზებს სწავლობს, საქართველოში სახელმწიფო სერვისებით სარგებლობა გაძვირდა.

სახელმწიფო სერვისები ბოლო რამდენიმე წელი ძვირდება.

მაგალითად, თუ 2022 წელს, პირადობის მოწმობა, რომელიც საქართველოს მოქალაქისათვის აუცილებელი დოკუმენტია, 30 ლარი ღირდა, დღეს, 2026 წელს, მისი ფასი 60 ლარია.

გაძვირდა ბიომეტრიული პასპორტიც.

გაძვირდა ქონების რეგისტრაცია.

გაძვირდა ქონების იპოთეკით დატვირთვა.

გაძვირდა ბიზნესის რეგისტრაცია.

გაძვირდა ავტომობილის რეგისტრაცია.

გთავაზობთ სხვადასხვა სახელმწიფო სერვისის ღირებულებას, რომელიც ბოლო წლებში ან გაორმაგდა, ან 20-30 %-ით გაძვირდა.

პიროვნებასთან დაკავშირებული სერვისების საფასური გაორმაგდა.

პირადობის მოწმობის აღება მიმართვიდან 10 დღის ვადაში 30 ლარი ღირდა. 2025 წელს ფასი გაორმაგდა და ახლა 60 ლარი ღირს.

იმ შემთხვევაში, თუკი დაჩქარებულად გსურთ პირადობის მოწმობის მიღება, ფასები ასეთია: მე-5 სამუშაო დღეს – 80 ლარი; მე-3 სამუშაო დღეს – 100 ლარი; მე-2 სამუშაო დღეს – 120 ლარი; იმავე დღეს – 150 ლარი.

100 ლარიდან 150 ლარამდე გაიზარდა ბიომეტრიული პასპორტის საფასური სრულწლოვანი პირისთვის.

ეს იმ შემთხვევაში, თუკი მე-10 სამუშაო დღეს აიღებთ.  დოკუმენტის დამზადების ვადის დაჩქარების შემთხვევაში მომსახურების საფასური ასეთია: მე-5 სამუშაო დღეს – 180 ლარი, მე-3 სამუშაო დღეს – 225 ლარი, 24 საათში- 300 ლარი, ხოლო იმავე დღეს     350 ლარი.

გაძვირდა ქორწინების მოწმობაც.  

ქორწინების რეგისტრაცია იუსტიციის სახლში არის უფასო, ხოლო სპეციალური სარიტუალო მომსახურების საფასური გაიზარდა.

ქორწინების რეგისტრაცია იუსტიციის სახლის ფილიალში სპეციალური სარიტუალო მომსახურებით 50 ლარიდან 75 ლარამდე გაიზარდა.

ქორწინების რეგისტრაცია ქორწინების სახლში სპეციალური სარიტუალო მომსახურებით სამუშაო დღეებში 135 ლარი ღირს, ხოლო  იგივე სერვისი შაბათ-კვირას – 225 ლარი. შენობის გარეთ ქორწინების რეგისტრაცია 255 ლარი ღირს,  სასჯელაღსრულების დაწესებულებაში (ადგილზე) ქორწინების რიტუალის ჩატარება კი – 255 ლარი.

გაიზარდა განქორწინების საფასურიც.

განქორწინების რეგისტრაციისა და მოწმობის გაცემისათვის მომსახურების საფასური ღირდა 45 ლარი, ახლა ღირს 60 ლარი.

ქონების იპოთეკით დატვირთვა გაძვირდა.

2022 წელს იპოთეკის მოწმობის გაცემა, მასში ცვლილება, ან ნებისმიერი სამართლებრივი ხასიათის შენიშვნის რეგისტრაცია 3 სამუშაო დღეში 75 ლარი ღირდა.

2026 წლის მონაცემებით, 4 სამუშაო დღეში იპოთეკის რეგისტრაცია 150 ლარი ღირს, 1 სამუშაო დღეში – 270 ლარი, ხოლო იმავე დღეს – 350 ლარი.

იმ შემთხვევაში, თუ უფლებამოსილი პირის მიერ ხორციელდება სარეგისტრაციოდ წარდგენილ გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერების დადასტურება, დამატებით გადასახდელია ხელმოწერის დამოწმების საფასური – 7 ლარი.

ქონების და მიწის რეგისტრაციის საფასური – სქრინი საჯარო რეესტრის ვებგვერდიდან 3 თებერვალი, 2026

თითქმის გაორმაგდა და გასამმაგდა ქონების და ბიზნესის რეგისტრაცია.

ქონების რეგისტრაცია – ღირდა 55 ლარი, გახდა – 150 ლარი.

ბიზნესის რეგისტრაცია 110 ლარის ნაცვლად ახლა 200 ლარი ღირს – ვადა 1 სამუშაო დღე. თუ განცხადების შეტანის დღესვე გსურთ რეგისტრაცია, ღირებულება 400 ლარია.

სარეგისტრაციოდ წარდგენილ გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერების დადასტურება რეგისტრაციის საფასურს ემატება 7 ლარი, ხოლო ამონაწერის ინგლისურ ენაზე მომზადება დამატებით 26 ლარი ღირს.

ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში ეკონომიკური საქმიანობის რეგისტრაცია, აგრეთვე  რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის რეგისტრაცია 2021 წელს 2 სამუშაო დღის ვადაში 30 ლარი ღირდა.

იგივე მომსახურება დღეს 2 სამუშაო დღის ვადაში 39 ლარი ღირს.

გაძვირდა მართვის მოწმობაც. 

სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია 2022 წელს 100 ლარი ღირდა, 2026 წელს ეს მომსახურება 200 ლარი ღირს.

მართვის მოწმობის აღება კი მოქალაქეს დაახლოებით 155 ლარი უჯდება.

თეორიული გამოცდის ჩაბარების საფასური 40 ლარია, ამაში შედის მოედანზე გეგმიური გასვლაც, ხოლო მართვის მოწმობის მისაღებად ქალაქის პრაქტიკულ გამოცდაზე გასვლა 90 ლარი ღირს. ამას ემატება ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (ფორმა IV 100/ა) საფასური, რომელიც დაახლოებით 20 ლარის ფარგლებშია.

2023 წლამდე მართვის მოწმობის აღება 55 ლარამდე ღირდა. 2023 წლის სექტემბერში მართვის მოწმობის მიღება ორეტაპიანი გახდა, სწორედ ამ დროს დაემატა 90 ლარი, რაც ქუჩაში გამოცდის საფასურია.

ჯარისკაცის ხელფასი 195 ლარით გაიზარდა, ყაველაშვილის -1400 ლარით

2026 წელს ქართველი ჯარისკაცის ხელფასი 195 ლარით გაიზარდა 2025 წელთან შედარებით, „ოცნების“ პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის კი – 1400 ლარით.

რიგითი ჯარისკაცის ხელფასი [წოდებრივი სარგო] საქართველოში 2025 წელს 1947 ლარი იყო და 2026 წელს გახდა – 2142 ლარი.

არალეგიტიმური პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ჯამაგირი კი თვეში უკვე 16 ათასია.

1400-1400 ლარით გაიზარდა წელს ასევე არალეგიტიმური მთავრობის პრემიერ-მინისტრის და პარლამენტის თავმჯდომარის ხელფასები. ირაკლი კობახიძის და შალვა პაპუაშვილის ხელფასი თვეში 16 – 16 ათასი ლარია.

რამდენით გაიზარდა ამ დროს საქართველოში სამხედრო მოსამსახურეების ხელფასი?

„ბათუმელებმა“ გადახედა თავდაცვის მინისტრის 2025 წლის 30 დეკემბერს მიღებულ ბრძანებას, რომლითაც სამხედრო მოსამსახურეებს „ყოველთვიური წოდებრივი სარგო“ მოემატათ, მაგალითად:

  • პირველი კლასის რიგითის თვიური წოდებრივი სარგო 2026 წელს 2185 ლარია [ზრდა 199 ლარი]
  • სერჟანტის თვიური სარგო გახდა 2481 ლარი [ზრდა 226 ლარი]
  • უფროსი სერჟანტის სარგოა თვეში 2638 ლარი [ზრდა 240 ლარი]
  • მთავარი სერჟანტის სარგო 3141 ლარი [ზრდა 286 ლარი]
  • პოლკოვნიკის – 3879 [ზრდა 353 ლარი]
  • გენერალ-მაიორის – 6522 [ზრდა 593 ლარი]
  • გენერლის – 9717 [ზრდა 884 ლარი]

ყოველთვიური სარგოს გარდა სამხედრო მოსამსახურეები ასევე იღებენ სხვადასხვა სახის დანამატს.

სამხედრო მოსამსახურეებს შორის გენერლის ხელფასი ყველაზე მაღალია და მისი სარგო ყველაზე მეტად გაიზარდა – 884 ლარით, თუმცა ეს მატებაც ბევრად ჩამორჩება მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების ხელფასების ზრდის ტემპს, მაგალითად, პარლამენტის დეპუტატების ხელფასი წელს 1120 ლარით გაიზარდა. დეპუტატის ჯამაგირი თვეში უკვე 12 800 ლარია.

მინისტრების ხელფასი 1190 ლარით გაიზარდა და 13 600 ლარია. ამ რაოდენობის ხელფასს აიღებენ წელს ყოველთვიურად ასევე აჭარის არალეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარე და უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელი.

ამ თემაზე:

„ღმერთმა შეარგოსო, ვერ იტყვი“ – რას ამბობს ხალხი პრემიერის, პრეზიდენტის და სხვების მაღალ ხელფასებზე

 

„ოცნება“ სახელმძღვანელოების გრიფირების წესს აუქმებს

დღეს, 3 თებერვალს, „ქართული ოცნების“ პარლამენტმა ზოგადი განათლების შესახებ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა.

უქმდება სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების წესი, რაც იმას ნიშნავს, რომ სასკოლო სახელმძღვანელოებს არა გამომცემლობები შეარჩევენ, არამედ განათლების სამინისტრო.

სკოლებში საკომუნიკაციო საშუალებების, მათ შორის მობილურის გამოყენების პირობებსაც სამინისტრო დაადგენს.

დაწყებით საფეხურზე მოსწავლეებისთვის სავალდებულო გახდება სასკოლო ფორმის ტარება, რომლის ნიმუშსაც ასევე დაამტკიცებს სამინისტრო.

ასევე, ცვლილებების თანახმად, მოსწავლის მიმართ განხორციელებული ძალადობის გამო შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, მასწავლებელს, ასევე, ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულების სხვა თანამშრომელს, 3 წლის განმავლობაში შეეზღუდება დასაქმება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში. ​

4 თებერვლიდან ბათუმში 70 თეთრი ეღირება მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა

4 თებერვლიდან იცვლება ბათუმის მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ტარიფი – მგზავრობა ძვირდება.

საკრებულოს გადაწყვეტილებით,  ავტობუსებითა და მიკროავტობუსებით მგზავრობის ფასი 70 თეთრი იქნება. ამ დრომდე ბათუმში მგზავრობის ფასი 30 თეთრი იყო.

„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ცნობით, მუნიციპალური ტრანსპორტით კვლავ უფასოდ იმგზავრებენ: მასწავლებლები და მოსწავლეები, სტუდენტები (უმაღლესი და პროფესიული), პენსიონერები, იძულებით გადაადგილებული პირები, შშმ პირები, ვეტერანები, დაბალი სარეიტინგო ქულის მქონე ბენეფიციარები (0–70 000), მარტოხელა მშობლები, საბავშვო ბაღებისა და ბიბლიოთეკების თანამშრომლები და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მომუშავე მანდატურები.

რატომ შეცვალეს დანიშვნიდან ორ კვირაში აჭარის პროექტების მართვის კომპანიის დირექტორი

აჭარის პროექტების მართვის კომპანიის დირექტორად ლევან კვანტალიანი დანიშნეს. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ლევან კვანტალიანი პროფესიით ფინანსისტია და ამ დრომდე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საფინანსო-ანალიტიკურ სამსახურში ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე მუშაობდა.

ყოფილი დირექტორი გოჩა გაბრუშიძე კი პირველ მოადგილედ გადაიყვანეს.

ინფორმაცია აჭარის პროექტების მართვის კომპანიის დირექტორად ლევან კვანტალიანის დანიშვნის შესახებ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა, იქვე წერენ, რომ გოჩა გაბრუშიძე, რომელიც დირექტორის თანამდებობაზე ფინანსთა მინისტრმა 2026 წლის 21 იანვრის ბრძანებით დირექტორად დანიშნა, დირექტორი არ იყო და მოვალეობას ასრულებდა, თუმცა დოკუმენტების მიხედვით ასე არ არის.

სქრინი სამინისტროს ფეისბუქის გვერდიდან

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის, ედნარ ნატარიძის ბრძანებაში გარკვევით წერია, რომ 2026 წლის 21 იანვარს კომპანიის იურისტი გოჩა გაბრუშიძე აჭარის პროექტების მართვის კომპანიის დირექტორად დაინიშნა, ყოფილი ხელმძღვანელი, ბაქარ ჩიტაია კი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

ამონარიდი მინისტრის 2026 წლის 21 იანვრის ბრძანებიდან

აჭარის პროექტების მართვის კომპანიის დირექტორად ლევან კვანტალიანის დანიშვნის შესახებ ბრძანებაში, რომელიც 2026 წლის 3 თებერვლით თარიღდება, ასევე ვკითხულობთ, რომ ორი კვირის წინ იმავე თანამდებობაზე დანიშნული გოჩა გაბრუშიძე თანამდებობიდან პირადი განცხადების საფუძველზე გაათავისუფლეს.

საინტერესოა, რატომ წერს სამინისტრო, რომ ის თითქოს მოვალეობის შემსრულებელი იყო, იმიტომ ხომ არა, რომ ლევან კვანტალიანის დანიშვნის შესახებ დირექტივა თბილისიდან მოვიდა?

აჭარის პროექტების მართვის კომპანია აჭარის მთავრობის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციაა. კომპანია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ექვემდებარება და მაღალბიუჯეტიანი საპროექტო-სამშენებლო პროექტების შესყიდვა- განხორციელებაზე მუშაობს.

დოკუმენტების მიხედვით, კომპანიის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ბაქარ ჩიტაიამ თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა – ის ბათუმის მერიაში გადავიდა სამუშაოდ. შემდეგ დირექტორად გოჩა გაბრუშიძე დანიშნეს, რომელიც 14 დღეში ასევე პირადი განცხადების საფუძველზე გაათავისუფლეს და ლევან კვანტალიანი დანიშნეს. ფოტო: აჭარის ფინანასთა და ეკონომიკის სამინისტრო.

აჭარის პროექტების მართვის ხელმძღვანელის ხელფასი 8 000 ლარია.

ნინო დობორჯგინიძე ილიას უნივერსიტეტის რექტორად მეორე ვადით აირჩიეს

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ ნინო დობორჯგინიძე უნივერსიტეტის რექტორად მეორე ვადით აირჩია.

ილიას უნივერსიტეტის ინფორმაციით, სხდომა 2026 წლის 2 თებერვალს გაიმართა.

ნინო დობორჯგინიძე ლინგვისტიკის დოქტორი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია. ის ამ უნივერსიტეტში დაარსების დღიდან მუშაობს.

კონკურსი რექტორის ასარჩევად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ 2025 წლის 19 დეკემბერს გამოაცხადა.

ნინო დობორჯგინიძე უნივერსიტეტს მომდევნო 4 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.

ნინო დობორჯგინიძე არ ეთანხმება „ქართული ოცნების“ ე.წ. რეფორმას უმაღლესი განათლების შესახებ. მისი შეფასებით, ეს რეფორმა „კატასტროფული შედეგების მომტანი“ იქნება სახელმწიფო უნივერსიტეტებისთვის.

მისი თქმით, ილიას უნივერსიტეტი ერთადერთი სახელმწიფო უნივერსიტეტია, რომელმაც საკუთარი სახსრებით ააშენა ახალი სასწავლო – ტექნოლოგიები სკოლისთვის, რომელიც უახლესი ლაბორატორიებითაა აღჭურვილი (მილენიუმის პროგრამის ფარგლებში).

„გვაქვს ამერიკული აკრედიტაციის პროგრამა, სამი პროგრამა  ახლა გადის აკრედიტაციის პროცესს. უზარმაზარი რესურსი ჩაიდო თანამედროვე სტანდარტების მონაცემთა ცენტრის შექმნაში, უძლიერესი პროფესურა გვყავს ამ მიმართულებით და ახლა სახელმწიფომ უნდა ამიკრძალოს ტექნოლოგიის პროგრამები  და დამავალდებულოს, გასული საუკუნის 70-იან წლებში რა პროგრამებიც იყო, ისაა შენი ტრადიციაო? აბსურდია!“- ამბობდა ნინო დობორჯგინიძე „ბათუმელებთან“ ინტერვიუში გასული, 2025 წლის ბოლოს.

________________

ამავე თემაზე:

აპელაციის საბჭომ ილიაუნის საჩივარი დააკმაყოფილა – ავტორიზაცია

რძე, კვერცხი, ზეთი – რა გაძვირდა და გაიაფდა საქსტატის მონაცემებით

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2026 წლის იანვარში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1.2 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.8 პროცენტი შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2026 წლის იანვარში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.4 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 2.1 პროცენტით განისაზღვრა.

სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 2.9 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.96 პროცენტული პუნქტით აისახა.

საქსტატის ცნობით, ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე:

  • ბოსტნეული და ბაღჩეული (12.5 პროცენტი)
  • ხილი და ყურძენი (5.9 პროცენტი)
  • რძე, ყველი და კვერცხი (3.5 პროცენტი)
  • შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (2.8 პროცენტი)
  • ყავა, ჩაი და კაკაო (2.6 პროცენტი),
  • თევზეული (1.8 პროცენტი)
  • ზეთი და ცხიმი (1.5 პროცენტი)
  • ხორცი და ხორცის პროდუქტები (1.4 პროცენტი)
  • პური და პურპროდუქტები (0.2 პროცენტი).

ამავე დროს, საქსტატის ცნობით, ფასები შემცირდა მინერალურ და წყაროს წყალზე, უალკოჰოლო სასმელებსა და ნატურალურ წვენებზე (-0.5 პროცენტი).

რაც შეეხება ჯანმრთელობის დაცვას, ფასები მომატებულია 2.4 პროცენტით.

ასევე, ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: დაზღვევა (8.5 პროცენტი), პირადი ნივთები, სხვა კატეგორიებში ჩაურთველი (3.5 პროცენტი), საფინანსო მომსახურება (2.6 პროცენტი), პირადი ჰიგიენა (2.3 პროცენტი).

რაც შეეხება წლიურ ინფლაციას, საქსტატი წერს, რომ წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 10.6 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 3.55 პროცენტული პუნქტით აისახა.

ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე:

თევზეული (20.5 პროცენტი), ხილი და ყურძენი (16.9 პროცენტი); პური და პურპროდუქტები (14.3 პროცენტი); შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (10.2 პროცენტი); ხორცი და ხორცის პროდუქტები (9.7 პროცენტი); ყავა, ჩაი და კაკაო (9.4 პროცენტი); ბოსტნეული და ბაღჩეული (8.8 პროცენტი); ზეთი და ცხიმი (8.7 პროცენტი); რძე, ყველი და კვერცხი (8.6 პროცენტი); მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (6.8 პროცენტი);

ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 8.3 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.68 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: საავადმყოფოების
მომსახურება (9.0 პროცენტი), სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (8.3 პროცენტი), ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (7.7 პროცენტი);

სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ჯგუფში ფასები გაიზარდა 7.4 პროცენტით, რაც 0.35 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები, ძირითადად, მომატებულია ქვეჯგუფებზე:
პირადი ნივთები, სხვა კატეგორიებში ჩაურთველი (37.9 პროცენტი), დაზღვევა (8.5 პროცენტი), პირადი ჰიგიენა (4.2 პროცენტი);

სასტუმროები, კაფეები და რესტორნები: ჯგუფში ფასები გაზრდილია 8.1 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.26 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა როგორც ღამის გასათევით
მომსახურებაზე (10.2 პროცენტი), ისე საზოგადოებრივ კვებაზე (7.8 პროცენტი).

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქოს ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.5 პროცენტით, რაც 0.23 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. მოცემულ პერიოდში ფასები, ძირითადად, გაზრდილია თამბაქოს ნაწარმზე (6.6 პროცენტი).

რუსეთმა მასშტაბური შეტევა განახორციელა უკრაინაში -20, -24 გრადუსი ყინვის ფონზე

სამშაბათს, 3 თებერვალს, ღამით, რუსეთმა მასშტაბური, კომბინირებული დარტყმები მიაყენა უკრაინის რამდენიმე რეგიონს, მათ შორის კიევსა და ხარკოვს. მედიის ცნობით, რუსეთის შეტევის ფონზე კიევში ტემპერატურა მინუს 20 გრადუსი იყო, ხოლო ხარკოვში – მინუს 24 გრადუსი.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიჰამ სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, რომ დღეს განხორციელებული თავდასხმების დროს რუსეთმა სულ 450 დრონი და 60-ზე მეტი რაკეტა გამოიყენა და ძირითადი სამიზნე იყო ენერგეტიკული ობიექტები და საცხოვრებელი სახლები კიევის, დნეპრის, ხარკოვის, სუმის, ოდესისა და სხვა რეგიონებში.

მისი თქმით, პუტინი უკრაინის ენერგოსისტემაზე დარტყმამდე ტემპერატურის დაცემას დაელოდა.

„პუტინი დაელოდა ტემპერატურის დაცემას, რათა გაეგრძელებინა გენოციდური თავდასხმა უკრაინელ ხალხზე.

არც აბუ-დაბიში ამ კვირაში მოსალოდნელმა დიპლომატიურმა ძალისხმევამ და არც შეერთებული შტატებისთვის მიცემულმა დაპირებებმა არ შეუშალა ხელი მას ყველაზე მკაცრ ზამთარში ჩვეულებრივი ადამიანების წინააღმდეგ ტერორის გაგრძელებაში.

ჩვენ საქმე გვაქვს ტერორისტებთან, რომლებიც უნდა აიძულონ, შეწყვიტონ ძალადობა“ – წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი.

რუსეთის თავდასხმის შედეგად დაშავებულების რაოდენობა ზუსტდება. მსხვერპლის შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება.

უკრაინაში კვლავ ყინვაა მოსალოდნელი. სინოპტიკოსების ცნობით, ჩრდილოეთ უკრაინაში ტემპერატურა შესაძლოა -30°C-მდე დაეცეს.

___________________

ფოტოზე: ოდესა, 2026 წლის იანვარი. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 3 თებერვლის 21 საათიდან 4 თებერვლის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, ნალექი, მთაში მოსალოდნელია თოვა, მაღალ მთაში – ქარბუქი.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, ღამით გაძლიერდება 17-22 მეტრი წამამდე.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 5 – 10 გრადუსი სითბო
  • ღამით: 1 – 6 გრადუსი სითბო

მთიან მუნიციპალიტეტებში:

  • დღისით: 1 – 6 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0 – 3 გრადუსი ყინვა

მაღალმთიან ზონაში:

  • დღისით: 0 – 5 გრადუსი ყინვა
  • ღამით: 7– 12 გრადუსი ყინვა

ზღვის ღელვა 4-5 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა +10 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, ბათუმში 5 და 6 თებერვალს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

„ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 45 პირი დააკავეს – შსს

თბილისსა და რეგიონებში „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 45 პირი დააკავეს. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ვაჟა სირაძის თქმით, ბრალი წარედგინება კიდევ 15 პირს პენიტენციურ დაწესებულებაში, ან დაუსწრებლად, მათ შორის, სამი ე.წ. კანონიერი ქურდია.

შსს-ს მიერ დღეს, 3 თებერვალს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ბრალდებულებისა და მოდავე მხარეების მონაწილეობით ეწყობოდა ე.წ. ქურდული გარჩევები, რომლებშიც საზღვარგარეთ მყოფი „კანონიერი ქურდები“ – სულხან ჯაფარიძე [თვალჭრელიძე] მეტსახელად „სუხო“ და პეტრე ბაქრაძე მეტსახელად „პაატა ტბილისკი“ მონაწილეობდნენ.

„ისინი ერთვებოდნენ მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარებაში და ერთ-ერთი მხარის სასარგებლოდ, ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად იღებდნენ გადაწყვეტილებებს.

გამოძიებით ასევე დგინდება, რომ ე.წ. „კანონიერი ქურდი“ რევაზ უბილავა მეტსახელად „ჯვარსკი“ მისი ოჯახის წევრების – დედისა და ძმის დახმარებით, აწყობდა ქურდულ გარჩევებს და გამოჰქონდა ე.წ. „ქურდული გადაწყვეტილებები“. პოლიციამ ორივე მათგანი სხვა პირებთან ერთად დააკავა.

სამართალდამცველებმა, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ კრიმინალურ ავტორიტეტებსა და ე.წ. „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ. პოლიციის მიერ ასევე ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება,“ – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოძიება სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 223-ე ტერცია მუხლის მეორე ნაწილით და 223-ე კვარტა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. ეს მუხლები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 3 თებერვალი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 3 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 242 290 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +760. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 633 ერთეული [+6]
  • ჯავშანტექნიკა – 23 985 ერთეული [+4]
  • საარტილერიო სისტემა – 36 855 ერთეული [+53]
  • MLRS – 1 633 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 292 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 435 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 347 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 122 388 ერთეული [+1 171]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 205 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 76 738 ერთეული [+153]
  • სპეცტექნიკა – 4 058 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 3 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 112 076 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 649 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 459 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 657 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 021 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 53 553 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

უკრაინაში 12 მაღაროელი დაიღუპა რუსეთის თავდასხმის შედეგად

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„ჩვენ არ ვებრძვით ახირებულ მილიარდერს, ვებრძვით რუსეთს და განგაშის დროა“ – რომან გოცირიძე

„დღეს ვართ მდგომარეობაში, როდესაც ცეცხლს დარაჯობ რომ არ ჩაქრეს – თუ ჩაქრა, მერე ძნელია მისი მოპოვება, უნდა დაელოდო, როდის გაავდრდება, ელვა რაღაცას რომ წაეკიდოს“, – ამბობს რომან გოცირიძე.

ყოფილ პარლამენტარს რეპრესიულ კანონში „ოცნების“ მიერ მომზადებულ ცვლილებზე, ასევე რეზონანსულ დაკავებებზე ვკითხეთ, რაც ადასტურებს, რომ 13 წელია ქვეყანა კორუფციის ჭაობშია.

ბრალდებულია ორი ყოფილი პრემიერი, ყოფილი თავდაცვის მინისტრი, მისი ყოფილი მოადგილე, ეკონომიკის მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე და ასე შემდეგ … 

  • ბატონო რომან, ორჯერ მართავდა ქვეყანას პრემიერი, რომელსაც დიდი ოდენობით ფულის ლეგალიზებას ედავებიან, მეორეს კი ბრალად ედება ორზე მეტი პირის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზება და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება. დაკავებებით თუ ვიმსჯელებთ, „ოცნება“ თავადვე აღიარებს, რომ წლებია ქვეყანა კორუფციის ჭაობშია? 

„ოცნება“ მასშტაბური რეპრესიები იგრძნობოდა აბსოლუტურად ნეიტრალური თემებით, ვითომ ამ მთავრობის მუშაობის ეფექტიანობის ჩვენებით, ღარიბაშვილის მთავრობასთან შედარებით.

ერთი შეხედვით მასშტაბური კორუფცია იკვეთებოდა იმ განცხადებებში, რასაც კობახიძე აკეთებდა, მაგრამ მეორე მხრივ აღქმული იყო, როგორც ტრაბახი, აი ჩვენ დავიწყებთ წინამორბედი პრემიერის და მთავრობის შეცდომების გამოსწორებას… ამას დაჭერების სერია რომ მოჰყვებოდა, არც კი წარმოედგინა ვინმეს.

მაგალითად, აბსურდული იყო განცხადება იმის თაობაზე, რომ თურმე ერთი ჯიხური საქართველოში ათეთრებს 700 მილიონ დოლარს ორ წელიწადში, თურმე ვიღაცას მანქანით შემოჰქონდა აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან დოლარები, ამ ჯიხურმა გაატარა და შეიტანა ბანკში. ჯიხურის მფლობელი დააკავეს, ოღონდ ბანკში, სადაც მიჰქონდათ, არაფერი გაუკეთებიათ. 

ჩვენს ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში, ლარის, დოლარის, ევროს მთლიანი კონვერტაცია წელიწადში დაახლოებით 10 მილიარდი ლარისაა, ეს დაახლოებით 4 მილიარდი დოლარია. წარმოგიდგენიათ, რომ 700 მილიონს ორ წელიწადში ათეთრებდეს ჯიხური? – მინიშნებები იყო, რომ ეს არის ფულის გათეთრებაზე.

მომავალში გამოჩნდა, რომ ლილუაშვილის ბოსტანში ისროდნენ კენჭებს

ასევე პასუხისმგებელია გომელაური, ვინაიდან საზღვრის დაცვა პირდაპირ შსს-ს დაქვემდებარებაშია, თუმცა ის ჯერჯერობით ასცდა რეპრესიებს. როგორც ჩანს, ის არ წარმოადგენს ივანიშვილისთვის საფრთხეს.

ამას მოჰყვა განცხადება, რომ 700 მილიონი ლარი დაზოგეს სახელმწიფო საწარმოებში. ჩვენთან მთავრობა დაახლოებით 400-მდე საწარმოში მონაწილეობს, როგორც აქციონერი ან პარტნიორი. საოცრებას ამბობდნენ, რომ თურმე 348 მილიონი ლარი დაზოგეს მხოლოდ ტენდერებში, ანუ პირდაპირ ამბობდნენ, რომ ვიღაცები ან იპარავდნენ ამ ფულს, ან არაეფექტიანად იყენებდნენ.

ძირითადად ვის ეხება ეს? – სახელმწიფო საწარმოებს, ეს არის რკინიგზა, ელექტროგადაცემა, გაზის ტრანსპორტირების კომპანია, გაზისა და ნავთობის კომპანია, ენერგეტიკული ობიექტები, როგორიც არის გარდაბნის თბოსადგურები, ენგურჰესი და ა.შ. უმსხვილესი სახელმწიფო საწარმოები, სადაც თურმე იფლანგებოდა ფული.

  • როცა ამბობ, რომ ფულს იპარავდნენ შენი მთავრობის მაღალი რანგის მოხელეები, ღარიბაშვილი ორჯერ იყო პრემიერი, სხვადასხვა დროს შს მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, ეს რას ნიშნავს?

ნელ-ნელა უთხრიდნენ ორმოს ღარიბაშვილს და ამას მოჰყვა ეს დაკავებები – ღარიბაშვილის დაკავება, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის დაკავება. თავდაცვის მინისტრი დაიჭირეს იმის გამო, რომ მან იყიდა ისეთი ჯანდაცვის აპარატურა, რომელიც ღირდა 2 მილიონ ნახევარი და გადაიხადა 3 მილიონ ნახევარი, ანუ ტენდერების გაბერვის თემაა. აგერ გამოჩნდა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე…

ეს ყველაფერი შეზავებულია შიდა პოლიტიკური ბრძოლის მოტივებით, ივანიშვილის ფსიქოლოგიური მდგომარეობით, შიშებით ვაითუ ღარიბაშვილმა და ლილუაშვილმა ამერიკელებთან კუდი გააქიცინონ ან მიღალატონ. ვინაიდან გომელაური დაასანქცირეს და მაგნიტსკის სიაში შეიყვანეს, ამან გადაარჩინა დაჭერას.

ღარიბაშვილის შვილი ამერიკაში სწავლობს, არც გამოუშვიათ. ლილუაშვილი გადაყენების შემდეგ ამერიკაში წავიდა და დაბრუნდა – ეჭვები, შიდაპარტიული ინტრიგები, რა თქმა უნდა იყო.

მთავარი ლოზუნგი იყო – მე შეგქმენით, ყველანი ქუჩიდან მოგიყვანეთ, რიგითი თანამშრომლები „ქართუდან“: გომელაური, ლილუაშვილი, ღარიბაშვილი, ანუ ვისაც იჭერს, ყველანი მისი გამოზრდილია – ფული გაშოვნინეთ და ახლა, როდესაც სანქციები დამიწესეს, გინდათ მშრალად გამოხვიდეთ? – მე გაგაძღეთ, გაპარვინეთ ფული ბიუჯეტიდან, ამიტომ სამარეში უნდა ჩამყვეთ. 

მოინდომებთ დისტანცირებას, წახვალთ ციხეში – შიშის ზარი დასცა ყველას. ეს შიდა პარტიული შიშის კოშმარის დათესვაა. ეს ყველაფერი ხდება ავტორიტარული რეჟიმის დასამყარებლად.

  • ფასების დარეგულირების ამბავი როგორ შეიძლება გაგრძელდეს, აქაც ხომ დიდი ბიზნესი და დიდი ფულია.

ფასების წინააღმდეგ ბრძოლას ორი მიზანი აქვს, ერთი, რომ ფასები თითქმის გაორმაგდა „ოცნების“ პირობებში, ხოლო სურსათზე და ჯანდაცვის სფეროში გაცილებით მეტით, ოღონდ საქსტატი იტყუება.

საოცრებას ვხედავთ – პარლამენტში შეიტანეს კანონპროექტი, რომლითაც საქსტატის ხელმძღვანელის თანამდებობა 8 წლის განმავლობაში შეიძლება ამ ადამიანს ეკავოს. 

საქსტატის ხელმძღვანელი, რომელიც აყალბებს სტატისტიკას – ქვეყნის ეკონომიკას ყალბად ზრდის, ანუ მშპ-ს მაჩვენებელს აყალბებს და უმატებს, ხოლო ფასების ზრდის მაჩვენებელს აკლებს – იმდენად კომფორტულია მათთვის, რომ უნდათ ისევ ეს ადამიანი დასვან მანდ.

მერე დაწევს ინფლაციას და იტყვის – აი, მთავრობის ძალისხმევით ფასი დაიწია. 

  • ბიზნესში უკმაყოფილების გზარდა „ოცნებისთვის“ არანაირი რისკი არ არის?

დაერივნენ იმ ბიზნესს, სადაც მართლაც თაღლითობენ.

ყველა ეს ფარმაცევტული დიდი სავაჭრო ქსელი და ნავთობკომპანიები „ოცნების“ კლანის ნაწილია. ეს არის „ოცნების“ ბიზნესი, რომელიც ასაზრდოებს პარტიას, ჩემოდნებით მიაქვთ ფული საარჩევნო კამპანიაში. მაგრამ ივანიშვილმა გაწირა უახლოესი გარემოცვის წევრები, ღარიბაშვილი და ლილუაშვილი… უკვე ბიზნესშიც ტერორის დათესვის კამპანია წამოიწყეს.

პარალელურად გაანადგურეს, თითქმის ნულზე დასვეს ათასობით ადამიანი. საქართველოში დარეგისტრირებულია 36 000 არასამთავრობო ორგანიზაცია, აქედან 3500 მოქმედია, მათ შორის პოლიტიკურად საშიში ხელისუფლებისთვის იყო სულ ათამდე – სამართლებრივ საკითხებს იკვლევენ საია, საერთაშორისო გამჭვირვალობა და კიდევ სამი-ოთხი.

ახლა შემოდის უსაშინელესი კანონი, რომელიც ითვალისწინებს ნებისმიერი ბიზნესის შეზღუდვებს, ზღუდავს რაიმე ფულის გადაცემას ისეთი პირისა ან ორგანიზაციისთვის, რომელსაც ძალიან ირიბად პოლიტიკური მიზანი შეიძლება ჰქონდეს. მაგალითად, აწყობენ საპროტესტო აქციას ფასების მომატების წინააღმდეგ და კერძო პირმა თუ ადგილობრივმა შპს-მ უყიდა დროშები – ეს ითვლება აქტივობის დაფინანსებად.

ეს სოციალური აქტივობაა, მაგრამ თუ ფასების წინააღმდეგ გამოსვლა მოხდება, ეს იმას ნიშნავს, რომ მთავრობას „ებრძვი“, რადგან პასუხისმგებელი ფასების ზრდაზე არის მთავრობა და ეროვნული ბანკი, ანუ ხელისუფლება. ნებისმიერი გამოსვლა – მაგალითად, გარემოსთან დაკავშირებით რომ გამოხვიდე, ან ეკოლოგიურ საკითხზე, ადრესატი ყოველთვის არის ხელისუფლება. ამიტომ ყველაფერი იკრძალება ამ კანონით.

  • ადამიანებს სოლიდარობის გამოხატვისაც უნდა ეშინოდეთ?

დაჭერები, ბიზნესზე ზეწოლა, რუსული კანონით არასამთავრობო ორგანიზაციების განადგურება და ფინანსური დახრჩობა… მედიის განადგურება და ფინანსურად განულება. პარტიები დაფინანსების გარეშე – ოფისებს ხურავენ და პარტიის ლიდერები უცხოეთში გარბიან სამუშაოს საშოვნელად. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან ათასამდე ოპოზიციური გარბის უცხოეთში, რადგან შიმშილის ზღვარზეა.

ასეთი მდგომარეობაა და პლუს რეპრესიები პარტიული ლიდერების წინააღმდეგ, რომლებიც დღემდე ციხეში არიან. ზოგიერთს, სამწუხაროდ, აიძულეს, რომ წასულიყო, გახარიას მსგავსად და ეს მალე გამოჩნდება. მართლა კი არ უნდოდა გახარიას წასვლა, მაგრამ წავიდა. უთხრეს, რომ დაბრუნდები დაგიჭერთო. ასევეა ზოგიერთი პარტიის სხვა ლიდერი, რომელიც პირად საქმეზე წავიდა უცხოეთში და ეუბნებიან – თუ დაბრუნდები დაგიჭერ. მე არ დავასახელებ, მაგრამ ეს გამოჩნდება.

ანუ ყველა მიმართულებით ტოტალური რეპრესიებია, რომლის მთავარი ამოცანაა ქვეყანაში სწრაფად დაამკვიდრონ ავტორიტარული რეჟიმი. კანონი, რომელსაც ახლა იღებენ, ასეთი კანონი არ არსებობს რუსეთში. არც რუსეთში და არც ბელარუსი არ მისულა აქამდე. უცხოეთიდან რომ გადმოუგზავნოს ფული დედამ შვილს და ამ შვილმა აქციებისათვის დროშები იყიდოს ან ლაბადა, ეს ფულიც კი ჩაითვლება კრიმინალად და შეიძლება 6 წლამდე ციხეში ჩასვან.

  • მისი აღსრულება მარტივი არ უნდა იყოს.

შეუძლებელია, რა თქმა უნდა, მაგრამ ტროტუარზე მსვლელობის აღკვეთაც შეუძლებელია. აგერ უნივერსიტეტიდან ტექნიკურ უნივერსიტეტამდე მსვლელობა იყო, მაგრამ ტროტუარის კანონი მათ წინააღმდეგ არ გამოუყენებიათ. რაღაც საშინელებას აკეთებენ, უნივერსიტეტებს ანგრევდნენ და კორპუსების გასაკეთებლად ამზადებდნენ.

არის რაღაცები, რასაც ვერ აღასრულებ, მაგრამ ამას ვიღაცების დაპატიმრება მოჰყვება. რომელიღაც შპს-ს ან სხვა ორგანიზაციებს გააკოტრებენ, ვიღაცებს დაიჭერენ, ანუ სელექციურად რაღაც ბოროტებებს ჩაიდენენ.

  •  უნდათ, რომ მეტი შიში გაჩნდეს და ხალხი ქვეყნიდან წავიდეს?

პუტინმა 20 წელი რასაც მოანდომა რუსეთში, ორ წელიწადში უნდა მიაღწიოს ამას ბიძინა ივანიშვილმა და ყველაფერს აკეთებს ამისათვის. ამიტომ ვითარება ძალიან საშიშია.

ჩვენ ბელარუსები არა ვართ და ქართველი არ მოითმენს ამას არის არასერიოზული მსჯელობა. ჩვენ ქართველები 30 წელია ვართ დამოუკიდებლები, მანამდე რუსეთის მონობაში ვიყავით და კიდევ დაახლოებით ათი საუკუნე ხან სპარსელების და ხან ოსმალების. ასე რომ ჩვენი იმუნიტეტი არ არის იმაზე ძლიერი, ვიდრე ესპანელის ან გერმანელის.

ჩვენ საქმე გვაქვს არა ვიღაც ახირებულ მილიარდერთან, არამედ პირდაპირ რუსეთთან. ასე რომ, ვითარება ძალიან-ძალიან მძიმეა. სხვანაირი გამოსავლის მოძიებაა საჭირო, მით უმეტეს, როცა ლიდერები ციხეში არიან და თუკი ვინმე წინ წამოიწევს, იმასაც დააპატიმრებენ…

რა თქმა უნდა, პარტიები ვერ მუშაობენ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და უცხო სახელმწიფოებთან. რა სტატუსით უნდა ჩავიდეს ოპოზიციონერი, პარლამენტის წევრი რომ ყოფილიყო, მაშინ კომისიებში იქნებოდა ევროსაბჭოში, ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში და უამრავ სხვა სტრუქტურაში – კონგრესში.

ბევრი ტექნიკურ-პოლიტიკური და ფინანსური პრობლემაა, რომელიც უკიდურესად ასუსტებს საპროტესტო მოძრაობას. დღეს მთელი საპროტესტო მოძრაობა იმ გმირების მხრებზეა, რომლებიც დაპატიმრების, დაჯარიმებისა და ფიზიკური ანგარიშსწორებისა და ძალადობის ფასად დგანან რუსთაველზე. ამიტომ სხვა გეგმაა შესამუშავებელი.

  •  ვინ უნდა შეიმუშაოს ეს სხვა გეგმა?

ბრძოლაში სიმბოლური ხატია, როდესაც დროშით მიდიხარ წინ და ტყვია მოხვდება, დროშა დაეცემა, ვინც შენს უკან არის ის აიღებს და ის მიდის. იმ ადამიანებმა, რომლებიც ლიდერების ცოტა ქვემოთ არიან, იმათ უნდა აიღონ ეს დროშა. რა თქმა უნდა, საზოგადოებამ, პარტიებმა.

ახლა პროცესი არის არაორგანიზებული და ლიდერების გარეშე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და უცნაურიც კი – წელიწადზე მეტია ჰორიზონტალური და არა ცენტრალიზებული პროტესტია. ეს ძალიან დიდი შიდა უკმაყოფილების გამოხატულებაა, მაშინ, როცა ქუჩაში გამოსვლა სახიფათოა.

ურთიერთობა ამერიკასთან და ევროკავშირთან ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ლიდერები ციხეში არიან. პარლამენტში ოპოზიცია არ არის…

დელეგიტიმაციის მიღწევა შესაძლებელი იყო თუნდაც პარლამენტიდან… სისულელეა, რომ ამბობენ, გახარია კრემლის აგენტია, მაგრამ ბიძინა ივანიშვილს მისი დაჭერა უნდაო. ყველა ოპოზიციაა, ვინც გადალახა ბარიერი, გახარიას პარტიაც, ნაციონალური მოძრაობაც, ლელოც და ვინც ვერ გადალახა, ყველა ოპოზიციაა. ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ერთმანეთს ჭამენ.

ამიტომ უცხოეთთან მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია, შიდა პროტესტი და გარე პოლიტიკური მოვლენა, თუნდაც იგივე, რაც ხდება ირანში, ყველაფერი ერთმანეთთანაა გადაჯაჭვული. სამწუხაროდ, ჯერჯერობით, ვერ მუშაობენ თუნდაც ამერიკის ადმინისტრაციასთან, კონგრესთან. უკვე წელიწად-ნახევარზე მეტი, მას შემდეგ რაც ივანიშვილი პერსონალურად დასანქცირდა, არაფერი აღარ ხდება. ამიტომ მრავალვექტორული მუშაობაა საჭირო საშინაო, საგარეო, სოციალურ ქსელებში.

ტელევიზიები დასუსტდა, ამიტომ სოციალური ქსელი დიდი რეზერვია, რომელსაც პარტიები ჯერჯერობით ვერ იყენებენ.

  •  მაინც ჩაგეკითხებით – ვინ უნდა იმუშაოს?

ქვეყნის გადარჩენის მთავარი ორგანიზატორი პოლიტიკური კლასია. პოლიტიკური პარტიები ფინანსურად განადგურებული არიან და ადამიანები, რომლებიც თუნდაც პარლამენტიდან ხელფასს იღებდნენ ან საკრებულოებში იყვნენ და ოჯახებს არჩენდნენ, დღეს არიან ისეთ მდგომარეობაში, რომ ოჯახის სარჩენი ფული არ აქვთ. რეგიონებში ოფისები დახურეს და უხელფასოდ მუშაობენ. ამიტომ არის სერიოზული ფინანსური კრიზისი, მათ შორის ოჯახებში ფინანსური კრიზისი.

ლიდერები ციხეში არიან და მეორე ნომრებმა ხელში აიღონ ყველაფერი, ეს არაა ადვილი საქმე. სამწუხაროდ, ეს არის რეალობა, ამიტომ ყველამ თავისი აგური უნდა დადოს. დღეს ვართ მდგომარეობაში, როდესაც ცეცხლს დარაჯობ რომ არ ჩაქრეს – თუ ჩაქრა, მერე ძნელია მისი მოპოვება, უნდა დაელოდო, როდის გაავდრდება, ელვა რაღაცას რომ წაეკიდოს.

დღეს ამ ცეცხლს ინახავს საპროტესტო აქციები – პარლამენტის წინ ცეცხლის დამცველები დგანან. ეს პროცესი უნდა გაიშალოს მრავალ მიმართულებით, მათ შორის საგარეო მიმართულებით.

„ოცნება“ საქსტატის დირექტორის არჩევის წესს ცვლის

„ოცნებას“ საქართველოს კანონში „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ცვლილება შეაქვს. კანონპროექტის მიღების შედეგად საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირის დანიშვნა ორზე მეტი ვადით იქნება შესაძლებელი.

კანონში ცვლილება სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ხელმძღვანელის, გოგიტა თოდრაძის უფლებამოსილების ვადის ამოწურვას ემთხვევა.

პროექტის ავტორების განმარტებით, კანონში ცვლილება „უზრუნველყოფს ინსტიტუციურ სტაბილურობას, გამოცდილი ხელმძღვანელის ცოდნისა და პროფესიული გამოცდილების სრულად გამოყენებას და უწყების საქმიანობის უწყვეტობას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მონაცემთა მაღალი ხარისხისა და საერთაშორისო სტანდარტების დაცვის უზრუნველსაყოფად“.

მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი არ შეიძლება დაინიშნოს ორზე მეტი ვადით.

ცვლილების პროექტის ინიციატორები მიიჩნევენ, რომ ეს ჩანაწერი ზღუდავს გამოცდილი და ეფექტიანი ხელმძღვანელის უწყებაში საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობას, ართულებს მისი საქმიანობის შედეგების გრძელვადიან და სრულფასოვან შეფასებას და არ წარმოადგენს საუკეთესო პრაქტიკას იმ უწყებისთვის, რომელსაც მაღალი პასუხისმგებლობა ეკისრება მონაცემთა ხარისხისა და საერთაშორისო სტანდარტების დაცვის მიმართულებით.

„ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ცვლილება უზრუნველყოფს, რომ აღმასრულებელი დირექტორის ხელახალი დანიშვნა დამოკიდებული იყოს მის პროფესიულ გამოცდილებაზე, მიღწეულ შედეგებსა და ნდობაზე და არა წინასწარ დადგენილ რაოდენობრივ შეზღუდვაზე. პროექტი მიზნად ისახავს საქსტატის ინსტიტუციური სტაბილურობის გაძლიერებას, პროფესიონალიზმის წახალისებას და ოფიციალური სტატისტიკის სისტემის უწყვეტ განვითარებას“ – ვკითხულობთ ცვლილების პროექტში.

საქსტატის მოქმედი დირექტორი გოგიტა თოდრაძე ამ თანამდებობაზე 2018 წლის მაისიდან მუშაობს, 2026 წლის მაისში მას მეორე ვადა უმთავრდება, მანამდე, სავარაუდოდ, „ოცნება“ კანონში ცვლილებას დაამტკიცებს, რაც მას თანამდებობაზე დარჩენის შესაძლებლობას მისცემს. 2025 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით თოდრაძის ხელფასი 2024 წელს 8746 ლარი იყო, 2025 წელს კი კიდევ უფრო გაიზარდა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური [საქსტატი] არის სტატისტიკის წარმოებისა და სტატისტიკური ინფორმაციის გავრცელების მიზნით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად თავის საქმიანობას უნდა ახორციელებდეს დამოუკიდებლად. ეს საქართველოში ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი მთავარი ორგანოა, რომელიც კოორდინაციას უწევს სტატისტიკის ეროვნულ სისტემას და ყველა სახის სტატისტიკურ საქმიანობას, გარდა საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობისა.

საქსტატს ხელმძღვანელობს აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც იმავდროულად არის საქსტატის საბჭოს თავმჯდომარე. აღმასრულებელ დირექტორს 4 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს პარლამენტის თანხმობით.

„ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების ინიციატორები არიან შოთა ბერეკაშვილი, ანტონ ობოლაშვილი, ირაკლი მეზურნიშვილი, გიორგი ბარვენაშვილი, თორნიკე ბერეკაშვილი და ლევან მაჭავარიანი.

____________

ფოტოზე: გოგიტა თოდრაძე

„ივანიშვილს არ უნდა მიიქციოს ტრამპის ყურადღება“ – ინტერვიუ პოლიტოლოგთან 

„ოცნება“ ფიქრობს არ დააგდოს ტემპი, რომ მიაღწიონ ავტოკრატიზაციის საბოლოო, ფინალურ ფაზას, თუმცა სიტუაცია არც ისე საიმედოა, როგორც ჩანს, საზოგადოება არ იღებს ამას. ყველაზე დიდი პრობლემა „ოცნებისთვის“ სწორედ ეს არის: ვერაფრით ვერ მოახერხეს გადატეხონ საზოგადოებრივი წინააღმდეგობა,“ – მიიჩნევს პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია.

მას პირველ რიგში უნივერსიტეტების ერთი ხელის მოსმით გაერთიანების შესახებ ვკითხეთ და საზოგადოების რეაქციაზე, რაც ამ გადაწყვეტილებას მოჰყვა.

პოლიტოლოგი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ „ოცნება“ ამ შემთხვევაში საკუთარ მხარდამჭერებსაც შეეხო, ამიტომაც, არაა გამორიცხული, საპროტესტო მოძრაობა „სამზარეულოებიდან ქუჩაში გადმოვიდეს“.

კორნელი კაკაჩიას დაკვირვებით, ივანიშვილის მიზანია 2028 წლამდე სრულად მოასუფთაოს პოლიტიკური ველი, მანამდე კი, ის ტრამპის ყურადღების ქვეშ არ უნდა მოხვდეს:

„გააჩნია, როგორ განვითარდება მოვლენები ირანის გარშემო: თუ იქ დაიძაბება სიტუაცია, შეიძლება სამხრეთ კავკასია, ასე ვთქვათ, სტრატეგიულად მნიშვნელოვანიც კი გახდეს. ესეცაა ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც „ქართული ოცნება“ არ ცდილობს მაინცდამაინც ხიდების ბოლომდე ჩატეხას შეერთებულ შტატებთან,“ – მიიჩნევს კორნელი კაკაჩია.

  • ბატონო კორნელი, რა გამოჩნდა თქვენთვის რეაქციით, რაც უნივერსიტეტების გაერთიანებაზეოცნებისგადაწყვეტილებას მოჰყვა

გამოჩნდა, რომ ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგია არამხოლოდ კრიტიკულად განწყობილი საზოგადოება, არამედ ზოგადად, არც „ოცნების“ მომხრეებიც არიან აღფრთოვანებულები, განსაკუთრებით ტექნიკურ უნივერსიტეტში.

რეალურად „ქართული ოცნება“, საზოგადოების გამყოფი ამ პოლიტიკის წარმოებით ნელ-ნელა დაპირისპირების რეჟიმში შედის უფრო ფართო სოციალურ, პოლიტიკურ და ინტერესთა ჯგუფებთან. თუ აქამდე, გადაიკიდეს დათხოვნილი საჯარო მოხელეები, სამოქალაქო საზოგადოება, დამოუკიდებელი მედია და პოლიტიკური პარტიები, როგორც მოსალოდნელი იყო, ამ ეტაპზე საუნივერსიტეტო საზოგადოებასაც მიადგნენ.

ეს უკვე ახალი ეტაპია.

თუ გადავხედავთ ავტორიტარული ხელისუფლებების ლოგიკას მსოფლიოში, ასე ხდება: იწყებენ პოლიტიკური ოპონენტებით, შემდეგ სამოქალაქო საზოგადოებით, შემდეგ აკადემიური წრეებით, ბოლოს უკვე შემდგომი ფაზა ეხება ყველას: მხატვრებს, პოეტებს, ბიზნესს და თითოეულ მოქალაქემდე მიდის.

აი, ამ პროცესს გავდივართ ახლა. როგორც ვხედავთ, რეპრესიებისგან დაცული არც „ქართული ოცნების“ მომხრეები არიან.

კორნელი კაკაჩია

ფაქტობრივად, „ოცნებას“ უნდა, ქვეყანაში დარჩეს მხოლოდ რამდენიმე უნივერსიტეტი, რომელიც იქნება მორჩილი პოლიტიკური დიქტატის, ხელისუფლების მხრიდან. რაც მთავარია: არ უნდა არსებობდეს ხელისუფლებისგან განსხვავებული აზრი და ადამიანები. დღეს აცხადებენ, რომ ეს ცვლილება არ შეეხება პროფესორებს და ამ უნივერსიტეტების თანამშრომლებს, რაც თავიდანვე გამორიცხულია, რადგან ამ პროცესს აქვს საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი.

ამასთანავე, სურთ ამ ხელოვნური გაერთიანებით და შემდგომში საშტატო შემცირებებით უზარმაზარი თანხა გამოათავისუფლონ, ისევე, როგორც შენობები. ეს უბრალოდ დროის ამბავია, მაგრამ მთავარი ამბავია – როგორც ეს ბევრ ქვეყანაში მოხდა, სადაც ავტორიტარიზმი დამყარდა – აკადემიური სივრციდან განიდევნოს თავისუფალი აზრი.

  • გამოსდის ეს ივანიშვილს? გამოჩნდა, რომ არაერთი რეპრესიული კანონის ამოქმედების მიუხედავად, მაინც ვერ ჩაახშვეს პროტესტი, მათ შორის, ტროტუარებზე პროტესტის აკრძალვით და ტროტუარზე დგომისთვის ადამიანების დაპატიმრებით. დღეს იწყებაგრანტების შესახებკანონპროექტის საკომიტეტო განხილვა… 

ისინი ყველანაირად ცდილობენ ამას, მაგრამ ფაქტია, რომ საზოგადოება უწევს ამას წინააღმდეგობას. იმის ნაცვლად, რომ შეწყდეს პროტესტი ხალხი უკვე საუბრობს იმაზე, როგორ უნდა მოხდეს რეალურად საპროტესტო მოძრაობის გადმოტანა სამზარეულოებიდან ქუჩაში.

ისეთი ტემპებით მოძრაობენ ამ რეპრესიული კანონების შემუშავებაში, არ არის გამორიცხული, ეს დღეც დადგეს. ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ამ ინტერესთა ჯგუფების უკან, რომლებსაც ისინი ერჩიან, ოჯახები და ათასობით მოქალაქე დგას. ბუნებრივია, ნებისმიერი ხელისუფლებისთვის ეს სერიოზული გამოწვევა იქნებოდა. ეტყობა, „ოცნება“ ფიქრობს, არ დააგდოს ტემპი, რომ მიაღწიონ ავტოკრატიზაციის საბოლოო, ფინალურ ფაზას.

თუმცა სიტუაცია არც ისე საიმედოა, როგორც ჩანს, საზოგადოება არ იღებს ამას. ყველაზე დიდი პრობლემა „ოცნებისთვის“ სწორედ ეს არის: ვერაფრით ვერ მოახერხეს გადატეხონ საზოგადოებრივი წინააღმდეგობა.

  • დღეს კიდევ ერთი წერილით გააკრიტიკა ტრამპი ივანიშვილთან დაახლოებულმა ფილოსოფოსმა ზაზა შათირიშვილმა. რა ლოგიკით აწყობს ივანიშვილს ტრამპის კრიტიკა

წესით არ აწყობს. თუმცა ამ ჟანრის პოლიტიკური პამფლეტების არსებობა უკვე დიაგნოზია. სამწუხაროა, რომ ასეთ იაფფასიან პროპაგანდაზე ჯერ კიდევ ვერ შეიმუშავა მედეგობა საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა და ამ თვალსაზრისით ჯერ კიდევ მოწყვლადია.

თვითონ ამ წერილს თუ გადავხედავთ, იკითხება, ფაქტობრივად, უიმედობა იმასთან დაკავშირებით, რომ „ქართული ოცნება“ მოახერხებს შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის დალაგებას, როგორც ისინი ჰპირდებოდნენ ამას საზოგადოებას. ეს რეალურად არ ხდება და ახლა უკვე ცდილობენ რაღაცნაირად გამოძვრნენ საკუთარი ნარატივებიდან, რომელიც უკვე წინააღმდეგობაშია იმასთან, რასაც მანამდე აჟღერებდნენ. ფაქტია, რომ მათი საგარეო პოლიტიკის წყალობით, აშშ-თვის საქართველო ამ ეტაპზე სტრატეგიულად უმნიშვნელო გახდა.

ზოგადად, ანტიდასავლური რიტორიკა ჩვეულებრივი ამბავია „ოცნებისთვის“, მაგრამ ევროკავშირის კრიტიკისგან განსხვავებით, რომელსაც ისინი არ თვლიან სერიოზულ სტრატეგიულ აქტორად, ბოლო ხანებში ოდნავ შეამცირეს ანტიამერიკული პროპაგანდა – ეტყობა, მაინც ცოტათი ეშინიათ ტრამპის არაპროგნოზირებადი ხასიათის, არ უნდათ, რომ ზედმეტად მიიქციონ მისი ყურადღება, განსაკუთრებით აშშ-ის ბოლოდროინდელი საგარეო პოლიტიკური აქტიურობის ფონზე ვენესუელაში და ირანის გარშემო.

  • რის იმედი აქვს ასეთ მოცემულობაში ივანიშვილს, თქვენი დაკვირვებით

მთლიანობაში ამ პოლიტიკის მიზანია, რომ 2028 წლამდე – ყოველ შემთხვევაში „ქართული ოცნების“ გადმოსახედიდან ასე ჩანს – მოსუფთავდეს პოლიტიკური ველი. ამან უნდა უზრუნველყოს ის ფაქტი, რომ ივანიშვილი და მისი გუნდი დარჩეს განუსაზღვრელი ვადით ხელისუფლებაში. ასევე, არაა გამორიცხული, ანტი-ევროპული რიტორიკით 2028 წლისთვის ქვეყანა მიიყვანონ იმ კონდიციებამდე, რომ უკვე თავად ევროკავშირს დაჰბრალდეს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესიდან ჩამოშორება.

ამასთანავე, ამ ეტაპისთვის ქვეყნის შიგნითაც არ უნდა არსებობდეს მათთვის მიუღებელი პოლიტიკური ალტერნატივა.

  • რამდენად შესაძლებელია ამის მიღწევა სამხრეთ კავკასიაში გააქტიურებული პროცესების გათვალისწინებით? თებერვალში სომხეთს და აზერბაიჯანს აშშ ვიცეპრეზიდენტი ეწვევა. თქვენი აზრით, ტრამპი ვერ ხედავს საქართველოს

ტრამპის ადმინისტრაციისთვის შესაძლოა ჩვენი რეგიონი ნაკლებად საინტერესოა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შეერთებული შტატების პოლიტიკა საქართველოს ხელისუფლების მიმართ შემთხვევითია. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ შეერთებულმა შტატებმა დიპლომატიური არხებით რამდენჯერმე სცადა წერილი გამოეგზავნა თბილისისთვის, სადაც სავარაუდოდ ჩამოწერილი იყო მოთხოვნები, რის შესრულებასაც ელოდება შეერთებული შტატები საქართველოსგან. როგორც ჩანს, ეს მოთხოვნები, მიუღებელია „ქართული ოცნებისთვის.“ ბუნებრივია არც შეერთებული შტატებიდან უნდა მოველოდეთ ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზაციას, რაც ართულებს „ქართული ოცნების“ მიზანს საერთაშორისო ლეგიტიმაციის მოპოვების თვალსაზრისით.

ამასთანავე, „ოცნება“ ცდილობს, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების ფონზე, დასავლეთი თანდათანობით შეაგუოს კონსოლიდირებული ავტორიტარიზმის ფონზე არსებულ „ადგილობრივ რეალიებს“. თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ ტაქტიკამ გაამართლოს.

მინიმუმ ევროკავშირის მხრიდან გამორიცხულია, რომ ეს რეალობა მიიღოს – საქართველო ფორმალურად ჯერ კიდევ არის კანდიდატი ქვეყანა და ის საკუთარ რეპუტაციას ეჭვქვეშ არ დააყენებს. ამ პროცესს აკვირდებიან ასევე სხვა კანდიდატი ქვეყნებიც.

ამ ეტაპზე საქართველო ფაქტობრივად ჩაკარგულია – ქვეყანას თითქოს დაკარგული აქვს სტრატეგიული კომპასი. ამას აქვს საკუთარი ფასი: თუ ეს რეალობა არ შეიცვლება, შესაძლოა, საქართველო თანდათანობით გახდეს ე.წ „გარიყული სახელმწიფო“. თუ მოვლენები ამ სცენარით წარიმართება, ეს ასევე აისახება სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზეც.

ცნობილი აფორიზმის პერიფრაზი რომ გავაკეთოთ, თუ საერთაშორისო პოლიტიკაში მოლაპარაკების მაგიდასთან არ ზიხარ, სავარაუდოდ, მაშინ მენიუში მოიაზრები. საქართველოს დასალეთისგან იზოლაციის ფონზე საქართველოსთვის, როგორც სუსტი სახელმწიფოსთვის ეს ყურადსაღები ფაქტორია.

თუ რუსეთ-უკრაინის ომი დამთავრდა, ბუნებრივია, საქართველო დაკარგავს უკვე იმ ბენეფიტს, რომლითაც ის ომის პერიოდში სარგებლობდა.

საქართველოს მიმართ სტრატეგიული ინტერესი შეერთებულ შტატებს შესაძლოა დღეს არ აქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ რეგიონის მიმართ მთლიანად დაკარგული აქვს ინტერესი – იგივე სამხრეთ კავკასიაში ეს ჩანს. გააჩნია, როგორ განვითარდება მოვლენები ირანის გარშემო: თუ იქ დაიძაბება სიტუაცია, შეიძლება სამხრეთ კავკასია, ასე ვთქვათ, სტრატეგიულად მნიშვნელოვანიც კი გახდეს. ესეცაა ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც „ქართული ოცნება“ არ ცდილობს მაინცდამაინც ხიდების ბოლომდე ჩატეხას შეერთებულ შტატებთან. იგივე ანაკლიის პორტი და სხვა პროექტები არ უნდა ივანიშვილს, რომ  მოხვდეს ტრამპის ადმინისტრაციის გადამეტებული ყურადღების ქვეშ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ლაპარაკია ჩინეთთან სტრატეგიულ ურთიერთობაზე, რომელიც შეერთებული შტატებისთვის დღეს-დღეობით წარმოადგენს სისტემური მეტოქეს.

ამიტომაც, ტრამპის ადმინისტრაციამ ბევრ რაღაცას შეიძლება ყურადღება არ მიაქციოს საქართველოში, მაგრამ თუ ის დარწმუნდება, რომ საქართველო სტრატეგიულ ურთიერთობაში შედის მის სისტემურ მოწინააღმდეგესთან, ეს იქნება ჩინეთი, ირანი და სხვები, ბუნებრივია, ამან შეიძლება გამოიწვიოს მეტი ყურადღების მიქცევა საქართველოსკენ.

„ოცნებაში“ ეს, მგონი, კარგად ესმით.

  • არსებობს მოლოდინი რუსეთუკრაინის ომში ცეცხლის შეწყვეტაზე. რამდენად შეიძლება ამ ომის დასრულებამ შეცვალოს საერთაშორისო წესრიგი

ამ ეტაპზე უმადურია საქმეა ვიმარჩიელოთ, როდის დამთავრდება რუსეთ-უკრაინის ომი და რა შედეგებით. თუმცა ამ ომის დამთავრება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოსთვის, ისევე, როგორც სხვა მეზობელი სახელმწიფოებისთვის.

დღეს ვხედავთ „წესებზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგის” ნგრევას, სადაც მრავალმხრივი დიპლომატია ადგილს უთმობს „დიდი სახელმწიფოების პოლიტიკას”. საერთაშორისო წესრიგი, როგორც ჩვენ ვიცნობდით, ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, რომ აღარ არსებობს. დასავლეთის არაერთმა ლიდერმა უკვე ღიად განაცხადა, რომ ჩვენ შევდივართ რაღაც ახალი ტიპის მსოფლიო წესრიგში, თუ უწესრიგობაში, სადაც უკვე დიდი სახელმწიფოები წყვეტენ ბევრ საკითხს.

არსებული ტენდენცია ძალიან ასუსტებს საერთაშორისო ორგანიზაციებს და საერთაშორისო სამართლის ეროზიას იწვევს, რაც ხელს არ უწყობს განსაკუთრებით პატარა სახელმწიფოების სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას. სწორედ ამიტომაც კანადის პრემიერმა განაცხადა თავის ცნობილ სიტყვაში: პატარა და საშუალო სახელმწიფოების ალიანსი უნდა შეიქმნას იმისათვის, რომ რაღაცნაირად წინააღმდეგობა გაუწიონ ამ პროცესებსო.

  • ამ მოცემულობას სათავისოდ იყენებს ივანიშვილი. რა გამოჩნდა ამ დროს მოლდოვას თამამი ნაბიჯებით ევროინტეგრაციისკენ

რაც შეეხება მოლდოვას: ფაქტობრივად, ტრიო [საქართველო, უკრაინა, მოლდოვა] უკვე დიდი ხანია დაშლილია და დუო გახდა – მოლდოვა-უკრაინა. ჯერჯერობით უცნობია, უკრაინის მიღების საკითხი როგორ გადაწყდება ევროკავშირში.

მოლდოვაში არსებობს მოსაზრება: ხომ არ აჯობებს, მოლდოვის ინტეგრაცია ევროკავშირში მოხდეს უფრო ადრე, იქიდან გამომდინარე, რომ ის რუსეთის გეოპოლიტიკური წნეხის ქვეშაა და ამავე დროს მის საკითხს არ ბლოკავს უნგრეთი უკრაინისგან განსხვავებით. ამ ეტაპზე უცნობია რა სტრატეგიულ გადაწყვეტილებას მიიღებენ ბრიუსელში, მაგრამ თუ ეს უახლოეს ხანში მოხდება, ეს იქნება ასევე იქნება ძლიერი სიგნალი მთელი რეგიონისთვის.

  • წინა ინტერვიუში აღნიშნეთ წინააღმდეგობის პროცესზე საქართველოში: თივასთან ღვივის ნაპერწკალიო. ახლაც იგივე სიტუაციაა, თუ შეიცვალა რამე

ჩვენ ზუსტად აი, ამ პროცესში ვართ. ალბათ უახლოესი რამდენიმე კვირა და მიმდინარე პროცესებზე ქართული საზოგადოების რეაქციები გვაჩვენებს, რეალურად სად ვდგავართ.

ბათუმში SOLO Business-ის დისკუსიების სერიის პირველი ღონისძიება გაიმართა

საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ბათუმში SOLO Business-ის დისკუსიების სერიის პირველი ღონისძიება გაიმართარომლის ფარგლებშიც საშუალო ბიზნესებმა, საქართველოს ბანკისა და გალტ & თაგარტის წარმომადგენლებთან ერთად, აჭარის ეკონომიკური ტენდენციებ და ტურიზმის სექტორის განვითარების პერსპექტივები განიხილეს.

ღონისძიება ახალგახსნილ SOLO Lounge-ში გაიმართა და ბათუმში მოქმედი საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ტურიზმის სფეროში არსებული მიმდინარე ტენდენციების გაცნობას, ამასთანავე მონაწილეებს შორის გამოცდილებისა და პრაქტიკული ხედვების გაზიარებას ისახავდა მიზნად.

დისკუსიის ფარგლებში, Galt & Taggart-ის მთავარმა ეკონომისტმალაშა ქავთარაძემწარადგინა პრეზენტაცია თემაზე „ეკონომიკის მიმოხილვა“, ხოლო Galt & Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის ტურიზმის მიმართულების ხელმძღვანელმათათია მამრიკიშვილმამონაწილეებს აჭარაში ტურიზმის განვითარების ძირითადი ტენდენციები დაპერსპექტივები გააცნო. ღონისძიებას მოდერაციას უწევდა გიორგი ისაკაძე, BMG-ის გენერალური პროდიუსერი.

„SOLO Business-ის დისკუსიების სერია მიზნად ისახავს ბიზნესებისთვის ისეთი სივრცის შექმნას, სადაც მათ ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ სიღრმისეული ანალიტიკა, გაეცნონ დარგობრივ ტენდენციებს და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარების გზით, უკეთ მოემზადონ ახალი შესაძლებლობებისთვის. გვჯერა, რომ მსგავსი შეხვედრები ხელს შეუწყობს ბიზნესის მდგრად განვითარებას”, – განაცხადა თორნიკე კუპრაშვილმა, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა.

SOLO Business-ის ნეთქვორქინგ სესიები სამ თვეში ერთხელ გაიმართება და Galt & Taggart-ის კვლევებზე დაყრდნობითექსპერტებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლების ჩართულობითსხვადასხვა დარგის განვითარების შესაძლებლობების განხილვას დაეთმობა. მომდევნო შეხვედრაზე სამშენებლო მასალების სექტორის საჭიროებები განიხილება.

Solo Business-ის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.

ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება

ბიზნესების საქმიანობის ხელშესაწყობად, თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ბიზნესებს საინტერესო თემატიკის შეხვედრებზე დასწრების შესაძლებლობა 2026 წელსაც ექნებათ.

თებერვლის თვეში, 5 ტრენინგი ჩატარდება, რომლებიც მეწარმეებს შესაძლებლობას მისცემს, კონკრეტული მიმართულებით გაიღრმაონ ცოდნა, მათთვის საინტერესო საკითხებზე მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია და მიღებული ცოდნით, საკუთარი ბიზნესის განვითარებას შეუწყონ ხელი.

თებერვლის შეხვედრების განრიგი:

  • 2026 წლის პირველი ტრენინგი 4 და 18 თებერვალს, ონლაინ ფორმატში, საგადასახადო საკითხების თემატიკაზე გაიმართება. ტრენერი, დავით პაპიაშვილი  საქართველოში მოქმედი გადასახადების გადახდის ძირითად პრინციპებზე ისაუბრებს და მათი გამოანგარიშების პრაქტიკულ მაგალითებს განიხილავს.
  • მეორე ტრენინგი ასევე ონლაინ ფორმატში, 12 თებერვალს ჩატარდება, თემაზე – შრომის სამართალი და მას იურიდიული კომპანიის, GLCC-ის უფროსი იურისტი, ენვერი აბულაძე გაუძღვება. ტრენინგის შემდეგ, ბიზნესებს ექნებათ ცოდნა, იმ სამართლებრივი პრინციპებისა და რეგულაციების შესახებ, რომლებიც საქართველოში, შრომითი ურთიერთობის სფეროში მოქმედებს.
  • მესამე ტრენინგი, 19 თებერვალს, ფიზიკურ სივრცეში  გაიმართება, თემაზე – მომავლის ორგანიზაციის დიზაინი. ანტრეპრენერი და მეწარმე, თორნიკე ჩხაიძე და ეჯაილ ქოუჩი, ვატო დოლიძე მონაწილეებს პრაქტიკულ ხედვას გაუზიარებენ იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გარდაიქმნას ორგანიზაცია ისე, რომ თანამედროვე გამოწვევებთან იყოს თანხვედრაში.
  • მე-4 ფიზიკურ შეხვედრას, 25 თებერვალს, NC Solutions-ის დამფუძნებელი და დირექტორი,ზურა ფიჩხაია ჩაატარებს და ის  შემდეგ თემატიკას დაეთმობა: ავტომატიზაცია, რომელიც ზრდის ბიზნესს. ტრენინგი ფოკუსირებულია არა ტექნიკურ დეტალებზე, არამედ იმაზე, თუ როგორ მიიღოს CEO/CFO/COO-მ უკეთესი, სწრაფი და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები.

ბიზნესგანათლების პროგრამაში ჩართვა თიბისის ბიზნესმომხმარებლებს წინასწარი რეგისტრაციით შეუძლიათ, ბმულზე: https://tbcbank.ge/ka/business/education , სადაც კურსების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღებაცაა შესაძლებელი.

ტრენინგებზე დასწრება თავისუფალია და ის ბიზნესგანათლების ხელმისაწვდომობასთან ერთად, მეწარმეებისთვის უახლესი და მათთვის სასარგებლო ინფორმაციის გაზიარებას ისახავს მიზნად.

რეანიმაციაში იმყოფება კაცი, რომელმაც ბათუმში თავის დაწვა სცადა

სტაბილურად მძიმეა კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელმაც ბათუმში თავის დაწვა სცადა.

დღეს, 2 თებერვალს, „ბათუმელებს“ თბილისის დამწვრობის ცენტრში უთხრეს, რომ ბადრი აბაშიძე კვლავ რეანიმაციულ განყოფილება იმყოფება.

„რეანიმაციის განყოფილებაში წევს. სავარაუდოდ, ბენზინის აალების შედეგად მიიღო დაზიანებები, ამ წუთისთვის მისი მდგომარეობა არის სტაბილური“- გვითხრა დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა, გუგა ქაშიბაძემ.

შემთხვევა 31 იანვარს მოხდა ბათუმში. ბადრი აბაშიძემ თავის დაწვა სცადა, რა დროსაც მას ფეისბუქის პირდაპირი ჩართვა ჰქონდა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს – თვითმკვლელობამდე მიყვანა.

უკრაინაში 12 მაღაროელი დაიღუპა რუსეთის თავდასხმის შედეგად

უკრაინაში, დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ ტერნივკაში, რუსული დრონის მაღაროელების ავტობუსზე თავდასხმის შედეგად სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა და 16 დაშავდა.

მაღაროელების ავტობუსს რუსული დრონი 1-ელ თებერვალს, 22 საათზე დაესხა თავს.

ავტობუსს, რომელიც რუსული თავდასხმის სამიზნე გახდა, მაღაროელები გადაჰყავდა სამუშაო ცვლის დასრულების შემდეგ.

როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ კომენტარში აღნიშნა,რუსეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ტერორისტული სახელმწიფოა.

„არანაირი სამხედრო სამიზნე – მხოლოდ შრომისმოყვარე კაცები, რომლებიც ცვლის შემდეგ ოჯახებს უბრუნდებოდნენ“ – დაწერა სიბიგამ.

დასავლეთ საქართველოში გაავდრდება – სააგენტოს გაფრთხილება ამინდის შესახებ

გარემოს ეროვნული სააგენტო გაფრთხილებას ავრცელებს მოსალოდნელი ამინდის შესახებ.

სააგენტოს ცნობით, 3 თებერვლიდან 4 თებერვლის დილამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 -ბალიანი შტორმული ღელვა.

ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი.

მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია თოვა, ზოგან ძლიერი, ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება. დიდთოვლობის, ქარბუქის, ხილვადობის გაუარესებისა და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.

„მოსალოდნელმა ნალექმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“ – წერს სააგენტო.

ბათუმსა და თბილისში წითელი  ცირკულარით ძებნილი 4 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მძიმე დანაშაულებისთვის წითელი  ცირკულარით ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის 4 მოქალაქე დააკავეს ბათუმსა და თბილისში.

შსს-ს ცნობით, დაკავებულებს თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოები  თავისუფლების აღკვეთის, ძარცვის, განზრახ მკვლელობის, უკანონოდ იარაღის ტარების, ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების, მუქარის, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის, ნარკოდანაშაულისა და დოკუმენტების გაყალბების ბრალდებით ეძებდნენ.

„დაკავებულების მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს“ – წერს შსს.

______________

ფოტოზე: კადრი შს სამინისტროს ვიდეომასალიდან

Exit mobile version